გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210119003-99951
#2/177--19 წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.12.2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - სს თ----------ი;
წარმომადგენელი - ლ--–--------–--ე;
მოპასუხე - ი-–-----------ე, გ-----------------–---–ი;
წარმომადგენელი - შ---------------–---–ი;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ი-–-----------ეს - სს თ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 3- მაისის საბანკო კრედიტის #1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 9583.17 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 7-05,58 ლარი, პროცენტი - 1495,01 ლარი, ჯარიმა -865.28 ლარი და დაზღვევა - 17.3 ლარი.
1.2. დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 26 ივნისიდან) 2018 წლის 3- მაისის საბანკო კრედიტის #1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 7-05.58 ლარზე, აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2 წლისა, წლიური 25 % სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 150.11 ლარს.
1.3. 2018 წლის 15 აგვისტოს საბანკო კრედიტის #1---------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 18414.19 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1-200 ლარი, პროცენტი - 2042. 81 ლარი და ჯარიმა 3171. 38 ლარი.
1.4. დავალიანების ცნობის გაცემიდან (2019 წლის 26 ივნისიდან) 2018 წლის 15 აგვისტოს საბანკო კრედიტის # 1--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1-200 ლარზე, აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2 წლისა, წლიური 25 % სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 275 ლარს.
1.5. ბათილად იქნეს ცნობილი ი-–-----------ესა და გ-----------------–---–ს შორის დადებული 2018 წლის 17 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის # 1-------- ხელშეკრულება და უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, მუხიანის 2-ის დასახლება, განთიადის ქ. # 28ა. ს/კ 7-.1-.3-.4-- აღდგეს ი-–-----------ის საკუთრების უფლება.
1.6. ი-–-----------ეს და გ-----------------–---–ს სს თ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1146 ლარის, აღიარებითი სარჩელის ფასის - 100 ლარის, უზრუნველყოფის ბაჟის - 50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარისა და მოსარჩელის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, დავის საგნის ღირებულების 4 %, კერძოდ არაუმეტეს 500 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სს „თ----------სა“ და ი-–-----------ეს შორის 2018 წლის 3- მაისს დაიდო საბანკო კრედიტის N1-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 7500 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 25 %-ით, კრედიტის ვადა -2022 წლის 27 მაისამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.
საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა 2018 წლის 27 სექტემბერს, მას შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა. 2019 წლის 26 ივნისის მდგომარეობით, მოპასუხეს 2018 წლის 3- მაისის საბანკო კრედიტის N1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 9583,17 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 7-05.58 ლარი, პროცენტი- 1495.01 ლარი, ჯარიმა- 865.28 ლარი და დაზღვევა-17.3 ლარი.
სს „თ----------სა“ და ი-–-----------ეს შორის, 2018 წლის 15 აგვისტოს დაიდო საბანკო კრედიტის N1--------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1-200 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 25%-ით, კრედიტის ვადა 2022 წლის 15 აგვისტომდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 ლარი, ასევე 1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა 2018 წლის 15 სექტემბერს, მას შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა თანხის გადახდა. 2019 წლის 26 ივნისის მდომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 15 აგვისტოს საბანკო კრედიტის #1--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 18414.19 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1- 200 ლარი, პროცენტი- 2042.81 ლარი და ჯარიმა 3171.38 ლარი.
საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით განსაზღვრული იქნა საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი მიიღებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას. ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის კარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კი ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებდა შემდგომში მისი დაკრედიტებისათვის და ვერც სარგებელს ვერ იღებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობდა პრეზუმცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილი იყო მოემართა სასამართლოსთვის და მოეთხოვა მოვალისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.
2018 წლის 17 აგვისტოს ი-–-----------ესა და დისშვილს- გ-----------------–---–ს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის #1-------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ი-–-----------ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მდებარე: ქ.თბილისი, მ--------------------–------------------------, საკადასტრო კოდით: 7-.1-.3-.4--. საჯარო რეესტრში აღირიცხა გ-----------------–---–ის სახელზე. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენდა მოჩვენებით გარიგებას, რომელსაც რეალურად არ მოჰყოლია არანაირი იურიდიული შედეგი, კერძოდ:
ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები არიან ოჯახის წევრები, კერძოდ, ბიძა და დისშვილი. ივარაუდება, რომ მყიდველისთვის, როგორც მსესხებლის ოჯახის წევრისთვის, ხელშეკრულების დადების მომენტში ცნობილი იყო ი-–-----------ის ვალდებულების შესახებ სს „თ----------ი“-ს მიმართ.
ქონება გასხვისებულია ბანკის წინაშე ვალდებულების დარღვევის პარალელურად, კერძოდ 2018 წლის სექტემბრამდე, 3 თვე მოპასუხე იხდიდა თანხას ერთ-ერთ სესხზე, ხოლო მეორე სესხი აიღო აგვისტოში და გადახდა უნდა დაეწყო სექტემბრიდან. აგვისტოში მსესხებელმა კუთვნილი უძრავი ქონება გაასხვისა და სექტემბრიდან სესხზე თანხა აღარ გადაუხდია. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების დადების წესით სარგებელი უნდა მიეღო და ვალდებულების დაფარვა განეგრძო. მსესხებლის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე დასტურდება 2015 წლის დოკუმენტით, შესაბამისად ქონება მსესხებლის საკუთრებაში ირიცხებოდა 2015 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე პერიოდში და მხოლოდ ვალდებულების დარღვევის პარალელურად მოხდა საკუთრების უფლების მისგან გასვლა; ხელშეკრულების დადებას არ მოჰყოლია ნასყიდობის საგნის მფლობელის ცვლილება, ქონებას კვლავ ი-–-----------ე ფლობს და მოსარჩელის ინფორმაციით ცხოვრობს ამ მისამართზე; ქონების „მყიდველი“ ხელშეკრულების დადებისას იყო 20 წლის და მან ასევე უნდა დაასაბუთოს მისი შემოსავლების წარმომავლობა, როგორ შეძლო თანხის მობილიზება უძრავი ქონების შესაძენად, მითუმეტეს ქ. თბილისში და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მიწის ნაკვეთზე დგას კერძო სახლი. ამასთან, ნასყიდობის საგნის ფასი არ არის ადეკვატური უძრავ ქონებასთან მიმართებით. გარდა ამისა, გ-----------------–---–ს ქონებასთან დაკავშირებით რაიმე ქმედება, მაგ: იპოთეკით დატვირთვა, არ განუხორციელებია, რაც მეტად გამოკვეთავდა მის ინტერესს ქონების მიმართ. (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ი-–-----------ემ და გ-----------------–---–მა სარჩელი არ ცნეს, და განმარტეს, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ იქნა სესხის ხელშეკრულებები, თუმცა აღნიშნულით გათვალისწინებულ იქნა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მოსარჩელე ერთის მხრივ მოითხოვს ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს, ანუ ზიანს 4000 ლარზე მეტს და მეორეს მხრივ კვლავ ზიანს მიუღებელი შემოსავლიდან გამომდინარე, ანუ წარმოშობილი ვალდებულებებიდან ორმაგად ითხოვს ი-–-----------ისაგან ზიანის ანაზღაურებას. ამასთან, განმარტებისას მოსარჩელე ხშირად ახსენებს შესაძლო მოლოდინებს, რომ შესაძლოა დაეკრედიტებინა, ან ანაბრად გამოეყენებინა სხვა ბანკში, ანუ მკაფიოდ ზუსტად არ არის განსაზღვრული თუ რა ზიანი მოჰყვებოდა ჯეროვან შეუსრულებლობას. მოპასუხეთა განმარტებით ი-–-----------ეს კარგად ჰქონდა გააზრებული და გაზიარებული თუ რა სამართლებრივ ურთიერთობაში შევიდა მოსარჩელესთან და სურდა კიდეც, რომ ჯეროვნად შეესრულებინა ბანკის წინაშე არსებული ვალდებულება, თუმცა გარკვეული ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე ი-–-----------ესა და მის ოჯახს შეექმნა უმძიმესი მატერიალური მდგომარეობა, რის გამოც მათი ერთადერთი უძრავი ქონების გასხვისებაც მოუწიათ. ოჯახი დღეის მდგომარეობითაც სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელია. ი-–-----------ესა და გ-----------------–---–ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც ნოტარიულად არის დამოწმებული. გ------------------–---–ი არის კეთილსინდისიერი შემძენი, ისევე როგორც ი-–-----------ე კეთილსინდისიერი გამყიდველია. მოსარჩელე მხოლოდ ვარაუდობს ხელშეკრულების მოჩვენებითობაზე. ამასთან მოპასუხეები განმარტავენ, რომ გ-----------------–---–ი არ არის ი-–-----------ის ოჯახის წევრი, იგი დაიბადა და გაიზარდა ქ. ტყიბულში და ი-–-----------ესთან აქვს მხოლოდ ნათესაური კავშირი. მოპასუხე გ-----------------–---–ის განმარტებით მან ი-–-----------ის ფინანსური ვალდებულებების შესახებ არაფერი იცოდა, სწავლობდა ქ. თბილისში და ცხოვრობდა ქირით, როცა მიეცა შესაძლებლობა იყიდა სადავო უძრავი ქონება, ბინის შეძენაში დაეხმარნენ მშობლები. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობას ქ. ქუთაისში, ბინა დროებით დაუთმო ი-–-----------ის ოჯახს, რადგან მათ აქვთ ფინანსური პრობლემები. (იხ. შესაგებელი, 19.12.2019წ სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „თ----------სა“ და ი-–-----------ეს შორის 2018 წლის 3- მაისს დაიდო საბანკო კრედიტის N1-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 7500 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 25%-ით, კრედიტის ვადა - 2022 წლის 27 მაისამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- 3-.05.2018 წ საბანკო კრედიტის შესახებ N1-------------- ხელშეკრულება;
3.1.2. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა 2018 წლის 27 სექტემბერს, მას შემდეგ მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ გადაუხდია. 2019 წლის 26 ივნისის მდგომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 3- მაისის საბანკო კრედიტის N1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაერიცხა დავალიანება 9583,17 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 7-05.58 ლარი, პროცენტი- 1495.01 ლარი, ჯარიმა- 865.28 ლარი და დაზღვევა-17.3 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- ცნობა დავალიანების შესახებ.
3.1.3. სს „თ----------სა“ და ი-–-----------ეს შორის 2018 წლის 15 აგვისტოს დაიდო საბანკო კრედიტის N1--------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1-200 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 25%-ით, კრედიტის ვადა 2022 წლის 15 აგვისტომდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 ლარი და 1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- 15.08.2018 წ საბანკო კრედიტის შესახებ N1--------------- ხელშეკრულება;
3.1.4. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა 2018 წლის 15 სექტემბერს, მას შემდეგ გადახდა აღარ განხორციელებულა, 2019 წლის 26 ივნისის მდომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 15 აგვისტოს საბანკო კრედიტის N1--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 18414.19 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1- 200 ლარი, პროცენტი-2042.81 ლარი და ჯარიმა 3171.38 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- ცნობა დავალიანების შესახებ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2018 წლის 17 აგვისტოს ი-–-----------ესა და მის დისშვილს- გ-----------------–---–ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის N1-------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ი-–-----------ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მდებარე :ქ.თბილისი, მ--------------------–------------------------ საკადასტრო კოდით: 7-.1-.3-.4--. საჯარო რეესტრში აღირიცხა გ-----------------–---–ის სახელზე.
გ-----------------–---–ი არის ი-–-----------ის ახლო ნათესავი, დისშვილი. სადავო უძრავ ქონებას არ ფლობს, ი-–-----------ეს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ იმავე ნივთით სარგებლობა არ შეუწყვეტია და დღემდე მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ მითითებულ მისამართზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-17.08.2018 წ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.2. სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი. მოპასუხე მხარე არ ეთანხმება პირგასამტეხლოს და მიუღებელი შემოსავლის შესახებ მოთხოვნას, რაც მოითხოვს სამართლებრივ შეფასებას.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია სესხით ხელშეკრულებებით შეთანხმებული გრაფიკი და ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც აძლევს კრედიტორს სესხის ძირი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
განსახილველი დავის საგანია თანხის დაკისრება და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მისი მოჩვენებითი ხასიათის გამო, იმ მიზნით, რომ მოვალეს კრედიტორის წინაშე დაკისრებული ვალდებულების შესრულება თავიდან აერიდებინა.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან დაკავაშირებით. მოსარჩელის მტკიცებით, მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება იმ განზრახვით დაიდო, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი არ მოჰყოლოდა. ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა მხოლოდ იმ განზრახვით, რომ მოპასუხე ი-–-----------ეს თავიდან აეცილებინა სს „თ----------ისაგან“ აღებული სესხის დაბრუნებისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობა. ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი მოპასუხეს არ გადასცემია და არც მიუღია.
აღნიშნულ გარემოებასთან დაკავაშირებით მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ ი-–-----------ეს და მის ოჯახს შეექმნა უმძიმესი მატერიალური მდგომარეობა, რის გამოც მათი ერთადერთი უძრავი ქონების გასხვისება მოუწიათ. ი-–-----------ესა და გ-----------------–---–ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. გ------------------–---–ი არის კეთილსინდისიერი შემძენი, ისევე როგორც ი-–-----------ე კეთილსინდისიერი გამყიდველი. გ-----------------–---–ი არ არის ი-–-----------ის ოჯახის წევრი, იგი დაიბადა და გაიზარდა ქ. ტყიბულში და ი-–-----------ესთან აქვს მხოლოდ ნათესაური კავშირი.
მხარეთა განმარტების საფუძველზე დადგენილია, რომ ი-–-----------ე ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, მ--------------------–--------------------------ში. მოპასუხე გ-----------------–---–ის განმარტებით მან დროებით დაუთმო სადაო უძრავი ქონება ი-–-----------ეს, რადგან აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა. სადავო არ არის ასევე ის გარემოება, რომ ი-–-----------ეს და გ-----------------–---–ს შორის არსებობს ნათესაური კავშირი. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო ბინას არ ფლობს და არ სარგებლობს უძრავი ქონების მესაკუთრე ი-–-----------ე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის, 102-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების შედეგად, როგორც წესი, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს გარიგების მოჩვენებითობა. იმ პირობებში როდესაც გამყიდველი - ქონების გასხვისების შემდეგ განაგრძობს გარიგებით გათვალისწინებული ქონების ფლობას, ასეთ ვითარებაში არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მყიდველმა იცოდა გარიგების ბათილობის წინაპირობების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყრებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზეა დამყარებული, რაც თავისთავად მიანიშნებს მხარეთა შესაძლებლობაზე, მათი მოთხოვნები, თუ ამ მოთხოვნის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებელი დამაჯერებლად დაადასტურონ. მტკიცების პროცესში მხარე არ არის შეზღუდული და ის თავად წყვეტს რომელი ფაქტით დაამტკიცოს მოთხოვნის მართებულობა, თუმცა, ვალდებულია მითითებული ფაქტები სარწმუნო მტკიცებულებებს დაამყაროს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს მოსაქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 327-ე, 873-ე, 868-ე, 400-361-ე, 411-ე, 412-ე, 394-ე, 408-ე, 417-ე, 418-ე, 115-ე, 420-ე, 50-ე, 56-ე, 312-ე, 180-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სარჩელის აღიარების შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ეფუძნება მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ი-–-----------ემ, სარჩელი ცნო ნაწილობრივ სეხის ძირი თანხისა და პროცენტის მოთხოვნის ნაწილში. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის ცნობა წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სსკ 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მსესხებლების მიერ დარღვეული იქნა საბანკო მომსახურების ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ გადაცილებული იქნა საკრედიტო ბარათით გათვალისწინებული თანხის დაფარვის ვადები.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, სს თ----------ს და და ი-–-----------ეს შორის 2018 წლის 3- მაისს დაიდო საბანკო კრედიტის N1-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 7500 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 25 %-ით, კრედიტის ვადა - 2022 წლის 27 მაისამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, და 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.
სს „თ----------სა“ და ი-–-----------ეს შორის 2018 წლის 15 აგვისტოს დაიდო საბანკო კრედიტის N1--------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1-200 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 25%-ით, კრედიტის ვადა 2022 წლის 15 აგვისტომდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 ლარი და 1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მითითებული ხელშეკრულებები წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.
2019 წლის 26 ივნისის მდგომარეობით ი-–-----------ის დავალიანება, სს თ----------ის მიმართ, (1) 2018 წლის 3- მაისის საბანკო კრედიტის N1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 9583,17 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 7-05.58 ლარი, პროცენტი- 1495.01 ლარი, ჯარიმა- 865.28 ლარი და დაზღვევა-17.3 ლარი. (2) 2018 წლის 15 აგვისტოს საბანკო კრედიტის N1--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება შეადგენს 18414.19 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 1- 200 ლარი, პროცენტი-2042.81 ლარი და ჯარიმა 3171.38 ლარი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ 2018 წლის 3- მაისს მხარეთა შორის გაფორმებულ იქნა საბანკო კრედიტის შესახებ # 1-------------- ხელშეკრულება, ხოლო 2018 წლის 15 აგვისტოს # 1--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომელთა საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 7500 ლარისა და 1-200 ლარის ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად მათთვის სასურველი უფლება-მოვალეობების წარმოშობას. სახელშეკრულებო სამართალში მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომია, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ხელშეკრულების იმგვარ პირობებზე შეთანხმება, რომლებიც ოპტიმალურად მისაღებია გარიგების ყველა მონაწილისათვის. ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგების მიღების სურვლისა და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს.
ამდენად, როგორც პროცენტზე შეთანხმება მხარეთა შორის მოხდა ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამისად, პროცენტის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა, საფუძვლიანია და ამ ნაწილში სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
მოპასუხე, ი-–-----------ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც მისთვის როგორც ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის დაკისრების საფუძველია.
საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საბანკო მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა კრედიტი 7500 ლარისა და 1- 200 ლარის ოდენობით, ხოლო რაც შეეხება მსესხებლს - ი-–-----------ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.4. მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლისთვისაც, ანუ იმ დანაკლისისათვის, რაც ბანკმა ვერ მიიღო მოპასუხის ქმედებით. კერძოდ, მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვს მოპასუხისთვის იმ სარგებლის გადახდის დაკისრებას, რასაც მოსარჩელე მიიღებდა, ხელშეკრულების პირობები სრულად რომ შესრულებულიყო.
სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 26 ივნისიდან) (1) 2018 წლის 3- მაისის საბანკო კრედიტის #1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 7-05.58 ლარზე, აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2 წლისა, წლიური 25 % სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად 150.11 ლარს. (2) . დავალიანების ცნობის გაცემიდან (2019 წლის 26 ივნისიდან) 2018 წლის 15 აგვისტოს საბანკო კრედიტის # 1--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1-200 ლარზე, აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2 წლისა, წლიური 25 % სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 275 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა მოვლენები მართლზომიერების ფარგლებში რომ მოთავსებულიყო.
მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, 2018 წლის 3- მაისს და 15 აგვისტოს სს თ----------სა და ი-–-----------ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით.
როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
დარიცხულ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს განაკვეთი არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს. ი-–-----------ეს სს თ----------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3-.05.18წ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 7-05.58 ლარზე, პირგასამტეხლოს გადახდა 86.52 ლარის ოდენობით. ხოლო 15.08.18წ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 1-200 ლარზე, პირგასამტეხლოს გადახდა 317.38 ლარის ოდენობით.
6.6. სამართლებრივი შეფასება ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ამავე კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
იმის გათვალისწინებით, რომ გარიგება ვლინდება პირის მიერ ნების გამოვლენაში, არსებობს როგორც ნამდვილი, ისე ბათილი გარიგებები. ნამდვილად ითვლება ისეთი გარიგება, რომელიც იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახული სამართლებრივი შედეგის დადგომას, ხოლო ბათილია გარიგება, თუ მას შედეგად არ მოჰყვება დასახული მიზანი იმის გამო, რომ მოქმედი სამართალი განხორციელებულ ქმედებას სამართლებრივად უვარგისად მიიჩნევს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
აღნიშნული ნორმის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს ორივე მხარის განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგს. მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით და ასეთი გარიგების, უმეტესწილად, დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან, მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით. ასეთი ტიპის გარიგება მოჩვენებით გარიგებად მიჩნევისთვის, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ურთიერთშეთანხმებაზე, მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოჩვენებითი გარიგება, ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ, მოპასუხის მიერ დარღვეული უფლების აღდგენაში მდგომარეობს.
დადგენილია, რომ სს თ----------სა და მოპასუხე ი-–-----------ეს შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება გაფორმდა 2018 წლის 3- მაისს, ასევე 2018 წლის 15 აგვისტოს, რომლის საფუძველზე მოპასუხე მხარეზე გაიცა კრედიტი 7500 ლარის და 1-200 ლარის ოდენობით. მოპასუხე მხარის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები დარღვეული იქნა 2018 წლის სექტემბრიდან. 2018 წლის 17 აგვისტოს ი-–-----------ესა და დიშვილს- გ-----------------–---–ს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის N1-------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ი-–-----------ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მდებარე:ქ.თბილისი, მ--------------------–------------------------ საკადასტრო კოდით: 7-.1-.3-.4--. საჯარო რეესტრში აღირიცხა გ-----------------–---–ის სახელზე. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგანი გაიყიდა 25 000 ლარად. მოპასუხე ი-–-----------ის მტკიცებით, უძრავი ქონების გასხვისება მიზნად ისახავდა ვალდებულების შესრულებას, თუმცა აღნიშნული ნასყიდობიდან მიღებული თანხიდან, მოსარჩელის მიმართ ვალდებულება საერთოდ არ შეუსრულებია. ასევე დადგენილია, რომ თავად უძრავი ქონების მესაკუთრე გ-----------------–---–ი სადავო ქონებას არ დაუფლებია. აღნიშნულ ქონებას, ფლობს და დღესაც ცხოვრობს თავდაპირველი მესაკუთრე ი-–-----------ე. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს იზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას, რომ გარიგების დადების მიზანს წარმოადგენდა სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობისგან თავის არიდება.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე დასაბუთებულად მიუთითებს, მისი მხრიდან სადავო გარიგების მიმართ გამოვლენილი ნების არანამდვილობაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-–-----------ის მიზანს რეალურად არ წარმოადგენდა უძრავი ქონების მოპასუხისთვის საკუთრებაში გადაცემა. ამავდროულად, მოპასუხე სარწმუნოდ ვერ ადასტურებს, სადავო გარიგების ნამდვილ ნებას.
მოცემულ შემთხვევაში, გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითად იქნას მიჩნეული, აუცილებელია ერთობლიობაში შეფასდეს გარიგების მხარეთა ნება, მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში, ნების გამოვლენის გარეგანი დათქმა არ არსებობს. ამ შემთხვევაში, აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები შეთანხმებით მოქმედებდნენ და ნების ნაკლს ორივე აცნობიერებდეს.
მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქციურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში ის შემთხვევა იგულისხმება, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება.
იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქციური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ამ მხრივ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას.
მოჩვენებითი გარიგების დადება ასევე დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან. სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ გ-----------------–---–ი, რომელიც არის ი-–-----------ის ახლო ნათესავი, დისშვილი, სადავო უძრავ ქონებას არ ფლობს, ი-–-----------ეს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ იმავე ნივთით სარგებლობა არ შეუწყვეტია და დღემდე მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ მითითებულ მისამართზე. მართალია, შეძენილი ქონებით არ სარგებლობა არ არის საკმარისი საფუძველი ამ გარიგების მოსაჩვენებლად მიჩნევისათვის, თუმცა კრედიტორის დაკმაყოფილების თავიდან აცილების მიზნით მოვალის მიერ ამგვარი გარიგების განხორციელება ითვლება მოჩვენებით გარიგებად.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გ-----------------–---–ი არ წარმოადგენს უძრავი ქონების კეთილსინდისიერ მიმღებს და ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს. თავის მხრივ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილების შეტანის საფუძველი უნდა გახდეს და უძრავი ქონება ი-–-----------ის სახელზე უნდა აღირიცხოს.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან 718.3- ლარის ოდენობით. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 418,71 ლარის ოდენობით (318.71 ლარი- თანხის დაკისრების ნაწილში, 100 ლარი გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში), მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა. ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სრულად არ დაკმაყოფილდა ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
7.2. მოსარჩელე მოითხოვს იურიდიული მომსახურების ხარჯის 500 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას, ასევე აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის დაკსირებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის სასამართლოს გარეშე ხარჯის გადახდის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 200 ლარის და აკრძალვის რეგისტრაციის საფასური 20 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს თ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ი-–-----------ეს - სს თ----------ის სასარგებლოდ, 2017 წლის 3- მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 8804.41 ლარის გადახდა; საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 7-05.58 ლარს, საპროცენტო სარგებელი 1495.01 ლარს, პირგასამტეხლო 86.52 ლარს, დაზღვევა 17,3 ლარს.
3. ი-–-----------ეს - სს თ----------ის სასარგებლოდ, 2017 წლის 3- მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 7-05,58 ლარზე, 2019 წლის 26 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მაგრამ არაუმეტეს 2 წლისა დაეკისროს წლიური 25%-ის ოდენობით სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 150,11 ლარს.
4. ი-–-----------ეს - სს თ----------ის სასარგებლოდ, 2017 წლის 15 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 15560.19 ლარის გადახდა; საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 1-200 ლარს, საპროცენტო სარგებელი 2042.81 ლარს, პირგასამტეხლო 317.38 ლარს.
5. ი-–-----------ეს - სს თ----------ის სასარგებლოდ, 2017 წლის 15 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1-200 ლარზე, 2019 წლის 26 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მაგრამ არაუმეტეს 2 წლისა დაეკისროს წლიური 25%-ის ოდენობით სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 275 ლარს.
6. ბათილად იქნეს ცნობილი ი-–-----------ეს და გ-----------------–---–ს შორის 2018 წლის 17 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავ ქონებaზე, მდებარე: ქ. თბილისი, მ---------------------–-----------------------ა. ს/კ: 7-.1-.3-.4-- და ქონება აღირიცხოს ი-–-----------ის საკუთრებაში.
7. ი-–-----------ეს - სს თ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 368.71 ლარის გადახდა (სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე 318.71 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფაზე 50 ლარი).
8. ი-–-----------ეს და გ-----------------–---–ის - სს თ----------ის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
9. ი-–-----------ეს და გ-----------------–---–ს - სს თ----------ის სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების 200 ლარის და აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის გადახდა.
10. სს თ----------ს დაუბრუნდეს, 2019 წლის 09 ივლისს სარჩელის აღძვრის გამო სს თ----------ში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 718.3- ლარი (საგადასახადო დავალება №5-), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 3-0183150.
11. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).
1-. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 3- დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე