გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.10.2019
საქმის ნომერი
070210018002705004
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
15.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/140-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლელა ცანავა

სხდომის მდივანი ელენე მასხარაშვილი

 

მოსარჩელე მ-----------–---–-ა

წარმომადგენელი დ-------------ა

 

მოპასუხე ი-----–----------------ა

წარმომადგენელი თ--------–-----ა, თ---------------------ე

 

დავის საგანი თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ი-----–----------------ას მ-----------–---–-ას სასარგებლოდ დაეკისროს 1800 აშშ დოლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის ოქტომბერსა და 2017 წლის იანვრის თვეში მოპასუხე ი-----–----------------ას ასესხა 465 (ოთხას სამოცდახუთი) აშშ და 2200 (ორი ათას ორასი) აშშ დოლარი ზეპირი შეთანხმების საფუძველზე სესხის სახით, მცირე ხნით შემდეგი პირობით: მოსარჩელე არ მოსთხოვდა მოპასუხეს თანხას 2 წლისა და ექვსი თვის მანძილზე, თუკი მოპასუხე უზრუნველყოფდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის, საიდანაც მოსარჩელემ გამოიტანა თანხა, პროცენტების გადახდას. მოპასუხემ ნასესხები 2645 (ორი ათას ექვსას ორმოცდახუთი) აშშ დოლარიდან გადაიხადა მხოლოდ 400 დოლარი. იმის გამო, რომ მოპასუხე არ იხდიდა პროცენტებს, მოსარჩელე იძულებული გახდა თავისი ხარჯით გადაეხადა პროცენტები, რის გამოც მიადგა ზიანი. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა როგორც სესხის თანხის-2265 აშშ დოლარის მოპასუხისთვის დაკისრება, ისე მიყენებული ზიანის 2552 აშშ დოლარის მოპასუხის მიერ მისთვის გადახდა. მოსარჩელის წარმომადგენელმა მოსამზადებელ და მთავარ სხდომაზე შეამცირა მოთხოვნა, საბოლოოდ, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს მის მიერ გასესხებული თანხა 1800 აშშ დოლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სადავოდ გახადა მოსარჩელესთან სასესხო ურთიერთობის არსებობა. მოპასუხე განმარტავს, რომ მხარეებს შორის არანაირი სასესხო ურთიერთობა არ არსებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 მოსარჩელესა და შპს მისო "კრედიტორ"-ს შორის 2016 წლის 22 სექტემბერს გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების გენერალური ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი (ს.ფ 2-14)

- საკრედიტო ხაზით მომსახურების გენერალური ხელშეკრულება N03-006გ (ს.ფ. 17-20)

- შესაგებელი (ს.ფ. 66-74)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. არ დასტურდება ფაქტი იმის შესახებ, რომ მოპასუხე ი-----–----------------ასა და მოსარჩელე მ-----------–---–-ას შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება.

 

3.2.2. მოპასუხე ი-----–----------------ას არ გააჩნია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდის ვალდებულება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი (ს.ფ 2-14)

- შესაგებელი (ს.ფ. 66-74)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმები);

 

3.2.3. სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოებები, რასაც მნიშვნელობა ექნებოდა საქმის გადაწყვეტისათვის არ არსებობს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს .

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (სკ-ის 317.1 მუხლი). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და იწვევს მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის განმარტებით, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება, რომლის სამართლებრივ რეგულირებას უზრუნველყოფს სამოქალაქო კოდექსის 623-624-ე მუხლები, რომლის თანახმადაც, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლიდან გამომდინარე, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზედაც.

 

ამავე კოდექსის 329-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მუხლის თანახმად, ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება (ოფერტი) ითვლება შეთავაზებულად, თუ ამ წინადადებაში, რომელიც მიმართულია ერთი ან რამდენიმე პირისადმი, გამოხატულია, რომ წინადადების მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება. თუკი მეორე კონტრაჰენტი თანახმაა მიიღოს ოფერენტის მიერ მისთვის შეთავაზებული პირობა ყოველგვარი ცვლილებების გარეშე - ოფერტი ითვლება მიღებულად, ხოლო ხელშეკრულება დადებულად.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წლის ოქტომბერსა და 2017 წლის იანვრის თვეში გადასცა თავდაპირველად 465 აშშ დოლარი, ხოლო შემდეგ 2200 აშშ დოლარი. მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ 400 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხა მას არ გადაუხდია. იგი იძულებული გახდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის მოპასუხის ნაცვლად გადაეხადა პროცენტები, რის გამოც მიადგა ზიანი 2552 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ იგი თავის მოთხოვნას ამყარებს სარჩელზე თანდართულ აუდიო ჩანაწერზე, რომლის თანახმადაც, მისი მითითებით, მოპასუხე აღიარებს მოსარჩელეს მიმართ სასესხო ვალდებულებას. ასევე, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით 1800 აშშ დოლარამდე სასარჩელო მოთხოვნის შემცირება განპირობებულია მოწმედ დაკითხული გულნაზი ღვინიაშვილის ჩვენებითა და მოპასუხის განმარტებებით, რომელიც მოსარჩელის მიმართ აღიარებს 1800 აშშ დოლარის ვალის არსებობას. სასამართლო შეაფასებს მოსარჩელის მიერ მითითებულ თითოეულ გარემოებას.

 

თავდაპირველად, პირადი საუბრის ფარულ ჩანაწერთან მიმართებით, სასამართლო მიუთითებს დადგენილ პრაქტიკასა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განარტებაზე, რომლის თანახმადაც, პირადი საუბრის ფარული ჩაწერა, ხოლო შემდეგ სასამართლოში მტკიცებულების სახით წარდგენა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებულ პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუვალობას, ასევე - კონსტიტუციის მე-16 მუხლს, რომელიც პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას ეხება." ინდივიდს უნდა შეეძლოს საუბარი იმის ეჭვისა და შიშის გარეშე, რომ საიდუმლო ჩანაწერს ვინმე მისი ნებართვის გარეშე და ნების საწინააღმდეგოდ გამოიყენებს. კომუნიკაციის ხელშეუხებლობის ძირითადი უფლებით დაცულია კომუნიკაციის მონაწილე ყველა პარტნიორი, როგორც გარე, ასევე - შიდა ჩარევისაგან, რაც იმას ნიშნავს, რომ კომუნიკაციის ხელშეუხებლობის ძირითადი უფლებით დაცულია არა მხოლოდ მესამე პირთა მეშვეობით განხორციელებული ჩარევა, არამედ, კომუნიკაციის ერთ-ერთი მონაწილის მხრიდან დანარჩენ მონაწილეთა თანხმობის გარეშე პირადი კომუნიკაციის გასაჯაროვება. განსახილველ შემთხვევაში, საქმე ეხება პირადი შეხვედრისას განხორციელებული საუბრების ფარულ აუდიოჩანაწერს. ვინაიდან საუბარი მეორე მხარის ნებართვის გარეშე ფარულად არის ჩაწერილი, ამიტომ იგი კანონდარღვევითაა მოპოვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ, ჩანაწერი სსსკ-ის 103-ე მუხლის მიხედვით, დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნევა(იხ. სუსგ Nას-1155-1101-2014, 04.05.2015) . მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ის ფაქტი, რომ აუდიოჩაწერის შესახებ მოპასუხე მხარე იყო ინფორმირებული, რაც გამორიცხავდა მის ფარულობას .

 

სასამართლო განმარტავს, რომ ფარულ ჩანაწერს, მხოლოდ მაშინ შეიძლება მიენიჭოს მტკიცებულების ძალა, თუკი იგი თვითდახმარების ფარგლებშია მოპოვებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების დადასტურების მიზნით მტკიცებულების შესაქმნელად პირად სფეროში ჩარევა და ამით პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის უფლების შეზღუდვა გამართლებული არ არის. ამგვარი შეზღუდვა (ჩარევა) გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი თვითდახმარების ან „თვითდახმარებასთან მიახლოვებულ“ ფარგლებში მოქმედებს. მაგალითად, თუ ფარული ჩანაწერი ერთადერთი გზაა საკუთარი უფლების დასაცავად, იმის გამო, რომ სხვაგვარად პირი საკუთარ უფლებას ვერ დაიცავს ან არსებობს რეალური საშიშროება ყველა სხვა მტკიცებულების განადგურების, ასეთ ვითარებაში ფარული ჩანაწერის გზით მტკიცებულების შექმნა დასაშვებია. ამდენად, თუ პირზე ხორციელდება ზეწოლა, მუქარა შანტაჟი, საკუთარი უფლებების დაუშვებელი ხელყოფის თავიდან ასაცილებლად, კონსტიტუციურ ღირებულებათა მრავალმხრივი აწონ-დაწონვის შედეგად, შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს სხვის პირად სფეროში ჩარევა, თუმცა, დაუშვებელია მაშინ, როდესაც სხვის პირად სფეროში ჩარევა თვითდახმარებას კი, არ ემსახურება, არამედ მეორე მხარისათვის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. პირად სფეროში ჩარევა კი საჭირო გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ უფლება- მოვალეობათა კრედიტორმა თავის დროზე არ იზრუნა შესაბამისი მტკიცებულების (ხელშეკრულების, ხელწერილის, და ა. შ.) შექმნაზე. ასეთ ვითარებაში, როდესაც გაუმართლებელია ჩარევა პირად სფეროში, ამგვარი გზით მოპოვებული მტკიცებულება, დაუშვებელი მტკიცებულებაა. მისი დაშვება შესაძლებელია მხოლოდ მეორე მხარის თანხმობით, ამასთან, თანხმობა უნდა ეხებოდეს არა მტკიცებულების ფორმალურ დასაშვებობას, არამედ იმას, რომ მტკიცებულების შინაარსი სასამართლომ გადაწყვეტილებას დაუდოს საფუძვლად. ამგვარი თანხმობის არარსებობის პირობებში, დაუშვებელია ფარულ ჩანაწერს გადაწყვეტილება დაეფუძნოს, მაშინაც კი, თუ ფარული ჩანაწერიდან უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომლის დადასტურების მიზანსაც ფარული ჩაწერა, კერძო სფეროში ჩარევა, ემსახურებოდა (იხ. სუსგ Nას-1155-1101-2014, 04.05.2015).

 

სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არანაირი სესხის ხელშეკრულება არ დადებულა. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია - მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ აქვს თანხა გადასახდელი. სახელშეკრულებო დავების დროს ხელშეკრულების არსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზე მოდის, რაც განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნა მიღწეული.

 

რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას მოწმის ჩვენებასა და მოპასუხის მიერ სესხის ვალდებულების აღიარებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე და 132-ე მუხლების თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. საპროცესო სამართლის თეორიაში აღიარების განსაკუთრებული მნიშვნელობა განმარტებულია იმგვარად, რომ ფაქტს, რომელსაც უნდა ადასტურებდეს დავის სუბიექტი, ადასტურებს მისი მოწინააღმდეგე მხარე. ფაქტის აღიარების დროს მხარე ცნობს დავის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, რაც სასამართლომ შეიძლება საკმარის საფუძვლად მიიჩნიოს გადაწყვეტილების გამოტანისას და დაეყრდნოს ამ აღიარებას.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე იზოლდა ხაბურზანას არც მოსამზადებელ და არც მთავარ სხდომაზე მკაფიოდ და ცალსახად არ უღიარებია მოსარჩელესთან სასესხო ურთიერთობის არსებობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ორაზროვანი ან ბუნდოვანი ახსნა-განმარტებების, საიდანაც მხარის ნება ნათლად არ იკვეთება, არ შეიძლება აღიარებად ჩაითვალოს (ის. სუსგ. ას-228-215-2015).

 

რაც შეეხება მოწმის ჩვენებას, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. აღნიშნული მუხლის ანალიზიდან გამომდინარე, სესხის ხელშეკრულება არ წარმოადგენს ფორმასავალდებულო გარიგებას და იგი შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით. ზეპირი ფორმით დადებული ხელშეკრულების დროს მხოლოდ მოწმის ჩვენება არასაკმარის მტკიცებულებად არის მიჩნეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ მოწმედ დაკითხული გულნაზი ღვინიაშვილის ჩვენება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის არასაკმარისი მტკიცებულება იქნებოდა, გარდა ამისა უნდა აღნიშნოს, რომ მოწმეს არ დაუდასტურებია ი-----–----------------ასა და მ-----------–---–-ას შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა, მან დაადასტურა, რომ მას, როგორც ი-----–----------------ას მეგობარს მოსარჩელემ ასესხა თანხა და იგი აღიარებდა მის მიმართ ვალის არსებობას.

 

აღნიშნულიდან გამომდიანრე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სარჩელის საფუძლვიანობა, რის გამოც იგი არ კმაყოფილდება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სსსკ-ის 55-ე მუხლით გათვალისწინებული ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ ანგარიშსწორების წინაპირობა არ არსებობს, რის გამოც საპროცესო ხარჯი უნდა გადაწყდეს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი არ კმაყოფილდება და ამასთან, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ-----------–---–-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელე მ-----------–---–-ას უარი ეთქვას მოპასუხე ი-----–----------------ასათვის 1800 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე

3. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟი გადახდისგან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, ანა კალანდაძის ქუჩა №7ა).

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლელა ცანავა