გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.01.2020
საქმის ნომერი
330210019003281943
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
31.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/28521-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 იანვარი, 2020 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი ნინო ლობჟანიძე

მოსარჩელე - შპს „მ---“

წარმომადგენლები - ბ------- ყ-------, მ------ ი------ე (დირექტორი)

მოპასუხე - სს „პ------------------ი“

წარმომადგენელი - ვ----– ბ--–-–---–ი

დავის საგანი - თანხის დაბრუნება, ხელშეკრულების პირობის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. აღიარებულ იქნეს სს „პ------------------ის“ მიერ თბილისის მერიისათვის გადახდილი საგარანტიო თანხა გარანტიის პირობების საწინააღმდეგოდ გაცემულად.

 

1.2. სს „პ------------------ს“ დაეკისროს უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული თანხის 50402 ლარის დაბრუნება.

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი 05.12.2016 წელს დადებული N7------ შემადგენელი ხელშეკრულების საბანკო გარანტიით მომსახურებაზე მე-3 მუხლის 3.1 ნაწილი და გამოცხადდეს ხელშეკრულების არაშემადგენელ ნაწილად.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი გარემოებები: 12.12.2014 წელს თბილისის მერიასა და შპს „ჯ--ს“ შორის გაფორმდა კორპუსების გაძლიერება-გამაგრების სამუშაოების შესახებ ხელშეკრულება. შპს „ჯ--მა“ დაიქირავა ქვეკონტრაქტორი, რომელმაც კეთილსინდისიერად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და 09.10.2015 წელს შპს „ჯ--სა“ და თბილისის მერიას შორის გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი. 2016 წელს შპს „ჯ--მა“ შეიცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „მ---“. 10.10.2018 წელს თბილისის მერიის წარმომადგენელმა თ-----------------–----უჩაზე არსებულ ობიექტზე ჩაატარა ინსპექტირება და 16.10.2018 წელს შედგენილი დასკვნის საფუძველზე, ისე, რომ არ დაუდგენიათ ხარვეზების მიზეზი და ბრალეულობა, 08.11.2018 წელს სს „პ------------------ისგან“ მოითხოვეს საგარანტიო თანხის მიღება. 16.11.2018 წელს ბანკმა, ისე, რომ არ შეუმოწმებია, მოდიოდა თუ არა შესაბამისობაში თბილისის მერიის მოთხოვნა ხელშეკრულების პირობებთან, გადარიცხა თანხა, გარდაქმნა სესხად და უკვე მოსარჩელისაგან მოითხოვა მისი ანაზღაურება. საგარანტიო თანხა გაცემულია გარანტიის პირობების საწინააღმდეგოდ და ბანკს არ ჰქონდა უფლება, რეგრესის წესით მოეთხოვა ბენეფიციარისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურება.

 

შემადგენელი ხელშეკრულების საბანკო გარანტიით მომსახურებაზე მე-3 მუხლის 3.1 ნაწილი არის ბათილი სტანდარტული პირობა და არ უნდა იქნეს განხილული ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, ბანკმა ბენეფიციარს თანხა ხელშეკრულების პირობებისა და კანონის შესაბამისად გადაურიცხა. ბანკმა კანონის ფარგლებში შეამოწმა თანხის გადახდის თაობაზე წარდგენილი მოთხოვნის საფუძვლები და ხელშეკრულების ვადა, რის შემდეგაც შეასრულა ვალდებულება.

 

მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულების 3.1 პუნქტის ბათილად ცნობის თაობაზე დაუსაბუთებელია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 12.12.2014 წელს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას (დამკვეთი, ბენეფიციარი) და შპს „ჯ--ს“ (პრინციპალი, მენარდე, მოსარჩელე) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „ჯ--მა“ იკისრა თბილისში რამდენიმე მისამართზე მდებარე კორპუსების, მათ შორის თ-----------------–----. N---ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, გამაგრება-გაძლიერების სამუშაოების შესრულების ვალდებულება.

 

2016 წელს პრინციპალმა შეიცვალა სახელწოდება და ამჟამად ეწოდება შპს „მ---.“

 

ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვრა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელი.

 

4.2 პუნქტის თანახმად, საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშული წუნი გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მენარდე ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯით.

 

4.3 და 4.5 პუნქტების საფუძველზე, საგარანტიო თანხა განისაზღვრა მიწოდებული სამუშაოს ღირებულების 2.5%-ით, რომლის გადახდა უნდა მომხდარიყო ხარვეზის აღმოფხვრისა და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ. თუ მენარდე ხარვეზს არ აღმოფხვრიდა, საგარანტიო თანხა არ ანაზღაურდებოდა.

 

4.4. პუნქტის თანახმად კი, მენარდის მიერ საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, დარჩენილ 2,5%-ზე უპირობო გამოუთხოვადი გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო თანხის გადახდა.

 

5.2 პუნქტის თანახმად, მენარდის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების კონტროლი უნდა განეხორციელებინა ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს ან ამავე სამსახურის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ხელშეკრულება (ს.ფ. 17-22);

- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერები (ს.ფ. 32-37).

 

3.1.2. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში, დამკვეთსა და მენარდეს შორის თითოეულ ობიექტზე გაფორმდა ცალკე ნარდობის ხელშეკრულება, მათ შორის, 15.12.2014 წელს გაფორმდა თბილისში, თ-----------------–----. N---ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოებთან დაკავშირებული ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ნარდობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 23-30).

 

3.1.3. მენარდემ ქვეკონტრაქტორის მეშვეობით შეასრულა ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 09.10.2015 წელს მენარდესა და დამკვეთს შორის თბილისში, თ-----------------–----. N---ში მდებარე ობიექტზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 31).

 

3.1.4. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 4.4 პუნქტის ფარგლებში მენარდემ წარადგინა სს „პ------------------ის“ (გარანტი, მოპასუხე) მიერ გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი ხარისხის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. გარანტიის შესაბამისად, გარანტმა იკისრა, ბენეფიციარის პირველივე წერილობით მოთხოვნის შემთხვევაში, ყოველგვარი გასაჩივრებისა და უარყოფის უფლების გარეშე, 5 საბანკო დღის ვადაში გარანტიის თანხის გადახდის ვალდებულება.

 

გარანტიის თანხა განისაზღვრა 45 525,95 ლარით.

 

გარანტია მოქმედებდა 2016 წლის 5 დეკემბრიდან 2018 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ხარისხის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია (ს.ფ. 38);

- ცვლილება (ს.ფ. 39).

 

3.1.5. საბანკო გარანტიის შემადგენელი N7------ ხელშეკრულებით განისაზღვრა პრინციპალს და გარანტს შორის ურთიერთობის პირობები.

 

ხელშეკრულების 3.1-3.3 პუნქტების თანახმად, გარანტის მიერ ბენეფიციარისთვის საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდის შემთხვევაში, გარანტი უფლებამოსილია რეგრესის წესით მოსთხოვოს პრინციპალს გადახდილი საგარანტიო თანხის ანაზღაურება. პრინციპალი აცხადებს თანხმობას, რომ რეგრესის მოთხოვნის უფლება წარმოიქმნება ასევე იმ თანხაზე, რომელიც გამომდინარეობს საბანკო განარანტიის ხელშეკრულებიდან, მათ შორის სასამართლო ხარჯები, აგრეთვე ბენეფიციარისათვის საბანკო გარანტიის პირობების საწინააღმდეგოდ ანაზღაურებული საგარანტიო თანხა ან/და ფულადი თანხა, რომელსაც გარანტი გადაუხდის ბენეფიციარს გარანტის მხრიდან საბანკო გარანტიის პირობების დარღვევის გამო.

 

პრინციპალი ვალდებულია, გარანტის წერილობითი მოთხოვნიდან 5 კალენდარული დღის ვადაში აუნაზღაუროს გარანტს საბანკო გარანტიით ბენეფიციარისათვის გადახდილი თანხა.

 

იმ შემთხვევაში, თუ პრინციპალი არ აუნაზღაურებს თანხას გარანტს ამ ვადაში, მხარეთა შორის ავტომატურად წარმოიქმნება სასესხო (საკრედიტო) ურთიერთობა ვადაგადაცილებული რეგრესის თანხის ოდენობაზე, მასზე წლიური 36% სარგებლის დარიცხვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- შემადგენელი ხელშეკრულება (ს.ფ. 40).

 

3.1.6. 10.10.2018 წელს ბენეფიცარის უფლებამოსილმა სუბიექტმა განახორციელა ქ. თბილისში, თ-----------------–----უჩა N---ში მდებარე ავარიული კორპუსის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება და შეადგინა ინსპექტირების აქტი.

 

აქტის შესაბამისად, კორპუსზე დეფორმირებულია ღიობები და შეინიშნება სხვადასხვა სახის ბზარები, რის საფუძველზე, ინსპექტირების განმახორციელებელმა პირმა დაადგინა შესრულებული სამუშაოს ხარვეზი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ინსპექტირების აქტი (ს.ფ. 40).

 

3.1.7. ააიპ თ---–----------–----–--------–---------------მ 16.10.2018 წელს მოამზადა დასკვნა წინა პუნქტში მითითებული შენობის ტექნიკურ მდგომარეობაზე.

 

დასკვნის თანახმად, ვიზუალური დათვალიერებისას შენობას აღენიშნებოდა მთელი რიგი დეფორმაციები და დაზიანებები. შენობის ის ნაწილი, სადაც მენარდემ სამუშაოები განახორციელა, ავარიულობის თვალსაზრისით, შეესაბამებოდა დაზიანების III ხარისხს.

 

სპეციალისტებმა საჭიროდ მიიჩნიეს საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური, აგრეთვე მზიდი კონსტრუქციებისა და კვანძების დეტალური გამოკვლევის, შენობის კონსტრუქციათა ამგები მასალების სიმტკიცის მაჩვენებლების შესწავლის და მიმდინარე დეფორმაციების გამომწვევი მიზეზების დადგენის საფუძველზე, სათანადოდ დამუშავებული პროექტის საფუძველზე, შენობის მზიდი კონსტრუქციების გამაგრება-აღდგენის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულება.

 

მიშენებული და დაშენებული ნაწილებისათვის სპეციალისტებმა ასევე საჭიროდ მიიჩნიეს მათი კონსტრუქციების დეტალური შესწავლა, არსებული მდგომარეობით განხორციელებული სამუშაოების შესაბამისობისა და ხარისხის შესწავლა და დაშენების სამუშაოთა სამშენებლო ნებართვასა და პროექტთან შესაბამისობის დადგენა, რის შემდეგაც უნდა გადაწყვეტილიყო მიშენებული და დაშენებული ნაწილების დემონტაჟის ან გამაგრება-აღდგენის საკითხი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- დასკვნა (ს.ფ. 42-48).

 

3.1.8 ვინაიდან მენარდეს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის საგარანტიო თანხა აუნაზღაურდა საბანკო გარანტიის წარდგენის შემდეგ, 05.11.2018 წელს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა გასცა საბანკო გარანტიის გამოთხოვის რეკომენდაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 05.11.2018 წლის წერილი (ს.ფ. 49).

 

3.1.9. 08.11.2018 წელს ბენეფიციარმა გარანტს მიმართა, აცნობა, რომ პრინციპალის მიერ შესრულებული სამუშაოები ხარვეზიანი იყო და საბანკო გარანტიის თანხის - 45 525,95 ლარის სრულად ანაზღაურება მოითხოვა.

 

მიმართვას ერთვოდა 05.11.2018 წლის წერილი, ინსპექტირების აქტი, 16.10.2018 წლის დასკვნა და ადმინისტრაციული წარმოების სხვა მასალები, სულ 43 ფურცლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 08.11.2018 წლის წერილი დანართით (ს.ფ. 119-129).

 

3.1.10. ბენეფიციარისთვის თანხის ანაზღაურებამდე გარანტმა პრინციპალს აცნობა მოთხოვნის თაობაზე.

 

პრინციპალი მოთხოვნას არ დაეთანხმა, ასევე მიმართა ბენეფიციარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი);

- 11.07.2019 წლის წერილი (ს.ფ. 64)

 

3.1.11 16.11.2018 წელს გარანტმა ბენეფიციარს საბანკო გარანტიის თანხა გადაურიცხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- შეტყობინება (ს.ფ. 51).

 

3.1.12 ვინაიდან პრინციპალმა გარანტის მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში რეგრესის წესით არ აანაზღაურა გადახდილი საბანკო გარანტიის თანხა, გარანტმა, ხელშეკრულების შესაბამისად, დავალიანება გარდაქმნა სესხად, წლიური 12,5% სარგებლის დარიცხვის პირობით.

 

13.08.2019 წელს პრინციპალმა გადაიხადა სესხი მასზე დარიცხული ჯარიმა-სარგებლით, სულ 50 515 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- შეტყობინება (ს.ფ. 51);

- ცნობა (ს.ფ. 52)

- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 53);

- შეტყობინება ვადაგადაცილებაზე (ს.ფ. 54);

- განაცხადი სესხის ვადამდე დაფარვაზე, ცვლილება ხელშეკრულებაში (ს.ფ. 76-79);

- გადახდის ქვითარი (ს.ფ. 94).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 879-ე, 886-ე, 887-ე, 890-ე, 867-ე, 868-ე, 319-ე, 122-ე, 123-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

 

საბანკო გარანტია კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაა, სადაც ბანკი, სადაზღვევო კომპანია და სხვა საკრედიტო ორგანიზაცია კისრულობს ვალდებულებას მოახდინოს კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.

 

საბანკო გარანტია უზრუნველყოფის ყველაზე უნივერსალურ საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან ბენეფიციარს, პრაქტიკულად, ყოველგვარი რისკისაგან აზღვევს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ საბანკო გარანტია სამოქალაქო კოდექსის რამდენიმე ნორმაშია მოქცეული, იგი ერთ-ერთ ყველაზე რთულ და კომპლექსურ სამართალურთიერთობას წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსი ამომწურავად არ განსაზღვრავს საბანკო გარანტიის სახეებს. სამოქალაქო კოდექსის დებულებების შესავსებად გამოიყენება საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დადგენილი უნიფიცირებული წესები.

 

სწორედ საბანკო გარანტიის იმ ბუნებიდან გამომდინარე, რომ ბენეფიციარის რისკებს პრაქტიკულად ნულამდე ამცირებს, ერთ-ერთი სფერო, სადაც საბანკო გარანტია ყველაზე აქტიურად გამოიყენება, არის სახელმწიფო შესყიდვები.

 

განსახილველ შემთხვევაში, გაცემული იყო დეფექტებზე პასუხისმგებლობის (ხარისხის) გარანტია.

 

საბანკო გარანტია გამოიყენება ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოს დეფექტების გამოსწორების თანხების უზრუნველსაყოფად. პროექტის დასრულების შემდეგ, დამკვეთი (ბენეფიციარი) შესყიდვის ღირებულების ნაწილს, რომელიც განეკუთვნება და გადასახდელია მენარდისათვის (პრინციპალი), შეთანხმებული ვადით აკავებს, რათა ამ ვადაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, ეს თანხა მოახმაროს ხარვეზის აღმოფხვრას.

 

მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა დასაკავებელი თანხის ანაზღაურებას საბანკო გარანტიის წარდგენის სანაცვლოდ და პრინციპალმა ეს შესაძლებლობა გამოიყენა.

 

ბენეფიციარი უფლებამოსილია მოითხოვოს გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდა თუ საგარანტიო პერიოდში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს აღმოაჩნდა დეფექტი.

 

დავის სწორად გადაწყვეტისათვის პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს: წარდგენილი იქნა თუ არა მოთხოვნა გარანტიის პირობების შესაბამისად, მართლზომიერად გაიცა თუ არა გარანტიის თანხა და გააჩნდა თუ არა გარანტს რეგრესული ანაზღაურების უფლება.

 

სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია.

 

ამავე კოდექსის 886-ე მუხლის მიხედვით ბენეფიციარის მოთხოვნის მიღების შემდეგ გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ პრინციპალს და გადასცეს მოთხოვნის ასლი მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტითურთ. გარანტმა ბენეფიციარის მოთხოვნა თანდართული დოკუმენტებით უნდა განიხილოს გონივრულ ვადაში და გამოიჩინოს გონივრული მზრუნველობა იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა მოთხოვნა და თანდართული დოკუმენტები გარანტიის პირობებს.

 

ამ უკანასკნელი ნორმის საფუძველზე, როდესაც გაცემულია ჩვეულებრივი საბანკო გარანტია, ბენეფიციარის მხრიდან მოთხოვნის მიღება არ გულისხმობს მის დაუყოვნებლივ დაკმაყოფილების ვალდებულებას. მიიღებს რა ამგვარ მოთხოვნას, გარანტმა ვალდებულების დადგენისათვის უნდა განახორციელოს რიგი მოქმედებები: ყველა დოკუმენტი გადასცეს პრინციპალს, რომელმაც უნდა დაადასტუროს ან უარყოს თავისი ვალდებულების შესრულება; თავის მხრივ გარანტმა უნდა შეაფასოს წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისობა გაცემული გარანტიის პირობებთან, წარმოდგენილია თუ არა გარანტიის მოქმედების ვადაში, ერთვის თუ არა ყველა საჭირო დოკუმენტაცია და სხვა.

 

სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.

 

მოთხოვნის წარდგენა ბენეფიციარის მიერ შემთხვევის რეგულირების პროცესის დაწყების საფუძველია. დამოუკიდებლობის პრინციპიდან და დოკუმენტური ბუნებიდან გამომდინარე გარანტი შეზღუდულია წარდგენილი მოთხოვნითა და დოკუმენტაციით. იგი შემოიფარგლება მხარეთა მიერ მისთვის წარდგენილი მასალების შემოწმებით.

 

ბენეფიციარმა უნდა წარადგინოს მოთხოვნა გარანტიით გათვალისწინებული წესით და უნდა დაურთოს ყველა დოკუმენტი.

 

მოთხოვნამდე გარანტიების უნიფიცირებული წესების (URDG 758 - პუბლიკაცია N758) მე-15 მუხლით ბენეფიციარი ვალდებულია გარანტთან წარადგინოს სრულყოფილი მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს. მოთხოვნაში უნდა აღინიშნოს გარანტიის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია, გარანტიას უნდა დაერთოს გარანტიით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და უნდა მიეთითოს რაში მდგომარეობს გარანტიის უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულების დარღვევა.

 

ამავე პუბლიკაციის ტერმინთა განმარტებით „დოკუმენტი“ არის მოთხოვნა და მის საფუძვლად არსებული მტკიცებულება (supporting statement).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე არასწორად განმარტავს სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნულ დებულებებს და იმაზე მეტ ტვირთს აკისრებს გარანტს, ვიდრე ეს შესაძლებელია.

 

განსახილველ შემთხვევაში, ბენეფიციარი უფლებამოსილი იქნებოდა მოეთხოვა გარანტიის თანხის გადახდა, თუ საგარანტიო პერიოდში პრინციპალის მიერ შესრულებულ სამუშაოს აღმოაჩნდებოდა ხარვეზები. დადგენილია, რომ საგარანტიო პერიოდი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 3 წელს შეადგენდა, ხოლო სადავო ობიექტზე მიღება-ჩაბარების აქტი 09.10.2015 წელს შედგა.

 

პირველ რიგში, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის იმ მტკიცებას, რომ ხარვეზი გამოვლენილი იყო საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.

 

სამოქალაქო კოდექსის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ვადა, რომელიც განსაზღვრულია კვირების, თვეების ან რამდენიმე თვის შემცველი დროით – წლით, ნახევარი წლით, კვარტალით, – მთავრდება ბოლო კვირის ან ბოლო თვის იმ დღის დამთავრებისთანავე, რომელიც შეესაბამება მოვლენის დადგომის დღეს ან დღის ზემოაღნიშნულ დროს.

 

ამავე კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად კი, თუ ვადის დასაწყისად აღებულია ესა თუ ის მოვლენა ან დღის რომელიმე მონაკვეთი, მაშინ ვადის გამოთვლისას არ მიეთვლება ის დღე, რომელშიც დგება ეს მოვლენა ან დღის ზემოაღნიშნული დრო.

 

ამრიგად, 3-წლიანი ვადის ათვლა 2015 წლის 10 ოქტომბრიდან დაიწყო და 2018 წლის 10 ოქტომბერს 24:00 საათზე ამოიწურა. ინსპექტირების აქტი შედგენილია ვადის გასვლამდე.

 

დადგენილია ასევე, რომ ბენეფიციარმა გარანტს საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში მიმართა და მოთხოვნასთან ერთად წარუდგინა ინსპექტირების აქტი, ექსპერტიზის დასკვნა.

 

მოსარჩელის აზრით, ექსპერტიზის დასკვნის შინაარსიდან გამომდინარე, გარანტია არ უნდა გაცემულიყო.

 

სასამართლო ეთანხმება მოსარჩელეს, რომ დასკვნის შინაარსიდან გამომდინარე არ არის გამოკვეთილი მის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებითაა თუ არა გამოწვეული დაზიანებები.

 

სასამართლო ასევე ეთანხმება მოსარჩელეს, რომ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების საფუძველზე, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, დამკვეთს ჯერ მენარდისათვის უნდა განესაზღვრა დამატებითი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად და მხოლოდ ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ იყო უფლებამოსილი გამოეყენებინა ხელშეკრულების ღირებულების 2,5%, რომელიც საბანკო გარანტიამ ჩაანაცვლა.

 

სადავო არ არის, რომ დამკვეთმა-ბენეფიციარმა პირდაპირ გარანტიის გაცემა მოითხოვა.

 

ამავდროულად, მნიშვნელოვანია, ევალებოდა თუ არა გარანტს დასკვნის შინაარსის შეფასება ან იმის შესწავლა, გამოიყენა თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მეორადი მოთხოვნა ბენეფიციარმა.

 

სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლის თანახმად საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.

 

„სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით – არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება – ხელშეკრულება, რომლის უზუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე. საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი. სსკ-ის 887-ე მუხლის ეს დანაწესი უზრუნველყოფს საბანკო გარანტიის საიმედოობას და იმავდროულად, კრედიტორის მოლოდინს ვალდებულების შესრულებასთან მიმართებით, მაგრამ მხოლოდ საბანკო გარანტიით გარანტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში (...) საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული ურთიერთობის მონაწილეები არიან რა ბენეფიციარი, პრინციპალი და გარანტი, ამ ურთიერთობის ფარგლებში ფაქტობრივად ორი ხელშეკრულება იდება: 1. გარანტსა და პრინციპალს შორის საბანკო გარანტიის გაცემის თაობაზე ორმხრივი, სასყიდლიანი ხელშეკრულება (სსკ-ის 880-ე მუხლი) და 2. თვით საბანკო გარანტია, რომელიც ცალმხრივი გარიგებაა და წარმოშობს გარანტის ცალმხრივ ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ (სსკ-ის 879-ე მუხლი). ამავდროულად, საბანკო გარანტიის გაცემით გარანტსა და ბენეფიციარს შორის ურთიერთობა დამოუკიდებელია იმ ძირითადი ვალდებულებებისაგანაც, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული (სსკ-ის 881-ე მუხლი)“ (იხ. სუსგ Nას-415-2019, 31.05.2019).

 

დამოუკიდებლობის გარდა, საბანკო გარანტიის მიმართ მოქმედებს „ზუსტი შესატყვისობის პრინციპი“ (strict compliance), რაც იმას ნიშნავს, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს საბანკო გარანტიის პირობებს და მასვე უნდა დაერთოს გარანტიაში გათვალისწინებული დოკუმენტები. ბენეფიციარის ერთადერთი ვალდებულებაა, სწორად წარადგინოს მოთხოვნა, ხოლო გარანტი ვალდებულია, ჯეროვნად და გულისხმიერად გამოიკვლიოს მასთან წარდგენილი მოთხოვნა, გამოიჩინოს გონივრული მზრუნველობა პრინციპალის ინტერესების დაცვის მიმართ, მაგრამ ეს პრინციპი არ გულისხმობს იმას, რომ გარანტმა უნდა შეამოწმოს ბენეფიციარის მოთხოვნის საფუძვლების ნამდვილობა, ანუ სამართლებრივად შეაფასოს ბენეფიციარის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და დაადგინოს, ნამდვილად გამოვლინდა თუ არა ხარვეზი პრინციპალის მიერ შესრულებულ ვალდებულებაში.

 

გარანტს არ ეკისრება პასუხისმგებლობა წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორის, ადეკვატურობის და უტყუარობისათვის. გარანტის ვალდებულება მოთხოვნისა და დოკუმენტაციის გარეგან ვიზუალურ შემოწმებას გულისხმობს (იხ. ნ. ჭიპაშვილი, „საბანკო გარანტია საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო უნიფიცირებული წესების მიხედვით“, სადისერტაციო ნაშრომი, 2015, 163).

 

გარანტი მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი უარი თქვას ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე თუ, მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ან ისინი წარედგინება გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა უნდა გამოიკვლიოს, საგარანტიო მოთხოვნა ხომ არ სცილდება გარანტიით გათვალისწინებულ თანხას, მასში ხომ არ არის მითითებული ისეთი ვალდებულების დარღვევის შესახებ, რომელიც გარანტიის პირობით არ იყო უზრუნველყოფილი.

 

განსახილველ შემთხვევაში დაცული იყო ყველა სავალდებულო პირობა: მოთხოვნა გარანტს საბანკო გარანტიის მოქმედებს ვადაში წარედგინა, გაცემული იყო ხარისხის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია და მოთხოვნა სწორედ შესრულებული სამუშაოს უხარისხობიდან გამომდინარე იქნა წარდგენილი, მოთხოვნა არ აღემატებოდა საბანკო გარანტიის თანხას. საბანკო გარანტია არ ითვალისწინებდა, რა დოკუმენტებით უნდა დადასტურებულიყო მოთხოვნა, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით განისაზღვრა უფლებამოსილი ორგანო, რომელსაც შესრულებული სამუშაოს ხარისხის შემოწმება ევალებოდა. სწორედ ამ ორგანოს მიერ შედგენელი ინსპექტირების აქტი და დასკვნა დაერთო მოთხოვნას.

 

N758 პუბლიკაციის საფუძველზე, სამოქალაქო კოდექსის 886-ე მუხლის დებულებები კიდევ უფრო იზღუდება, გარანტს არ აქვს ვალდებულება, პრინციპალს გაუგზავნოს ბენეფიციარის მოთხოვნა, ამასთან, მოთხოვნის მიღებიდან მისი შემოწმების და დაკმაყოფილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, თუ თავად გადახდის მოთხოვნაში სხვა ვადა არ არის მითითებული (URDG ICC Publication N758, Art. 20).

 

მიუხედავად იმისა, რომ გარანტს არც ხელშეკრულებით ჰქონდა პრინციპალისთვის მოთხოვნის გადაგზავნის ვალდებულება, მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ გარანტმა მოთხოვნა თანდართული მასალებით მას გაუგზავნა. პრინციპალი კი, სიტყვიერი პროტესტით შემოიფარგლა. იმის დამდასტურებელი მტკიცებულება, რომ გამოვლენილი ხარვეზები ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით არ იყო გამოწვეული, არც გარანტისთვის ყოფილა წარდგენილი და არც სასამართლოსათვის.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ყველა ზემოაღნიშნული განმარტება მნიშვნელოვანია „პირობიანი“ საბანკო გარანტიის შემთხვევაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

განსახილველ შემთხვევაში გაცემული იყო უპირობო, იგივე „პირველივე მოთხოვნისთანავე“ გარანტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბენეფიციარი უფლებამოსილია ყოველგვარი საფუძვლის მტკიცების გარეშე, უპირობოდ და პირველივე მოთხოვნის შემდგომ მიიღოს გარანტიის თანხა.

 

სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს უპირობო საბანკო გარანტიას, თუმცა არც მისი გაცემაა აკრძალული.

 

უპირობო საბანკო გარანტია გათვალისწინებული იყო N458 პუბლიკაციით (URDG ICC Publication 458), რომელიც ჩანაცვლდა განახლებული N758 პუბლიკაციით.

 

პუბლიკაციის მე-15 მუხლის „c“ პუნქტი ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ მხარეთა შეთანხმებით, გამოირიცხოს ბენეფიციარის მოთხოვნის საფუძვლად არსებული მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება.

 

„უპირობო გარანტია განცალკევებულია ძირითადი ვალდებულებისაგან და ძირითადი ხელშეკრულების მხარეთა უფლებები და მოვალეობები დამოუკიდებელია მისგან. მოთხოვნის სწრაფად დაკმაყოფილების მიზნით ბანკის ვალდებულება დამოუკიდებელია არა მარტო ბენეფიციარსა და პრინციპალს, არამედ პრინციპალსა და გარანტს შორის არსებული ურთიერთობისაგან“ (იხ. Kelly-Louw M., Selective Legal Aspects of Bank Demand Guarantees, 2008, 75 ნ. ლიპარტიასთან „საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნის მართვა და სამართლებრივი შედეგები“, ნაშრომი დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თსუ, 2018, 69).

 

სწორედ ამიტომ, გარანტი არათუ ვალდებული, უფლებამოსილიც კი არ იყო, წარდგენილი დოკუმენტების კვლევაში შესულიყო და ექსპერტიზის დასკვნის ბუნდოვანებიდან გამომდინარე უარი ეთქვა ბენეფიციარის მოთხოვნაზე. ის ასევე ვერ შეაფასებდა, გამოიყენა თუ არა, ან უნდა გამოყენებინა თუ არა, ბენეფიციარს დამატებითი შესრულების მექანიზმი (შეად. სუსგ №ას-1231-1151-2017).

 

სამოქალაქო კოდექსის 890-ე მუხლის თანახმად გარანტის უფლება, მოითხოვოს პრინციპალისაგან რეგრესის წესით იმ თანხის გადახდა, რომელიც აუნაზღაურდა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით, განისაზღვრება პრინციპალთან გარანტის იმ შეთანხმებით, რომლის შესასრულებლადაც გაიცა გარანტია. გარანტს არა აქვს უფლება მოსთხოვოს პრინციპალს იმ თანხის გადახდა, რომელიც აუნაზღაურდა ბენეფიციარს გარანტიის პირობების საწინააღმდეგოდ ან ბენეფიციარის მიმართ გარანტის ვალდებულების დარღვევის გამო, თუ პრინციპალთან გარანტის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ვინაიდან საბანკო გარანტია პირობების საწინააღმდეგოდ არ გაცემულა, გარანტმა, ხელშეკრულების შესაბამისად მოითხოვა რეგრესის წესით ანაზღაურება. ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში პრინციპალმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, შესაბამისად, გარანტმა, ასევე ხელშეკრულებით დადგენილი წესით, გარანტიის თანხა გარდაქმნა საბანკო კრედიტად.

 

სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის თანახმად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.

 

განსახილველ შემთხვევაში, გარანტი ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა და პრინციპალის მიერ გადახდილი სესხის უკან დაბრუნებისსამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

6.2 მოსარჩელის პირველი მოთხოვნაა აღიარებულ იქნეს სს „პ------------------ის“ მიერ თბილისის მერიისათვის გადახდილი საგარანტიო თანხა გარანტიის პირობების საწინააღმდეგოდ გაცემულად.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების სავალდებულო წინაპირობაა იურდიული ინტერესის არსებობა. იურდიული ინტერესი არის სამართლებრივი სიკეთე, რაც მხარემ შეიძლება მიიღოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება მხოლოდ მაშინაა დასაშვები, თუ მხარე დაადასტურებს, რომ ეს აღიარება სასამართლო წესით უნდა მოხდეს, უფრო ზუსტად კი, სასამართლო წესით უფლების აღიარების აუცილებლობა უნდა გამოირკვეს და ამ აღიარებას უნდა მოჰყვებოდეს სამართლებრივი შედეგი. იურიდული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეიძლება დადგეს ის შედეგი, რასაც მხარე ისახავს მიზნად და აღიარებითი სარჩელი არის ამ სამართლებრივი შედეგის მიღების ეფექტიანი მექანიზმი. აღნიშნული პირობა ობიექტური გარემოებაა და არ აქვს მნიშვნელობა, თავად მხარე რა სამართლებრივი შედეგის დადგომას უკავშირებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას (იხ. სუსგ №ას-277-264-2013). აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, თუ მხარეს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა შეუძლია. ზოგადად სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის, საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს მისი დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფას (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს. სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. მხოლოდ აღიარებითი მოთხოვნა მხარის ინტერესების დასაცავად საკმარისია იმ შემთხვევაში, როცა სარჩელის მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს (იხ. სუსგ ას-1219-1139-2017).

 

განსახილველ შემთხვევაში, ამ სასარჩელო მოთხოვნის ცალკე წარმოდგენის საჭიროებაც არ არსებობდა, მაგრამ ვინაიდან სარჩელში წარმოდგენილი იყო მიკუთვნებითი მოთხოვნაც, ამ გარემოებას სარჩელის დასაშვებობაზე გავლენა არ მოუხდენია, ამასთან, სასამართლომ იმსჯელა მიკუთვნებითი მოთხოვნის საფუძვლიანობაზე და მიიჩნია, რომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. ცალკე აღიარებითი მოთხოვნის მიმართ კი მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი არ გააჩნია.

 

6.3. მოსაჩელის მესამე მოთხოვნაა ხელშეკრულების კონკრტული პირობის ბათილად ცნობა და ხელშეკრულების არაშემადგენელ ნაწილად გამოცხადება.

 

მოსარჩელის აზრით, ხელშეკრულების სადავო პუნქტი ბათილი სტანდარტული პირობაა. მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია სამოქალაქო კოდექსის 346-ე და 344-ე მუხლები.

 

სასამართლო, სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 346-ე მუხლების საფუძველზე, განმარტავს, რომ უცილოდ ბათილი გარიგება არ საჭიროებს სარჩელის შეტანის გზით შეცილებას, ანუ, ამ შემთხვევაშიც სახეზეა აღიარებითი მოთხოვნა, რომლის დამოუკიდებლად წარდგენის საფუძველი არ არსებობდა და საკმარისი იყო სარჩელში მითითება, რომ ხელშეკრულების სადავო პირობა ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოა.

 

მოსარჩელე სადავოდ ხდის ხელშეკრულების იმ პირობას, რომელიც ითვალისწინებს გარანტის უფლებას ბენეფიციარისათვის საბანკო გარანტიის პირობების საწინააღმდეგოდ ანაზღაურებული საგარანტიო თანხა რეგრესის წესით მოითხოვოს პრინციპალისაგან.

 

სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 890-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს პრინციპალისა და გარნატის შეთანხმების შესაძლებლბას იმის თაობაზე, რომ პრინციპალი გარანტს აუნაზღაურებს საბანკო გარანტიის პირობების საწინააღმდეგოდ გაცემულ გარანტიის თანხას. ეს დათქმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უპირობო გარანტიის გაცემის შემთხვევაში, ვინაიდან სხვაგვარად, გარანტის ინტერესები სრულიად დაუცველი დარჩებოდა.

 

ამასთან, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს აღიარებითი სარჩელის წარდგენას მხოლოდ აღიარებისათვის, არამედ, ამგვარი აღიარებით მოსარჩელისათვის სრულიად კონკრეტული სამართლებრივი შედეგი უნდა დგებოდეს.

 

ვინაიდან სასამართლოს შეფასებით, საბანკო გარანტიის თანხა გარანტიის პირობების საწინააღდეგოდ არ გაცემულა, სასამართლო აღარ აფასებს ხელშეკრულების სადავო პირობის მართლზომიერებას. ხელშეკრულების ამ პირობის ბათილად ცნობის შემთხვევაშიც კი, მოსარჩელისათვის არაფერი იცვლება და აღიარება არ იწვევს მისი რაიმე ინტერესის დაკმაყოფილებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, პროცესის ხარჯების განაწილების საფუძველი არ არსებობს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „მ----ის“ სარჩელი სს „პ------------------ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) მეშვეობით;

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია