განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100119003276910
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/689-19 13 აპრილი, 2020 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორი თ---------------
1.2. პროკურორი ნ-----–-----,1.3. პროკურორი ი-–------------
2. დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული ჯ-----------------------------------------------–-------–-–-----------------------–----------–--------------------------------------–----–----–----------–----------------------–--------------–-----------------------–-------------------------------------------------–------------–---------------------------------------------------------–----------–--
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: განზრახი მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება
2.2. ადვოკატი რ------------------
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------------ს განაჩენით სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი ჯ-------------------- 2019 წლის 15 ოქტომბერს, ღამის საათებში გადაადგილდებოდა ქ.-----------–--------------------ე საავტომობილო გზაზე, რა დროსაც იგი თან ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ საკეც დანას პირის ფიქსატორით, რაც მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელ ცივ იარაღთა კატეგორიას.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ცივი იარაღის ტარება
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისთვის ცივი იარაღის ტარება გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი - უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: ბ--------------ს და ბ------------–--–---ს ჩვენებების თანახმად, 15 ოქტომბერს ღამით მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომ ბრალდებული იყო პირობითი მსჯავრის ქვეშ და თან ჰქონდა დანა.
მოწმეების: გ---------------ს, ი-----–--------–-----ს ჩვენებებით და პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ჯ--------------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს დასაკეცი დანა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ექსპერტ ლ-----–-----ს და ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ჯ--------------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული საკეცი დანა პირის ფიქსატორით დამზადებულია ქარხნული წესით და მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელ ცივ იარაღთა კატეგორიას.
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის საგანია ცივი იარაღი.
ცივი იარაღის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ, იარაღის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ პუნქტში, რომლის მიხედვითაც, ცივი იარაღი არის იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებული ატარებდა დასაკეც დანას, რომელიც ცივ იარაღთა კატეგორიას მიეკუთვნება და რომელიც ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცივი იარაღის ტარება იწვევს საჯარო წესრიგის დარღვევას ან ქმნის ამის აშკარა საფრთხეს, ეს მუხლი არ ვრცელდება პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით; თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით; ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნით; სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით; იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი ამ ტანსაცმლის ნაწილია. სასამართლო სხდომაზე არ გამოკვეთილა ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობა.
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლში პირდაპირ არ არის მინიშნება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობაზე, თუმცა ამის შესახებ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილი, კერძოდ, მისი მე-10 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვითაც გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამდენად, თუ გაუფრთხილებლობით ქმედების ჩადენის შესახებ არ არის მითითებული სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში, იგულისხმება, რომ ის მხოლოდ განზრახ ჩადენის შემთხვევაშია დანაშაული. ამდენად, დადგენილია, რომ სსკ-ის 2381-ე მუხლის სუბიექტური შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია განზრახვა. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
იმისათვის, რომ ბრალდებულის ქმედება განზრახ ქმედებად ჩაითვალოს, აუცილებელია მას გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ის, ან ითვალისწინებდეს მის გარდუვალობას, ან არ სურდეს, თუმცა შეგნებულად უშვებდეს მას ან გულგრილად ეკიდებოდეს. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ცივი იარაღის ტარება მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. ვინაიდან სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი ფორმალური დანაშაულია და ქმედების გარდა რაიმე შედეგის დადგომას არ ითხოვს, ეს გარემოება გავლენას ახდენს ასევე განზრახვის კომპონენტებზეც. კერძოდ, ამ დანაშაულის განზრახვის დასადასტურებლად საკმარისია ქმედების მართლწინააღმდეგობის გაცნობიერებასთან ერთად მისი ჩადენის სურვილი ანდა შეგნებულად დაშვება ან გულგრილი დამოკიდებულება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ცივი იარაღის ტარებით არღვევდა კანონს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მას არ შეუწყვეტია ქმედება პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე. ამდენად, დადგენილია, რომ ბრალდებული ცივ იარაღს ატარებდა განზრახ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, ჩხრეკაში მონაწილე პირის - გ---------------ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება, რომლის თანახმადაც ბრალდებულისთვის სრულად იყო ცნობილი ცივი იარაღის ტარების გამო პასუხისგებლობის შესახებ.
2.2. განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილის სუბიექტი არის პირი, ვინც ნასამართლევია განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და ნასამართლობაა არაა მოხსნილი ან გაქარწყლებული. საქართველოს სსსკ-ის 12-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას, აგრეთვე გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით, ხოლო განსაკუთრებით მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა ათ წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: ბ--------------ს და ბ------------–--–---ს ჩვენებების თანახმად, ჯ-------------------- ნასამართლევია.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განაჩენით ჯ-------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ, ჯუმბერი ჭანტურიძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 5-დან 8 წლამდე, რაც, სსკ-ის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, წარმოადგენს მძიმე დანაშაულს. აქვე უნდა განიმარტოს, რომ სსკ-ის 237-ე მუხლის სუბიექტური შემადგენლობა მოითხოვს სპეციალური მიზნის არსებობას, ხოლო სუბიექტური შემადგენლობის ამსახველი მიზანი არსებობს მხოლოდ განზრახი დანაშაულის შემთხვევაში. ამდენად, სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება წარმოადგენს განზრახ მძიმე დანაშაულს.
საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნასამართლობა ქარწყლდება მძიმე დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან 6 წლის შემდეგ.
საქართველოს სსსკ-ის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერ ძალაში შედის სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულს 2017 წლის 20 სექტემბრის განაჩენით სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ნაწილ განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით ნაწილი კი ჩაეთვალა პირობითად, ხოლო დანიშნული სასჯელი მოხდილი არ არის, რის გამოც ბრალდებული, დღეის მდგომარეობით, ითვლება განზრახ მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევ პირად.
3. სამართლებრივი შეფასება:
ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ისჯება საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით. დანაშაული დამთავრებულია ცივი იარაღის ტარების დაწყების მომენტიდან. დანაშაული დენადია. იგი ფორმალური შემადგენლობისაა და არაა აუცილებელი მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა (აბსტრაქტული სფრთხის დელიქტია). ამიტომაც დანაშაული დამთავრებულია ქმედების შეწყვეტის მომენტიდან. მოცემული დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა განზრახვას გულისხმობს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ჯ--------------------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა, რის გამოც ჯ-------------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messegue and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ჯ--------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს ბრალდებულის მძიმე ოჯახური, ჯანმრთელობის (შეზღუდული შერაცხადობა) და მატერიალური მდგომარეობა.
ჯ--------------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს დანაშაულებრივად შეფასებული ქმედების ჩადენა პირობითი მსჯავრის პერიოდში განსაზღვრული გამოსაცდელი ვადის განმავლობაში.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის გასვლამდე აკრძალული ნივთის ტარება), ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს (ღამით ჯიბით დანის ტარება), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (საზოგადოების წევრების ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა), პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს მძიმე ოჯახური, ჯანმრთელობის და ეკონომიკური პირობები) ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციას. ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 წლამდე. მართალია, სანქციაში არ არის მითითებული მინიმალური სასჯელის ზომა, თუმცა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში მინიმალური სასჯელი შეადგენს თავისუფლების აღკვეთას 6 თვის ვადით. ამასთან, სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. ამდენად, მსჯავრდებულისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს 500 ლარზე მეტი.
სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის მძიმე მატერიალურ მდგომარეობას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ჯარიმის დაკისრება არ შეესაბამება ჩადენილი ქმედების ბუნებასა და ბრალდებულის პიროვნებას, მის მატერიალურ მდგომარეობას, რის გამოც სასჯელის სახედ განსაზღვრულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა.
აქვე სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან განზრახი მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლობა სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილის შემადგენლობის კონსტიტუციური ნიშანია, სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, იგივე გარემოება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ვერ განიხილება და სასჯელის ზომაზე ვერ იქონიებს გავლენას მისი დამძიმების კუთხით, თუმცა სასჯელის დამძიმების კუთხით მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, რადგან გამოსაცდელი ვადა არის არა მხოლოდ ნასამართლობის აღმნიშვნელი, არამედ ბრალდებულზე გაძლიერებული მეთვალყურეობისა და კონტროლის პერიოდი, რა დროსაც ბრალდებულს ეკისრება გარკვეული მოვალეობები, მას ევალება, იყოს განსაკუთრებულად პასუხისმგებლობის გრძნობით განმსჭვალული, არ დაარღვიოს კანონი. მიუხედავად ამისა, ბრალდებულმა სწორედ გამოსაცდელი ვადის პერიოდში ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება, რაც ამძიმებს მის პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ასევე ისიც, რომ ბრალდებული ნასამართლევია არამხოლოდ მძიმე, არამედ არაერთი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის. ამასთან, ბრალდებული არის შეზღუდული შერაცხადი, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს სასჯელის კონკრეტული ზომის განსაზღვრისას.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან ოზურგეთის რაიონული სასმართლოს განაჩენით ჯ--------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვალა პირობითად, ხოლო მსჯავრდებულმა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ახალი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი უნდა გაუქმდეს და მსჯავრდებულს სასჯელი უნდა განესაზღვროს განაჩენთა ერთობლიობით.
განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ახალი დანაშაული არის წინა დანაშაულზე მსუბუქი, რაც მიუთითებს ერთი მხრივ, ჯ--------------------ს მიერ უფრო მძიმე ან ანალოგიური სიმძიმის დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისგან თავის შეკავებასა და მისგან მოსალოდნელ ნაკლები ხარისხის საფრთხეზე დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით. მეორე მხრივ, წინა განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, მათ შორის გამოსაცდელი ვადის პერიოდში ყოფნამ, ვერ მოახდინა ბრალდებულზე ზეგავლენა ახალი, თუნდაც, წინა დანაშაულთან შედარებით მსუბუქი დანაშაულის ჩადენისგან თავის შეკავების კუთხით. ყველა ამ გარემოების გათვალისწინების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ, მოცემულ შემთხვევაში, პირობითი მსჯავრის გაუქმების შემდეგ გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების პრინციპი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. ვინაიდან საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილია დანა, რომელიც არის დანაშაულის საგანი, ამდენად, სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, ის უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯ-------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ჯ--------------------ს მიმართ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ნაწილობრივ, კერძოდ - 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად ჯ--------------------ს განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ჯ--------------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 15 ოქტომბრიდან.
ნივთმტკიცება დანა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია