გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.09.2019
საქმის ნომერი
080310017002197013
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა აქტები
თარიღი
30.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1387-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი ანა გაბრიჭიძე, ნინო გიორგაძე, ალექსანდრე ხაჭაპურიძე

მოსარჩელე - ქ. წყალტუბოს ბ-----ს ქ. №8 საცხოვრებელი სახლის ამხანაგობა „ი--------“;

წარმომადგენელი - თ------------ე (თავმჯდომარე);

მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

წარმომადგენელი - ნ----------------ე;

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი - მ-----------------ე;

მესამე პირი (სასკ-ის მე-16.2 მუხლი) - საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივის ცენტრალური კავშირის გამგეობა;

წარმომადგენელი - ვ-–-----------ე;

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

აღწერილობითი ნაწილი

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ი---------რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 2014 წლის 27 ივნისის №1/3/215 ბრძანება;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 27 ივნისის №13/24112 მიმართვა;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 ივლისის №13/27361 მიმართვა;

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 25 ოქტომბრის N1-1/465 ბრძანება;

 

მოსარჩელის განმარტებით, 1987 წელს ,,ცეკავშირმა’’ თავისი თანამშრომლებისათვის ქ. წყალტუბოში დაიწყო ბინის მშენებლობა, რომელიც ფინანსდებოდა სსრკ საკურორტო გაერთიანების მთავარი ფონდიდან. ცეკავშირის გამგეობის და წყალტუბოს რაიონის გამგეობის 1993 წლის 30 ივნისის №28 დადგენილების საფუძველზე, წყალტუბოს სანატორიუმის საუწყებო მშენებარე საცხოვრებელი სახლი №48 საცხოვრებელი ბინა უსასყიდლოდ გადაეცათ სანატორიუმის საბინაო აღრიცხვაზე მყოფ თანამშრომლებს, რომელთაც საკუთარი ხარჯებით დაასრულეს მშენებლობა და მოახდინეს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის კეთილმოწყობა. 2008 წელს დაფუძნდა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ი--------’’, რომლის სახელზეც 2009 წლის 14 სექტემბერს საჯარო რეესტრის სამსახურში, საკუთრების უფლებით აღირიცხა საცხოვრებელი სახლის ქვეშ არსებული 283- კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 929,46 კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართი.

 

მიუხედავად აღნიშნულისა, სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ი--------რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის“ უფროსის 2014 წლის 27 ივნისის №1/3-215 ბრძანების საფუძველზე უძრავ ქონებაზე განხორციელდა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მას შემდეგ რაც ამხანაგობისათვის ცნობილი გახდა აღნიშნულის შესახებ, 2014 წლის 17 სექტემბერს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ საჩივარი გადაეგზავნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, საჩივარი გადაუგზავნა ი--------რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრს.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. წყალტუბო ბ-----ს ქუჩა №8 საცხოვრებელი სახლის ამხანაგობა ,,ი--------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ი--------რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის“ უფროსის 2014 წლის 7 ოქტომბრის №13/37257 მიმართვა, რომლითაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ი-------ს’’ უარი ეთქვა 2014 წლის 27 ივნისის №1/3-215 ბრძანების, 2014 წლის 27 ივნისის №13/24112 მიმართვისა და 2014 წლის 22 ივლისის №13/27361 მიმართვის ბათილად ცნობის თაობაზე და დაევალა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ი--------რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრს იმსჯელოს საკითხზე რამდენად წარმოადგენს მის განსჯად საკითხს ბ-----ს ქუჩა №8 ხუთსართულიანი სახლის ამხანაგობა ,,ი--------ს’’ თავჯდომარის 2014 წლის 17 სექტემბრის საჩივარი (განცხადება) და აღნიშნულის გათვალისწინებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

გადაწყვეტილების კანონიერ ძალში შესვლის შემდეგ, მოსარჩელე მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა საკითხის განხილვა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 9 ივნისის №1-1/310 ბრძანებით ამხანაგობა ,,ი--------ს“ საჩივარი დარჩა განუხილველი. აღნიშნულის გამო მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს და გაასაჩივრა აღნიშნული აქტი, სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ბათილად ცნო 2016 წლის 9 ივნისის N1-1/310 ბრძანება. მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ, სამინისტრომ განიხილა ადმინისტრაციული საჩივარი, თუმცა უარი უთხრა დაკმაყოფილებაზე იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ცეკავშირის გამგეობის და წყალტუბოს რაიონის გამგეობის 1993 წლის 30 ივნისის N28 დადგენილების შესაბამისად, წყალტუბოს სანატორიუმში აღრიცხვაზე მყოფ თანამშრომლებს უსასყიდლოდ გადაეცათ 48 ბინა მშენებარე საცხოვრებელ სახლში. სამინისტრომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სადავო უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, მასზე კერძო პირის საკურების უფლება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ ფიქსირდებოდა, არ არსებობდა სადავო უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოება.

 

მოსარჩელე არ ეთანხმება სამინისტროს პოზიციას და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ედა 150-ე მუხლზე. ამასთან აღნიშნავს, რომ სადავო ფართი მდებარეობს ვესტიბიულში, ვინაიდან განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, ვესტიბიული არის სადგომი საზოგადოებრივი შენობის შესასვლელთან, რომელიც ამ უკანასკნელს ძირითად ოთახებთან ან კიბის უჯრედთან აკავშირებს. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე მიაჩნია, რომ ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.

 

2.2. მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივის ცენტრალური კავშირის გამგეობის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ქონებაზე თავად ცეკავშირს გააჩნია პრეტენზია.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. წყალტუბოს სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ,,სანატორიუმ ,,ცენტრსოიუზის“ 5 სართულიანი 64 ბინიანი აგურის კედლებით პირველ სართულში სტომატოლოგიური პოლიკლინიკის გათვალისწინებით საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ“ 1985 წლის 11 სექტემბრის N414 გადაწყვეტილების თანახმად, დაკმაყოფილდა ქალაქ წყალტუბოს სანატორიუმ ,,ცენტრსოიუზის’’ დირექციის მოთხოვნა ქალაქ წყალტუბოში წერეთლის ქუჩაზე დარღვეული ამორტიზირებული N,,10’’ და N,,12’’ საცხოვრებელი ბარაკების ადგილას განმეორებით გამოყენებამდე ს.ს.ი. ,,ს-----–---–---------------ს’’ მიერ ქალაქ მცხეთის ინდივიდუალური პროექტის მიხედვით დამუშავებული აგურის ვარიანტში და სამი 24 ბინიანი, ბლოკირებული, პირველ სართულში სტომატოლოგიური პოლიკლინიკის გათვალისწინებით საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის გამოიყოს 0,3 ჰექტარი მიწის ნაკვეთი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- წყალტუბოს სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის 11 სექტემბრის N414 გადაწყვეტილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 57-59);

 

4.1.2. ,,ცეკავშირის საკურორტო მომსახურეობის და ტურიზმის ფირმა ,,კ---------ის“ წყალტუბოს სანატორიუმის საუწყებო მშენებარე საცხოვრებელი სახლის ექსპლოატაციაში გადაცემის შესახებ“ ცეკავშირის გამგეობის და წყალტუბოს რაიონის გამგეობის 1993 წლის 30 ივნისის N28 ერთობლივი დადგენილების თანახმად, ,,ცეკავშირის გამგეობის 1992 წლის 26 ოქტომბრის (სხდომის ოქმი N5 მუხლი 3) დადგენილებით სანატორიუმი ,,წყალტუბო“ ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა საკურორტო მომსახურეობისა და ტურიზმის ფირმა ,,კ---------ს“. ამავე დადგენილებით ფირმას გადაეცა 72 - ბინიანი საცხოვრებელი სახლის დაუმთავრებელი მშენებლობა. საცხოვრებელი სახლის 3 ბლოკიდან 2 გადახურულია და სახურავშია მოქცეული, დასამთავრებელია შიდა სამუშაოები და გარე კომუნიკაციები. მესამე ბლოკზე ამოშენებულია მხოლოდ პირველი სართული.

რესპუბლიკის სამშენებლო ინდუსტრიაში შექმნილი რთული მდგომარეობის და სახსრების უქონლობის გამო მშენებლობა შეჩერებულია, ხოლო რაც გაკეთებულია იძარცვება და ნადგურდება.

მშენებარე საცხოვრებელი სახლის შემდგომი გამოყენებისა და მოვლა-პატრონობის მიზნით ცეკავშირის გამგეობა და წყალტუბოს რაიონის გამგეობა ადგენს: 1. წყალტუბოს სანატორიუმის საუწყებო მშენებარე საცხოვრებელი სახლის სახურავში მოქცეული ორი ბლოკი - 48 ბინა არსებულ მდგომარეობაში (ღირებულება 1,2 მლ. მანეთი) უსასყიდლოდ გადაეცა სანატორიუმში აღრიცხვაზე მყოფ თანამშრომლებს საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებლად. 2. მშენებარე საცხოვრებელი სახლის მესამე ბლოკი დაკონსერვებული იქნას. სათანადო სახსრების მოზიდვის შემთხვევაში მშენებლობის გაგრძელება დაევალოს ცეკავშირის საკურორტო მომსახურეობის და ტურიზმის ფირმა ,,კ---------ს’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 1993 წლის 30 ივნისის ცეკავშირის გამგეობის და წყალტუბოს რაიონის გამგეობის ერთობლივი დადაგენილება N28 (იხ. ტომი 1, ს.ფ. 62-63);

 

4.1.3. 2008 წლის 14 მარტის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის დამფუძნებელთა კრების სხდომის ოქმის თანახმად, ქ. წყალტუბო, ბ-----ს N8 მრავალბინიან სახლში, ირიცხება 21 პრივატიზებული ბინა, 27 არაპრივატიზებული ბინა, სულ 48 ერთეული და ასევე, არასაცხოვრებელი ფართი - სრული პირველი სართული. ამავე ოქმით გადაწყდა, რომ ამხანაგობას ეწოდოს ,,ი--------“ და ეთხოვოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას რეგისტრაციაში გაატაროს ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ი--------“.

 

დადგენილია, რომ 2009 წლის მდგომარეობით სარეგისტრაციო ზონა - წყალტუბო, კოდი - 29, სექტორი - წყალტუბო, კოდი - 08, კვარტალი - 3-, ნაკვეთის N0--, ფართობი დაზუსტებული - 283- კვ.მეტრი, საერთო საცხოვრებელი ფართი - 929,46 კვ.მ. ირიცხება ბ-----ს ქ. N8 სახლის მობინადრეთა ამხანაგობა ,,ი--------ს’’ სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2008 წლის 14 მარტის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის დამფუძნებელთა კრების სხდომის ოქმი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 64);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტომი 1, ს.ფ. 76);

 

4.1.4. დადგენილია, რომ 2014 წლის 27 ივნისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ი--------რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის მიერ გამოცემული იქნა №1/3-215 ბრძანება, რომლის თანახმად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ბ-----ს ქუჩა №8-ში (ს/კ 2----.3-.0--) ხუთ სართულიანი ბინის პირველ სართულზე არსებული 864,72 კვ. მეტრი არასაცხოვრებელი სასარგებლო ფართის სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მიზნით უნდა მიემართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 27 ივნისის №1/3-215 ბრძანება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 78-79);

 

4.1.5. დადგენილია, რომ 2014 წლის 27 ივნისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ი--------რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსმა №13/24112 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ბ-----ს ქუჩა №8-ში (ს/კ 2----.3-.0--) ხუთ სართულიანი ბინის პირველ სართულზე არსებული 864,72 კვ. მეტრი არასაცხოვრებელი ფართი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ი--------რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის №13/24112 წერილი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 80).

 

4.1.6. დადგენილია, რომ 2014 წლის 22 ივლისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ი--------რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსმა №13/27361 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უძრავი ქონება მდებარე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ბ-----ს ქუჩა №8-ში (ს/კ 2----.3-.0--) ხუთ სართულიანი ბინის პირველ სართულზე არსებული 864,72 კვ. მეტრი არასაცხოვრებელი ფართი დაიყოს და დარეგისტრირდეს 76,15 კვ. მეტრი არასაცხოვრებელი ფართი და 788,57 კვ. მეტრი არასაცხოვრებელი ფართი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ი--------რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის №13/27361 წერილი (იხ. ს.ფ. 81);

 

4.1.7. საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ ქ. წყალტუბოში, ბ-----ს ქ. N8-ში მდებარე უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი - 283-,00 კვ. მეტრი (ნაკვეთის წინა ნომერი 2-----------) შენობა-ნაგებობა N1, არასაცხოვრებელი ფართი: პირველი სართული - 76,15 კვ.მ (ს.კ 2----.3-.0--.01.501) და არასაცხოვრებელი ფართი: პირველი სართული - 788,57 კვ.მ (ს.კ 2----.3-.0--.0-----), საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე, უფლების რეგისტრაცია: 07/07/2014წ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს N1/3-215 ბრძანება; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს N13/24112 წერილი; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ი--------რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის N13/27361 წერილი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტომი 1, 82-85);

 

4.1.8. დადგენილია, რომ 2014 წლის 21 აგვისტოს, ქ. წყალტუბო, ბ-----ს ქუჩა №8 საცხოვრებელი სახლის ამხანაგობა ,,ი-------მა’’ წარადგინა განცხადება წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურში და მოითხოვა წყალტუბო, ბ-----ს ქ. N8-ში მდებარე უძრავი ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაზეც 2014 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით N88201446193-03 ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების საგანზე რეგისტრირებულია სხვა უფლება, რომელიც გამორიცხავდა აღნიშნულს უძრავ ნივთზე წარდგენილი უფლების რეგისტრაციას. კერძოდ, ქ. წყალტუბო, ბ-----ს ქ. N8-ის პირველი სართულის ფართების მესაკუთრეა სახელმწიფო საკადასტრო კოდებით N2----.3-.0--.01.501 და N2----.3-.0--.0-----.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N88201446193-03 გადაწყვეტილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 89);

 

4.1.9. დადგენილია, რომ 2014 წლის 17 სექტემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ბ-----ს ქუჩა №8 ხუთსართულიანი სახლის ამხანაგობა ,,ი--------ს’’ თავმჯდომარემ და მოითხოვა გაუქმდეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ი--------რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2014 წლის 27 ივნისის №1/3-215 ბრძანება, 2014 წლის 27 ივნისის №13/24112 წერილი და 2014 წლის 22 ივლისის №13/27361 წერილი.

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ი--------რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსმა განიხილა ამხანაგობა ,,ი--------ს’’ 2014 წლის 17 სექტემბრის განცხადება, ასევე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის მიერ გადაგზავნილი ამხანაგობა ,,ი--------ს’’ განცხადება და 2014 წლის 7 ოქტომბრის №13/37257 წერილით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ი--------ს’’ თავმჯდომარეს აცნობა, რომ ბ-----ს ქუჩა №8-ში მდებარე ხუთსართულიანი სახლის პირველ სართულზე არსებული ფართი არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, შესაბამისად არ წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული რომელიმე სუბიექტის საკუთრებას. აღნიშნულიდან გამომდინარე 2014 წელს განხორციელდა უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება (იხ. ტომი1, ს.ფ. 90-91; 189);

- 2014 წლის 7 ოქტომბრის №13/37257 მიმართვა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 255);

 

4.1.10. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 აპრილის №3/329-14 გადაწყვეტილებით ქ. წყალტუბო ბ-----ს ქუჩა №8 საცხოვრებელი სახლის ამხანაგობა ,,ი--------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ი--------რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრი’’-ს უფროსის 2014 წლის 7 ოქტომბრის №13/37257 მიმართვა, რომლითაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ი-------ს’’ უარი ეთქვა 2014 წლის 27 ივნისის №1/3-215 ბრძანების, 2014 წლის 27 ივნისის №13/24112 მიმართვისა და 2014 წლის 22 ივლისის №13/27361 მიმართვის ბათილად ცნობის თაობაზე და დაევალა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ი--------რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრს იმსჯელოს საკითხზე რამდენად წარმოადგენს მის განსჯად საკითხს ბ-----ს ქუჩა №8 ხუთსართულიანი სახლის ამხანაგობა ,,ი--------ს’’ თავჯდომარის 2014 წლის 17 სექტემბრის საჩივარი (განცხადება) და აღნიშნულის გათვალისწინებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის განჩინებით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 12 იანვრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დაუშვებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 აპრილის №3/329-14 გადაწყვეტილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 107-119);

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის განჩინება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 120-128);

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 12 იანვრის განჩინება (იხ. ტომი 1, ს.ფ. ს.ფ. 130-132);

 

4.1.11. დადგენილია, რომ 2016 წლის 22 მარტს ბ-----ს ქუჩა №8 საცხოვრებელი სახლის ამხანაგობა ,,ი--------ს’’ თავჯდომარემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მიუთითა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში 2014 წლის 17 სექტემბერს შეტანილი ადმინისტრაციული საჩივრის დაზუსტებულ ვარიანტს. საჩივრის ავტორმა მოითხოვა: ა) ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ი-------- - რაჭა - ლეჩხუმ - ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2014 წლის 27 ივნისის №1/3-215 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი; ბ) ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ი-------- - რაჭა - ლეჩხუმ - ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 2014 წლის 27 ივნისის №13/24112 და 2014 წლის 22 ივლისის №13/27361 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები; გ) ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს ი--------ს რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2014 წლის 7 ოქტომბრის №1337257 უარი 2014 წლის 27 ივნისის №1/3-215 ბრძანების, 2014 წლის 27 ივნისის №13/24112 და 2014 წლის 22 ივლისის №13/27361 წერილების ბათილობაზე უარის თქმის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბ-----ს ქუჩა №8 საცხოვრებელი სახლის ამხანაგობა ,,ი--------ს’’ ადმინისტრაციული საჩივარი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 133-136);

 

4.1.12. დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 18 აპრილის №04/2409 მიმართვით ბ-----ს ქუჩა №8 საცხოვრებელი სახლის ამხანაგობა ,,ი-------ს’’ დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა წარედგინა გასაჩივრებული აქტების ასლები და სადაო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი. ამასთან საჩივრის ავტორს განემარტა, რომ იმავე დავის საგანზე არსებობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რაც საქართველოს ზაკ-ის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველია. აღნიშნულის გათვალისწინებით საჩივრის ავტორს ეთხოვა დაზუსტებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა 15 დღის ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 18 აპრილის №04/2409 მიმართვა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 137-138);

 

4.1.13. დადგენილია, რომ 2016 წლის 4 მაისს ბ-----ს ქუჩა №8 საცხოვრებელი სახლის ამხანაგობა ,,ი--------ს’’ თავჯდომარემ განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, წარუდგინა გასაჩივრებული აქტები და მიუთითა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია ასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე დაყრდნობით, რაც იმას ნიშნავს, რომ განსჯადი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელიც არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, უნდა მოხდეს საკითხი განხილვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბ-----ს ქუჩა №8 საცხოვრებელი სახლის ამხანაგობა ,,ი--------ს’’ განცხადება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 139-141);

 

4.1.14. დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 9 ივნისის №1-1/310 ბრძანებით ბ-----ს ქუჩა №8 ხუთსართულიანი სახლის ამხანაგობა ,,ი-------ს’’ უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე. ბრძანების თანახმად, სამინისტრომ მიიჩნია, რომ სადაო საკითხის განმხილველ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რამდენადაც სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი და ხელახალი განხილვა და ახალი აქტის გამოცემა დაევალა სადაო აქტების გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 9 ივნისის №1-1/310 ბრძანება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 142-143);

 

4.1.15. დადგენილია, რომ 2016 წლის 26 აპრილის მდგომარეობით ქ. წყალტუბო, ბ-----ს ქ. N8-შ მდებარე დაზუსტებული ფართობი 283-,00 კვ. მეტრი (წინა ნაკვეთის ნომერი 2-----------), შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 შენობა-ნაგებობა საკუთრების უფლებით ირიცხება - ნ--------------–--ის (სართული 5, ბინა 35, ფართი - 25,80 კვ. მეტრი); ნ---------–---–ის (სართული 5, ბინა 36, ფართი 71,20კვ.მ.), ც-------------ს (სართული 3, ბინა 28, ფართი 55,90 კვ.მ.), ზ-------------–--ის (სართული 3, ბინა 29, ფართი 29,80 კვ.მ.), გ----------------ის (სართული 3, ბინა 40, ფართი 74,10 კვ.მ.), თ------------–---ის (სართული 5, ბინა 3-, ფართი 55,70 კვ.მ.), გ---------------ის (სართული 3, ბინა 18, ფართი 56,70 კვ.მ.), მ------------ის (სართული 3, ბინა 16, ფართი 69,50 კვ.მ.), მ--------------ის (სართული 3, ბინა 17, ფართი 27,10 კვ.მ.), ზ----------–--–--–---–ის (სართული 3, ბინა 41, ფართი 29,20კვ.მ.), ლ--------–-----ის (სართული 2, ბინა 39, ფართი 55,90 კვ.მ.), შ--------------–---–ის (სართული 5, ბინა 11, ფართი 25,80 კვ.მ.), დ------------------ის (სართული 3, ბინა 6, ფართი 68,90 კვ.მ.), შ----------–-----–---–ის (სართული 5, ბინა 24, ფართი 58,10 კვ.მ.), მ-----------ის (სართული 5, ბინა 12, ფართი 68,90 კვ.მ.), ც-------------------ის (სართული 2, ბინა 3, ფართი 74,80 კვ.მ.), ჯ----------ს (სართული 4, ბინა 20, ფართი 29,20 კვ.მ.), ჯ----–-------ის (სართული 5, ბინა 46, ფართი 104,40 კვ.მ.), ს----------–--–--–---–ის (სართული 2, ბინა 37, ფართი 79,70 კვ.მ.), ი----------–--ის (სართული 2, ბინა 37, ფართი 79,70კვ.მ.), ა-–--–------–-----ის (სართული 4, ბინა 33, ფართი 68,90 კვ.მ.), გ--------------–--ის (სართული 5, ბინა 23, ფართი 26,90 კვ.მ.), ა-–---------------–--–--–---–ის (სართული 5, ბინა 23, ფართი 26,90 კვ.მ.), მ-------------------ის (სართული 3, ბინა 42, ფართი 54,72 კვ.მ.), ლ--–--------ს (სართული 5, ბინა 22, ფართი 95,31 კვ.მ.), თ------------ის (სართული 4, ბინა 45, ფართი 58,40 ვ.მ.), ი----------------ის (სართული 4, ბინა 21, ფართი 55,90 კვ.მ.), ნ-----–--------ს (სართული 5, ბინა 10, ფართი 55,90 კვ.მ.), ნ-----------–--ის (სართული 4, ბინა 44, ფართი 27,60 კვ.მ.), ლ-------------ის (სართული 2, ბინა 38, ფართი 29,20 კვ.მ.), ფ-------------–--ის (სართული 4, ბინა 9, ფართი 75,40კვ.მ.), მ-------------–--ის (სართული 5, ბინა 48, ფართი 55,90 კვ.მ.), ს---------------–-ის (სართული 2, ბინა 15, ფართი 85,70 კვ.მ.), ნ----------–--ის (სართული 2, ბინა 26, ფართი 29,70 კვ.მ.), სახელმწიფოს (არასაცხოვრებელი ფართი, სართული 1, ფართი - 76,15 კვ.მ). სახელმწიფოს (არასაცხოვრებელი ფართი, სართული 1, ფართი - 788,57 კვ.მ), ფ---- გ--–--ის (სართული 4, ბ32, ფართი - 28,60 კვ.მ) სახელზე. მიწის მესაკუთრე: ამხანაგობა ,,ი--------’’ უფლების დამდასტურებელი დოკუმენტი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის N357 ბრძანება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტომი 1, ს.ფ. 324-330);

 

4.1.16. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის N3/1426 გადაწყვეტილებით ქ. წყალტუბო ბ-----ს ქუჩა №8 საცხოვრებელი სახლის ამხანაგობა ,,ი--------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 9 ივნისის №1-1/310 ბრძანება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის N3/1426 გადაწყვეტილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 145-156);

 

4.1.17. დადგენილია, რომ 2017 წლის 10 ივნისის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს N1-1/293 ბრძანებით ამხანაგობა ,,ი--------ს’’ 2016 წლის 22 მარტის N3641/21 ადმინისტრაციული საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში და დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით.

 

2017 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით მიმართა ამხანაგობა ,,ი--------ს’’ თავმჯდომარემ და ადმინისტრაციულ წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარება მოითხოვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს N1-1/293 ბრძანება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 280-281);

- განცხადება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 339);

 

4.1.18. დადგენილია, რომ 2017 წლის 25 ოქტომბრის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს N1-1/465 ბრძანებით ბ-----ს ქუჩა N8 ხუთსართულიანი სახლის ამხანაგობა ,,ი-------ს’’ უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სამინისტრომ მიუთითა, რომ ცეკავშირის გამგეობის და წყალტუბოს რაიონის გამგეობის 1993 წლის 30 ივნისის N28 ერთობლივი დადგენილების შესაბამისად, წყალტუბოს სამინისტროში აღრიცხვაზე მყოფ თანამშრომლებს უსასყიდლოდ გადაეცათ 48 ბინა მშენებარე საცხოვრებელ სახლში.

 

სამინისტრომ სადავო აქტში მიუთითა ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს: ა) მიწის ნაკვეთი; ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მომსახურებისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობები და საინჟინრო-კომუნიკაციური მოწყობილობა და გაყვანილობა; გ) მრავალბინიანი სახლის მზიდი და შემომზღუდავი არამზიდი (ფასადის) კონსტრუქციები (საძირკვლები, კარკასი, კედლები, საერთო სარგებლობის აივნები, სართულშუა გადახურვები, პარაპეტები (მოაჯირები), ლავგარდანები (კარნიზები), საწვიმარი მილები და ა. შ.); დ) მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები, საქვაბეები, ტექნიკური სართულები, სახურავები, ლიფტები, სხვადასხვა დანიშნულების შახტები, არხები, ნაგავგამტარები, ბუნკერები და ა. შ., რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში; ე) სატრანზიტო გაყვანილობა.

 

აღნიშნულ საკანონმდებლო აქტზე მითითებით სამინისტრომ განმარტა, რომ არასაცხოვრებელი ფართი (მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონება) არ წარმოადგენს ამხანაგობის საერთო ქონებას. წყალტუბოს სანატორიუმში აღრიცხვაზე მყოფ თანამშრომლებს უსასყიდლოდ გადაეცათ 48 ბინა და არა სრულად მშენებარე შენობა-ნაგებობა, შესაბამისად სააგენტოს მიერ შესაბამისი გასაჩივრებული აქტებით სახელმწიფოს სახელზე სადავო უძრავი ქონების რეგისტრაციის განხორციელებას სრულიად ლეგიტიმურად მიიჩნევს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 25 ოქტომბრის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს N1-1/465 ბრძანება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 20-23);

 

4.1.19. საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 16 ნოემბრის N13/14953- წერილის თანახმად, ცეკავშირის გამგეობის 1992 წლის 26 ოქტომბრის სხდომის ოქმი N5, 1993 წლის 30 ივნისის ცეკავშირის გამგეობის და წყალტუბოს რაიონის გამგეობის ერთობლივი N28 დადგენილება და ასევე, ინფორმაცია ფირმა ,,კ---------ის“ წყალტუბოს სანატორიუმის საუწყებო მშენებარე საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში გადაცემის შესახებ ეროვნულ არქივში დაცული არ არის.

 

საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 23 იანვრის N13/8536 წერილის თანახმად, ეროვნულ არქივში დაცულია წყალტუბოს სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის 11 სექტემბრის N414 გადაწყვეტილება ,,სანატორიუმ ,,ცენტრსოიუზის“ 5 სართულიანი 64 ბინიანი აგურის კედლებით პირველ სართულში სტომატოლოგიური პოლიკლინიკის გათვალისწინებით საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ“, ხოლო ცეკავშირის გამგეობის 1992 წლის 26 ოქტომბრის სხდომის ოქმი N5, 1993 წლის 30 ივნისის ცეკავშირის გამგეობის და წყალტუბოს რაიონის გამგეობის ერთობლივი დადგენილება N22 დაცული არ არის.

 

საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივის ცენტრალური კავშირის გამგეობის 2019 წლის 11 მარტის წერილის თანახმად, ცეკავშირის გამგეობის 1992 წლის 26 ოქტომბრის სხდომის ოქმი N5, 1993 წლის 30 ივნისის ცეკავშირის გამგეობის და წყალტუბოს რაიონის გამგეობის ერთობლივი N22 დადგენილება და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ამოღებულია პროკურატურის მიერ.

 

საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 20 მაისის N13/55313 წერილის თანახმად, 1993 წლის 30 ივნისის ცეკავშირის გამგეობის და წყალტუბოს რაიონის გამგეობის ერთობლივი N28 დადგენილება ეროვნულ არქივში დაცული არ არის.

 

საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივის ცენტრალური კავშირის გამგეობის 2019 წლის 11 ივლისის წერილის თანახმად, ცეკავშირის გამგეობის 1992 წლის 26 ოქტომბრის სხდომის ოქმი N5, 1993 წლის 30 ივნისის ცეკავშირის გამგეობის და წყალტუბოს რაიონის გამგეობის ერთობლივი N28 დადგენილება და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ვერ იქნა მოძიებული.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცულია ქ. წყალტუბო, ბ-----ს ქ. N8 საცხოვრებელი სახლის სართულებრივი ექსპლიკაციისა და ნახაზები ფართების მითითებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 16 ნოემბრის N13/14953- წერილი (იხ. ტომი 2, ს.ფ. 181);

- 2019 წლის 23 იანვრის N13/8536 წერილი (იხ. ტომი 2, ს.ფ. 120);

- 2019 წლის 11 მარტის წერილი (იხ. ტომი 2, ს.ფ. 195);

- 2019 წლის 20 მაისის N13/55313 წერილი (იხ. ტომი 2, ს.ფ. 230);

- 2019 წლის 11 ივლისის წერილი (იხ. ტომი 3, ს.ფ. 1);

- ქ. წყალტუბო, ბ-----ს ქ. N8 საცხოვრებელი სახლის სართულებრივი სახლის ექსპლიკაცია და ნახაზები (იხ. ტომი 2, ს.ფ. 124-164; ს.ფ.235-275);

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ქ. წყალტუბოს ბ-----ს ქ. №8 საცხოვრებელი სახლის ამხანაგობა „ი--------“ წარმოადგენს სადავო ფართის მესაკუთრეს და, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არ ჰქონდა უფლება სახელმწიფოს საკუთრებაში აღერიცხა სადავო ფართი. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამასთან მითითებული კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ისეთი სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურებულად იქნებოდა მიჩნეული, რომ ქ. წყალტუბოს ბ-----ს ქ. №8 საცხოვრებელი სახლის ამხანაგობა „ი--------“ წარმოადგენს წყალტუბო, ბ-----ს ქ. N8-ში მდებარე ხუთსართულიანი ბინის პირველი სართულზე არსებული 76,15 კვ.მ. და 864,72 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართების მესაკუთრეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. წყალტუბო ბ-----ს ქუჩა №8 საცხოვრებელი სახლის ამხანაგობა ,,ი--------ს’’ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” მომსახურების ცენტრების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 1 მაისის №1-1/107 ბრძანება; ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილება;

 

7. სამართლებრივი შეფასება.

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №1-1/2779 ბრძანების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტის უფროსი სამინისტროს სახელით ხელს აწერს ადმინისტრაციული საჩივრის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს, მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტზე დაყრდნობით სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ი---------რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 2014 წლის 27 ივნისის №1/3/215 ბრძანება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 27 ივნისის №13/24112 მიმართვა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 ივლისის №13/27361 მიმართვა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 25 ოქტომბრის N1-1/465 ბრძანება წარმოდგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 1 მაისის №1-1/107 ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ცენტრი თავისი ძირითადი ფუნქციების შესრულების დროს წარმოადგენს სააგენტოს, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ცენტრი ახორციელებს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების მართვას, განკარგვას და სარგებლობაში გადაცემას სააგენტოსგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

 

ამავე ბრძანების მე-2 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, ცენტრი თავისი ძირითადი ფუნქციების შესასრულებლად, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში: მართავს, განკარგავს და სარგებლობაში გადასცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებულ სახელმწიფო ქონებას.

 

ამავე მუხლის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების რეგისტრაციას, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანასა და დაყოფას/გაერთიანებას.

 

დადგენილია, რომ 2014 წლის 27 ივნისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ი--------რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის მიერ გამოცემული იქნა №1/3-215 ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ბ-----ს ქუჩა №8-ში (ს/კ 2----.3-.0--) ხუთსართულიანი ბინის პირველ სართულზე არსებული 864,72 კვ. მეტრი არასაცხოვრებელი სასარგებლო ფართის სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მიზნით, უნდა მიემართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურს. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, 2014 წლის 27 ივნისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ი--------რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსმა №13/24112 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ბ-----ს ქუჩა №8-ში (ს/კ 2----.3-.0--) ხუთ სართულიანი ბინის პირველ სართულზე არსებული 864,72 კვ. მეტრი არასაცხოვრებელი ფართი.

 

ხოლო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ი--------რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსმა 2014 წლის 22 ივლისს №13/27361 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უძრავი ქონება მდებარე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ბ-----ს ქუჩა №8-ში (ს/კ 2----.3-.0--) ხუთ სართულიანი ბინის პირველ სართულზე არსებული 864,72 კვ. მეტრი არასაცხოვრებელი ფართი დაიყოს და დარეგისტრირდეს 76,15 კვ. მეტრი არასაცხოვრებელი ფართი და 788,57 კვ. მეტრი არასაცხოვრებელი ფართი.

 

დადგენილია, რომ ქ. წყალტუბოში, ბ-----ს ქ. N8-ში მდებარე (დაზუსტებული ფართობი - 283-,00 კვ. მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი 2-----------) პირველ სართულზე არსებული არასაცხოვრებელი ფართი 76.15 კვ.მ (ს.კ. 2----.3-.0--.01.501) და 788.57კვ.მ. (ს.კ. 2----.3-.0--.0-----) საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე; უფლების რეგისტრაციის თარიღია: 07/07/2014წ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს N1/3-215 ბრძანება; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს N13/24112 წერილი; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ი--------რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის N13/27361 წერილი;

 

მოცემული დავის ფარგლებში, მოსარჩელე არ ეთანხმება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ბ-----ს ქუჩა №8-ში მდებარე უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციას და სადავო გახადა საკუთრების უფლების წარმოშობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც გამოცემულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

 

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის არგუმენტაცია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ წყალტუბოს სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის 11 სექტემბრის N414 გადაწყვეტილება და ცეკავშირის გამგეობის და წყალტუბოს რაიონის გამგეობის 1993 წლის 30 ივნისის N28 ერთობლივი დადგენილება წარმოადგენს იმ სამართლებრივ დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზეც, შემდგომ შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებაში შევიდა შენობის სადავო პირველი სართული, რადგან ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ეს ფართი, როგორც ვესტიბიული წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა საერთო საკუთრებას, რის გამოც სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხვა კანონშეუსაბამოა. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში მსჯელობის საგანს წარმოადგენს შემდეგი გარემოება - ჰქონდა თუ არა სახელმწიფოს მის სახელზე აღერიცხა ფართი, რომელიც მდებარეობს ქ. წყალტუბო, ბ-----ს ქუჩა №8-ის პირველ სართულზე.

 

7.3. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სამინისტროში, ხოლო შემდგომში სასამართლოში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.

 

დადგენილია, რომ 2014 წლის 17 სექტემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ბ-----ს ქუჩა №8 ხუთსართულიანი სახლის ამხანაგობა ,,ი--------ს’’ თავმჯდომარემ და მოითხოვა გაუქმდეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ი--------რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2014 წლის 27 ივნისის №1/3-215 ბრძანება, 2014 წლის 27 ივნისის №13/24112 წერილი და 2014 წლის 22 ივლისის №13/27361 წერილი.

 

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმის გათვალისწინებით, 2014 წლის 27 ივნისის №1/3-215 ბრძანება, ისევე როგორც 2014 წლის 27 ივნისის №13/24112 წერილი და 2014 წლის 22 ივლისის №13/27361 წერილი შესაძლებელი იყო გასაჩივრებულიყო სამინისტროში.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 22 მარტს, ქ. წყალტუბო, ბ-----ს ქუჩა №8 საცხოვრებელი სახლის ამხანაგობა ,,ი--------ს’’ თავჯდომარემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მიუთითა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში 2014 წლის 17 სექტემბერს შეტანილი ადმინისტრაციული საჩივრის დაზუსტებულ ვარიანტს. საჩივრის ავტორმა მოითხოვა: ა) ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ი-------- - რაჭა - ლეჩხუმ - ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2014 წლის 27 ივნისის №1/3-215 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი; ბ) ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ი-------- - რაჭა - ლეჩხუმ - ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 2014 წლის 27 ივნისის №13/24112 და 2014 წლის 22 ივლისის №13/27361 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები; გ) ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს ი--------ს რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2014 წლის 7 ოქტომბრის №1337257 უარი 2014 წლის 27 ივნისის №1/3-215 ბრძანების, 2014 წლის 27 ივნისის №13/24112 და 2014 წლის 22 ივლისის №13/27361 წერილების ბათილობაზე.

 

დადგენილია, რომ ადმინისტრაციული წარმოებისა და სასამართლო დავის შემდგომ, 2017 წლის 10 ივნისის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს N1-1/293 ბრძანებით ამხანაგობა ,,ი--------ს’’ 2016 წლის 22 მარტის N3641/21 ადმინისტრაციული საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში და დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით.

 

ასევე დადგენილია, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 25 ოქტომბრის N1-1/465 ბრძანებით ქ. წყალტუბო, ბ-----ს ქუჩა N8 ხუთსართულიანი სახლის ამხანაგობა ,,ი-------ს’’ უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ცეკავშირის გამგეობის და წყალტუბოს რაიონის გამგეობის 1993 წლის 30 ივნისის N28 ერთობლივი დადგენილების შესაბამისად, წყალტუბოს სამინისტროში აღრიცხვაზე მყოფ თანამშრომლებს უსასყიდლოდ გადაეცათ 48 ბინა მშენებარე საცხოვრებელ სახლში.

 

,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს: ა) მიწის ნაკვეთი; ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მომსახურებისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობები და საინჟინრო-კომუნიკაციური მოწყობილობა და გაყვანილობა; გ) მრავალბინიანი ახლის მზიდი და შემომზღუდავი არამზიდი (ფასადის) კონსტრუქციები (საძირკვლები, კარკასი, კედლები, საერთო სარგებლობის აივნები, სართულშუა გადახურვები, პარაპეტები (მოაჯირები), ლავგარდანები (კარნიზები), საწვიმარი მილები და ა. შ.); დ) მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები, საქვაბეები, ტექნიკური სართულები, სახურავები, ლიფტები, სხვადასხვა დანიშნულების შახტები, არხები, ნაგავგამტარები, ბუნკერები და ა. შ., რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში; ე) სატრანზიტო გაყვანილობა.

 

აღნიშნულ საკანონმდებლო აქტზე მითითებით სამინისტრომ განმარტა, რომ არასაცხოვრებელი ფართი (მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონება) არ წარმოადგენდა ამხანაგობის საერთო ქონებას.

 

მოსარჩელე არ ეთანხმება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებას და აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ფართი წარმოდგენს შენობა-ნაგებობის პირველი სართულის ვესტიბიულს, რადგან განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, ვესტიბიული არის - სადგომი საზოგადოებრივი შენობის შესასვლელთან, რომელიც ამ უკანასკნელს ძირითად ოთახებთან ან კიბის უჯრედთან აკავშირებს და მიიჩნევს, რომ ის წარმოადგენს ამხანაგობის საკუთრებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არ იზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას, რომელიც ასევე ვერ იქნება მიჩნეული გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძვლების წინაპირობად, შემდეგ გარემოებათა გამო: წყალტუბოს სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის 11 სექტემბრის N414 გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ სამი 24 ბინიანი, ბლოკირებული, პირველ სართულში სტომატოლოგიური პოლიკლინიკის გათვალისწინებით, საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის უნდა გამოყოფილიყო მიწის ნაკვეთი. ამდენად, მითითებული დოკუმენტმა ცალსახად განსაზღვრა ასაშენებელ შენობა-ნაგებობაში გათვალისწინებული ფართების მიზნობირიობა, რომელიც შედგებოდა: 1. საცხოვრებელი ბინებისა და 2. შენობის პირველი სართულზე გათვალისწინებული - სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ფართებისაგან. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული ქ. წყალტუბო, ბ-----ს ქ. N8 საცხოვრებელი სახლის სართულებრივ ექსპლიკაციასა და გეგმა-ნახაზებზე და აღნიშნავს, რომ სართულებრივი გეგმის ექსპლიკაცია მოიცავს მხოლოდ, მე-2 სართულიდან მე-5 სართულით ჩათვლით შენობის შემდეგის სახის მონაცემებს: სართული, ოთახების ნუმერაცია, ოთახების დანიშნულება (საცხოვრებელი, სამზარეულო, სანკვანძი, დერეფანი, კიბის უჯრედი, სააბაზანო, და ა.შ.), ასევე მითითებულია საერთო სარგებლობის ფართები, მათ შორის საცხოვრებელი ფართები გამოსახული კვადრატულ მეტრებში და დამხმარე ფართების კვადრატულ მეტრებში მითითებით. რაც შეეხება პირველ სართულს, აღნიშნულის თაობაზე წარმოდგენილია მხოლოდ ფანქრით შესრულებული გეგმა-ნახაზი და დოკუმენტაცია არ შეიცავს მითითებას ფართის რაიმე დანიშნულების (დერეფანი, კიბის უჯრედი, ვესტიბიული და ა.შ.) თაობაზე.

 

ამდენად, მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი სართული, რომელშიც გათვალისწინებული იყო სტომატოლოგიური პოლიკლინიკა, ვერ იქნება მიჩნეული შენობა-ნაგებობის ისეთ სივრცედ, რომელიც ვესტიბიულს ანუ საზოგადოებრივი თუ საცხოვრებელი დანიშნულების შენობებში მთავარი შესასვლელის წინ არსებული დარბაზს წარმოადგენს. ხოლო, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება, ახსნა-განმარტების გარდა, მოსარჩელე მხარის მერ არ ყოფილა წარმოდგენილი.

 

7.4. რაც შეეხება, მოსარჩელის განმარტებას სადავო ფართის, როგორც ამხანაგობის საკუთრებაში შემავალი ქონების არსებობის თაობაზე და განმარტებას, რომ საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ ბინადრებს, ცეკავშირის გამგეობის და წყალტუბოს რაიონის გამგეობის 1993 წლის 30 ივნისის N28 ერთობლივი დადგენილების საფუძველზე გადაეცათ მთელი შენობა, ხოლო 2008 წელს 14 მარტის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის დაფუძნებისა და საცხოვრებელი შენობის ,,წითელი ხაზების“ დადგენით ამხანაგობის საკუთრებაში შევიდა პირველი სართულიც, როგორც ვესტიბიული, სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს აღნიშნული პოზიციას და, თავის მხრივ, მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ ,,ცეკავშირის საკურორტო მომსახურეობის და ტურიზმის ფირმა ,,კ---------ის“ წყალტუბოს სანატორიუმის საუწყებო მშენებარე საცხოვრებელი სახლის ექსპლოატაციაში გადაცემის შესახებ“ ცეკავშირის გამგეობის და წყალტუბოს რაიონის გამგეობის 1993 წლის 30 ივნისის N28 ერთობლივი დადგენილებაზე, რომლითაც სანატორიუმში აღრიცხვაზე მყოფ თანამშრომლებს საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებლად გადაეცათ (წყალტუბოს სანატორიუმის საუწყებო) მშენებარე საცხოვრებელი სახლის სახურავში მოქცეული ორი ბლოკი - 48 ბინა, არსებულ მდგომარეობაში. აღნიშნული დადგენილების გამოცემის წინაპირობას წარმოადგენდა ამავე დადგენილებაში ასახული გარემოება, კერძოდ: საქართველოს რესპუბლიკის სამშენებლო ინდუსტრიაში შექმნილი რთული მდგომარეობისა და სახსრების უქონლობის მიზეზით შეჩერებული მშენებლობის გამო, უკვე აშენებული ნაგებობის შენარჩუნება და აღრიცხვაზე მყოფ თანამშრომლებს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება.

 

2008 წლის 14 მარტის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის დამფუძნებელთა კრების სხდომის ოქმით, თავად ამხანაგობის დაფუძნებისას იქნა დადგენილი, რომ, ქ. წყალტუბო, ბ-----ს N8 მრავალბინიან სახლში, ირიცხება 21 პრივატიზებული ბინა, 27 არაპრივატიზებული ბინა, სულ 48 ერთეული და ასევე, არასაცხოვრებელი ფართი - სრული პირველი სართული.

 

ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც სანატორიუმში აღრიცხვაზე მყოფ თანამშრომლებს გადაეცათ საცხოვრებელი ფართი - ბინები, რომლის მიღების ლეგიტიმური მოლოდინიც მათ გააჩნდათ იმ დროს მოქმედი საბინაო კანონმდებლობისა და შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, არც 1993 წლის მდგომარეობით, როდესაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება ბინის მიღების აღრიცხვაზე მყოფი პირებისათვის საცხოვრებელი ბინების გადაცემის შესახებ და არც 2008 წლის მდგომარეობით, როდესაც ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეიქმნა ბმა ,,ი--------“, არ არსებობდა რაიმე სახის სამართლებრივი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მთლიანი შენობა-ნაგებობა და მათ შორის პირველი სართული გადაცემული იქნა 48 ბინის მაცხოვრებლებისათვის. ხოლო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თავდაპირველი დოკუმენტაციით, პირველი სართულზე სტომატოლოგიური პოლიკლინიკის განთავსება იყო გამიზნული და აღნიშნული ფართი, თავისი პირვანდელი ფუნქციური დანიშნულებისა და ფართის ოდენობის (864.72კვ.მ) გათვალისწინებით არ წამოადგენს ვესტიბიულს, იგი ვერ მოექცევა ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განმარტებაში. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც სადავო ფართის, კანონით გათვალისწინებული რაიმე ფორმით მოსარჩელისათვის გადაცემას დაადასტურებდა აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოდ სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს თავისი უფლების რეგისტრაციისათვის, სავალდებულოდ არ მოეთხოვება საკუთრების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის წარდგენა, რადგან სახელმწიფოს თავიდანვე გააჩნია საკუთრება, გარდა კერძო საკუთრებაში რეგისტრირებული საკუთრებისა. თუკი საჯარო რეესტრში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებს კონკრეტულ უძრავ ნივთზე კერძო საკუთრების არსებობას, ის წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და რეგისტრაციით ხდება მხოლოდ და მხოლოდ არსებული ფაქტის დაფიქსირება.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იყო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ეროვნული სააგენტოს ი---------რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 2014 წლის 27 ივნისის №1/3/215 ბრძანების, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 27 ივნისის №13/24112 მიმართვით და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 ივლისის №13/27361 მიმართვით განეხორციელებინა სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც 2014 წლის 7 ივლისამდე სადავო ფართი (ქ. წყალტუბო, ბ-----ს ქ. N8-ში პირველ სართულზე განთავსებული ფართი - 864,72 კვ.მ.) არავის საკუთრებას არ წარმოადგენდა. კონკრეტული რეგისტრაციის დროისთვის მასზე ქ. წყალტუბოს ბ-----ს ქ. №8 საცხოვრებელი სახლის ამხანაგობა „ი--------ს“ ან რომელიმე სხვა სუბიექტის საკუთრების უფლება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ფიქსირდებოდა. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის მიერ, როგორც მარეგისტრირებელ ორგანოში, ასევე სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოდგენილი არ ყოფილა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, რომელიც სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლებას დაადასტურებდა.

 

სასამართლო ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით ასევე განმარტავს, რომ საქართველოში საცხოვრებელი ფართების - ბინების პრივატიზების პროცესის დაწყებისას აღმოჩნდა, რომ მრავალბინიან კორპუსებში დარჩა ქონება (საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთი, სადარბაზოები, ლიფტები, სარდაფები, სხვენები, სახურავები და ა.შ.), რომელსაც ინდივიდუალური მესაკუთრე არ ჰყავდა, რის გამოც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ინსტიტუტის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა და აღნიშნული ურთიერთობების რეგულირება 2007 წელს მიღებული კანონით განხორციელდა. აღნიშნული დროიდან ნორმატიულად განისაზღვრა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფუძნებისა და რეგისტრაციის პროცესები, მართვა და საქმიანობა, გადაწყვეტილების მიღების პროცედურები, ქონებრივი ურთიერთობები. ასევე, განისაზღვრა, თუ რა ტიპის საქმიანობის უფლებები გააჩნია ამხანაგობებს და სხვა. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ“ საქართველოს კანონით ასევე, განისაზღვრა ,,საერთო ქონების“ მოვლა-პატრონობისა თუ განკარგვის თაობაზე პასუხისმგებლობების წესები. შესაბამისად, კანონმა დაადგინა, რომ ამხანაგობა არის მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება. ყოველივე ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა წარმოიშობა მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების შეძენისთანავე, სახელმწიფოს, როგორც შენობა-ნაგებობაში არსებული კონკრეტულ ფართის მესაკუთრეს, აქვს შესაძლებლობა იყოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი და მასზე, ისე როგორც სხვა წევრზე ვრცელდება ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები.

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქ. წყალტუბოს ბ-----ს ქ. №8 საცხოვრებელი სახლის ამხანაგობა „ი--------ს“ კანონიერ უფლებებზე პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენების ფაქტი, ამ ეტაპზე, ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება და არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობისადმი მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, რამეთუ პირის კანონიერ უფლებასა და ინტერესში მოიაზრება არა ,,უბრალო უპირატესობა’’, რომელიც შესაძლოა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული რაიმე ქმედებით შეიზღუდოს, არამედ ისეთი უფლება და ინტერესი, რომელიც ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისი ნორმების საფუძველზეა წარმოშობილი და განმტკიცებული.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და ზემოთ მითითებულ სამართლებრივ ნორმათა დანაწესიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ეროვნული სააგენტოს ი---------რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 2014 წლის 27 ივნისის №1/3/215 ბრძანება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 27 ივნისის №13/24112 მიმართვა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 ივლისის №13/27361 მიმართვა შესაბამისობაშია კანონით დადგენილ მოთხოვნებთან.

 

7.5. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 25 ოქტომბრის N1-1/465 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 25 ოქტომბრის N1-1/465 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

7.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 3--ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს ქ. წყალტუბოს ბ-----ს ქ. №8 საცხოვრებელი სახლის ამხანაგობა „ი--------“-ს მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ქ. წყალტუბო ბ-----ს ქუჩა №8 საცხოვრებელი სახლის ამხანაგობა ,,ი--------’’-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი