განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 3ბ/1176-16
საქმე № 330310015001081187
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი: თამარ ბლიაძე
აპელანტი (კერძო საჩივრების ავტორი) - ი-----–- უ-–------–-–---–ი
წარმომადგენელი - ი-------------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
წარმომადგენელი: ა-–-------------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება, 2016 წლის 07 მარტის დამატებითი გადაწყვეტილება, 2016 წლის 06 ივნისის განჩინება, 2016 წლის 15 აგვისტოს განჩინება, ზეპირი მოსმენის სხვა დროისთვის გადადების შესახებ განჩინებები, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოსაცხადებლად სასამართლოს სხდომის სხვა დროისთვის გადადების თაობაზე
1.1. აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება და სააპელაციო პალატაში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სრულად დაკმაყოფილდეს სარჩელი;
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 მარტის დამატებითი გადაწყვეტილება და სააპელაციო პალატაში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სრულად დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა;
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის განჩინება 2016 წლის 7 მარტის დამატებითი გადაწყვეტილებაში არსებული უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ;
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის საოქმო განჩინებები (საოქმო ჩანაწერები) საქმის ზეპირი მოსმენით სხვა დროისათვის გადადების თაობაზე;
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის საოქმო განჩინება (საოქმო ჩანაწერი) საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოსაცხადებლად სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე;
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის შესახებ;
საქმის სააპელაციო განხილვის ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისროს სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების ანაზღაურება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ი-----–- უ-–------–-–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ი-----–- უ-–------–-–---–ის სხვა თანამდებობაზე გადაყვანისა და დანიშვნის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1 ივლისის №MCLA9---------- ბრძანება და ი-----–- უ-–------–-–---–ისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №MCLA2---------- ბრძანება და მოპასუხეს დაევალა, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მოსარჩელის მიმართ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. ი-----–- უ-–------–-–---–ი სასჯელაღსრულების დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე 2007 წლიდან მსახურობდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 26 თებერვლის ბრძანებით იგი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სამართლებრივი რეჟიმის სამმართველოს კ-----–------------------------- განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
2.2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაციიდან გამომდინარე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 26 ივნისის წერილით ი-----–- უ-–------–-–---–ს სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს N--------------–--- მებრძოლის თანამდებობაზე გადაყვანა შეეთავაზა იმაზე მითითებით, რომ შეთავაზებაზე 2015 წლის 29 ივნისის ჩათვლის თანხმობის განუცხადებლობის შემთხვევაში ი-----–- უ-–------–-–---–ი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდებოდა.
2.3. ი-----–- უ-–------–-–---–მა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 26 ივნისის შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადა, რის საფუძველზეც იგი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1 ივლისის №MCLA9---------- ბრძანებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს N--------------–--- მებრძოლის თანამდებობაზე დაინიშნა.
2.4. ი-----–- უ-–------–-–---–ს სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს N--------------–--- მებრძოლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ დასახელებული სამმართველოს უფროსის მოადგილე გ-----------------მა სატელეფონო შეტყობინებით 2015 წლის 2 ივლისს აცნობა და მას სამსახურში გამოცხადება მოსთხოვა.
მოთხოვნის შესაბამისად, ი-----–- უ-–------–-–---–ი სამსახურში 2015 წლის 2 ივლისს გამოცხადა, რის შემდეგაც მას განემარტა შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკა, უფლება-მოვალეობები და ფიზიკურ მომზადებაში ნორმატივების ჩაბარების წესი. განმარტების მიხედვით, ი-----–- უ-–------–-–---–ს ნორმატივების ჩასაბარებლად სირბილში 3200 მ დისტანცია სრული საბრძოლო აღჭურვილობით 15 წთ-ში უნდა დაეფარა, ასევე, შეესრულებინა სხვა დავალებები.
2.5. სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს N--------------–--- მებრძოლის თანამდებობისათვის განსაზღვრული ნორმატივების ჩაბარებაზე ი-----–- უ-–------–-–---–მა უარი განაცხადა იმაზე მითითებით, რომ ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე არ გააჩნდა შესაბამისი შესაძლებლობა.
2.6. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2015 წლის 1 აგვისტოს დასკვნის მიხედვით, ი-----–- უ-–------–-–---–მა უარი განაცხადა სამსახურში სიარულზე, ნორმატივების ჩაბარებაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე, რაც მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია „პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტი „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
2.7. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №MCLA2---------- ბრძანებით ი-----–- უ-–------–-–---–ი გათავისუფლდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს N--------------–--- მებრძოლის თანამდებობიდან გენერალური ინსპექციის 2015 წლის 1 აგვისტოს დასკვნის საფუძველზე „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემობის - დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.8. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ბრძანებები წარმოადგენენ რა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებითაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე წყვეტს მოსარჩელის შრომითი უფლებიდან გამომდინარე საკითხებს, მათი კანონიერების დასადგენად უნდა იქნეს შეფასებული შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
2.9. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).
ადმინისტრაციული წარმოების ვალდებულების შესრულება ემსახურება ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა აქტი ი-----–- უ-–------–-–---–ის სხვა თანამდებობაზე გადაყვანისა და დანიშვნის შესახებ, რომ არ გამოუკვლევია, თუ რამდენად გააჩნდა დასახელებულ პირს შესაძლებლობა, შეესრულებინა ამ თანამდებობისათვის განსაზღვრული ფუნქციები და დაეკმაყოფილებინა ნორმატივები. საქმის მასალებიდან არ ირკვევა, რომ ი-----–- უ-–------–-–---–ისათვის ახალი თანამდებობის შეთავაზება განხორციელდა მის სამუშაო გამოცდილებასთან, კვალიფიკაციასთან, უნარებთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე. ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ასევე უგულებელყოფს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის ,,ე” პუნქტით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის პრინციპებს.
აღსანიშნავია, რომ თანამდებობის შეთავაზებისას ი-----–- უ-–------–-–---–ს არ განემარტა, თუ რა მოეთხოვებოდა ახალ თანამდებობაზე საქმიანობისათვის. შესაბამისად, ი-----–- უ-–------–-–---–ის თანხმობაც, დაეკავებინა ახალი თანამდებობა, ვერ მიიჩნევა ნების იმგვარ გამოვლენად, რაც კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიმართ გააზრებული პოზიციის გამოხატვას გულისხმობს. მსგავსი სახით ნების გამოვლენა კი არ შეიძლებოდა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამათლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი გამხდარიყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო აქტი გამოცემულია კანონმდებლობის დანაწესების უგულებელყოფით, საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე და ამგვარად ზღუდავს მოსარჩელის უფლებას, რამეთუ მოხელის გადანიშვნა მისი შესაძლებლობებისათვის შეუსაბამო თანამდებობაზე ქმნის დაბრკოლებას შრომითი უფლების რეალიზებისათვის, საბოლოოდ კი - ამ უფლების შეწყვეტის წინაპირობებს, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაში მოხდა. ამდენად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1 ივლისის №MCLA9---------- ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და მოპასუხეს უნდა დაევალოს, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ი-----–- უ-–------–-–---–ის მიმართ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
2.10. ი-----–- უ-–------–-–---–ის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს N--------------–--- მებრძოლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1 ივლისის №MCLA9---------- ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში საფუძველი ეცლება დასახელებულ თანამდებობაზე ი-----–- უ-–------–-–---–ის ყოფნას. შესაბამისად, პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს N--------------–--- მებრძოლის თანამდებობიდან დათხოვნის თაობაზე ბრძანებაც, როგორც უსაფუძვლო აქტი და კანონის დარღვევით გამოცემული აქტის თანმდევი შედეგი, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად.
2.11. მოსარჩელის მოთხოვნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის კ-----–------------------------- განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოხელე აღდგენილ უნდა იქნეს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის გათავისუფლებულ იქნა.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი გარემოებების მიხედვით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1 ივლისის №MCLA9---------- ბრძანებით მოსარჩელე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სამართლებრივი რეჟიმის სამმართველოს კ-----–------------------------- განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობიდან იქნა გადაყვანილი ახალ თანამდებობაზე. პატიმრობის კოდექსის 1251-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 2015 წლის 1 ივლისს ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და ამის გათვალისწინებით რეორგანიზებულ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაციის გამო 2015 წლის 1 ივლისიდან აღარ არსებობს ის თანამდებობაც, რომლიდანაც მოსარჩელე სადავო ბრძანებით გათავისუფლდა.
აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მოთხოვნაში დასახელებული თანამდებობაც არ წარმოდგენს იმ თანამდებობას, საიდანაც მოსარჩელე სადავო ბრძანებით გათავისუფლდა, არამედ იგი რეორგანიზებულ სამინისტროში შექმნილი ახალი თანამდებობაა. ახალ თანამდებობაზე დანიშვნა ვერ იქნება განხილული თანამდებობაზე აღდგენად. სამინისტროში რეორგანიზაციის შემდეგ არსებული თანამდებობებიდან მოსარჩელისათვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტში დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოპასუხის დისკრეციაა, რომელიც მას პატიმრობის კოდექსის 1252-ე მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებათა ყოვემხრივ გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიეღო. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა რიგი ვალდებულებების დარღვევით, რაც შესაბამისი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი გახდა (პუნქტი 6.1.1).
2.12. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 127-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება ამ მოხელეს აღადგენს სამსახურში.
თანამდებობაზე აღდგენის შესახებ მოთხოვნის დაუსაბუთებლობა (პუნქტი 6.2) განაცდურის მოთხოვნის უსაფუძვლობას განაპირობებს, თუმცა არნიშნული არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, მიიღოს უკანონო აქტის გამოცემით მიყენებული ზიანი. განაცდურის ანაზღაურებაც თავისი არსით ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს და ამგვარი მოთხოვნის არსებობის პირობებში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ექმნება ვალდებულება, ახალი აქტის გამოცემის პროცესში იმსჯელოს მოსარჩელის შესაბამის უფლებაზეც.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; ე) (ამოღებულია); ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ბ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტიელბის აღსრულება შეუძლებელი გახდება (აღნიშნული პუნქტი შეჩერებულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე).
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ი-----–- უ-–------–-–---–ის სარჩელზე სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიეკუთვნება დასახელებული ნორმით განსაზღვრულ, დაუყოვნებლივ აღსასრულებელ გადაწყვეტილებათა კატეგორიას, რის გამოც მისი დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოთხოვნა არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.
3.1. ი-----–- უ-–------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება და გასაჩივრებული (საოქმო) განჩინებები (საოქმო ჩანაწერები) უნდა გაუქმდეს, სააპელაციო პალატის მიერ საქმეზე სარჩელისა და შუამდგომლობების სრულად დაკმაყოფილებით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სააპელაციო პრეტენზია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სასარჩელო მოთხოვნებზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-‑4 ნაწილის გამოყენებით სასამართლო გადაწყვეტილების მიღების თაობაზე:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-‑4 ნაწილის თანახმად, „თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი“.
მნიშვნელოვანი, რომ დადგინდეს ხსენებული ნორმის გამოსაყენებლად სათანადო აუცილებლობა და შესაბამისი წინაპირობები. აპელანტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-‑4 ნაწილის გამოყენება სასამართლოს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და ეს გარემოებები იმდენად არსებითი მნიშვნელობისაა, რომ მათი შემოწმება და შეფასება სასამართლოსათვის შეუძლებელია (სუს 22.07.2010წ. გადაწყვეტილება Nბს-534-514(კ-10) საქმეზე).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-‑ე მუხლის მე-‑4 ნაწილით რეგლამენტირებული საპროცესო ნორმის გამოყენებისას სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არის მისთვის შეუძლებელი საქმის გარემოებების გამოკვლევა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტა, ასევე – ის გარემოება, რომ რატომ არის მოკლებული სასამართლო შესაძლებლობას, გამოიკვლიოს და სათანადოდ შეაფასოს საქმის გარემოებები (იხ. იგივე გადაწყვეტილება).
გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ იყო აუცილებელი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32‑ე მუხლის მე‑4 ნაწილის ნორმის გამოყენება და რატომ იყო სასამართლოსათვის შეუძლებელი, თვითონ გამოეკვლია საქმის გარემოებები და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტით, საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილება მიეღო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენებით ფაქტობრივად, სასამართლო არ შედის დავის არსებითად გადაწვეტის პროცესში, ღიად ტოვებს სასარჩელო მოთხოვნას და არ მსჯელობს მის საფუძვლიანობაზე (სუს 13.04.2011წ. გადაწყვეტილება Nბს-1547-1508(კ-10) საქმეზე).
იმ ვითარებაში, როდესაც ამოწურულია დავის ადმინისტრაციულ ორგანოში განხილვის ყველა ეტაპი, ამასთან საკითხი ადმინისტრაციულ ორგანოში განხილულია არსებითად, იმავე ორგანოში საქმის დაბრუნება საკითხის ხელახალი განხილვისათვის მოკლებულია შესაძლო რეალურ და ეფექტურ შედეგს, პირის უფლებებში აღსადგენად ხსენებული გარემოებები გულისხმობს სწორედ სასამართლოს ვალდებულებას, ასეთ პირობებში თავად იმსჯელოს სარჩელზე და მოტივირებული გადაწყვეტილებით უარყოს ან დაადასტუროს სარჩელის საფუძვლიანობა (სუს 13.04.2011წ. გადაწყვეტილება Nბს-1547-1508(კ-10) საქმეზე).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით საკითხის გადაწყვეტამ ფაქტობრივად არ უნდა გააუარესოს მხარის სამართლებრივი მდგომარეობა, რაც არსებითად ეწინააღმდეგება სამართალწარმოების პრინციპებს (იხ. იგივე გადაწყვეტილება).
გასაჩივრებეული გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს არ უმსჯელია და დაუსაბუთებია თუ რომელი გარემოებებზე მსჯელობით უნდა მივიდეს მოპასუხე ახალი აქტის გამოცემის დროს, ან რა არის ის ფარგლები, რომელთა არეალშიც ევალება მსჯელობა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, რა საკითხებია გამოსარკვევი მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელია ის გარემოებები ან მტკიცებულებები, რომელთა გაანალიზებაც უნდა განახორციელოს მოპასუხემ სასამართლო გადაწყვეტილებით დავალებული ახალი აქტის გამოცემის პროცესში. ამასთან, რატომ იყო ასეთის განხორციელბა შეუძლებელი თავად საქმის განმხილველი მოსამართლის მხრიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი სასამართლოს მიერ ისე არ უნდა იყოს გამოყენებული სასამართლო გადაწყვეტილებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ნებისმიერი საკითხის კვლევა შეეძლოს მოსარჩელის მიმართ. ასეთმა გადაწყვეტილება მკაფიოდ უნდა დაადგინოს ის ფარგლები, რომელთა გამოკვლევაც უნდა დაევალოს მოპასუხეს და ამასთანავე სასამართლომ უნდა განავითაროს მსჯელობა თუ რატომ ვერ შესძლო სწორედ ამ საკითხების გამორკვევა და საქმის არსებითად გადაწყვეტა მართლმსაჯულებამ.
ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძვლით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს შეუძლია თუ არა კვლავ იგივე გადაწყვეტილების მიღება მოწინააღმდგე ადმინისტრაციულ ორგანოს თუ არა იგივე ვითარებაში (მაგალითად, ახალი წარმოების პირობებში უნდა გამოირიცხოს თუ არა ყველაზე მკაცრი დისციპლინური სახდელისა და ზომის შეფარდება და რომ მაგალითად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს სხვა, რომელიმე ისეთი პროპორციული დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხზე, რომელიც არ დაუკავშირდება პირის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენებით მიღებული გადაწყვეტილება მისი აღსრულებისას საფრთხისშემცველი არ უნდა იყოს, ის არ უნდა ხსნიდეს გზას ახალი თვითნებობისათვის, მისით მოქმედების მკაფიო საზღვრები უნდა დგინდებოდეს და თავად ადმინისტრაციულ ორგანოსაც უნდა შეეძლოს მისი სამომავლო ქცევის რეგულირების შესაძლებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძვლით მიღებული გადაწყვეტილება ის გამონაკლისი შემთხვევაა, რომ ასეთი გადაწყვეტილების აღსრულების საშუალება არის არა სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, არამედ სწორედ მისი სამოტივაციო ნაწილი და მისით დადგენილი მკაფიო საზღვრები, ურომლისოდაც მიღებული გადაწყვეტილება ვერ უპასუხებს თავად 32.4 მუხლის რეალურ მიზნებს.
ასკ 32.4 მუხლის საფუძვლით არსებული სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთების პირობებში სასამართლომ ზუსტად უნდა უკარნახოს ადმინისტრაციულ ორგანოს ის გზა, რომელიც უნდა განვლოს მან და მივიდეს საკითხის სამართლებრივად სწორად გადაწყვეტამდე. ასეთი მსჯელობისას ასევე უნდა აუხსნას სასამართლომ თუ რა გარემოებები ვერ გამოიკვლია მან 32.4 მუხლის გამოყენებით ბათილად ცნობილი ადმინისტრაციული აქტის მიღებისას.
სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის ცხადად და მკაფიოდ დასაბუთებას ალტერნატივა არა აქვს.
უდავოა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ არ დაასაბუთა: ა)მოპასუხემ არსებითი მნიშვნელობის მქონე ისეთი რა გარემოებები ვერ გამოიკვლია სადავო აქტის მიღებისას, რომ მათი შემოწმება და შეფასება სასამართლოსათვის შეუძლებელი აღმოჩნდა ბ) რატომ იყო მოკლებული სასამართლო შესაძლებლობას, არსებითად გამოეკვლია და სათანადოდ შეეფასებინა საქმის გარემოებები გ) რა გარემოებები აჩვენებდა იმას, რომ დავის ადმინისტრაციულ ორგანოში განხილვის ყველა ეტაპი ამოწურული არ იყო დ) რომელი გარემოებებზე მსჯელობით უნდა მივიდეს მოპასუხე ახალი აქტის გამოცემის დროს, რა არის ის ფარგლები, რომელთა არეალშიც ევალება მსჯელობა მოპასუხეს ე) ხომ არ გააუარესებდა ასკ 32.4 მუხლის გამოყენება მოსარჩელის გადაუდებელ სამართლებრივ მდგომარეობას.
იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ სამართლის ნორმით აკრძალულ ქმედებას ადგილი არ ჰქონია და ამასთან, სასამართლოს პროცესუალურად შეუძლია მოხელე პირდაპირ აღადგინოს სამსახურში - დაუსაბუთებელია თუ რატომ ითქვა უარი დასაქმებული პირის სასამართლო გადაწყვეტილების მეშვეობით სამსახურში პირდაპირ აღდგენაზე.
აპელანტმა აღნიშნა, რომ სასამართლოების მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენებას უმეტესწილად სხვა მიზნები უდევს ხოლმე. კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს სურს ანგარიში გაუწიოს არასახარბიელო და სრულად წამგებიან სამართლებრივ მდგომარეობაში მყოფ საჯარო დაწესებულებას, ყველაზე მტკივნეული გადაწყვეტილების მიღების ნაცვლად, სასამართლო არჩევს მიიღოს შეძლებისდაგვარად შუალედური გადაწყვეტილება და ამისათვის ნამდვილად საპროცესო მიგნებაა ხსენებული მუხლი, რომლითაც თეორიულად ხდება სადავო აქტის გაბათილება, მაგრამ ვერ ხერხდება პირის ხელყოფილ უფლებებში პრაქტიკული და ქმედითი აღდგენა. შედეგად, ხელშეხებული მხარე ისევ ხელმყოფის ხელში ვარდება, ადმინისტრაციული ორგანო ისევ იმ გაუკუღმართებული ადმინისტრაციული წარმოებით ჯიჯგნის ისედაც ხელშეხებულ პირს და გადაუდებელი კანონიერი ინტერესის აღდგენის ნაცვლად, პირი უფრო გრძელვადიანად უმძიმეს სამართლებრივ მდგომარეობაში ვარდება, ადმინისტრაციული ორგანოც გადაწყვეტილების აღსრულებას არქმევს იგივე დარღვევებით, ისევ ანალოგიური შინაარსის მქონე აქტის მიღებას და მოსარჩელეს მეორე წრეზე უწევს ახლიდან სიარული მართლმსაჯულების ორგანოში. ხსენებულს მოწმობს საქართველოს სახელმწიფოს თანამედროვე რეალობაში ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის პრაქტიკა 32.4 მუხლის აღსრულების თაობაზე. ამ ფონზე ადამიანის უფლებები აბუჩად აგდებულად გამოიყურება 32.4 მუხლის იმ სიტყვების მნიშვნელობა რაც მითითებულია იმავე ნაწილის მე-2 წინადადებაში, რომლის თანახმად, „სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი“.
ასეთ პირობებში სასამართლო ხელს უწყობს ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე პირის დარღვეულ უფლებებში ყოფნას და იმავდროულად პრაქტიკულად არ აძლევს სამართლით დაცული სიკეთეებით რეალურად სარგებლობის საშუალებას დავის ინიციატორს.
მართლმსაჯულების სიკეთე არა პირის უფლებების დარღვევის თეორიული აღიარება-დადასტურებაა, არამედ - პრაქტიკული შედეგების მოტანა მოდავე პირისათვის, რაც არ ძალუძს დაუსაბუთებლად მიღებულ სასამართლო აქტს, რომელსაც ასევე დაუსაბუთებლად საფუძვლად უდევს ასკ 32.4 მუხლის გამოყენება.
საზოგადოდ, მართლმსაჯულება არ ცხოვრობს სახელმწიფოს ინსტიტუტების ტრადიციული და რეალური პრაქტიკისათვის თვალის მიდევნების გარეშე, რაც ყოველთვის მხედველობაში უნდა იყოს მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას. ასეთ პირობებში ასკ 32.4 მუხლის დაუსაბუთებელი გამოყენება ნოყიერ ნიადაგს უქმნის საჯარო დაწესებულებას თავაშვებული თვითნებობისათვის. საამისოდ კი სასამართლო წამახალისებელ სუბიექტად გვევლინება და ორივე სუბიექტი - სასამართლოც და ადმინისტრაციული ორგანოც ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე პირის უფლებების ხელმყოფ სუბიექტებად გვევლინებიან. ასეთ პირობებში სასამართლო აქტის არანაირ დასაბუთებას სარგებელი აღარ აქვს, თუ პირის რეალური სამართლებრივი მდგომარეობა პრაქტიკულად აღუდგენელი რჩება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, „გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. ასეთზე მსჯელობას არ შეიცვს გასაჩივრებეული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, მისით არც უდავო და არც სადავო ფაქტობრივი გარემოებებია სათანადოდ დადგენილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, „გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“, ურომლისოდაც, სათანადო დასაბუთებული სამართლებრივი შეფასების გარეშე მიღებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1 და 2 მუხლის თანახმად, „სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით“ (უნივერსალური მითითებითი დათქმა).
თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის გათვალისწინებით, „სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა გ) არასწორად განმარტა კანონი“.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 და 33-ე მუხლების სახით გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და ამასთან, მისი ნამდვილი მნიშვნელობის უგულვებელყოფით არასწორად განმარტა ის, და დასაქმებული პირის სამსახურში, სასამართლო გადაწყვეტილების ძალით პირდაპირ აღმდგენი ნორმების სახით არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385.2 მუხლის თანახმად, „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი“. 386-ე მუხლის თანახმად, „თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე“.
როგორც აღინიშნა, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. საამისოდ კი სააპელაციო სასამართლოს გააჩნია ყველა ის საპროცესო მექანიზმი, რაც აუცილებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ყოველმხრივი შემოწმებისა და საქმის სრულყოფილი, კომპლექსური განხილვისათვის. მართალია, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს პირველი ინსტანციის სასამართლოს, თუმცა მას ასევე შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი, ანუ არსებითად განიხილოს საქმე და მიიღოს მასზე გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება, თვითონ, პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის დაბრუნების გარეშე, გადაწყვიტოს საქმე, ემყარება საპროცესო ეკონომიის პრინციპს.
კეთილსინდისიერი მნიშვნელობით, სააპელაციო სასამართლო იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი დაუბრუნოს საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, როდესაც მას თვითონ არ შეუძლია სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები ან როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ სააპელაციო სასამართლო ვერ შეამოწმებს მას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ ობიექტურად უნდა არსებობდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის უკან გადაგზავნის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი (სუს 31.03.2011წ. გადაწყვეტილება N1376-1340(კ-10).
იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე წარმოშობილია სამართლებრივი საპროცესო ნორმის სწორი განმარტების აუცილებლობა, რაც ასევე ძალუძს სააპელაციო პალატას, აპელანტი ითხოვს საქმის ქვედა ინსტანციის სასამართლოში გადაგზავნის გარეშე სააპელაციო საჩივრისა და სარჩელის დაკმაყოფიელბის შედეგად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო პალატამ არსებითად გადაწყვიტოს მოცემული საქმე.
2. სააპელაციო პრეტენზია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 მარტის „დამატებით გადაწყვეტილების“ გაუქმებაზე, აღნიშნულ დამატებით გადაწყვეტილებსთან დაკავშირებით უსწორობის გასწორების მოთხოვნით წარდგენილი შუამდგომლობის უარყოფის შესახებ მიღებული განჩინებისა და სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯებზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით:
ა) მოცემულ საქმეზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2016 წლის 22 თებერვალს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ 2016 წლის 29 თებერვალს წარდგენილი შუამდგომლობის შედეგად, ეროვნული სასამართლოს პირველმა ინსტანციამ 2016 წლის 7 მარტის დამატებითი გადაწყვეტილების მიღებით უარი განაცხადა სასამართლო და სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე დამატებითი გადაწყვეტილების მისაღებად, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულის სასარგებლოდ სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის გაწევის შესახებ რაიმე მეტკიცებულება.
მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო და სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე წარდგენილი შუამდგომლობის უარყოფა განხორციელდა საპროცესო აქტის - დამატებითი გადაწყვეტილების მიღების გზით, ამასთან მისივე სარეზოლუციო ნაწილით განიმარტა, რომ ის საჩივრდებოდა 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის წარდგენის მეშვეობით.
აპელანტი მიიჩნევს, რომ ხსენებული განჩინება შეიცავდა უსწორობას და ის უნდა გამოსწორებულიყო მისი მიმაღები სასამართლოს მხრიდან შემდეგ გარემოებათა გამო:
საზოგადოდ, „დამატებითი გადაწყვეტილება“, როგორც საპროცესო დოკუმენტი მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ მოთხოვნით წარდგენილ შუამდგომლობას ან საკუთარი ინიციატივით დასმულ მოცემულ საკითხს დააკმაყოფილებს სასამართლო (გადაწყვეტს პოზიტიურად), ხოლო ხსენებულის უარყოფის შემთხვევაში საქმეზე არ მიიღება დამატებითი გადაწყვეტილება (ან დამატებითი განჩინება) და საკითხი წყდება განჩინებით, ე.წ. განჩინებით უარი ეთქმევა მხარეს საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღებაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის ძალით მოქმედი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი“, ანუ ნათელია, რომ მოცემულ შემთხვევებში გამოიტანება დამატებითი გადაწყვეტილება.
დამატებითი გადაწყვეტილება ძირითადი გადაწყვეტილების შემადგენელი ნაწილია, ის ცალკე დამოუკიდებელი საპროცესო აქტი არაა და წარმოადგენს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გაგრძელებას, მის განუყოფელ ნაწილს ისევე როგორც უსწორობის გასწორების თაობაზე განჩინება. ეს აქტები იზიარებენ ძირითადი შემაჯამებელი აქტის საპროცესო ბედს შემაჯამებელი გადაწყვეტიების გასაჩივრების შემთხვევაში, თუნდაც უსწორობის გასწორების თაობაზე განჩინება ან დამატებითი გადაწყვეტილება არც იყოს გასაჩივრებული (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება N2ბ/62-14 საქმეზე, აპელანტი ლ.კ; მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჩ“. ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის განჩინება N2ბ/5824-2015 - N180210015001072538 საქმეზე - აპელანტი (მოსარჩელე) - ი-----–----–---, მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) - ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „დ--–-----------–----–-----------–---------–---–--------–------------–------------------------“ წინააღმდეგ). სწორედ ამიტომაცაა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოხმობით, „დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს (მხოლოდ) სააპელაციო წესით“.
ის, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოსატანად დასმული შუამდგომობლობის უარსაყოფად გამოიტანება განჩინება და არა დამატებითი გადაწყვეტილება, როგორც ეს მცდარად განახორციელა პირველი ინსტანციის სასამართლომ, აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-5 ნაწილის, რომლის თანახმად, „დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე (და არა დამატებით გადაწყვეტილებაზე/განჩინებაზე) შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა“.
ცალსახაა, რომ ვინაიდან შუამდგომლობის ავტორის მხრიდან მოცემულ საქმეზე წარდგენილი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და მასზე საქალაქო სასამართლომ გამოიტანა „დამატებითი გადაწყვეტილება“, მცდარია, ვინაიდან საკითხი მხოლოდ და მხოლოდ განჩინების მიღებით უნდა გადაწყვეტილიყო.
შედეგად, მცდარია ასევე მისით განმარტებული გასაჩივრების წესიც, ვინაიდან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე წარდგენილ შუამდგომლობაზე მიღებული უარმყოფელი სასამართლოს საპროცესო აქტი საჩივრდება 12 დღის ვადაში კერძო საჩივრის წარდგენის გზით და არა 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის მეშვეობით.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ ვერც გასაჩივრების განმარტების საკითხს გაართვა თავი საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობით სწორად.
აპელანტს მიაჩნია, რომ ხსენებული საკითხი წარმოადგენს უსწრობას საპროცესო აქტში, მის დასახელებაში, გასაჩივრების წესში და ის უნდა დამკაყოფილებულიყო უსწორობის გასწორების პროცესუალური შესაძლებლობით, შემდეგ დასაბუთებაზე მითითებით.
უპირველესად, აღნიშნულთან დაკავშირებით, აპელანტი საქალაქო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მცდარ პრაქტიკას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 17.01.2014წ. დადგენილებით, N4ა/403-2013 საქმეზე სააპელაციო სასამართლომ (მოსამართლე ნინო ქადაგიძე) მიუთითა, რომ „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში წარმოდგენილი რეგულაციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ასკვნის, რომ გადაწყვეტილებაში დაშვებული შეცდომის გასწორება არ შეიძლება გასცდეს ტექნიკურ და გამოთვლის დროს დაშვებულ შეცდომას. მიუღებელია, რომ უსწორობის გასწორებამ მოიცვას იმ ტიპის ცვლილებები, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრს ან შინაარსს. სწორედ ამითაა განპირობებული ის გარემოება, რომ თუ საკითხი ეხება არსებით ცვლილებას, ასეთ პიროებებში საპროცესო კანონმდებელობით შემოთავაზებულია განსხვავებული რეგულაციები“.
იგივე დადგენილების მოხმობით, „მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ შეიცავს პირდაპირ მითითებას, რა ითვლება არსებით ცვლილებას, მაგრამ ნორმის მოთხოვნებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ თუ საკითხი ეხება იმ ტიპის შესწორებას, რომელიც უკავშირდება მხარეთა უფლება-მოვალეობების ისეთ კორექტირებას, რომელიც ცვლის გადაწყვეტილების (განჩინების, დაადგენილების) შინაარსს, აღნიშნული მიეკუთვნება არსებით ცვლილებას და ვერ ჩაითვლება გადაწყვეტილებაში დაშვებულ უსწორობად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლში მკაცრად მოიაზრება ისეთი შესწორებები და დაზუსტებები, რომლებიც არაა არსებითი ხასიათის და უკავშირდება მაგალითად, გვარში, სახელში, თარიღში დაშვებულ შეცდომას, ტექნიკურ თუ გამოთვლის დროს დაშვებულ შეცდომებს და ა.შ“.
დასახელებული დაადგენილების მითითებით, „სასამართლოს მიერ მიღებული პროცესუალური დოკუმენტის გასაჩივრების შესაძლებლობა უკავშირდება პირისათვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას - უზრუნველყოს საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოსათვის მიმართვის გზით. ინსტანციური გასაჩივრება მიეკუთვნება სწორედ ამ უფლების რეალიზების ერთერთ საშუალებას, რაც უზრუნველყოფს ზემდგომი სასამართლოს მხიდან ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებისა და დასაშვებობის გადამოწმების შესაძლებლობას, რათა პრინციპულად გამოირიცხოს ამა თუ იმ უფლების ხელყოფის ფაქტი. სწორედ აღნიშნულითაა განპირობებეული საპროცესო კოდექსში ჩადებული მოთხოვნა, რომ გასაჩივრების დასაშვებობის საკითხის განსაზღვრა შედის ზემდგომი სასამართლოს კომპეტენციაში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო, სარეზოლუციო ნაწილით დადგენილ გასაჩივრების წესს მიაკუთვნებს იმ სახის ცვლილებას, რომელიც უკავშირდება მხარეთა უფლება-მოვალეობების კორექტირებას, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით გამორიცხავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის რეგულაციების გამოყენების შესაძლებლობას“ (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 17.01.2014წ. დადგენილება N4ა/403-2013 საქმეზე, მოსამართლე ნინო ქადაგიძე).
საკითხის ამდაგვარ განმარტებას, არ ეთანხმება წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ავტორი, ის სასამართლო პრაქტიკის მსჯელობის საგნად გამოაქვს ანალოგიურ შემთხვევებში არსებულ საკითხებზე, რომლის დადასტურებაცაა წარდგენილი შუამდგომლობა და დასძენს, რომ ვინაიდან სააპელაციო სასამართლოსეული მოსაზრება მცდარია, რამეთუ ზ/აღნიშნული დასაბუთებით საკითხის გადაწყვეტა ყურადღების მიღმა ტოვებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებს, რომლის თანახმად, „გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში“.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, „ამ მუხლის პირველ ნაწილთან სასამართლო აქტის შეუსაბამობის შემთხვევაში, სასამართლო მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით გამოიტანს განჩინებას სასამართლო აქტის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე. განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი“. სწორედ ეს უკანასკნელი ნორმაა უგულვებელყოფილი სააპელაციო პალატის ზ/დასახელებული დაადგენილების მიღებისას, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობის პროცესუალური რეალიზება შესაძლებელია მხოლოდ უსწორობის გასწორების საპროცესო შესაძლებლობის გამოყენების საფუძვლით.
როგორც გამოჩნდა, მოცემულ საკითხზეც თავად სააპელაციო სასამართლო არ არის ერთგვაროვანი მიდგომებში და იდენტურ შემთხვევაში განსხვავებულად და საწინააღმდეგო შინაარსით განმარტავს ნორმებს, ამდენად წარმოდგენილი პრეტენზიის ფარგლებში მხარდაჭერილია საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის დამატებითი გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობის პროცესუალური რეალიზება შესაძლებელია მხოლოდ უსწორობის გასწორების საპროცესო შესაძლებლობის გამოყენების საფუძვლით, თუ სხვა და კონკრეტულად რომელი საფუძვლით და აღნიშნულზე უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული შეხედულებები წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვის ფორმატში.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობის პროცესუალური რეალიზებას ითხოვა უსწორობის გასწორების სამართლებრივი საფუძვლით, როგორც უსწორო ჩანაწერის მქონე საპროცესო აქტის სწორი ფორმით გასწორება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, „სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი“, რის გამოც იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე და 260-ე მუხლების პირველი ნაწილებით მინიჭებული საპროცესო შესაძლებლობით - წარადგინა შუამდგომლობა ზ/ხსენებული უსწორობის გასწორებისა და მისი სწორი ფორმულირების შესახებ.
ხსენებული შუამდგომლობა უარყოფილი იქნა ეროვნული სასამართლოს პირველი ინსტანციის მიერ, თუმცა მასზე რაიმე დასაბუთება არ წარმოუდგენია, რის გამოც, როგორც დაუსაბუთებელი ის უნდა გაუქმდეს.
ბ) დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა სასამართლოსგარეშე ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმის თაობაზე, როგორც ესაა გადაწყვეტილილი კანონიერ ძალაში შესასვლელად მომზადებულ შემოთავაზებულ გადაწყვეტილებაში.
სასამართლოს დასაბუთებული არ აქვს ხსენებული ნაწილი, მოცემულ საკითხზე არსებული სტაბილური პრაქტიკის საწინააღმდეგოდ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო საპროცესო ნორმის უმართებულო და არასწორი გამოყენების გზით მივიდა მცდარ გადაწყვეტამდე, რაც მცდარი გადაწყვეტილების მიღებაში გამოვლინდა.
უფრო მეტიც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ადრე მოქმედი პირველი სექციის მიერ 2005 წლის 9 ივნისს განხილულ საქმეზე - „ფადეევა, რუსეთის წინააღმდეგ“ (Fadeyeva v. Russia) სასამართლომ ადვოკატის მომსახურებისათვის ხარჯის დასაკისრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების 151-ე პუნქტით განიმარტა, რომ ადვოკატისათვის გადასახდელ „თანხებს უნდა დაემატოს ის თანხა, რომელიც საჭირო იქნება მათზე დარიცხული გადასახადების ასანაზღაურებლად“. (საჩივარი N55723/00, ხსენებული გადაწყვეტილება საქართველოში ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიუროს მიერ გამოქვეყნებულია ქართულ ენაზე კრებულში - „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენთა კრებული“, იხილეთ მე-4 ტომი (წიგნი), გვერდები 45-46. ინტერნეტ სივრცეში მოსაძიებლად იხილეთ ვებ-ბმულის მისამართი: http://www.coe.int/t/dgap/tbilisi/archives/downloads/Cases4.pdf), რაც არ აქვს გათვალისწინებული პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებს ცალკეულ საქმეებზე.
საგულისხმოა, რომ საპროცესო კანონი საადვოკატო ჰონორარის ანაზღაურებას კანონით დათქმულ მაქსიმუმამდე ითვალისწინებს არსებითად რთული საქმეებისათვის. ის, რომ ხსენებული საქმე არ განეკუთვნებოდა ასეთს, ადასტურებს თავად სასამართლოს მოქმედებები, კერძოდ, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის სხვა დროისათვის გადადება (გადადებულის კვლავ გადადებაც), ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „საქმის ზეპირი განხილვის შემდეგ ცხადდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. მოსამართლე უფლებამოსილია, სათათბირო ოთახში გაუსვლელად გამოაცხადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. თუ საქმე არსებითად რთული გადასაწყვეტია, გამონაკლის შემთხვევაში, მოსამართლე უფლებამოსილია, გადადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა. აღნიშნულის თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება, რის შესახებაც სხდომის დასრულებისთანავე აცნობებს მხარეებს, და განსაზღვრავს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღს.“
უდავოა, რომ ხსენებული მოქმედებები არსებობდა მოცემულ საქმეზე, მასზე გადაიდო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება, რაც მოწმობს საქმის განსაკუთრებით რთულ კატეგორიას მიკუთვნებულობას, რაც შესაბამისად უნდა ასახულიყო საადვოკატო ჰონორარის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტის დროსაც მაქსიმალური ან მასთან მიახლოვებული ოდენობით.
იმ პირობებში, როდესაც ადვოკატს პროფესიული შეცდომა საქმეზე არ დაუშვია, საქმეში არსებული მასალები მოწმობდა საქმეზე მის მუდმივ მიჯაჭვულობას, მნიშვნელოვანი დროის გამოყოფას საქმეზე, არსებითად რთული კატეგორიის საქმეზე მინიმალური ანაზღაურების დაკისრება მოწინააღმდეგე მხარისათვის საადვოკატო შრომის უპატივცემულობაა.
ამასთან, სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების გაწევის დამადასტურებელია თავად საქმის წარმოება და მასზე გაწეული ხარჯის გადაუვალობა. ამდენად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება პროცესის სხვა ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილშიც და სააპელაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სრულად, სრული მოცულობით დაკმაყოფილდეს წარდგენილი შუამდგომლობა. ამ მიმართებით იხ. საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრაქტიკა.
3. სააპელაციო პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოს საოქმო განჩინებაზე საქმის არსებითი განხილვის დროს განხილვის საკუთარი ინიციატივით შეწყვეტისა და სხვა დროისათვის ზეპირი მოსმენის გადადების თაობაზე: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, „საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში“.
სასამართლოს მენეჯერული პრობლემები (საქმეთა დიდი რიცხოვნობა, მოსამართლეთა ნაკლები რაოდენობა, სასამართლოს აპარატის არასაკმარისი პროფესიონალიზმი, ეფექტიანობაზე არსებული გამოწვევებისადმი სათანადო პასუხის გაუცემლობა, საქმეთა ნაკადის მართვის უნარის არქონა, მოსამართლის გადატვირთულობა, სხვა საქმის განხილვის დაწყება არასწორად და არაეფექტურად დაგეგმილი მოსამართლის გრაფიკის გამო) ქმნის არა შემდგარი სხდომის გადადების, არამედ ამ მოსამართლის სანაცვლოდ სხვა მოსამართლის გასამწესებლად შერჩევის აუცილებლობის წინაპირობას დანიშნული სასამართლო სხდომის ჩატარების ინტერესებიდან გამომდინარე და არა მუდმივად გადადების და ვერ დასრულების აუცილებლობას.
სასამართლო სხდომის დანიშნულ დროს ჩატარებისა და საქმის დროული დასრულების ინტერესი ნორმატიულად ვლინდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის გათვალისწინებით, „სასამართლო იღებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ ზომებს, რათა საქმის განხილვა დამთავრდეს რაც შეიძლება სწრაფად - ერთ სასამართლო სხდომაზე და, თუ შესაძლებელია, - შესვენების გარეშე“.
მოცემულ საქმეში არსებული სხდომის ოქმებიდან ვლინდება, რომ წარმართული სხდომები გადადებული იქნა სასამართლოს მიერ საკუთარი ინიციატივით და ისიც დაუსაბუთებლად, მოტივის აუხსნელად, ყოველ შემთხვევაში არა იმ მიზეზებით რასაც საპატიოდ ითვალისწინებს საპროცესო კანონი.
პროცედურული სამართლის უპატივცემულობას მივყავართ სწორედ არასწორ გადაწყვეტამდე. სასამართლოს ქცევა უნდა ტოვებდეს შთაბეჭდილებას, რომ სასამართლო საპროცესო სამართლის ზუსტი დაცვით ხელმძღვანელობს და არა საკუთარი პიროვნული სამართლით, ან არსებული მახინჯი და გაუმართლებელი პრაქტიკით ან მიზანშეწონილობით.
მოცემულ საქმეზე სასამართლომ ვერ უზრუნველყო საქმის განხილვის უწყვეტობის პრინციპის შესრულება, ვინაიდან მნიშვნელოვანი პერიოდის მანძილზე განსახილველი საქმის მიმართ არანაირი საპროცესო მოქმედება არ შესრულებულა და სასამართლოს საქმესთან მჭიდრო კონტაქტი აღარ ჰქონია, რეალურად შეწყდა სწრაფი, ეფექტური და ქმედითი მართლმსაჯულება სასარჩელო მოთხოვნებზე.
აპელანტმა აღნიშნა, რომ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის მიზნით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება არაა თეორიული, ფიქციური და ილუზორული უფლება, ის არაა ორიენტირებული შეუსაბამოდ არაგონივრულად მნიშვნელოვანი დროის გასვლის შემდეგ რაიმე უფლებების დადგენა-გარკვევაში, ვინაიდან სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას მოჰყვება კანონიერი მოლოდინი იმისა, რომ დამოუკიდებელ საწყისებზე შექმნილი ობიექტური და სამართლიანი სასამართლო მოდავე მხარეთა პრეტენზიებს განიხილავს საამისოდ დადგენილ ვადაში და სასამართლო ცალკე დამატებით დამოუკიდებელ ხელმყოფ სუბიექტად არ მოევლინება მხარეს. სასამართლოსათვის მიმართვის უფლება დროში არსებული ფასეული სიკეთეა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მართლმსაჯულების დამოუკიდებლად განხორციელების აღქმაში. სხვა სიტყვებით, სასამართლოს ქცევები უნდა ადასტურებდეს, რომ ის კანონის საფუძველზე იხილავს საქმეს და არა კანონით დადგენილი წესების, კერძოდ, საპროცესო ვადების დარღვევით და საკუთარი შეხედულებებით ანდა საკუთარი კომფორტისათვის შესაბამის დროს.
სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს თუ რა ვადაში უნდა დასრულდეს ყველა საპროცესო მოქმედება კონკრეტული კატეგორიის საქმისათვის. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის ძალით მოქმედი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „შრომითი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები განხილულ უნდა იქნეს არა უგვიანეს 1 თვისა“.
საგულისხმოა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით საგამონაკლისო ვადებში განსახილველ საქმეებზე, საქმის განხილვის საპროცესო ვადების გაგრძელებას არ ითვალისწინებს საპროცესო კანონი.
ის, რომ საერთოდ სხდომის გადადებას ითვალისწინებს კანონი, არ ნიშნავს იმას, რომ ამ კანონზე მითითებით შესაძლებელია ნებისმიერი სხდომა უმოტივოდ გადაიდოს. კანონის ნორმა თავად არაა დასაბუთება, და მარტოოდენ მისი მითითებით სასამართლო აქტი დასაბუთებულ სახეს, გარეგნობას და მნიშვნელობას ვერ იძენს, კანონის ნორმა შესაძლებლობაა, რომ არსებული ფაქტობრივი გარემოება მისადაგებული იქნას კანონში აღწერილთან (ე.წ. „სუბსუმფცია“), რაც დასაბუთებაში ვლინდება. ამ კუთხით გასაჩივრებული აქტი დაუსაბუთებელია და ის საჯარო წესრიგის საწინააღმდეგოა.
საქმის განხილვის გადადების თაობაზე საოქმო განჩინებას წაეყენება სწორედ ის პრეტენზიები და მოთხოვნები, რაც ზოგადად სასამართლო აქტს, რომ ის დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სასამართლო „განჩინებაში უნდა აღინიშნოს მოტივები, რომლითაც სასამართლო მივიდა თავის დასკვნამდე“. მოცემულ შემთხვევაში საერთოდ ვერც კი ვხვდებით მსჯელობას ასეთზე.
საოქმო განჩინებების თანახმად არ დგინდება, თუ რატომ მიიღო სასამართლომ საკუთარი ინიციატივით სხდომის გადადების გადაწყვეტილება, რა სახის შექმნილი ვითარება ამართლებდა ამ გადაწყვეტილებამდე მისვლას.
ის, რომ პრაქტიკა აჩვენებს იმას, რომ ასეთი განჩინებები არ საჩივრდება მხარეების მხრიდან, არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლომ არ შეიბოჭოს თავი სამართლით და მახინჯ სტერეოტიპს გაჰყვეს გაუაზრებლად მუდამ. სამართლიანობა მიიღწევა კანონის უზენაესობის პატივისცემის ქცევით თავად იმ პირის ქცევებით, ვინც ეს უნდა ძალისმიერად უზრუნველყოს. სხვა სიტყვებით, თავად მოსამართლის ქცევა უნდა იყოს კანონის უზენაესობის პატივისცემის დადასტურება.
ამდენად, უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასახელებული საოქმო განჩინებ(ებ)ი საქმის არსებითი განხილვის დროს, განხილვის საკუთარი ინიციატივით შეწყვეტისა და სხვა დროისათვის ზეპირი მოსმენის გადადების თაობაზე, როგორც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი სასამართლო აქტები.
4. სააპელაციო პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს იმ საოქმო განჩინებაზე, რომლითაც საქმეზე მოსმენის დასრულების შემდგომ შემაჯამებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოსაცხადებლად სასამართლო სხდომა გადაიდო სხვა დროისათვის:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „საქმის ზეპირი განხილვის შემდეგ ცხადდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. მოსამართლე უფლებამოსილია, სათათბირო ოთახში გაუსვლელად გამოაცხადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. თუ საქმე არსებითად რთული გადასაწყვეტია, გამონაკლის შემთხვევაში, მოსამართლე უფლებამოსილია, გადადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა. აღნიშნულის თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება, რის შესახებაც სხდომის დასრულებისთანავე აცნობებს მხარეებს, და განსაზღვრავს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღს.“
უდავოა, რომ ხსენებული ნორმის პირველი წინადადება ითვალისწინებს, რომ როგორც ნორმალური წესი, საქმის ზეპირი განხილვის შემდეგ ცხადდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.
საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გადადება საგამონაკლისო ნორმაა და არა მუდმივი წესი. ასეთი უნდა განხორციელდეს თუ საქმე არსებითად რთული გადასაწყვეტია და ისიც გამონაკლის შემთხვევაში. ამ უკანასკნელ შემთხვევას დასაბუთების ალტერნატივა არ აქვს.
მიუღებელია და საპროცესო სამართლის უპატივცემულობაა, რომ სასამართლო ხსენებულ ნორმას იყენებდეს ყველა საქმის მიმართ და უმოტივაციოდ „ნათლავდეს“ მის განხილვაში მყოფ ყველა საქმეს „არსებითად რთულად გადასაწყვეტად“, ყველა საქმე ჰკიდებდეს ასეთ იარლიყს.
ცალსახაა, რომ საპროცესო კანონი ამ შემთხვისათვის ითვალისწინებს დასაბუთებული და მოტივირებული განჩინების გამოტანის აუცილებლობას. ამ უფლების გამოყენებას მოსდევს მოსამართლის ვალდებულება მოტივირებული განჩინების გამოტანისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სასამართლო „განჩინებაში უნდა აღინიშნოს მოტივები, რომლითაც სასამართლო მივიდა თავის დასკვნამდე“. მოცემულ შემთხვევაში საერთოდ ვერც კი ვხვდებით მსჯელობას ასეთზე.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს საოქმო განჩინება საქმეზე ზეპირი მოსმენის დასრულების შემდგომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოსაცხადებლად საქმის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე.
5. სააპელაციო პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოს 22.02.2016წ. შემაჯამებელი გადაწყვეტილებით გადაუწყვეტ სასარჩელო მოთხოვნებზე:
საგულისხმოა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არაა გადაწყვეტილი სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც წარდგენილი იყო სარჩელით. ესაა სასარჩელო მოთხოვნა მასზე, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მოსარჩელის - ი-----–- უ-–------–-–---–ის სასარგებლოდ დაკისრებოდა ხელფასის (თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი დანამარტი) მიუღებლობით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის ზიანის ანაზღაურება, ყოველთვიურად მისაღები განაცდური ხელფასის 10%-ის ოდენობით, 2015 წლის 15 აგვისტოდან მოცემულ საქმეზე მისაღები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების არასრულობას მიუთითებს ხსენებული საკითხის მოსამართლის მხრიდან გადაუწყვეტობა, რაც საჭიროებს სწორი საპროცესო მექანიზმებით მოწესრიგებას, დაშვებული სასამართლო შეცდომის ზემდგომ სასამართლოში გამოსწორებას.
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ (სსკ-ის 249-ე მუხლის მეხუთე ნაწილი).
ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა შეიცავდეს კანონით გათვალისწინებულ ყველა ნაწილს (სსკ-ის 249-ე მუხლები) და რომელიმე მათგანის სათანადოდ ან საერთოდ არარსებობა, ხშირ შემთხვევაში იწვევს მის გაუქმებას (სსკ-ის 393-ე, 394-ე მუხლები). გადაწყვეტილების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილები წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ფუნდამენტს. მასში უნდა აისახოს სასამართლოს შემეცნებითი მსჯელობა ფაქტების არსებობა-არარსებობის შესახებ (ფაქტობრივი დასაბუთება) და შეფასებითი მსჯელობა ამ ფაქტების იურიდიული ძალისა და მნიშვნელობის შესახებ (სამართლებრივი დასაბუთება). კანონის იმპერატიული დათქმა გადაწყვეტილების დასაბუთების აუცილებლობაზე, განპირობებულია მართლმსაჯულების ერთ-ერთი ძირითადი მიზნით, დაარწმუნოს მხარეები დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტაში და ამავდროულად გადაწყვეტილების დასაბუთებით რეალიზებულია საზოგადოების უფლება იცოდეს, თუ რა გადაწყვეტილებები გამოაქვთ მათი სახელით და რა არის მათი საფუძველი.
აპელანტმა აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით სამართლებრივი წესრიგის დადგენა შესაძლებელია რა მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულებით, ამ მიზნით აღსასრულებლად წარიმართება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. სასამართლო გადაწყვეტილება მართლმსაჯულების აქტია და მისი სამართლებრივი შედეგები თვით კონსტიტუციითა რეგლამენტირებული. ამდენად, იგი უნდა იყოს ცხადი და იძლეოდეს ზუსტ პასუხს ყველა სადავოდ ქცეულ მოთხოვნებზე, რომლის საწინააღმდეგოა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
ამდენად, აპელანტი ითხოვა, გადაწყვეტილების გაუქმებას და სააპელაციო პალატაში ახალი გადაწყვეტილების მირებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
6. სააპელაციო პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოს 22.02.2016წ. შემაჯამებელი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლოს დასაბუთებული არა აქვს, თუ რატომ იყო შეუძლებელი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიცევა. ამ ნაწილში გადაწყვეტილება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება დაუშვებელია.
7. სააპელაციო საჩივარში შუამდგომლობის სახით წარმოდგენილია აპელანტის მოთხოვნები, რომლითაც მოთხოვნილია სააპელაციო განხილვის ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარისათვის სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების ანაზღაურების დაკისრება.
8. აპელანტი სააპელაციო საჩივარით და კერძო საჩივრებით მოითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 ივნისის და 2016 წლის 15 აგვისტოს განჩინებები, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 07 მარტის დამატებითი გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
4.1. სააპელაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი-----–- უ-–------–-----–ის სააპელაციო საჩივარი და კერძო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.4. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
4.6. სააპელაციო პალატა სააპელაციო და კერძო საჩივრების ფარგლებში აფასებს, რა გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინებების) კანონიერებას, მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის და პროცესის სხვა ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში ნაწილობრივ საფუძვლიანია.
ფაქტობრივი დასაბუთება:
4.7. ი-----–- უ-–------–-–---–ი სასჯელაღსრულების დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე 2007 წლიდან მსახურობდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 26 თებერვლის ბრძანებით იგი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სამართლებრივი რეჟიმის სამმართველოს კ-----–------------------------- განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
4.8. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაციიდან გამომდინარე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 26 ივნისის წერილით ი-----–- უ-–------–-–---–ს სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს N--------------–--- მებრძოლის თანამდებობაზე გადაყვანა შეეთავაზა იმაზე მითითებით, რომ შეთავაზებაზე 2015 წლის 29 ივნისის ჩათვლის თანხმობის განუცხადებლობის შემთხვევაში ი-----–- უ-–------–-–---–ი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდებოდა.
4.9. ი-----–- უ-–------–-–---–მა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 26 ივნისის შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადა, რის საფუძველზეც იგი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1 ივლისის №MCLA9---------- ბრძანებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს N--------------–--- მებრძოლის თანამდებობაზე დაინიშნა.
4.10. ი-----–- უ-–------–-–---–ს სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს N--------------–--- მებრძოლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ დასახელებული სამმართველოს უფროსის მოადგილე გ-----------------მა სატელეფონო შეტყობინებით 2015 წლის 2 ივლისს აცნობა და მას სამსახურში გამოცხადება მოსთხოვა.
მოთხოვნის შესაბამისად, ი-----–- უ-–------–-–---–ი სამსახურში 2015 წლის 2 ივლისს გამოცხადა, რის შემდეგაც მას განემარტა შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკა, უფლება-მოვალეობები და ფიზიკურ მომზადებაში ნორმატივების ჩაბარების წესი. განმარტების მიხედვით, ი-----–- უ-–------–-–---–ს ნორმატივების ჩასაბარებლად სირბილში 3200 მ დისტანცია სრული საბრძოლო აღჭურვილობით 15 წთ-ში უნდა დაეფარა, ასევე, შეესრულებინა სხვა დავალებები.
4.11. სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს N--------------–--- მებრძოლის თანამდებობისათვის განსაზღვრული ნორმატივების ჩაბარებაზე ი-----–- უ-–------–-–---–მა უარი განაცხადა იმაზე მითითებით, რომ ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე არ გააჩნდა შესაბამისი შესაძლებლობა.
4.12. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2015 წლის 1 აგვისტოს დასკვნის მიხედვით, ი-----–- უ-–------–-–---–მა უარი განაცხადა სამსახურში სიარულზე, ნორმატივების ჩაბარებაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე, რაც მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია „პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტი „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
4.13. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №MCLA2---------- ბრძანებით ი-----–- უ-–------–-–---–ი გათავისუფლდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს N--------------–--- მებრძოლის თანამდებობიდან გენერალური ინსპექციის 2015 წლის 1 აგვისტოს დასკვნის საფუძველზე „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემობის - დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო.
სამართლებრივი დასაბუთება
4.14. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა სარჩელთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები სარჩელთან დაკავშირებით, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო პალატა იზიარებს მხოლოდ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებებს წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის და პროცესის სხვა ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში.
4.15. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია ი-----–- უ-–------–-–---–ის სხვა თანამდებობაზე გადაყვანისა და დანიშვნის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1 ივლისის №MCLA9---------- ბრძანებისა და ი-----–- უ-–------–-–---–ისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №MCLA2---------- ბრძანების ბათილად ცნობა. მოსარჩელე ასევე მოითხოვს თანამდებობაზე აღდგენას, 2015 წლის 15 აგვისტოდან განაცდური ხელფასის ანაზღაურებას და ხელფასის (თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი დანამარტი) მიუღებლობით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის ზიანის ანაზღაურება, ყოველთვიურად მისაღები განაცდური ხელფასის 10%-ის ოდენობით, 2015 წლის 15 აგვისტოდან მოცემულ საქმეზე მისაღები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე.
4.16. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანებები ფორმალური და მატერიალური თვალსაზრისით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო ბრძანებების გამოცემისას დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას.
4.17. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი სხვა მოთხოვნებიც, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ჯეროვნად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასების გარეშე.
4.18. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო აქტის გამოცემის შემთხვევაში, შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით.
4.19. სააპელაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96.2. მუხლების შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს უფლება, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე.
4.20. სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტებას, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას და იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა აქტი ი-----–- უ-–------–-–---–ის სხვა თანამდებობაზე გადაყვანისა და დანიშვნის შესახებ, რომ არ გამოუკვლევია, თუ რამდენად გააჩნდა დასახელებულ პირს შესაძლებლობა, შეესრულებინა ამ თანამდებობისათვის განსაზღვრული ფუნქციები და დაეკმაყოფილებინა ნორმატივები. საქმის მასალებიდან არ ირკვევა, რომ ი-----–- უ-–------–-–---–ისათვის ახალი თანამდებობის შეთავაზება განხორციელდა მის სამუშაო გამოცდილებასთან, კვალიფიკაციასთან, უნარებთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე. ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ასევე უგულებელყოფს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის ,,ე” პუნქტით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის პრინციპებს.
4.21. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა, რომ თანამდებობის შეთავაზებისას ი-----–- უ-–------–-–---–ს არ განემარტა, თუ რა მოეთხოვებოდა ახალ თანამდებობაზე საქმიანობისათვის. შესაბამისად, ი-----–- უ-–------–-–---–ის თანხმობაც, დაეკავებინა ახალი თანამდებობა, ვერ მიიჩნევა ნების იმგვარ გამოვლენად, რაც კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიმართ გააზრებული პოზიციის გამოხატვას გულისხმობს. მსგავსი სახით ნების გამოვლენა კი არ შეიძლებოდა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამათლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი გამხდარიყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო აქტი გამოცემულია კანონმდებლობის დანაწესების უგულებელყოფით, საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე და ამგვარად ზღუდავს მოსარჩელის უფლებას, რამეთუ მოხელის გადანიშვნა მისი შესაძლებლობებისათვის შეუსაბამო თანამდებობაზე ქმნის დაბრკოლებას შრომითი უფლების რეალიზებისათვის, საბოლოოდ კი - ამ უფლების შეწყვეტის წინაპირობებს, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაში მოხდა. ამდენად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1 ივლისის №MCLA9---------- ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და მოპასუხეს უნდა დაევალოს, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ი-----–- უ-–------–-–---–ის მიმართ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4.23. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ამდენად მოცემულ შემთხვევაში არსებობდა სადავო საკითხის გადაუწყვეტილად გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ამასთან არსებობს მოსარჩელის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
4.22. სააპელაციო პალატა ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამარლოს იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის კ-----–------------------------- განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან პირის თანამდებობაზე აღდგენა გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის გათავისუფლებულ იქნა.
დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1 ივლისის №MCLA9---------- ბრძანებით მოსარჩელე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სამართლებრივი რეჟიმის სამმართველოს კ-----–------------------------- განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობიდან იქნა გადაყვანილი ახალ თანამდებობაზე. პატიმრობის კოდექსის 1251-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 2015 წლის 1 ივლისს ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და ამის გათვალისწინებით რეორგანიზებულ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაციის გამო 2015 წლის 1 ივლისიდან აღარ არსებობს ის თანამდებობაც, რომლიდანაც მოსარჩელე სადავო ბრძანებით გათავისუფლდა.
სამინისტროში რეორგანიზაციის შემდეგ არსებული თანამდებობებიდან მოსარჩელისათვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტში დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოპასუხის დისკრეციაა, რომელიც მას პატიმრობის კოდექსის 1252-ე მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებათა ყოვემხრივ გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა რიგი ვალდებულებების დარღვევით, რაც შესაბამისი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი გახდა.
4.23. სააპელაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან, ხოლო ამავე კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია.
აღნიშნული ნორმა იცავს მოქალაქეს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილებით სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ,,იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“.
4.24. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ამდენად მოცემულ შემთხვევაში არსებობდა სადავო საკითხის გადაუწყვეტილად გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ამასთან არსებობს მოსარჩელის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
4.25. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა გასაჩივრებული ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან განთავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება. ამ მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, განაცდურის ნაწილში სარჩელი ამ ეტაპზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4.26. მოსარჩელე ასევე მოითხოვს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მოსარჩელის - ი-----–- უ-–------–-–---–ის სასარგებლოდ დაკისრებოდა ხელფასის (თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი დანამარტი) მიუღებლობით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის ზიანის ანაზღაურება, ყოველთვიურად მისაღები განაცდური ხელფასის 10%-ის ოდენობით, 2015 წლის 15 აგვისტოდან მოცემულ საქმეზე მისაღები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი ამ ეტაპზე უსაფუძვლოა ამდენად, არ არსებობს ყოველთვიურად მისაღები განაცდური ხელფასის 10%-ის ოდენობით, ზიანის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრების ვალდებულება.
4.27. აპელანტი ასევე მოითხოვს ზეპირი მოსმენის სხვა დროისთვის გადადების შესახებ და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოსაცხადებლად სასამართლოს სხდომის სხვა დროისთვის გადადების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაუქმებას
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ამ ნაწილში აპელაცია არ არის სათანადოდ დასაბუთებული. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლი ანიჭებს სასამართლოს უფლებამოსილება გადადოს სხდომა გონივრული ვადით თუ საქმის სრულყოფილად გამოკვლევა და დამთავრება შეუძლებელია იმავე სხდომაზე. ამავე კოდექსის 257-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, თუ საქმე არსებითად რთული გადასაწყვეტია, გამონაკლის შემთხვევაში, მოსამართლე უფლებამოსილია, გადადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა.
აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე ი-----–- უ-–------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული საოქმო განჩინებების გაუქმების ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4.28. აპელანტი სააპელაციო საჩივარით და კერძო საჩივრებით მოითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 ივნისის და 2016 წლის 15 აგვისტოს განჩინებები ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 07 მარტის დამატებითი გადაწყვეტილება წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის და პროცესის სხვა ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრებაზე უარის თქმის თაობაზე და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.სააპელაციო საჩივრით მოსარჩელე მოითხოვს მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისროს ადვოკატის დახმარებისათვის 2400 ლარის ანაზღაურება, ასევე, პროცესის სხვა ხარჯის (55,55 ლ. ქაღალდის ხარჯი, 5,55.ლ. ასლების გადაღების ხარჯი, 5,55 აკინძვის ხარჯი, 55,55 ლ. ფოსტის ხარჯი, 5.55 ლ. შეფუთვის ხარჯი, 555.55 ლ. ტრანსპორტირების ხარჯი, 55.55 ლ. კვების ხარჯი) ანაზღაურება.
სააპელაციო პალატა ამ ნაწილში ნაწილობრივ ეთანმხება აპელანტის მოსაზრებებს და მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 ივნისის და 2016 წლის 15 აგვისტოს განჩინებები ასევე, 2015 წლის 07 მარტის დამატებითი გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. პალატა თვლის, რომ საპროცესო კანონმდებლობა, ითვალისწინებს მხარისათვის სასამართლო ხარჯების და სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურებას. კანონმდებელი განმარტას თუ რა არის სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. პალატა აღნიშნავს, რომ ი-----–- უ-–------–-–---–ი სასამართლოში წარმოდგენილია წარმომადგელის მეშვეობით, ასევე სადავო არ არის, რომ სასამართლოში სარჩელის, სააპელაციო საჩივრის და კერძო საჩივრების შემოტანა და საქმისწარმოებაში მონაწილეობა დაკავშირებულია საპროცესო ხარჯებთან სარჩელისა და მისი ასლების გადაღების და ფურცლის ღირებულება, საფოსტო მომსახურებით სარგებლობის, მგზავრობის ღირებულება. ასევე სასამართლოში წარმომადგენლის მომსახურების ღირებულება და აღნიშნული ხარჯების გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოუდგენლობის შემთხევაშიც მხარე აღნიშნულ ხარჯებს გაიღებდა. განსახილველ შემთხვევაში, პალატა მხედველობაში იღებს მოსარჩელის (აპელანტის) წარმომადგენლის მიერ გაწეული სამუშაოს მოცულობას აგრეთვე იმ გარემოებას, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და მიიჩნევს, რომ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს უნდა დაეკისროს პროცესის ხარჯი - სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით ადვოკატის დახმარებისათვის 300 ლარის ოდენობით.
ამასთან, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს - სასამართლოს გარეშე პროცესის სხვა ხარჯის (55,55 ლ. ქაღალდის ხარჯი, 5,55.ლ. ასლების გადაღების ხარჯი, 5,55 აკინძვის ხარჯი, 55,55 ლ. ფოსტის ხარჯი, 5.55 ლ. შეფუთვის ხარჯი, 555.55 ლ. ტრანსპორტირების ხარჯი, 55.55 ლ. კვების ხარჯი) ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ და მოპასუხეს დაეკისროა პროცესის სხვა ხარჯის 50 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელის (აპელანტის) წარმომადგენელი სააპელაციო სასამართლოში ითხოვს მოწინააღმდეგე მხარისათვის მოცდენილი დროის სანაცვლო ანაზღაურებას 5 555 555 555.55 ლარის ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მხარე არ უთითებს, რომ მოთხოვილი თანხა ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისია, ასევე ვერ უთითებს მის მიერ აღნიშნული თანხის მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, აპელანტის წარმომადგენლის მოთხოვნა სასამართლოში მოცდენილი დროის ანაზღაურებაზე 5 555 555 555.55 ლარის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს 2015 წლის 07 მარტის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შესაბამისად უნდა გაუქმდეს ამ დამატებითი გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორებაზე უარისა თქმის თაობაზე 2016 წლის 06 ივნისის განჩინების და უსწორობის გასწორების შესახებ 2016 წლის 15 აგვისტოს განჩინების გაუქმების საფუძველი.
4.29. აპელანტის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტების თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები.
მოცემულ შემთხვევაში, ი-----–- უ-–------–-–---–ის სხვა თანამდებობაზე გადაყვანისა და სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, გამოცემული ბრძანებებს სასამართლო ბათილად ცნობს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ხოლო განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში ამ ეტაპზე სარჩელი არ კმაყოფილდება ამდენად, არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველი მოსარჩელის მიერ მითითებული საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტების თანახმად.
ამ მოსაზრებიდან გამომდინარე წინამდებარე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველი არ არსებობს, ასევე კანონიერია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის შესახებ.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 ივნისის და 2016 წლის 15 აგვისტოს განჩინებები ასევე, 2015 წლის 07 მარტის დამატებითი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.
6. საპროცესო ხარჯები:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მხარეები უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. ვინაიდან, შრომითი უფლება სოციალური უფლებაა და მოცემული დავა შეეხება შრომით უფლებას მხარეები უნდა განთავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
6.2. წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის და პროცესის სხვა ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე ნამსჯელია ამ გადაწყვეტილების 4.26. პუნქტში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი-----–- უ-–------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი და კერძო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 07 მარტის დამატებითი გადაწყვეტილება წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის და პროცესის სხვა ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრებაზე უარის თქმის თაობაზე და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლო გარეშე ხარჯის სახით, ადვოკატის დახმარებისთვის 300 ლარის ანაზღაურება და პროცესის სხვა ხარჯის 50 ლარის ანაზღაურება;
4. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება;
5. უცვლელად დარჩეს ზეპირი მოსმენის სხვა დროისთვის გადადების შესახებ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოსაცხადებლად სასამართლოს სხდომის სხვა დროისთვის გადადების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის საოქმო განჩინებები;
6. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 ივნისის და 2016 წლის 15 აგვისტოს განჩინებები;
7. აპელანტის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
8. გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი საბოლოოა და არ საჩივრდება;
9. გადაწყვეტილების მე-7 პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, (მდებარე ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქ.32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე გრ. რობაქიძის 7ა);
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, (მდებარე, ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქ.32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე, ქ. თბილისი გრ. რობაქიძის 7ა).
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე