გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.03.2020
საქმის ნომერი
330210119003334167
კატეგორია
დავის ტიპი
ქირავნობა
თარიღი
05.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/31482-19 (330210119003334167)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 მარტი 2020 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი ლიკა სოხაძე

მოსარჩელე - ბ-------------–---–ი (მონაწილეობის გარეშე)

მოსარჩელის წარმომადგენელი - გ-----------------ე

მოპასუხე - ი-----–------------–---–ი, მ-------------–---–ი (მონაწილეობის გარეშე)

მოპასუხის წარმომადგენელი - ლ----------------ე

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო (დაზუსტებული) მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს: ი-----–------------–---–ს და მ-------------–---–ს მოსარჩელე ბ-------------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის ბინით უნებართვოდ სარგებლობისათვის დაზოგილი თანხის გადახდა მიყენებული ზიანის სახით, 2017 წლის 04 იანვრიდან 2019 წლის 04 ნოემბრის ჩათვლით (ყოველთვიურად 500 ლარი) საერთო ჯამში 17 000 ლარის ოდენობით.

 

1.2. მოპასუხეებს: ი-----–------------–---–ს და მ-------------–---–ს მოსარჩელე ბ-------------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის ბინაში დამონტაჟებული გათბობის სისტემის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება 1500 ლარის ოდენობით.

 

1.3. მოპასუხეებს: ი-----–------------–---–ს და მ-------------–---–ს მოსარჩელე ბ-------------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სააღსრულებო ხარჯების ანაზღაურება 214.30 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 03 იანვარს ბ-------------–---–მა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე თბილისი-3, მე-2 მკ/რ, კორპ. 31, ბინა 1, ს/კ: №0----------------------.

აღნიშნულ ბინაში წლების განმავლობაში ბ-------------–---–ის თანხმობის გარეშე ცხოვრობდნენ მოპასუხეები, რომლებიც იყვნენ მისი ყოფილი რძალი, ი-----–------------–---–ი და ი-----–------------–---–ის და მ-------------–---–ი ისე, რომ ბ-------------–---–ს, როგორც მესაკუთრეს, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში არ შეუზღუდავს თავისი უფლება ქონების ფლობისა და მისით სარგებლობის შესახებ.

 

მიუხედავად მოსარჩელის მოთხოვნისა, რომ ბინა დაეცალათ და დაებრუნებინათ გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში, მოპასუხეები არ ასრულებდნენ მის კანონიერ მოთხოვნას. შესაბამისად, ბ-------------–---–მა დარღვეული უფლების დაცვის მიზნით მიმართა სასამართლოს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 აპრილის №2/12361-17 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბ-------------–---–ის საჩელი და გამოთხოვილი იქნა მოპასუხეების: ი-----–------------–---–ისა და მ-------------–---–ის უკანონო მფლობელობაში არსებული ბ-------------–---–ის კუთვნილი უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, დასახლება ვ---------–---, მ--------------------------------, ს/კ: 0---------------------- და ნივთი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა ბ-------------–---–ს. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ და შევიდა კანონიერ ძალაში, ხოლო 2019 წლის 29 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო სააღსრულებო წარმოება (რისთვისაც მოსარჩელემ გასწია სააღსრულებო ხარჯი 214.30 ლარის ოდენობით) და მოსარჩელეს მისი კუთვნილი ბინა თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა 2019 წლის ნოემბერში, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ბინა ფაქტობრივად გაძარცვული იყო, კერძოდ, მოსარჩელეს სხვა ნივთების გარდა ბინაში აღარ დახვდა ცენტრალური გათბობის სისტემა (სისტემის მთავარი ნაწილი „ქვაბი“), რითაც მოსარჩელეს მიადგა ზიანი 1500 ლარის ოდენობით, ვინაიდან სისტემის ღირებულება შეადგენს 1500 ლარს. გარდა ამისა, მოსარჩელის ბინის ქირის საბაზრო ღირებულება, მითითებულ მისამართზე მსგავსი ბინების ქირავნობის ფასების გათვალისწინებით, ყოველთვიურად შეადგენს 500 ლარს, შესაბამისად, მოპასუხეებმა, მოსარჩელის კუთვნილ ბინაში ცხოვრებით, დაზოგეს 34 თვის ქირა, ჯამში 17 000 ლარი (იხ. სარჩელი (ს.ფ. 2-17; დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ. 111-125) და 05.03.2020წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ბ-------------–---–ს საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მოპოვებული აქვს ბათილი გარიგების საფუძველზე. ბინა შეძენილია ი-----–------------–---–ის ფინანსური სახსრებით დ------------–---–თან (ბ-------------–---–ის ძმა) ფაქტობრივი ქორწინების პერიოდში და აღნიშნულ ბინას 4 წლით ადრე, ვიდრე ბ-------------–---–ი მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე დაირეგისტრირებდა საკუთრებაში, ფლობდა მართლზომიერად და ამ სახლში ი-----–------------–---–ი დ------------–---–თან და მცირეწლოვან შვილთან, ქეთი მამნიაშვილთან ერთად ცხოვრობდა მანამ, სანამ მათი მფლობელობის მართლზომიერების საკითხი არ გადაწყვიტა სასამართლომ. დღეის მდგომარეობით ი-----–------------–---–ი ცხოვრობს თავის კუთვნილ ბინაში, ხოლო მ-------------–---–ს აღნიშნულ ბინაში არასოდეს უცხოვრია. რაც შეეხება გათბობის სისტემას, მოპასუხე ი-----–------------–---–ის განმარტებით, ე.წ. „გათბობის ქვაბი“ შეძენილია მის მიერ. 2020 წლის 03 მარტის სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ დააზუსტა შესაგებლის პოზიცია და მასში მითითებული გარემოებები, კერძოდ, მან სარჩელი ცნო სააღსრულებო წარმოებისას ბ-------------–---–ის მიერ გაწეული ხარჯის - 214.30 ლარის - ნაწილში, ხოლო ბინის ქირასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ბ-------------–---–ისათვის კარგად იყო ცნობილი, რომ 2013 წლიდანაც და 2017 წლის შემდეგაც მის მიერ მითითებულ ფართში ცხოვრობდნენ ი-----–------------–---–ი, დ------------–---–ი და მათი შვილი, ქეთი მამნიაშვილი. ბადრი ტარუაშვილს, რომელიც არის დავით ტარუაშვილის ძმა, მოპასუხეებისათვის არასოდეს მიუმართავს, რომ აპირებდა ბინის გაქირავებას და სარგებლის მიღებას. გარდა ამისა, ბ-------------–---–ს დაუსაბუთებლად აქვს მითითებული სარჩელში ბინის ყოველთვიური ქირის ოდენობა, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ასევე არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულება მისი საქმიანობის შესახებ, ე.ი. მტკიცებულება იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ იგი ეწეოდა ბინების გაქირავებას და მას ხელი შეეშალა საქმიანობაში, ვინაიდან აუცილებელია მხარემ დაასაბუთოს მიუღებელი ზიანი (იხ. შესაგებელი (ს.ფ. 72-83); 05.03.2020 წ. სხდომის ოქმი - 15:10:30 სთ; 15:18:13 სთ და განცხადება შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტების შესახებ - ს.ფ. 151).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ბ-------------–---–ს 2017 წლის 03 იანვრიდან საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, ქ. თბილისი, ვ---------–---, მე-2 მ/რ, კორპუსი №31, ბინა №1 (ს/კ 0----------------------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 16-17);

 

3.1.2. ბ-------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ვ---------–---, მე-2 მ/რ, კორპუსი №31, ბინა №1 (ს/კ: №0----------------------), 2019 წლის 18 ნოემბრამდე მოპასუხეების ი-----–------------–---–ისა და მ-------------–---–ის მფლობელობაში იყო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ი-----–------------–---–ის და მ-------------–---–ის შესაგებელი (ს.ფ. 156-166);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.04.2018წ. გადაწყვეტილება (საქმე №2/12361-17) (ს.ფ. 19-27);

- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 28).

 

3.1.3. 2019 წლის 11 იანვარს მოსარჩელე ბ-------------–---–მა განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს, წარადგინა სააღსრულებო ფურცელი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად და მოითხოვა უძრავი ნივთის, მდებარე - ქ. თბილისი, ვ---------–---, მე-2 მ/რ, კორპუსი №31, ბინა №1 (ს/კ: №0----------------------) ი-----–------------–---–ის და მ-------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, რისთვისაც ბ-------------–---–მა გადაიხადა 214.30 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბ-------------–---–ის განცხადება და თანხის გადახდის ქვითარი (ს.ფ. 126-128);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (05.03.2020წ. სხდომის ოქმი 15:18:13 სთ)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. გათბობის სისტემის შემადგენელი ნაწილი „გათბობის ქვაბი„ ი-----–------------–---–ის მიერაა შეძენილი და არ წარმოადგენს ბ-------------–---–ის საკუთრებას..

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საგარანტიო ტალონი (ს.ფ. 83)

 

აღნიშნული საგარანტიო ტალონის მიხედვით ნასყიდობის საგანს წარმოადგენს ქვაბი, გამყიდველი შპს „საგა“, მყიდველი ი-----–------------–---–ი, მყიდველის მისამართი - ქ. თბილისი, ვ---------–---, მე-2 მკ/რ, კორპუსი №31, ბინა №1.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე, 151-ე,164-ე, 170-ე, 172-ე, 316-ე, 317-ე, 979-ე, 982-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე, 131-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის, უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, რაც გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებულია პირის მიერ თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივსადები ინეტერესები გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს საკუთრებაში აქვს რა უძრავი ნივთი, მას, როგორც მესაკუთრეს 2017 წლის 04 იანვრიდან 2019 წლის 04 ნოემბრის ჩათვლით შეეზღუდა საკუთრების უფლება მოპასუხეების მხრიდან მისი ნივთის უკანონო ფლობით, რის გამოც მან მიიღო ზიანი ბინის გაქირავების შედეგად მისაღები შემოსავლის მიუღებლობით. მოსარჩელემ ასევე სადავო გახადა მოპასუხე მხარის მიერ მისი კუთვნილი გათბობის სისტემის ქვაბის წაღება და მიუთითა, რომ მან საცხოვრებელი ბინა შეიძინა გათბობის ქვაბთან ერთად, აღნიშნული ნივთი არის მთავარი ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად, მან მიიღო ზიანი 1500 ლარის (ქვაბის ღირებულება) ოდენობით, რასაც მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა უსაფუძვლობის გამო.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს და დაიცვას საკუთარი ინტერესები ნებისმიერი ხელყოფისაგან ხოლო მოპასუხემ ხელყო თუ არა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, უნდა დადგინდეს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით. ფაქტობრივად, საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას და მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებად, შესაბამისად, საბოლოოდ რეალურად არსებული ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად საჭიროა მხარეებმა საკუთარი არგუმენტები გაამყარონ შესაბამისი მტკიცებულებებით, მხარეთა არგუმენტების დამტკიცება კი შესაძლებელია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზით.

 

განსახილველ შემთხვევაში, პირველ რიგში დასადგენია რა სახის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა მხარეთა შორის, უფლებამოსილია თუ არა კრედიტორი მოსთხოვოს მოვალეს ვალდებულების შესრულება და ეკისრება თუ არა მოვალეს რაიმე სახის ვალდებულების შესრულება კრედიტორის წინაშე.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალიწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ მხარეთა შორის არსებული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა არ გამომდინარეობს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ უძრავი ნივთის მესაკუთრე მოსარჩელე ბ-------------–---–ია და მას გარკვეული დროის განმავლობაში შეეზღუდა საკუთრების უფლება მოპასუხეთა არამართლზომიერი მოქმედებით, რის გამოც, როგორც მოსარჩელე მიუთითებს, მას მიადგა ზიანი, კერძოდ, კუთვნილი საცხოვრებელი ბინის მფლობელობაში დასაბრუნებლად მან გასწია ხარჯი 214.30 ლარის ოდენობით, ბინა დახვდა გაძარცვული (წაიღეს 1500 ლარის ღირებულების გათბობის ქვაბი) და ასევე ვერ მიიღო შემოსავლი, რასაც მის საკუთრებაში არსებული ქონების გამოყენების, ანუ გაქირავების შემთხვევაში ქირის სახით მიიღებდა სარგებელს, თვეში 500 ლარის ოდენობით, შესაბამისად, 34 თვის განმავლობაში 17 000 ლარს, რისი დაზოგვითაც, მოპასუხეები უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ.

 

6.5. მოსარჩელის მიერ გაწეული სააღსრულებო წარმოების ხარჯთან დაკავშირებით მოპასუხემ სარჩელი ცნო, შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მან სააღსრულებო წარმოებისათვის გასწია ხარჯი დაადასტურა თავად მოპასუხე მხარემ, რაც მოთხოვნის ან ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

 

6.6. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას საკუთრების უფლების შეზღუდვით მისთვის მიყენებული ზიანის შესახებ, სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება, ხოლო 164-ე მუხლის თანახმად, არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს როგორც ნივთი, ასევე მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი. მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ნაყოფი, რომელიც მან ბრალეულად არ მიიღო.

 

განსახილველ შემთხვევაში დადასტურებული ფაქტია, რომ მოპასუხეები არამართლზომიერად ფლობდნენ მოსარჩელის საკუთრებას და მესაკუთრე ითხოვს მოსარჩელეთა არამართლზომიერი ფლობით მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას - სამართლებრივ საფუძვლად კი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე, 982-ე და 992-ე მუხლებზე.

