გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.10.2019
საქმის ნომერი
080210018002618296
კატეგორია
დავის ტიპი
მუშაკის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული დავები
თარიღი
28.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/2970-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო მოსიძე

სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე

მოსარჩელე - გ------- ლ-----ე

წარმომადგენელი - ნ--- ფ------ე

მოპასუხეები - სს „ა-----ს“ სამართალმემკვიდრე სუბიექტები:

1. შპს ,,ხ----–-“

2. სს ,,ი------ 2005“

3. შპს ,,დ-------“

4. შპს ,,ტ---“

წარმომადგენლი - მ--–------ გ----------ე

5. შპს ,,ი-----“

 

დავის საგანი - დასახიჩრებით გამოწვეული პენსიის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხეებს შპს ,,ხ----–-“, სს ,,ი------ 2005“-ს, შპს ,,დ-------ს“, შპს ,,ტ---ს“ და შპს ,,ი-----“ მოსარჩელე გ------- ლ-----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დასახიჩრების პენსიის 24 ლარის ყოველთვიურად ანაზღაურება სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 09 სექტემბრიდან.

 

1.2. მოპასუხეებს - შპს ,,ხ----–-“, სს ,,ი------ 2005“-ს, შპს ,,დ-------ს“, შპს ,,ტ---ს“ და შპს ,,ი-----“ მოსარჩელე გ------- ლ-----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი 36 თვის პენსიის ანაზღაურება 864 ლარის ოდენობით (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოსარჩელის განმარტებით, სს „ა----–-“ მუშაობდა 1966 წლიდან, სადაც 1973 წელს მიღებული საწარმოო ტრავმის გამო 60% -ით დაკარგა შრომის უნარი, რის გამოც იმავე წელს დაენიშნა დასახიჩრების პენსია, რომელსაც იღებდა 2007 წლამდე, შემდეგ კი მოპასუხეებმა თვითნებურად უმიზეზოდ შეუწყვიტეს თანხის ანაზღაურება. აღნიშნულთან დაკავშირებით 2015 წლის 04 აგვისტოს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. საქმე გასაჩივრდა სამივე ინსტანციაში და საბოლოოდ 2017 წლის 30 მაისს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რითაც მოპასუხეებს დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიურად დასახიჩრების პენსიის 24 ლარის გადახდა და წინა განვლილი პერიოდის სამი წლის თანხის ანაზღაურება 864 ლარის ოდენობით, რაც აღსრულდა 2017 წლის ივნისში. მათი განმარტებით, გ------ ლაღაძეს შრომის უნარი რომ არ დაეკარგა, დღემდე იმუშავებდა, რადგან პენსიონერს არ ეკრძალება მუშაობა საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსით. ის არის ინვალიდი და სწორედ ამიტომ ვერ მუშაობს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოპასუხეებს ცალსახად მიეთითათ მისთვის გადაეხადათ დასახიჩრების პენსია 24 ლარის ოდენობით, მაგრამ მოპასუხეები თავს არიდებენ თანხის გადახდას, რის გამოც მომართა სასამართლოს და ითხოვს მოპასუხეებს შპს ,,ხ----–-“, სს ,,ი------ 2005“-ს, შპს ,,დ-------ს“, შპს ,,ტ---ს“ და შპს ,,ი-----“ მოსარჩელე გ------- ლ-----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დასახიჩრების პენსიის 24 ლარის ყოველთვიურად ანაზღაურება სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 09 სექტემბრიდან; მოპასუხეებს შპს ,,ხ----–-“, სს ,,ი------ 2005“-ს, შპს ,,დ-------ს“, შპს ,,ტ---ს“ და შპს ,,ი-----“ მოსარჩელე გ------- ლ-----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი 36 თვის პენსიის ანაზღაურება 864 ლარის ოდენობით;

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხეებმა - შპს „ტ---მ“, შპს ,,ხვამლმა“, სს ,,ი------ 2005“-მა და შპს ,,დ-------მ“ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ თვითნებურად და უმიზეზოდ არ მომხდარა მოსარჩელისათვის თანხის გადახდა. ეს არ არის დასახიჩრების პენსია, ეს არის პენსიასა და საშუალო ხელფასს შორის სხვაობა, რომელიც დანიშნული ჰქონდა მას. მაშინ საშუალო ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობა შეადგენდა 24 ლარს, ახლა მოსარჩელე იღებს პენსიას 180 ლარს, რომელიც მათთან არსებულ საშუალო ხელფასზე ბევრად მეტია. აქედან გამომდინარე, მას არ ეკუთვნის პენსიასა და საშუალო ხელფასს შორის არსებული სხვაობის გადახდა. შესაბამისად, არ ეთანხმებიან სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო.

 

2.2. მოპასუხე შპს ,,ი-----“ სარჩელის თაობაზე ეცნობა საჯარო გამოქვეყნების გზით, მაგრამ მას შესაგებელი არ შემოუტანია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

მოპასუხეებმა ყველა ფაქტობრივი გარემოება სადავოდ გახადეს, მაგრამ საქმეში მოთავსებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას, სადაც იგივე მხარეები მონაწილეობდნენ. შესაბამისად, ფაქტები, რომლებიც დადგენილია ამ გადაწყვეტილებით, დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია:

 

3.1.1. მოსარჩელე გ------ ლ-----ე 1966 წლიდან ქ. ქუთაისის ა-----ს საწარმოო გაერთიანებაში, რომელიც შემდგომში სააქციო საზოგადოების ფორმით დაფუძნდა, ე.წ. „აკანტოვკის“ დაზგაზე მუშაობდა. 1972 წლის 27 დეკემბერს მოსარჩელემ მიიღო საწარმოო ტრავმა, დაკარგა პროფესიული შრომის უნარი 60 %-ით, ხოლო საერთო შრომის უნარი 30%-ით. აღნიშნულის გამო საწარმო მას ყოველთვიურად სარჩოს უხდიდა.

 

3.1.2. მოგვიანებით, 1995 წლის 19 ივლისს, სამედიცინო შრომის საექსპერტო კომისიამ მოსარჩელეს შრომის უნარის უვადოდ დაკარგვა დაუდგინა.

 

3.1.3. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 8 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად, 2000 წლის 1 დეკემბრამდე მოსარჩელის ყოველთვიური სარჩოს ოდენობა 16,80 ლარს შეადგენდა.

 

3.1.4. სს „ა-----ს“ დაყოფის შედეგად, 2006 წელს დაფუძნდა ექვსი სუბიექტი: სს „ი------ 2005“, შპს „ი-----“, შპს „ხ----–-“, შპს „ტ---“, შპს „დ-------“ (სამართალმემკვიდრე სუბიექტები ანუ მოპასუხეები) და სს „ქუთაისი 3000", რომელიც ლიკვიდირებულ იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინების საფუძველზე.

 

3.1.5. სამართალმემკვიდრე სუბიექტების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, საწარმოს რეორგანიზაციის შედეგად, საწარმოო ტრავმის პენსიონერები დაიყო მოქმედი დანაყოფებისა და იმ სამუშაო ადგილების მიხედვით, სადაც საწარმოო ტრავმა მიიღეს.

 

3.1.6. 2007 წლის მდგომარეობით, მოსარჩელის სარჩოს ყოველთვიური ოდენობა 24 ლარს შეადგენდა, რომლის გადაანგარიშება აღარ მომხდარა.

 

3.1.7. 2007 წლის სექტემბრიდან, მოსარჩელეს შეუწყდა სარჩო და პენსიასა და ხელფასს შორის სხვაობა აღარ მიუღია.

 

3.1.8. 2015 წლის 4 აგვისტოს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეთა წინააღმდეგ და მოითხოვა მიუღებელი 103 თვის სარჩოს - 5150 ლარის ანაზღაურება (103 თვე * 50ლარზე).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 15-16);

 

3.1.9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე სს ,,ი------ 2005“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 864 ლარი; სარჩელი დანარჩენი მოპასუხეებისათვის მიუღებელი სარჩოს დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა საკასაციო წესით.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით გ------ ლ-----ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ოქტომბრის განჩინება, იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება შპს "ი-----ს", შპს "ხ----–-ს", შპს "ტ---ს" და შპს "დ-------სათვის" მიუღებელი სარჩოს დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს - სს "ი------ 2005-ს", შპს "ი-----", შპს "ხ----–-", შპს "ტ---ს" და შპს "დ-------ს" გ------ ლ-----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 864 (რვაას სამოცდაოთხი) ლარის გადახდა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 15-16);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების 21-ე პუნქტში საკასაციო პალატამ განმარტა, რომ არსებული მდგომარეობით, მოსარჩელის მიერ მისაღები ყოველთვიური სარჩოს ოდენობა 24 ლარს შეადგენს. ამდენად, სამომავლოდ მისაღები სარჩოს ოდენობაც ამ თანხით უნდა განისაზღვროს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 15-16);

 

3.1.11. მოსარჩელე გ------ ლ-----ე არის ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირი. შშმპ სტატუსი მინიჭებული აქვს უვადოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სშსკ შემოწმების აქტი N098040 (იხ. ს.ფ. 17);

 

3.1.12. გ------- ლ-----ეს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში სახელმწიფო გასაცემელი დანიშნული აქვს ასაკის კატეგორიით. მისი საპენსიო პაკეტი/ფულადი კომპონენტი/ თვეში შეადგენს 200 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 22 ივლისის N04-06/9574 მომართვა (იხ. ს.ფ. 156);

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. გ------- ლ-----ეს სახელმწიფო გასაცემელი ასაკის კატეგორიით დანიშნული აქვს 2014 წლის 01 მაისიდან.

 

3.2.2. შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 01 მარტის N45 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ბენეფიციარს უფლება აქვს საპენსიო პაკეტთან ერთად მიიღოს რეგრესის დახმარება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N04-06/11015 მომართვა (იხ. ს.ფ. 168);

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს დაზუსტებული სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

- საქართველოს კონსტიტუცია;

- საქართველოს შრომის კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაცია, ასევე საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ არეგულირებენ ყოველი ადამიანის სოციალური უზრუნველყოფის პოზიტიურ უფლებას (მუხლები 22, და 9).

 

სასამართლო მოიხმობს „სოციალური უზრუნველყოფის მინიმალური სტანდარტების შესახებ“ (Social security (minimum standarts) convention) შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1952 წლის N102 კონვენციის იმ რეგულაციებს, რომლებიც აწესრიგებენ შრომითი ტრავმის საკითხებს (Empoyment injury benefit). სასამართლოს აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსათვის მითითებული საერთაშორისო ხასიათის მქონე დოკუმენტი ძალაში არ არის (და შესაბამისად მისი გამოყენება სამართლის პირდაპირ წყაროდ ეროვნული სასამართლოს მიერ ვერ მოხდება), საკმაოდ საყურადღებოა მისი მოთხოვნები სამოსამართლო სამართლებრივი მოსაზრებების განმარტებისათვის. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს შიდა კანონმდებლობა არსებითად არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციის შესაბამის რეგულაციებს. აღნიშნული დოკუმენტის მე-6 თავის (Empoyment injury benefit) 31-ე, 36-ე, 38-ე და ასევე მე-11 თავის 66-ე მუხლების რეგულაციები, ქმნიან საკითხის მოწესრიგებას, რომლის თანახმადაც პირები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ შესაბამისი ანაზღაურებით საწარმოო ტრავმის შემთხვევაში; შრომისუნარიანობის ნაწილობრივი დაკარგვის შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოფილ იქნეს პერიოდული გასაცემლის მიღება შრომისუნარიანობის დაკარგვის პროპორციულად (suitable proportion); უზრუნველყოფა უნდა ფარავდეს შრომისუუნარობის მთელ პერიოდს; პერიოდული გასაცემლების ოდენობა უნდა გადაიხედოს სახელფასო დონის არსებითი ცვლილების პარალელურად (66-ე მუხლის მე-10 პუნქტი).

 

მოცემული სამართალურთიერთობის შედასამართლებრივი რეგულაციები ასევე შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართლის წყაროებთან.

 

საქართველოს კონსტიტუცია სოციალური სახელმწიფოს იდეას ამკვიდრებს. კონსტიტუციის მე-5 მუხლით გაცხადებული სოციალური სახელმწიფოს პრინციპი გამომდინარეობს პრეამბულის ფუნდამენტური იდეებიდან დემოკრატიული წესწყობილებისა და ეკონომიკური თავისუფლების დამკვიდრების და სოციალური, სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნის თაობაზე. სოციალური სახელმწიფოს მიზანია სოციალური უზრუნველყოფის სისტემის დამკვიდრება ქვეყანაში. სოციალურია ისეთი სახელმწიფო, სადაც ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოსახელობის სოციალური დონე ამაღლდეს.

 

ეჭვგარეშეა, რომ სოციალური სახელმწიფოს ზემოაღნიშნული პრინციპი, რომელიც თავისთავად სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი გამოვლინებაა, ცალსახად მოიაზრებს შრომით ურთიერთობაში შესული პირის - დასაქმებულის უფლებების სათანადო რეალიზაციას. ასეთი უფლებები კი, საწარმოო ტრავმის შემთხვევაში დასაქმებულის სათანადო დაცვის უზრუნველყოფის გარეშე ვერ ჩაითვლება სრულყოფილად დაცულად.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მუშაკის მიერ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ტრავმის გამო, შრომის უნარის დაკარგვის საფუძველზე დანიშნული სარჩოს მიღება.

 

6.2. საქართველოს შრომის კოდექსის მერვე თავი დამსაქმებელს ავალდებულებს დაიცვას შრომის პირობები. შრომის კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად დასაქმებულს აქვს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უფლება. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად .დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი.

 

მოსარჩელემ საწარმოო ტრავმის შედეგად დაკარგა შრომის უნარი.

 

შრომის კოდექსის 35-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად დამსაქმებელი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით მიყენებული ზიანი და აუცილებელი მკურნალობის ხარჯები.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლოს მიჩნია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობს ზიანის მიყენების შესახებ სამართლებრივი ურთიერთობიდან. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის წინაშე ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს მოპასუხე. ამასთან, მოპასუხის სასამართლოს სხდომაზე განხორცილებული შედავების მიუხედავად, ვინაიდან, დელიქტი განხორციელებულია და ვალდებულება მოპასუხეს აღიარებული აქვს, რაც გამოიხატება განვლილ პერიოდზე სარჩოს გადახდით, (აღნიშნულთან მიმართებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა საქმე №ას-1742-2018; №ას-52-48-2017). სასამართლოს არსებით სამსჯელ საგანს წარმოადგენს სამომავლოდ სარჩოს მიღების მიზანშეწონილობის საკითხის დადგენა.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.

 

მოცემულ საქმეში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გ------- ლ-----ის მიერ საწარმოო ტრავმის მიღების ფაქტი და მის სასარგებლოდ სარჩოს დანიშვნა დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ხოლო აღნიშნულ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნიათ წინამდებარე დავაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მოპასუხეს აქვს ვალდებულება მოსარჩელისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდაზე, რასაც არ ასრულებს ნებაყოფლობით. წინამდებარე სასარჩელო წარმოების გზით მოსარჩელე მოითხოვს გასული 36 თვის სარჩოს ანაზღაურებას, რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით (ას-118-110-2017) დადგენილია, რომ არსებული მდგომარეობით, მოსარჩელის მიერ მისაღები ყოველთვიური სარჩოს ოდენობა 24 ლარს შეადგენს, ამდენად, სამომავლოდ მისაღები სარჩოს ოდენობაც ამ თანხით უნდა განისაზღვროს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ნორმა განცდილი ქონებრივი დანაკლისის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოუშობს ვალდებულ პირს. ნორმის ამგვარი ფორმულირების მიზანია დაზარალებულის მდგომარეობის აღდგენა იმგვარად, რომ მივიღოთ ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობა. თეორიულად, განხორციელდეს ე.წ. რესტიტუცია, რაც პრაქტიკულად დაზარალებულის იმ პირობებში ჩაყენებას გულისხმობს, რომელიც ზიანის მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში იქნებოდა სახეზე.

 

სადავო შემთხვევაშიც, სარჩოს მიღების მიზანსაც დაზარალებულისათვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსება წარმოადგენს, რასაც დაზარალებული მიიღებდა, სარჩოს მიღების საფუძვლის - დაზიანების ფაქტის არარსებობისას, რაც იმას ნიშნავს, რომ მხედველობაშია მისაღები ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან (დელიქტის წარმოუშობლობის პირობებში) აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენებისას (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელემ მოპასუხის ბრალეული ქმედებით მიიღო საწარმოო ტრამვა. შრომის კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად კი სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება არასახელშეკრულებო (დელიქტური) პასუხისმგებლობის ფორმით.

 

სარჩოს მიღების უფლება წარმოადგენს პირის შესაძლებლობას აუნაზღაურდეს ზიანი, რაც მიიღო საწარმოო ტრავმის შედეგად, მიიღოს შემოსავალი, რომელსაც იგი მიიღებდა შრომის ანაზღაურების შესაბამისად საწარმოო ტრავმის არარსებობის შემთხვევაში.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ №ას-459-438-2015).

 

ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

მოცემულ საქმეში, პრეიუდიციულად დადგენილია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსარჩელის მიერ საწარმოო ტრავმის მიღების ფაქტი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე გ------- ლ-----ე 1966 წლიდან მუშაობდა ქუთაისის ა-----ს საწარმოო გაერთიანებაში ე.წ. ,,აკანტოვკის" დაზგაზე. 1972 წლის 27 დეკემბერს მიიღო საწარმოო ტრამვა. შრომითი საექსპლუატაციო კომისიის დასკვნის თანახმად დაკარგა პროფესიული შრომის უნარი 60%-ით, საერთო შრომის უნარი - 30 %-ით და გახდა მე-3 ჯგუფის ინვალიდი, რის შედეგადაც მას წაერთვა შრომის უნარი და დაენიშნა სარჩო გადაწყვეტილებით.

 

სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომა პირს ართმევს შესაძლებლობას, ჰქონდეს სამუშაო და იღებდეს შესაბამის ანაზღაურებას. ამასთან, სარჩოს მიღების უფლება წარმოადგენს პირის შესაძლებლობას, აუნაზღაურდეს ზიანი, რაც მიიღო საწარმოო ტრავმის სახით. სარჩოს მიღებით ხდება პირისათვის შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა საწარმოო ტრავმის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. თავად ის გარემოება, რომ საწარმოო ტრავმის მიღების გამო მოსარჩელემ დაკარგა შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ საწარმოო ტრავმის მიუღებლობის შემთხვევაში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და იგი მიიღებდა შრომის ანაზღაურებას.

 

6.5. ზიანის (განცდილი ქონებრივი დანაკლისი) ანაზღაურების მიზანია დაზარალებულის მდგომარეობის აღდგენა, ისე, როგორც ეს იყო ზიანის მიყენებამდე, განსახილველ შემთხვევაში, სარჩოს გადაანგარიშების მიზანია დაზარალებულისათვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსება, რასაც მოსარჩელე მიიღებდა, სარჩოს მიღების საფუძვლის-დაზიანების (უბედური შემთხვევის) ფაქტის არარსებობისას.

 

როგორც საქმის მასალებით დასტურდება, გ------ ლ-----ის ყოველთვიური სარჩოს დანიშვნა მოხდა მისი ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, პრეზუმირებულია, რომ მოსარჩელე იმუშავებდა. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 36 თვის მანძილზე მოსარჩელემ ვერ მიიღო სარჩო 864 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი მიუღებელი სარჩოს ნაწილში ანაზღაურების შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით კი პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისათვის 2018 წლის 09 სექტემბრიდან, ყოველთვიური სარჩოს 24 ლარის ოდენობით დაკისრების შესახებ, ასევე საფუძვლიანია. შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩოს გადახდა მოპასუხეეებს უნდა დაეკისროთ სოლიდარულად 2018 წლის 09 სექტემბრიდან.

 

ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომა პირს ართმევს შესაძლებლობას, ჰქონდეს სამუშაო და იღებდეს შესაბამის ანაზღაურებას. ამასთან სარჩოს მიღების უფლება წარმოადგენს პირის შესაძლებლობას, აუნაზღაურდეს ზიანი, რაც მიიღო საწარმოო ტრავმის სახით. სარჩოს მიღებით ხდება პირისათვის შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა საწარმოო ტრავმის დროს. სარჩოს მიღებით ხდება პირისათვის შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა საწარმოო ტრავმის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. თავად ის გარემოება, რომ საწარმოო ტრავმის მიღების გამო მოსარჩელემ დაკარგა სამუშაო და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, თვის მხრივ წარმოშობს საფუძვლიან და გონივრულ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ საწარმოო ტრავმის მიუღებლობის შემთხვევაში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და იგი მიიღებდა ანაზღაურებას.

 

ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით, მათი ანალიზისა და შეფასების, მითითებულ სამართლებრივ ნორმათა განმარტების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ------ ლ-----ის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოპასუხე მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე გ------ ლ-----ეს არ უნდა მიეცეს სარჩოს სახით 24 ლარი, ვინაიდან ის იღებს ასაკის პენსიას, რაც ინვალიდობის პენსიაზე ბევრად მეტია, არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 01 მარტის N45 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ბენეფიციარს უფლება აქვს საპენსიო პაკეტთან ერთად მიიღოს რეგრესის დახმარება. სასამართლო ასევე არ იზიარებს მოპასუხეთა განმარტებას მასზედ, რომ გ------ ლ-----ის პენსია მათთან არსებულ საშუალო ხელფასზე ბევრად მეტია, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

 

დადგენილია, რომ გ------- ლ-----ეს სახელმწიფო გასაცემელი ასაკის კატეგორიით დანიშნული აქვს 2014 წლის 01 მაისიდან. ასევე დადგენილია, რომ ეს გარემოება სასამართლოსთვის ცნობილი იყო წინა საქმის განხილვის დროსაც და პირდაპირ მითითებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების 3.2.9. პუნქტში. კერძოდ, შშმ პირის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა უვადოდ, მაგრამ პენსია დანიშნული ჰქონდა ასაკის კატეგორიით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობისაა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების 21-ე პუნქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება: „მოსარჩელის მიერ მისაღები ყოველთვიური სარჩოს ოდენობა 24 ლარს შეადგენს. ამდენად, სამომავლოდ მისაღები სარჩოს ოდენობაც ამ თანხით უნდა განისაზღვროს“. შესაბამისად, მოპასუხეები ვალდებულნი იყვნენ ნებაყოფლობით გაეგრძელებინათ გ------- ლ-----ისათვის ყოველთვიურად სარჩოს სახით 24 ლარის გადახდა, რაც მათი მხრიდან არ განხორციელებულა, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა სასარჩელო წესით მოემართა სასამართლოსთვის.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს. თავის მხრივ მოპასუხემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა მოსარჩელის მოთხოვნების უსაფუძვლობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს დაზუსტებული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. (26.12.2-14 N 3014).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე გ------- ლ-----ე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5-ე მუხლის ,,მ’’ პუნქტის შესაბამისად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად, მოპასუხეებს შპს ,,ხ----–-“, სს ,,ი------ 2005“-ს, შპს ,,დ-------ს“, შპს ,,ტ---ს“ და შპს ,,ი-----“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა;

 

მოსარჩელე გ------ ლ-----ის წარმომადგენელი მოითხოვს მოპასუხემ აუნაზღაუროს საადვოკატო ხარჯები 300 ლარის ოდენობით. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.

 

დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეს იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი აქვს 300 ლარი, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს. სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმომადგენლის ხარჯების ანაზღაურებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯები გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 69 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ------- ლ-----ის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხეებს შპს ,,ხ----–-“, სს ,,ი------ 2005“-ს, შპს ,,დ-------ს“, შპს ,,ტ---ს“ და შპს ,,ი-----“ მოსარჩელე გ------- ლ-----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დასახიჩრების პენსიის 24 ლარის ყოველთვიურად ანაზღაურება სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 09 სექტემბრიდან.

 

3. მოპასუხეებს შპს ,,ხ----–-“, სს ,,ი------ 2005“-ს, შპს ,,დ-------ს“, შპს ,,ტ---ს“ და შპს ,,ი-----“ მოსარჩელე გ------- ლ-----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი 36 თვის პენსიის ანაზღაურება 864 ლარის ოდენობით;

 

4. მოპასუხეებს შპს ,,ხ----–-“, სს ,,ი------ 2005“-ს, შპს ,,დ-------ს“, შპს ,,ტ---ს“ და შპს ,,ი-----“ მოსარჩელე გ------- ლ-----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საადვოკატო ხარჯების ანაზღაურება 69 ლარის ოდენობით.

 

5. მოპასუხეებს შპს ,,ხ----–-“, სს ,,ი------ 2005“-ს, შპს ,,დ-------ს“, შპს ,,ტ---ს“ და შპს ,,ი-----“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7-8 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ციცინო მოსიძე