გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210017002187349
№2-4652/2017წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 თებერვალი, 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე: ბუ-------–-----
წარმომადგენელი: რო---–----ე
მოპასუხე: სს „მე----------------------------ი“
წარმომადგენელი: ან----------–--ე, გვ--–----------ე, მა---------ე, გი---------
დავის საგანი: სახელფასო დავალიანების და ვადაგადაცილებისათვის 0,05%-ის დაკისრება, კომპენსაციის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სარჩელი აღძრულია 2017 წლის 27 ნოემბერს 44000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით, საიდანაც 22000 აშშ დოლარი არის მიუღებელი ხელფასი, ხოლო 22000 აშშ დოლარი კი 2 თვის მიუღებელი კომპენსაცია ვადაზე ადრე გათავისუფლების გამო (იხ. სარჩელი);
2. 2018 წლის 07 მარტს მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი, რომლითაც გაზარდა მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა ხოლო სახელფასო დავალიანების, ასევე 2 თვის კომპენსაციის თანხების 0,07%-ის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2016 წლის 30 სექტემბრიდან 2018 წლის 06 მარტამდე პერიოდისათვის (იხ. დაზუსტებული სარჩელი);
3. 2019 წლის 09 იანვარს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოსარჩელის წარმომადგენელმა კვლავ დააზუსტა სარჩელი, შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და უარი თქვა 2 თვის კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნაზე და მის 0,07%-ის დაკისრებაზე, რის საფუძველზეც სასამართლომ საქმე განიხილა შემდეგი მოთხოვნების ფარგლებში:
1) მოპასუხეს დაეკისროს გადაუხდელი ხელფასის ანაზღაურება 22 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარის ოდენობით.
2) მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა სახელფასო დავალიანების თანხის 0,07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2016 წლის 30 სექტემბრიდან 2018 წლის 06 მარტამდე პერიოდისათვის (იხ. 09.01.2019წ. სხდომის ოქმი).
4. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:
4.1. სს “მე----------------------------ს” ბუ-------–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს გადაუხდელი ხელფასის ანაზღაურება 22 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარის ოდენობით.
4.2. სს “მე----------------------------ს” ბუ-------–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა სახელფასო დავალიანების თანხის 0,07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2016 წლის 30 სექტემბრიდან 2018 წლის 06 მარტამდე პერიოდისათვის.
სარჩელის საფუძვლები:
- სს ''მე-------------''-ს (შემდგომში რეორგანიზაციის და სახელის შეცვლის შედეგად სს „მე----------------------------ი“) აქციონერთა 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ბუ-------–-----ი დანიშნული იქნა ს.ს. ''ეი----------------–------------------------ი''-ს დირექტორად, სადაც შრომით საქმიანობას ახორციელებდა 2016 წლის 07 ოქტომბრამდე. დირექტორად მუშაობის პერიოდში მოსარჩელის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება შეადგენდა 11000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში საშემოსავლო გადასახადის გარეშე.
- მოსარჩელე მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს ასრულებდა ჯეროვნად და ამ ურთიერთობების ფარგლებში ის ღებულობდა გასამრჯელოს ხელფასის სახით შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ, თუმცა მოპასუხე საზოგადოების მიერ დასაქმებულზე გადახდილი არ იქნა ხელფასი 2016 წლის 01 აგვისტოდან 2016 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, რაც შეადგენს 22000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს.
- მნიშვნელოვანია ის გარემოება რომ მოსარჩელე ს.ს. ''ეი----------------–------------------------ი''-ს აქციონერთა 2016 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილებით იგი გათავისუფლდა საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან, თუმცა ამის მიუხედავად, მოპასუხე დამსაქმებელი ორგანიზაციის მიერ მასზე არ იქნა გადახდილი კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია, ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, რაც შეადგენს 22000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხე საზოგადოების მიერ დღემდე არ მოხდა სახელფასო დავალიანების (ორი თვის -2016 წლის 01 აგვისტოდან 2016 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით,) ანაზღაურების გადახდა.
- სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, განხორციელდა სს ''მე-------------''-ს სს „ეუ----------------–------------------------ი“-სთან შერწყმა, შემდეგ 2017 წლის 14 სექტემბერს განხორციელდა სს „ეუ----------------–------------------------ი“-ს (ს/ნ 4--------) შერწყმა ს.ს „მე--------------–------- ბათუმი“-სთან (ს/ნ: 4--------) და რეორგანიზაციის შედეგად რეგისტრირებულ სუბიექტად განისაზღვრა ს.ს. „მე------ გო-------“ (ს/ნ 4--------), ხოლო 2017 წლის 27 ნოემბერს ს.ს „მე------ გო-------“-ის (ს/ნ 4--------) შეეცვალა სახელწოდება და განისაზღვრა ახალი სახელი სს ''ბუ---------------ი'' ( ს/ნ 4--------), ამის შემდგომ 2018 წლის 02 თებერვალს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად საფირმო სახელწოდებად განისაზღვრა სს „მე----------------------------ი“ (ს/ნ: 4--------), რომელიც სამართლებრივად ვალდებულია შეასრულოს იმ მეწარმე სუბიექტის ყველა ვალდებულება, რომელიც მას შეერწყა;
- მოსარჩელე მიუთითებს სარჩელის სამართლებრივ საფუძვლებზეც, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე, 316-ე-317-ე, 361-ე მუხლებზე, ასევე შრომის კოდექსის მე-2, მე-7, 31-ე მუხლებზე.
- მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მოპასუხის წარმომადგენლებმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიუთითეს ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე, როცა მოსამზადებელ ეტაპზე მათი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზი არ არსებობს, რაც დაუშვებელია და რის გამოც მიიჩნევს, რომ არ უნდა იქნეს სამართლოს მიერ გაზიარებული, არ უნდა იმსჯელოს მათზე.
(იხ. სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი; მოსარჩელის წარმომადგენებლის ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).
5. მოპასუხის პოზიცია:
5.1. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, მისი პოზიცია ეფუძნება შემდეგ არგუმენტაციებს:
- მოპასუხე შესაგებლით არ ეთანხმება სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, არ ცნობს სარჩელს, თუმცა არ მიუთითებს რაიმე საწინააღმდეგო, გამაბათილებელ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
- სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და არ ცნობენ და მიიჩნევენ, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. კერძოდ ისინი განმარტავენ, რომ მოსარჩელის ხელფასი არ შეადგენდა 11000 აშშ დოლარს, შეთანხმებით განისაზღვრა 18000 ლარი. ასევე, სადავო პერიოდის ხელფასი მოსარჩელეზე 91000 ლარი ანაზღაურებულია. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომ მისი ხელფასი განსაზღვრული იყო 11000 აშშ დოლართ. მოსარჩელემ 2016 წლის სექტემბრის თვის ბოლოს თვითნებურად მიატოვა სამსახური, კომპანია და თავისი მოვალეობის შესრულება. მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, რის გამოც აქციონერებმა 03 ოქტომბერს გაათავისუფლეს და აირჩიეს ახალი დირექტორი.
(იხ. შესაგებელი; მოპასუხის წარმომადგენლების ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).
6. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
6.1.1. სს''„მე-------------"-ს აქციონერთა 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ბუ-------–-----ი დანიშნული იქნა სს''„მე-------------"-ს დირექტორად. სადაც შრომით საქმიანობას ახორციელებდა 2016 წლის 03 ოქტომბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი;
- აქციონერთა 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
6.1.2. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, განხორციელდა სს ''მე-------------''-ს სს „ეუ----------------–------------------------ი“-სთან შერწყმა, შემდეგ 2017 წლის 14 სექტემბერს განხორციელდა სს „ეუ----------------–------------------------ი“-ს (ს/ნ 4--------) შერწყმა ს.ს „მე--------------–------- ბათუმი“-სთან (ს/ნ: 4--------) და რეორგანიზაციის შედეგად რეგისტრირებულ სუბიექტად განისაზღვრა ს.ს. „მე------ გო-------“ ( ს/ნ 4--------), ხოლო 2017 წლის 27 ნოემბერს ს.ს „მე------ გო-------“-ის (ს/ნ 4--------) შეეცვალა სახელწოდება და განისაზღვრა ახალი სახელი სს ''ბუ---------------ი'' (ს/ნ 4--------), ამის შემდგომ 2018 წლის 02 თებერვალს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად საფირმო სახელწოდებად განისაზღვრა სს „მე----------------------------ი“ (ს/ნ: 4--------), რომელიც სამართლებრივად ვალდებულია შეასრულოს იმ მეწარმე სუბიექტის ყველა ვალდებულება, რომელიც მას შეერწყა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აქციონერთა გადაწყვეტილებები;
- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
6.1.3. ბუ-------–-----ი ს.ს. ''ეი----------------–------------------------ი''-ს აქციონერთა 2016 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი;
- აქციონერთა 2016 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
6.1.4. სარჩელზე თავდაპირველ მოთხოვნით, ბუ-------–-----ი მოითხოვს „მე----------------------------ი“-ს (ს/ნ: 4--------) დაეკიროს ბუ-------–-----ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანება 22000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით, ასევე შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო კომპენსაცია ორი თვის შრომის ანაზღაურების სახით 22000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით და დაზუსტებული სარჩელით ასევე დამატებით მოითხოვა ხელფასის და ვადაზე ადრე გათავისუფლების დღეზე 0.07% ანუ 15450 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (2016 წლის 30 სექტემბრიდან 2018 წლის 06 მარტამდე არის 515 დღე ანუ დაგვიანებული ხელფასი და ვადაზე ადრე გათავისუფლების 44000$ *0.07%=30$ და მიღებული დღიური პროცენტი გამრავლდა ყველა ვადაგადაცილებულ დღეზე 30$*515=15450$);
2019 წლის 9 იანვარს სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე მხარემ შეამცირა სასარჩელო და მოითხოვა:
- სს „მე----------------------------ი“ (ს/ნ: 4--------) დაეკიროს ბუ-------–-----ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანება 22000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით.
- მიუღებელი ხელფასის 22000 აშშ დოლარის პირგასამტეხლოს გადახდა 0,07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2016 წლის 30 სექტემბრიდან 2018 წლის 06 მარტამდე პერიოდისათვის, რაც შეადგენს 515 დღეს, ანუ დაგვიანებული ხელფასის - 22000$*0.07%=15$ და მიღებული დღიური პროცენტი გამრავლდა ყველა ვადაგადაცილებულ დღეზე (15$*515=7 725$), რამაც შეადგინა 7725 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 2019 წლის 09 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი;
6.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
6.2.1. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio” - ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მტკიცების ტვირთი ნაწილდება ობიექტურად და სამართლიანად. მტკიცების ტვირთის განაწილების ობიექტური და სამართლიანი სტანდარტი განაპირობებს მოსარჩელისა და მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების წრის განსაზღვრას, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მხარის მიერ მტკიცების ობიექტური განხორციელების შესაძლებლობა. აღნიშნულ პრინციპს ეფუძნება დადებითი მოვლენის მტკიცების ვალდებულება ნეგატიური მოვლენის მტკიცების შეუძლებლობის გამო.
დამსაქმებელს - მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ დირექტორის მოვალეობების არშესრულების - სამსახურის თვითნებურად მიტოვების, მოსარჩელეზე სახელფასო ანაზრაურების თანხების გაცემის მტკიცების ვალდებულებას=. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება იმ პრინციპს, რომ მოპასუხე კომპანიას გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ დაარღვია ვალდებულებები, ხელფასები გაცემული აქვს მოსარჩელეზე, თუ ასეთს ჰქონდა ადგილი.
განსახილველ შემთხვევაში, უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხე უარყოფს დავალიანების არსებობას იმაზე მითითებით, რომ სახელფასო ანაზღაურება განისაზღვრა ზეპირი შეთანხმებით და რაც გამოიმუშავა მოსარჩელემ, ის მიღებული აქვს. აღნიშნულს არ ეთანხმება მოსარჩელე, განმარტავს, რომ მას შეთანხმებული ხელფასი არ აქვს სრულად მიღებული.
6.2.2. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, სახელფასო დავალიანების არარსებობის მტკიცება ეკისრება მოპასუხეს. თუმცა, მოპასუხემ ასეთი მტკიცებულებები არ ან ვერ წარმოადგინა. მოსარჩელემ თავის მხრივ წარმოადგინა ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, თუ რა პერიოდში და როდის რამდენი ანაზღაურება აქვს მიღებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი
6.2.3. განსახილველ შემთხვევაში, უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხე შესაგებლით არ ეთანხმება რა სარჩელის არცერთ ფაქტობრივ გარემოებას და სასარჩელო მოთხოვნას, არ მიუთითებს რაიმე საწინააღმდეგოზე და არც რაიმე მტკიცებულებაზე. მან მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიუთითა საწინააღმდეგო და ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე, თუმცა არც მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოუდგენია.