 

6.7. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

6.8. როგორც უკვე აღინიშნა განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის რაიმე ფორმით სახელშეკრულებო ურთიერთობა არ არის ჩამოყალიბებული და მოსარჩელის მოთხოვნა უკავშირდება მოპასუხეთა მიერ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მფლობელობას, შესაბამისად, სადავო შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს ხელყოფის კონდიქციის სპეციალური წესი, რომელიც მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლით, კერძოდ, განსახილველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

 

განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ განსახილველი ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიუთითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ამ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინის უკანონო მფლობელობის გამო, ამ უკანასკნელმა დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა, მას უფლებას აძლევს, ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან. აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გათანაბრების ოდენობის განსაზღვრის საკითხი.

 

6.9. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ მხრივ საყურადღებოა შესრულების კონდიქციის რეგულირების მექანიზმი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. იმის გათვალისწინებით, რომ „შესრულების დაბრუნება“ (მოპასუხის მიერ უკანონო სარგებლობით მიღებული სიკეთე) შეუძლებელია, ზემოთ მითითებული ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლების მქონე პირმა (ბ-------------–---–მა) შეიძლება, გამოიყენოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა, რაც შეიძლება დადგინდეს მსგავსი ბინის ქირის ოდენობით. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბ-------------–---–ის ქონება საკუთრებაში აქვს 2017 წლის 03 იანვრიდან, რომელსაც არამართლზომიერად ფლობდნენ მოპასუხეები 2017 წლის 2019 წლის ნოემბრამდე, შესაბამისად, დაირღვა უძრავი ნივთის მესაკუთრის უფლება ესარგებლა საკუთარი ქონებით, მაგალითად, გაესხვისებინა ან გაექირავებინა აღნიშნული საცხოვრებელი ბინა და მიეღო სარგებელი. მოცემულ შემთხვევაში ის ფაქტი, რომ ბ-------------–---–ი 2017 წლის 03 იანვრიდან უძრავი ნივთის მესაკუთრეა და მას საკუთრების უფლება შეეზღუდა სადავო არ არის, სადავოა მესაკუთრის მიერ ქონებით თავისუფლად სარგებლობის შემთხვევაში მისაღები სარგებელი და მისი ოდენობა.

 

9.11. განსახილველ შემთხვეაში, ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობის განსაზღვრისას ბ-------------–---–ი ეყრდნობა მხოლოდ ახსნა-განმარტებას, კერძოდ, მისი შეფასებით თბილისში, ვ---------–---, მე-2 მკ/რ, კორპ.31, ბინა №1-ში მდებარე 16.70 კვ.მ ფართის უძრავი ქონების გაქირავების შემთხვევაში სავარაუდო შემოსავალი განსაზღვრულია 17 000 ლარით, შესაბამისად, ერთი თვის საიჯარო ქირად მითითებული აქვს 500 ლარი.

 

9.12. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლო ხელმძღვანელობს რა მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად და ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება მათ მიერ სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებულია სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. აღსანიშნავია, რომ მართლმსაჯულების მიზანია მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზი, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლა, შედეგად კი ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).

 

ზემოთ აღნიშნული ნორმების ანალიზის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ-------------–---–ს თავად უნდა წარმოუდგინა მტკიცებულება მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაქირავების შემთხვევაში ყოველთვიური თანხის ოდენობის განსასაზღვრად და დასასაბუთებლად, რაც მას არ განუხორციელებია, შესაბამისად, სასამართლო ზიანის დასადგენად ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მის ახსნა-განმარტებას. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მას არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ იგი შეეცადა ბინის გაქირავებას და ვერ გააქირავა, ან მიმართა მოპასუხეებს ქირის გადახდის მოთხოვნით.

 

9.13. სასამართლო სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე და 102-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე მითითებით განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეთა მიერ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოსარჩელის ქონების ფლობის გამო, საკუთრების განკარგვის შეუძლებლობით მიყენებულ ზიანს და სწორედ მის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა მოპასუხეთა მიერ, მისი საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის ფაქტის დადასტურება. ამდენად, მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოება რომ მოსარჩელე სადავო საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეს წარმოადგენს, ცხადია ვერ გახდება მოსარჩელის მტკიცების ტვირთის რეალიზების საფუძველი.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სარწმუნო მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარუდგენლობით, ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, რომელიც სარჩელით მოთხოვნილი მიყენებული ზიანის ოდენობას სრულად დაადასტურებდა.

 

9.14. რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას მოპასუხეთა მხრიდან მისი კუთვნილი ბინიდან გათბობის სისტემის, ე.წ. „ქვაბის“ მოხსნით მისთვის 1500 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების შესახებ, სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს, ვინაიდან შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, თავად იყო ვალდებული წარმოედგინა მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ნივთი (კონკრეტული მახასიათებლებით) მის საკუთრებას წარმოადგენდა და ეს ნივთი უკანონოდ მიითვისეს მოპასუხეებმა.

 

9.15. სასამართლო განმარტავს, რომ ჩვეულებრივი სასარჩელო წესით დელიქტის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ სარჩელის განხილვის დროს, მხარეები სსსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად სასამართლოს წარუდგენენ, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების, ასევე ზიანის ფაქტის, მიზეზობრივი კავშირისა და ზიანის ოდენობის ამსახველ მტკიცებულებებს, ხოლო სასამართლო წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად აფასებს. ამდენად, როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაშიც მოსარჩელე მხარეს თავად უნდა წარმოედგინა მტკიცებულება კონკრეტული ნივთის, არა მარტო მის საკუთრებაში არსებობის, არამედ ამ ნივთის ფასის დასასაბუთებლად, თუმცა მოსარჩელემ მხოლოდ ზეპირად მიუთითა გათბობის სისტემის, „ე.წ. „ქვაბის“ (კონკრეტული ინტივიდუალური ნიშნების გარეშე) ფასსა და კუთვნილებაზე, რაც დაასაბუთა იმით, რომ მან უძრავი ნივთი (საცხოვრებელი ბინა) შეიძინა მის არსებით შემადგენელ ნაწილთან (ე.წ. „ქვაბთან“) ერთად. აღნიშნული ზეპირი განმარტების საწინააღმდეგოდ მოპასუხე ი-----–------------–---–მა კი წარმოადგინა საგარანტიო ტალონი, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გათბობის ქვაბი ჯერ კიდევ 2015 წელს შეძენილია თავად ი-----–------------–---–ის მიერ. რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას გათბობის ქვაბის უძრავი ნივთის არსებითი შემადგენელ ნაწილად მიჩნევასთან დაკავშირებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მთლიანი ნივთის შემადგენელი ნაწილია ნივთი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (სკ 150-ე მუხლი) მოცემულ შემთხვევაში კი, გარდა იმისა, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა მთლიანი ნივთის განადგურების თუ მისი დანიშნულების მოსპობის ფაქტი, „გათბობის ქვაბი“ განკუთვნილია საცხოვრებელი ბინის (მთავარი ნივთის) სამსახურისთვის და შესაძლებელია მივიჩნიოთ მხოლოდ მის საკუთვნებლად (სკ 151-ე მუხლი).

 

ამდენად, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა მოპასუხეთა მხრიდან მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, შესაბამისად, მისი მოთხოვნა ზიანის, კერძოდ, მიუღებელი ქირის (რომელიც მოთხოვნის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს წარმოადგენს) ანაზღაურების შესახებ, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, მისი სარჩელი მხოლოდ 214.30 ლარის ნაწილში დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში მოპასუხემ ცნო სარჩელი, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად, მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი არ არსებობს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინებით ბ-------------–---–ის იმ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, რომლის მოთხოვნასაც წარმოადგენდა მიუღებელი ბინის ქირისა და კუთვნილი გათბობის სისტემის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მოპასუხე ი-----–------------–---–ს აეკრძალა მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, მ----------------–ი, ზ-------–-----, I-------------------------------------------, საკადასტრო კოდი: 0----------------------. გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა და დაკმაყოფილდა მხოლოდ დაზუსტებული სარჩელის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფილი არ ყოფილა, 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ბ-------------–---–ის სარჩელი ი-----–------------–---–ის და მ-------------–---–ის მიმართ, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეებს: ი-----–------------–---–ს და მ-------------–---–ს მოსარჩელე ბ-------------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 214.30 ლარის გადახდა.

 

3. მოსარჩელე ბ-------------–---–ის სარჩელი ბინით სარგებლობისას დაზოგილი თანხისა და გათბობის სისტემის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინებით (საქმე №2/31482-19) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ი-----–------------–---–ისათვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, მ----------------–ი, ზ-------–-----, I--------------------------------, საკადასტრო კოდი: 0----------------------. გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის თაობაზე, გაუქმდეს.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი