გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.02.2020
საქმის ნომერი
190210019003294992
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
11.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2150-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11.02.2020 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი სალომე არევაძე

მოსარჩელე თ----- ჩ-------ი

მოპასუხე გ------- კ-----–--ე

დავის საგანი ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გ------- კ-----–--ისათვის არასრულწლოვანი შვილის 2019 წლის 30 ივლისს დაბადებული გეგა კ-----–--ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის 200 ლარის დაკისრება და დამატებითი ხარჯების ანაზღაურება.

(11.02.2020წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

მხარეებს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი 2019 წლის 30 ივლისს დაბადებული გეგა კ-----–--ე. ასევე ჰყავს ორი უფროსი შვილი და ბავშვებთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში. თავად მუშაობს შპს თბილისის გულის ცენტრში მედდად, თუმცა ამჟამად დეკრეტულ შვებულებაშია. მოპასუხეც ამავე კლინიკაში ექთნად მუშაობს და აქვს ხელფასი, თუმცა მამა იშვიათად ეხმარება მატერიალურად ბავშვის გაზრდაში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ ცნო ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა და თანხმობა განაცხადა ყოველთვიურად 100 ლარის გადახდაზე. მისი განმარტებით, მუშაობს შპს თბილისის გულის ცენტრში ექთნად, სადაც 2020 წლის იანვრიდან ხელფასი შეუმცირდა და ამჟამად მისი ხელფასია 633 ლარი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით. სწავლის გადასახადის გადასახდელად აიღო კრედიტი, რომლის გადასახდელად ყოველთვიურად იხდის 100 ლარს. ასევე აპირებს რეზიდენტურაში სწავლის გაგრძელებას, რაც ასევე ფასიანია და საკუთარი ხელფასიდან უნდა გადაიხადოს სწავლის ხარჯი, რადგან სხვა შემოსავალი არა აქვს. ასევე უნდა გასწიოს ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ხარჯები, რის გამოც ხელფასის გათვალისწინებით 100 ლარზე მეტის გადახდა არ შეუძლია.

 

(11.02.2020წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდაო გარემოებები

 

3.1.1. თ----- ჩ-------ი და გ------- კ-----–--ე ერთად არ ცხოვრობენ. მათ ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი 2019 წლის 30 ივლისს დაბადებული გეგა კ-----–--ე, რომელიც ცხოვრობს დედასთან მოსარჩელე თ----- ჩ-------თან, ქალაქ რუსთავში ნაქირავებ ბინაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი (ს.ფ. 2-5. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 25-29. ტომი 1)

- მხარეთა განმარტებები (11.02.2020წ სხდომის ოქმი CD დისკი)

- დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 15. ტომი 1)

- სესხისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 16-19. ტომი 1).

 

3.2.2. თ----- ჩ-------ი მუშაობს შპს თბილისის გულის ცენტრში, მისი ყოველთვიური ხელფასია 720 ლარი. იგი ამჟამად დეკრეტულ შვებულებაშია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი (ს.ფ. 2-5. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 25-29. ტომი 1)

- მხარეთა განმარტებები (11.02.2020წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.2. დადგენილი სადაო გარემოებები

 

3.2.1. გ------- კ-----–--ე დასაქმებულია, მას აქვს ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით. იგი არ განიცდის ფინანსურ გაჭირვებას და არა აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები.

 

შპს თბილისის გულის ცენტრის 2020 წლის 7 თებერვლის N07/02/2020-1 ცნობის მიხედვით, გ------- კ-----–--ე მუშაობს შპს "თბილისის გულის ცენტრში" 2019 წლის 1 მარტიდან ექთნის თანამდებობაზე მის ყოველთვიური ხელფასია 633 ლარი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით. ცნობაში ასევე მითითებულია, რომ 2020 წლის 1 იანვრიდან მოქმედების ხელფასის დაკლებული ტარიფი. მხარეებს შორის სადაო არ არის, რომ 2019 წლის განმავლობაში მოპასუხის ხელფასი იყო 720 ლარი.

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილია საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, გ------- კ-----–--ემ 2019 წლის 26 სექტემბერს სს თიბისი ბანკისგან აიღო კრედიტი 2070 ლარი 821 დღით - 2021 წლის 25 დეკემბრამდე, რომლის დაბრუნების მიზნით ყოველთვიური შენატანია 98 ლარი.

 

ამდენად, ამ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ------- კ-----–--ე დასაქმებულია, ამჟამად მისი დაუბეგრავი ხელფასია 633 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადის -შემოსავლის 20%-ის დაქვითვის შემდეგ მისი ფაქტობრივი შემოსავალია 506,4 ლარი. მოპასუხის განმარტებით, მას სხვა შემოსავალი არა აქვს და ხელფასიდან იხდის კრედიტის დაბრუნებისათვის საჭირო თანხას. მოპასუხის განმარტებით, ხელფასიდან ასევე იხდის საყოფაცხოვრები ხარჯებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა ზემოთდასახელებული ფინანსური ხარჯებისა, მოსარჩელის ფინანსურ ვალდებულებას არ წარმოადგენს შრომისუუნარო ოჯახის წევრების რჩენა, რადგან მოპასუხეს არ მიუთითებია, რომ ჰყავს პენსიონერი ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ოჯახის წევრები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- მოპასუხის განმარტება (20.02.2020წ სხდომის ოქმი CD დისკი)

- საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 67- 76. ტომი 1

- საკრედიტო ხელშეკრულები ასლი (ს.ფ. 34-41. ტომი 1)

- სახელფასო ცნობა (ს.ფ. 65. ტომი 1)

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე მოთხოვნილი ალიმენტის თანხა გონივრული და სამართლიანია, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

· საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1199-ე, 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 1234-ე, 1245-ე მუხლები.

· გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამ ნორმის თანახმად, არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული „ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში კანონმდებელი უპირატესად ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ”ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის დეკლარირებულია ბავშვებთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის ძირითადი პრინციპი, რომლის თანახმად, მშობლის უფლების განხორციელების საკითხში განმსაზღვრელია ბავშვის ინტერესი. ბავშვთა უფლებების პრიმატი აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმად დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. შესაბამისად, კონსტიტუციის ეს ნორმა აღიარებს ბავშვის უფლებათა უპირატესობას როგორც მშობლებთან ურთიერთობაში, ისე ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის დაცვა ალიმენტის განსაზღვრის საკითხში იმაზე მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით. ბავშვის აღზრდისა და რჩენის ვალდებულება ძირითადად მშობელს ეკისრება, ხოლო სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ოჯახის კეთილდღეობა, მშობლებსა და შვილებს შორის ოჯახური ურთიერთობის შესაძლებლობის განმტკიცება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით მშობლებს მისი უნარებისა და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ევალებათ ბავშვისათვის განვითარების ნორმალური პირობების შექმნა. შესაბამისად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი შრომისუნარიანობა, ოჯახური მდგომარეობა, ფინანსური შესაძლებლობები და ქონებრივი მდგომარეობა.

 

მოპასუხემ ცნო სარჩელი მისთვის ალიმენტის სახით 100 ლარის დაკისრების ნაწილში, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით ეს თანხა მცირეა და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 200 ლარის გადახდა.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, რომ ბავშვი არის ჩვილ ასაკში, იგი 6 თვისაა, რის გამოც მოსარჩელე დეკრეტულ შვებულებაშია და ამჟამად ხელფასს არ იღებს. იგი დაკავებული ბავშვის მოვლით. ჩვილი ასაკის გამო ბავშვს განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება, აუცილებელია ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივი ზრუნვა, ამის გამო სამედიცინო მეთვალყურეობა, ჰიგიენური მოვლისათვის საჭირო ნივთების შეძენა, სეზონური სამოსი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტი არის ბავშვის რჩენისათვის აუცილებელი თანხა, რომლის ოდენობა უნდა განისაზღვროს მშობლების უნარების და ფინანსური მდგომარეობის მიხედვით, რადგან ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით მშობლებს ევალებათ შვილების ცხოვრების ისეთი დონით უზრუნველყოფა, რაც მათი უნარების და ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარეობს. თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ნორმის მიზანი არ არის მშობლების ქონებრივი უფლებების დაცვა. ეს დებულება არის იმ ფაქტის აღიარება, რომ თითოეული ოჯახის მატერიალური მდგომარეობა განსხვავებულია და მშობლებს ამის მიხედვით ეკისრებათ შვილების სათანადო რჩენის, ფინანსური უზრუნველყოფის ვალდებულება. ამავე ნორმით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციაში მითითებული დებულებები ბავშვის უფლებებია, შესაბამისად ბავშვის უფლებაა იგი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის სათანადო ცხოვრების დონით უზრუნველყონ. შესაბამისად, მშობლებმა უნდა იზრუნონ ბავშვის ამ უფლების რეალიზაციისათვის, თავიანთი უნარების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, განათლების შესაბამისად გააუმჯობესონ ბავშვების ცხოვრების დონე.

 

კონვენციის ეს ნორმა არ აწესებს შეღავათს მშობლის ქონებრივი უფლებების საკითხში, ნორმის მიზანი მშობლის ქონებაზე, მათ ქონებრივ უფლებებზე ზრუნვა არ არის, კონვენციის მიზანია ბავშვის უფლების დაცვა, მისი მატერიალური უზრუნველყოფის უფლების დაცვა, რა დროსაც გასათვალისწინებელია მშობლების პატივსადები ინტერესები - მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური პირობები, შემოსავლების ოდენობა, შემოსავლის მიღების წყაროები. ალიმენტი არის ყოველთვიურად გადასახდელი ფულადი თანხა, რომელიც აუცილებელია ბავშვის ნორმალური აღზრდის და მატერიალური მოთხოვნილებების სათანადოდ დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, მშობლების მატერიალური მდგომარეობა უნდა შეფასდეს ამ პრინციპის რეალიზაციის მიზნებიდან გამომდინარე და არა მშობლის უფლებების, მისი ქონებრივი ინტერესების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრუწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება ორივე მშობელს თანაბარწილად ეკისრება მათი მატერიალური შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით. ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ორივე მშობლის მატერიალური, ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობის, ორივე მშობლის სოციალური პირობების ურთიერთჯერებით და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.

 

განქორწინების მიუხედავად მშობლები არიან ბავშვის აღზრდაზე მთავარი პასუხისმგებელი პირები. შვილების აღზრდა არის მშობლის მთავარი ვალდებულება. განქორწინების გამო არ უნდა შეილახოს ბავშვის უფლებები, მისი მატერიალური მდგომარეობა არ უნდა გაუარესდეს იმის გამო, რომ მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობლების დაშორების მიუხედავად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბავშვის ის მატერიალური დახმარება, რაც ბავშვს მშობლების ერთად ყოფნის დროს ექნებოდა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განჩინებაში საქმეზე №ას-1011-931-2017 განმარტებულია, რომ „კანონის მიხედვით, ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება შვილის რჩენის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ არა. მშობლები ვალდებული არიან არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში“.

 

განსახილველ შემთხვევაში ალიმენტის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოპასუხე ყოველდღიურად მისი მცირეწლოვანი შვილის აღზრდის პროცესში არ მონაწილეობს, ყოველდღიურად ხარჯების გაწევა და ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა არ უწევს, ეს საკითხები მთლიანად მოსარჩელის გადასაწყვეტია. მოპასუხეს ამჟამად აქვს ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით, ამასთან, მას მცირეწლოვანი შვილის გარდა სხვა პირები კმაყოფაზე არ ჰყავს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული ალიმენტის ოდენობა გონივრული იმის გათვალისწინებითაც, რომ მოპასუხეს გააჩნია გადასახდელი საკრედიტო ვალდებულება. სასამართლო აღნიშნავს, რომ მშობლის საკრედიტო ან სხვა ფინანსური ვალდებულების არსებობა შვილის რჩენის ვალდებულებას არ ამცირებს, რადგან მცირეწლოვანი შვილის რჩენის ვალდებულება გარდა მშობლებისა სხვა პირებს არ ეკისრებათ. საკრედიტო, საგადასახადო ან კომუნალური მომსახურების ხარჯების ანაზღაურება არ არის ისეთი ვალდებულება, რის გამოც შვილის რჩენისათვის გადასახდელი ალიმენტი შეიძლება შემცირდეს და ამ ვალდებულებას უპირატესობა მიენიჭოს შვილის რჩენის ვალდებულებასთან შედარებით. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობაზე ერთ-ერთ საქმეში – „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“: „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. მოპასუხის განმარტებით, იგი აპირებს სამედიცინო განათლების უმაღლესი საფეხურებზე სწავლის გაგრძელებას და ამისათვის ხელფასიდან აუნდა გადაიხადოს სწავლის საფასური ყოველთვიურად. სასამართლო აღნიშნავს, რომ პატივსაცემია მოპასუხის სურვილი მიიღოს განათლება და აიმაღლოს კვალიფიკაცია პროფესიაში, რაც ასევე მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება, მაგრამ ბავშვის უპირეტესი ინტერესების გამო მოპასუხის ეს არგუმენტი 100 ლარით ალიმენტის განსაზღვრის საფუძველს არ ქმნის. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე ამ ეტაპზე ხელფასს არ იღებს, რის გამოც ბავშვის მატერიალური უზრუნველყოფაზე ძირითადი პასუხისმგებელი მშობელი მოპასუხეა. ბავშვის ჩვილი ასაკიდან გამომდინარე საჭიროებების და დედის ფინანსური შემოსავლის არქონის გამო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმენტი თვეში 200 ლარი გონივრული თანხაა, რის გამოც სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2019 წლის 21 ნოემბრიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიზნით მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლის მიხედვით, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).

 

ამ ნორმის შინაარსიან გამომდინარე დამატებით ხარჯები არის ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით ან სხვა ობიექტური გარემოებით გამოწვეული ვითარება, რის გამოც საჭიროა ალიმენტის გარდა ბავშვისათვის დამატებით თანხის გადახდა. ამდენად, დამატებით ხარჯების წარმოშობის საფუძველია ბავშვის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რის გამოც მას განსაკუთრებული სამედიცინო ან სხვა სახის დახმარება სჭირდება და რომლის ხარჯები ბავშვის აღზრდისათვის საჭირო ჩვეულებრივ ხარჯს არ წარმოადგენს და მისი ოდენობიდან გამომდინარე ალიმენტიდან ვერ ანაზღაურდება. მოსარჩელეს არ მიუთითებია ამგვარი განსაკუთრებული გარემოება, რაც წარმოშობს დამატებითი ხარჯის გაწევის აუციელებლობას. შესაბამისად, დამატებითი ხარჯების დაკისრების საფუძველი არ არსებობს. სასამართლო განუმარტავს მოსარჩელეს, რომ ბავშვის ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გრემოებით გამოწვეული აუცილებლობის წარმოშობის შემთხვევაში იგი უფლებამოსილია საერთო საფუძველზე აღძრას სასამართლოში სარჩელი საერთო საფუძველზე.

 

7. პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილს ”ა” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, შესაბამისად ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს მოპასუხემ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ”გ” პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელში დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით, რაც ამ დავაში შეადგენს 2400 ლარს. ალიმენტის დაკისრების შესახებ დავა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 14-ე მუხლის „გ“ პუნქტის საფუძველზე მაგისტრატი სასამართლოს განსჯადი საოჯახო სამართლებრივი დავაა, რის გამო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა (სსსკ 38-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მინიმალური ოდენობა 100 ლარი) ნახევრდება შეადგენს 50 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დაკისრების დროს გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ. მოსამზადებელ სხდომაზე ცნო 200 ლარის დაკისრების მოთხოვნა, რაც არის დაკისრებული თანხის 50%. საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის 50% არის 25 ლარი, რომლის გადახდისაგან მხარეები თავისუფლდებიან. ამდენად, საქმეზე გადასახდელია სახელმწიფო ბაჟი 25 ლარი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს მოპასუხემ. სახელმწიფო ბაჟი მოპასუხემ უნდა გადაიხადოს შემდეგ ანგარიშზე სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ბანკი ხაზინა.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. თ----- ჩ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. გ------- კ-----–--ეს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის 2019 წლის 30 ივლისს დაბადებული გეგა კ-----–--ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის 100 ლარის გადახდა. ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2019 წლის 21 ნოემბრიდან;

 

2. გ------- კ-----–--ეს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 25 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი