გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.12.2019
საქმის ნომერი
180210018002621919
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
16.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 180210018002621919 ( 2/727-18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 დეკემბერი, 2019 წელი ქ.მცხეთა

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე სოფიო ლეჟავა

სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური, ზაზა შველიძე

 

მოსარჩელე - ალექსი ველიანი (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

წარმომადგენელი - ზურაბ ანდრიაშვილი

 

მოპასუხე - დარეჯან შათირიშვილი (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

მოპასუხე - მევლუდ უნდილაშვილი (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შეგებებულ სარჩელში)

წარმომადგენელი - ლედი ქავთარაძე

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

 

დავის საგანი (შეგებებულ სარჩელში) - ნასყიდობის ხელშეკრულების სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებად აღიარება, მესაკუთრედ ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1 დარეჯან შათირიშვილის და მევლუდ უნდილაშვილის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას სოფელ საგურამოში მდებარე ქონება (ს/კ: 72.06.03.808), დაზუსტებული ფართი 2351.00 კვ.მ. ზედ მდგომი შენობა-ნაგებობებით და დარეჯან შათირიშვილი და მევლუდ უნდილაშვილი გამოსახლებულნი იქნენ ზემოაღნიშნული ფართიდან.

 

1.2. მოპასუხე მხარეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული საქმისწარმოების ხარჯების ანაზღაურება: სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით და ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი 2000 ლარის ოდენობით.

 

1.3. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

ალექსი ველიანსა და დარეჯან შათირიშვილს შორის მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში მდებარე ქონების თაობაზე (ს/კ: 72.06.03.808, დაზუსტებული ფართი - 2351.00 კვ.მ. ზედ მდგომი შენობა-ნაგებობით) 2017 წლის 21 ივლისს დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. მყიდველმა გამყიდველს ნაღდი ანგარიშსწორებით გადაუხადა ნასყიდობის საფასური, რის შემდეგაც სადავო ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებაში. გამოსყიდვის უფლება მოპასუხეს არ გამოუყენებია. ხელშეკრულების დადებიდან დღემდე დარეჯან შათირიშვილი და მისი შვილი, მევლუდ უნდილაშვილი ცხოვრობენ ხსენებულ ფართში. შესაბამისად, მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მათ გამოეთავისუფლებინათ უძრავი ქონება, თუმცა უშედეგოდ; აღნიშნული გახდა ალექსი ველიანის მხრიდან სასარჩელო წარმოების დაწყების საფუძველი;

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია:

 

მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო, იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები; მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, სარჩელი უსაფუძვლოა, ვინაიდან მხარეთა შორის, მართალია ფორმალურად დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, თუმცა რეალურად მხარეებს სურდათ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადება. მოპასუხემ მიიღო სესხის თანხა, მანვე გადაიხადა მხოლოდ ერთი თვის პროცენტი, ასევე, საშუამავლო თანხა.

 

2.1. 2019 წლის 22 ივლისს დარეჯან შათირიშვილმა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მომართა შეგებებული სარჩელით მოპასუხე ალექსი ველიანის მიმართ და მოითხოვა: 1. ნასყიდობის ხელშეკრულების სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებად აღიარება; 2. სადავო უძრავი ქონების დარეჯან შათირიშვილის საკუთრებაში აღრიცხვა.

 

შეგებებული სარჩელის საფუძვლები:

 

შეგებებული სარჩელით მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს შორის მხოლოდ ფორმალურად გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რეალურად კი მათ სურდათ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადება, სესხის თანხად კი განისაზღვრა 25 000 აშშ დოლარი. ალექსი ველიანისგან მევლუდ უნდილაშვილმა მიიღო სესხის თანხა 21 000 აშშ დოლარი, ვინაიდან ამ უკანასკნელმა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადაიხადა სესხის 1 თვის პროცენტი 875 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე, საშუამავლო თანხა. მევლუდ უნდილაშვილს ხელშეკრულების პირობები არ შეუსრულებია და ითხოვა სესხის დაბრუნების ვადის შეცვლა, რაზედაც ალექსი ველიანისაგან უარი მიიღო.

 

შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მითითებით, სადავო უძრავი ქონების რეალური ღირებულება აუდიტის დასკვნის თანახმად, შეადგენს 167 000 აშშ დოლარს, მოპასუხემ იგი 66 870 ლარად მიიღო, რაც აშკარად შეუსაბამოა ნივთის საბაზრო ღირებულებისაგან და რითიც მოსარჩელეს მიადგა ზიანი.

 

შეგებებულ სარჩელში მოპასუხე მხარის პოზიცია:

 

ალექსი ველიანმა შესაგებლით არ სცნო შეგებებული სარჩელი და მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მხარეთა შორის 2017 წლის 21 ივლისს გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. გამოსყიდვის უფლების გამოყენების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 22 ოქტომბრამდე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ საჯარო რეესტრში სადავო უძრავი ქონება აღირიცხა ალექსი ველიანის საკუთრებაში. შეგებებული სარჩელით მოპასუხის განმარტებით, ხელშეკრულების მხარეების მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება ნასყიდობის ხელშეკრულების შინაარსს, რომელიც დადებულია ნოტარიუსთან, ამ უკანასკნელმა კი განუმარტა მათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები და მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნული შესაგებლით მოპასუხემ მიუთითა შეგებებულ სარჩელში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ აუდიტის დასკვნაზე და განმარტა, რომ ქონების შეფასების აქტი გაკეთებულია 2019 წლის 19 ივლისს, რაც არ შეესაბამება გარიგების დადების მომენტში სადავო უძრავი ქონების რეალურ ღირებულებას. ასევე, ქონების ფასი დაანგარიშებულია დოლარებში. აღნიშნული კი ეჭქვეშ აყენებს აუდიტის კომპეტენციას და დასკვნის სანდოობას. თავის მხრივ, შეგებებული სარჩელით მოპასუხე მხარემ წარმოადგინა 2017 წლის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებული აუდიტის დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ გარიგების დადების მომენტისათვის ნასყიდობის საგნის ღირებულება იყო დაახლოებით 82 000 ლარი. მოპასუხე არ დაეთანხმა შეგებებულ სარჩელში მითითებულ ფასთა სხვადასხვაობას და შეუსაბამობას; მისი განმარტებით, სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ფასი იყო 66870 ლარი, რაც არსებითად არ განსხვავდება ქონების საბაზრო ღირებულებისაგან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები;

 

3.1.1 2017 წლის 21 ივლისს ალექსი ველიანსა და დარეჯან შათირიშვილს შორის სოფელ საგურამოში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ: 72.06.03.808; დაზუსტებული ფართი - 2351.00 კვ.მ.) დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. უფლების განხორციელების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 22 ოქტომბრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2017 წლის 21 ივლისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება ს.ფ. 15-17;

- მხარეთა ახსნა-განმარტება

3.1.2. ალექსი ველიანი არის მესაკუთრე სადავო უძრავი ქონებისა, რომლის თანაზიარი თანამფლობელები არიან დარეჯან შათირიშვილი და მევლუდ უნდილაშვილი. მოპასუხეები უარს აცხადებენ აღნიშნულ ქონებაზე მესაკუთრისათვის პირდაპირი მფლობელობის გადაცემაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2018 წლის 23 თებერვლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 18

- მხარეთა ახსნა-განმარტება

3.1.3. სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2017 წლის 21 ივლისს ალექსი ველიანს და დარეჯან შათირიშვილს შორის სოფელ საგურამოში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ: 72.06.03.808; დაზუსტებული ფართი - 2351.00 კვ.მ.) დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. მხარეთა შორის სადავო არის აღნიშნული ხელშეკრულების დადებისას მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება;

 

მოპასუხე სადავოდ ხდის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივ შინაარსს. მისი განმარტებით, წარმოდგენილი ხელშეკრულება წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას, კერძოდ, ხელშეკრულების მხარეებმა რეალურად დადეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, 25 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხაზე, საიდანაც 1 თვის პროცენტი - 875 აშშ დოლარი ხელშეკრულების დადებისთანავე გადაეცა ალექსი ველიანს. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, უარყოფს თვალთმაქცური გარიგების დადების ფაქტს, მიუთითებს მხარის მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე, რომელიც ნოტარიუსმა დაადასტურა და ასევე ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს განუმარტა, როგორც ხელშეკრულების სამართლებრივი შინაარსი, ისე მოსალოდნელი იურიუდიული შედეგები.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში ის ფაქტი, რომ დარეჯან შათირიშვილის შვილმა მევლუდ უნდილაშვილმა ალექსი ველიანისგან აიღო სესხი, უნდა დაამტკიცოს დარეჯან შათირიშვილმა. თუ მხარეთა რეალურ მიზანს წარმოადგენდა სესხის ხელშეკრულების დადება, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება უნდა გააჩნდეს დარეჯან შათირიშვილს. კერძოდ, მას უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები და დაემტკიცებინა ის ფაქტი, რომ რომ მისმა შვილმა, მევლუდ უნდილაშვილმა ისესხა თანხა და ამ სესხის უზრუნველსაყოფად ალექსი ველიანის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მისი კუთვნილი უძრავი ქონება. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება ისეთი წერილობითი მტკიცებულებებით, როგორიცაა ხელწერილი, სესხის ან სარგებელის გადახდის საბუთი, საბანკო გადარიცხვის დოკუმენტი, ასევე სხვა ნებისმიერი ისეთი მტკიცებულება, რომელიც ასახავს ალექსი ველიანის წინაშე არსებული სასესხო დავალიანების დაფარვის ფაქტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სანოტარო აქტი N170825898

