განაჩენი

სისხლის სამართლის 17.12.2019
საქმის ნომერი
080100119003282885
დავის ტიპი
303 1
თარიღი
17.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119003282885

საქმე №1/1004-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

17.12.2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნანა ჯოხაძე

სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე

 

ბრალდების მხარე:

 

სტაჟიორ-პროკურორი: კა-------------ა

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატი: ნე--------------–-ა

 

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე

№0-----------

 

ბრალდებული: ნო-----ი ახ--–-----ნი

მამის სახელი: შა-–--

დაბადების თარიღი: 1--------- წელი

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

მცხოვრები: ტყ-----–-ს რაიონი, სოფელი კუ-----ი.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა

1.1. 2019 წლის აგვისტოს თვეში, ზუსტი დრო გამოძიებისთვის დაუდგენელია, ტყ-----–-ს რაიონის სოფელ კუ-----ში, სათანადო ნებართვის გარეშე ნო-----ი ახ--–-----ნმა განახორციელა ხე-ბუჩქნარის, კერძოდ 20 ცალი რცხილის და 2 ძირი თხმელის ჯიშის ხის უკანონო გაჩეხვა, რითაც 2120 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიადგა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

3. წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ნო-----ი ახ--–-----ნის მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულმა ნო-----ი ახ--–-----ნმა თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

 

ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნო-----ი ახ--–-----ნის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ნო-----ი ახ--–-----ნის ბრალეულობას, კერძოდ: შეტყობინებით დანაშაულის შესახებ, გარემოს დაცვითი სამსახურიდან გამოგზავნილი მასალებით ხე-ბუჩქნარის უკანონო ჭრაზე და ინფორმაციით ზიანის ოდენობაზე. მოწმეთა ლო----------–---–ის, შა-–-- კვ------ის, ირ---–----–--–--ას გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულის წარმომადგენლის გე-–------------ის გამოკითხვის ოქმით, თავად ნო----- ახ--–-----ნის გამოკითხვის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმით, ცნობით ნასამართლეობის შესახებ, განაჩენით ნო-----ი ახ--–-----ნის მიმართ და საქმეში არსებულ სხვა ინფორმაციათა ერთობლიობით.

 

4. სამართლებრივი შეფასება

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამავე კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, გამოვლენილი არ ყოფილა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულის საგანია ხე-ბუჩქნარი, რომელზე ზემოქმედებითაც ხდება დანაშაულის ჩადენა. საერთოდ ტყით სარგებლობის უფლება სანებართვო ხასიათისაა. ეს უფლება წარმოიშობა ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის, დოკუმენტის საფუძველზე. ხე-ტყის დამზადებისათვის საჭიროა ლიცენზია ან ბილეთი, რომელიც ძალაში შედის გაცემის დღიდან. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) აქტიურ ქმედებაში; ბ) შედეგში და გ) მიზეზობრივ კავშირში. გაჩეხვაში იგულისხმება როგორც ხის ტანის გამოცალკევება ფესვებისაგან (მოჭრა, მოხერხვა), ასევე ხისა და ბუჩქნარის ფესვებიანად ამოთხრა. ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა უკანონოა, როცა იგი ხდება სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის) ან ბილეთის გარეშე. მოქმედება უკანონოა მაშინაც, როცა გაჩეხვა ხდება ლიცენზიაში მითითებული ოდენობის გადამეტებით, ანდა ხე-ბუჩქნარის ის სახეობა, რაზეც არაა გაცემული ლიცენზია. გაჩეხვა უკანონოა მაშინაც, როცა იგი ხდება ტყის იმ მონაკვეთზე, რაც ლიცენზიაში ან ბილეთში არაა მითითებული. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნო-----ი ახ--–-----ნს არ ჰქონდა გაჩეხვისათვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა. შესაბამისად, მის მიერ ხე-ბუჩქნარის, კერძოდ 20 ცალი რცხილის და 2 ძირი თხმელის ჯიშის ხის უკანონოდ გაჩეხვა არამართლზომიერი და მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა.

 

ამასთან, დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის საკმარისის არაა მხოლოდ მოქმედების (უკანონო გაჩეხვა) ჩადენა. აუცილებელია ამ ქმედებამ გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი. მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად, კერძოდ: 2014 წლის 14 იანვრის საქართველოს მთავრობის №54 დადგენილების ტექნიკური რეგლამენტით გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის მე-5 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, გარემოსათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება 1000 (ათასი) ლარით და ზევით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბრალდებულის უკანონო ქმედებით გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 2120 (ორი ათას ას ოცი) ლარი.

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ნო-----ი ახ--–-----ნის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ნო-----ი ახ--–-----ნის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, ნასამართლევი არ არის, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ნო-----ი ახ--–-----ნს არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ნო-----ი ახ--–-----ნმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ისჯება - ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული. სასჯელის შემსუბუქების კუთხით სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებას და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობას. რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ ნო-----ი ახ--–-----ნს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ნო-----ი ახ--–-----ნს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ნო-----ი ახ--–-----ნს ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, აღიარებს დანაშაულს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მას დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ 52-ე მუხლის თანახმად, ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სახეზეა დანაშაულის საგანი/იარაღი და მისი ჩამორთმევა საჭიროა სახელწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან, ასევე, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნო-----ი ახ--–-----ნს დამატებით სასჯელად უნდა განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას - საშეშე ხე-ტყე მოცულობით 2,4 მ. კუბი ღირებულებით 2120 ლარი. (რომელიც ინახება ჭრის ადგილას ტყ-----–-ს რაიონის სოფელ კუ-----ში და ჩაბარებულია თავად ნო----- ახ--–-----ნზე შესანახად);

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე, 63-ე, 64-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-21-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნო-----ი ახ--–-----ნი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნო-----ი ახ--–-----ნს დამატებით სასჯელად განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვას - საშეშე ხე-ტყე მოცულობით 2,4 მ. კუბი ღირებულებით 2120 ლარი. (რომელიც ინახება ჭრის ადგილას ტყ-----–-ს რაიონის სოფელ კუ-----ში და ჩაბარებულია თავად ნო----- ახ--–-----ნზე შესანახად) და სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე მოხდეს მისი საპროცესო კონფისკაცია;

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე და 66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

4. მსჯავრდებულ ნო-----ი ახ--–-----ნს დაევალოს პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი;

 

5. მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან.

 

6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნანა ჯოხაძე