განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100119003033572
N1/134-2019
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---- ს------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ე-----–- ჭ--–---–-;
არასრულწლოვანი ბრალდებული - ვ-–-------- გ------–---, დაბადებული 2----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ა---------–----–----–----------–-----------, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი, სოფელი წ---;
საპროცესო წარმომადგენელი - თ-- ჩ--------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად);
არასრულწლოვანი ბრალდებული - ს--- ს------------, დაბადებული 2----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ა---------–----–----–----------–-----------, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ.ზესტაფონი, დადიანის ქუჩა N-;
კანონიერი წარმომადგენელი - ი--- ს------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვებუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად);
სხდომის სახე - დახურული.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. ვ-–-------- გ------–--ის მიმართ: 2019 წლის 8 მაისს, დაახლოებით 00:10 საათზე, ს--- ს------------ და დანით შეიარაღებული ვ-–-------- გ------–---, თავს დაესხნენ ქ.ზესტაფონში, აღმაშენებლის ქ--------ში მდებარე სუპერმარკეტ „ლ-----“ მოლარე-კონსულტანტს ა--- ნ--------ეს, რომელსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დანის დემონსტრირებით მოთხოვეს ფულადი თანხა. ს--- ს------------მ და ვ-–-------- გ------–---მ ვერ შეძლეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფულადი თანხის დაუფლება, მაღაზიაში შესული მოქალაქეების აქტიური ჩარევის გამო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
2. ს--- ს-----------ის მიმართ: 2019 წლის 8 მაისს, დაახლოებით 00:10 საათზე, ს--- ს------------ და დანით შეიარაღებული ვ-–-------- გ------–---, თავს დაესხნენ ქ.ზესტაფონში, აღმაშენებლის ქ--------ში მდებარე სუპერმარკეტ „ლ-----“ მოლარე-კონსულტანტს ა--- ნ--------ეს, რომელსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დანის დემონსტრირებით მოთხოვეს ფულადი თანხა. ს--- ს------------მ და ვ-–-------- გ------–---მ ვერ შეძლეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფულადი თანხის დაუფლება, მაღაზიაში შესული მოქალაქეების აქტიური ჩარევის გამო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
3. ვ-–-------- გ------–---მ და ს--- ს------------მ წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნეს დამნაშავედ, გულწრფელად აღიარეს და მოინანიეს ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.
4. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომაზე, მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
5. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
6. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).
7. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
8. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ-–-------- გ------–--ის და ს--- ს-----------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, გარდა მათი აღიარებითი ჩვენებებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულ ა--- ნ--------ის გამოკითხვის ოქმი; მოწმეების - რ---- კ-------ის, მ------ ჯ-----ის და გ---- ჩ-----–--ის გამოკითხვის ოქმები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები; ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები; ამოღების ოქმი; ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმი; ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები და მასალები.
9. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ვ-–-------- გ------–--ისა და ს--- ს-----------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულების დამნაშავეებად ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
10. სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობის საშიშროება მეტად მაღალია, იგი არა მარტო ქონების ხელყოფაში გამოიხატება, არამედ თვით ამ ხელყოფის ხასიათში - თავდასხმასა და ისეთი ძალადობის გამოყენებაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარაში. ყაჩაღობა ორობიექტიანი დანაშაულია. იგი ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის ჯანმრთელობას. ყაჩაღობის შემადგენლობაში ეს ორი ობიექტი ძირითადია. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. თავდასხმის ცნებაში უნდა ვიგულისხმოთ დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან. თუმცა მოულოდნელობის მიუხედავად, როგორც წესი თავდასხმის ფაქტი, რომელსაც თან ერთვის ფიზიკური ძალადობა, კარგად არის გაცნობიერებული დაზარალებულის მიერ, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება თავდასხმის ფაქტი მის მიერ არც იყოს გააზრებული. თავდასხმა და მის შედეგად უშუალოდ განხორციელებული ძალადობა ორი განუყოფელი აგრესიული აქტის ერთიანობაა. თავდასხმა არის ყაჩაღობის პირველი ეტაპი, რომელიც წინ უსწრებს ძალადობას და გულისხმობს, სწრაფ და აგრესიულ მოქმედებას, მიმართულს დაზარალებულის წინააღმდეგ, ხოლო მეორე ეტაპია ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, სადაც თავდასხმა ორგანულად არის გაერთიანებული ძალადობასთან. ფიზიკური ძალადობა, გამოყენებული ყაჩაღობის დროს საშიში უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობისათვის. დამნაშავის მიერ გამოყენებული ძალადობის ხარისხის განსასაზღვრავად, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული არა მარტო ჯანმრთელობისათვის მიყენებული დაზიანების შედეგი, არამედ მისი ხანგძლივობა, ინტენსივობა, დანაშაულის ჩადენის იარაღი, საშუალება და სხვა. ყაჩაღობის დროს მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური, მისი გამოვლენის ფორმას არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა. იგი შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერად, ჟესტით, მოქმედებით, მაგალითად ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის დემონსტრირებით. დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან ყოველ შემთხვევაში, საფუძვლიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს იმისა, რომ ეს მუქარა რეალიზებული იქნება, თუ იგი ქონების გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. ამიტომ მუქარის მიზანია დაზარალებულის ნების პარალიზება ან დროებით მისი დათრგუნვა და ამით ძალადობრივი გზით ქონების დაუფლება. დამნაშავის მიერ ქონების დასაუფლებლად იარაღის იმიტაციის გამოყენება, რომელსაც გარეგნული მსგავსება აქვს იარაღის ანალოგიასთან, მაგრამ არ შეიძლება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება, მაინც ძალადობად უნდა მივიჩნიოთ, თუ ეს იარაღი მსხვერპლის მიერ ნამდვილ იარაღად აღიქმება. სათამაშო იარაღის დემონსტრირებაც კი უარყოფითად მოქმედებს დაზარალებულზე, მას ეუფლება შიშის გრძნობა და იგი იძულებულია დათმოს ქონება. დანაშაულებრივი ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციისათვის მუქარის ხარისხის განსასაზღვრად კონკრეტული საქმის ყველა გარემოებათა შესწავლა სავალდებულოა. ამისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს ყაჩაღური თავდასხმის ადგილი, დრო, იმ საგნის თვისება, რომელიც გამოყენებულია განუსაზღვრელი მუქარის განსახორციელებლად, როგორ აღიქვამს მას დაზარალებული და სხვა. ყაჩაღობის საშიშროებიდან გამომდინარე, იგი ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. ყაჩაღობის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას.
დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებაა, ქმედება ჩადენილი ჯგუფის მიერ. საქართველოს სსკ 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. სასამართლო განმარტავს, რომ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის დროს აუცილებელი არ არის ყველა თანაამსრულებელმა გამოიყენოს ისეთი ძალადობა, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის. საკმარისია მათგან თუნდაც ერთმა მიმართოს ამგვარ ძალადობას და ეს ფაქტი სხვა თანამონაწილეთა განზრახვითაც იყოს მოცული.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებებით ვ-–-------- გ------–---მ და ს--- ს------------მ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვებუნქტით).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
12. ვ-–-------- გ------–--ის და ს--- ს-----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
13. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა 2019 წლის 8 ოქტომბერს.
14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო, სასჯელის დანიშვნისას, ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, არასრულწლოვანი ბრალდებულის პიროვნებას, ცხოვრების, აღზრდის, განვითარების პირობებს, ოჯახურ ვითარებას.
15. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი, ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიზნად ისახავდეს ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას; ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ისეთი სახის ტრადიციული ამოცანები, როგორიც არის - დასჯა, ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე მისი რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები.
16. ბავშვის უფლებათა კონვენციის 37-ე მუხლის თანახმად, ბავშვის დაპატიმრება, დაკავება ან ციხეში მოთავსება ხორციელდება კანონის თანახმად და განიხილება, როგორც მხოლოდ უკიდურესი ზომა რაც შეიძლება ნაკლები პერიოდის განმავლობაში, ხოლო მე-40 მუხლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.
17. სასამართლო ითვალისწინებს აგრეთვე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლს), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
18. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მინიმალური სტანდარტული წესების მიხედვით, არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ (პეკინური წესები), სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს პოზიტიური ზომების განხორციელებას, რაც ითვალისწინებს ყველა შესაძლო რესურსის მობილიზებას, რათა ხელი შეუწყონ მოზარდის კეთილდღეობას კანონის მხრივ ჩარევის აუცილებლობის შესამცირებლად და ეფექტურად, სამართლიანად და ჰუმანურად მოეპყრონ მოზარდს, რომელიც კანონთან კონფლიქტშია... მართლმსაჯულების სისტემა არასრულწლოვანთა მიმართ, პირველ ყოვლისა, მიმართულია არასრულწლოვნის კეთილდღეობისა და იმის უზრუნველყოფისაკენ, რომ არასრულწლოვან სამართალდამრღვევებზე ზემოქმედების ყოველგვარი ღონისძიება, ყოველთვის შეესატყვისებოდეს როგორც პიროვნების თავისებურებებს, ისე სამართალდარღვევის გარემოებებს.
19. 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლის მიზანს წარმოადგენს მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის უფლებათა დაცვა, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის მეორეული ვიქტიმიზაციისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში, უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, ამასთან, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული ზომა ჩადენილი ქმედების თანაზომიერი უნდა იყოს და მის პიროვნებას, ასაკს, საგანმანათლებლო, სოციალურ და სხვა საჭიროებებს უნდა შეესაბამებოდეს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პატიმრობის კოდექსისა და ამ კოდექსის მიზნების მიღწევის ყველაზე მსუბუქ საშუალებას ენიჭება. ამასთან, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანი უნდა იყოს არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
20. სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოცემული პრინციპის სამართლებრივი მნიშვნელობა განსაკუთრებით მძაფრია სასჯელის დანიშვნის ეტაპზე, ვინაიდან, იგი მოითხოვს არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლების ანალიზსა და მის გათვალისწინებას, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის შესაბამისად. სასამართლო ამავდროულად განმარტავს, რომ მსჯავრდებულის მიმართ შერჩეული ყოველი კონკრეტული სასჯელის გამოყენება, თითოეულ დანაშაულთან მიმართებაში, პრაქტიკაში სიცოცხლისუნარიანი უნდა იყოს.
21. საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, სასჯელის სახით ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად კი, არასრულწლოვნის სასჯელის სახეებია: ა) ჯარიმა; ბ) შინაპატიმრობა; გ) საქმიანობის უფლების ჩამორთმევა; დ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; ე) თავისუფლების შეზღუდვა; ვ) ვადიანი თავისუფლების აღკვეთა.
22. მოცემულ შემთხვევაში, ვ-–-------- გ------–--ის და ს--- ს-----------ის მიმართ კონკრეტული სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასამართლოს მიერ მხედველობაში იქნა მიღებული არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი და ინდივიდუალური შეფასების ანგარიში, საიდანაც დგინდება, რომ ვ-–-------- გ------–--- განიცდის მომხდარს, ნანობს მის საქციელს და აღნიშნავს, რომ მისი შეცდომით განსაკუთრებით და დააზარალა, რადგან მას მიაყენა მორალური ზიანი. განმეორებით კანონსაწინააღმდეგო სახის ქმედებას აღარ ჩაიდენს, რადგან დას არ მიაყენოს მსგავსი სახის ზიანი. კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემდეგ ხშირად ფიქრობს დაზარალებულზე, თუ როგორი სტრესი მიაყენეს მას, შესაძლებლობის შემთხვევაში ბოდიშს მოუხდის მიყენებული ზიანის გამო. ს--- ს------------ აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ცდილობს მის მიერ ჩადენილ ქმედებასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბროს, ყურადღებას საკუთარ ქმედებაზე ამახვილებს, რასაც ნაწილობრივ აცნობიერებს. განსაკუთრებით მღელვარებას გამოხატავს დის მიმართ, რომელიც ფეხმძიმედ არის. თავად ყურადღებას არ ამახვილებს დაზარალებულზე. თუმცა სოციალური მუშაკის შეკითხვის დასმის შემდეგ, განაცხადა, რომ დაზარალებულთან შეხვედრის გამბედაობა არ აქვს, რადგან მისი ცხვენია. შესაძლებლობის მიცემის შემთხვევაში ბოდიშს მოუხდის. მცირე ასაკში, ხუთ წლამდე, ჰქონდა ეპილეფსიური გულყრა, სამედიცინო შემოწმებისა და მედიკამენტოზური მკურნალობის შემდეგ თავს კარგად გრძნობდა. მოზარდს კვლავ ესაჭიროება სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება, რაც, ამ ეტაპისთვის, ოჯახმა ფინანსურად ვერ შეძლო. არასრულწლოვანს არ აქვს ურთიერთობების სირთულე. არ არის კონფლიქტური და აგრესიული. აქვს პოზიტიური ურთიერთობა, როგორც უფროსებთან, ასევე, თანატოლებთან. ემოციურ მიჯაჭვულობას ავლენს დის და დისშვილის მიმართ. მშობლები მზრუნველობას იჩენენ შვილის მიმართ. გარდა აღნიშნულისა, ასევე, სასამართლოს მიერ მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოება, რომ ვ-–-------- გ------–--- და ს--- ს------------ აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულებს, ნასამართლობის არ მქონენი არიან, საქმეზე არსებული მტკიცებულებები მიიჩნიეს უდავოდ, რითაც ხელი შეუწყვეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ-–-------- გ------–---ს საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად უნდა ჩაეთვალოს პირობით და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად უნდა განესაზღვროს 3 (სამი) წელი; ს--- ს------------ს საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, უნდა შეუმცირდეს ერთი მესამედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად უნდა ჩაეთვალოს პირობით და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად უნდა განესაზღვროს 3 (სამი) წელი. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით უზრუნველყოფილი იქნება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მულით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა და სხვა, ნაკლებად მკაცრი სასჯელი, სრულად ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.
23. გარდა აღნიშნულისა, სასამართლოს მიერ მხედველობაში იქნა მიღებული რა ინდივიდუალური შეფასების ანგარიში და მიაჩნია, რომ საჭიროა ვ-–-------- გ------–--ისათვის და ს--- ს-----------ისათვის დამატებითი მოვალეობების დაკისრება, შემდეგ გარემოებათა გამო: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არასრულწლოვნისთვის არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე უფლებამოსილია არასაპატიმრო სასჯელთან ერთად მას დააკისროს ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული 1 ან რამდენიმე მოვალეობა. ამ შემთხვევაში დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის ისეთი მოვალეობის დაკისრება, რომელიც, დიდი ალბათობით, არ შესრულდება ან რომლის შესრულება არასრულწლოვნის გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს აღემატება.
24. ამავე კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არასრულწლოვანს შეიძლება დაევალოს: ა) სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოს დახმარებით საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყება ან განახლება; ბ) სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოს დახმარებით მუშაობის დაწყება; გ) საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი ან/და სამკურნალო პროგრამის გავლა; დ) თავისუფალი დროის განსაზღვრული ფორმით გამოყენება; ე) სხვა ისეთი მოვალეობა, რომელიც ხელს შეუწყობს მის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.
25. ვ-–-------- გ------–--ის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის თანახმად (პუნქტი - 10.2 რეკომენდაცია), განხორციელებული შეფასების შედეგად, მნიშვნელოვანია მასთან, ცხოვრებისეული ფასეულობების განმტკიცებისათვის იმუშაოს სპეციალისტმა. ასევე, მიზანშეწონილია არასრულწლოვანთან მუშაობა დაიწყოს კომუნიკაციის უნარების და და პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერების მიზნით. შესაბამისად, სასამართლოს აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიაჩნია ვ-–-------- გ------–---ს დააკისროს მოვალეობა ჩაერთოს: 1) „დანაშაულის გაცნობიერების“ და 2) „დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის გაცნობიერების“ სარეაბილიტაციო პროგრამებში.
ს--- ს-----------ის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის თანახმად (პუნქტი - 10.2 რეკომენდაცია), განხორციელებული შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია არასრულწლოვანი ჩაერთოს სარეაბილიტაციო პროგრამაში. არასრულწლოვანს ესაჭიროება ჩადენილი ქმედების გაცნობიერება, დადებითი კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაში დახმარება. შესაბამისად, სასამართლოს აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიაჩნია ს--- ს------------ს დააკისროს მოვალეობა ჩაერთოს: 1) „დანაშაულის გაცნობიერების“ და 2) „დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის გაცნობიერების“ სარეაბილიტაციო პროგრამებში. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების კონტროლს უზრუნველყოფა კი უნდა უზრუნველყოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ, ამავე კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
ნივთიერი მტკიცებულებები:
26. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა, ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14, მე-17 მუხლებით, ჰავანის წესების მე-2 წესით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტული მინიმალური წესების არასრუწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-17, 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 55-57-ე, 59-ე, 65-ე, 69-ე, 75-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ-–-------- გ------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი;
ვ-–-------- გ------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. შეს---მისად, გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 ივნისის N12/11-2019 განჩინებით რ-------- ხ------–--ის (პ/ნ------------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე დადებული ყადაღა (მდებარე: ზესტაფონის რაიონი სოფელი დილიკაური, ს----------------------------------------------------).
ვ-–-------- გ------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2019 წლის 8 მაისიდან, 2019 წლის 10 მაისის ჩათვლით;
ს--- ს------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მესამედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი;
ს--- ს-----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით;
ს--- ს------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2019 წლის 8 მაისიდან, 2019 წლის 10 მაისის ჩათვლით;
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნებს ვ-–-------- გ------–---ს და ს--- ს------------ს დაეკისროთ მოვალეობა ჩაერთონ: 1) „დანაშაულის გაცნობიერების“ და 2) „დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის გაცნობიერების“ სარეაბილიტაციო პროგრამებში; ასევე, მსჯავრდებულებს ვ-–-------- გ------–---ს და ს--- ს------------ს დაეკისროთ მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალონ მუდმივი ბინადრობის ადგილი;
მსჯავრდებულების ვ-–-------- გ------–--ისა და ს--- ს-----------ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ, მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ჩანაწერი დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ გადმოგზავნილი ერთი ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს ამოღებული „ადიდასის“ ფირმის შავი ფერის კაპიშონიანი გრძელსახელოებიანი სვიტერი და მუქი ყავისფერი მზის სათვალე - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ვ-–-------- გ------–---სთან ჩატარებული ამოღების შედეგად ამოღებული ჟაკეტი და მუქი ნაცრისფერი ჯინსის შარვალი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ს--- ს------------სთან ჩატარებული ამოღების შედეგად ამოღებული ჯინსის შარვალი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ვ-–-------- გ------–--ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ვ-–-------- გ------–--ისაგან აღებული ორივე ხელის ანაბეჭდის ნიმუშები - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ს--- ს-----------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს რკინიგზის ბაქნისაკენ გამავალი კარების გარე სახელურიდან აღებული ანაწმენდის ნიმუში - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ს--- ს-----------ისაგან აღებული ორივე ხელის ანაბეჭდის ნიმუშები - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს სავაჭრო დახლის ზედაპირიდან ამოღებული სამი ხელის კვალი და ხურდა ფულის დასადებიდან აღებული ერთი ხელის კვალი; რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე