განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003336823
საქმე №1-1388/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 მარტი, 2020 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ ა----------–---–ის
ბრალდებულის - ნ-------------ს
ადვოკატის _ გ---–-------------ის
კანონიერი წარმომადგენლის - ი--- კ--------ს
მონაწილეობით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171201119013 საქმე:
ბრალდებულ ნ-------------ს მიმართ
მამის სახელი: ბ------
დაბადებული: 2--------- წელი
პირადინომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: ა---------–----–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლეობა: მქონე
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბ------------------------------------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სსკ-ის 19; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტები
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა :
1. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევი ნ-------------, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, არაერთგზის, 2019 წლის 20 ოემბერს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, ი-–---------------------------ში მდებარე ს------ ჟ---ის საკუთრებაში არსებულ სახელოსნოში უკანონო შეღწევის გზით, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შეეცადა დაუფლებოდა ს------ ჟ---ის კუთვნილ მოძრავ ნივთებს, რითაც დაზარალებულს შესაძლოა მისდგომოდა ქონებრივი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობის მცდელობა, საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის.
2. დაზარალებულმა ს------ ჟ---მა სასამართლოს განუმარტა, რომ ქ. ბათუმში, ჭ--------------------ში გახსნილი აქვს გასაღებების დამზადების და შეკეთების სახელოსნო. ობიექტის შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებულია ვიდეოთვალი, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ჩაწერას, ასევე ხმოვანი სიგნალი, რომელიც ტელეფონში აფიქსირებს ყველაფერს. შეუძლია შევიდეს ინტერნეტში და ვიდეოთვალის საშუალებით დაინახოს რა ხდება სახელოსნოში, ასევე ესაუბროს სახელოსნოში მყოფებს. 2019 წლის 20 ნოემბერს ტელეფონზე მოუვიდა ხმოვანი სიგნალი, ჩართო ვიდეოთვალი და დაინახა, რომ სახელოსნოს კარებს აღებდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელის შევიდა შენობაში. ხმოვანი სიგნალით მაშინვე დაუძახა ახალგაზრდას, რომ სასწრაფოდ დაეტოვებინა იქაურობა, თორემ გამოიძახებდა პოლიციას. ახალგაზრდამ მაშინვე დატოვა ობიექტი. აღნიშნული ვიდეო-ჩანაწერი ამოიღო პოლიციამ, საკმაოდ კარგი ხარისხისაა და შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ სახელოსნოში აქვს ბევრი ფასეული ნივთი, მათ შორის კომპიუტერი.
3. საქმის არსებითი განხილვისას დათვალიერდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი მითითებული ვიდეო-ჩანაწერი, სადაც ჩანს როგორ დგას ახალგაზრდა მამაკაცი გარკვეული დროის მანძილზე საამქროს შესასვლელი კარის წინ, ქუჩის მხარეს, პერიოდულად ცდილობს კარის გაღებას მის ხელთ არსებული მოგრძო საგნის გამოყენებით, ერთ-ერთი მცდელობისას ახერხებს შესვლას, მალევე ესმის მამაკაცის ხმა, რომ დატოვოს შენობა, თორემ გამოიძახებს პოლიციას და სასწრაფოდ ტოვებს იქაურობას. ვიდეო მასალა საკმაოდ კარგი ხარისხისაა, სრულიად შესაძლებელია სახელოსნოში შესული პირის იდენტიფიცირება, რომელიც ნამდვილად ბრალდებული კ--------ა.
4. მოწმე ა-----------–----ემ, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, სასამართლოს განუმარტა, რომ 2019 წლის 20 ნოემბერს, ღამის საათებში, პოლიციის მეორე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ჭ--------------------ში მდებარე სახელოსნოდან ქურდობის მცდელობის ფაქტზე, რომელიც ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ჩადენილი უნდა ჰქონოდა არასრულწლოვან ნ-------------ს. ამავე ინფორმაციის თანახმად, კ-------- ფეხით გადაადგილდებოდა ჩოლოყაშვილი ქუჩაზე. თანამშრომელ ი-----–-------–--ესთან ერთად გავიდა მითითებულ ადგილას, სადაც მართლაც იმყოფებოდა კ--------, მივიდნენ მასთან, წარუდგინეს თავი და განუმარტეს, რომ იყო დაკავებული ქურდობის მცდელობის გამო, გააცნეს უფლებები. რამდენიმე წუთში მივიდა გამომძიებელიც, რომელმაც ბრალდებულს ჩაუტარა პირადი ჩხრეკა და დააკავა.
5. ანალოგიური განმარტებები მისცა სასამართლოს მოწმედ დაკითულმა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ი-----–-------–--ემ.
6. ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ნ------------- დაკავებულ იქნა 2019 წლის 21 ნოემბერს, 03:35 საათზე, ქ. ბათუმში ჩოლოყაშვილი N68-ის მიმდებარედ. პირადი ჩხრეკის გამოძიებისთვის საინტერესო რაიმე ნივთი არ ამოღებულა.
7. 2019 წლის 21 ნოემბრით დათარიღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში აღწერილია ადგილზე არსებული ვითარება, სახელოსნოში მდებარე ნივთები. ოქმს ერთვის ფოტო-ცხრილი.
8. ბრალდებულმა ნ-------------მ სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას. შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილის გამოკვლევა საქმის არსებითი განხილვისას არ მომხდარა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
9. ქურდობა, ეს არის სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ფარულ დაუფლებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სხვისი ნივთის დაუფლება ხდება როგორც მესაკუთრის, ისე სხვა გარეშე პირებისაგან ფარულად, რომელთაც გააზრებული და გაცნობიერებული არ აქვთ ეს ფაქტი. წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით დადგენილია, რომ ქურდობას ადგილი ჰქონდა ყველასგან ფარულად, საცავში (სახელოსნოში) უკანონო შეღწევით, დაზარალებულის ადგილზე არყოფნისას და მას არ მიუცია ბრალდებულისთვის თავისი კუთვნილი ნივთების წაღების უფლება .
10. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს ჩამდენი პირი. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვაა სახეზე, როდესაც დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას - მოძრავ ნივთებს, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას, როგორც საკუთარს. მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დროს პირი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვებს მისი უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობას, რა დროსაც მას შეუძლია, განკარგოს ნივთის ბედი თავისი შეხედულებით.
11. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დაზარალებულ ს------ ჟ---ის კუთვნილი ნივთები, ამ უკანასკნელის მფლობელობიდან შესაძლოა გასულიყო მისი ნების გარეშე. რომ არა დაზარალებულის მიერ სახელოსნოში დამონტაჟებული კამერა და ხმოვანი სიგნალი, რომლის საშუალებით დაინახა სახელოსნოში უცხო პირის შეღწევის ფაქტი და ხმოვანი სიგნალის გამოყენებით მოსთხოვა მას დაეტოვებინა იქაურობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პოლიციის გამოძახებით დაემუქრა, - ბრალდებულს სრული შესაძლებლობა ექნებოდა დაუფლებოდა და საკუთარი შეხედულებისამებრ განეკარგა სახელოსნოში არსებული ნივთები.
12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
13. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნ-------------ს ქმედება მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დაზარალებულის ჩარევის გამო, დანაშაულის ბოლომდე მიიყვანა ვერ შეძლო.
14. სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.
15. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის, 6 ივნისის, 12 ივნისის, 14 ივნისის განაჩენებით ნ------------- მსჯავრდებულია ქურდობის ათეულობით ფაქტის ჩადენის გამო, ბრალდებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისას იყო პირობითი მსჯავრის ქვეშ, შესაბამისად, წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას.
17. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
18. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
19. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
20. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ნ-------------ს ბრალდებების დადასტურება.
21. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
22. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
23. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.
24. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
25. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
26. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.
27. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება:
29. ამდენად, სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ-------------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და მესამე ნაწილის "ბ" ქ/პუნქტებით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები :
30. ნ-------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
31. ნ-------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, მონანიება.
32. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას. რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ტრადიციული ამოცანა, როგორიცაა დასჯა, ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე მისი რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ამავე კონვენციის მე-14-ე მუხლი ადგენს, რომ ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას უპირატესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესს უნდა მიენიჭოს და ეს გულისხმობს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები არ შეიძლება იქნეს გათვალისწინებული იმავე ხარისხით, როგორც სხვა გარემოებები.
33. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-40-ე მუხლს, რომლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.
34. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.
35. სასამართლო ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლს), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
36. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
37. ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.
38. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი.
39. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს.
40. ამავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მოსამართლე უფლებამოსილია არასრულწლოვანს დაუნიშნოს კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე ნაკლები ან სხვა, უფრო მსუბუქი სასჯელი, თუ მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა და არსებობს შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობა, რის გამოც მიზანშეწონილია კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა.
41. სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით, განეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს.
42. საქმეში წარმოდგენილი განაჩენების მიხედვით, ბრალდებული ნ-------------, 2019 წელს გასამართლებული იქნა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის არაერთი ფატის ჩადენისთვის, მის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაითვალა პირობით და იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ. შესაბამისად, მის მიმართ სასჯელის მინიმალურ ზღვარზე ნაკლები ან უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის, ან თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის შესაძლებლობა არ არსებობს.
43. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მართალია, სასამართლო ითვალისწინებს ბავშვთა უფლებების კონვენციის მთავარ მიმართულებას, რომ მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს, რამაც, თავის მხრივ, ასახვა ჰპოვა საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში, რომელიც არაერთ შესაძლებლობას ითვალისწინებს არასრულწლოვნის მიმართ სასჯელის დანიშვნისას უპირატესობა მიენიჭოს თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნას, მაგრამ ამავე კოდექსით დადგენილი, გარკვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, რომელიც უკვე მსჯავრდებულ და ნასამართლობის მქონე არასრულწლოვნის მიმართ მძიმე დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნის წესს უკავშირდება, შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენება. სასჯელის ამ სახის განსაზღვრა არც ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში ასახულ შეფასებებთან იქნება წინააღმდეგობაში.
44. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ-------------ს საქართველოს სსკ-ის 19 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთის სახით გათვალისწინებული სასჯელი, რაც უნდა შემცირდეს, მისი არასრულწლოვნებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს განაჩენთა ერთობლიობით, სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
45. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის კვლები, ანაწმენდები და სუნის ნიმუში, რაც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო დაზარალებულ ს------ ჟ---ის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს გაჩინებით გამოთხოვილივიდეო ჩანაწერები, ბათუმის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი - დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14-ე და მე-40-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-17, 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 45-ე, 55-57-ე, 59-ე, 65-ე, 71-ე, 76-ე, 77-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ნ--- ბ------ს ძე კ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, როგორც 14-დან 16 წლამდე არასრულწლოვანს, შეუმცირდეს 1/3-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით ნ-------------ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 (სამი) წლისა და 4 (ოთხი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ-------------ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის, 8 (რვა) თვისა და 5 (ხუთი) დღის ვადით.
ნ-------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 21 ნოემბრიდან.
ნივთმტკიცებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის კვლები, ანაწმენდები და სუნის ნიმუში, რაც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო დაზარალებულ ს------ ჟ---ის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს გაჩინებით გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები და ბათუმის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი - დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი