გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/788-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31.10.2019 წ. ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე გ------ მ--------ი
მოპასუხე: შპს "ნ-----–--------------------------ი"
წარმომადგენელი დირექტორი თამაზ ღურჭუმალიძე
დავის საგანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ნ-----–--------------------------ისათვის გ------ მ--------ის სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასის 7200 ლარის გადახდის დაკისრება.
1.2. შპს ნ-----–--------------------------ისათვის გ------ მ--------ის სასარგებლოდ ხელფასის გადახდის დაგვიანების გამო ყოველდღიურად 0,07%-ის დაკისრება ჯამურად 14 061,60 ლარის დაკისრება.
გ------ მ--------ი მოითხოვს შპს ,,ნ-----–--------------------------ს" დაეკისროს მოსარჩელის კუთვნილი მიუღებელი ხელფასის 7200 ლარის გადახდა, რაც არ მიუღია 2003 წლის 1 აპრილიდან 2008 წლის 1 იანვრამდე. ასევე მოპასუხეს დაევალოს დაყოვნებული მიუღებელი სახელფასო თანხის 7200 ლარის 0.07%-ის გადახდა 2790 დღეზე, რაც შეადგენს 14 061,60 ლარს.
მოსარჩელის განმარტებით, 2003 წლის 1 აპრილიდან დაინიშნა შპს „ნ-----–--------------------------ის“ გარდაბნის პუნქტის უფროსად, მის მოვალეობაში შედიოდა გარდაბნის პუნქტის ბალანსზე რიცხული ქონების, შენობა-ნაგებობების და ტექნოლოგიური დანადგარების მოვლა-პატრონობა. 2008 წელის 1 იანვარს იგი გაათავისუფლეს სამსახურიდან იმ მიზეზით, რომ 2008 წლის დასაწყისიდან მოხდა შპს ‘ნავთლუღის პურპროდუქტის“ გასხვისება, თუმცა დღემდე შპს ნ-----–--------------------------ი აგრძელებს მუშაობას, რაზეც მიუთითებს სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი. 2003 წლის 1 აპრილიდან 2008 წლის 1 იანვრამდე 60 თვის განმავლობაში ხელფასი არ მიუღია. ხელფასი შეადგენს თვეში 120 ლარს. ხელფასის გადახდის დაგვიანებისათვის მოპასუხეს უნდა დაეკისროს კანონით გათვალისწინებული საურავი 2008 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში ყოველდღიურად 7200 ლარის 0,07%-ის ოდენობით, რაც დღეში 5,04 ლარს შეადგენს, ხოლო საერთო ჯამში 14 062,61 ლარია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე. ასევე განმარტა, რომ მასთან მოსარჩელე დასაქმებული არ იყო. მოსარჩელე 2003 წლის 1 აპრილს დაინიშნა შპს „ნ-----–--------------------------ის“ გარდაბნის პუნქტის უფროსად, ამ იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდი არის 206027930, ეს იურიდიული პირი 2007 წლის 14 დეკემბერს გაიყიდა შპს „ბეზეკზე“. მოპასუხედ მითითებული იურიდიული პირის შპს „ნ-----–--------------------------ის“ კოდია 20609736, რომელსაც არავითარი ქონება არ გააჩნდა და იგი 2008 წლიდან აღარ ფუნქციონირებს. მოპასუხედ მითითებულ იურიდიულ პირს, რომლის სახელწოდებაც ასევე არის შპს "ნავთლუღის პურპროდუქტები“, გ------ მ--------ი სამსახურში არ მიუღია და ვერც გაათავისუფლებდა. მოპასუხეს გ------ მ--------ის მიმართ რაიმე ვალდებულება არა აქვს, რადგან მოსარჩელე მასთან არ მუშაობდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ნავთლუღის პურპოდუქტების დირექტორის გ. ფოცხვერაშვილის 2003 წლის 1 აპრილის ბრძანებით გ------ მ--------ი დაინიშნა გარდაბნის პუნქტის უფროსად, მასვე დაევალა გარდაბნის პუნქტის ბალანსზე რიცხული ქონების შენობა-ნაგებობების ტექნოლოგიური დანადგარების მოვლა-პატრონობა, წარმოების პრივატიზაციამდე.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას
- ბრძანების ასლი (ს.ფ. 15. ტომი 1)
3.1.2. სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია ორი იურიდიული პირი სახელწოდებით შპს „ნ-----–--------------------------ი“. 1998 წლის 19 მარტიდან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია შპს ნ-----–--------------------------ი საიდენტიფიკაციო კოდია 206090736. ეს იურიდიული პირი დასახელებულია მოპასუხედ. მისი დირექტორია თამაზ ღურჭუმალიძე.
2000 წლის 15 ივნისიდან სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა შპს ნ-----–--------------------------ი, რომლის საიდენტიფიკაციო კოდია 206027930. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 16 ოქტომბრის N17462/007-7/4-1509 ბრძანებით ცვლილება განხორციელდა შპს ნ-----–--------------------------ის სამეწარმეო რეგისტრაციის მონაცმეებში, შეიცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს „ბეზეკი“. ამდენად, სახელწოდების შეცვლის შემდეგ ამ იურიდიული პირი სახელწოდება ამჟამად არის შპს ბეზეკი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 16- 17, 20-22, 43-47. ტომი 1)
- შემოსავლების სამსახურის ბრძანების ასლი (ს.ფ. 53-54. ტომი 1)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 138-ე, 140-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 144-ე მუხლი
- შრომის კოდექსის 1-ლი, მე-2, 31-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
მოსარჩელის მოთხოვნა შრომის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან არის წარმოშობილი, რადგან იგი მოითხოვს შრომის ანაზღაურების დაკისრებას 2003-2008 წლების პერიოდისათვის. ამდენად, შრომით ურთიერთობის წარმოშობილია 2006 წლის 25 მაისს შრომის კოდექსის მიღებამდე და არსებობდა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგაც 2008 წლის 1 იანვრამდე. ამჟამად მოქმედი ორგანული კანონი შრომის კოდექსი მიღებულია 2010 წლის 17 დეკემბერს და ძალაშია 2010 წლსი 27 დეკემბრიდან. ამჟამად მოქმედი შრომის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, ეს კანონი ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დროისა. იგივე შინაარსის დებულებას შეიცავდა მანამდე მოქმედი შრომის კოდექსის 53-ე მუხლი, რომელიც მოქმედებდა 2010 წლის 27 დეკემბრამდე. ამდენად, დავის გადასაწყვეტად გამოყენებული იქნას 2010 წლის 27 დეკემბრამდე მოქმედი შრომის კოდექსი, რადგან მოსარჩელე მოითხოვს ხელფასის დაკისრებას 2008 წლის 1 იანვრამდე პერიოდში მუშაობისათვის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო შპს ბეზეკში. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ბრძანებაში გამოსახულ ბეჭედში მითითებულია ამჟამად შპს ბეზეკის სახელწოდებით არსებული იურდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდი. სასამართლო აღნიშნავს, წარმოდგენილ ბრძანებაში საიდენტიფიკაციო კოდი მითითებული არ არის, ბრძანება შესრულებულია ბლანკზე, სადაც მითითებულია შპს ნ-----–--------------------------ის მისამართი თბილისი, სამგორის ჩიხი N5. ამ მისამართზე სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია მოპასუხე შპს ნ-----–--------------------------ი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი შესაგებელი და განაცხადა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ. მოპასუხის განმარტებით, გასულია სახელშეკრულებო დავისათვის გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, 1. შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. 2. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.
სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობაა, რომლის არსია დასაქმებულის მიერ შრომითი მოვალეობის შესრულება დამსაქმებლის მიერ დადგენილი ორგანიზაციული წესების დაცვით, ხოლო დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს გადაუხადოს ხელფასი. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ანაზღაურებადი ხასიათი არის შრომითი ურთიერთობის არსი.
შრომის კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, 3. დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს.
შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მიხედვით, 1. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ მხულის მე-3 პუნქტის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
მოსარჩელე მოითხოვს 2003 წლის 1 აპრილიდან 2008 წლის 1 იანვრამდე მიუღებელი ხელფასის დაკისრებას, ხოლო განსახილველი სარჩელი აღძრულია 2019 წლის 10 მაისს.
შრომის კოდექსის 1-ლი მუხლის მიხედვით, 1. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. 2. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. შრომის კოდექსით დადგენილი არ არის ხელფასის მოთხოვნაზე სარჩელის წარდგენის ნომრები, რის გამოც ამ მოთხოვნაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია მითითებული, რომ „ვინაიდან სახელფასო ანაზღაურება წარმოადგენს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სასარგებლოდ ყოველთვიურად შესასრულებელ ვალდებულებას, მასზე სსკ-ის 129.2-ე მუხლით გათვალისწინებული რეგულაცია გავრცელდება, რომლის მიხედვითაც „ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია“. (იხ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის განჩინება საქმე №ას-566-2019 ; 2019 წლის 15 მარტის განჩინება საქმე №ას-1937-2018)
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
ხელფასის გადახდა პერიოდულად გადახდით, ყოველთვიურად გადახდით უნდა შესრულებულიყო, ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან წარმოშობილი მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლის ვადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.
ვინაიდან მოსარჩელე მოითხოვს 2008 წლის 1 იანვრამდე მიუღებელი ხელფასის დაკისრებას, მას ამ მოთხოვნით სარჩელის აღძვრის უფლება ყველაზე გვიან წარმოეშვა 2008 წელს და ხანდაზმულობის ვადა დასრულდა 2011 წლის 1 იანვარს. შესაბამისად, მოსარჩელეს სარჩელი სასამართლოში უნდა აღეძრა 2011 წლის 1 იანვრამდე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გ------ მ--------მა განსახილველი სარჩელის აღძვრამდე რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენჯერმე წარადგინა სარჩელი, რის გამოც უნდა შეფასდეს ამ სარჩელების წარდგენის გამო ხომ არ შეწყდა ხანდაზმულობის ვადა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის საფუძველზე. ამ ნორმის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.
მითითებული მუხლი ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას კრედიტორის მოქმედებით, როდესაც კრედიტორი საკუთარი მოთხოვნის დაცვის ნებას ავლენს და მიმართავს გარკვეულ ღონისძიებებს დარღვეული უფლების აღსადგენად.
განსახილველი სარჩელის შემოტანამდე გ------ მ--------მა სასამართლოში წარადგინა შემდეგი განცხადებები და სარჩელები:
· პირველად მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 სექტემბერს შპს „ბეზეკის“ მიმართ ხელფასის შესახებ ინფორმაციით გაცემის მოთხოვნით, 2013 წლის 20 სექტემბრის განჩინებით სარჩელის მიღებაზე უარი ეთქვა. განჩინება არ გასაჩივრებულა.
· 2013 წლის 22 ნოემბერს გ------ მ--------მა თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა განცხადება მტკიცებულებების უზრუნველყოფის შესახებ და მოითხოვა შპს ბეზეკიდან მისი ხელფასის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა. 2013 წლის 25 ნოემბრის განჩინებით განცხადება მტკიცებულებათა უზრუნველყოფაზე არ დაკმაყოფილდა. განჩინება არ გასაჩივრებულა.
· 2014 წლის 8 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა განცხადება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ და მოითხოვა შპს ბეზეკისაგან ხელფასის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა. 2014 წლის 11 აგვისტოს განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.
· 2017 წლის 22 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი შპს ბეზეკის მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების 7200 ლარის დაკისრება და პირგასამტეხლოს დაკისრება. 2017 წლის 25 მაისის განჩინებით მოსარჩელეს სარჩელის მიღებაზე უარი ეთქვა და განემარტა, რომ განსჯადობის შესაბამისად სარჩელი უნდა წარედგინა რუსთავის საქალაქო სასამართლოში.
· 2017 წლის 13 ივნისს გ------ მ--------მა რუსთავის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს ბეზეკის მიმართ ხელფასის დაკისრების მოთხოვნით, 2017 წლის 15 ივნისის განჩინებით (მოსამართლე დიანა გოგატიშვილი) სარჩელის მიღებაზე უარი ეთქვა, რაც არ გასაჩივრებულა.
· 2017 წლის 27 ივნისს რუსთავის საქალაქო სასამართლოში წარმოადგინა სარჩელი შპს ნ-----–--------------------------ის მიმართ ხელფასის მოთხოვნით. სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებულია 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით (მოსამართლე დიანა გოგატიშვილი). განჩინება არ გასაჩივრებულა.
ამდენად, საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში არსებული საქმეებით დასტურდება, რომ გ------ მ--------მა ხელფასის დაკისრების საკითხზე სასამართლოში პირველი განცხადება წარმოადგინა 2013 წლის 17 სექტემბერს. მანამდე სასამართლოში სარჩელის ან მტკიცებულებათა უზრუნველყოფის წარმოდგენის შესახებ მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. კერძოდ, ხანდაზმულობის ვადის დენას უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი სარჩელი (განცხადება) წყვეტს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს. სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვისას აუცილებელია, რომ აღნიშნული ორგანო კომპეტენტური იყოს, ანუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება ამ ორგანოსადმი მიმართვის გზით უნდა შეიძლებოდეს. თითოეულმა მხარემ თავად უნდა შეარჩიოს საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სწორი და ეფექტური საშუალება, ამ პირობის დარღვევით გამოწვეული შედეგები კი, თავად მხარის რისკია. (უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 22 აპრილის განჩინებას საქმეზე Nას-1586-1489-2012).
სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულის მოთხოვნა სამეწარმეო იურიდიული პირის მიმართ ხელფასის დაკისრების შესახებ კერძო სამართლის ურთიერთობიდან წარმოშობილი მოთხოვნაა, რომლის განხილვა საერთო სასამართლოების კომპეტენციაა და ეს მოთხოვნა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილება. გ------ მ--------ის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდებოდა იმ შემთხვევაში, თუ იგი სარჩელს ხელფასის მოთხოვნით სასამართლოში წარადგენდა 2011 წლის 1 იანვრამდე. ამასთან, თუკი სასამართლო სარჩელის მიღებაზე უარს ეტყოდა ან სასამართლო მიიღებდა განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, მას ამ განჩინებების კანონიერ ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში განმეორებით უნდა წარედგინა სასამართლოში სარჩელი, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140-? მუხლის თანახმად, 1. სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. 2. თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.
სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლში მითითებული ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძველი - მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, არ გულისხმობს მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმას, რისი საპროცესო-სამართლებრივი შედეგია საქმის წარმოების შეწყვეტა. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი განმეორებით აღძრას სარჩელი იმავე მოთხოვნით, იმავე საგანზე და იგივე მხარეების მიმართ. ასეთ შემთხვევაში სსსკ-ის 186-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო მიიღებს განჩინებას სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში მოსარჩელეს კანონი არ ანიჭებს განმეორებით ამავე სარჩელის აღძვრის უფლებამოსილებას, რის გამოც სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი ასეთ შემთხვევაში არ წარმოიშობა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლში იგულისხმება სასამართლოს მიერ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა ისეთი გარემოების გამო, რომლის აღმოფხვრის შემთხვევაში მოსარჩელე უფლებამოსილია განმეორებით მომართოს სასამართლოს საერთო საფუძველზე 6 თვის ვადაში. მოსარჩელის ასეთი მოქმედება იწვეს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ თავდაპირველი სარჩელი ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე იყო წარდგენილი.
ამ შემთხვევაში გ------ მ--------ს 2011 წელის 1 იანვრამდე სასამართლოში სარჩელი არ აღუძრავს ხელფასის დაკისრების მოთხოვნით, რის გამოც მან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გაუშვა. სასარჩელო ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძველი არ არის პროკურატურისათვის მიმართვა, რადგან ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იწვევს დავის გადაწყვეტისათვის უფლებამოსილი ორგანოსათვის მიმართვა, ხოლო შრომითი დავის გადაწყვეტის უფლებამოსილება გააჩნია სასამართლოს, სადაც მოსარჩელეს 2011 წლამდე უნდა აღეძრა სარჩელი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ხანდაზმულია ასევე ხელფასის დაგვიანებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა. მოსარჩელე მოითხოვს ამ თანხის დაკისრებას 2008 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში. ფორმალური თვალსაზრისით ამ მოთხოვნით სარჩელი აღძრულია ხანდაზმულობისათვის დადგენილ 3 წლიან ვადაში - რუსთავის საქალაქო სასამართლოში პირველი სარჩელი ამ მოთხოვნით აღძრულია 2017 წლის 27 ივნისს, თუმცა ამ მოთხოვნას დამოუკიდებელი ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია და მასზე ვრცელდება მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა და დამოუკიდებლად მისი ხანდაზმულობის ვადა არ აითვლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლის მიხედვით, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო არის ხელფასის გადახდის დაგვიანების გამო წარმოშობილი დამატებითი მოთხოვნა, რის გამოც მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო ეს მოთხოვნაც ხანდაზმულია.
იურიდიულ ლიტერატურაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ასეთ დამატებით მოთხოვნებს განეკუთვნება გირაო, თავდებობა, პირგასამტეხლო, პროცენტი, ასეთი ასევე შეიძლება იყოს ნივთისა და უფლების ნაყოფი (154) და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებები; დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკით დამატებითი მოთხოვნები გაიგივებულია აქცესორულ უფლებებთან. სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის მიხედვით, აქცესორულია უფლებები, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს. პირგასამტეხლო აქცესორული მოთხოვნაა, რადგან იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოიშობა, თუ ძირითადი ვალდებულება არ შესრულდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
ამდენად, სადაო ურთიერთობაში უფლების დარღვევა გამოწვეულია ხელფასის გადაუხდელობით. ეს არის მოსარჩელის ძირითადი, მთავარი მოთხოვნა, რომლის ხანდაზმულობის გამო ხანდაზმულია ასევე აქცესორული, დამატებით, მეორადი მოთხოვნა - ხელფასის დაგვიანებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ამდენად, კრედიტორის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვება მოვალეს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას ანიჭებს, ხოლო კრედიტორის მოთხოვნა ქარწყლდება, განუხორციელებელი ხდება. ამ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელის საწინააღმდეგოდ განაცხადა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ, რაც ხანდაზმული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აბსოლუტური, შეუზღუდავი უფლება არ არის და ამ უფლების შეზღუდვის ერთერთი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური საფუძველია უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის ვადის არსებობა. უფლების რეალურად დაცვისათვის აუცილებელია დაინტერესებულმა პირმა დროულად მიმართოს სასამართლოს, დაიცვას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებაში საქმეზე „ზოლოტასი საბერძნეთის წინააღმდეგ (No. 2) (საჩივარი no. 66610/09) მითითებულია, „43. სასამართლო დამატებით იმეორებს მის პრეცედენტულ სამართალს იმ თვალსაზრისით, რომ ფაქტი იმის შესახებ, რომ მომჩივანის მოთხოვნები ექვემდებარება ხანდაზმულობის ვადას, თავისთავად არ წარმოშობს რაიმე საკითხს კონვენციასთან მიმართებაში. ხანდაზმულობის ვადები არის ჩვეულებრივი მახასიათებელი მონაწილე სახელმწიფოების ადგილობრივი სამართლებრივი სისტემებისათვის, შექმნილი იმისათვის, რომ უზრუნველყოს სამართლებრივი სიცხადე და საბოლოობა და თავიდან აიცილოს უსამართლობა, რაც შეიძლება წარმოიშვას თუ სასამართლოები ვალდებულნი იქნებიან მიიღონ გადაწყვეტილება ისეთ მოვლენებზე, რასაც ადგილი ქონდა შორეულ წარსულში (იხილეთ J.A. Pye (ოქსფორდი) ლიმიტიდ ეტ J.A. Pye (ოქსფორდი) ლენდი ლიმიტიდ გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ[GC], no. 44302/02, § 68, ECHR 2007-III, და სტუბინგსი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 22 ოქტომბერი 1996, § 51, ანგარიშები და გადაწყვეტილებები, 1996-IV).
ხანდაზმულობა სამართლიანი სასამართლო უფლების მნიშვნელოვანი ელემენტია ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებებითაც. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2013 წლის 05 ნოემბრის გადაწყვეტილებაში (საქმეზე ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განმარტა, რომ „მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება. „სასამართლოსადმი მიმართვის უფლება ვერ იქნება გაგებული აბსოლუტური სახით, პროცესუალურ-სამართლებრივი წესრიგის გარეშე, რაც უფლების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
ამავე გადაწყვეტილებაში, სასამართლომ განმარტა, რომ „ზოგადად, ვადებს დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლებრივ ურთიერთობებში წესრიგის შეტანისთვის. დროის ფაქტორი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს პირთა შორის ურთიერთობების სამართლებრივ მოწესრიგებაში. გარკვეული დროის დადგომას ან ვადის გასვლას უკავშირდება კონკრეტული იურიდიული შედეგები – სამართლებრივი ურთიერთობების (შესაბამისად პირთა უფლებებისა ან/და მოვალეობების) წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. ხანდაზმულობით უფლების შეძენის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 165-ე და 167-ე მუხლები; ვადებს მნიშვნელოვანი წესრიგი შეაქვს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის პროცესშიც.Dდრო სამართლიანი სასამართლოს უფლებას გასდევს მთლიანად უფლებით სარგებლობის განმავლობაში. ხშირ შემთხვევაში, ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა თავიდანვე გარკვეული დროით არის პირობადებული – ამა თუ იმ უფლების, ინტერესის დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვა უფლების დარღვევიდან გარკვეული ვადით არის შეზღუდული (მაგალითად, საარჩევნო უფლების დაცვისას). ასევე კანონმდებლობა ვადებით ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ისეთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტების გამოყენებას, როგორებიცაა – სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრების უფლება. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაც განსაზღვრავს სასამართლოში საქმეთა განხილვის წესს და მათ შორის ვადებს, რომლის განმავლობაშიც მხარემ უნდა შეასრულოს მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ მოქმედების მოგვიანებით შესრულების უფლებას; 18. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას“.
ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოთაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარეობს, რომ ხანდაზმულობის ინსტიტუტი კონსტიტუციური მართლწესრიგის შემადგენელი ნაწილია და მიმართულია ეკონომიკური ურთიერთობების მონაწილეთა სამართლებრივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
ხანდაზმულობის არსებობის მიზანია მხარეებს შორის სამართლებრივი დავის სწორად და ეფექტურად გადაწყვეტის ხელშეწყობა, რადგან სასამართლოში დავა წყდება მტკიცებულებების საფუძველზე. უფლების დარღვევას გარკვეული მოვლენა, ხდომილება იწვევს, საიდანაც ხანგრძლივი დროის გასვლის გამო შესაძლებელია მტკიცებულება განადგურდეს, შეიცვალოს ან მისი მიპოვება გართულდეს. მტკიცებულება მხოლოდ წერილობით საბუთი არ არის, მტკიცებულებაა ასევე მოწმის ჩვენება, ხოლო მოვლენიდან დიდი დროის შემდეგ გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება. ამდენად, ხანგრძლივი დროის გასვლის გამო შესაძლოა საქმეში არასანდო მტკიცებულებები აღმოჩნდეს, რაც ხელს უშლის საქმის გარემოებების ობიექტურად დადგენას. ვადის გასვლის შემდეგ უფლება შესაძლოა ვეღარ განხორციელდეს, რადგან ხანდაზმული ვალდებულების შესრულება მოვალის ნებაზე დამოუკიდებული (სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი). თუკი მოვალე ხანდაზმული მოთხოვნის შესრულებაზე უარს აცხადებს, ეს ვალდებულება იძულებით ვეღარ შესრულდება. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის დაწესებით სამართლურთიერთობის მონაწილეებს კანონმდებელი კონკრეტულ ვადაში უფლების დაცვისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი მოთხოვნის განხორციელება მთლიანად მოვალის ნებაზე იქნება დამოკიდებული.
ამ შემთხვევაში, გ------ მ--------მა ხელფასის მოთხოვნით სასამართლოში დავა დაიწყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც მისი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამ ნორმის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელე გათავისუფლებულია შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ანაზღაურების მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც საქმეზე მოპასუხეს არ ეკისრება სახელმწიფო ბიუჯეშტი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება, რის გამოც ამ საქმეზე სასამართლო ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს გ------ მ--------ის სარჩელი შპს ნ-----–--------------------------ის მიმართ ხელფასის და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ;
2. მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხრისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი