გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.10.2019
საქმის ნომერი
340210019003142286
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
18.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #340210019003142286

საქმე #2/602-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი:

18 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დევი დევიძე

სხდომის მდივანი თეონა ნატროშვილი

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენა, მხარეთა მონაწილეობით

მოსარჩელე - გი--------------ძე;

მოპასუხე - მი---------–----ნი;

დავის საგანი - ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება;

აღწერილობითი ნაწილი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა:

1.1. მოსარჩელემ 2019 წლის 12 აგვისტოს მომართა სასამართლოს და მოითხოვა, რომ მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარის მატერიალური ზიანის 761.00 ლარის ანაზრაურება; ევაკუატორის მომსახურებისა და საჯარიმო სადგომზე განთავსებისათვის გასაწევი ხარჯის 825.00 ლარის ანაზღაურება, ექსპერტიზის ჩატარებისათვის გადახდილი 302.00 ლარის ანაზღაურება და მიუღებელი შემოსავლის 1025.00 ლარის ანაზრაურება;

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტოვით, რომ მას არ მიუძღვის ბრალი ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომაში; ის არ არის ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად;

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია 2018 წლის 1--------------ს #აბ00-----40 საჯარომო ქვითარი, რითაც მას დაედო ადმინისტრაციული სახდელი 2018 წლის 0------------ის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში;

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს 2018 წლის 0--------------ს #MIA 4------------ დადგენილებით დასტურდება, რომ იმავე მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს, სახაზო-საპატრულო სამსახურის (თელავი) პატრულ-ინსპექტორი გი---------------–--ლი 2018 წლის 0-------------ს იმყოფებოდა განწესში თავის მეწყვილე ალ------------------–-ილთან ერთად, რა დროსაც დაახლოებით 07:30 საათზე ისინი გამოცხადდნენ ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 51-ე კილომეტრზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში, ფეხბურთის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოხდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. ადგილზე გაირკვა, რომ მოსარჩელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „ნივა“, სახელმწიფო ნომრით G-----9, შეეჯახა მეორეხარისხოვანი გზიდან მთავარ გზაზე გამოსულ მოპასუხის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას „უაზი“, სახელმწიფო ნომრით F------. შეჯახება მოხდა უკანა მარჯვენა ფრთის მოდამოში (იხ. ს/ფ 34-35);

პატრულ-ინსპექტორების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილ იქნა მოსარჩელე, რასთან დაკავშირებითაც მათ მიერ 2018 წლის 0-------------ს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, შედგა #ა---------9 საჯარომო ქვითარი (იხ. იქვე);

აღნიშნული დადგენილებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი საჩივრის და რიგი მტკიცებულებების (ექსპერტიზის დასკვნა) საფუძველზე, გაუქმდა 2018 წლის 0------------ის #ა---------9 საჯარიმო ქვითარი და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაიგზავნა იმავე მთავარი სამმართველოს სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის ჯგუფში (იხ. იქვე);

აღნიშნული ჯგუფის მიერ 2018 წლის 18 ოქტომბერს შედგა #აბ00-----40 საჯარომო ქვითარი და 2018 წლის 0------------ის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამარტალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, სამართალდამრღვევად ცნობილ იქნა მოპასუხე, მას დაეკისრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით და მოაკლდა 25 ქულა. აღნიშნული საჯარომო ქვითარი მოპასუხეს გადაეცა მოსამზადებელ სხდომაზე - 2019 წლის 01 ოქტომბერს (იხ. დამატებით, 2019 წლის 11 სექტემბერს წარმოდგენილი მტკიცებულება);

3.2.2. მოსარჩელის დაკვეთით 2018 წლის 02 ოქტომბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასარმართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, „...შექმნილ საგზაო სიტუაციაში, ავტომობილ „უაზის“, სახელმწიფო ნორმით F------, მძღოლის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო -სატრანსპორტო შემთხვევა“ (იხ. ს/ფ 25-32);

იმავე დაკვნის მე-2 აბზაცის თანახმად, „...შექმნილ საგზაო სიტუაციაში, ავტომობილ „ნივას“, სახელმწიფო ნომრით G-----9, მძღოლს, ტექნიკური თავლსაზრისით, (დამუხრუჭებით) კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთვევის (შეჯახების) თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება“ (იხ. იქვე);

· ექსპერტიზის კვლევითი ნაწილიდან (მეექვსე აბზაცი) აღსანიშნავია მონაკვეთი, კერძოდ, „...საგზაო-სატრანსორტო შემთხვევას, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილებს შორის, შეჯახებას ადგილი ჰქონდა გურჯაანის რაიონის, სოფელ ვაზიუბანში გამავალ, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 51-ე კმ-ზე, ორმხრივი მოძრაობისათვის განკუთვნილ გზაზე, რომლის სავალი ნაწილის მთლიანი სიგანე ორმხრივი მოძრაობისათის შეადგენს 6,8 მეტრს, სადაც საპირისპირო სავალი ნაწილები ერთმანეთისაგან გაყოფილია ჰორიზონტალური მონიშვნის უწყვეტი ღერძულა ხაზით, რომელიც წყდება ერთ-ერთ მონაკვეთში მეორეხარისხოვანი გზის შეერთების მონაკვეთში. შემთხვევაში მონაწილე ავტომობილებს შორის ურთიერთკონტაქტი (შეჯახება) მოხდა ავტომობილ „ნივას“ საოძრაო ზოლში, სადაც სქემის მიხედვით, აღნიშნული ავტომობილის მოძრაობის მიმართულების მიხედვით მარჯვენა კიდიდან 0,25 მეტრ მანძილზე დაფიქსირებული 4,2 მეტრი სიგრძის მურხუჭის კვალი, რომლის დაბოლოების მიდამოში, საპირისპირო სავალი ნაწილების გამყოფი ღერძულა ხაზიდან 3,2 მეტრ მანძილში დაფიქსირებულია შეჯახების ადგილი. ამდენად, ...თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ავტომობილმა „ნივამ“ თავის სამოძრაო ზოლში, გზის გრძივი ღერძის დაახლოებით პარალელურად დატოვა დამუხრუჭების კვალი, ავტომობილების გაბარიტული ზომებიდან და შეჯახების კუთხიდან გამომდინარე შეჯახების მომენტში ავტომობილი „ნივა“ მთლიანად იყო და მოძრაობდა თავის სამოძრაო ზოლში, ხოლო ავტომობილი „უაზი“ მთლიანად იყო გადასული „ნივას“ სამოძრაო ზოლში, გზის გრძივი ღერძის მიმართ დახრილი ...და ახდენდა გადაადგილებას მარცხნიდან მარჯვნივ „ნივას“ მოძრაობის მიმართულების მიხედვით ისე, რომ შეჯახების მომენტში დასრულებული არ ჰქონდა მარცხნივ მოხვევის მანევრი“;

3.2.3. იმავე ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის 10 დეკემბრის დასკვნის თანახმად, „...1999 წელს დამზადებულ, მაღალი გამავლობის ავტომანქანა „VAZ 21213”-ზე, სახელმწიფო ნომრით G-----9, ...მიყენებული მატერიალური ზარალის ოდეობა, დღევანდელი საბაზრო ფასების გათავლისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 761 ლარს“ [აღდგენითი სამუშაოების ღირებულება] (იხ. ს/ფ 16-24);

3.2.4. ორივე ექსპერტიზის ჩატარებაში მოსარჩელემ გადაიხადა ჯამში 302.00 ლარი (იხ. ს/ფ 36-41, განცხადებები და საგადახდო დავალებები);

3.2.5. ი/მ ომარ იმერლიშვილის 30.07.2019წ, ცნობის თანახმად, ავტომანქანა „ნივა“ თელავის ავტოსაჯარიმოზე გადაყვანილ იქნა 2018 წლის 0-------------ს. მომსახურების ღირებულება შეადგენს: გამოძახება - 50 ლარი; კილომეტრაჟი - 125 ლარი; შენახვა - 650 ლარი, სულ ჯამში - 825 ლარი (იხ. ს/ფ 42);

სამოტივაციო ნაწილი :

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

4.1. სასამართლომ გაანალიზა დადგენილი გარემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

· მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 1888.00 ლარის გადახდა;

· მოსარჩელის სარჩელი მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის 1025.00 ლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს;

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი („სსკ“); საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი („სსსკ); „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი („საგზაო კანონი“);

5.1.1. სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;

5.1.2. იმავე მუხლის 317-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;

5.1.3. იმავე მუხლის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი;

5.1.4. საგზაო კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა;

5.1.5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-6, 62 და მე-7–მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით (იმავე მუხლის 62 ნაწილის თანახმად, გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით);

6. სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძვლები მრავალფეროვანია: ერთ შემთხვევაში ასეთი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სხვა შემთხვევაში ამისათვის აუცილებელია სხვა სახის იურიდიული ფაქტის არსებობა, როგორიცაა უსაფუძვლო გამდიდრება, დელიქტი და ა.შ.;

6.2. მოცემულ შემთვევაში მხარეთა შორის წარმოშობული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს დელიქტიდან (ზიანის მიყენება) კერძოდ, მოპასუხიემ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიაყენა მოსარჩელეს მატერიალური ზიანი;

6.3. იმისათვის, რომ ვისაუბროთ დელიქტიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობაზე, აუცილებელია სახეზე იყოს ერთდროულად რამდენიმე ნიშანი: პირველი, მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (ქმედება უნდა არღვევდეს კანონის რომელიმე დანაწესს ან წინააღმდეგობაში უნდა მოდიოდეს დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებთან ანდა საჯარო წესრიგთან); მეორე, მოვალეს უნდა მიუძღოდეს ბრალი (განზრახი ან გაუფრთხილებელი ფორმით); მესამე, სახეზე უნდა იყოს მიზეზობრივი კავშირი (მოვალის კონკრეტული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მიზეზი) და ბოლო ნიშანი - თავად ზიანი (ფაქტობრივი დანაკლისის ან მიუღებელი შემოსავალის სახით);

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთვევაში სახეზეა ყველა ხსენებული ნიშანი, კერძოდ: (1) მოვალის მიერ დარღველია საგზაო კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომლის თანახმადაც, არათანაბარმნიშვნელოვან გზაჯვარედინზე, მეორეხარისხოვანი გზიდან მოძრავი ავტომანქანის მძღოლი ვალდებულია დაუთმოს გზა მტავარ გზაზე მოძრავ ავტომანქანას და მხოლოდ „ასეთი დათმობის“ შემდეგ, დარწმინდება რა, რომ მოძრაობის გაგრძელება უსაფრთხოა, განახორციელოს შესაბამისი მანევრი; (2) სშსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს შესაბამისმა დანაყოფმა საგზაო-სატრანსორტო შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირად მიიჩნია მოპასუხე და მასვე შეუფარდა შესაბამისი სახდელი; ექსპერტიზის დასკვნით სწორედ მოპასუხემ დაარღვია კანონის მოთხოვნა, რამაც გამოწვია კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხევის დადგომა; (3) ექსპერტიზის დასკვნით და სპეციალური ავტო-სადგომის ადმინისტრაციის წერილი მოწმობს, რომ ზიანი მოპასუხის ბრალეული და კანონსაწინააღმდეგო ქმედებით მიადგა მოსარჩელეს, რომელსაც (4) დაუზიანდა კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება „ნივა“ და ამ ავტომანქანის საჯარიმო სადგომზდ გადაყვანის გამო წარმოიშვა ხარჯები (ევაკუაციის, ტრანსპორტირების და სადგომზე ყოფნის);

6.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში დაუსაბუტებელია, რადგან ვერ დასტურდება: რა მიწის ნაკვეთი გააჩნია მას, სად მდებარეობს ეს მიწის ნაკვეთი, რა კულტურა აქვს ამ მიწაზე გაშენებული, ანუ ზედა აბზაცში მითითებული ნიშნებიდან სახეზე შეიძლება გვქონდეს მხოლოდ მართლსაწინააღმდეგობა. კანონის თანახმად, ყველა ნიშანი სამოქალაქო პასუხიმგებლობისა უნდა იყოს სუმარულად. რომელიმე ნიშნის არარსებობა გამორიცხავს პირზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრებას - ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობას. ამიტომ, ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს;

6.6. ამდენად, სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას 1888.00 ლარის ნაწილში, რომელიც მოიცავს: ავტომობილის დაზიანებით გამოწვეულ მატერიალურ ზიანს 761.00 ლარის ოდენობით; ევაკუატორის მომსახურებისა და საჯარიმო სადგომზე განთავსებისათვის გამოწვეულ ხარჯებს 825.00 ლარის ოდენობით; ექსპერტიზის ჩატარების ხარჯებს 302.00 ლარის ოდენობით. სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს 1025.00 ლარის ნაწილში (რაც მოიცავს მიუღებელ შემოსავალს);

6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს;

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ წინამდებარე გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში, ვინაიდან დავის საგნის ღირებულება სააპელაციო საჩივრის მიზნებისათვის არ ცდება 2000.00 ლარს (დაკმაყოფილებული ნაწილის შეადგენს 1888.00 ლარს, ხოლო დაუკმაყოფილებელი 1025.00 ლარს). ამიტომ, მოქმედებს პრინციპი, რომელიც ასახულია იმავე კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში „პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება“;

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. სახელმწიფო ბაჟი:

7.1.1. სსსკ-ის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ. იმავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

იმავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით;

იმავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა;

იმავე კანონის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს;

იმვე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს;

· სარჩელის ფასი 5000.00 ლარს არ აღემატება. შესაბამისად, დავა მაგისტრატი მოსამართლის განსჯად კატეგორიას განეკუთვნება;

· შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი ნახევრდება, ანუ მისი ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 1,5%-ს, მაგრამ არანაკლებ 50.00 ლარისა;

· მოსარჩელეს 2019 წლის 0---------ოს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ჰქონდა 100.00 ლარი. ასე რომ, სარჩელი ფასი შეადგენდა 2913.00 ლარს, რომლის 1.5% არის 43.70 ლარი. ამიტომ, მოსარჩელეს უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟის მინიმუმი - 50.00 ლარი. შესაბამისად, გადახდილი 100.00 ლარიდან 50.00 ლარის გადახდილია ზედმეტად, რაც ექვემდებარება უკან დაბრუნებას მოსარჩელისათვის, ხოლო მეორე 50.00 ლარის უნდა დარჩეს ბიუჯეტში და მხარეებს შორის უნდა განაწილდეს შემდეგი პროპორციით:

· დაკმაყოფილებული ნაწილი (1888.00 ლარი) არის მთლიანი მოთხოვნის (2913.00 ლარის) 64,812%. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სახელმწიფო ბაჟიც მხარეებს შორის უნდა განაწილდეს ამავე პროპორციით, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 50.00 ლარის 64,812%, რაც შეადფენს 32.40 ლარს, ხოლო 17.60 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დატოვებას და ის არც მოპასუხის მხრიდან ექვემდებარება ანაზღაურებას;

· ხოლო ზედმეტად გადახდილი 50.00 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან;

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ამ საქმეზე გამოყენებული არ ყოფილა;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 37-ე-39-ე, 41-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 251-ე, 257-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გი--------------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოსარჩელე გი--------------ძის სასარგებლოდ მოპასუხე მი---------–----ნს დაეკისროს 1888.00 ლარის გადახდა;

3. მოსარჩელე გი--------------ძის სასარგებლოდ მოპასუხე მი---------–----ნს დაეკისროს მოსარჩელის მიერ 2019 წლის 0---------ოს წინსწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 32.40 ლარის ოდენობით;

4. მოსარჩელე გი--------------ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2019 წლის 0---------ოს (საგადახდო დავალება #1, გადამხდელის ბანკი სს „ტ----------“, სახაზინო კოდი #300503150) ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50.00 ლარის ოდენობით;

5. გი--------------ძის სარჩელი მოპასუხე მი---------–----ნისათვის მიუღებელი შემოსავლის 1025.00 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

 

მოსამართლე: /დევი დევიძე/