- მხარეთა ახსნა-განამრტება

3.1.4. შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ წარმოადგინა 2019 წლის 19 ივლისის აუდიტორული დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ სადავო უძრავი ქონების ღირებულება 167 000 აშშ დოლარია. მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა და სადავო გახადა აღნიშნული დასკვნა იმ მოტივით, რომ იგი არ ასახავს გარიგების დადების მომენტში ქონების რეალურ ღირებულებას, ასევე, სადავო ქონების საბაზრო ღირებულება დაანგარიშებულია დოლარებში. მოპასუხემ წარმოადგინა დამოუკიდებელი აუდიტორის 2019 წლის 30 ივლისის შეფასება, საიდანაც ირკვევა სადავო უძრავი ნივთის სავარაუდო საბაზრო ღირებულება 2017 წლის მდგომარეობით, შეადგენს 82 000 ლარს.

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე შეგებებულ სარჩელში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 2017 წლის 02 ივლისის მდგომარეობთ შეადგენდა 312.550 აშშ დოლარს (ეროვნული კურსის გათვალისწინებით 2.4036) - 318 597 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2019 წლის 19 ივლისის აუდიტორული დასკვნა

- 2019 წლის 30 ივლისის დამოუკიდებელი აუდიტორის შეფასება;

- 2019 წლის 27 ნოემბრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად; (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32). ''ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის'' მე-6-მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ. საქმე Nას-178-167-2017).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, ამასთან მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და წერილობითი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ ძირითადი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე დარეჯან შათირიშვილს უარი უნდა ეთქვას.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლი; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე, 162-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-ე, 312-ე, 319-ე, 327-ე, 477-ე, 509-ე, მუხლები,6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრების უფლება ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცით, რომლის შესაბამისად, „ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,მარქსი ბელგიის’’ წინააღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებით ოქმის პირველი მუხლი, არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება''. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, CASE OF MARCKX v. BELGIUM, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება; განაცხადი =6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას; ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ალექსი ველიანის სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, მოპასუხე კი ნივთის მფლობელი, რომელსაც ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნია. სამივე გარემოების არსებობის დადგენის შემთხვევაში სარჩელი მიიჩნევა საფუძვლიანად.

 

რაც შეეხება მფლობელობის მართლზომიერებას, კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დასტურდებოდეს აქვთ თუ არა ნივთის ამჟამინდელ მფლობელებს ნივთის ფლობისათვის უკეთესი უფლება, ვიდრე მესაკუთრეს, ანუ არსებობს თუ არა სკ-ს 172-ე მუხლის შემადგენლობა. დადასტურების შემთხვევაში, ბუნებრივია, ფერხდება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილება, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით. აღნიშნული საკითხის დასადგენად მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ რის საფუძველზე ფლობს კონკრეტულ ნივთს მოპასუხე მხარე. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო წარმოედგინა სათანადო მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა მათ მართლზომიერ მფლობელობას.

 

სადავო შემთხვევაში მესაკუთრე ნივთზე არსებული არამართლზომიერი მფლობელობის წინააღმდეგია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. მართლზომიერ მფლობელად ითვლება ის, ვინც ნივთზე ბატონობას სამართლებრივი საფუძვლებით ახორციელებს. მართლზომიერება არსებობს მანამ, სანამ არსებობს შესაბამისი საფუძველი. ამ მიზნით მოსარჩელემ ვინდიკაციური სარჩელის საფუძველზე, მოპასუხისგან მოითხოვა კუთვნილი ნივთის გამოთავისუფლება. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელეს აძლევს უფლებას, მოითხოვოს ნივთის გამოთხოვა მისგან, ვისაც მასზე მფლობელობის უფლება არ (აღარ) აქვს. შესაბამისად, მოსარჩელე ალექსი ველიანს აქვს უფლება გამოითხოვოს ნივთი მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან და არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვითაც ალექსი ველიანი არის უძრავი ქონების მესაკუთრე, მდებარე: მცხეთის რაიონი, სოფელი საგურამო, ს/კ 72.06.03.808. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს.

 

სასამართლომ, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ უძრავი ნივთი, მდებარე მცხეთის რაიონი, სოფელი საგურამო, ს/კ 72.06.03.808. - მოპასუხეების დარეჯან შათირიშვილის და მევლუდ უნდილაშვილის მფლობელობაშია. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეების მიერ სასარჩელო მოთხოვნის საწინააღმდეგო დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეები სადავო ნივთს ფლობენ კანონისმიერი და/ან სახელშეკრულებო საფუძვლის გარეშე, რაც გამორიცხავს მესაკუთრის მხრიდან მის ნივთზე მოპასუხის მფლობელობის განხორციელებისადმი თმენის ვალდებულების არსებობას. შესაბამისად, მოსარჩელე ალექსი ველიანს აქვს უფლება გამოითხოვოს ნივთი მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან და არსებობს ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.2.რაც შეეხება დარეჯან შათირიშვილის შეგებებულ სარჩელს:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის მე-19 მუხლი.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას თანაბრად უნდა იქნას გათვალისწინებული ორივე მხარის ინეტერესები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დარეჯან შათირიშვილს საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება, მდებარე: მცხეთის რაიონი, სოფელი საგურამო, ს/კ 72.06.03.808. ამ ქონებასთან დაკავშირებით მან 2017 წლის 21 ივლისს ალექსი ველიანთან დადო გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ალექსი ველიანმა დარეჯან შათირიშვილისგან შეიძინა უძრავი ქონება 66870 ლარად. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამყიდველს უფლება ექნებოდა 2017 წლის 22 ოქტომბრამდე გამოესყიდა ნასყიდობის საგანი. ამავე ხელშეკრულების თანახმად, 2017 წლის 22 ოქტომბრამდე გამყიდველს უფლება ჰქონდა უსასყიდლოდ ესარგებლა ,,ნასყიდობის საგნით’’.

