გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.10.2019
საქმის ნომერი
330210019003032602
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
24.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/13179-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი დალი მახაური

 

მოსარჩელე - სს „სა-------------------------–----ი“

მოსარჩელის წარმომადგენელი - სა-–-----------ე, სე---–-----------ე,მოპასუხე - შპს „გ-“

მოპასუსის წარმომადგენელი - სა-–-----------ე

 

დავის საგანი - სადაზღვევო ურთიერთობიდან გამომდინარე თანხის დაკისრება.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შპს „გ-“-სთვის სს „სა-------------------------–----ის“ სასარგებლოდ სადაზღვევო ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი სადაზღვევო პრემიების 2 363 აშშ დოლარის დაკისრება.

 

2.1 სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2.1.1 2016 წლის 19 მაისს შპს „გ-“-ს და სს „სა-------------------------–----ს“ შორის დაიდო სადაზღვევო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გაიცა სადაზღვევო პოლისები. ხელშეკრულების თანახმად მზღვეველი სს „სა-------------------------–----ი“ საკუთარ თავზე იღებდა შპს „გ-“-ს მფლობელობაში არსებული ავტომანქანების და მანქანა-დანადგარების დაზღვევას. დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, მზღვეველი უფლებამოსილია მოითხოვოს სადაზღვევო პრემიის გადახდა და ვალდებულია, აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანი. თავის მხრივ, დამზღვევი უფლებამოსილია, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ვალდებულია, შეთანხმებული ჯერადობით და ოდენობით იხადოს სადაზღვევო პრემია.

 

მხარეებს შორის გაფორმებული ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი M--------------ის მიხედვით, სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 20.05.2016წ.-დან 20.05.2017წ.-მდე. დაზღვევის პრემიის ოდენობა შეადგენდა 849 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, გადახდის დღისათვის არსებული კურსის მიხედვით პრემიების გადახდა უნდა განხორციელებულიყო 4-ჯერ, 212.25 აშშ დოლარის ოდენობით, მოპასუხემ პირველი სამი გადახდა განახორციელა სრულად, ხოლო ბოლო თვეს გადაიხადა თანხის ნაწილი - 184 აშშ დოლარი, მოსარჩელე მოითხოვს დარჩენილი 28 აშშ დოლარის გადახდას;

 

ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი M--------------ის მიხედვით, სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 19.11.2016 წ.-დან 19.11.2017 წ.-მდე. სადაზღვევო პრემიის ოდენობა შეადგენდა 801 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, გადახდის დღისათვის არსებული კურსის მიხედვით. პრემიების გადახდა უნდა განხორციელებულიყო 4-ჯერ, 200.25 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხემ პირველი ორი გადახდა განახორციელა სრულად, ხოლო ბოლო ორი - აღარ. 2017 წლის 22 სექტემბრის დებიტორული წერილის საფუძველზე პოლისის მოქმედება დროზე ადრე შეწყდა. გამომუშავებულმა გადაუხდელმა პრემიამ შეადგინა 271 აშშ დოლარი, რაც უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს.

 

ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი M--------------ის მიხედვით, სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 05.01.2017 წ.-დან 05.01.2018 წ.-მდე. სადაზღვევო პრემიის ოდენობა შეადგენდა 300 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, გადახდის დღისათვის არსებული კურსის მიხედვით. პრემიების გადახდა უნდა განხორციელებულიყო 4-ჯერ, 75 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხემ გრაფიკით გათვალისწინებული მხოლოდ ერთი გადახდა განახორციელა. 2017 წლის 22 სექტემბრის დებიტორული წერილის საფუძველზე პოლისის მოქმედება დროზე ადრე შეწყდა. გამომუშავებულმა გადაუხდელმა პრემიამ შეადგინა 138 აშშ დოლარი, რაც უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს.

 

ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი M--------------ის მიხედვით, სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 14.02.2017 წ.-დან 14.02.2018 წ.-მდე. დაზღვევის პრემიის ოდენობა შეადგენდა 2 875 აშშ დოლარს. პრემიების გადახდა უნდა განხორციელებულიყო 6-ჯერ, 479.25 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხემ გრაფიკით გათვალისწინებული მხოლოდ ორი გადახდა განახორციელა. 2018 წლის 3 იანვრის დებიტორული წერილის საფუძველზე პოლისის მოქმედება დროზე ადრე შეწყდა. გამომუშავებულმა გადაუხდელმა პრემიამ შეადგინა 1 645 აშშ დოლარი, რაც უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს.

 

მანქანა-დანადგარების დაზღვევის პოლისი C---------------ის მიხედვით, სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 14.02.2017 წ.-დან 14.02.2018 წ.-მდე. სადაზღვევო პრემია შეადგენდა 1050 აშშ დოლარს. პრემიების გადახდა უნდა განხორციელებულიყო 6-ჯერ, 175 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხემ გრაფიკით გათვალისწინებული მხოლოდ ორი გადახდა განახორციელა. 2017 წლის 22 სექტემბრის დებიტორული წერილის საფუძველზე პოლისის მოქმედება დროზე ადრე შეწყდა. გამომუშავებულმა გადაუხდელმა პრემიამ შეადგინა 280 აშშ დოლარი, რაც უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს.

მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ ჯამში შეადგენს 2 363 აშშ დოლარს.

 

მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებად მოსარჩელე ასახელებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლსა და 799-ე მუხლის მე-2 ნაწილს, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლიდან გამომდინარე, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.

 

2.2. მოპასუხის პოზიცია:

2.2.1 მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 23 მაისს გაგზავნილი წერილით მოპასუხეს ეთხოვა ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისების გაუქმება, შესაბამისად მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა და სარჩელი სამართლებრივად გაუმართავია.

 

მოპასუხის წარმომადგენელმა ზეპირი ახსნა-განმარტებისას მიუთითა, რომ აღნიშნული წერილი შეიცავს შეცდომას, რადგან ის დაწერილია საზოგადოების ბუღალტრის მიერ, რომელიც არ არის გაცნობიერებული სამართლებრივ საკითხებში. თუმცა შპს „გ-“-ს დირექტორს ნამდვილად სურდა სადაზღვევო პოლისების გაუქმება და ის გარემოება, რომ, სავარაუდოდ, ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილის ასლის მოპოვება და მისი მოსარჩელისთვის ჩაბარების დადასტურება ვერ შეძლო, არ მიუთითებს იმას, რომ ეს წერილი არ არსებობდა და ის მოსარჩელეს არ გაგზავნია.

 

ამასთან, სადაზღვევო ხელშეკრულება მოსარჩელეს აძლევდა უფლებას, შეეწყვიტა სადაზვევო ხელშეკრულება სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის გამო, შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის და გადახდის დამატებითი ვადის დაწესების შემდეგ. ამ უფლებით არაკეთილსინდისიერად არ ისარგებლა მოსარჩელემ, თუმცა მას ხელშეკრულების შეწყვეტის ეს უფლება უნდა გამოეყენებინა და არ დალოდებოდა მოპასუხის მხრიდან მორიგი პრემიის გადახდას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სს „სა-------------------------–----ს“ და შპს „გ-“-ს შორის 2016 წლის 19 მაისს დაიდო გენერალური სადაზღვევო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც გაიცა დაზღვევის პოლისები:

- ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი M-------------, რომლითაც სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 20.05.2016წ.-დან 20.05.2017წ.-მდე. დაზღვევის პრემიის ოდენობა შეადგენდა 849 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, გადახდის დღისათვის არსებული კურსის შესაბამისად, ხოლო პრემიების გადახდა უნდა განხორციელებულიყო 4-ჯერ - 212.25 აშშ დოლარის ოდენობით;

- ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი M------------- რომლითაც, სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 19.11.2016 წ.-დან 19.11.2017 წ.-მდე. სადაზღვევო პრემიის ოდენობა შეადგენდა 801 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, გადახდის დღისათვის არსებული კურსის შესაბამისად. პრემიების გადახდა უნდა განხორციელებულიყო 4-ჯერ, 200.25 აშშ დოლარის ოდენობით.

- ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი M------------- რომლითაც, სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 05.01.2017 წ.-დან 05.01.2018 წ.-მდე. სადაზღვევო პრემიის ოდენობა შეადგენდა 300 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, გადახდის დღისათვის არსებული კურსის შესაბამისად. პრემიების გადახდა უნდა განხორციელებულიყო 4-ჯერ, 75 აშშ დოლარის ოდენობით.

- ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი M------------- რომლითაც, სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 14.02.2017 წ.-დან 14.02.2018 წ.-მდე. დაზღვევის პრემიის ოდენობა შეადგენდა 2 875 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, გადახდის დღისათვის არსებული კურსის შესაბამისად. პრემიების გადახდა უნდა განხორციელებულიყო 6-ჯერ, 479.25 აშშ დოლარის ოდენობით (პოლისის დანართი II შესაბამისად).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისები M-------------, M-------------, M-------------, M-------------, ინვოისები, (ს.ფ. 17-31);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

 

3.1.2. სს „სა-------------------------–----ს“ და შპს „გ-“-ს შორის 2017 წლის 14 თებერვლის გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში გაიცა მანქანა-დანადგარების დაზღვევის პოლისი C-------------- რომლითაც, სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 14.02.2017წ.-დან 14.02.2018 წ.-მდე. სადაზღვევო პრემია შეადგენდა 1050 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, გადახდის დღისათვის არსებული კურსის შესაბამისად. პრემიების გადახდა უნდა განხორციელებულიყო 6-ჯერ, 175 აშშ დოლარის ოდენობით (პოლისის დანართი II შესაბამისად).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მანქანა-დანადგარების დაზღვევის C--------------, ინვოისები, (ს.ფ. 32-34);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

 

3.1.3. სადაზღვევო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება, ავტოტრანსპორტის შემდეგი სადაზღვევო პოლისების მიხედვით შეადგენს: M------------- - 28 აშშ დოლარს, M------------- – 271 აშშ დოლარს, M------------- - 138 აშშ დოლარს, M------------- 1 645 აშშ დოლარს, ხოლო მანქანა-დანადგარების დაზღვევის C-------------- ხელშეკრულების მიხედვით - 280 აშშ დოლარს.

 

დავალიანების საერთო ოდენობა შეადგენს 2 363 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.4. 2017 წლის 23 აგვისტოს სს „სა-------------------------–----მა“ წერილობით მიმართა შპს „გ-“-ს და 2016 წლის 19 მაისის და 2017 წლის 14 თებერვლის სადაზღვევო ხელშეკრულებების საფუძველზე, სადაზღვევო პოლისებიდან: M-------------, M------------- და C-------------- გამომდინარე დავალიანების 725.52 აშშ დოლარის გადახდის ვადის გადაცილების გამო, გადახდის დამატებითი ორკვირიანი ვადის დაწესებით, გააფრთხილა ხელშეკრულების შეწყვეტისა და ზარალის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ. იქვე აცნობა, რომ გაფრთხილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში სა-------------------------–----ი ცალმხივად შეწყვეტდა ხელშეკრულებას.

 

2017 წლის 30 ნოემბერს მოსარჩელემ იგივე გაფრთხილების წერილი გაუგზავნა მოპასუხეს 2016 წლის 19 მაისის სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული M------------- პოლისიდან წარმოშობილი დავალიანების 1 437.46 აშშ დოლარის გადაუხდელობის გამო და განუმარტა, რომ თუ გაფრთხილების მიღებიდან ორი კვირის ვადაში მოპასუხე არ უზრუნველყოფდა პრემიის დავალიანების გადახდას და თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ დადგებოდა სადაზღვევო შემთხვევა, სადაზღვევო კომპანია გათავისუფლდებოდა დაზღვევის პოლისით გათალისწინებული ვალდებულებისაგან, იმავე წერილით მოსარჩელემ დამატებით აცნობა მოპასუხეს, რომ გაფრთხილების მიღებიდან ერთ თვეში დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში მათი მხრიდან ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდებოდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს „სა-------------------------–----ის“ 23.08.2019წ. და 30.11.2017წ. გაფრთხილებები, (იხ.24.10.2019 სასამართლო სხდომის ოქმის დანართი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სასამართლო ადგენს, რომ მოპასუხე შპს „გ-“-ს მოსარჩელე სს „სა-------------------------–----ისთვის“ მათ შორის გაფორმებული სადაზღვევო პოლისების გაუქმებისა და ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის ნების არსებობის შესახებ არ უცნობებია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.

 

სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი). სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის, ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო ბრუნვის თავისებურების გათვალისწინებით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ვალდებულების არსიდან გამომდინარე, თავადვე აგებს პასუხს იმ სამოქალაქო რისკის თაობაზე, რომელიც ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების მოუპოვებლობას შეიძლება მოჰყვეს შედეგად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ წარმოდგენილია განცხადება, რომლითაც მოსარჩელეს ეთხოვა სადაზღვევო პოლისების მოქმედების შეწყვეტა.

 

მოსარჩელე არ დაეთანხმა წარმოდგენილ განხცადებას და უარყო საერთოდ სადაზღვევო კომპანიისთვის მისი გაგზავნისა და ჩაბარების ფაქტი მოპასუხის მხრიდან. შესაბამისად მხარეებს შორის სადავოა გარემოება, 2018 წლის 23 მაისს გაიგზავნა თუ არა განცხადება, რომლითაც მოსარჩელეს ეთხოვა სადაზღვევო პოლისების მოქმედების შეწყვეტა. მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ განცხადება წესით, გაგზავნილი უნდა ყოფილიყო სწორედ დასახელებული თარიღით, თუმცა ვერ ახსნა მასზე რეკვიზიტების არარსებობის მიზეზი, განმარტა, რომ მასში არსებული შეცდომა მიანიშნებს იმას, რომ შედგენილია იმ პირის მიერ, ვინც სათანადოდ არ იყო გაცნობიერებული სამართლებრივ საკითხებში, კერძოდ, საზოგადოების ბუღალტრის მიერ, თუმცა მოპასუხემ ნამდვილად გამოხატა ხელშეკრულების შეწყვეტის ნება.

 

სასამართლო განუმარტავს მოპასუხეს, რომ წარმოდგენილი განცხადება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმგვარ უტყუარ მტკიცებულებად, რომლის ძალითაც მხარეებს შორის არსებული სადაზღვევო ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულება შეწყდა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე დატანილია შპს „გ-“-ს დირექტორის ხელმოწერა ცოცხლად, დასმულია ცოცხალი ბეჭედი. ამასთან, განცხადებას არ ახლავს შესაბამისი რეკვიზიტები: თარიღი და ნომერი. მოპასუხემ ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ განცხადება გაგზავნილი იყო, ასევე ვერ დაადასტურა განცხადების, რაიმე ფორმით, თუნდაც ელექტრონული ფოსტით მოსარჩელის მიერ მიღების ფაქტი.

 

გარდა ამისა სასამართლო შენიშნავს, მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი განცხადება თავისი ფორმით, დედანი დოკუმენტია. განცხადების დედანი კი, მისი იმ დროს გაგზავნის შემთხვევაში, რა დროზეც მოპასუხის წარმომადგენელი უთითებს - 2017 წლის 23 მაისი, ამ თარიღიდან გონივრულ ვადაში მოსარჩელესთან უნდა აღმოჩენილიყო. ამგვარ გარემოებას მოპასუხე ვერ ადასტურებს. იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელე სადავოდ ხდის ამ წერილის არსებობას, მისი ჩაბარების ფაქტს, მოპასუხე ვალდებულია სასამართლოს სარწმუნოდ დაუდასტუროს, რომ წერილობითი დოკუმენტის გაგზავნით ნამდვილად გამოხატა სადაზღვევო ხელშეკრულების შეწყვეტის ნება, რაც მან ვერ შეძლო.

 

ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო სადავო გარემოების დადასტურება. კერძოდ განცხადების ნამდვილობის, მისი გაგზავნის და მოპასუხისთვის ჩაბარების ფაქტები. შესაბამისად, მხარეებს შორის ხელშეკრულება არ გაუქმებულა, პოლისები კი მოქმედებდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „გ-“-ს განცხადება (ს.ფ. 64);

- მხარეთა ახსნა განმარება (იხ. სხდომის ოქმი)

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „სა-------------------------–----ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს; შპს „გ-“-ს სს „სა-------------------------–----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2 363 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდა ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღისთვის არსებული კურსით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 327-ე, 361-ე, 799-ე, 817-818-ემუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალიწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლელბას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი. ხოლო, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა, ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

 

დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დაზღვევის ხელშეკრულების სინალაგმატური ბუნება მხარეებისთვის ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების დაკისრებით გამოიხატება. მზღვეველი უფლებამოსილია, მოითხოვოს სადაზღვევო პრემიის გადახდა და ვალდებულია, აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანი. თავის მხრივ, დამზღვევი უფლებამოსილია, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ვალდებულია, შეთანხმებული ჯერადობითა და ოდენობით იხადოს სადაზღვევო პრემია. აღნიშნული უფლება-მოვალეობებით განისაზღვრება, მაგრამ არ ამოიწურება დაზღვევის ხელშეკრულების არსი. არამედ, მხარეებს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა სხვა ტიპის ვალდებულებებსაც შეიძლება მოიცავდეს.

 

დაზღვევის ხელშეკრულებაში მხარეთა უფლება–მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ მზღვეველის მიერ გაცემული დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე სადაზღვევო შენატანის გადახდის შემდეგ. ამდენად, დაზღვევის სამართლებრივი ურთიერთობის დაწყება დაკავშირებულია არა მარტო დაზღვევის ხელშეკრულების დადებასთან, არამედ სადაზღვევო პრემიის გადახდასთანაც. ის გარემოება, რომ მზღვეველის მოვალეობა წარმოიშობა არა მხარეთა შეთანხმების, არამედ პრემიის გადახდის მომენტიდან, დაზღვევის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს და აქცევს მას რეალურ ხელშეკრულებად (სსკ 816–ე მუხლი).

 

როგორც საქმის მასალებით იქნა დადგენილი, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში სხვადასხვა დროს გაიცა ოთხი ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი და ერთი მანქანა-დანადგარების დაზღვევის პოლისი. პოლისებით განისაზღვრა სადაზღვევო პრემიის ოდენობა და პერიოდულობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

ამასთან, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული პოლისების შესაბამისად სადაზღვევო შენატანების გადახდის ფაქტები, ამ გადახდების გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც ყოველი შესრულება ადასტურებს სახელშეკრულებო ვალდებულების არსებობას, ხელშეკრულების მოქმედება ეჭვქვეშ არ დამდგარა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იმავე 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

დადგენილია, ასევე რომ შპს „გ--ს“ მიერ დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხოლოდ ნაწილობრივ იქნა პრემიის თანხა გადახდილი და მას სადაზღვევო პრემიის სახით გადასახდელი აქვს 2 363 აშშ დოლარი.

 

6.2. წარმოდგენილი სარჩელით, მოსარჩელე მოითხოვს სადაზღვევო ხელშეკრულებებითა და მათ საფუძველზე გაცემული პოლისებით გათვალისწინებული, მათი მხრიდან გამომუშავებული და მოპასუხის მიერ გადაუხდელი სადაზღვევო პრემიის ანაზღაურებას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ დამზღვევის მხრიდან დაირღვა სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება. ხელშეკრულების პირობების ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის რეგულირების სამართლებრივი მექანიზმი გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლში, რომლის თანახმადაც, თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან, უნდა მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება. თუ ვადის გასვლის შემდეგ დადგება სადაზღვევო შემთხვევა და ამ დროისათვის დამზღვევის მიერ გადაცილებულია შესატანის, ან პროცენტების გადახდის ვადა, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობებისაგან. ამავე კოდექსის 818-ე მუხლის თანახმად კი, თუ დამზღვევმა თავის დროზე არ შეიტანა სადაზღვევო შესატანი, მზღვეველს შეუძლია ერთი თვით ადრე გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მოშალოს იგი.

 

ზემოთ მოხმობილ ნორმათა სამართლებრივი რეგულირების მიზანი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სადაზღვევო შესატანის შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობისას, მზღვეველს ევალება გონივრულ ვადებში შეატყობინოს დამზღვევს მოსალოდნელი შედეგები. მზღვეველის ქცევის ამგვარი სტანდარტის არსებობა განპირობებულია სწორედ კერძო სამართლის სუბიექტების კეთილსინდისიერი ქცევის ფარგლებით (სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი). მართალია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 817-818-ე მუხლები არ წარმოადგენს მავალდებულებელ ნორმებს, მაგრამ სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მზღვეველს მართლზომიერად გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება და სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში, დროულად გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, არ დაელოდოს ხელშეკრულების ვადის გასვლას და სწორედ ამ პერიოდს არ დაუკავშიროს სადაზღვევო შესატანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების რეალიზაცია. (იხ. სუსგ. №ას-1308-1246-2014; 03 აპრილი, 2015 წელი).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 815-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 817-818-ე მუხლებისა და მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, სამოქალაქო სამართალურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების ამოსავალი წერტილია ბუნებითი სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, სამოქალაქო სამართალბრუნვაში ქცევის სტანდარტის განმსაზღვრელია სამართლიანობა, კეთილსინდისიერება და ზნეობრიობა. კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არა ერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს. კანონმდებელი სადაზღვევო ურთიერთობაში მზღვეველს, როგორც დაზღვევის ხელშეკრულების ძლიერ მხარეს ანიჭებს აქტიურ როლს, რაც მისთვის გარკვეული უფლებების განსაზღვრაში გამოიხატება. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიამ კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებები კეთილსინდისიერად უნდა გამოიყენოს და სადაზღვევო ურთიერთობის ფარგლებში არ უნდა შექმნას დამზღვევისათვის უარესი პირობები. (იხ. სუსგ. №ას-1708-1602-2012; 09 ოქტომბერი, 2013 წელი)

 

განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ მოსარჩელემ სადაზღვევო პრემიების გადახდის ვადის გადაცილების გამო, დამატებითი ორკვირიანი ვადა დაუწესა და აცნობა მოპასუხეს, როგორც დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში სადაზღვევო შემთხვევის აუნაზღაურებლობის შესახებ, ისე პრემიის ერთ თვეში გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულებების ცალმხრივად შეწყვეტასთან დაკავშირებული შედეგები.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მოითხოვს უკვე გამომუშავებული სადაზღვევო პრემიების გადახდის დაკისრებას. აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და გაანალიზების შედეგად სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ კეთილსინდისიერად განახორციელა თვისი ვალდებულებები და ხელშეკრულების შეწყვეტის ნება გამოხატა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი ვადის დაწესებით, რაც შესაბამისი მტკიცებულებებით იქნა დადასტურებული.

აღნიშნულის საპირისპიროდ სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება მათი მხრიდან ხელშეკრულებების გაცილებით ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით (იხ. გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტი) და დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა. სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტისკენ მიმართული მოპასუხის ნამდვილი, ცალმხრივი ნების (ხელშეკრულებიდან გასვლა) არსებობა არ იქნა დადგენილი, ხოლო მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის ნება განპირობებული იყო დებიტორული დავალიანების არსებობის საფუძვლით. მოპასუხემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის შესაბამისად აცნობა მოსარჩელეს ხელშეკრულების შეწყვეტის ნების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი უსაფუძვლოა და სასამართლო ვერ გაიზიარებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 815-ე მუხლის პირველი ნაწილით, დამზღვევს სადაზღვევო შესატანის გადახდის ვალდებულება ეკისრება მხოლოდ დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის მიღების შემდეგ. ამავე ნორმის მეორე ნაწილის თანახმად, თუ დაზღვევის ინტერესი დაიკარგა, მაშინ მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება ნაკისრი რისკის ხანგრძლივობას. მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს მომსახურების შესაბამისი ანაზღაურების გადახდა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მზღვეველმა სს „სა-------------------------–----მა“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლის შესაბამისად, შეასრულა ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული ვალდებულება. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ, როგორც ბაზარზე გაბატონებული მდგომარეობის მქონე სადაზღვევო ორგანიზაციამ, კეთილსინდისიერად გამოიყენა თავისი უფლება, შესაბამისად, სათანადოდ განახორციელა ნაკისრი ნდობის ტვირთი და კანონით დადგენილი ფორმით გამოხატა ხელშეკრულების შეწყვეტის ნება.

უფლების მიმართ ამგვარი დამოკიდებულების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „სა-------------------------–----სა“ და შპს „გ-“-ს შორის 2016 წლის 19 მაისს და 2017 წლის 14 თებერვალს გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი სადაზღვევო ურთიერთობა ვადის ამოწურვამდე შეწყვეტილად უნდა იქნეს მიჩნეული ავტომობილებისა და მანქანა-დანადგარების დაზღვევის პოლისების: M-------------, M-------------, M------------- და C-------------- ნაწილში.

 

აღნიშნული კი მოპასუხეს, როგორც დამზღვევს ავალდებულებს, გადაიხადოს გენერალური სადაზღვევო ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი დავალიანება, რომლის ოდენობაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სასამართლოს მიერ დადასტურებულად არის რა მიჩნეული, რომ გადაუხდელი პრემია სადაზღვევო პოლისების: M-------------, M-------------, M-------------, M------------- და C-------------- მიხედვით, შესაბამისად შეადგენს 28, 271, 138, 1 645 და 280 აშშ დოლარს, ამ თანხის ჯამი კი 2 362.62 აშშ დოლარია, უნდა გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ. ამასთან, გადახდა უნდა განხორციელდეს ეროვნული ვალუტით, გადახდის დღისთვის არსებული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შესაბამისი გაცვლითი კურსის შესაბამისად.

 

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 196.2 ლარის ოდენობით.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე შპს „გ-“-ს უნდა დაეკისროს სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ სრულად.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საქპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს „სა-------------------------–----ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს „გ-“-ს სს „სა-------------------------–----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2 363 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდა ეროვნული ვალუტაში, გადახდის დღისთვის არსებული გაცვლითი კურსის შესაბამისად.

 

3. შპს „გ-“-ს სს „სა-------------------------–----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 196.2 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე