გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/2444-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - ც---–-------–---–ი
წარმომადგენლები: გ-----–--------------------–-------–-–---–-
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 22 იანვრის №0------ გადაწყვეტილება;
1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ც---–-------–---–ისთვის 2016 წლის 15 სექტემბრიდან კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის - 900 ლარის ოდენობით (1200 ლარის 75%) დანიშვნის შესახებ;
1.3. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ც---–-------–---–ს აუნაზღაუროს განსხვავებული თანხა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნიდან - 2016 წლის 15 სექტემბრიდან დღემდე.
2. მოპასუხის პოზიცია
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ 2016 წლის 21 ოქტომბერს წარდგინებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ამავე სასამართლოს ყოფილი წევრის, გარდაცვლილი მოსამართლის ნ-----–--------------–---–ის ქვრივის, ც---–-------–---–ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 2016 წლის 21 ოქტომბრის №0--------------- წარდგინება (ს.ფ. 77).
3.2. ც---–-------–---–მა 2016 წლის 26 ოქტომბერს მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრის, გარდაცვლილი ნ-----–--------------–---–ის მეუღლემ და მარჩენალის დაკარგვის საფუძვლით, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა მოითხოვა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ც---–-------–---–ისთვის დასანიშნი სახელმწიფო კომპენსაცია განისაზღვრა 900 ლარით.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 31 ოქტომბრის N2----- გადაწყვეტილების თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ც---–-------–---–ისთვის, მარჩენალის - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის - ნ-----–--------------–---–ის გარდაცვალების გამო დანიშნული სახელმწიფო კომპენსაცია, შესაბამისობაში იქნა მოყვანილი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლთან და 2016 წლის 15 სექტემბრიდან ც---–-------–---–ისთვის გასაცემი კომპენსაცია 560 ლარით განისაზღვრა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 31 ოქტომბრის №2----- გადაწყვეტილება (ს.ფ. 64);
- ინფორმაცია ელექტრონული ბაზიდან (ს.ფ. 65).
3.3. ც---–-------–---–მა 2019 წლის 16 იანვრის №5--- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის - მეუღლის კომპენსაციის 75%-ის დანიშვნა და განსხვავებული თანხის კომპენსაციის დანიშვნიდან დღემდე ანაზღაურება მოითხოვა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 22 იანვრის N0------ გადაწყვეტილების თანახმად, ც---–-------–---–ს 2019 წლის 16 იანვრის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და ანაზღაურებული თანხის გადასინჯვის სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს არ გააჩნდა, კერძოდ: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) კომპენსაცია ენიშნებათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ სასამართლოს კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 31 ოქტომბრის N2----- გადაწყვეტილების საფუძველზე, ც---–-------–---–ისთვის 900 ლარის ოდენობით დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის თანხა, შესაბამისობაში იქნა მოყვანილი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლთან და 2016 წლის 15 სექტემბრიდან ც---–-------–---–ისთვის გასაცემი კომპენსაცია განისაზღვრა 560 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ც---–-------–---–ის 2019 წლის 16 იანვრის №5--- განცხადება (ს.ფ. 75-76);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 22 იანვრის №0------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 70).
3.4. ც---–-------–---–მა სასარჩელო განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 31 ოქტომბრის №2----- გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 22 იანვრის №0------ გადაწყვეტილება; დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ც---–-------–---–ს 2016 წლის 15 სექტემბრიდან დაენიშნება კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაცია 900 ლარის ოდენობით (1200 ლარის 75%); დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აუნაზღაუროს ც---–-------–---–ს განსხვავებული თანხა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნიდან - 2016 წლის 15 სექტემბრიდან დღემდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის განჩინებით ც---–-------–---–ის სარჩელზე, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 31 ოქტომბრის №2----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესხებ, შეწყდა საქმის წარმოება, დაუშვებლობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის განჩინება საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ც---–-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 22 იანვრის №0------ გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამასთან, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემასაც ითხოვს მოსარჩელე და რომლითაც ც---–-------–---–ს 2016 წლის 15 სექტემბრიდან დღემდე კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაცია - 900 ლარი (1200 ლარის 75%) დაენიშნება.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს შეესაბამება თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის თანხის ანაზღაურების დაკისრების შესახებ.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულია კომპენსაციის/სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლები, მათ შორის, პირთა წრე, ვის შეიძლება დაენიშნოს კომპენსაცია და ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში ხდება კომპენსაციის დანიშვნა. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს, ხოლო პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება; ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება.
სასამართლო ასევე მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) კომპენსაცია ენიშნებათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა.
საქმის მასალების თანახმად დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრის, გარდაცვლილი მოსამართლის - ნ-----–--------------–---–ის მეუღლეს. ასევე დადგენილია, რომ ნ-----–--------------–---–ი გარდაიცვალა 2016 წლის 15 სექტემბერს და მისი მეუღლე - ც---–-------–---–ი კომპენსაციის დანიშვნას ითხოვდა მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით, რაც განხორციელდა, კერძოდ, მარჩენალის დაკარგვის საფუძვლით, ც---–-------–---–ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 900 ლარის ოდენობით, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 31 ოქტომბრის N2----- გადაწყვეტილების თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ც---–-------–---–ისთვის, მარჩენალის - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის - ნ-----–--------------–---–ის გარდაცვალების გამო დანიშნული სახელმწიფო კომპენსაცია შესაბამისობაში იქნა მოყვანილი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლთან და 2016 წლის 15 სექტემბრიდან ც---–-------–---–ისთვის გასაცემი კომპენსაცია 560 ლარით განისაზღვრა.
2019 წლის 16 იანვარს, ც---–-------–---–მა №5--- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის - მეუღლის კომპენსაციის 75%-ის დანიშვნა და განსხვავებული თანხის კომპენსაციის დანიშვნიდან განცხადების წარდგენის დღემდე ანაზღაურება მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 22 იანვრის №0------ გადაწყვეტილებით ც---–-------–---–ისთვის დანიშნული კომპენსაციის ოდენობა მიჩნეული იქნა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნულად და მას უარი ეთქვა ანაზღაურებული თანხის ოდენობის გადასინჯვაზე, სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის მოტივით.
6.3. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კომპენსაციის მიღების უფლების წარმოშობის საფუძვლები და ოდენობა განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონით.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 1200 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გარდაცვალებისას, აგრეთვე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობისას, მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.
სასამართლო კვლავ მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) კომპენსაცია ენიშნებათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ მოსარჩელისათვის დასანიშნი კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრა 900 ლარის ოდენობით, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 31 ოქტომბრის №2----- გადაწყვეტილებით, ც---–-------–---–ის მიმართ გასაცემმა თანხის ოდენობამ საბოლოოდ 560,00 ლარი შეადგინა და ამ ნაწილში მოპასუხემ იხელმძღვანელა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“ ან „პ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობისა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს.
ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა კანონის მითითებული დათქმით სახელმწიფო კომპენსაციის მაქსიმალურ ოდენობასთან დაკავშირებით და განმცხადებელს სახელმწიფო კომპენსაცია დაუნიშნა 560 ლარის ოდენობით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ზემოაღნიშნულ პოზიციას და განმარტავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, ხოლო მე-20 მუხლი - სპეციალურ ნორმას, რომელიც უშუალოდ ეხება გარდაცვლილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის (ყოფილი) შრომისუუნარო მეუღლეს და ადგენს კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის წესს (კომპენსაცია ინიშნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით). შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სადავო საკითხი გადაეწყვიტა არა ზოგადი, არამედ სპეციალური ნორმის საფუძველზე, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავს მსგავსი კატეგორიის პირთათვის კომპენსაციის თანხის ოდენობას. სასამართლოს დასკვნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ არასწორად შეაფასა სამართლებრივი გარემოებები, რამდენადაც სპეციალურ ნორმასთან მიმართებაში უპირატესობა მიანიჭა ზოგადი ხასიათის ნორმას, რომლითაც დადგენილია სახელმწიფო კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა და სპეციალური დათქმის/ნორმის უგულებელყოფით მიიღო სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილება ამ ნაწილში.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება კომპეტენტურ ორგანოს წარედგინება ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში კომპენსაცია ინიშნება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად; კერძოდ, კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის განჩინებით ც---–-------–---–ის სარჩელზე, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 31 ოქტომბრის №2----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, შეწყდა საქმის წარმოება, დაუშვებლობის გამო. ამდენად, სასამართლოს მიერ არსებითად არ შეფასებულა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 31 ოქტომბრის №2----- გადაწყვეტილება, რომლითაც ც---–-------–---–ს 560,00 ლარის ოდენობით სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა. შესაბამისად, სასამართლო 2019 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ც---–-------–---–ის 2019 წლის 16 იანვრის განცხადება 2019 წლის 1 თებერვლიდან (კომპენსაციის დანიშვნის შესახებ 2019 წლის 16 იანვრის განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან) კომპენსაციის - 900 ლარის დანიშვნისა და ამავე პერიოდიდან მიუღებელი კომპენსაციის სხვაობის ანაზღაურების შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამასთან, ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 22 იანვრის №0------ გადაწყვეტილება, ც---–-------–---–ისთვის კანონით გათვალისწინებული ოდენობით სახელმწიფო კომპენსაციის (900 ლარი, 1200 ლარის 75%) 2019 წლის 1 თებერვლიდან (განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან) დანიშვნისა და ამავე პერიოდიდან მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის თანხის სხვაობის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში; ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ც---–-------–---–ისთვის კანონით გათვალისწინებული ოდენობით სახელმწიფო კომპენსაციის (900 ლარი, 1200 ლარის 75%) 2019 წლის 1 თებერვლიდან (განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან) დანიშვნის შესახებ და ამავე პერიოდიდან აუნაზღაუროს სახელმწიფო კომპენსაციის თანხა მიუღებელი სხვაობის სახით (900-560 ლარი).
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ განხორციელებულიყო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის კონკრეტული ქმედების დავალება შესაძლოა განხორციელდეს მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება კონკრეტულ საქმესთან მიმართებით მიღებულ იქნება კანონის მოთხოვნათა დაუცველად. როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლოს მიერ არსებითად არ შეფასებულა ც---–-------–---–ისთვის 560,00 ლარის ოდენობით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის გადაწყვეტილება, ვინაიდან ამ უკანასკნელ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ საქმის წარმოება შეწყდა.
ამასთან, სასამართლომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 22 იანვრის N0------ აქტი ბათილად ცნო ც---–-------–---–ისთვის კანონით გათვალისწინებული ოდენობით სახელმწიფო კომპენსაციის (900 ლარი, 1200 ლარის 75%) 2019 წლის 1 თებერვლიდან (განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან) დანიშვნისა და ამავე პერიოდიდან მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის თანხის სხვაობის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამავე დროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ც---–-------–---–ისთვის კანონით გათვალისწინებული ოდენობით სახელმწიფო კომპენსაციის (900 ლარი, 1200 ლარის 75%) 2019 წლის 1 თებერვლიდან (განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან) დანიშვნისა და ამავე პერიოდიდან მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის თანხის სხვაობის (900-560 ლარი) ანაზღაურების შესახებ, შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა 2016 წლის 15 სექტემბრიდან 2019 წლის 1 თებერვლამდე მიუღებელი თანხის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები:
მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ც---–-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 22 იანვრის №0------ გადაწყვეტილება, ც---–-------–---–ისთვის კანონით გათვალისწინებული ოდენობით სახელმწიფო კომპენსაციის (900 ლარი, 1200 ლარის 75%) 2019 წლის 1 თებერვლიდან (განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან) დანიშვნისა და ამავე პერიოდიდან მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის თანხის სხვაობის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში;
3. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ც---–-------–---–ისთვის კანონით გათვალისწინებული ოდენობით სახელმწიფო კომპენსაციის (900 ლარი, 1200 ლარის 75%) 2019 წლის 1 თებერვლიდან (განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან) დანიშვნის შესახებ და ამავე პერიოდიდან აუნაზღაუროს სახელმწიფო კომპენსაციის თანხა მიუღებელი სხვაობის სახით (900-560 ლარი);
4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მეშვეობით, 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე