გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.09.2019
საქმის ნომერი
330210119002897313
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
26.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/5287-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი შორენა აბჟანდაძე

მოსარჩელე - სს ,,თ----------ი“

წარმომადგენელი - შპს ,,ტ-----“, თ--------------

მოპასუხე - ა-–---------- შ-----

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ა-–---------- შ-----ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 04 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2556.31 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1698.53 ლარი, პროცენტი 303.08 ლარი და პირგასამტეხლო 554.7 ლარი.

1.2. მოპასუხე ა-–---------- შ-----ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 13 მარტიდან) 2017 წლის 04 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1698.53 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 50.95 ლარს.

1.3. მოპასუხე ა-–---------- შ-----ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 08 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 305.83 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 200 ლარი, პროცენტი 31.71 ლარი და პირგასამტეხლო 74.12 ლარი.

1.4. მოპასუხე ა-–---------- შ-----ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 13 მარტიდან) 2018 წლის 08 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 200 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 6 ლარს.

1.5. მოპასუხე ა-–---------- შ-----ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 25 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 702.62 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 532.68 ლარი და პირგასამტეხლო 169.94 ლარი.

1.6. მოპასუხე ა-–---------- შ-----ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 16 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2563.63 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2053.83 ლარი, პროცენტი 159.28 ლარი, პირგასამტეხლო 346.22 ლარი და დაზღვევა 4.3 ლარი.

1.7. მოპასუხე ა-–---------- შ-----ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 13 მარტიდან) 2018 წლის 16 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2053.83 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 17% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 29.09 ლარს.

1.8. მოპასუხე ა-–---------- შ-----ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 18 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1100.52 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 760 ლარი, პროცენტი 67.47 ლარი, პირგასამტეხლო 273.05 ლარი.

1.9. მოპასუხე ა-–---------- შ-----ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 13 მარტიდან) 2018 წლის 18 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 760 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 20% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 12.66 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ა-–---------- შ-----მ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით, სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, 2017 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირი თანხის 1698.53 ლარის და პროცენტის 303.08 ლარის, 2018 წლის 08 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 200 ლარის და პროცენტის 31.71 ლარის, 2018 წლის 25 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 532.68 ლარის, 2018 წლის 16 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 2053.83 ლარის და პროცენტის 159.28 ლარის, 2018 წლის 18 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 760 ლარის და პროცენტის 67.47 ლარის ნაწილში. მოპასუხემ მიუთითა, რომ სარჩელი მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს „თ----------ს“ და ა-–---------- შ-----ს შორის 2017 წლის 04 დეკემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 1700 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის ს თ----------ის“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 1 ლარი, ამას დამატებული 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 04 რიცხვი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 15 164 დღით, 11/06/2059 წლამდე ვადით.

 

2017 წლის 04 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების 6.2. პუნქტით განისაზღვრა, რომ ეს ხელშეკრულება წარმოადგენდა ამ ხელშეკრულების 65.2. ქვეპუნქტში დასახელებული ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავდა იმას, რომ ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდებოდა ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა მოცემული იყო ძირითად ხელშეკრულებაში.

ხელშეკრულების 6.5.2 პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება იმავდროულად წარმოადგენდა კლიენტის განცხადებას საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ, რომლის ხელმოწერითაც კლიენტი ადასტურებდა, რომ დეტალურად იცნობდა ბანკის ინტერნეტ გვერდზე w------------- განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებასა და დამატებას) და ეთანხმებოდა მათ, რითიც უერთდებოდა ზემოხსენებულ ხელშეკრულებას.

 

ა-–---------- შ-----ს მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2018 წლის ოქტომბრის თვეში და აღარ მომხდარა გადახდა, რის საფუძველზეც 2019 წლის 13 მარტის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 04 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 2556.31 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1698.53 ლარი, პროცენტი – 303.08 ლარი და ჯარიმა - 554.7 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2017 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 22-23);

- 2017 წლის 04 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 24-27);

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 73);

- ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ (ს.ფ. 42-58);

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 59-63);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (მოპასუხე მხარეს სადავო არ გაუხდია დავალიანების ციფრობრივი გაანგარიშება, აქცენტი გაკეთდა მის შეუსაბამოდ დიდ ოდენობაზე, პირგასამტეხლოს ნაწილში);

 

3.1.2. სს „თ----------სა“ და ა-–---------- შ-----ს შორის 2018 წლის 08 სექტემბერს ინტერნეტბანკის საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტის #2--------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 200 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 04 სექტემბრამდე. საპროცენტო განაკვეთი - წლიური 36%-ის ოდენობით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 05 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა წესრიგდება "თ----------ის" ოფიციალურ ვებ გვერდზე w------------- განთავსებული "ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ" ხელშეკრულებით.

 

ა-–---------- შ-----ს მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2018 წლის 05 ნოემბერს და აღარ მომხდარა გადახდა, რის საფუძველზეც 2019 წლის 13 მარტის მდგომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 08 სექტემბრის საბანკო კრედიტის #2--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 305.83 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 200 ლარი, პროცენტი - 31.71 ლარი და ჯარიმა -74.12 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 14/03/2019 წლის ცნობა 2018 წლის 08 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების პირობების შესახებ (ს.ფ. 28);

- ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ (ს.ფ. 42-58);

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 59-63);

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 73);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (მოპასუხე მხარეს სადავო არ გაუხდია დავალიანების ციფრობრივი გაანგარიშება, აქცენტი გაკეთდა მის შეუსაბამოდ დიდ ოდენობაზე, პირგასამტეხლოს ნაწილში);

 

3.1.3. სს „თ----------სა“ და ა-–---------- შ-----ს შორის 2018 წლის 25 სექტემბერს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის #2-------1016547 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 532.68 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 367 დღე (12 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში 46.29 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 2 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

ა-–---------- შ-----ს მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და საერთოდ არ მომხდარა გადახდა, რის გამოც 2019 წლის 13 მარტის მდგომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 25 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 702.62 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 532.68 ლარი და ჯარიმა - 169.94 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 25 სექტემბრის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 29);

- 2018 წლის 25 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 30-31);

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 73);

- ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ (ს.ფ. 42-58);

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 59-63);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (მოპასუხე მხარეს სადავო არ გაუხდია დავალიანების ციფრობრივი გაანგარიშება, აქცენტი გაკეთდა მის შეუსაბამოდ დიდ ოდენობაზე, პირგასამტეხლოს ნაწილში);

 

3.1.4. სს „თ----------სა“ და ა-–---------- შ-----ს შორის 2018 წლის 16 თებერვალს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 3000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17%–ით, კრედიტის ვადა - 2019 წლის 27 ოქტომბრამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განსაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.

 

საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა 2018 წლის 27 ოქტომბერს და აღარ მომხდარა გადახდა, რის გამოც 2019 წლის 13 მყ7არტის მდგომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 16 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 2563.63 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 2053.83 ლარი, პროცენტი - 159.28 ლარი, ჯარიმა -346.22 ლარი და დაზღვევა - 4.3 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 16 თებერვლის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 32-33);

- 2018 წლის 16 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 34-36);

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 73);

- სესხის გრაფიკი (ს.ფ. 37);

- ინფორმაცია სიცოცხლის დაზღვევის შესახებ (ს.ფ. 38);

- ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ (ს.ფ. 42-58);

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 59-63);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (მოპასუხე მხარეს სადავო არ გაუხდია დავალიანების ციფრობრივი გაანგარიშება, აქცენტი გაკეთდა მის შეუსაბამოდ დიდ ოდენობაზე, პირგასამტეხლოს ნაწილში);

 

3.1.5. სს „თ----------სა“ და ა-–---------- შ-----ს შორის 2018 წლის 18 იანვარს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი 550 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით ოვერდრაფტის სახით. 2018 წლის 28 ივნისს მოხდა საკრედიტო ლიმიტის ავტომატური გაზრდა და საბოლოო ჯამში ათვისებული და დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა 760 ლარი. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა კლიენტის 65 წლის ასაკამდე. წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისთვის - 20%-ით. საკრედიტო ლიმიტის დაფარვა უნდა მოხდარიყო საკრედიტო ლიმიტის ათვისებიდან 40 დღეში ანგარიშზე წარმოშობილი უარყოფითი ნაშთის 25%-მდე შემცირებით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

2018 წლის 18 იანვრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების 4.2. პუნქტით განისაზღვრა, რომ ეს ხელშეკრულება წარმოადგენდა ამ ხელშეკრულების 2.1. ქვეპუნქტში დასახელებულ ძირითადი ხელშეკრულების (ბანკის ვებგვერდზე w------------- განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების) განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდებოდა ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა მოცემული იყო ძირითად ხელშეკრულებაში.

ა-–---------- შ-----ს მიერ პერიოდულად ირღვეოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2018 წლის ნოემბრის შემდეგ არ მომხდარა გადახდა, რის გამოც 2019 წლის 13 მარტის მდგომარეობით მოპასუხეს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ #2-------9544157 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 1100.52 ლარის ოდენობით, საიდანაც ქირის თანხაა 760 ლარი, პროცენტი - 67.47 ლარი და ჯარიმა - 273.05 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 18 იანვრის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 39);

- 2018 წლის 18 იანვრის ოვერდრაფტით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 40-41);

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 73);

- სესხის გრაფიკი (ს.ფ. 37);

- ინფორმაცია სიცოცხლის დაზღვევის შესახებ (ს.ფ. 38);

- ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ (ს.ფ. 42-58);

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 59-63);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (მოპასუხე მხარეს სადავო არ გაუხდია დავალიანების ციფრობრივი გაანგარიშება, აქცენტი გაკეთდა მის შეუსაბამოდ დიდ ოდენობაზე, პირგასამტეხლოს ნაწილში);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თ----------ის“ სარჩელი ა-–---------- შ-----ს მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 361-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე ა-–---------- შ-----მ მითითებულ სამოქალაქო დავაზე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო დავალიანების ძირი და ბანკის მიერ დათვლილი საპროცენტო სარგებლის თანხების ნაწილში, რამაც მთლიანობაში შეადგინა 5806.58 ლარი. შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,თ----------ს” და მოპასუხე ა-–---------- შ-----ს შორის არსებობს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე ა-–---------- შ-----მ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში სასესხო დავალიანების ძირი თანხის ოდენობა, 2017 წლის 04 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 1698.53 ლარს, პირგასამტეხლოს ოდენობა 554.7 ლარს, 2018 წლის 08 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის ოდენობაა 200 ლარი, პირგასამტეხლოს ოდენობა 74.12 ლარი, 2018 წლის 25 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის ოდენობა შეადგენს 532.68 ლარს, პირგასამტეხლოს ოდენობა 169.94 ლარს, 2018 წლის 16 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის ოდენობაა 2053.83 ლარი, პირგასამტეხლოს ოდენობაა 346.22 ლარი, ხოლო 2018 წლის 18 იანვრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის ოდენობაა 760 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 273.05 ლარი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხები დავალიანების მთლიან ოდენობასთან მიმართებაში არის შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, უნდა იქნეს შემცირებული გონივრულ ოდენობამდე. კერძოდ, მოპასუხეს 2017 წლის 04 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 55 ლარის, 2018 წლის 08 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო 7 ლარის, 2018 წლის 25 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 16 ლარის, 2018 წლის 16 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო 34 ლარის, 2018 წლის 18 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო 27 ლარის ოდენობით.

 

6.3. ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს - მოპასუხე ა-–---------- შ-----ს სს "თ----------ის" სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხებზე 2019 წლის 13 მარტიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მიუღებელი შემოსავლის სახით ხელშეკრულებებით გათვალისწინებული წლიური საპროცენტო სარგებლის გადახდის დაკისრება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსვალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

 

მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ''წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს'', რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.

მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).

 

როგორც მოცემული საქმის მასალებით დგინდება მოპასუხეზე გაიცა სარგებლიანი სესხი, შესაბამისად, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა სარგებლის მიღება. შესაბამისად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე გვაქვს, რაც ამ ნაწილში, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში, დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად მინიმუმ წლიურ 9%-ს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხებზე, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წლიური 36%-ს გადახდა, ხოლო შემდგომ პერიოდზე, რომელიც მოიცავს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდს, სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან იმ გარემოების განსაზღვრა, თუ რა ოდენობის საპროცენტო სარგებლის ფარგლებში გასცემდა ბანკი აღნიშნულ თანხებს სესხის სახით, შეუძლებელია, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 13 მარტიდან) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე დროის პერიოდზე უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხებზე - წლიური 9%-ი სარგებლის გადახდა.

 

ამდენად, ზემოთმითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხე ა-–---------- შ-----მ სარჩელი ნაწილობრივ, დავალიანების ძირი თანხების და საპროცენტო სარგებლის ნაწილში ცნო, მოსარჩელე სს ,,თ----------ს“ უნდა დაუბრუნდეს, სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 353.46 ლარის ნაწილი 137.80 ლარის ოდენობით, ხოლო ა-–---------- შ-----ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 149.24 ლარის და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოყენებული აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის- 20 ლარის ანაზღაურება. რაც შეეხება წარმომადგენლის მომსახურების ხარჯს, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის და შესაბამისად, მითითებული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნაზე მოსარჩელე მხარეს უნდა ეთქვას უარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან, სს ,,თ----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.03.2019 წლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ა-–---------- შ-----ს (პ/ნ 6----------) აეკრძალა მის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - 2/3 წილის, მდებარე: ქ. თბილისი, ბ----ს ქუჩა # 1ა, 1 სართული, ფართი: 50.57 კვ.მ., ბინა #50, საკადასტრო კოდი: 0----------------------. გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს ,,თ----------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. ა-–---------- შ-----ს სს,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 04 დეკემბრის საკრედიტო ბარათით საგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2056.61 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 1698.53 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 303.08 ლარი და პირგასამტეხლო - 55 ლარი.

1.2. ა-–---------- შ-----ს სს,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 04 დეკემბრის საკრედიტო ბარათით საგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 1698.53 ლარზე წლიური 36%-ის გადახდა ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს 50.95 ლარს.

1.3. ა-–---------- შ-----ს სს,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 08 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 238.71 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 200 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 31.71 ლარი და პირგასამტეხლო - 7 ლარი.

1.4. ა-–---------- შ-----ს სს,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 08 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 200 ლარზე წლიური 36%-ის გადახდა 2019 წლის 13 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 04 სექტემბრამდე; ხოლო 2019 წლის 04 სექტმებრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძირითად თანხაზე - 200 ლარზე წლიური 9%-ის გადახდა.

1.5. ა-–---------- შ-----ს სს,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 25 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 548.68 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 532.68 ლარი და პირგასამტეხლო - 16 ლარი.

1.6. ა-–---------- შ-----ს სს,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 16 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2251.41 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 2053.83 ლარი, საპროცენტო სარგებელი 159.28 ლარი, დაზღვევა 4.3 ლარი და პირგასამტეხლო - 34 ლარი.

1.7. ა-–---------- შ-----ს სს,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 16 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 2053.83 ლარზე წლიური 17%-ის გადახდა 2019 წლის 13 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 27 ოქტომბრამდე; ხოლო 2019 წლის 27 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძირითად თანხაზე - 2053.83 ლარზე წლიური 9%-ის გადახდა.

1.8. ა-–---------- შ-----ს სს,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 18 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 854.47 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 760 ლარი, საპროცენტო სარგებელი 67.47 ლარი და პირგასამტეხლო - 27 ლარი.

1.9. ა-–---------- შ-----ს სს,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 18 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 760 ლარზე წლიური 20%-ის გადახდა 2019 წლის 13 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

 

2. არ დაკმაყოფილდეს სს,,თ----------ის“ სასარჩელო მოთხოვნები 2017 წლის 04 დეკემბრის საკრედიტო ბარათით საგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 499.70 ლარის, 2018 წლის 08 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით - 67.12 ლარის, 2018 წლის 25 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 153.94 ლარის, 2018 წლის 16 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტხლოს სახით - 312.22 ლარის და 2018 წლის 18 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 246.05 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.

 

4. ა-–---------- შ-----ს სს,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 149.24 ლარის ანაზღაურება.

 

5. ა-–---------- შ-----ს სს,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ მხარის მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოყენებული აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის- 20 ლარის ანაზღაურება.

 

6. სს ,,თ----------ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 14/03/2019 წლის №2 საგადახდო დავალებით სს ,,თ----------ის“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 353.46 ლარის ნაწილი - 137.80 ლარის ოდენობით, რომლიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22.

 

7. მოსაჩელე მხარის მოთხოვნა წარმომადგენლის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდს.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე