გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.12.2018
საქმის ნომერი
140210018002725136
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140210018002725136

საქმე №2/2216-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 დეკემბერი, 2018 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი

მოსარჩელე - ა-------------ე

წარმომადგენლები - ქ-------------–---–ი, მ----------–-–---–ი

მოპასუხე - სსიპ ქ. გ-------------------------–ა

წარმომადგენელი - ვ----------------–---–ი, ვ----–--------–---–ი

დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა, თანხის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ გ-------------------------–ის დირექტორის 2018 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება.

1.2. სსიპ გ-------------------------–ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მისთვის დაკავებული ხელფასის - 42.96 ლარის ანაზღაურება.

1.3. სსიპ გ-------------------------–ას მოსარჩელის სასარგებლოდ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადახდა.

 

მოსარჩელის პოზიცია

 

მოსარჩელის განმარტებით, იგი მუშაობს სსიპ გ-------------------------–აში მათემატიკის პედაგოგად და ასევე ასრულებს კლასის დამრიგებლის მოვალეობას. 2018 წლის 5 ოქტომბერს გორის რაიონული სასამართლოდან მიუვიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც ეცნობა, რომ 2018 წლის 19 ოქტომბერს დაბარებული იყო გორის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად, რის შესახებაც 2018 წლის 17 ოქტომბერს წერილობით აცნობა სკოლის დირექტორს.

 

2018 წლის 22 ოქტომბერს ჩაბარდა სსიპ გ-------------------------–ის დირექტორის №1/კ-153 ბრძანება, რომლითაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ იმ პერიოდში, როდესაც იგი ასრულებდა მისთვის კანონით განსაზღვრულ ვალდებულებას ნაფიც მსაჯულთა შესარჩევ სხდომაში მონაწილეობით, სკოლის დირექციამ მას შეუჩერა შრომითი ურთიერთობა და დაუკავა იმ დღის ხელფასი - 42.96 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სსიპ ქ. გ-------------------------–ამ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე, სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, სარჩელი არ ცნო, მიიჩნია ის უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად და მოითხოვა ა-------------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვინაიდან შრომის კოდექსი ასეთ შემთხვევაზე არ ითვალისწინებს დასაქმებულისათვის ხელფასის ანაზღაურების შესაძლებლობას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ა-------------ე მუშაობს სსიპ ქ. გ-------------------------–აში მათემატიკის პედაგოგად და ასრულებს კლასის დამრიგებლის მოვალეობასაც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- სსიპ ქ. გ-------------------------–ის დირექტორის 2018 წლის 22 ოქტომბრის №1/კ-153 ბრძანება.

 

3.1.2. ა-------------ე 2018 წლის 19 ოქტომბერს მონაწილეობას იღებდა გორის რაიონულ სასამართლოში გამართულ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის ცნობა;

- გორის რაიონული სასამართლოს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის უწყება.

 

3.1.3. ა-------------ემ სსიპ ქ. გ-------------------------–ის დირექტორის 2018 წლის 17 ოქტომბრს განცხადებით აცნობა, რომ იგი დაბარებული იყო გორის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულობის კანდიდატად, რის გამოც იგი ვერ გამოცხადდებოდა სამსახურში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ა-------------ის განცხადება

 

3.1.4. სსიპ ქ. გ-------------------------–ის დირექტორის 2018 წლის 22 ოქტომბრის №1/კ-153 ბრძანებით შეჩერდა შრომითი ურთიერთობა სსიპ ქალაქ გ-------------------------–ის მატემატიკის პედაგოგსა და მე-84 კლასის დამრიგებელთან ა-------------ესთან, 2018 წლის 19 ოქტომბერს და ბუღალტერს დაევალა ა-------------ისათვის 19 ოქტომბრის სახელფასო ანაზღაურების - 42.96 ლარის - დაკავება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სსიპ ქ. გ-------------------------–ის დირექტორის 2018 წლის 22 ოქტომბრის №1/კ-153 ბრძანება

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს შრომის კოდექსი;

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით _ საქართველოს შრომის კოდექსით.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ გასარკვევია ა-------------ესთან შრომითი ურთიერთობის შეჩერების და მისთვის შრომითი ანაზღაურების დაკავების ბრძანების საფუძვლიანობა და მისი კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის არსებული სადავო სამართლებრივი ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობაა, რადგან შრომის კოდექსის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა არის დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დადებული შრომის ხელშეკრულება. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანხმად, შრომითი ურთიერთობისას მხარებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.

 

ამდენად, ა-------------ესა და სსიპ ქ. გ-------------------------–ას შორის დადებულია შრომითი ხელშეკრულება და შესაბამისად, როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის მხრიდან ამ ხელშეკრულების პირობების დაცვა სავალდებულოა. გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით აღიარებულია უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება - შრომის უფლება და დადგენილია, რომ შრომა თავისუფალია. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში. ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებულის შრომითი უფლებების დაცვაში, რაც უზრუნველყოფილია ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით. საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი).

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოებში გამოცხადება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძველს წარმოადგენს.

 

საქმეში წარმოდგენილი ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის უწყებით დგინდება, რომ ა-------------ე მოხვდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოსამართლის მიერ დადგენილ ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიაში და განემარტა, რომ იგი ვალდებული იყო ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადებულიყო გორის რაიონულ სასამართლოში 2018 წლის 19 ოქტომბერს 11:00 საათზე. ამავე უწყებით ა-------------ეს განემარტა ნაფიცი მსაჯულისათვის კანონით დადგენილი სოციალური გარანტიების შესახებ და ასევე ის გარემოება, რომ მას უნარჩუნდება როგორც სამუშაო ადგილი, ისე ანაზღაურება და ასევე გაფრთხილებული იქნა გამოუცხადებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმის გამოყენების შესახებ.

 

საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ მოსაჩელემ 2018 წლის 17 ოქტომბერს დამსაქმებელი (მოპასუხე) გააფრთხილა, რომ იგი გამოძახებული იყო გორის რაიონულ სასამართლოში 2018 წლის 19 ოქტომბერს 11:00 საათზე ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატად და შეატყობინა, რომ იგი ვერ გამოცხადდებოდა სამსახურში.

 

6.4. საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოებში საქმეებს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საერთო სასამართლოების სისტემა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.

 

6.5. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.

 

6.6. საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის 36-ე მუხლის (?????? 36. ??????? ??????????? ???????? ) თანახმად: 1. შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რომელიც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას;

2. შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლებია: ა) გაფიცვა; ბ) ლოკაუტი; გ) აქტიური ან/და პასიური საარჩევნო უფლების განხორციელება; დ) საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოებში გამოცხადება; ე) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა; ვ) სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა; ზ) შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო; თ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან/და კრიზისულ ცენტრში მოთავსება, თუ მას აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, მაგრამ წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა; ი) დროებითი შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა არ აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა არ აღემატება 60 კალენდარულ დღეს; კ) კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული გადამზადება ან სწავლა, რომლის ხანგრძლივობაც წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს; ლ) ანაზღაურების გარეშე შვებულება; მ) ანაზღაურებადი შვებულება.

3. დასაქმებულის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით (გარდა „ბ“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებული საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეჩერების მოთხოვნის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი ურთიერთობა გონივრული ვადით შეაჩეროს. შრომითი ურთიერთობა შეჩერებულად ჩაითვლება მოთხოვნის წარდგენიდან შეჩერების შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრამდე;

4. შრომითი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დასაქმებულს არ მიეცემა შრომის ანაზღაურება, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

5. საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოში გამოცხადებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ზემოთ აღნიშნული ნორმების შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლო მიჩნევს, რომ სსიპ ქ. გ-------------------------–ის დირექტორის 2018 წლის 22 ოქტომბრის №1/კ-153 ბრძანება ა-------------ესთან შრომითი ურთიერთობის შეჩერების შესახებ კანონიერია და შესაბამისაობაში მოდის შრომის კოდექსის 36-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დამსაქმებლის ვალდებულებასთან შრომითი ურთიერთობის გონივრული ვადით შეჩერების შესახებ.

 

რაც შეეხება ამავე ბრძანებას ა-------------ისათვის შრომითი ანაზღაურების დაკავების ნაწილში, შრომითი ანაზღაურების დაკავების საფუძვლად ბრძანებაში მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 36-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმადაც, შრომითი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა; ანაზღაურებადი შვებულება) გათვალისწინებული შემთხვევებისა, დასაქმებულს არ მიეცემა შრომის ანაზღაურება, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

6.7. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 36-ე მუხლი განსაზღვრავს შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლებს და შრომითი ურთიერთობის შეჩერებისას შრომითი ანაზღაურების წესს და აღნიშნულ მუხლში კონკრეტულად არ არის გათვალისწინებული ნაფიცი მსაჯულისათვის (კანდიდატისათვის) შრომითი ურთიერთობის არც შეჩერების და არც შრომითი ანაზღაურების წესი, თუმცა ამ მუხლით განსაზღვრულია საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოებში გამოცხადების შემთხვევა, რაც დაედო საფუძვლად კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელესთან შორიმითი ურთიერთობის შეჩერების საფუძველი, ანუ მოსარჩელის სასამართლოში გამოცხადება და ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატად სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის მიღება გახდა საფუძველი მასთან შრომითი ურთიერთობის შეჩერებისა, თუმცა დამსაქმებელმა (მოპასუხემ) იგივე საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმებით არ იხელმძღვანელა შრომის ანაზღაურების დაკავებისას, რითაც მან დაარღვია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ორგანული კანონით დადგენილი ფუნდამენტური უფლება დასაქმებულისა, მიიღოს შრომის ანაზღაურება, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, რომელმაც განსაზღვრა ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის სასამართლოში გამოცხადების წესი, ნათლად და ცალსახად ადგენს ნაფიცი მსაჯულის (მსაჯულობის კანდიდატის) სოციალურ გარანტიებს, კერძოდ:

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის (ნაფიცი მსაჯულის (მსაჯულობის კანდიდატის) სოციალური გარანტიები) თანახმად: 1. ნაფიც მსაჯულს და ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს უფლება აქვთ, დროულად მიიღონ სახელმწიფოსგან ყველა ხარჯის ანაზღაურება, რომლებიც პირდაპირაა დაკავშირებული მათ მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულებასთან. დღიური, სამგზავრო და სხვა პირდაპირი ხარჯების ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო; 2. დასაქმებულ პირს ნაფიც მსაჯულად სასამართლო პროცესში მონაწილეობის დროს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ანაზღაურება.

 

ზემოთ აღნიშნული ნორმების შინაარსის გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, როდესაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 236-ე მუხლის (ნაფიც მსაჯულთა (სათადარიგო მსაჯულთა, მსაჯულობის კანდიდატთა) მოვალეობანი) მე-2 ნაწილის თანახმად, ნაფიცი მსაჯული ვალდებულია დაესწროს განსახილველ საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომებს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსაჯულის (მსაჯულობის კანდიდატის) მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას, კერძოდ, მსაჯულობის კანდიდატის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17312 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზის გარეშე სასამართლოში განსაზღვრულ დროს გამოუცხადებლობის შემთხვევაში იწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, შრომის კოდექსის 36-ე მუხლის შინაარსის ვიწროდ გაგება იმ თვალსაზრისით, რომ აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატისათვის შრომის ანაზღაურების წესს, არასწორია, ვინაიდან აღნიშნული მუხლი ამ კონკრეტული საფუძვლით არც შრომითი ურთიერთობის შეჩერებას ითვალისწინებს, თუმცა დამსაქმებელმა მიუსადაგა ყველაზე ახლოს მდგომი შინაარსი - საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოში გამოცხადება, შესაბამისად, შრომის ანაზღაურების შეჩერების საკითხის განხილვისას დამსაქმებელს უნდა ეხელმძღვანელა შრომის კოდექსის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტით, სადაც ცალსახად და არაორაზროვნადაა მითითებული, რომ შრომითი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დასაქმებულს არ მიეცემა შრომის ანაზღაურება, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის გამოყენებისას კი დამსაქმებელი ვალდებული იყო ეხელმძღვანელა, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ორგანული კანონით შრომის კოდექსით და სხვა სხვა საპროცესო კანონმდებლობით, რომლებითაც კონკტრეტულად ნაფიცი მსაჯულისა თუ მსაჯულობის კანდიდატისათვის დადგენილი უფლებები, ვალდებულებები თუ მისი სოციალური დაცვის გარანტიებია დარეგულირებული. რაც შეეხება საქართველოს შრომის კოდექსის 36-ე მუხლის მე-5 ნაწილს, რომელშიც მითითებულია, რომ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოში გამოცხადებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელესთან შრომითი ანაზღაურება აღნიშნული საფუძვლით არ არის დაკავებული, თუმცა მიზანშეწონილია აღინიშნოს, რომ აღნიშნული ნაწილი ეხება მხოლოდ გაწეულ გარჯებს და ამ ხარჯებში არ იგულისხმება შრომითი ანაზღაურება.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ქ. გ-------------------------–ის დირექტორის 2018 წლის 22 ოქტომბრის №1/კ-153 ბრძანება ა-------------სათვის შრომის ანაზღაურების დაკავების შესახებ მიღებულია კანონის დარღვევით, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მისი ბათილად ცნობის შესახებ საფუძვლიანია.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის (42.96 ლარის) 0,07 პროცენტის დაკისრების ნაწილში, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ა-------------ეს დამსაქმებელმა კანონიერი საფუძვლის გარეშე დაუკავა შრომის ანაზღაურება, რაც წარმოშობს დამსაქმებლის ვალდებულებას - გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

 

ამდენად, სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნას, ანაზღაურების დაყოვნებისათვის დაყოვნებული თნხის 0.07 პროცენტის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ, საფუძვლიანად მიიიჩნევს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახლველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე გათავსუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რომლის ოდენობა შეადგენს 50 ლარს, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ა-------------ის სარჩელი სსიპ ქ. გ-------------------------–ის მიმართ დაკმაყოფილდეს:

 

2. ბათილად იქნეს ცნობლი სსიპ გ-------------------------–ის დირექტორის 2018 წლის 22 ოქტომბრის №1/კ-153 ბრძანება;

 

3. დაეკისროს მოპასუხე სსიპ გ-------------------------–ას მოსარჩელე ა-------------ისათვის დაყოვნებული სახელფასო ანაზღაურების გადახდა 42.96 ლარის ოდენობით და ასევე დაევალოს ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის (42.96 ლარის) 0,07 პროცენტის გადახდა 2018 წლის 22 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

4. მოპასუხე სსიპ გ-------------------------–ას დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი