გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.11.2019
საქმის ნომერი
050210019003130667
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
22.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050210019003130667

2/671-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22.11.2019 წ. ქ. ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინა კიკნაძე

სხდომის მდივანი თამილა მახარაძე-ბოლქვაძე

მოსარჩელე -სს ,,თი---------ი''

მოსარჩელის წარმომადგენელი -ლე-–--------–აძე

მოპასუხე-- გი------------–--ლი; ხვ----–------ძე; ბე-----–---ა;

დავის საგანი:სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. დაეკისროს მოპასუხეებს- ბე-----–---ას, ხვ----–------ძეს, გი------------–--ლს საბანკო კრედიტის N--------- ხელშეკრულებისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების- 9260.80 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა -6761.56 ლარი, პროცენტი- 327.59 ლარი და ჯარიმა -2171.65 ლარი.

1.2. 2----–-–---------–------- საბანკო კრედიტის N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე -6761.56 ლარზე, ვალდებულებს სრულად შესრულებამდე წლიური 15% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 84.51 ლარს. 2019 სასამართლო სხდომაზე სს ,,თი---------ის'' წარმომადგენელმა ლე-–--------–აძემ მხარი დაუჭირა მის მიერ შემცირებულ სასარჩელო მოთხონას.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე გი------------–--ლმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ. არ ცნო პირგასამტეხლოს ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2----–-–----------------------------------------–----- '' და გი------------–--ლს შორის გაფორმდა N--------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა ვალდებულება, მსესხებლის სახელზე გაიცა სესხი- 10900 ლარის ოდენობით.წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15% კრედიტის ვადა 4 წელი. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად. გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო პირველ ვადაგადაცილბულ დღეზე 10 ლარის ოდენობით და კრედიტის ძირითადი დავალიანების 0.5% ოდენობით.

საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად ხვ----–------ძესა და ბე-----–-------ან 2016 წლის 18 ოქტომბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, თავდებობის პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 15000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება და გრაფიკი (იხ. ს.ფ 19-46);

 

3.2.2. გი------------–--ლის, ხვ----–------ძის და ბე-----–---ას სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი სრული ვალდებულება შეადგენს- 9260.80 ლარს, ძირი-6761.56 ლარი, პროცენტი- 327.59 ლარი და პირგასამტეხლო- 2171.65 ლარი

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- სესხის ამონაწერი;

 

3.2.3. მოპასუხეები- გი------------–--ლი, ბე-----–---ა და ხვ----–------ძე წერილობითი ფორმით გაფრთხილებულ იქნენ ბანკის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულებისა და შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების თაობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გაფრთხილების წერილები და ჩაბარების დასტურები;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს კონსტიტუცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 319-ე, 867-868-ე, 891-892-ე, 327-ე, 463-464-ე, 895-ე, 898-ე, 417-ე, 418-ე, 361-ე, 873-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან არ დაკმაყოფილება უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრობითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

დადგენილია და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მხარეთა შორის წარმოებს საბანკო საკრედიტო ურთიერთობიდან წარმოშობილი კერძო ხასიათის სამართლებრივი დავა. ორივე მხარემ გამოავლინა ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნება, რაც გახდა ხელშეკრულების დადების საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს.

 

სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

 

შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება.

 

საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-888-834-2012).

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხოლო იმავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხის -გიორგი ცუმაშვილის სახელზე გასცა კრედიტი, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელის წინაშე წარმოეშვა დავალიანება, რომლის ანაზღაურება მოსარჩელე სს ,,თი---------ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეებს: გი------------–--ლს, ბე-----–---ას, ხვ----–------ძეს.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია, შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს დავალიანების სრულად დაფარვა.

 

ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში წარმოიშობა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ასევე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებულ დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,თი---------ის” მიერ სრულად იქნა შესრულებული საკრედიტო ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მამუკა ორაგველიძეზე გაიცა კრედიტი. მოვალეთა მხრიდან კი კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის სრულად. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

დადგენილია, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებებში გარკვევითაა აღნიშნული თავდებების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებაში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია და მხარეების მიერ ის სადავოც არ გამხდარა. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა- ბე-----–---ამ და ხვ----–------ძემ მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრეს პასუხისმგებლობა გი------------–--ლის მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

თავდებობა არის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. თავდები ის პირია, რომელიც სხვა პირის კრედიტორის წინაშე კისრულობს პასუხისმგებლობას მოვალესთან ერთად შეასრულოს ის ვალდებულება, რომლის მოთხოვნის უფლებაც კრედიტორს გააჩნია.

 

მოცემულ შემთხვევაში, ხვ----–------ძეს და ბე-----–---ას სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე წარმოშობილია ბანკთან დადებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.

ამავე კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.

სასამართლო განმარტავს, რომ თავდებობა ვალდებულების უზრუნველყოფის პიროვნული საშუალებაა ვინაიდან ამ შემთხვევაში თავდები პირადად აგებს პასუხის კრედიტორის წინაშე მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. თავდებობა არსებობს ჩვეულებრივი და სოლიდარული. ჩვეულებრივი თავდებობის შემთხვევაში თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე მანამ, სანამ კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას. სოლიდარული თავდებობის შემთხვევაში კრედიტორს არ სჭირდება მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობა, იგი უფლებამოსილია უშუალოდ მოსთხოვოს თავდებს ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, კრედიტორი უფლებამოსილია ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს სოლიდარულ თავდებს ძირითადი მოვალის მიმართ პრეტენზიის წარდგენის გარეშეც.

მოცემულ შემთხვევაში, თავდების პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია, როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტის, პირგასამტეხლოსა და სასამართლო ხარჯების ჩათვლით. ამდენად, თავდებმა პირმა უნდა აგოს პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის, თავდებობით გათვალისწინებული მაქსიმალური თანხის ფარგლებში.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც, პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულების თანახმად, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო, რაც მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული.

 

6.10. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ასევე განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.04.2016წ. განჩინება საქმეზე №ას-1053-993-2015). პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის ხელშკრულების დარღვევის ფაქტის მითითება საკმარისია (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.04.2016წ. განჩინება საქმეზე №ას- 1053-993-2015).

შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის დადგომის შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით მისი მინიმალური ოდენობა გარანტირებულად, ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების გარეშე, მარტივად და სწრაფად აუნაზღაურდება კრედიტორს. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.11.2015წ. განჩინება საქმეზე №ას- 816-767-2015).

 

6.11. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, კერძოდ ხელშეკრულებაში არსებობს წერილობითი ჩანაწერი ამის თაობაზე, რის გამოც პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების დამრღვევი მხარისათვის მართლზომიერად უნდა შეფასდეს.

 

6.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი ეს დისკრეციული უფლებამოსილება. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგნია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება.

 

შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად. უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაზომიერების პრინციპი. სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირებისას მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ხოლო კონტიტენტური ევროპის სამართლის ქვეყნების სასამართლოები (მათ შორის, გერმანია), ასევე, უაღრესად დიდ ყურადღებას აქცევენ კრედიტორის ეკონომიურ ინტერესს, კერძოდ, თუ რა ინტერესი და მნიშვნელობა გააჩნია კრედიტორს ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ, რაც განაპირობებს პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციულ ფუნქციას, ზოგჯერ საკმაოდ მაღალსაც კი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

6.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის წერილობითი ფორმით გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხეთა მხრიდან არაერთხელ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გადახდის გრაფიკის შესატყვისად თანხის გადახდის თაობაზე. აღნიშნული გარემოება კი წარმოადგენს საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს.

 

6.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.

 

ვინაიდან, მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს ,,თი---------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ თანხის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, გი------------–--ლს, ხვ----–------ძეს და ბე-----–---ას სს თი---------ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა გადახდეთ სახ. ბაჟის თანხა-231.86 ლარის ოდენობით, ასევე იურიდიული მომსახურების თანხა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სს თი---------ის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრიბვ

1.1.დაეკისროს გი------------–--ლს, ხვ----–------ძეს და ბე-----–---ას სს თი---------ის სასარგებლოდ სოლიდარულად -7306.31 ლარის გადახდა. საიდანაც სესხის ძირი არის-6761.56 ლარი, პროცენტი-327.59 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო-217.16 ლარი.

1.2. დაეკისროს გი------------–--ლს, ხვ----–------ძეს და ბე-----–---ას სს თი---------ის სასარგებლოდ სოლიდარულად 2----–-–---------–------- საბანკო კრედიტის N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე-6761.56 ლარზე, ხელშეკრულების ვადით-2020 წლის 18 ოქტომბრამდე, წლიური 5%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 28.17 ლარს, სულ-422.55 ლარი.

2. დაეკისროს გი------------–--ლს, ხვ----–------ძეს და ბე-----–---ას სს თი---------ის სასარგებლოდ სოლიდარულად სახ. ბაჟის თანხა-231.86 ლარი და იურიდიული მომსახურების თანხა-319.55 ლარი.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარინა კიკნაძე