 

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვერ შეძლო ქონების გამოსყიდვა და ალექსი ველიანი აღირიცხა საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრედ. ამ ტიპის შეთანხმება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 509-ე მუხლით რეგულირებული შეთანხმებაა. დასახელებული ნორმით ,,თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე”. ამავე კოდექსის 510-ე მუხლით ,,გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით. ამასთან, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ის თანხაც, რომლითაც გაიზარდა საქონლის ღირებულება გამოსყიდვის მომენტამდე სასარგებლო დანახარჯების შედეგად, ხოლო გამომსყიდველს შეუძლია მოითხოვოს იმ თანხის გამოკლება, რომლითაც შემცირდა საქონლის ღირებულება მის გამოსყიდვამდე”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ სჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში დარეჯან შათირიშვილმა გამოსყიდვის უფლებით გაასხვისა კუთვნილი ქონება. ეს გარიგება მთლიანად შეესაბამება მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით გარიგების დადებისა და უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით გასხვისებისათვის კანონით დადგენილ ყველა წესს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის საფუძველზე, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

ამავე კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 21 ივლისს დარეჯან შათირიშვილმა ნასყიდობის ხელშეკრულება დადო ალექსი ველიანთან და კუთვნილი ქონება მიყიდა მას. ნასყიდობის პარალელურად მხარეები შეთანხმდენ გამოსყიდვის შესაძლებლობაზე. სასამართლო განმარტავს, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობას აქვს გარკვეული თავისებურებანი - კერძოდ, გამყიდველს უფლება აქვს გასხვისებული ნივთი გამოისყიდოს დათქმულ ვადაში. ახალ შემძენს უფლება არ აქვს უარი თქვას სასყიდლის მიღებაზე და საკუთრების დაბრუნებაზე. სახელშეკრულებო ,,ბორკილი” მას ზღუდავს მესაკუთრის აბსოლუტური უფლებით ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს გამოსყიდვის უფლებით შეძენილ ქონებას. იგი გამოსყიდვის ვადით შეზღუდულია და საკუთრების აბსოლუტურ უფლებას შეიძენს გამოსყიდვისათვის დათქმული ვადის გასვლის შემდეგ. თავის მხრივ, გამყიდველსაც დაკისრებული აქვს ვალდებულება - გამოსყიდვითი ფუნქცია განახორციელოს გამოსყიდვისათვის დათქმულ ვადაში. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელემ შეთანხმებულ ვადაში ალექსი ველიანს ვერ გადაუხადა ქონების საფასური, შესაბამისად, მან ხელიდან გაუშვა ყველა ის საშეღავათო უფლება, რაც მას მინიჭებული ჰქონდა გამოსყიდვის უფლებით.

სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება, რომელიც დადებულია დადგენილი წესისა და აკრძალვების, საჯარო წესრიგის ან ზნეობის ნორმების წინააღმდეგ, ასევე მოტყუებით, თვალთმაქცობით ან მოჩვენებით, ბათილია. ასეთი გარიგებების შინაარსი და ხასიათი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-56-ე და 81-83-ე მუხლებში. დასახელებული ნორმების მიხედვით გაირგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს დადგენილ წესსა და აკრძალვებს. მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც ,,თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება)”.

სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მხარეთა ნების თავისუფალ გამოვლინებაზე. ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის პირველ რიგში აუცილებელია მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლინება. უძრავი ქონების მესაკუთრემ უნდა გამოხატოს ნება, რომ ქონებაზე საკუთრება გადასცეს მყიდველს. კანონმა დაადგინა, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების ფორმა დაცულია, რადგანაც ის გაფორმებულია წერილობით და შეიცავს ყველა აუცილებელ რეკვიზიტს. მიუხედავად ამისა მოსარჩელე განმარტავს, რომ მას სურდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადება, მხარეებმა ამ გარიგებაზე გამოავლინეს ნება, მაგრამ მათი გარიგება დაიფარა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებით. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის პოზიციით ამ ხელშეკრულებით მათ დაფარეს გარიგების ნამდვილი სახე.

ნების გამოვლენა გარიგების განსაზღვრის ფუნდამენტია. ვინაიდან ნების გამოვლენას სამართალი ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ პირობებს. ერთი მხრივ, დაცული უნდა იყოს მატერიალური, ხოლო მეორე მხრივ, კი ფორმალური წინაპირობები. პირველში იგულისხმება პირის გონებრივი შესაძლებლობა (ასაკი, ჯანმრთელობა), ხოლო მეორეში — ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა. ნების გამოვლენის იმგვარ თვისებას, რომ იგი ვარგისია სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისთვის, კანონი ნების გამოვლენის ნამდვილობას უწოდებს. ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია ხელშეკრულების შინაარსთან დაკავშირებით ორივე მხარის მიერ ნების გამოვლენა და ამ ნების ასახვა შესაბამის დოკუმენტში. ცალმხრივი ნების გამოვლენით, ისეთი გარიგება, როგორიც ხელშეკრულებაა, არ დაიდება. ამასთან გარიგების შინაარსზე ზეგავლენას არ ახდენს მხოლოდ ერთი მხარის ნების გამოვლენა. ორივე მხარის ნება უნდა იყოს თანხვედრაში. გარიგების შინაარსს პირველ რიგში განსაზღვრავს ოფერენტი. სწორედ წინადადების მიცემაზეა დამოკიდებული თანხმობის შინაარსიც. დაუშვებელია წინადადების მიმცემმა ნება გამოავლინოს ქონების ნასყიდობაზე, მეორე მხარემ მიიღოს ასეთი ნება (თუნდაც თანხის აუცილებლად მიღების მოტივით) და შემდეგ მისი ნების გამოვლენა განმარტოს ისე, როგორც მის საქმეს (მდგომარეობას) სჭირდება. ხელშეკრულება არის ორ ან მეტ პირს შორის დადებული გარიგება და მის დასადებად ცალმხრივი ნების გამოვლინება არაა საკმარისი. მისი ნამდვილობისათვის სავალდებულოა ორივე მხარემ ერთმანეთს შეუთანხმოს გარიგების პირობები და შეთანხმების შემდეგ ნების გამოვლენის თაობაზე შედგენილ დოკუმენტზე მოაწეროს ხელი. ასეთი პირობა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, ,,1. ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. 2. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ”.

სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის წარდგენა, ავტომატურ რეჟიმში არ ნიშნავს დარღვეული უფლების არსებობას. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების (გამოსყიდვის უფლებით) დადების დროს დაიფარა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად საჭირო მტკიცებულებები დარეჯან შათირიშვილს სასამართლოში არ წარმოუდგენია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელე ვალდებული იყო ზეპირი განმარტებით გადმოცემული არგუმენტები დაესაბუთებინა მყარი მტკიცებულებებით. მოსარჩელემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას დაფარეს სხვა გარიგება ანუ მხარეები შეთანხმდენ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებაზე და მათ შორის გაფორმდა გარიგება ნასყიდობის სახით.

ზოგადად დაფარულ გარიგებას მოჩვენებით დადებული გარიგება ჰქვია. გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე, იურიდიულ შედეგს. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით. მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით. მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი. ამდენად, მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად. ამასთან, იგი, როგორც წესი, კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარად გამოიყენება. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში შეიძლება დაისვას მესამე პირთა ინტერესების დაცვის საკითხი. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში ადგილი აქვს გარიგების მონაწილე მხარეთა განზრახ ქმედებას, რა დროსაც მათ არ სურთ სამართლებრივი შედეგის დადგომა და მისი დადების მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს მესამე პირის შეცდომაში შეყვანა. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებითად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ამასთან, როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება (სუსგ 11.11.2015, საქმე №ას-862-812-2015).

სასამართლო განმარტავს ასევე თვალთმაქცური გარიგების არსს და სამართლებრივ მახასიათებლებს; კერძოდ, საქმეში არსებული მასალებით უნდა დასტურდებოდეს თვალთმაქცური გარიგების დროს გამოვლენილი ნების თავისებურებები, რაც, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება სხვა გარიგების დაფარვის მიზნის არსებობაში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მხარეებს სურთ მიაღწიონ სხვა შედეგს და არა იმ შედეგს, რასაც იძლევა მათ მიერ გარეგნულად გამოხატული ნება. ამდენად, თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დადასტურდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და ამ დაფარული გარიგებისათვის აუცილებელ ყველა წინაპირობის არსებობაზე. ამ შემთხვევაში გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები.

საქართველოს სსკ-ის 56-ე მუხლის შესაბამისად, თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ.

თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა (სუსგ 23.01.2015წ. საქმე №ას-1142-1088-2014).

წინამდებარე შემთხვევაში ალექსი ველიანმა თავიდანვე განუცხადა დარეჯან შათირიშვილს, რომ სურდა ნასყიდობის ხელშეკრულების დადება გამოსყიდვის უფლებით და მხოლოდ ასეთი გარიგების დადების შემთხვევაში გადასცემდა იმ თანხას, რომლის მიღებაც სურდა მეორე მხარეს. სასურველი თანხის მიღების სურვილით დარეჯან შათირიშვილი დაეთანხმა ალექსი ველიანის წინადადებას. ყოველივე აღნიშნული კი მიუთითებს მას, რომ გარიგება არ არის მოჩვენებითად დადებული რომელიმე ნამდვილი გარიგების დასაფარად. სესხის მიზნით თანხის გადაცემა და თანხის დაბრუნების ვალდებულება, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებას წააგავს. როგორც პირველ შემთხვევაში, ისე მეორე შემთხვევაშიც მოვალემ კრედიტორს უნდა დაუბრუნოს მიღებული თანხა. კერძოდ სესხის დროს მოვალე ღებულობს თანხას და ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში უბრუნებს კრედიტორს, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობისას დროს მოვალე ღებულობს თანხას და შეთანხმებულ ვადაში კრედიტორს უბრუნებს იგივე თანხას. მათ შორის სხვაობა შედეგშია. ანუ ეს ორი გარიგება ერთმანეთს ჰგავს თანხის მიღებისა და დაბრუნების ვალდებულების ნაწილში. დაუშვებელია ყველა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობა ჩაითვალოს სესხად. ასეთი მოსაზრება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებას. თუ დადგინდებოდა, რომ მხარეები მართლაც შეთანხმდენ სესხზე, სესხის ნება გამოავლინეს, სესხზე თვეების მიხედვით მიმდინარეობდა პროცენტის გადახდა, რა თქმა უნდა ასეთი გარიგება შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო თვალთმაქცურ გარიგებად, მაგრამ ამისათვის აუცილებელია დადგინდეს შეთანხმება სესხზე და სესხის არსებით პირობებზე. ისეთ შემთხვევაში, როცა მხარეები თანხმდებიან ნასყიდობაზე გამოსყიდვის უფლებით და შედეგიც ნასყიდობისა დგება, დაუშვებელია ის მიჩნეული იქნას დაფარულ გარიგებად.

სადავო გარიგების თვალთმაქცურად დადებას ვერც ის ფაქტი ვერ ადასტურებს, რომ ნასყიდობის საგანს მოსარჩელე არ დაუფლებია. სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობა კონსენსუალური ხელშეკრულებაა, რომლის ნამდვილობას სამოქალაქო კანონმდებლობა ხელშეკრულების არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხმებას უკავშირებს და ნივთის გადაცემას გარიგების ნამდვილობის განსაზღვრისთვის სამართლებრივი მნიშვნელობა არ გააჩნია. ამ ტიპის ხელშეკრულების ნამდვილობისთვის საკმარისია ორი ურთიერთშემხვედრი ნების გამოვლენა. შესაბამისად, შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მხრიდან იმ ფაქტზე აპელირება, რომ ალექსი ველიანი უძრავ ნივთს ფაქტობრივად არ დაუფლებია, არ გამორიცხავს სადავო გარიგების ნამდვილობას და მის საფუძველზე სადავო ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვებას.

სასამართლო განმარტავს, რომ საქმეები განიხილება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, რაც გულისხმობს პროცესის მიმდინარეობისას მოსარჩელისა და მოპასუხის თანასწორუფლებიანობას. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოსაზრებები, მოთხოვნები თუ მტკიცებულებები. მტკიცების საგნისა და მასში შემავალი ფაქტების განსაზღვრა, ასევე ამ ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებების შეგროვების და წარდგენის უფლება მხარეებს ეძლევათ თანაბრად.

სასამართლო, საქართველოს სს კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლებიდან გამომდინარე, სადავო გარემოების (2017 წლის 21 ივლისის ხელშეკრულების სესხისა და იპოთეკის სამართალურთიერთობის დადგენის) დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ გაიზიარებს მარტოოდენ მხარის ახსნა-განმარტებას სხვა მტკიცებულებების გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის ავტორს არ წარუდგენია იმგვარი მტკიცებულებები (მაგ: სესხის ძირითადი თანხის და დარიცხული პროცენტის გადახდის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი), რომელთა ანალიზის შედეგად სასამართლოს გაუჩნდებოდა დასაბუთებული ვარაუდი იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის რეალურად დადებული იყო არა ნასყიდობის ხელშეკრულება (გამოსყიდვის უფლებით), არამედ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

რაც შეეხება სასამართლოს სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, საქმეზე მოწმის სახით დაკითხული მზია ლობჟანიძის განმარტებით, დარეჯან შათირიშვილის შვილს მევლუდ უნდილაშვილს სჭირდებოდა თანხა და მან დააკავშირა ვინმე ,,ნანისთან’’, რომელიც დაეხმარებოდა თანხის მოძიებაში, მაგრამ მათ შორის რა სახის მოლაპარაკებებს ჰქონდა ადგილი, მისთვის უცნობია. ასევე იგი არ დასწრებია მხარეთა შორის ნოტარიუსთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესს.

მოწმის სახით დაკითხული ნანი უგლავას განმარტებით, დარეჯან შათირიშვილის შვილს, მევლუდ უნდილაშვილს სურდა სესხის აღება და მან დააკავშირა იმ პირებს, ვინც დაეხმარეობდა სესხის აღებაში. მხარეთა შეხვედრა მოხდა თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ოფისში. შემდეგ წავიდნენ ნოტარიუსთან ხელშეკრულების გასაფორმებლად, უშუალოდ იგი არ დასწრებია ხელშეკრულების გაფორმების პროცესს; მისთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულება გაფორმდა სამი თვის ვადით, ამასთან, მევლუდ უნდილაშვილისგან იცის ერთი თვის სარგებლის გადახდის შესახებ, თავად ამ ფაქტს არ შესწრებია; მოწმემ ასევე უარყო მევლუდ უნდილაშვილის მხრიდან საშუამავლოს გადახდის ფაქტიც. მოწმის განმარტებითვე მევლუდ უნდილაშვილმა ვერ შეძლო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში თანხის დაფარვა და მისივე თხოვნით გაუგრძელეს თანხის გადახდის ვადა. მოწმის განმარტებით, ალექსი ველიანის სახელზე უძრავი ქონების აღრიცხვა საჯარო რეესტრში მოხდა არა ხელშეკრულების ვადის ამოწურვისთანავე, არამედ მოგვიანებით;

ამდენად, მოწმეების ჩვენებიდან ცალსახად შეუძლებელია იმგვარი დასკვნის გაკეთება, რომ მათ იცოდნენ, თუ რა გარიგების დადება სურდა დარეჯან შათირიშვილს და რეალურად რა გარიგება დაიდო მხარეთა შორის. სასამართლო განმარტავს იმასაც, რომ სადავო გარემოების დასადასტურებლად საკმარისი არ არის მხოლოდ მოწმეთა ისეთი ჩვენებები, რომლებიც მიუთითებს მარტოოდენ მათ ვარაუდზე, ფაქტებისა და მოვლენების აღქმაზე. მოწმეთა ჩვენებების გაზიარებისათვის აუცილებელია, რომ ისინი მიუთითებდნენ იმ ფაქტის უშუალოდ ცოდნასა და თვითხილვაზე, რაზეც მხარე ამყარებს თავის მოთხოვნას.

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს შეგებებული სარჩელის ავტორის იმ არგუმენტს, რომ სადავო უძრავი ქონება გაცილებით მაღალი საბაზრო ღირებულებისაა, ვიდრე ეს სადავო ხელშეკრულებით იქნა გათვალისწინებული, ხოლო მასში დაფიქსირებული თანხა სწორედ რომ სესხის თანხას წარმოადგენდა, რამდენადაც, ხელშეკრულების საგანსა და მის ღირებულებას შორის განსხვავება გარიგების მოჩვენებითად ცნობის ერთადერთ საფუძველს არ შეიძლება წარმოადგენდეს, თუმცა, სხვა ნიშნებთან ერთად, გარიგების საგანსა და მის ღირებულებას შორის არსებითი სხვაობა მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რაც მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება, ვინაიდან, დარეჯან შათირიშვილი ვერ ასაბუთებს და ადასტურებს გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის სამართალურთიერთობის ნაცვლად სესხისა და იპოთეკის სამართალურთიერთობის წარმოშობას, მით უფრო იმ პირობებში, რომ ხელშეკრულების გაფორმების დროს ნოტარიუსთან მას განემარტა ხელშეკრულების შინაარსი და დათანხმდა მას, იცოდა და გააზრებული ჰქონდა, თუ კონკრეტულად რა სახის სამართალურთიერთობაში შედიოდა ალექსი ველიანთან და რა არსებით პირობებზე უთანხმდებოდა მხარეს.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე იმ გარემოებაზეც, რომ სადავო ნასყიდობის (გამოსყიდვის უფლებით) ხელშეკრულება დაიდო 2017 წელს, სადავო უძრავი ქონება ალექსი ველიანის საკუთრებაში გადავიდა 2018 წლის თებერვალში. თუკი ხელშეკრულების დადების მიზანს, როგორც მოსარჩელე განმარტავს, სესხის უზრუნველყოფა წარმოადგენდა, მაშინ სასამართლოს განმარტებით, დარეჯან შათირიშვილისთვის თავიდანვე ცნობილი იყო გამოვლენილი ნების ნაკლი და შესაძლო შეცილების საფუძველი. თუმცა, აღნიშნული საფუძვლით გარიგება და ალექსი ველიანის სახელზე უძრავი ქონების აღრიცხვა მოსარჩელემ სადავო გახადა მხოლოდ 2019 წელს, მას შემდეგ, რაც ალექსი ველიანმა მომართა სასამართლოს უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ მოთხოვნით.

ამდენად, შეგებებული სარჩელით შედავებული გარემოებების თაობაზე მოსარჩელემ ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება საქართველოს სსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება, აგრეთვე, სადავო ხელშეკრულების თვალთმაქცურად მიჩნევის საფუძველი. შესაბამისად, სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

ამავე კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმა არ არის იმპერატიული ხასიათის და მიუთითებს სასამართლოს შესაძლებლობაზე, მიაქციოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რაც იმას გულისხმობს, რომ სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით უნდა გადაწყვიტოს დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მისი დაუყოვნებლივ აღსრულება დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მოსარჩელეს გადაუდებელი ინტერესი გააჩნია მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მიმართ და დაყოვნებამ შესაძლოა შეუქცევადი ზიანი გამოიწვიოს, ან დავის არსის გათვალისწინებით, არსებობს საფრთხე, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე აღუსრულებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდება. ამგვარი განმარტება გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილი იმ კატეგორიის საქმეების შინაარსის ანალიზიდან, რომლებზეც გამოტანილი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება. კანონმდებელმა დაუყოვნებლივი აღსრულება დაუშვა სწორედ ისეთ დავებზე, სადაც სასამართლო გადაწყვეტილებით აღიარებული უფლება განსაკუთრებულად საჭიროებს სწრაფ და ეფექტურ რეალიზებას. ასეთ შემთხვევათა რიცხვს განეკუთვნება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ დავაც, რითაც კანონმა საკუთრების უფლების ეფექტურ რეალიზებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა და განსაკუთრებულ დაცვას დაუქვემდებარა.

 

6.4. საქართველოს კონსტიტუცის 19-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება თავისი შინაარსით მოიცავს საკუთრების ობიექტით სარგებლობის უფლებასაც. ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით. საქართველოს კანონმდებლობა არ აწესებს მესაკუთრისთვის სარგებლობის უფლების შეზღუდვის საფუძველს იმ შემთხვევისათვის, თუკი მისი საკუთრების ობიექტით სარგებლობს სხვა პირი და იგი ამ ნივთს იყენებს ერთადერთ საცხოვრებლად. შესაბამისად, გამორიცხულია ამ მოტივით მესაკუთრისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. თუმცა, რაც შეეხება კანონიერ ძალაში შესვლამდე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, ამ საპროცესო ინსტიტუტის გამოყენება საგამონაკლისო წესით უნდა მოხდეს შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში. სასამართლომ ამ წინაპირობების დადგენისას უნდა შეაფასოს მოსარჩელის და მოპასუხის ინტერესები, დაუყოვნებლივი აღსრულების მიმართ მოსარჩელის მნიშვნელოვანი და გადაუდებელი ინტერესის არსებობა, ასევე უნდა დადგინდეს ბალანსი ამ ინტერესსა და მოპასუხის ინტერესს შორის. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევით შესაძლოა, პრაქტიკულად აზრი დაეკარგოს სააპელაციო და საკასაციო წესით გასაჩივრების უმნიშვნელოვანესი საპროცესო უფლების გამოყენებას, რითაც, შესაძლოა, პირიქით - მოპასუხეს მიადგეს შეუქცევადი ზიანი.

 

6.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვერ დასტურდება მოსარჩელე ალექსი ველიანის იმგვარი ინტერესის არსებობა, რომლის დაყოვნებაც მას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს, ანუ მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ მიუთითებია კონკრეტული არგუმენტი, რაც დაასაბუთებდა მის გადაუდებელ ინტერესს დაუყოვნებლივი აღსრულების მიმართ. აღნიშნულის გათვალისწინებით კი სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 120.00 ლარი და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი ბაჟი 60 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 60.00 ლარის ანაზღაურება.

 

რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს, ვინაიდან დარეჯან შათირიშვილს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ხოლო სასამართლოს განჩინებით გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ალექსი ველიანის (პ/ნ 01030048698) სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. დარეჯან შათირიშვილის (პ/ნ 31001046105) და მევლუდ უნდილაშვილის (პ/ნ 31001007553) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს უძრავი ნივთი, მდებარე: მცხეთა, სოფელი საგურამო, ს/კ 72.06.03.808 და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე ალექსი ველიანს;

3. მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 60 ლარის ანაზღაურება;

4. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი ბაჟი 60 ლარის ოდენობით (თანხა გადახდილია 2018 წლის 07 სექტემბერს, საგადახდო დავალება: #1, სახაზინი კოდი: 300783150);

5. მოსარჩელე ალექსი ველიანს უარი ეთქვას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე;

6. დარეჯან შათირიშვილის (პ/ნ 31001046105) შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

7. დარეჯან შათირიშვილს (პ/ნ 31001046105) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 3000 ლარის ოდენობით;

8. გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე უარის თქმის შესახებ, გასაჩივრდება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოში მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სოფიო ლეჟავა