მოსარჩელე კი მიუთითებს, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგო და ახალი გარემოებებზე მითითება დაუშვებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული.
მოპასუხე ზეპირი განმარტებით, არ ეთანხმება, უარყოფს დავალიანების არსებობას იმაზე მითითებით, რომ სახელფასო ანაზღაურება განისაზღვრა შრომითი ხელშეკრულებით და რაც გამოიმუშავა მოსარჩელემ, ის ხელფასი მიღებული აქვს, ასევე უარყოფს იმ ფაქტს, რომ უკანონოდ იქნა გათავისუფლებული იუსუფ აიდინლიქი დაკავებული თანამდებობიდან და ამის გამო ეკუთვნის კომპენსაცია.
მოსარჩელე განმარტავს, რომ მას შეთანხმებული გასამრჯელო/ხელფასი არ აქვს სრულად მიღებული და ამის გამო ეკუთვნის 0,07% პირგასამტეხლოც.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაო საპროცესო კოდექსის მუხლი 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად:
,,1. მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული."
მოპასუხემ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გამაბათილებელი და ახალი ფაქტობრივი გარემოებების როგორც შესაგებლით მიუთითებლობის, ასევე საქმის მომზადების ეტაპზე დამატებით წარმოუდგენლობის თაოაბაზე საპატიო მიზეზი ვერ მიუთითა, მას ამის შესახებ, რომ შემდგომში წარმოადგენდა, არც კი უშუამდგომლებია. მოპასუხეს არც სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე წარმოუდგენია და უაშუამდგომლებია ახალი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. მოცემული მოსამზადებელი სხდომა გადაიზარდა მთავარ სხდომაში და მთავარი სხდომის ეტაპზე განაცხადა ახალი ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოპასუხის მხრიდან ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება დაუშვებლად მიაჩნია და არ უნდა იქნეს გაზიარებული, სასამართლო არ იმსჯელებს მათზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხის მხრიდან ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებლობა სასამართლოს საპატიოდ რომც მიეჩნია, მოპასუხეს მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები მაინც არ წარმოუდგენია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი,- შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმი;
6.2.4. არ შეასრულა რა მოპასუხემ თავისი საპროცესო ვალდებულება და არ წარმოადგინა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გამაბათილებელი, საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოებები და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის ბუ-------–-----ის გასამრჯელო/ხელფასი 5 თვის შესრულებული სამუშაოსათვის შეადგენს 55 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარს, ანუ თვეში საშუალოდ 11 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარს. მას არ მიუღია 22 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, 2016 წლის აგვისტოს და სექტემბრის თვის ხელფასი 11 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. ასევე დადგენილია, რომ ზ/აღნიშნულ პერიოდში ბუ-------–-----ის ხელფასის სახით სულ მიღებული აქვს ნაწილ-ნაწილ 33 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. შესაბამისად ხელფასის სახით მისაღები დარჩენილი დავალიანება შეადგენს 22 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარს საშემოსავლო გადასახადის გარეშე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- საბანკო ამონაწერი;
6.2.5. დადგენილია, რომ მხარეები 2016 წლის ოქტომბრის თვიდან აღარ იმყოფებიან ერთმანეთთან სახელშეკრულებო სამართლებრივ ურთიერთობებში, სარჩელი აღძრულია 2017 წლის 27 ნოემბერს, ხოლო სარჩელით მოთხოვნილია 2016 წლის 01 აგვისტოდან 2016 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, გადაუხდელი ხელფასის თანხები, ასევე პირგასამტეხლოს სახით 7 725 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი;
-2019 წლის 9 იანვრის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი;
სამოტივაციო ნაწილი:
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, გაანალიზა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებანი მიაჩნია, რომ ბუ-------–-----ის სასარჩელო მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: სს „მე----------------------------ი“-ს უნდა დაეკისროს ბუ-------–-----ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 22 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით. მასვე დაეკისროს ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის 22 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის 0,07%-ის გადახდა, 2016 წლის 30 სექტემბრიდან 2018 წლის 06 მარტამდე. ხლო დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი.
8. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;
- საქართველოს ორგანული კანონი - შრომის კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი;
9. სამართლებრივი შეფასება:
9.1. სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
9.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ დირექტორის მოვალეობის შესრულებისას, მოსარჩელე მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს ასრულებდა ჯეროვნად და ამ ურთიერთობების ფარგლებში ის ღებულობდა გასამრჯელოს ხელფასის სახით შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ, თუმცა მოპასუხე საზოგადოების მიერ დასაქმებულზე გადახდილი არ იქნა ხელფასი 2016 წლის 01 აგვისტოდან 2016 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, რაც შეადგენს 22000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს. სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მხრიდან შეთანხმებული გასამრჯელოს მოსარჩელისათვის გადაუხდელობა უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით, ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს მისაღები გასამრჯელოს სახით თანხის მოპასუხისათვის დაკისრება.
9.3. საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს დავალების ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
სასამართლო არ იზიარებს როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხე მხარის პოზიციას, რომ მხარეებს შორის წარმოშობილი იყო შრომითი სამართლებრივი ურთიერთობები და დავა უნდა გადაწყდეს შრომის კანონმდებლობით.
უდავოდ დადგენილია, რომ სს''„მე-------------"-ს აქციონერთა 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ბუ-------–-----ი დანიშნული იქნა სს''„მე-------------"-ს დირექტორად. სადაც შრომით საქმიანობას ახორციელებდა 2016 წლის 03 ოქტომბრამდე, რომელიც ს.ს. ''ეი----------------–------------------------ი''-ს აქციონერთა 2016 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-9.1 მუხლის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში – სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), კომპლემენტარი იურიდიული პირის შემთხვევაში – მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. მე-3 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს პარტნიორთა გადაწყვეტილებას, რომ კომპანიის ხელმძღვანელად არჩეულ/დანიშნულ იქნეს მოსარჩელე, რომელსაც ასევე მინიჭებული ჰქონდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებაც. შესაბამისად, მოსარჩელის თანხმობის გარეშე იგი დირექტორად ვერ დაინიშნებოდა, აქციონერთა გადაწყვეტილება მისი თანხმობის გარეშე იურიდიული ძალისარმქონეა. ამდენად, ადგილი აქვს პარტნიორთა და მოსარჩელის შეთანხმებას, რომ მოსარჩელემ გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ შეასრულოს მათი დავალება, მართოს-უხელმძღვანელოს კომპანიას და განახორციელოს მისი წარმომადგენლობა. აღნიშნული გარიგება არ არის შრომითი სამართლებრივი ხელშეკრულება და შინაარსობრივად დავალების ხელშეკრულებას წარმოადგენს.
9.4. საქართველოს შრომის კოდექსის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. აღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. ამდენად შრომითი ურთიერთობების რეგულირებისას გასათვალისწინებელია მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს დასაქმებულის ინტერესები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით ,,დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე”.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ვალდებულების მონაწილე სუბიექტებს აიძულებს რაიმე მოქმედების შესრულებას, ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას. დავალების ხელშეკრულებაში ორივე მონაწილე მხარეს ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ უფლებები და მოვალეობები. დავალების ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია რწმუნებულისა და მარწმუნებლის ნების თავისუფალი გამოვლინება გარკვეული მოქმედების შესრულებისათვის. დავალების ხელშეკრულების დადებისას მხარეები თანხმდებიან შესასრულებებლი მოქმედების შინაარსზე, შედეგზე, ვადაზე და სხვა არსებით პირობებზე. არსებითი პირობების შეთანხმების შემდეგ გამოხატავენ ნებას დავალების ხელშეკრულების დადებაზე, რის შემდეგაც ერთი მხარე მეორე მხარეს გადასცემს რწმუნებას დავალების შესასრულებლად. მინდობილი პირი კისრულობს ვალდებულებას დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას მარწმუნებლის სახელით შეასრულოს გარკვეული დავალება, თავის მხრივ მარწმუნებელი კისრულობს ვალდებულებას რწმუნებულს აუნაზღაუროს მომსახურების ღირებულება.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან სპეციალური შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, ჯდებოდეს მორალის ფარგლებში და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ბუ-------–-----ის დირექტორობიდან განთავისუფლებით, მასთან შეწყდა დავალების ხელშეკრულება, რაც არ წარმოადგენს დავის საგანს, თუმცა მას არ მიუღია შესრულებული სამუშაოსათვის 2016 წლის აგვისტოს და სექტემბრის თვის გასამრჯელო 22 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით.
სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის პირველი ნაწილით, ,,მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში”.
ამავე მუხლის მეორე ნაწილით ,,გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი”.
9.5. სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის მესამე ნაწილით, ,,თუ გასამრჯელოს ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ რაიმე ნიხრის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სანიხრო გასამრჯელო, ისევე, როგორც ნიხრის არარსებობისას - ჩვეულებრივი გასამრჯელო”.
სასამართლო განმარტავს, რომ ისეთ შემთხვევაში, როდესაც რწმუნებულის გასამრჯელოს არ ადგენს კანონი და არც უსიტყვოდ შეთანხმებულად არ ითვლება, რწმუნებულის გასამრჯელო უნდა განისაზღვროს რაიმე სანიხრო გასამრჯელოთი ან ასეთის არარსებობისას ჩვეულებრივი გასამრჯელოთი.
დადგენილია, რომ დავალების შესრულებისას რწმუნებულის გასამრჯელო მოპასუხემ განსაზღვრა. კერძოდ, მოპასუხემ გამოხატა ნება და ხელშეკრულების დადებისას რწმუნებულს შეპირდა დავალების შესრულებისათვის გარკვეული ოდენობის გასამრჯელო ყოველ თვეში.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის ბუ-------–-----ის გასამრჯელო/ხელფასი 5 თვის შესრულებული სამუშაოსათვის შეადგენს 55 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარს, ანუ თვეში საშუალოდ 11 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარს. მას არ მიუღია 22 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, 2016 წლის აგვისტოს და სექტემბრის თვის ხელფასი 11 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. ასევე დადგენილია, რომ ზ/აღნიშნულ პერიოდში, ბუ-------–-----ის გასამრჯელოს/ხელფასის სახით სულ მიღებული აქვს ნაწილ-ნაწილ 33 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. შესაბამისად მისაღები დარჩენილი დავალიანება შეადგენს 22 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარს საშემოსავლო გადასახადის გარეშე.
9.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კანონის 361-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე დამსაქმებელი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს მის მიერ დასაქმებულის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, მათ შორის მთლიანი მოცულობით აუნაზღაუროს მას მის მიერ შესრულებული სამუშაო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, რაც სს „მე----------------------------ის“ მხრიდან არ შესრულებულა.
9.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად კი კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
სასამართლო განმარტავს, რომ დავალების შესრულების შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა გასამრჯელოს მოთხოვნის უფლება, კერძოდ მოპასუხისაგან მოითხოვოს სანაცვლო ვალდებულების შესრულება. მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების შემდეგ, თავის მხრივ მარწმუნებელი ვალდებულია ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, ანუ აანაზღაუროს დავალების ხელშეკრულებაში რწმუნებულის გასამრჯელო მითითებული ოდენობით და დათქმულ დროში. გასამრჯელოს ოდენობაზე მხარეთა შეთანხმება სასამართლოს მიერ დადგენილია და შეადგენს თვეში 11 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარს, მთლიანად კი, მოსარჩელის მისაღები დარჩენილი დავალიანება შეადგენს 22 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარს საშემოსავლო გადასახადის გარეშე.
შესაბამისად მოპასუხე უნდა დავალდებულდეს მოსარჩელეს აუნაზღაუროს გასამრჯელო.
9.8. მოსარჩელე მოითხოვს მიუღებელი ,,ხელფასის" 22000 აშშ დოლარის პირგასამტეხლოს გადახდას 0,07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2016 წლის 30 სექტემბრიდან 2018 წლის 06 მარტამდე პერიოდისათვის, (რაც შეადგენს 515 დღეს, ანუ დაგვიანებული ხელფასის - 22000$*0.07%=15$ და მიღებული დღიური პროცენტი გამრავლდა ყველა ვადაგადაცილებულ დღეზე (15$*515=7 725$), რამაც შეადგინა 7725 აშშ დოლარი.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის შეთანხმებას პირგასამტეხლოზე ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება შრომის კანონმდებლობას. საქართველოს შრომის კოდექსის VII თავი არეგულირებს შრომის ანაზღაურების საკითხებს. ამავე კოდექსის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. მე-2 ნაწილის მიხედვით კი, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. მე-3 ნაწილი ითვალისწინებს დამსაქმებლის ვალდებულებას შრომის ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0,07%.
როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეებს შორის შრომისსამართლებრივი ურთიერთობა არ ყოფილა. შესაბამისად, დაყოვნებული თანხის 0,07%-ის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
უნდა განიმარტოს ასევე, რომ ვალდებულების დარღვევისათვის, ზოგადად, კანონმდებლობა ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრებასაც, თუნდაც დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ოღონდ ამის თაობაზე აუცილებელია მხარეთა წინასწარი შეთანხმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში კი მხარეთა შეთანხმებას ადგილი არ აქვს, შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ყოველივე ზ/აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ბუ-------–-----ის სარჩელი დარჩენილი გასამრჯელოს დავალიანების დაკისრების ნაწილში არის საფუძვლიანი და არსებობს მისი დაკმაყოფილების როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი საფუძველი, რის გამოც მისი მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე სს „მე----------------------------ს“ უნდა დაეკისროს ბუ-------–-----ის სასარგებლოდ გასამრჯელოს ანაზღაურება 22 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით, ხოლო ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის 0,07%-ის დაკისრებაზე მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
10. საპროცესო ხარჯები:
10.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის შესაბამისად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სარჩელი ექცევა ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა’’ ქვეპუნქტის რეგულირების სფეროში, რადგან ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სრულიად ნათელია, რომ მისი მეშვეობით კანონმდებელი ადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მოსარჩელის გათავისუფლების შესაძლებლობას, როდესაც იგი სადავოდ ხდიან შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს, კერძოდ, ხსენებული მუხლის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან.
მოსარჩელს სახელმწიფო ბაჟი წინასწარ არ აქვს გადახდილი, სარჩელზე საბოლოო დაზუსტებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 1783,50 ლარს. აქედან სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად უნდა განისაზღვროს მხარეთა ვალდებულებაც.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ 1320 ლარის გადახდა,ხოლო მოსარჩელეს 463,50 ლარის გადახდა.
10.2. მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვს მოპასუხემ აუნაზღაუროს საადვოკატო ხარჯები 2.132 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის საფუძვლიდან, დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოსარჩელეს წარმოუდგენია საადვაკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ქვითარი, რითაც დასტურდება მოსარჩელის მიერ სასამართლოს გარეშე ხარჯების გაწევა. შემდგომში გასაწევი ხარჯის - გადასახდელი საადვოკატო მომსახურებიოს საფასურის, როგორც ამ კატეგორიის ხარჯების ანაზღაურება არაა გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ მუხლის I ნაწილის ბოლო წინადადებით, გათვალისწინებული უნდა იქნას ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული - დავის საგნი (საქმის კატეგორია), საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრულ ფარგლებს. ბუნებრივია, სამართალწარმოება დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან და იგი იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, წარმოეშობა სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც მის სასარგებლოდ დაკმაყოფილდა (მოსარჩელე) ან მის მიმართ არ დაკმაყოფილდა (მოპასუხე), მაგრამ არა შეუზღუდავად. ეს დებულება სამართლებრივი ურთიერთობის ამოსავალი პრინციპია, რომელიც კონკრეტული საქმის გადაწყვეტის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ იურიდიული მომსახურების ხარჯების დაკისრებაზე მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
11. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ბუ-------–-----ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე სს „მე----------------------------ი“-ს (ს/კ 4--------) დაეკისროს მოსარჩელე ბუ-------–-----ის (პ/ნ 14833028896) სასარგებლოდ გასამრჯელოს ანაზღაურება 22 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით.
1.2. მოსარჩელე ბუ-------–-----ის (პ/ნ 14833028896) სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე სს „მე----------------------------ი“-ს (ს/კ 4--------) დაეკისროს მოსარჩელე ბუ-------–-----ის (პ/ნ 14833028896) სასარგებლოდ 2132 ლარის გადახდა, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.
3. მოპასუხე სს „მე----------------------------ი"-ს (ს/კ 4--------) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ 1320 ლარის ოდენობით.
4. მოსარჩელე ბუ-------–-----ის (პ/ნ 14833028896) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ 463,50 ლარის ოდენობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე სალიხ შაინიძე