გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.11.2019
საქმის ნომერი
240210017002135304
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
20.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2402100170021353-4

(2/974-2017)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 ნოემბერი, 2019 წელი. ქ. სენაკი

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი - ვასილ გოგინავა

მოსარჩელე - სს ,,საქართველოს ბანკი“

წარმომადგენელი - თა----------–---

წარმომადგენელი - ირ---–--------–--

მოპასუხე - თა-----------–--

მოპასუხე - მა-----------–--

დავის საგანი - საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

1.1. მოპასუხე თა-----------–--ს (პ/ნ 3----------), მოსარჩელე სს "საქართველოს ბანკის" (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს - 7,135,32 აშშ დოლარის ანაზღაურება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 5,481,48 აშშ დოლარი, სარგებელი - 691,34 აშშ დოლარი, ჯარიმა - 962,50 აშშ დოლარი.

 

1.2. დავალიანების გადახდევინების მიზნით, პირველ რიგში სარეალიზაციოდ მიექცეს სს ,,საქართველოს ბანკის’’ სასარგებლოდ, იპოთეკით დატვირთული მოპასუხე თა-----------–--ს (პ/ნ 3----------) და მა-----------–--ს (პ/ნ 3----------), თანასაკუთრებაში არსებული ქალაქ სენაკი, ვ-------------- ქუჩა №32 მდებარე, უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი - 44.01.3-.0--). თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების მთლიანად დასაფარად, დავალიანების გადახდევინება მოხდეს მოპასუხე თა-----------–--ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ/მოძრავი ქონებიდან.

 

1.3. მოპასუხე თა-----------–--ს (პ/ნ 3----------), მოსარჩელე სს "საქართველოს ბანკის" (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 727,40 ლარის ოდენობით.

 

1.4. სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - თა-----------–--მ და მა-----------–--მ, წერილობით წარმოდგენილი შესაგებელით და მოსამზადებელ/მთავარ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და მიუთითეს, რომ ნამდვილად იმყოფებიან სს ,,საქართველოს ბანკთან'' სასესხო ურთიერთობებში და გარკვეულ ობიექტურ გარემოებათა გამო ხელი შეეშალათ სესხის დაფარვაში. სარჩელს ცნობენ ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლო მიაჩნიათ შეუსაბამოდ მაღალი. (იხ. შესაგებელი; იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2010 წლის 18 ოქტომბერს სს ”საქართველოს ბანკსა” და თა-----------–--ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №G--------, რომლის საფუძველზე მოპასუხე თა-----------–--ზე გაიხსნა იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ლიმიტი 3- 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, 3-0 (სამასი) თვის ვადით.

 

3.1.2. 2010 წლის 29 ოქტომბერს სს ”საქართველოს ბანკსა” და თა-----------–--ს შორის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №S--------, რომლის საფუძველზე მოპასუხე თა-----------–--ზე გაიცა კრედიტი - 9500 აშშ დოლარის ოდენობით 120 (ასოცი) თვის ვადით, წლიური 16,50%-ი სარგებლის დარიცხვით. მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე ვადაგადაცილებული თანხის ყოველდღიური 0,5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხეს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №G--------; ს. ფ - 26-27

- საკრედიტო ხელშეკრულება №S--------, გრაფიკი; ს. ფ - 28-31

 

3.1.3. 2010 წლის 18 ოქტომბრის საბანკო მომსახურების შესახებ №G-------- ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №S--------, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა თა-----------–--ს და მა-----------–--ს თანასაკუთრებაში არსებული ქალაქ სენაკი ვ-------------- ქუჩა №32 მდებარე, უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი - 44.01.3-.0--)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-იპოთეკის ხელშეკრულება - ს. ფ. 20-23;

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს. ფ. 24-25;

 

3.1.4. №S-------- საკრედიტო ხაზის ფარგლებში 2011 წლის 13 ივნისს მოპასუხეს გადაეცა საკრედიტო ბარათი ,,ამერიკან ექსპრეს ბლუ’’ 2 000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. მოვალეს საკრედიტო ბარათზე ყოველთვიურად უნდა შეეტანა მინიმალური გადასახადი რაც დაანაგრიშდებოდა მის მიერ, თვის განმავლობაში ათვისებული ლიმიტის პროპორციულად (არაუმეტეს ათვისებული თანხის 13%). მოვალემ დაარღვია საკრედიტო ბარათზე გადახდის პირობები და 2017 წლის იანვრიდან შეწყვიტა გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საკრედიტო ბარათიდან;

- საკრედიტო ბარათის პირობები ;

 

3.1.5. 2017 წლის 09 ოქტომბრის მდგომარეობით №787364 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თა-----------–--ს საკრედიტო დავალიანებამ მოსარჩელის მიმართ შეადგინა 7,135,32 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 5,481,48 აშშ დოლარი, სარგებელი - 691,34 აშშ დოლარი, ჯარიმა - 962,50 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მოსარჩელის დაზუსტებული მოთხოვნა (14.11.2019წ. სხდომის ოქმი)

 

3.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეებს შორის ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „საქართველოს ბანკის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, პირგასამტეხლო კი უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 463-464-ე, 895-ე, 898-ე, 902-ე, 417-418-ე, 873-ე, 361-ე, 411-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 23--ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს - ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ეს დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს მოდავე მხარეების კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ თა-----------–--ზე გასცა კრედიტი, განსაზღვრული პირობებით. თა-----------–--მ თანხმობა განაცხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით კრედიტის მიღებაზე და მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, თუმცა კრედიტის დაფარვის შესახებ სახელშეკრულებო ვალდებულება არ შეასრულა და სესხად მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა. მოსარჩელეს, ბუნებრივია, უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით აღძრას სარჩელი და მოითხოვოს თანხის დაბრუნება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის არსებობს ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა.

 

მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

უდავოა, რომ მოსარჩელემ, ხელშეკრულების დადებისა და სესხად თანხის გაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ, თა-----------–--საგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. თავის მხრივ, თა-----------–-- ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად. თა-----------–--ს მიერ ნაკისრი ვალდებულება კი მოიცავდა კრედიტის სახით მიღებული თანხის დაბრუნებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, შეთანხმებული პირობებით და დათქმულ დროში.

 

მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და კრედიტის სახით მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა, შეთანხმებული პირობებით, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე, მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.

 

მოპასუხის ეს ქმედება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მან დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს, სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის საფუძველზე ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის სრული დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მურად კუპრეიშვილი ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს კრედიტით მიღებული თანხა, ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებას, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შესატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვის აუცილებელია ორკვირიანი დამატებითი ვადის დანიშნვაც.

 

საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დავალიანების ძირითადი თანხების დაკისრების ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.

 

მოსარჩელის მოთხოვნა ძირი თანხის ნაწილში, №787364 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს 5,481,48 აშშ დოლარს, რომელის ანაზღაურების ვალდებულება უნდა დაეკისროს თა-----------–--ს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625.1 მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით კი მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეებს უნდა გადაეხადათ ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეებს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინათ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. სასამართლომ შეამოწმა რა სარგებელის ოდენობა, ასევე მასზე შეთანხმების საკითხი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარგებელის მოთხოვნილი ოდენობა გამომდინარეობს და შეესაბამება სახელშეკრულებო პირობებს. სარგებელის სახით გადასახდელი თანხა, ძირი თანხის მსგავსად უნდა გადანაწილებულიყო და ძირ თანხასთან ერთად ბანკში უნდა შეტანილიყო გრაფიკის მიხედვით. შესაბამისად, თა-----------–-- ვალდებულია სარგებელი მოსარჩელეს გადაუხადოს სრულად. გადასახდელი სარგებლის ოდენობა კი შეადგენს 691,34 აშშ დოლარს;

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება 0.5 %.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევის გამო ის ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლოს თანხაც. ამასთან აუცილებელია პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს გონივრული ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.

 

მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე საკრედიტო და სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, მოითხოვს 2017 წლის 09 ოქტომბრამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურებას: 09.10.2017 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 962,50 აშშ დოლარის ოდენობით;

 

სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა უნდა შემცირდეს.

 

სასამართლო, მხარეთა თანასწორობის, სამართლიანობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე, მხარეთა ინტერესების შესაბამისად, მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა და მოპასუხეს სს ”საქართველოს ბანკის” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა: 09.10.2017 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 96,25 აშშ დოლარის ოდენობით;

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.

 

დადგენილია, რომ №G-------- კრედიტის უზრუნველსაყოფად, გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №S--------, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა თა-----------–-- და მა-----------–--ს, თანასაკუთრებაში არსებული ქალაქი სენაკი, ვ-------------- ქუჩა №32 მდებარე, უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი - 44.01.3-.0--) იპოთეკა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-1-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ამავე მუხლის 11-ე ნაწილის თანახმად მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მხარეთა შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების მე-14 მუხლის შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკრედიტო ხელშეკრულების და იპოთეკის ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში მოხდება იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

 

ამავე ხელშეკრულების 14.4. პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები საკმარისი არ იქნება საზოგადოების სესხისა და წინამდებარე იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად დასაფარად, მაშინ მსესხებელს ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზეც, რაც შეიძლება წარმოიშვას იპოთეკის საგანის რეალიზაციის პროცესში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დადგენილია, რომ მსესხებელმა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და წესით არ შეასრულა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, სასამართლოს მიაჩნია, რომ კრედიტორის (იპოთეკარის) მოთხოვნა ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხე თა-----------–--ს და მა-----------–--ს საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით. ასევე, ხელშეკრულების პირობიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების მთლიანად დასაფარად, დავალიანების გადახდევინება მოხდეს მოპასუხე თა-----------–--ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ/მოძრავი ქონებიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3 %-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ამავე კოდექსის მე-40 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ,,თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება.

 

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესის მიხედვით კი, დავის საგნის ფასი განისაზღვრება: ა) ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით, დ) ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

ამავე კოდექსის 53.1 მუხლის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.

 

მითითებული სამართლებრივი დანაწესის მიხედვით განსახილველი სარჩელის დავის საგნის ღირებულება შეადგენს 24276,73 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 727,40 ლარი. (3%). (სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 2017 წლის 09 ოქტომბერს, ეროვნული ბანკის კურსით 1 აშშ=2,4790.)

 

მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაკმაყოფილებული მოთხოვნის ღირებულება შეადგენს 6269,07 აშშ დოლარს, შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, რაც მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს, შეადგენს ჯამში 466,22 ლარს. 64,42 ლარი კი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელის მოთხოვნა სცნო ნაწილობრივ, კრედიტის ძირი თანხის და სარგებლის - ჯამში 6172,82 აშშ დოლარის ნაწილში, შესაბამისად, მხარეები სსკ-ის 49.2 მუხლის მოთხოვნათა საფუძველზე ამ ნაწილში უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის 459,07 ლარის ანაზღაურებისაგან და ეს თანხა მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან.

 

ვინაიდან ოსარჩელე მხარემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოთხოვნაზე 6377,46 ლარისა და 72,94 აშშ დოლარის ფარგლებში უარი თქვა, მხარეები სსკ-ის 49.2 მუხლის მოთხოვნათა საფუძველზე ამ ნაწილში უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის 196,74 ლარის ანაზღაურებისაგან და ეს თანხა მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან.

 

გარდა ამისა, დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული და მოპასუხის მიერ არაღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ღირებულება შეადგენს 96,25 აშშ დოლარს. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 7,15 ლარის ანაზღაურება.

 

8. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, ასეთ შემთხვევაში არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.

 

ხოლო ამავე კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.

 

ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული შეთანხმების საწინააღმდეგოდ მოპასუხეს რაიმე სარწმუნო არგუმენტზე არ მიუთითებია, ხოლო შეთანხმების არსებობა საკმარისი საფუძველია მოსარჩელის შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად. მოპასუხე მხარის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს ”საქართველოს ბანკის” (ს/კ 2--------) მოთხოვნა, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე თა-----------–--ს (პ/ნ 3----------), მოსარჩელე სს "საქართველოს ბანკის" (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს - 6269,07 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ანაზღაურება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 5481,48 აშშ დოლარი, სარგებელი - 691,34 აშშ დოლარი, ჯარიმა - 96,25 აშშ დოლარი.

 

3. დავალიანების გადახდევინების მიზნით, პირველ რიგში სარეალიზაციოდ მიექცეს სს ,, საქართველოს ბანკის’’ სასარგებლოდ, იპოთეკით დატვირთული მოპასუხე თა-----------–--ს (პ/ნ 3----------) და მა-----------–--ს (პ/ნ 3----------), თანასაკუთრებაში არსებული ქალაქი სენაკი, ვ-------------- ქუჩა №32 მდებარე, უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი - 44.01.3-.0--). თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების მთლიანად დასაფარად, დავალიანების გადახდევინება მოხდეს მოპასუხე თა-----------–--ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ/მოძრავი ქონებიდან.

 

4. მოპასუხე თა-----------–--ს (პ/ნ 3----------), მოსარჩელე სს "საქართველოს ბანკის" (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 7,15 ლარის ოდენობით.

 

5. მოსარჩელე სს “საქართველოს ბანკს“ (ს/კ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ, 2017 წლის 09 ოქტომბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 727,40 ლარიდან - 655,81 ლარი, რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი - TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 30-------, საგადასახადო დავალება 38.

 

6. სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება გადაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. (მის. სენაკი რუსთაველის ქუჩა №247).

 

7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია