გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.02.2020
საქმის ნომერი
330210019003316856
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
19.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/30410-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე - თ----- ქ------–---–-

წარმომადგენელი - ა-- გ-------------

მოპასუხე - შპს ,,ფ------’’

წარმომადგენელი - მ------- ს------, მ---- ტ-------–---–-

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე კომპანიის დირექტორის 2019 წლის 05 ნოემბრის #11 ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;

1.2. აღდგენილ იქნეს მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე;

1.3. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2019 წლის 05 ნოემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველთვიურად იძულებითი განაცდურის - 550 ლარის გადახდა.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

თ----- ქ------–---–- (შემდგომში მოსარჩელე/დასაქმებული) 2019 წლის 15 ივლისიდან უვადოდ დასაქმდა შპს ,,ფ------’’-ში (შემდგომში მოპასუხე/დამსაქმებელი) მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 550 ლარს.

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 23 სექტემბერს, როდესაც იგი ორსულობის გამო დროებით გათავისუფლებული იყო სამსახურებრი მოვალეობის შესრულებისგან, სამსახურის მენეჯერისგან სოციალური ქსელის მეშვეობით განემარტა, რომ იგი გათავისუფლებული იყო სამსახურიდან. მის მიერ გათავისუფლების ბრძანების მოთხოვნის შემდეგ კი მას მენეჯერის შეცვლილი პოზიციით განემარტა, რომ მას შეეძლო სამსახურში დაბრუნება გამოჯანმრთელების შემდეგ.

მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 24 ოქტომბერს ერთ-ერთმა მომხმარებელმა სოციალური ქსელის მეშვეობით უკმაყოფილება გამოთქვა მასთან შემდგარ კომუნიკაციაზე. აღნიშნული ფაქტის შემდგომ - მოპასუხე კომპანიის დირექტორის 2019 წლის 05 ნოემბრის ბრძანების თანახმად, იგი გათავისუფლდა სამსახურიდან საქათველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად. დამსაქმებლის 2019 წლის 09 ნოემბრის წერილობითი დასაბუთებით მოსარჩელეს განემარტა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი იყო მასსა და მომხმარებელს შორის წარმოშობილი უთანხმოება და აგრეთვე მისი არაეთიკური დამოკიდებულება და უნარ-ჩვევების შეუსაბამობა დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან, რის გამოც მას უკვე მიღებული ჰქონდა არა ერთი გართხილება და შენიშვნა.

სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ მას დამსაქმებლისგან გათავისუფლებამდე არ მიუღია რაიმე სახის შენიშვნა ან საყვედური და გათავისუფლების რეალურ მიზეზს წარმოადგენდა მისი ორსულობა.

2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით მოპასუხემ სარჩელი ცნო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის და მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად 550 ლარის 2020 წლის 05 იანვრიდან დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში (იხ. 2020 წლის 19 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოპასუხის განმარტებით, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად მან მოსარჩელეს აუნაზღაურა ორი თვის კომპენსაციის თანხა, შესაბამისად იძულებითი მას ეკისრება იძულებითი განაცდურის დაკისრება არა გათავისუფლების თარიღიდან - 2019 წლის 05 ნოემბრიდან, არამედ ორი თვის შემდეგ - 2020 წლის 05 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2019 წლის 15 ივლისიდან მოსარჩელე დასაქმდა მოპასუხე კომპანიაში მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 550 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო ამონაწერი (ს.ფ. 32-59);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. მოპასუხე კომპანიის დირექტორის 2019 წლის 05 ნოემბრის #11 ბრძანების თანახმად, აღნიშნული თარიღიდან მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის საფუძვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბრძანება (ს.ფ. 25);

- შეტყობინება (ს.ფ. 89);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. მოსარჩელეს მოთხოვნის საფუძველზე დამსაქმებლისგან გადაეცა 2019 წლის 09 ნოემბრით დათარიღებული სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების წერილობითი დასაბუთება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

პასუხი (ს.ფ. 26-29; 92-95);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. მხარეთა შორის შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ - 2019 წლის 07 ნოემბერს მოპასუხემ მოსარჩელეს აუნაზღაურა ორი თვის კომპენსაციის თანხა - 1 155 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო ამონაწერი (ს.ფ. 32-59);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. მოპასუხემ სარჩელი ცნო გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის და მოსარჩელის სასარგებლოდ 2020 წლის 05 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად 550 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (2020 წლის 19 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავო არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - მოპასუხის მიერ ცნობილი სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, 37-ე, 38-ე, 32-ე, 44-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისთვის გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სამუშაოს შესრულებას გულისხმობს. ის წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. ხელშეკრულების ფორმა თავისუფალია, შესაბამისად, იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით (შდრ. სუსგ №ას-921-871-2015, 26.11.2015).

 

უდავოა, რომ მხარეებს შორის 2019 წლის 15 ივლისიდან არსებობდა შრომით სამართლებრივი ურთიერთობა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადი და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას.

 

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე სადავოდ ხდის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის ბრძანებას - მოითხოვს მის ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და იძულებითი განაცდურის დაკისრებას მოპასუხისთვის. დადგენილია, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის და მოსარჩელის სასარგებლოდ 2020 წლის 05 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად 550 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ სარჩელის ამ ცნობა ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

 

განსახილველი სარჩელის ფარგლებში მხარეთა შორის სადავო ერთადერთ გარემოებას წარმოადგენს იმის დადგენა 2019 წლის 05 ნოემბრიდან 2020 წლის 05 იანვრამდე ეკისრება თუ არა დამსაქმებელს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის საფუძვლით.

საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ი’’ და ,,ო’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

 

დადგენილია, რომ დამსაქმებელმა აღნიშნული ნორმის შესაბამისად აუნაზღაურა დასაქმებულს ორი თვის კომპენსაცია. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით დასაქმებული აღარაა უფლებამოსილი ორ თვიანი კომპენსაციის მიღების პირობებში დამსაქმებლისგან კვლავ მოითხოვოს ამ პერიოდზე იძულებითი განაცდურის გადახდევინება.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. 44-ე მუხლის მიხედვით კი, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

შრომითსამართლებრივი დავიდან გამომდინარე განაცდურის (ზიანის) ანაზღაურების შესახებ საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: „მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც განხორციელებული იყო სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით, 408-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 411-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი წანამძღვრები: დამსაქმებელმა უკანონოდ შეწყვიტა, შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთან, რითაც დაარღვია სშკ-ის 37-ე მუხლის მოთხოვნები, ანუ სახეზეა საწარმოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედება; ბ) დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით დასაქმებულს მიადგა ზიანი, მან ვერ მიიღო შრომის ანაზღაურების სახით ის შემოსავალი, რასაც იგი მიიღებდა, რომ არა საწარმოს უკანონო მოქმედება......... განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის დეფინიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დამსაქმებლის უკანონო ბრძანების საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად, დასაქმებულს მიადგა ზიანი, რაც გამოიხატა მის მიერ შრომითი მოვალეობების შესრულების შეუძლებლობასა და კუთვნილი ანაზღაურების (ხელფასის) მიუღებლობაში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იძულებითი განაცდური წარმოადგენს სწორედ იმ ზიანს, რომელიც ეკუთვნის დასაქმებულს, რათა მოხდეს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა იმ სახით, რომელიც არ იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება’’ (იხ.სუსგ #ას-951-901-2015, 29.01.2016წ.).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, განაცდური წარმოადგენს დამსაქმებლის ბრალეულობით დასაქმებულისთვის იძულებითი მოცდენის გამო მიღებული ზიანის ანაზღაურებას. ამასთან, შრომის კოდექსით დადგენილი ორ თვიანი კომპენსაციის და იძულებითი განაცდურის მიზნებს ეწინააღმდეგება დასაქმებულისათვის ერთიდაიმავე პერიოდზე როგორც კომპენსაციის, ასევე განაცდურის დაკისრება, ვინაიდან ორი თვის კომპენსაციის ანაზღაურების შემთხვევაშიც დამსაქმებლის მიერ დასაქმებულს უნაზღაურდება ამ პერიოდში მისაღები სახელფასო სარგო. შესაბამისად, ერთიდაიმავე პერიოდზე როგორც კომპენსაციის ასევე იძულებითი განაცდურის მიღება წარმოადგენს დამსაქმებლისთვის უკანონო გათავისუფლების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე მძიმე ტვირთს და მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა გადაჰყავს უსაფუძვლო გამდიდრების რეჟიმში.

 

შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე 2019 წლის 05 ნოემბრიდან 2020 წლის 05 იანვრამდე იძულებითი განაცდურის მოთხოვნა სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რაც გამორიცხავს მის დაკმაყოფილებას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე კი არსებობს წარმოდგენილი სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხის, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. მოსარჩელის მიერ ბრძანების ბათილად ცნობის სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილია 100 ლარი (ს.ფ.70-71). ვინაიდან მოპასუხემ ცნო აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე გათავისუფლებულია იძულებითი განაცდურის დაკისრების შესახებ მოთხოვნასთან მიმართებით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სარჩელი აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - მოპასუხის მიერ ცნობილი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, რაც ამ ნაწილში მოპასუხის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საფუძველია.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ----- ქ------–---–-ს სარჩელი მოპასუხე შპს ,,ფ------’’-ს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1.ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,ფ------’’-ს დირექტორის 2019 05 ნოემბრის #11 ბრძანება მოსარჩელე თ----- ქ------–---–---- შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;

 

1.2.აღდგენილ იქნეს მოსარჩელე თ----- ქ------–---–- მოპასუხე შპს ,,ფ------’’-ს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე;

1.3.დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ფ------’’-ს მოსარჩელე თ----- ქ------–---–-ს სასარგებლოდ 2020 წლის 05 იანვრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველთვიურად იძულებითი გა--ცდურის - 550 ლარის გადახდა;

 

2. მოსარჩელე თ----- ქ------–---–- დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,ს----------–--- ბანკი’’-ში 27.11.2019 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი (საგადახდო დავალება #8---------; სახაზინო კოდი: 3--------);

 

3. მოპასუხე გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია