გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
160210019003232762
საქმე N 2/772-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31.10.2019 წ. ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე, თეა ნადიბაიძე
მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ეკ------------------ძე
მოპასუხე - ტა-----–---–--ვი
თარჯიმანი - ნაი-–------------ვა
დავის საგანი: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ტა-----–---–--ვს მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს საიჯარო ქირის გადახდა - 3164,40 ლარის ოდენობით.
1.2. მოპასუხე ტა-----–---–--ვს მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა - 1034.90 ლარის და 2000 ლარის ოდენობით.
სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა დააზუსტა და განმარტა, რომ ტა-----–---–--ვს გადახდილი აქვს საიჯარო თანხიდან 1320 ლარი, შესაბამისად გადაუხდელი საიჯარო ქირის დავალიანება შეადგენს 1844.40 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მიმდინარე წლის 4 ივნისიდან იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში და შესაბამისად პატიმრობაში ყოფნის გამო ვერ შეასრულა იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ მას გადახდილი აქვს საიჯარო ქირის თანხა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (მეიჯარე, მოსარჩელე) და ტა-----–---–--ვს (მოიჯარე, მოპასუხე) შორის 2015 წლის 5 მარტს დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს სარგებლობაში გადაეცა დმ----ის რაიონში, საზაფხულო საძოვრებზე არსებული 800 000 კვმ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) მიწის ნაკვეთი (ს/კ 82.17.42.0-6). ხელშეკრულებების მოქმედების ვადა განისაზღვრა 5 წელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 14-21);
-მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.2. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარის მიერ ქონებით სარგებლობისთვის გადასახდელი ყოველწლიური საიჯარო ქირა შეადგენდა 1320 ლარს, რომელიც მოიჯარეს უნდა გადაეხადა ყოველი წლის 31 დეკემბრამდე. გადაუხდელობის შემთხვევაში, ,,მოიჯარეს" ეკისრება პირგასამტეხლო– გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 14-21);
-მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.3. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი საიჯარო ქირისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების, მათ შორის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ჯეროვნად არ შესრულებულა. ტა-----–---–--ვს არაერთხელ გაეგზავნა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილი ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, თუმცა უშედეგოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N 10/27338 წერილი (ს.ფ. 27);
- N 10/5606 წერილი (ს.ფ. 28);
- N 10/16443 წერილი (ს.ფ. 29);
-მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ივლისის N 1/6-424 ბრძანებით შეწყდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და ტა-----–---–--ვს შორის 2015 წლის 5 მარტს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება. შესაბამისად გაუქმდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მოპასუხის სარგებლობის უფლება უძრავ ქონებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 28 ივლისის N 1/6-424 ბრძანება (ს.ფ. 35-36)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ტა-----–---–--ვს მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე საიჯარო ქირის სახით გადახდილი აქვს 1320 ლარი. გადაუხდელი საიჯარო ქირის თანხა შეადგენს 1844.40 ლარს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ ნორმის თანახმად, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი თანაბრად ნაწილდება, მოსარჩელეს ევალება სარჩელში მითითებული გარემოებების დასაბუთება, მოთხოვნის არსებობის ფაქტის დადასტურება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია ამტკიცოს სარჩელის საწინააღმდეგო ფაქტები, ისეთი გარემოებების არსებობა, რაც გამორიცხავს მისთვის ვალდებულების დაკისრებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა მტკიცებულება - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს N 130958 სამსახურებრივი ბარათი, რომლითაც დასტურდება, რომ ტა-----–---–--ვის მიერ საიჯარო ქირის ანგარიშზე ჩარიცხულია საიჯარო ქირა 1320 ლარის ოდენობით. სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ტა-----–---–--ვის მიერ იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების სრულად გადახდის ფაქტს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 581-591-ე,416-418-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში, უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად, შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულების მიმართ, გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 558-ე მუხლის თანახმად, გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში.
დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (მეიჯარე, მოსარჩელე) და ტა-----–---–--ვს (მოიჯარე, მოპასუხე) შორის 2015 წლის 5 მარტს დაიდო იჯარის ხელშეკრულება (შემდგომ ხელშეკრულება), რომლის საფუძველზეც მოპასუხეს სარგებლობაში გადაეცა დმ----ის რაიონში, საზაფხულო საძოვრებზე არსებული 800 000 კვმ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) მიწის ნაკვეთი (ს/კ 82.17.42.0-6). ხელშეკრულებების მოქმედების ვადა განისაზღვრა 5 წელი.
დადგენილია, რომ აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარის მიერ ქონებით სარგებლობისთვის გადასახდელი ყოველწლიური საიჯარო ქირა შეადგენდა 1320 ლარს, რომელიც მოიჯარეს უნდა გადაეხადა ყოველი წლის 31 დეკემბრამდე. გადაუხდელობის შემთხვევაში, ,,მოიჯარეს" ეკისრება პირგასამტეხლო– გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
დადგენილია, რომ ტა-----–---–--ვის მიერ გადახდილია საიჯარო ქირის თანხა 1320 ლარის ოდენობით. გადაუხდელი საიჯარო ქირის ოდენობა შეადგენს 1844.40 ლარს.
მოპასუხე არაერთხელ იქნა გაფრთხილებული, რომ საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო დაერიცხა პირგასამტეხლო და ეთხოვა მეიჯარის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარედგინა საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
დადგენილია, რომ გაფრთხილების მიუხედავად, მოიჯარემ საიჯარო ქირა და პირგასამტეხლო სრულად არ გადაიხადა, რის გამოც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ივლისის ბრძანებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ტა-----–---–--ვს შორის 2015 წლის 5 მარტს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება შეწყდა. ამავე ბრძანებით განისაზღვრა, რომ ტა-----–---–--ვს ეკისრება ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული საიჯარო ქირის და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 355–ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით. ხოლო ამავე კოდექსის 356–ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა არ არის დადგენილი, მაშინ შეიძლება გამსვლელ პირს ხელშეკრულების მეორე მხარისაგან განესაზღვროს ასეთი ვადა. ვადა უნდა იყოს გონივრული. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება ქარწყლდება, თუ უარი ვადის გასვლამდე არ იქნება გაცხადებული.
სასამართლო მიიჩნევს, რომ 2015 წლის 5 მარტს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ტა-----–---–--ვს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებების მე-6.5. და 7.1.2. მუხლების შესაბამისად, მეიჯარე უფლებამოსილია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების განმეორებით (დამატებით ვადაში) შეუსრულებლობის და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში ცალმხრივად მოშალოს ,,ხელშეკრულება".
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ტა-----–---–--ვის მიერ გადახდილია საიჯარო ქირის ნაწილი 1320 ლარის ოდენობით, გადაუხდელი საიჯარო ქირის თანხა შეადგენს 1844.40 ლარს, შესაბამისად არსებობს საიჯარო ქირის დავალიანების დაკისრების ნაწილში სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
ამდენად, ტა-----–---–--ვს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საიჯარო ქირის 1844.40 ლარის გადახდა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ჯეროვნად არ შეასრულა. მოსარჩელე ითხოვს ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტით და 2.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს სახით ტა-----–---–--ვისათვის 1034.90 ლარის და 2000 ლარის დაკისრებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინება საქმე №ას-318-301-2017), პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყოს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა". საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016)
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა შესრულებულიყო დარღვეული ვალდებულება. მისი მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესასრულებელი ვალდებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული დარღვევის არსის თანაფარდობა შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობასთან. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია ვალდებულების არსი, რომლის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვისაც არის იგი გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია. მართალია, მხარეები თავისუფლად განსაზღვრავენ პირგასამტეხლოს ოდენობას, მაგრამ მისი გადახდევინება შემდგომში შეიძლება მძიმე ტვირთად დააწვეს მოვალეს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მინიჭებული აქვს პირგასამტეხლოს შემცირების უფლება . სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულების საგანს სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა წარმოადგენდა, საიჯარო ქირის გადაუხდელი თანხა შეადგენს 1844.40 ლარს , სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლო, ჯამში 3034.90 ლარის ოდენობით არის შეუსაბამოდ მაღალი, არაგონივრული და მოვალისთვის მძიმე ტვირთს წარმოადგენს, ამიტომ იგი უნდა შემცირდეს და მისი ოდენობა განისაზღვროს 500 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაეკისრა საიჯარო ქირის 1844.40 ლარის და პირგასამტეხლოს 500 ლარის გადახდა. ამდენად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 70.32 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ტა-----–---–--ვის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ტა-----–---–--ვს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს საიჯარო ქირის დავალიანების 1844.40 ლარის და პირგასამტეხლოს - 500 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე ტა-----–---–--ვს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 70.33 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე პაატა ფხალაძე