გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.02.2020
საქმის ნომერი
010210016001477694
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
22.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210016001477694

№2-2658/2016

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 ივნისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

მოსარჩელე - ჟ-----------ე

წარმომადგენ--–- - და-----–----ე, სა----–------ე

მოპასუხეები - თა---–---------ე, მა-–------------ე, ნი-----------ე,წარმომადგენ--–- - გუ-------------------ე

მოპასუხე - რუ--–----------ე

წარმომადგენ--–- - თე---------------ე

თარჯიმანი - ზი-----------------ი, თე----------–--–------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება (დაბრუნება)

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (შემცირებული მოთხოვნა):

 

1.1. მოპასუხეებს (შუ------------ის სამართალმემკვიდრეებს) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ 141 822 აშშ დოლარის გადახდა.

 

მოსარჩელე თავის მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

- 2016 წლის 14 მარტს მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ აწგარდაცვლილ მის ბიძას შუ------------ეს სხვადასხვა დროს მოსარჩელის კუთვნილი სს ,,პ------------- ბანკში" გახსნილი ანგარიშიდან გაუტანია სულ 57 592 აშშ დოლარი;

- ასევე, 2016 წლის 15 ივლისს და 09 აგვისტოს მოსარჩელის კუთვნილი ბინიდან (მდებარე ქ. ბათუმი, შ----------–--–---–ის ქ. 9------------ის ნახევარი წილი გაუფორმებიათ შუ------------ის შვილებს და მემკვიდრეებს, იმ ბინის, რომლის ღირებულება 161 039,62 აშშ დოლარი მთლიანად მოსარჩელეს აქვს გადახდილი.

- მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ აწგარდაცვლილი შუ------------ე იყო მოსარჩელის ბიძა. ვინაიდან მოსარჩელე ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში, ამიტომ უძრავ-მოძრავი ქონებიოს შეძენის, რემონტის მიზნით, ენდობოდა რა ბიძამისს, გასცა მინდობილობა და შუ------------ე ასრულებდა მის დავალებებს. მათ შორის იყო შეთანხმება, რომ ჟ-----------ის თანხებით შუ------------ე შეიძენდა ბინას, გაარემონტებდა მას, კეთილმოაწყობდა, რაც აღირიცხებოდა ორივეს საკუთრებაში. თუ შუ------------ე გადაიხდიდა გაღებული თანხების ნახევარს, მაშინ ბინა დარჩებოდა თანასაკუთრებაში, ხოლო თუ არ გადაიხდიდა, მთლიანად გადაუფორმდებოდა ჟ-----------ეს.

- მოსარჩელის წარმომადგენელი ასევე განმარტავს, რომ ჟ-----------ე წელიწადში 1-2-ჯერ, სეზონურად ჩამოდიოდა საქართველოში, ბინის რემონტის თანხა ხელზე გადასცა შუ------------ეს. 2008 წლის დეკემბრის თვეში ჟ-----------ემ განვადებით შეიძინა ბინა, რის გამოც იგი პერიოდულად ახდენდა გადმორიცხვებს. სულ ჟ-----------ის მიერ გაღებულმა თანხებმა შეადგინა 218 631 აშშ დოლარი, აქედან ბინის საფასურია 161 039 აშშ დოლარი, ხოლო 57592 აშშ დოლარი გადასცა შუ------------ემ მოსარჩელის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე გაიტანა ბანკიდან. შუ------------ეს რაიმე ხარჯი არ გაუღია, ბინას კი თანასაკუთრებაში ფლობდნენ. დღეისათვის შუ------------ის წილს საკუთრების უფლებით ფლობენ მისი მემკვიდრეები - მოპასუხეები. აქედან გამომდინარე, შეამცირა რა (08.10. 2018წ. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე) თავდაპირველი მოთხოვნა, ნაცვლად 218631 აშშ დოლარისა, მოსარჩელე ითხოვს ბინის საფასურის ნახევრის დაკისრებას მოპასუხეებზე, რადგან ჯერ შუ------------ე, შემდეგ კი მოპასუხეები, როგორც მემკვიდრეები, უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ.

(იხ. სარჩელი, მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში).

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხეებმა - თა---–---------ემ, მა-–------------ემ, ნი-----------ემ, სარჩელი არ ცნეს.

 

მოპასუხეების პოზიცია ეფუძნება შემდეგ არგუმენტაციას:

- აწგარდაცვლი შუ------------ეს მოსარჩელემ გადასცა სპეციალური მინდობილობა, რომლითაც მას მიენიჭა მოსარჩელის კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხების გატანისა.

- მოსარჩელეს აწგარდაცვლილ შუ------------ეზე ბინის რემონტის თანხა 57592 აშშ დოლარი არც ხელზე გადაუცია და არც საბანკო ანგარიშიდან გამოუტანია შუ------------ეს თანხები, ასეთი მტკიცებულება არ არსებობს. საბანკო ანგარიშის ამონაწერით, მხოლოდ 6000 აშშ დოლარის ჩარიცხვა დასტურდება, თუმცა არ დგინდება მისი დანიშნულება. ასეთ ფაქტებს რომც ჰქონდეს ადგილი, მოთხოვნა ხანდაზმულია.

- სადავო ქონება თავიდანვე მოსარჩელის და შუ------------ის თანასაკუთრება იყო. შუ------------ის გარდაცვალების შემდეგ, მისი წილი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიიღეს მისმა მემკვიდრეებმა-მოპასუხეებმა და მოსარჩელის წილი კვლავ მის საკუთრებაში ირიცხება.

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, შპს ,,მ--------ის" ცნობა ყალბია, რადგან ერთდაიმავე ბინაზე ორი სხვადასხვა გადახდის საფასურია მითითებული.

- მოსარჩელის მითითება, რომ მას არ ჰქონდა დრო შეემოწმებინა მისი ანგარიში, - არ შეესაბამება სინამდვილს, ვინაიდან იგი წელიწადში 1-2-ჯერ, სეზონურად დასასვენებლად ჩამოდიოდა საქართველოში და ხელი არ ეშლებოდა თავისი ანგარიშის შესამოწმებლად.

- მოსარჩელის მითითება, რომ მან მხოლოდ 2016 წელს გაიგო შუ------------ის მიერ თანხების გატანის თაობაზე, - ემსახურება ხანდაზმულობის გამორიცხვას.

- შუ------------ე 2013 წელს გარდაიცვალა, ხოლო ჟ-----------ე ყოველწლიურად ჩამოდიოდა საქართველოში, გამოჰქონდა თანხები ბანკიდან და ავალებდა შუ------------ეს სხვადასხვა საკითხების მოგვარებას. მოსარჩელე შუ------------ის გასვენებაშიც ჩამოვიდა, მას რაიმე პრეტენზია არ ჰქონია, მხოლოდ 2016 წლის 22 აგვისტოს, სარჩელის აღძვრის შემდეგ გახდა ცნობილი მისი უსაფუძვლო პრეტენზიების შესახებ.

- 2016 წლის 07 ივლისის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მოპასუხეებმა მიიღეს მემკვიდრეობით მამის - შუ------------ის სამკვიდრო, ბინის ნახევარი და დაირეგისტრირეს საკუთრებაში. მოსარჩელეს შეეძლო სადავო გაეხადა შუ------------ის საკუთრების უფლება მის სიცოცხლეში, გარდაიცვალა რა იგი 2013 წლის 15 ოქტომბერს, შუ------------ე ამის შემდეგ ისედაც ვერ შეძლებდა მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან თანხების გამოტანას.

- ბანკის მიერ გაცემული ცნობით ირკვევა, რომ შუ------------ეს ბანკში ანგარიში გახსნილი არ ჰქონია, მას მინდობილობის გარეშე მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან თანხის გამოტანა არ შეეძლო და რომ მოსარჩელემ არ იცოდა მისი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანისა, - ეს არადამაჯერებელია. ეს რომც დადასტურდეს, მოთხოვნა ხანდაზმულია.

- მოპასუხე რუ--–----------ე მოსარჩელეს ფორმალურად ჰყავს დასახელებული მოპასუხედ, რადგან იგი მოსარჩელის გაზრდილია ბავშვობიდან, ერთ ოჯახად ცხოვრობენ. მოპასუხე რუ--–----------ე სხვა მოპასუხეების ძმაა და შუ------------ის თანხმობით, მოსარჩელის ოჯახმა წაიყვანა რუსეთში და დავაზე მოსარჩელის ინტერესების გამტარებელია.

- მოპასუხეების წარმომადგენელი განმარტავს, რომ სარჩელი ხანდაზმულია, 2008-2010 წლების საბანკო ტრანზაქციების შესახებ ცნობილი იყო მოსარჩელისათვის;

- მოპასუხე რუ--–----------ის დედამ იგი წაიყვანა მოსკოვში, და რ----–--იც წაიყვანეს.

- 2013 წელს ამონაწერები აქვს საჯარო რეესტრიდან მოსარჩელეს აღებული, რაც საქმეშია წარმოდგენილი. მოსარჩელეს არ უნდოდა ხელზე ჰქონოდა ფული, ამიტომ გადმორიცხავდა, როცა ჩამოდიოდა, შუ------------ეს გამოატანინებდა და გამოართვამდა. შუ------------ე ხელოსანი იყო, თვითონ აკეთებდა რემონტს.

(იხ. შესაგებელი, მოპასუხეების წარმომადგენლის ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში).

 

2.2. მოპასუხე რუ--–----------ე შესაგებლით სარჩელს ნაწილობრივ ეთანხმება, თუმცა არ მიუთითებს რა ნაწილში ეთანხმება და რა ნაწილში არა. შესაგებელში თავისი პოზიცია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ არ აქვს დაფიქსირებული. სასამართლომ სხდომაზე კი, იგი და მისი წარმომადგენელი განმარტავს, რომ ნ--–- არის მისი დედა, რომელმაც წაიყვანა ქ. მოსკოვში, იქ ცხოვრობს და სწავლობს. მისთვის ცნობილია, რომ ნ--–- და ჟ-----------ე ურიცხავდნენ ფულს შუ------------ეს, რომელსაც გამოჰქონდა გადარიცხული თანხები და ითვისებდა. რუ--–----------ე ცნობს მოთხოვნას თავისი წილის ოდენობით, მოთხოვნილი თანხის მასზე 1/4-ის დაკისრების ნაწილში.

(იხ. შესაგებელი, მოპასუხის და მისი წარმომადგენლის ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში).

 

3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხარეებს შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მხარეებს შორის სადავოა შემდეგი:

- როდის და რა ოდენობის თანხები გადმორიცხა მოსარჩელემ საქართველოში თავის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე, ვინ განკარგა ეს თანხები და რა დანიშნულებით;

- მოსარჩელის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, მოპასუხეების აწგარდაცვლილმა მამამ შუქრი ესებიძემ როდის და რა ოდენობის თანხები გაიტანა მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან და რა დანიშნულებით განკარგა, შეასრულა თუ არა მოსარჩელის დავალებები;

- რა შეთანხმება არსებობდა მოსარჩელესა და მოპასუხეების აწგარდაცვლილ მამას - შუ------------ეს შორის, მათ მიერ შეძენილი და თანასაკუთრებაში რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის შემდგომი ბედის შესახებ. ასევე რა ფასად იქნა შეძენილი ეს ბინა.

- მხარეთა შორის სადავოა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაც;

 

3.2.2. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესაძლებელია ზემოთ დასახელებული გარემოებების გარდა, სხვა გარემოებსაც აქვს ადგილი (მაგალითად თანხის ოდენობა, გადახდის ვალდებულება, თანხის მიმღების კავშირი მოპასუხესთან, მიზნობრიობა და ა.შ.), მაგრამ სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს. საქმისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ის უდავო და სადავო ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლომ დაახარისხა შესაბამის პუნქტებში, წარმოადგენს თუ არა თანხის დაკისრების საფუძველს. სხვა დანარჩენი საკითხების სამართლებრივ შეფასებას, საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვს. სწორედ ამიტომაც პირველ რიგში უნდა შემოწმდეს მოთხოვნა არის თუ არა ხანდაზმული და ამის მიხედვით დადგეს საქმეზე შესაბამისი შედეგი. თუ სარჩელი ხანდაზმულია, მაშინ სხვა საკითხების დადგენას ეკარგება მნიშვნელობა.

 

3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. ასეთი პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძვლებიდან, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში სარჩელის, ხანდაზმულობის ვადაში აღძვრა მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს. ხანდაზმულობის დასადგენად უნდა დადგინდეს მოთხოვნის უფლების წარმოშობისა და სარჩელის აღძვრის თარიღები. მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების ან შეწყვეტის მტკიცებულება.

 

მოსარჩელეს ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების ან შეწყვეტის მტკიცებულება არ აქვს. მან ხანდაზმულობის ვადის გასვლის საწინააღმდეგოდ რაიმე არგუმენტაცია ვერ წარმოადგინა.

 

მიუხედავად ხანდაზმულობის ვადის გასვლისა, სასამართლო მაინც დაადგენს იმ სადავო ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებსაც სარჩელის ბედის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა გააჩნია, რომ არა ხანდაზმულობის ვადის გასვლა.

 

3.2.4. სასამართლო დადგენლად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ჟ-----------ესა და მოპასუხეების აწგარდაცვლილ მამას - შუ------------ეს შორის იყო ძალიან კარგ ურთიერთობა და ნდობა. შუ------------ე იყო ჟ-----------ის ბიძა. ჟ-----------ის დედაა ნ--–- ე------ე, რომელიც ჟ---სთან ერთად, დიდი ხანია რაც მოსკოვში ცხოვრობს. მოსკოვში ნ--–- ე------ესა და ჟ-----------ესთან ერთად, ცხოვრობს და სწავლობს მოპასუხე რუ--–----------ეც, რომლის მამაც არის აწგარდაცვლილი შუ------------ე. შუ------------ე ასევე არის მოპასუხეების - თა---–---------ის, მა-–------------ის, ნი-----------ის მამა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებლები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- მოწმე ნ--–- ე------ის ჩვენება;

- სამკვიდრო მოწმობა;

 

3.2.5. შუ------------ე გარდაიცვალა 2013 წლის 15 ოქტომბერს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა;

 

3.2.6. დადგენილია, რომ ჟ-----------ეს გაცემული ჰქონდა მინდობილობა შუ------------ეზე, რომლითაც შუ------------ეს მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება გაეტანა და განეკარგა ჟ-----------ის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშიდან თანხები, ასევე დაედო გარიგებები მესამე პირებთან ჟ-----------ის სახელით უძრავი ქონების შეძენაზე და განეხორციელებია შესაბამისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მართალია, მხარეებს აღნიშნული მინდობილობა არ წარმოუდგენიათ, თუმცა მხარეები ამაზე არ დავობენ და ეს ასევე დასტურდება ბანკის მიერ გაცემული ცნობებით, სალაროს გასავლის ორდერებით და ამონაწერებით საბანკო ანგარიშიდან, ნოტარიუსისა და საჯარო რეესტრის მიერ დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულებებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებლები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- ბანკის მიერ გაცემული ცნობები, სალაროს გასავლის ორდერები და ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან, ნოტარიუსისა და საჯარო რეესტრის მიერ დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები.

 

3.2.7. დადგენილია, რომ შუ------------ემ 2008 წლის 29 აგვისტოდან 2009 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, სს ,,პ------------- ბანკში" ჟ-----------ის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშიდან, მინდობილობით გაიტანა 3735 აშშ დოლარი, 5976 აშშ დოლარი, 29880 აშშ დოლარი და 16732 აშშ დოლარი. ასევე, 2011 წლის 30 მაისს შუ------------ეს ჟ-----------ის ანგარიშიდან განხორციელებული აქვს ტრანზაქცია 6000 აშშ დოლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სალაროს გასავლის ორდერები;

- ბანკის მიერ გაცემული ცნობა;

 

3.2.8. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2008 წლის 14 აგვისტოს შპს ,,მ--------მა" და შუ------------ემ, თავისი და ჟ-----------ის სახელით დადეს სანოტარო აქტით დამოწმებული გადახდის განვადებით უძრავი ქონების (ნაწილის) ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ნასყიდობის საგანი - საცხოვრებელი ბინა, 125 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და 19,1 კვ.მ აივანი, მდებარე მისამართზე - ბათუმი, შ-----–--–---–ის ქუჩა #9----------- (მე-3 სადარბაზო, მე-8 სართული) თანაბარწილად იყიდეს ჟ-----------ემ და შუ------------ემ, 153008,80 აშშ დოლარად, საიდანაც 69965,80 აშშ დოლარი გადახდილია, ხოლო დარჩენილი 83043 აშშ დოლარი გადახდილ უნდა იქნეს 2008 წლის 25 დეკემბრამდე გრაფიკის მიხედვით. შეძენილ ქონებას საჯარო რეესტრში მიენიჭა ს/კ #0-.24.0-.002.01.0-- და აღირიცხა ჟ-----------ის და შუ------------ის თანასაკუთრებაში. დარჩენილი 83043 აშშ დოლარი სრულად იქნა ჩარიცხული შპს ,,მ--------ის" ანგარიშზე ჟ-----------ის საბანკო ანგარიშიდან გადარიცხვის გზით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2008 წლის 14 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულება;

- გადახდის გრაფიკი;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- შპს ,,მ--------ის" მიერ გაცემული ცნობა;

- საგადახდო დავალებები;

 

3.2.9. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2009 წლის 21 იანვარს შპს ,,მ--------მა" და შუ------------ემ, თავისი და ჟ-----------ის სახელით დადეს უძრავი ქონების (ნაწილის) ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ნასყიდობის საგანი - საცხოვრებელი ბინა, 190 კვ.მ. საერთო ფართის, მდებარე მისამართზე - ბათუმი, შ-----–--–---–ის ქუჩა #------------ (პირველი სადარბაზო, მე-8 სართული) თანაბარწილად იყიდეს ჟ-----------ემ და შუ------------ემ, და ნასყიდობის ფასის ნაწილი - 176 446,08 აშშ დოლარი გადახდილია, ხოლო დარჩენილი 8470 აშშ დოლარი გადახდილ უნდა იქნეს ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში. შეძენილ ქონებას საჯარო რეესტრში მიენიჭა ს/კ #0-.24.0-.002.01.0-- და აღირიცხა ჟ-----------ის და შუ------------ის თანასაკუთრებაში. ნასყიდობის დარჩენილი საფასური გადახდილ იქნა შპს ,,მ--------ის" ანგარიშზე ჟ-----------ის საბანკო ანგარიშიდან გადარიცხვის გზით.

ხოლო 2009 წლის 20 აგვისტოს შუ------------ემ თავისი წილი ამ ქონებიდან 88000 აშშ დოლარად გადასცა ჟ-----------ის დედას - ნ--–- ე------ეს და ქონება აღირიცხა ჟ-----------ისა და ნ--–- ე------ის თანასაკუთრებაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2009 წლის 21 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება;

- 2009 წლის 20 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულება;

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- შპს ,,მ--------ის" მიერ გაცემული ცნობა;

- საგადახდო დავალებები;

 

3.2.10. როგორც ზემოთ აღინიშნა, შუ------------ე გარდაიცვალა 2013 წლის 15 ოქტომბერს. 2016 წლის 07 ივლისის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მოპასუხეებმა მიიღეს მემკვიდრეობით მამის - შუ------------ის სამკვიდრო, ბინის (ს/კ #0-.24.0-.002.01.0--) ნახევარი და თანაბარწილად დაირეგისტრირეს საკუთრებაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა;

- სამკვიდრო მოწმობა

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.2.11. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ ჟ-----------ე წელიწადში 1-2-ჯერ, სეზონურად დასასვენებლად ჩამოდიოდა საქართველოში, იგი შუ------------ის გასვენებაშიც ჩამოვიდა. გარდა აღნიშნულისა, ბანკიდან სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, ჟ-----------ეს 2013 წლის 13 ივლისს ბანკიდან მიღებული აქვს ინფორმაცია საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის სახით. ამდენად, ამ დროისათვის მაინც, თუ უფრო ადრე არა, მისთვის ცნობილი იყო მისი ანგარიშიდან შუ------------ის მიერ თანხების გატანა, გადარიცხვების თაობაზე. ამდენად, რომ მან მხოლოდ 2016 წელს გაიგო შუ------------ის მიერ თანხების გატანის თაობაზე, - ამ არგუმენტაციას სასამართლო ვერ გაიზიარებს. (იხ. ბანკის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, ს.ფ. 207).

 

3.2.12. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მასსა და შუ------------ეს შორის არსებობდა რაიმე სახის შეთანხმება აღნიშნული უძრავი ქონების თანასაკუთრებაში რეგისტრაციის შემდეგ, შუ------------ე თავის წილს საკუთრებაში გადასცემდა მას.

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო კვლავ მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების დანაწესზე და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში კი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მხარეთა შორის მსგავსი შეთანხების არსებობის ფაქტი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს კონსტიტუცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს გადასახდელი აქვს 138111,5 აშშ დოლარი. თუ მოსარჩელემ ბინის საფასური მთლიანად მან გადაიხადა, ხოლო შუ------------ემ მას არ გადაუხადა მისი ნახევარი და არც ბინიდან თავისი წილი არ გადასცა, მაშინ მისმა მემკვიდრეებს უნდა დაეკისროთ საფასურის ნახევრის უკან დაბრუნება. თუ არ დაუბრუნდება ქონება, და მოსარჩელემ კი ამით განიცადა ზიანი, მაშინ მოსარჩელეს აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და იგი შეიძლება შეფასდეს მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და არა თანხის დაკისრება უსაფუძვლოდ გამდიდრებიდან გამომდინარე.

 

6.2. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეებმა გადაუხადონ თანხა. სასამართლო განმარტავს, რომ თანხის გადახდას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.3. მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 986-ე, 987-ე, 988-ე და 991 მუხლები.

სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტით ,,პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში”.

ამავე კოდექსის 987-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 976-ე და 987-ე მუხლები არეგულირებენ უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებს.უსაფუძვლო გამდიდრების გამო ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში მოიშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება. გამდიდრების უსაფუძვლობა კი შეიძლება ემყარებოდეს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის მართლზომიერ ქმედებებსაც. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი მნიშვნელობა არა აქვს ბრალს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთი პირის ქონების გადასვლის ფაქტი მეორე პირის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა.

 

საქ. სკ-ის 982-ე მუხლით ,,1. პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

2. ბათილი განკარგვის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია ხელმყოფისაგან მოითხოვოს დაუყოვნებლივი ანაზღაურება”.

 

სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლით ,,პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული”.

 

უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არ აქვს აბსოლიტურად არავითარი მნიშვნელობა, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ-კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.

 

6.4. მოპასუხე მხარე ამტკიცებს, რომ სარჩელი ხანდაზმულია. სასამართლომ შეისწავლა ხანდაზმულობის საკითხი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხეების არგუმენტები სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით საფუძვლიანია. კერძოდ:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა”.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გათვალისწინებით კანონმდებელმა დააწესა ხანდაზმულობის ვადები. მისი მიზანია მოთხოვნების გარკვეულ სისტემაში მოყვანა. დაინტერესებულმა პირმა კანონით გათვალისწინებულ ვადებში უნდა მოითხოვოს დარღვეული უფლებების აღდგენა. ხანდაზმულობის ვადის დაუცველობა დაინტერესებულ პირებს უზღუდავს სარჩელის წარმოდგენის გზით უფლებების აღდგენის შესაძლებლობას. ხანდაზმულობის ვადა არის დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც პირს ეძლევა სამართლებრივი შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი უფლებები და ინტერესები.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს”.

მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა დავალების შესახებ ხელშეკრულებაა და მასზე ვრცელდება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით ,,ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს. ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე.

 

დადგენილია, რომ შუ------------ე გარდაიცვალა 2013 წლის 15 ოქტომბერს. 2016 წლის 07 ივლისის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მოპასუხეებმა მიიღეს მემკვიდრეობით მამის - შუ------------ის სამკვიდრო, ბინის (ს/კ #0-.24.0-.002.01.0--) ნახევარი და თანაბარწილად დაირეგისტრირეს საკუთრებაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა;

- სამკვიდრო მოწმობა

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

6.7. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ჟ-----------ე წელიწადში 1-2-ჯერ, სეზონურად დასასვენებლად ჩამოდიოდა საქართველოში, იგი შუ------------ის გასვენებაშიც ჩამოვიდა. გარდა აღნიშნულისა, ბანკიდან სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, ჟ-----------ეს 2013 წლის 13 ივლისს ბანკიდან მიღებული აქვს ინფორმაცია საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის სახით. ამდენად, ამ დროისათვის მაინც, თუ უფრო ადრე არა, მისთვის ცნობილი იყო მისი ანგარიშიდან შუ------------ის მიერ თანხების გატანა, გადარიცხვების თაობაზე. შუ------------ემ მოსარჩელის დავალებები უკვე შეასრულა 2009 წლის 20 აგვისტოს, როცა მოსარჩელის დედას ქონებიდან თავისი წილი გადასცა. რაც შეეხება ჟ-----------ის დავალებას, შუ------------ემ 2008 წელს უკვე აღრიცხა თავის და მოსარჩელის თანასაკუთრებაში ქონება. რომც გაიზიარებულ იქნეს არგუმენტაცია, რომ მოსარცელემ თავის დროზე ვერ გაიგო შუ------------ის მხრიდან დავალების ,,გადახვევის" თაობაზე, მან 2013 წლის 13 ივლისისათვის უკვე აუცილებლად იცოდა მისი საბანკო ანგარიშიდან შუ------------ის მიერ თანხების განკარგვის თაობაზე.

 

6.8. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მასსა და შუ------------ეს შორის არსებობდა რაიმე სახის შეთანხმება აღნიშნული უძრავი ქონების თანასაკუთრებაში რეგისტრაციის შემდეგ, რომ შუ------------ე თავის წილს საკუთრებაში გადასცემდა მას. აღნიშნულის მტკიცების ტვირთი კი მას ეკისრებოდა.

ფაქტიურად მათ შორის დასრულდა რა ურთიერთობები და თუ მხარეებს ერთმანეთის მიმართ რაიმე გასარკვევი, გასაყოფი ან მოსათხოვი ჰქონდათ, მისი განხორციელება შეიძლებოდა 2013 წლის 13 ივლისიდანვე. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს დაბრუნების მოთხოვნის უფლება გაუჩნდა 2013 წლის 13 ივლისიდან. მოსარჩელეს სარჩელი აღძრული აქვს 2017 წლის 06 ოქტომბერს. 2012 წლის 11 ივნისიდან 2016 წლის 22 აგვისტოს, გასულია 3 წელზე მეტი.

მოსარჩელეს ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების ან შეწყვეტის მტკიცებულება არ აქვს. მან ხანდაზმულობის ვადის გასვლის საწინააღმდეგოდ რაიმე არგუმენტაცია ვერ წარმოადგინა.

 

6.9. სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლით: ,,ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება, თუ:

ა. ვალდებულების შესრულება გადავადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ (მორატორიუმი);

ბ. სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა;

გ. კრედიტორი ან მოვალე იმყოფება შეიარაღებული ძალების იმ ნაწილში, რომელიც გადაყვანილია საომარ მდგომარეობაში;

დ. კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში”.

 

გარდა დასახელებული ნორმით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის შეჩერებისა, ხანდაზმულობის ვადა ჩერდება მეუღლეთა შორის მოთხოვნებზე ქორწინების განმავლობაში, მშობლებსა და შვილებს შორის მოთხოვნებზე ბავშვების სრულწლოვანების დადგომამდე, აგრეთვე მეურვეებსა (მზრუნველებსა) და სამეურვეო პირებს შორის მოთხოვნებზე მეურვეობის მთელი პერიოდის მანძილზე (საქ. სკ-ის 133-ე მუხლი), ასევე თუ მოთხოვნა მომდინარეობს ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირისაგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არა ჰყავს (სკ-ის 134-ე მუხლი). დრო, რომლის განმავლობაშიც ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულია, ხანდაზმულობის ვადაში არ ჩაითვლება. სასამართლომ გამოიკვლია მოსარჩელის უფლების დარღვევიდან სარჩელის წარმოდგენამდე ხანდაზმულობის ვადის შეჩერების არსებობის საკითხი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არასებობს ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების რომელიმე საფუძველი.

 

6.10. სამოქალაქო კოდექსი ხანდაზმულობის ვადის შეჩერების გარდა, ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლებსაც. კერძოდ: სკ-ის 137-ე მუხლით ,,ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას”.

სასამართლო განმარტავს, რომ მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე პროცენტის ან ძირითადი თანხის ნაწილის გადაცემა, წარმოადგენს ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძველს. მტკიცებულებათა ანალიზით დადგინდა, რომ სახეზე არ არის ნების გამოვლენით მოვალის მიერ ვალის აღიარებისა და ამ აღიარებით ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველი.

 

6.11. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს კი წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები და სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრებით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარის ოდენობით, ასევე მათ მიერ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 100 (50+50) ლარის ოდენობით.

მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა თავისი მოთხოვნა და ნაცვლად 218631,62 აშშ დოლარისა, მოითხოვა 138111,5 აშშ დოლარის დაკისრება. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლისა, მას უკან უნდა დაუბრუნდეს შემცირებული თანხის 3%, ხოლო დანარჩენი თანხა კი, სარჩელზე უარის თქმის გამო, მას უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისისა და 2017 წლის 09 იანვრის განჩინებებით გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიებები.

სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, უნდა გაუქმდეს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ღონისძიებები.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ჟ-----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე ჟ-----------ეს სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან (საგადასახადო დავალება #1, 02/08/2016წ., გადამხდელი ჟ-----------ე, RU, 75 3------, გადამხდელის ბანკი სს ,,თიბისი ბანკი", სახაზინო კოდი 300693150, რეფერენსი 140--48989, მიმღები სახაზინო სამსახური, კოდი TRESGE22) 1080 ლარი, ხოლო 1920 ლარი მას ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისისა და 2017 წლის 09 იანვრის განჩინებებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები (საქმე #297 - უზრ/2016წ.) გაუქმდეს.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სალიხ შაინიძე