გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210117002134235
№2-3903/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 მაისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე შპს ”S------------------------”
წარმომადგენელი გ----------–--ე, გ----------–---–ი, ა---------–--–---–-
მოპასუხე სს “ია----------–-------------–------------------------ის
წ--------------–----------------–--–ი”
წარმომადგენელი დ-------------, დ-----–--------ე
დავის საგანი შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება,პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხე სს “ია----------–-------------–------------------------ის წ--------------–----------------–--–ი”-ს მოსარჩელე შპს ”S------------------------”-ის სასარგებლოდ გაწეული მომსახურებიდან გადასახდელად დარჩენილი დავალიანება 56626,48 აშშ დოლარის ოდენობით.
1.2. დაეკისროს მოპასუხე სს “ია----------–-------------–------------------------ის წ--------------–----------------–--–ი”-ს მოსარჩელე შპს ”S------------------------”-ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 12038,95 აშშ დოლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა არ სცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულება არ გააჩნია, შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა გაწეული მომსახურებიდან გადასახდელად დარჩენილი დავალიანების და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 17 ოქტომბერს სს “ია----------–-------------–------------------------ის წ--------------–----------------–--–ი”-ს (დამკვეთი) და შპს ”S------------------------”-ს (შემსრულებელი) შორის დადებული იქნა ნარდობის ხელშეკრულება.
ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად განისაზღვრა კონტრაქტის/ხელშეკრულების ფასი და 4.1. პუნქტის თანახმად, კონტრაქტის საერთო ღირებულება შეადგენს 120 389,50 აშშ დოლარს დღგ-ს ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 17.10.2014წ ნარდობის ხელშეკრულება (კონტრაქტი №SAX-YAL-17-10-2014/W);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2014 წლის 17 ოქტომბერს სს “ია----------–-------------–------------------------ის წ--------------–----------------–--–ი”-ს (დამკვეთი) და შპს ”S------------------------”-ს (შემსრულებელი) დადებული იქნა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ „შემსრულებელი“ გაწევდა ხელშეკრულების N1 დანართით გათვალისწინებულ სამუშაოს (ლიფტების მონტაჟი და გამართვა, სულ 5 სტადია), ხოლო „დამკვეთი“ უზრუნველყოფდა ანაზღაურებას ხელშეკრულების 4.1. პუნქტში მითითებული თანხის ოდენობით, რაც შეადგენდა 120389,50 აშშ დოლარს დღგ-ს ჩათვლით. შესასრულებელი სამუშაო დაიყო სულ 5 სტადიად. ხელშეკრულების მე-2 დანართი განსაზღვრავდა სამუშაოს თითოეული სტადიის შესრულებისათვის გათვალისწინებულ გრაფიკს. სამუშაოს შესრულებისათვის თითოეულ სტადიაზე განსაზღვრული იყო 18 დღე, მთლიანი ვადა - 90 დღე.
მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად დამკვეთის მიერ მიწოდებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად შემსრულებელს უნდა უზრუნველეყო დამკვეთის აღჭურვილობების გამართვასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება, მიწოდებული აღჭურვილობების აწყობა, მონტაჟი და ჩართვა, ტექნიკური ზედამხედველობა და საგარანტიო მომსახურება ექსპლუატაციაში შეყვანიდან 24 თვიან ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 17.10.2014წ ნარდობის ხელშეკრულება (კონტრაქტი №SAX-YAL-17-10-2014/W);
3.2.2. ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემსრულებელი სამუშაოების შესრულებას დაიწყებდა მხოლოდ ავანსის - 15000 აშშ დოლარის ჩარიცხვის შემდეგ. დამკვეთის მიერ 2014 წლის 17 ნოემბერს ჩარიცხული იქნა ავანსი - 8510,64 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნულის შემდგომ 2014 წლის 16 დეკემბერს მხარეები ორმხრივი ხელწერილით შეთანხმდნენ, რომ თანხის გადახდა მოხდებოდა 5 ეტაპად, ასევე შეთანხმებაში მითითებული იქნა ის კონკრეტული სამუშაოები, რომლებიც თითოეულ სტადიაზე უნდა შესრულებულიყო, ხოლო შემსრულებელს საერთო გადასახდელი თანხა აღნიშნულის შემდგომ რჩებოდა 111878,86 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 17.10.2014წ ნარდობის ხელშეკრულება (კონტრაქტი №SAX-YAL-17-10-2014/W);
- გადახდების ამონაწერი.
- 2014 წლის 16 დეკემბრის გადახდების გრაფიკის განახლება.
3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და მხარეებს შორის სადაო არ არის, რომ შპს ”S------------------------”-მა შეასრულა ხელშეკრულების დანართის 1-ით გათვალისწინებული სამუშაოების პირველი სამი ეტაპი ჯეროვნად, რაზედაც შედგა „შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები“ და ის მოპასუხე კომპანიამ მიიღო ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე, კერძოდ: პირველი ეტაპი, მიმმართველების მონტაჟი შახტებზე L1, L2, L3, L4, L6, L7, L8, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი შედგა 03.02.2015წ წელს და დამკვეთი თანახმაა შემსრულებელს გადაუხადოს 25 000 აშშ დოლარი. მეორე ეტაპი - სამანქანო განყოფილების მონტაჟი, კაბინის ჩარჩოები, გვარლის ჩაგდება შახტაზე L1, L2, L3, L4, L6, L7, L8, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების შუალედური აქტი შედგა 21.03.2015წ და დამკვეთი თანახმაა შემსრულებელს გადაუხადოს 25 000 აშშ დოლარი და მესამე ეტაპი - სართულების კარების მონტაჟი, კაბინის მოწყობილობის მონტაჟი შახტებზე L1, L2, L3, L4, L6, L7, L8 სამუშაოების მიღება-ჩაბარების შუალედური აქტი შედგა 09.05.2015 წ და დამკვეთი თანახმაა შემსრულებელს გადაუხადოს 25 000 აშშ დოლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ ზემოთ აღნიშნული სამუშაოები შესრულებული იქნა ვადის დარღვევით და აღნიშნულის თაობაზეც შემკვეთს არ განუცხადებია პრეტენზია.
ასევე მხარეებს შორის სადაო არ არის ის გარემოება, რომ დამკვეთმა შემსრულებელს ანგარიშზე ჩაურიცხა თანხები შემდეგი ოდენობით: 3041,26 აშშ დოლარი - 31.12.2014წ; 5016,3 აშშ დოლარი-20.01.2015წ; 4694 აშშ დოლარი - 06.02.2015წ; 20000 აშშ დოლარი - 23.02.2015წ; 22 500 აშშ დოლარი - 25.05.2015წ, სულ მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე ჩარიცხული იქნა 55 252,38 აშშ დოლარი. აღნიშნულს ემატება ავანსად ჩარიცხული თანხა და სულ მოპასუხის მიერ გადახდილია ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან 63763,02 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 17.10.2014წ ნარდობის ხელშეკრულება (კონტრაქტი №SAX-YAL-17-10-2014/W);
-შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი 03.02.2015წ;
- შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების შუალედური აქტი №2, 21.03.2015წ;
-შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების შუალედური აქტი №3, 09.05.2015წ;
- საბანკო ამონაწერი;
3.2.4. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას და დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულებები არ სრულდებოდა დროულად (აღჭურვილობა არ შეესაბამებოდა ტექნიკურ გადაწყვეტილებებს ობიექტზე და სხვა) და ეს იწვევდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში სამუშაოების შესრულების შეფერხებას და ვადების დარღვევას, რის გამოც მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს ამ ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მიმართვა სამუშაოთა შესრულების გრაფიკით გახანგრძლივების შესახებ 18.02.2015წ;
-მიმართვა სამუშაოთა შესრულების გრაფიკით გახანგრძლივების შესახებ 16.04.2015წ;
-მიმართვა 15.07.2015წ, 17.08.2015წ, 01.09.2015წ, 17.09.2015წ;
- მოწმეთა ჩვენება.
3.2.5. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წამომადგენლების მტკიცებას იმის თაობაზე, რომ სს “ია----------–-------------–------------------------ის წ--------------–----------------–--–ი”-ს მიერ არ მომხდარა მეოთხე და მეხუთე ეტაპის შესრულებული სამუშაოს მიღება, ვინაიდან მოსარჩელის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები - სამუშაოები შესრულებული იყო ხარვეზით და ვადის დარღვევით, ასევე შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით არ იყო წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტები (ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტი, საგადასახადო ანგარიშფაქტურა), შესაბამისად მხოლოდ მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტებით ვერ დადასტურდება შემსრულებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი, რადგანაც არ არის წარმოდგენილი მომსახურების/სამუშაოების უნაკლოდ გაწევის უტყუარი მტკიცებულება და მხოლოდ წარმოდგენილია შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც მოპასუხის მხრიდან არ არის ხელმოწერილი.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მიწოდებული სამუშაოს ხარისხთან და მეოთხე და მეხუთე ეტაპის შესრულებული სამუშაოს მიღებასთან მიმართებით მოპასუხის პოზიციაზე, რის გამოც მის მიერ წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 11 იანვრის №000096016 ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნულ დასკვნაში მითითებულია, რომ ქ. ბათუმი, ფ----------ს ქუჩა №16-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული ლიფტების ვიზუალური დათვალიერებით, სიტუაცია შემდეგია: სადარბაზო №1-ში ლიფტი №1, სადარბაზო №2-ში ლიფტი №2, სადარბაზო №2-ში ლიფტი №3, სადარბაზო №2-ში ლიფტი №4, სადარბაზო №3-ში ლიფტი №1, სადარბაზო №3-ში ლიფტი №2 - გაუმართავია, ექსპერტიზის დროს მიზეზების დადგენა შეუძლებალია. სადარბაზო №1-ში ლიფტი №2 მუშაობს, ესაჭიროება კარებების დარეგულირება, სართულებზე კარების გამხსნელ მექანიზმებს ჭირდება გასწორება, ბაგირები დასაჭიმია, კაბელ-არხები დასაყენებელია, კარების კონტაქტები დასამაგრებელია; სადარბაზო №2-ში ლიფტი №1 მუშაობს, ესაჭიროება კარებების დარეგულირება, სართულებზე კარების გამხსნელ მექანიზმებს ჭირდება გასწორება, ბაგირები დასაჭიმია, კაბელ-არხები დასაყენებელია, კარების კონტაქტები დასამაგრებელია; ლიფტი მინის კონსტრუქციით გაუმართავია, ექსპერტიზის დროს მიზეზების დადგენა შეუძლებელია;
სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დასკვნის შეფასება გულისხმობს, ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ, საქმე №ას-535-501-2017). ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში. ამასთანავე, ექსპერტის დასკვნა კრიტიკულად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე საქმეზე მოპოვებულ ყველა სხვა მტკიცებულებასთან ერთობლიობაში(იხ. სუსგ, საქმე №ას-633-966-07).
დადგენილია, რომ მენარდემ შეადგინა №4 (მეოთხე ეტაპი - ელექტროგაყვანილობის მონტაჟი, გამოძახების პანელების მიერთება, ლიფტის გამოძახების პროგრამირება სამუშაო რეჟიმში შემდეგ ლიფტებზე L1, L2, L3, L4, L6, L7, L8) და №5 (მეხუთე ეტაპი-პანორამული ლიფტის მონტაჟი L9 ) სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც არ დაუდასტურა შემკვეთმა იმაზე მითითებით, რომ არ არის მეოთხე და მეხუთე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებული სრულყოფილადო. თუმცა დადგენილია, რომ საბოლოოდ მოსარჩელე მხარემ უზრუნველყო სამუშაოების დასრულება, მთავრობის N289 დადგენილების მიხედვით 2017 წლის მარტში ლიფტებს ჩაუტარდათ ინსპექტირება და მიღებული აქვთ ინსპექტირების სერთიფიკატები, რომლის მიხედვითაც ობიექტის ინსპექტირებისას დაფიქსირებული არ ყოფილა არსებითი ან კრიტიკული შეუსაბამობა. ამდენად სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ ლიფტები გამართულია და ვარგისია ფუნქციონირებისათვის.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის შედავებას, მოსარჩელის მხრიდან სამუშაოს უხარისხოდ შესრულება ვადის დარღვევითა და პირგასამტეხლოს გადაუხდელობის გამო შემკვეთის ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე და დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შემკვეთი ვერ ადასტურებს, იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ის ნაკლიანი შესრულების გამო გავიდა ხელშეკრულებიდან, უფრო მეტიც, მოპასუხის შედავების თუნდაც ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით გაზიარება არ იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ მენარდემ ნაკლიანი შესრულება განახორციელა, იგი საკუთარ პოზიციას ამყარებს მხოლოდ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 11 იანვრის №000096016 ექსპერტიზის დასკვნისა და 21.10.2015 წლის შუალედური დეფექტური აქტზე, ასევე აღნიშნავს, რომ არ მომხდარა მეოთხე და მეხუთე ეტაპებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაობის საგადასახადო ანგარიშფაქტურების წარდგენა. რაც შეეხება მოპასუხის მითითებას, რომ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების გამო კომპანიამ განიცადა ფინანსური და მორალური ზიანი, სასამრთლო განმარტავს, რომ მოპასუხის მხრიდან არ წარმოდგენილა შეგებებული სარჩელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
-17.10.2014წ ნარდობის ხელშეკრულება (კონტრაქტი №SAX-YAL-17-10-2014/W);
- მიმართვა სამუშაოთა შესრულების გრაფიკით გახანგრძლივების შესახებ 18.02.2015წ;
-მიმართვა სამუშაოთა შესრულების გრაფიკით გახანგრძლივების შესახებ 16.04.2015წ;
-მიმართვა 15.07.2015წ, 17.08.2015წ, 01.09.2015წ, 17.09.2015წ;
-სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 11 იანვრის №000096016 ექსპერტიზის დასკვნა;
- 21.10.2015 წლის შუალედური დეფექტური აქტი;
-ინსპექტირების სერთიფიკატები;
- მოწმეთა ჩვენება.
- წერილობითი მიმართვა 17.09.2015წ;
3.2.6. მხარეები ხელშეკრულების მე-5 მუხლით შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს ანგარიშსწორების პირობებზე, შესრულებული სამუშაოს მიღების წესზე, ვადებზე და პირგასამტეხლოს ოდენობაზე.
ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად - შემსრულებელი სამუშაოს შესრულებას დაიწყებდა მხოლოდ ავანსის 15 000 აშშ დოლარის ჩარიცხვის შემდეგ. მხარეებს შორის სადაო არაა, დამკვეთის მიერ, 2014 წლის 17 ნოემბერს ავანისის სახით 8510, 64 აშშ დოლარის ჩარიცხვის ფაქტი. ხელშეკრულების 5.7 პუნქტის თანახმად, „შემსრულებელი“ ვალდებულია წინამდებარე კონტრაქტის №1 დანართში მითითებული სამუშაოები/მომსახურება შეასრულოს საავანსო თანხის მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში.
ამავე ხელშეკრულების 5.8. პუნქტის თანახმად კი მხარეები შეთანხმდნენ, რომ ანგარიშსწორება შესრულებული სამუშაოების/მომსახურებისთვის ავანსის ჩათვლით იწარმოებდა ანგარიშ-ფაქტურის და „დამკვეთის“ მიერ დადასტურებული „შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის“ საფუძველზე (ფორმა №2). „შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი“ უნდა მომზადებულიყო „შემსრულებლის“ მიერ დამკვეთთან შეთანხმებული სამუშაობის/მომსახურების დასრულების შემდეგ და წარდგენილი უნდა ყოფილიყო „დამკვეთისათვის“ დასამტკიცებლად. „დამკვეთი“ ვალდებული იყო დაემტკიცებინა აქტი სამი სამუშაო დღის განმავლობაში ან უნდა წარუდგინა „შემსრულებლისათვის“ წერილობითი მოტივირებული პრეტენზია, აქტში მითითებული სამუშაოებში/ მომსახურებაში არსებული კონკრეტული დეფექტების მითითებით, წინააღმდეგ შემთხვევაში სამუშაოები/მომსახურება - ჩაბარებულად ჩაითვლებოდა ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე.
ხელშეკრულების მე-14 მუხლით განისაზღვრა სამოშაოების/მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიების წარდგენის წესიც, 14.1 პუნქტის თანახმად სამოშაოების/მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული ნებისმიერი პრეტენზია „დამკვეთმა“ უნდა წარუდგინოს „შემსრულებელს“ წერილობითი ფორმით კონტრაქტში შეთანხმებული წესით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მეოთხე და მეხუთე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაობის შესრულების მიღება-ჩაბარების აქტს მოპასუხემ ხელი არ მოაწერა.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას და დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 12 აგვისტოს და 27 აგვისტოს წერილით შემსრულებელმა გადასცა დამკვეთს მისი მხრიდან ხელმოწერილი მეოთხე ეტაპის მიღება-ჩაბარების აქტი და მოითხოვა დამკვეთის მხრიდან დადასტურება, რასაც ხელშეკრულების 5.8. პუნქტით განსაზღვრულ დროში წერილობითი პრეტენზია დამკვეთის მხრიდან არ მოჰყოლია. 2015 წლის 1 სექტემბრის წერილით შემსრულებელმა გადასცა დამკვეთს მისი მხრიდან ხელმოწერილი მეხუთე ეტაპის მიღება-ჩაბარების აქტი და მოითხოვა დამკვეთის მხრიდან დადასტურება, რასაც ხელშეკრულების 5.8. პუნქტით განსაზღვრულ დროში წერილობითი პრეტენზია დამკვეთის მხრიდან არ მოჰყოლია. სასამართლო განმარტავს, რომ 2015 წლის 16 სექტემბრის წერილით კი მოპასუხემ მოსარჩელეს ვერ წარუდგინა მოტივირებული პრეტენზია, შესრულებული სამუშაოების ხარვეზებთან დაკავშირებით, შესაბამისად შემსრულებლის მხრიდან სრულად იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, დამკვეთს წარედგინა მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც ითვლება მიღებულად და ხელმოწერილად, ვინაიდან დამკვეთის მხრიდან გაშვებულია მეოთხე და მეხუთე ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებზე პრეტენზიის წარდგენისთვის ხელშეკრულების 5.8 პუნქტით განსაზღვრული ვადა/სამი სამუშაო დღე.
ამდენად, სასამართლო წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეასრულა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, ხოლო მოპასუხეს ვალდებულება სრულად არ შეუსრულებია და მას მოსარჩელის მიმართ გააჩნია დავალიანება ამ უკანასკნელის მიერ შესრულებული სამუშაოს აუნაზღაურებელი ღირებულების სახით, 56626,48 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 17.10.2014წ ნარდობის ხელშეკრულება (კონტრაქტი №SAX-YAL-17-10-2014/W);
3.2.7. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეები მათ შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებით თავიდანვე შეთანხმდნენ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობაზე. კერძოდ ხელშეკრულების 5.4 პუნქტის თანახმად, შემსრულებლის მიერ წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურების ანაზღაურების გადახდის ვადა შეადგენს ხუთ სამუშაო დღეს. არადროული გადახდის შემთხვევაში დამკვეთს დაეკისრება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.07%-ის სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც არ უნდა აღემატებოდეს არსებული ხელშეკრულების ძირითადი თანხის 5%-ს.
დადგენილია, რომ მოპასუხეს დღემდე არ აუნაზღაურებია შემსრულებლისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულება და შესაბამისად მას ხელშეკრულების 5.4. პუნქტის თანახმად ერიცხებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის ოდენობით, რაც აღემატება ხელშეკრულების ძირითადი თანხის 5%-ს. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მხარეებს შორის არსებული შეთანხმების თანახმად პირგასამტეხლო ასეთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ძირითადი თანხის 5%-ს, შესაბამისად მიზანშეწონილია მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 6019,47 აშშ დოლარის გადახდა, რომელიც არის ხელშეკრულების ძირითადი თანხის, ანუ 120 389,50 აშშ დოლარის 5%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 17.10.2014წ ნარდობის ხელშეკრულება (კონტრაქტი №SAX-YAL-17-10-2014/W);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ”S------------------------”-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: მოპასუხე სს “ია----------–-------------–------------------------ს წ--------------–----------------–--–ი” დაეკისროს შპს ”S------------------------”-ის სასარგებლოდ სახელშეკრულებო დავალიანების გადახდა 56626,48 აშშ დოლარის ოდენობით. სს “ია----------–-------------–------------------------ის წ--------------–----------------–--–ი” დაეკისროს შპს ”S------------------------”-ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა 6019,47 აშშ დოლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 50-ე, 316-317-ე, 319-ე, 327-ე, 629-ე, 641-ე, 647-ე, 361-ე, 648-ე, 649-ე, 417-ე, 418-ე, 419-ე მუხლებით, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მეორე წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულებისის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამ ნორმების ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ გარიგების დადებისათვის აუცილებელია ნამდვილი ნების გამოვლენა და ამ ნების საფუძველზე გარკვეული იურიდიული შედეგის დადგომის სურვილი. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რაც თავის თავში ძირითადად ორ კომპონენტს მოიცავს, ესაა ხელშეკრულების დადება და ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრა. ნორმის ამგვარი დათქმიდან გამომდინარე, ყოველი ნების გამომვლენი პირი, მიუხედავად გარიგების დადების მოტივისა, ამ გარიგებიდან გამომდინარე რისკებზე პასუხისმგებელი თავად ხდება.
უდავოდ დადგენილია, რომ 2014 წლის 17 ოქტომბერს სს “ია----------–-------------–------------------------ის წ--------------–----------------–--–ი”-სა და შპს ”S------------------------”-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელის არსებითი პირობების ანალიზი გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629.1-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება განეკუთვნება სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულებას. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული გარიგების მიხედვით, მოსარჩელე (მენარდე) კისრულობდა ვალდებულებას მოპასუხის კუთვნილ ობიექტზე ეწარმოებინა სამშენებლო სამუშაოები/ლიფტების მონტაჟი, გამართვა, შესაბამისი ანაზღაურების მიღების პირობით, ხოლო მოპასუხე (შემკვეთი) კისრულობდა ვალდებულებას აენაზღაურებინა მენარდისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულება. ცალსახაა, რომ ხელშეკრულებაში გამოვლენილი მხარეთა ნება, მათ შორის მიღწეული შეთანხმების შინაარსი და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გვაძლევს ნარდობის საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის შემადგენლობას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ „შემსრულებელი“ გაწევდა ხელშეკრულების N1 დანართით გათვალისწინებულ სამუშაოს (ლიფტების მონტაჟი და გამართვა, სულ 5 სტადია), ხოლო „დამკვეთი“ უზრუნველყოფდა ანაზღაურებას ხელშეკრულების 4.1. პუნქტში მითითებული თანხის ოდენობით, რაც შეადგენდა 120 389,50 აშშ დოლარს დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად - შემსრულებელი სამუშაოს შესრულებას დაიწყებდა მხოლოდ ავანსის 15 000 აშშ დოლარის ჩარიცხვის შემდეგ. მოპასუხის მიერ 2014 წლის 17 ნოემბერს ავანისის სახით გადახდილი იქნა 8510, 64 აშშ დოლარი. ხელშეკრულების 5.8. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება შესრულებული სამუშაოების/მომსახურებისთვის ავანსის ჩათვლით იწარმოებდა ანგარიშ-ფაქტურის და „დამკვეთის“ მიერ დადასტურებული „შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის“ საფუძველზე (ფორმა №2). დამკვეთი ვალდებული იყო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აენაზღაურებინა შესრულებული სამუშაოს ღირებულება.
დადგენილია, რომ მენარდემ შეასრულა ვალდებულება, ხოლო დამკვეთის მიერ სრულად არ იქნა გადახდილი შესრულებული სამუშაოს ღირებულება, ამდენად, სასამართლო წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია დავალიანება ამ უკანასკნელის მიერ შესრულებული სამუშაოს აუნაზღაურებელი ღირებულების სახით, 56626,48 აშშ დოლარის ოდენობით.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლით ,,1. ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. 2. ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას”.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს ”S------------------------”-ს ვალდებულება იყო სს “ია----------–-------------–------------------------ის წ--------------–----------------–--–ი”-ს კუთვნილ ობიექტზე, მდებარე, ქ. ბათუმი, ფ----------ს ქ№16-ში ლიფტების მონტაჟის და გამართვის სამუშაოები შეესრულებინა სრულყოფილად. შესრულება უნდა ყოფილიყო ვარგისი, როგორც ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოყენებისათვის, ისე ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. მხოლოდ ამ პირობის დაცვით გადაცემული შესრულება ჩაითვლება უნაკლოდ. დადგენილია, რომ მართალია ვადის გადაცილებით, მაგრამ საბოლოოდ მოსარჩელე მხარემ უზრუნველყო სამუშაოების დასრულება, მთავრობის N289 დადგენილების მიხედვით 2017 წლის მარტში ლიფტებს ჩაუტარდათ ინსპექტირება და მიღებული აქვთ ინსპექტირების სერთიფიკატები, რომლის მიხედვითაც ობიექტის ინსპექტირებისას დაფიქსირებული არ ყოფილა არსებითი ან კრიტიკული შეუსაბამობა. ამდენად დადგენილია, რომ ლიფტები გამართულია და ვარგისია ფუნქციონირებისათვის. ასევე დადგენილია, რომ შემკვეთს მიღებული აქვს შესრულებული სამუშაო, თუმცა მის მიერ სრულყოფილად არ არის ანაზღაურებული შესრულებული სამუშაოს ღირებულება.
6.5. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება ,,pacta sunt servanda’’-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით სასამართლო განმარტავს, რომ ეს ნორმა განსაზღვრავს იმ ძირითად კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა ეფუძნებოდეს ვალდებულების შესრულება. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლის მიხედვით კი, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს დასრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მის ნაწილ-ნაწილ გადახდას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში.
წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში დაკვეთილი სამუშაოები მენარდის მიერ შესრულდა, სამუშაოები მიღებულად ჩაითვლა, რაც ნიშნავს, რომ რეალურად დადგა ის სამართლებრივი შედეგი, რაც დამახასიათებელია ნარდობის ხელშეკრულებისათვის, კერძოდ, მენარდემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება - ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი მომსახურება, ხოლო მოპასუხის მიერ არ გადახდილა მომსახურების საზღაური სრულად, რის გამოც მოპასუხის დავალიანება შპს ”S------------------------”-ს მიმართ შეადგენს 56 626.48 აშშ დოლარს.
6.6. სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეზე პირგასამტეხლოს სახით თანხის დაკისრების თაობაზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო ეს არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომლის გადახდევინებაც ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მხარე მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას ვერ ასრულებს. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, სასჯელს მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი დადგენილია, რომ კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებას არ ასრულებს დადგენილ დროში.
დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა დადგენილ ვადაში. განსახილველ შემთხვევაში კი არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ითვალისწინებს სამუშაოთა ღირებულების დაგვიანებით გადახდის შემთხვევებში მოპასუხეზე სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს დაკისრებას. კერძოდ მხარეები ხელშეკრულების 5.4 პუნქტის თანახმად შეთანხმდნენ, რომ შემსრულებლის მიერ წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურების ანაზღაურების გადახდის ვადა შეადგენს ხუთ სამუშაო დღეს. არადროული გადახდის შემთხვევაში დამკვეთს დაეკისრება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.07%-ის სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც არ უნდა აღემატებოდეს არსებული ხელშეკრულების ძირითადი თანხის 5%-ს. ხელშეკრულების ძირითადი თანხის, ანუ 120 389,50 აშშ დოლარის 5%-ი კი შეადგენს 6019,47 აშშ დოლარს.
ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 6019,47 აშშ დოლარის გადახდა.
6.7. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ არსებობს როგორც შპს „zaxon menejment Servises“ -ის სასარჩელო განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით. ასევე მის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ოდენობით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-მე-8, მე-10, 52-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს ”S------------------------”-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. სს “ია----------–-------------–------------------------ს წ--------------–----------------–--–ი” დაეკისროს შპს ”S------------------------”-ის სასარგებლოდ სახელშეკრულებო დავალიანების გადახდა 56626,48 აშშ დოლარის ოდენობით.
1.2. სს “ია----------–-------------–------------------------ს წ--------------–----------------–--–ი”-ს დაეკისროს შპს „S------------------------”-ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა 6019,47 აშშ დოლარის ოდენობით.
2. მოპასუხე სს “ია----------–-------------–------------------------ს წ--------------–----------------–--–ი” მოსარჩელე შპს „zaxon menejment Servises“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე