გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #6112100-9003359579
საქმე #2/730-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი :
20 თებერვალი, 2020 წელი ქ. ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დევი დევიძე
სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე - ჯე--------------ვი;
მოპასუხე - ფი-----–--------ვი;
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა;
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ფი-----–--------ვის (შემდეგ - „მოპასუხე“) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს ჯე--------------ვის (შემდეგ - „მოსარჩელე“) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. მარნეული, 2---------------------, ს/კოდით 83.02.13.1--.0-.0-- (ქონების ფართობი 81.26 კვ.მ.), და აღნიშნული უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს;
· იმავე სარჩელით მოსარჩელემ სასამართლოს წინაშე ასევე იშუამდგომლა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე;
2. მოპასუხეთა პოზიცია:
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ სცნო. მან განმარტა, რომ ბინაში იმყოფება კანონიერად. აღნიშნული ბინა თავდაპირველად იყო მოპასუხის დაზე გაფორმებული, თუმცა ის მასაც ეკუთვნოდა. ამასთან, ეს ბინა ერთადერთი საცხოვრებელი ადგილია მოპასუხისა და მისი ოჯახის წევრებისათვის;
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე არის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. მარნეული, 2------------------, საკადასტრო კოდით 83.02.13.1--.0-.0--) მესაკუთრე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.1.2. ამჟამად, აღნიშნულ უძრავ ქონებაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს მოპასუხე. მათ სხვა საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნიათ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე ქონების ფლობას არ ახორწციელებს არც მესაკუთრის თანხმობის და არც სხვა კანონიერი საფუძვლით;
3.2.2. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არა აქვს გადახდილი ნასყიდობის ფასი გამყიდველისათვის და საერთოდაც, ქონება მოსარჩელეზე იმიტომ გადაფორმდა, რომ მოპასუხეს ვერ მოეხდინა თავისი უფლებების რეალიზება ამ ქონების მიმართ. მხარეებმა ასევე განმარტეს, რომ მოსარჩელე არის ამ ქონების მესამე შემძენი;
· სასამართლოს სურს განმარტოს, რომ ნასყიდობის ფასის გადაუხდელობა არ არის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი, არამედ არის ამ ფასის გადახდევინების შესახებ მოთხოვნის წაყენების (სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (ე.წ. „პირველადი მოთხოვნა“)) ან ხელშეკრულებიდან გასვლის (იმავე კოდექსის 352.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება); 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ... (ე.წ. „მეორადი მოთხოვნა)) წინაპირობა;
· რაც შეეხება მოსარჩელის მიერ ქონების ფიქტიურ გადაფორმებას, - ამის თაობაზე მარტოოდენ შესაგებლის დონეზე მითითება არ არის საკმარისი სამართლებრივი საფუძცელი, რათა მოხდეს ამ გარიგების გაბათილება (სამოქალაქო კოდექსის 52.1 მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს). მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე არ უთითებს, რატომ არ ჰქონდა მოსარჩელეს და გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ნამდვილი განზრახვა. თავად მოპასუხე აღიარებს, რომ ბინა მოსარჩელემდე რამდენჯერმე იყო გაყიდული. მოპასუხეს მოსარჩელესა და წინა მესაკუთრეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ ვერ ექნება ობიექტური და რეალური სამართლებრივი ინტერესი, რამეთუ თუნდაც ეს ხელშეკრულება არ იყოს ნამდვილი, მოპასუხის საკუთრების უფლება არ წარმოიშობა უძრავი ქონების მიმართ (საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს);
ამდენად, მოსარჩელის მხრიდან ნასყიდობის ფასის შესაძლო გადაუხდელობას არა აქვს მნიშვნელობა ამ დავისათვის, ხოლო ნასყიდობის მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური ხასიათი ვერ იქნა დადგენილი;
სამოტივაციო ნაწილი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სამართლებრივი პოზიციების მოსმენის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის (შემდეგ - „კონსტიტუცია“) მე-19 მუხლი; „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ (შემდეგ - „კონვენცია“) 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგ - „სსკ“) 162-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 312-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ - „სსსკ“) მე-3-მე-4, 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის და 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-მე-4 და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე თავად განსაზღვრავს, თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ამასთან მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები;
მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3 მუხლი);
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს;
6.2. კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია;
კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის, პირველი მუხლი იცავს საკუთრების უფლებას, კერძოდ, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით;
· ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,მარქსი ბელგიის’’ წინააღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებით ოქმის პირველი მუხლი, არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება’’ (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, CASE OF MARCKX v. BELGIUM, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება; განაცხადი #6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი);
6.3. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება.
· საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი. კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით;
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება;
· უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე;
სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ გაუქმებული არ არის;
იმავე კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას;
· ამდენად, მოსარჩელეს მტკიცების ტვირთში შედის ვალდებულება, დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა, ასევე ფაქტი იმისა, რომ ამ ნივთის ფლობს მოპასუხე;
· რაც შეეხება მფლობელს (მოპასუხე), მისი მტკიცების ტვირთი გულისხმობს ვალდებულებას, დაამტკიცოს, რომ ის ნივთს ფლობს მართლზომიერად ან რომ მესაკუთრის საკუთრების უფლება არ ემყარება ნამდვილ იურიდიულ ფაქტს;
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით მოსარჩელე არის ქ. მარნეულში, 2-------------------ში, საკადასტრო კოდით 83.02.13.1--.0-.0--, მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე; მოპასუხე არის ამ ქონების მფლობელი (ის რეალურად ცხოვრობს ამ ბინაში), - ამდენად, მოსარჩელემ გაართვა თავის თავისი მტკიცების ტვირთს;
საქმის განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ არსებული „მესაკუთრის“ ჩანაწერის ფიქტიურია და/ან რომ მოპასუხე მართლზომიერად ფლობს ამ ქონებას. შესაბამისად, მოპასუხემ ვერ გაართვა თავი მისი მტკიცების ტვირთს;
6.4. სსკ-ის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში;
იმავე კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. მართლზომიერი მფლობელობის განმავლობაში მის კუთვნილებად ითვლება ნივთისა და უფლების ნაყოფი;
· ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნეს მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება. მოსარჩელემ შეძლო მოპასუხისათვის დასაბუთებული პრეტენზიის წაყენება;
7. დაუყოვნებლივი აღსრულება:
7.1. სსსკ 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე, ხოლო „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება (ძალადაკარგულია „ზ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სადავო ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, როდესაც მის შედეგად დაცული სიკეთე არ აღემატება აღსრულების დაყოვნების შედეგად მიყენებულ ზიანს) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება №1/5/675,681 - ვებგვერდი, 11.10.2016წ;
იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას;
· სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა გამონაკლისსაც უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება (ვიდრე გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში). ასეთი რამ დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს;
ამდენად, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებულ. როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრული შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებას ან მის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს;
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობაში გათვალისწინებული დებულება, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის სარჩელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, არის კანონისმიერი საფუძვლის არსებობა და არ გულისხმობს მის ავტომატურ გამოყენებას ვინდიკაციურ სარჩელებთან მიმარებით. სასამართლომ უნდა შეაფასოს კონკრეტული გარემოებები, რაც უნდა გამომდინარეობდეს მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობიდან;
მოსარჩელემ თავის შუამდგომლობაში მიუთითა მარტოოდენ სსსკ-ის 268.1 „ე1“ ქვეპუნქტზე, თუმცა რამე არგუმენტი, თუ რატომ უნდა გამოიყენოს სასამართლომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მექანიზმი, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. მოცემულ შემთხვევაში ერთდროულად არსებობს ორი მხარის „ანტაგონისტური“ ინტერესი: მოსარჩელის ინტერესია, რომ აღკვეთოს მოპასუხის უკანონო მფლობელობა მის ნივთზე, რაც გახდება საფუძველი იმისა, რომ მან აღადგინოს ნივთით ფლობა და სარგებლობა, ხოლო მეორე მხრივ, მოპასუხის ინტერესია არ დარჩეს უსახლკაროდ მფლობელობის შეწყვეტის შემდეგ. საქმის განხილვისას დადგინდა, რომ მოსარჩელეს აღნიშნული ბინა არ ესაჭიროება თავისი ან თავისი ოჯახის წევრების საცხოვრებლად. დადგინდა ისიც, რომ მოპასუხისა და მისი ოჯახისათვის აღნიშნული ბინა წარმოადგენს ერთადერთ საცხოვრისს. ამიტომ, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, რაც გულისხმობს მოპასუხის და მის ოჯახის წევრების გამოსახლებას, მათ უქადდის უსახლკადოდ დატოვებას. ამდენად, იმ პირობებში, როცა მოსარჩელეს აქვს სხვა საცხოვრებელი ადგილი და აღსრულების ობიექტი (უკანონო მფლობელობის საგანი) მას არ ესაჭიროება სოციალური (საყოფაცხოვრებო) ინტერესის დასაკმაყოფილებლად, გაუმართებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა. აღნიშნული სერიოზულ წინააღმდეგობაში მოდის საჯარო წესრიგთან და ზნეობის ზოგად ნორმებთან;
კონსტიტუციის პრეამბული შესაბამისად, „საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა ... სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო... დამკვიდრება“. კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან, ხოლო მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე;
გაეროს „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, მას და მის ოჯახს ჰქონდეს ცხოვრების სათანადო დონე, შესაფერისი, კვების, ტანისამოსის და ბინის ჩათვლით; აგრეთვე უფლებას, განუწყვეტილივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს. პაქტის მონაწილე სახელმწიფოები ამ უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად მიიღებენ შესაბამის ზომებს, აღიარებენ რა, ამ მხრივ, თვისუფალ თანხმობაზე დაფუძნეული საერთაშორისო თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობას;
ამდენად, კონსტიტუცია და გაეროს პაქტი სახელმწიფო აკისრებენ ვალდებულებას, რომ უზრუნველყოს და განავითაროს „სამართლიანი და სოცილაური სახელმწიფო იდეა“, ამადროულად დაიცვას „საკუთრების უფლება“, რომელიც ბუნებითი უფლებაა და საბაზრო ეკონომიკის საფუძველია. რა თქმა უნდა, საკუთრების უფლების დაცვით, დაცულია სამართლებრივი სახელმწიფო პრინციპიც, თუმცა როდესაც არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის უფლების უპირატესობა, როცა მისი უფლების რეალიზაცია „ბოროტად გამოყენების“ მნიშვნელოვან ნიშანს შეიცავს (სსკ-ის 115-ე მულის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას; იმავე კოდექსის 170.2 მუხლის თანახმად, უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია) მესაკუთრის უფლების გამოყენება ლახავს თავად ამ უფლების შინაარს;
კონსტიტუციის 59-ე მუხლის შესაბამისად, საერთო სასამართლოები არის მართლმსაჯულების განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოები. ამიტომ, კონტრეტული საქმეების განხილვისას, სასამართლო ვალდებულია დაიცვას კონსტიტუციაში გაწერილი პრინციპები და ნორმები. ამიტომ, როცა მესაკუთრის უფლების უპირატესობა კონკრეტულ საქმეში არ იკვეთება, სასამართლო ვალდებულია უპირატესობა მიანიჭოს „სოცილაური სახელმწიფო იდეას“ და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებად მიქცევით მოპასუხეს (თავის ოჯახთან ერთად) არ შეუქმნას უსახლკაროდ დაუყოვნებლივ დარჩენის რისკი (მით, უფრო, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე არსებობს ზემდგომი სასამართლო ინსტაციების მიერ მისი შეცვლის ან გაუქმების ალბათობა);
· სასამართლოს ეს მსჯელობა არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ მესაკუთრის უფლებების რეალიზაცია ყოველთვის უფლების ბოროტად გამოყენებაა. ამით სასამართლოს სურს აღნიშნოს, რომ განსახილველი კატეგორიის საქმეებზე იმ შემთხვევაში, როცა არ არის გამოკვეთილი მოსარჩელის ინტერესის უპირატესობა მოპასუხის ინტერესთან შედარებით, არ არსებობს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველი;
8. საპროცესო ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ - „სსსკ“) 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს;
იმავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა;
სსსკ-ის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, მაგისტრატი მოსამართლე პირველი ინსტანციით განიხილავს ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს;
სსსკ-ის 48-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება. ეს წესი ვრცელდება მოპასუხეზედაც, თუ იგი ასეთ საქმეზე შეგებებულ სარჩელს აღძრავს;
იმავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია;
· განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. შესაბამისად, დავის საგნის ფასი 4000 ლარია, რის 1,5 პროცენტი შეადგენს - 60 ლარს. ვინაიდან, მოსარჩეს (მისივე შუამდგომლობის საფუძველზე) გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მის მიერ სარჩელის მოგების კვალობაზე, სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის ანალოგიით (სსსკ-ის 7.2 მუხლი), სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება ეკისრება მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, მე-8, მე-10, მე-37-ე, 55-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ჯე--------------ვის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ფი-----–--------ვის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს მოსარჩელე ჯე--------------ვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. მარნეული, 2---------------------, ს/კოდით 83.02.13.1--.0-.0-- (ქონების ფართობი 81.26 კვ.მ.), და აღნიშნული უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს;
3. ფი-----–--------ვს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 60 ლარის ოდენობით;
4. არ დაკმაყოფილდეს ჯე--------------ვის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე;
5. წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტზე (დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარი) შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. კერძო საჩივრის წარდგენის ვადა არის 12 დღე, რომლის ათვლა დაიწყება წინამდებარე განჩინების ადრესატისათვის ჩაბარების მეორე დღიდან. კერძო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს განჩინების გამომტან - ბოლნისის რაიონულ სასამართლოში (მის.: ბოლნისის, სულხან-საბას ქ. #113), რომელიც საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნება ზემდგომი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი #7ა);
6. წინამდებარე გადაწყვეტილების დანარჩენი ნაწილი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს (მის.: ქ. ბოლნისი, სულხან-საბას ქ. #113) მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლე: /დევი დევიძე/