გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/21254-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
4 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი - ნინო ლობჟანიძე
მოსარჩელე - სს „თ----------ი“
წარმომადგენელი - ნ--------------
მოპასუხე - მ--------------ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
მ--------------ს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს:
1.1. 2015 წლის 19 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3064.44 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 1649.48 ლარი, პროცენტი - 482.74 ლარი და ჯარიმა - 932.22 ლარი;
1.2. 2019 წლის 16 აგვისტოდან 2015 წლის 19 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 1649.48 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 49.48 ლარს;
1.3. 2017 წლის 5 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3396.60 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 1500 ლარი, პროცენტი - 566.56 ლარი და ჯარიმა - 1330.04 ლარი;
1.4. 2019 წლის 16 აგვისტოდან 2017 წლის 05 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 1500 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 60% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 75 ლარს.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სს „თ----------სა“ და მ--------------ს შორის 2015 წლის 19 მაისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 1678 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სს „თ----------ის“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მინიმუმ 25 დღეს დაანგარიშების დღმდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 12 რიცხვი. მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა წესრიგდება სს „თ----------ის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ------------- განთავსებული „ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ“ ხელშეკრულებით.
2015 წლის 19 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება დარღვეულია და 2018 წლის 25 სექტემბრის შემდეგ აღარ მომხდარა გარახდა.
2019 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით 2015 წლის 19 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს ერიცხება დავალიანება - 3064.44 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 1649.48 ლარი, პროცენტი - 482.74 ლარი და ჯარიმა - 932.22 ლარი;
სს „თ----------სა“ და მ--------------ს შორის 2017 წლის 5 დეკემბერს ინტერნეტბანკის საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1500 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 60%-ით, კრედიტის ვადა - 2018 წლის 5 დეკიემბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 5 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა წესრიგდება სს „თ----------ის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ------------- განთავსებული „ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ“ ხელშეკრულებით.
საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა 2018 წლის 5 ნოემბერს, რის შემდეგაც მიუხედავად არაერთი გართხილებისა მოპასუხე არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას.
2019 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით 2017 წლის 5 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ოდენობა შეადგენს 3396.60 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 1500 ლარი, პროცენტი - 566.56 ლარი და ჯარიმა - 1330.04 ლარი;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში. მხარე არ ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 სს „თ----------სა“ (კრედიტორი) და მ--------------ს (მოვალე) შორის 2015 წლის 19 მაისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (პირველი ხელშეკრულება), რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 1678 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სს „თ----------ის“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მინიმუმ 25 დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 12 რიცხვი. მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა წესრიგდება სს „თ----------ის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ------------- განთავსებული „ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ“ ხელშეკრულებით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 20);
- 19.05.2015 წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 21-23);
- განაცხადი (ს.ფ. 24-25);
3.1.2 კრედიტორის მიერ 2015 წლის 19 მაისის ხელშეკრულებით გაცემული კრედიტის თანხა მოვალემ აითვისა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 100);
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 44-99).
3.1.3. მოვალემ პირველი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და 2018 წლის 25 სექტემბრის შემდეგ აღარ განუხორციელებია გადახდა.
2019 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით პირველი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს ერიცხება დავალიანება - 3064.44 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 1649.48 ლარი, პროცენტი - 482.74 ლარი და ჯარიმა - 932.22 ლარი;
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 100);
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 44-99).
3.1.4 კრედიტორსა და მოვალეს 2017 წლის 5 დეკემბერს ინტერნეტბანკის საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (მეორე ხელშეკრულება), რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1500 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 60%-ით, კრედიტის ვადა - 2018 წლის 5 დეკემბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 5 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა წესრიგდება სს „თ----------ის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ------------- განთავსებული „ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ“ ხელშეკრულებით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სს „თ----------ის“ 13.08.2019 წლის ცნობა (ს.ფ. 26);
- ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ (ს.ფ.27-43).
3.1.5 კრედიტორის მიერ 2017 წლის 5 დეკემბრის ხელშეკრულებით გაცემული კრედიტის თანხა მოვალემ აითვისა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 100);
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 44-99).
3.1.6. მოვალემ მეორე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და 2018 წლის 5 ნოემბრის შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა.
2019 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით მეორე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ოდენობა შეადგენს 3396.60 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 1500 ლარი, პროცენტი - 566.56 ლარი და ჯარიმა - 1330.04 ლარი;
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 100);
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 44-99).
3. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. კრედიტორმა ხელშეკრულებები შეწყვიტა 16.08.2019 წელს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე არ დგინდება სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით გათვალისწინებული საბანკო კრედიტის ვადამდე შეწყვეტის პირობები (გადახდის ვადის ზედიზედ ორჯერ გადაცილების შემდგომ მოვალის გაფრთხილება და ორკვირიანი ვადის მიცემა). შესაბამისი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი და არც მხარეები მიუთითებენ ამ გარემოებაზე. მოსარჩელე ზოგადად განმარტავს, რომ მოპასუხემ დაარღვია კრედიტის დაბრუნების ვადა. ვინაიდან სარჩელის აღძვრამდე სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები არ შესრულებულა, სასამართლო ხელშეკრულებას შეწყვეტილად მიიჩნევს 16.08.2019 წლიდან - დავალიანების დაანგარიშების მომენტიდან, ვინაიდან პროცენტი და პირგასამტეხლო დაანგარიშებულია სწორედ ამ მდგომარეობით, ხოლო ამის შემდგომ პერიოდისათვის კრედიტორი ითხოვს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას. სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დამატებითი ვადის განსაზღვრა არ არის აუცილებელი, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოყვება. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზეც უარს აცხადებს დავალიანების დაფარვაზე. ამდენად, აშკარაა, რომ დამატებითი ვადის განსაზღვრა შედეგის მომტანი ვერ იქნებოდა.
3.2.2. ხელშეკრულებებით მხარეები არ შეთანხმებულან მოვალის მიერ ვადის გადაცილების შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის გადახდაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესუალურ სტანდარტს და ზოგადი წესის თანახმად, თითოეულ მხარეს ევალება მის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცება, თუმცა, ამავე ნორმის მე-3 ნაწილი ყურადღებას ამახვილებს რიგი გარემოებების სათანადო, განკუთვნადი მტკიცებულებებით დადასტურების აუცილებლობაზე. ამგვარი სათანადო მტკიცებულებების სახეს კი, როგორც წესი, მატერიალური კანონმდებლობა განსაზღვრავს.
მტკიცების ტვირთის განაწილებისაგან უნდა გამოვყოთ ფაქტების მითითების ტვირთი. მოსარჩელე ვალდებულია, სრულყოფილად მიუთითოს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმიდან გამომდინარე და მისი მტკიცების სფეროში შემავალი ფაქტობრივი გარემოებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტების მიუთითებლად, მტკიცებულების წარმოდგენა შედეგის მომტანი ვერ იქნება.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარი სხდომაზე განმარტა, რომ არსებობს მხარეთა შეთანხმება მოვალის მიერ ვადის გადაცილების შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი პროცენტის გადახდაზე.
სარჩელში ეს გარემოება მითითებული არ არის და არც მოთხოვნა ემყარება სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
სასმართლოს მთავარ სხდომაზე საპატიო მიზეზის გარეშე მითითებულ ახალ ფაქტობრივ გარემოებებს სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 867-ე, 625-ე, 361-ე, 868-ე, 872-ე, 873-ე, 394-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 867-ე მუხლის თანახმად კი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტი არის სესხი, რომელსაც გასცემს კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი, ამასთან, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, საბანკო კრედიტი ყოველთვის სარგებლიანია.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
განსახილველ შემთხვევაში კრედიტორსა და მოვალეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობისა და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები, რომლებიც ითვალისწინებენ სესხის ნაწილ-ნაწილ დაბრუნებას.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკები და ვალდებულება აღარ შეუსრულებია, რის გამოც ხელშეკრულებები ვადამდე შეწყდა და კრედიტორი უფლებამოსილია, თანხის ერთიანად დაბრუნება მოითხოვოს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
6.2. მოსარჩელე ითხოვს ასევე ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას - ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცენტების დარიცხვას ვალდებულების შესრულებამდე.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის გადახდის ვალდებულება არსებობს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო; ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: 1) მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; 2) ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; 3) ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე (იხ. სუსგ Nას-1701-1685-2011). ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ სარგებლის გადახდის ვალდებულება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ამის თაობაზე შეთანხმებული არიან. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო საკრედიტო ხელშეკრულებები არ ითვალისწინებს სარგებლის დარიცხვას მისი შეწყვეტის შემდგომ.
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობისათვის) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანია (დანაკარგია), რომელიც ვერ მიიღო ბანკმა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. შესაბამისად, განსხვავებულია მათი მტკიცების ფარგლებიც. მიუღებელ შემოსავალს დამტკიცება სჭირდება (სსკ-ის 404-ე, 411-412-ე მუხლები), მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული გონივრული პროცენტის ნამდვილობისათვის საკმარისია მხარეთა წერილობითი შეთანხმება (იხ. სუსგ №ას-932-882-2015).
დადგენილია, რომ ხელშეკრულებები შეწყდა 20.08.2019 წელს, შესაბამისად, კრედიტორს ამ მდგომარეობით გააჩნია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის მოთხოვნის უფლება, ხოლო ამ მომენტიდან სამომავლოდ კრედიტორს გააჩნია არა ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის, არამედ მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლება. მოსარჩელე არის კომერციული ბანკი და იგი შემოსავალს იღებს მათ შორის საკრედიტო ხელშეკრულებების დადების გზით, მაგრამ სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებას საჭიროებს არა მხოლოდ მიუღებელი შემოსავლის არსებობა, არამედ მისი ოდენობაც. მიუღებელი შემოსავალი ერთ-ერთი სახეა ზიანისა. იგი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ, სუსგ №ას-459-438-2015, 2015 წლის 07 ოქტომბერი). მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ Nას-307-291-2011).
სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება.
მოცემული ნორმა შეეხება როგორც კრედიტის მიმღების მიერ თანხის ვადამდე ნებაყოფლობით დაბრუნების, ისე, 873-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევას. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საპროცენტო სარგებლის მოთხოვნის უფლება მოვალის მიერ თანხით მთელი პერიოდისათვის სარგებლობას არ უკავშირდება. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. საპროცენტო განაკვეთი საბანკო კრედიტისათვის არის კრედიტის ფასი, რაც კრედიტით სარგებლობის გარკვეული ეტაპის დასრულებისას უნდა იყოს გადახდილი. საპროცენტო განაკვეთი უზრუნველყოფს ბანკს, რომ მან დაფაროს ის ხარჯები, რაც დაკავშირებულია დეპოზიტზე მოზიდული სხვისი სახსრების პროცენტების გადახდასთან, შესაბამისი მოგების მიღებასთან და სარესურსო ფონდების გაზრდასთან. მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა კი, ბანკს უფლებას აძლევს მოითხოვოს როგორც დამდგარი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. ამასთან, საყურადღებოა, ასეთ შემთხვევაში მიუღებელ შემოსავლად რა ჩაითვლება. 872-ე მუხლი ნათლად მიუთითებს, რომ ზიანის საზღაურში ჩაითვლება ის მოგება, რაც კრედიტის გამცემს თანხის სხვაგვარი გამოყენებით შეეძლო მიეღო. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიუღებელი შემოსავალი თანხის კრედიტის გამცემისათვის სარეალიზაციოდ დაბრუნებას უკავშირდება და არა ხელშეკრულების შეწყვეტას. კონკრეტული საპროცენტო განაკვეთი მოქმედებს მხოლოდ იმ პერიოდისათვის, როდესაც ფულადი რესურსი ბანკის სარგებლობაში არ იმყოფება. იმ მომენტიდან, როდესაც სესხის თანხა კრედიტის გამცემს უბრუნდება, მიუღებელი შემოსავალი აღარ არსებობს, რადგანაც კრედიტორს სრული შესაძლებლობა აქვს სხვაგვარად განკარგოს ეს თანხა, თავიდან გასცეს კრედიტი, ან სხვა საშუალებით მიიღოს მოგება (იხ. სუსგ №ას-1586-1585-2011).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს გააჩნია მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების უფლება.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა. კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა გაგრძელდება იმ დღიდან, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნებს კრედიტორს სააღსრულებო ფურცელს.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კრედიტორს მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლება გადაწყვტილების აღსრულების დაწყებამდე გააჩნია.
რაც შეეხება მიუღებელი შემოსავლის ოდენობას: მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, რომ მიიღებდა იმავე ოდენობის შემოსავალს - იმავე საპროცენტო განაკვეთში გაცემულ იმავე ოდენობის კრედიტის თანხაზე დარიცხულ სარგებელს. ის საერთოდ არ მიუთითებს ამგვარ გარემოებებზე.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მინიმალური შემოსავალი, რომელიც ფულადი თანხის გამოყენების გზით ნებისმიერ კრედიტორს შეუძლია მიიღოს, არის ანაბარზე დასარიცხი პროცენტი.
საქართველოში არსებული ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკების ვებგვერდზე საჯაროდ განთავსებული ინფორმაციის (w-------------, w-------------------, w-----------------), საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავალი უნდა განისაზღვროს ანაბრის საშუალო წლიური პროცენტით - 11%-ით. ეს არის მაქსიმალური პროცენტი, რომელსაც თავად მოსარჩელე სთავაზობს თავის მომხმარებლებს.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
დადგენილია, რომ ორივე ხელშეკრულება შეიცავს შეთანხმებას პირგასამტეხლოს თაობაზე.
მოვალე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ის შეუსაბამოდ მაღალია.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ Nას-1560-1463-2012).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის : ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
სასამართლომ, დარღვეული ვალდებულების მოცულობის, მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობისა და კრედიტორის მხრიდან ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ არსებული ინტერესის გათვალისწინებით შეაფასა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს მოთხოვნები. საყურადღებოა, რომ მოსარჩელე პირგასამტეხლოს გადახდას ხელშეკრულების შეწყვეტის მდგომარეობით ითხოვს.
პირველი ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული პირგასამტეხლო არ არის მაღალი და შეუსაბამო სესხის ძირითად თანხასთან მიმართებით და შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მისი გადახდა.
მეორე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია სესხის ძირითად თანხასთან მიმართებით, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე - 750 ლარამდე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სარჩელის ცნობის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.2 თანახმად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 125.96 ლარი, ხოლო მოპასუხეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 81.64 ლარისა და უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.
ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის ანაზღაურება.
რაც შეეხება ადვოკატის მომსახურების საფასურს, მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელს დაურთო 385.87 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი ითვალისწინებს მაქსიმალურ ზღვარს, რომლის ფარგლებშიც მოპასუხე პასუხს აგებს მოსარჩელის მიერ გაწეულ ხარჯზე. ამასთან, სასამართლოს შეუძლია, თავად განსაზღვროს ის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომლის ანაზღაურებაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურების საფასურის - 100 ლარის ანაზღაურება. საქმის თავისებურებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ 100 ლარი წარმოადგენს იურიდიული მომსახურების საფასურის გონივრულ და სამართლიან ოდენობას.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინტერესი, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-3, 49-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,თ----------ის“ სარჩელი მ--------------ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. მ--------------ს სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს:
2.1. 2015 წლის 19 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3064,44 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1649,48 ლარი, პროცენტი - 482,74 ლარი, ჯარიმა - 932,22 ლარი;
2.2. 2015 წლის 19 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2019 წლის 16 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებამდე მიუღებელი შემოსავლის, სესხის ძირითადი თანხის - 1649,48 ლარის - წლიური 11%-ის გადახდა.
2.3. 2017 წლის 5 დეკემბრის საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2816,56 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1500 ლარი, პროცენტი - 566,56 ლარი, პირგასამტეხლო - 750 ლარი.
2.4. 2017 წლის 5 დეკემბრის საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2019 წლის 16 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებამდე სესხის ძირითადი თანხის - 1500 ლარის - წლიური 11%-ის გადახდა.
3. დანარჩენ ნაწილში სს ,,თ----------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მ--------------ს სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 81,64 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახადილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 100 ლარის ანაზღაურება.
5. სს ,,თ----------ს‘’ (ს/კ 2--------) დაუბრუნდეს მის მიერ (რეფერენსი 2814623088) 2019 წლის 12 აგვისტოს, სს ,,თ----------ში“ (საგადასახადო დავალება #43), სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 125,96 ლარი (ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150).
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია