განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100119003168587
N1/226-2019
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---- ს------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - თ----- ო------------;
არასრულწლოვანი ბრალდებული - თ---------- თ-----, დაბადებული 2----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ა---------–----–----–----------–-----------, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი, სოფელი ქ----------–--------------------;
კანონიერი წარმომადგენელი - ი----- ჩ-------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით);
სხდომის სახე - დახურული.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 22:30 საათზე, თ---------- თ----- იმყოფებოდა ქ.ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩა N---ში განთავსებულ შპს "--------–----------- კუთვნილ სუპერმარკეტ „---------- N102-ე ფილიალში, რა დროსაც განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა სხვადასხვა სახის სურსათს და ალკოჰოლურ სასმელს. თ---------- თ----- სუპერმარკეტ "---------- თანამშრომლებისგან შეუმჩნევლად, ფარულად დაეუფლა 17,5 ლარად ღირებულ კონიაკ „ივერიონს“, 7,5 ლარად ღირებული შოკოლადის კარაქს „ბარამბინოს“ და 248 გრ. შოკოლად „BOOM BOOM“-ს, ღირებულს 2,11 ლარად. თ------------------მ აღნიშნული ქმედებით, შპს „--------–---------- მთლიანობაში მიაყენა 27.11 ლარის ქონებრივი ზიანი.
2. თ---------- თ-----მ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
3. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე, მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
4. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
5. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).
6. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
7. სასამართლოს მიაჩნია, რომ თ---------- თ-----ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულის წარმომადგენელის ლ--–- ს------ის გამოკითხვის ოქმი; მოწმეების მ---- ც---–---ის, ს------- თ-----–---–ის, კ------- თ-----ს, ვ------ ჭ----------ის, მ---- მ--–----ის და მ------ კ-------–---–ის გამოკითხვის ოქმები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოსურათები; ამოღების ოქმი; დისკის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები და მასალები.
8. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია თ---------- თ-----ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
9. სასამართლო განმარტავს, რომ ქურდობა ხელყოფს საკუთრებას და მისი ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაა და გულისხმობს პირის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე სხვა პირებთან უშუალო კონტაქტს და შეხებას. იგი სხვისი მოძრავი ქონების სხვა მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისგან განსხვავებით, შედარებით ნაკლები საშიშროების შემცველია, დამნაშავე არ იყენებს ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ძალადობას და სხვა. ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მისი ფარული ხასიათი. მისი ჩადენა შეუმჩნეველი რჩება სხვა პირებისათვის. დანაშაულის ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს, რომ ქონების მესაკუთრეს ან სხვა კანონიერ მფლობელს არა აქვს გააზრებული ის ფაქტი, რომ დამნაშავე მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს, იგი მდგომარეობს თვით დამნაშავის სურვილში - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნებაში, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხდება სხვებისგან შეუმჩნევლად, თუმცა მისი მოქმედება აშკარა ხასიათს ატარებს. ქურდობა, თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. მისი ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით. ამიტომ ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლება სხვის ქონებას და რეალური შესაძლებლობა აქვს განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებით, იმისდა მიუხედავად მოახერხა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება. დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს (ქონებას), ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მესაკუთრეს ან ქონების მფლობელს და მაინც სურს მიაყენოს მას ეს ზიანი.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებით თ---------- თ-----მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვის მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
11. თ---------- თ-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
12. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა 2019 წლის 8 ოქტომბერს.
13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
14. სასამართლო, სასჯელის დანიშვნისას, ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, არასრულწლოვანი ბრალდებულის პიროვნებას, ცხოვრების, აღზრდის, განვითარების პირობებს, ოჯახურ ვითარებას.
15. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი, ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიზნად ისახავდეს ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას; ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ისეთი სახის ტრადიციული ამოცანები, როგორიც არის - დასჯა, ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე მისი რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები.
16. ბავშვის უფლებათა კონვენციის 37-ე მუხლის თანახმად, ბავშვის დაპატიმრება, დაკავება ან ციხეში მოთავსება ხორციელდება კანონის თანახმად და განიხილება, როგორც მხოლოდ უკიდურესი ზომა რაც შეიძლება ნაკლები პერიოდის განმავლობაში, ხოლო მე-40 მუხლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.
17. სასამართლო ითვალისწინებს აგრეთვე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლს), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
18. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მინიმალური სტანდარტული წესების მიხედვით, არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ (პეკინური წესები), სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს პოზიტიური ზომების განხორციელებას, რაც ითვალისწინებს ყველა შესაძლო რესურსის მობილიზებას, რათა ხელი შეუწყონ მოზარდის კეთილდღეობას კანონის მხრივ ჩარევის აუცილებლობის შესამცირებლად და ეფექტურად, სამართლიანად და ჰუმანურად მოეპყრონ მოზარდს, რომელიც კანონთან კონფლიქტშია... მართლმსაჯულების სისტემა არასრულწლოვანთა მიმართ, პირველ ყოვლისა, მიმართულია არასრულწლოვნის კეთილდღეობისა და იმის უზრუნველყოფისაკენ, რომ არასრულწლოვან სამართალდამრღვევებზე ზემოქმედების ყოველგვარი ღონისძიება, ყოველთვის შეესატყვისებოდეს როგორც პიროვნების თავისებურებებს, ისე სამართალდარღვევის გარემოებებს.
19. 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლის მიზანს წარმოადგენს მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის უფლებათა დაცვა, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის მეორეული ვიქტიმიზაციისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.
20. კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში, უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, ამასთან, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული ზომა ჩადენილი ქმედების თანაზომიერი უნდა იყოს და მის პიროვნებას, ასაკს, საგანმანათლებლო, სოციალურ და სხვა საჭიროებებს უნდა შეესაბამებოდეს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პატიმრობის კოდექსისა და ამ კოდექსის მიზნების მიღწევის ყველაზე მსუბუქ საშუალებას ენიჭება. ამასთან, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანი უნდა იყოს არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
21. საქართველოს სსკ 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს -ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
22. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად კი, არასრულწლოვნის სასჯელის სახეებია: ა) ჯარიმა; ბ) შინაპატიმრობა; გ) საქმიანობის უფლების ჩამორთმევა; დ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; ე) თავისუფლების შეზღუდვა; ვ) ვადიანი თავისუფლების აღკვეთა.
23. სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოცემული პრინციპის სამართლებრივი მნიშვნელობა განსაკუთრებით მძაფრია სასჯელის დანიშვნის ეტაპზე, ვინაიდან, იგი მოითხოვს არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლების ანალიზსა და მის გათვალისწინებას, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის შესაბამისად. სასამართლო ამავდროულად განმარტავს, რომ მსჯავრდებულის მიმართ შერჩეული ყოველი კონკრეტული სასჯელის გამოყენება, თითოეულ დანაშაულთან მიმართებაში, პრაქტიკაში სიცოცხლისუნარიანი უნდა იყოს.
24. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ გაითვალისწინა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი და ინდივიდუალური შეფასების ანგარიში. კერძოდ, დანაშაულების ჩადენის დროს, თ---------- თ----- იყო არასრულწლოვანი - 17 წლის. დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრისას გამოხატავს სინანულს. მისი განმარტებით, ამის ძირითადი მიზეზია დანაშაულებრივი ქმედების შემდგომი პროცესების სირთულეები. დარწმუნებულია რომ დანაშაულს აღარ ჩაიდენს. სამომავლოდ აპირებს დასაქმებას. ზაფხულზე დაახლოებით ერთი თვე დასაქმებული იყო ქალაქ ბათუმში მშენებლობაზე. აღნიშნული გარემოებები იძლევა საფუძველს იმისათვის, რომ სასამართლომ გამოიყენოს საქართველოს კანონის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლი.
25. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვანს ჯარიმა შეიძლება დაენიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი კანონიერი საქმიანობიდან. აღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თ---------- თ----- სასჯელად განუსაზღვროს ჯარიმა, ვინაიდან მოცემული ეტაპისათვის იგი არ მუშაობს და არ გააჩნია დამოუკიდებელი და კანონიერი შემოსავალი. ამავე კოდექსის, 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად კი, არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი. მოცემულ შემთხევაში, თ---------- თ-----ს მიმართ წარდგენილი ბრალდება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, შესაბამისად, სასამართლო არაა უფლებამოსილი თ.თ-----ს სასჯელად განუსაზღვროს თ/აღკვეთა და შემდეგ ჩაუთვალოს პირობით მსჯავრად. შესაბამისად, სასჯელის სახის განსაზღვრისას სასამართლოს მიერ გამოყენებული უნდა იქნას არასრუწლოვანთა მართლსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლი და თ.თ-----ს ისე განუსაზღვროს სასჯელი, ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა, როგორც სასჯელი შეუძლებელია დაენიშნოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული აკრძალვიდან გამომდინარე. თავისუფლების აღკვეთა - ვინაიდან ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ხოლო ჯარიმა - ვიანიდან არ გააჩნია დამოუკიდებელი და კანონიერი შემოსავალი. შესაბამისად, ერთადერთი მსუბუქი სასჯელი, რომელიც შესაძლებელია მოხდილი იქნეს თ---------- თ-----ს მიერ არის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. სასამართლოს მიაჩნია, რომ თ---------- თ-----ს მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით, ხელს შეუწყობს მის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.
26. საქართველოს კანონის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების დებულებებიც, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კოდექსს ან/და არასრულწლოვნისთვის შეღავათს ითვალისწინებს.
27. საქართველოს კანონის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს. საქართველოს სსკ 64-ე მუხლის თანახმად კი, ამ კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი წლისა, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას - არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას - არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად განსახორციელებლად, სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს რიგ ინსტიტუტებს, რომლებიც ამ მიზნების მისაღწევად დადგენილ საშუალებებს კიდევ უფრო ეფექტურს ხდის. სწორედ, აღნიშნული პრინციპების რეალიზაციას ემსახურება პირობითი მსჯავრი, რაც არის სასჯელის მოხდის განსაკუთრებული წესი, რა დროსაც განაჩენით დანიშნული სასჯელი პირობადადებულია და არ ხდება მისი რეალურად აღსრულება. პირობითი მსჯავრის გამოყენების დროს, მართალია, სასჯელი რეალურად არ აღსრულდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ განაჩენი საერთოდ არ აღსრულდება, ამ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენება არა რეალური სასჯელი, არამედ სხვა სამართლებრივი ღონისძიებები - პირობითი, მსჯავრისთვის თანმდევი გამოსაცდელი ვადა და საჭიროების შემთხვევაში გარკვეული მოვალეობების შესრულება.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლი არ ადგენს კონკრეტულად თუ რომელი სასჯელის პირობითად ჩათვლაა შესაძლებელი. აღნიშნულ მუხლში მითითებულია ტერმინი სასჯელი და ის წინაპირობები, რომელთა ერთობლიობაც აუცილებელია, რათა სასამართლოს ჰქონდეს სამართლებრივი შესაძლებლობა დანიშნული სასჯელის პირობითად ჩასათვლელად. ამდენად, კანონმდებელი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არ ზღუდავს მოსამართლეს მის მიერ შერჩეული ნებისმიერი სასჯელის დანიშვნისას, იქნება ეს თავისუფლების აღკვეთა თუ მასზე მსუბუქი რომელიმე სასჯელი, გამოიყენოს პირობითი მსჯავრი. ამ არგუმენტს ამყარებს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის შინაარსიც, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი წლისა და მიჯნავს მას თავისუფლების აღკვეთის გამოყენებისას დასადგენი გამოსაცდელი ვადისგან, რომელიც უნდა იყოს - არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა. ამდენად, კანონმდებელმა სსკ 64-ე მუხლშიც გამოხატა ნება, რომ პირობითი მსჯავრი, რომლის თანმდევი შედეგია სწორედ გამოსაცდელი ვადა, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს როგორც თავისუფლების აღკვეთის, ასევე, ნებისმიერი სხვა უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის შემთხვევაში.
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის პირობით ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დანიშვნის სამართლებრივი მექანიზმი არსებობს არაერთი განვითარებული ქვეყნის კანონმდებლობაში და ისტორიულადაც, არასაპატიმრო სასჯელის პირობით ჩათვლის შესაძლებლობა თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლასთან ერთად, მოიაზრება პირობითი მსჯავრის ინსტიტუტის არსში. მაგალითად, საფრანგეთში შესაძლებელია ჯარიმის შეცვლა პირობით (იხ. პრადელი ჟ. შედარებითი სისხლის სამართალი, ე.სუმბათაშვილის თარგმანი, თ.ნინიძის რედაქტორობით, 1999, 433.).
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან თ---------- თ-----ს ჩაიდინა, განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშული, აღიარებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, არ არის წარსულში ნასამართლევი, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მას დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
28. გარდა აღნიშნულისა, სასამართლოს მიერ მხედველობაში იქნა მიღებული რა ინდივიდუალური შეფასების ანგარიში და მიაჩნია, რომ საჭიროა თ---------- თ-----სათვის დამატებითი მოვალეობების დაკისრება, შემდეგ გარემოებათა გამო: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არასრულწლოვნისთვის არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე უფლებამოსილია არასაპატიმრო სასჯელთან ერთად მას დააკისროს ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული 1 ან რამდენიმე მოვალეობა. ამ შემთხვევაში დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის ისეთი მოვალეობის დაკისრება, რომელიც, დიდი ალბათობით, არ შესრულდება ან რომლის შესრულება არასრულწლოვნის გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს აღემატება.
ამავე კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არასრულწლოვანს შეიძლება დაევალოს: ა) სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოს დახმარებით საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყება ან განახლება; ბ) სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოს დახმარებით მუშაობის დაწყება; გ) საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი ან/და სამკურნალო პროგრამის გავლა; დ) თავისუფალი დროის განსაზღვრული ფორმით გამოყენება; ე) სხვა ისეთი მოვალეობა, რომელიც ხელს შეუწყობს მის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.
ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის თანახმად (პუნქტი - 10.2 რეკომენდაცია), განხორციელებული შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია არასრულწლოვანი ჩაერთოს სარეაბილიტაციო პროგრამაში და მასთან იმუშაოს, როგორც სოციალურმა მუშაკმა, ასევე ფსიქოლოგმა. არასრულწლოვანს ესაჭიროება ჩადენილი ქმედების გაცნობიერება, დადებითი კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაში დახმარება, ალკოჰოლის მიღების შედეგად გამოწვეული მავნე შედეგების გაცნობიერების და ცხოვრებისეული ფასეულობების განსაზღვრა. შესაბამისად, სასამართლოს აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიაჩნია თ---------- თ-----ს დააკისროს მოვალეობა ჩაერთოს: 1) „დანაშაულის გაცნობიერების“; 2) „დადებითი კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესების“; 3) „ალკოჰოლის მიღების შედეგად გამოწვეული მავნე შედეგების გაცნობიერების“ და 4) ,,ცხოვრებისეული ფასეულობების განსაზღვრის“ სარეაბილიტაციო პროგრამებში. 45-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების კონტროლს უზრუნველყოფა კი უნდა უზრუნველყოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
ნივთიერი მტკიცებულებები:
29. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა, ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14, მე-17 მუხლებით, ჰავანის წესების მე-2 წესით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტული მინიმალური წესების არასრუწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-17, 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 55-57-ე, 59-ე, 65-ე, 69-ე, 75-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ---------- თ----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი;
თ---------- თ-----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა - გაუქმდეს;
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვან თ---------- თ-----ს დაეკისროს მოვალეობა ჩაერთოს: 1) „დანაშაულის გაცნობიერების“; 2) „დადებითი კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესების“; 3) „ალკოჰოლის მიღების შედეგად გამოწვეული მავნე შედეგების გაცნობიერების“ და 4) ,,ცხოვრებისეული ფასეულობების განსაზღვრის“ სარეაბილიტაციო პროგრამებში; ასევე, მსჯავრდებულ თ---------- თ-----ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;
მსჯავრდებულ თ---------- თ-----ს ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
მაღაზია მ-------ს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ჩანაწერი დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
თ---------- თ-----სთან ჩატარებული ამოღების შედეგად ამოღებული ორი ბოთლი და ერთი ქილა, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე