განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.04.2018
საქმის ნომერი
020211417700041982
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
17.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020211417700041982

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-752-2017 14 თებერვალი, 2018 წელი

ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები თამარ სვანიძე

ნანა კალანდაძე

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი - მ------- ნ--------ე

წარმომადგენელი - ს--–---- ს---–-----–--ე

მოწინააღმდეგე მხარე - დ----- ა-–----, გ--–- გ-–--ე

წარმომადგენელი - ხ------- უ----, ა---–-–--–-–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დ----- ა-–----ს და გ--–- გ-–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე მ------- ნ--------ეს (პ/ნ: 0----------) დაეკისრა დ----- ა-–----სა (პ/ნ: 1----------) და გ--–- გ-–--ის (1----------) სასარგებლოდ 46 670 (ორმოცდაექვსი ათას ექვსას სამოცდაათი) ლარის ანაზღაურება. მოპასუხე მ------- ნ--------ეს (პ/ნ: 0----------) დაეკისროს დ----- ა-–----სა (პ/ნ: 1----------) და გ--–- გ-–--ის (1----------) სასარგებლოდ მათ მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების - 2950 (ორი ათას ცხრაას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება, საიდანაც 1400 (ათას ოთხასი) ლარი არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 1500 (ათას ხუთასი) ლარი არის საადვოკატო ხარჯები, ხოლო 50 (ორმოცდაათი) ლარი არის სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2008 წლის 29 იანვარს დამტკიცებული პროექტის და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად ზესტაფონში, დ-------ს ქუჩა N---ში მოპასუხე მ------- ნ--------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ასაშენებელი შენობა -ნაგებობები წარმოადგენს მინი მარკეტს და ავტო მომსახურების ბოქსებს. ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად მშენებლობის ღირებულება შეადგენს 172 853 ლარს. 2.2. 2009 წლის 04 მარტს, მოსარჩელეებს დ----- ა-–----ს, გ--–- გ-–--ესა და მოპასუხე მ------- ნ--------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი სახსრებით კანონით დადგენილი წესით ააშენებენ მ------- ნ--------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შენობა ნაგებობას და შეთანხმდნენ, რომ მშენებლობის დამთავრების შემდეგ აღნიშნული შენობა ნაგებობა იქნებოდა მათი საერთო თანასაკუთრება, მისი მართვა, სარგებლობა და განკარგვა განხორციელდეს სამივეს თანხმობით. საერთო საკუთრებაში არსებული ნივთი თანამესაკუთრეთა შეთანხმების საფუძველზე შეიძლება დაგირავდეს ან უფლებრივად დაიტვირთოს ერთ-ერთი მესაკუთრის სასარგებლოდ და მისი ინტერესებისათვის, საერთო საკუთრებაში არსებული ნივთის მოვლისა და შენახვის ხარჯები თანამესაკუთრეებს ეკისრებათ თანაბრად და ყოველ თანამესაკუთრეს აქვს საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება. 2.3. 2009 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, მ------- ნ--------ის სახელზე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში - ქ. ზესტაფონში დ-------ს ქ. #---ში მდებარე 502 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე 94.5 კვ.მ. №1 შენობა -ნაგებობა და 48 კვ.მ. №2 შენობა -ნაგებობა. 2.4. შენობა ნაგებობა N1 განაშენიანების ფართით 94.5 კვ.მ. ექსპლუატაციაში შევიდა 2009 წლის 31 აგვისტოს, ხოლო N2 შენობა ნაგებობა განაშენიანების ფართით 48 კვ.მ. ექსპლუატაციაში შევიდა 2009 წლის 27 ოქტომბრიდან. 2.5. 2009 წლის 12 ოქტომბერს მოპასუხე მ------- ნ--------ესა და ს.ს. ,,რესპუბლიკა ბანკს“ შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა ქ. ზესტაფონში, დ-------ს ქ. #---ში მდებარე უძრავი ქონება - 502.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა -ნაგებობა N1 განაშენიანების ფართით 94.5 კვ.მ., რომელიც რეგისტრირებულია მ------- ნ--------ის საკუთრებად. 2.6. ინდ.მეწარმე ,,მ------- ნ--------ემ“ 2010 წლის 13 იანვრის და 2010 წლის 23 მარტის ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობით გ--–- გ-–--ეს მიანიჭა უფლებამოსილება იყოს ინდ. მეწარმე ,,მ------- ნ--------ის“ წარმომადგენელი საგადასახადო ინსპექციაში, შეიტანოს ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციები, აიღოს შედარების აქტი, იყოს მისი წარმომადგენელი საგადასახადო სამსახურში, შემოსავლების სამსახურში და მის სტრუქტურებში - გადაიხადოს ყველა სახის გადასახადები, ხელზე მიიღოს ყველა საჭირო დოკუმენტები, ინფორმაცია, იყოს მისი წარმომადგენელი ს.ს.,,პროკრედიტ ბანკის“ ზესტაფონის ფილიალში, განკარგოს ამ ბანკში გახსნილი ი/მ ,,მ------- ნ--------ის“ სახელზე არსებული ყველა სახის საბანკო ანგარიშები და ხელი მოაწეროს ყველა საჭირო დოკუმენტებს ამ დავალების შესასრულებლად. 2.7. . შ.პ.ს. ,,ლუსა -აუდიტის“ დირექტორის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნის თანახმად ზესტაფონში, დ-------ს ქუჩა N---ში მდებარე არასაცხოვრებელი (სავაჭრო) ფართი 142,5 კვ.მ-ი შენობის საბაზრო ღირებულება ადგილმდებარეობის გათვალისწინებით 2015 წლის 23 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 70 000 ლარს. 2.8. 2009 წლის 17 ივლისს ი/მ ,,მ------- ნ--------ის სახელზე რეგისტრირებულია საკონტროლო სალარო აპარატი, რომელიც 20012 წლის 20 ნოემბერს მოიხსნა რეგისტრაციიდან. 2.9. ს.ს. ,,ბანკ რესპუბლიკას“ 2009-2013 წლების საბანკო ანგარიშების ამონაწერების თანახმად ბანკსა და მ------- ნ--------ეს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველთვიურად სესხის დაფარვა ხდებოდა დ----- ა-–----ს, გ--–- გ-–--ის, მ------- ნ--------ის და კ------- მ----–--ის მიერ. საიდანაც დ----- ა-–----სა და გ--–- გ-–--ის მიერ სესხის დაფარვის მიზნით გადახდილია 17133 აშშ დოლარი და 3980 ლარი. 2.10. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შ.პ.ს. ,,დავების განმხილველი ცენტრის“ 2013 წლის 05 მარტის N1633 გადაწყვეტილების თანახმად ი/მ ,,მ------- ნ--------ეს“ დ----- ა-–----ს გ--–- გ-–--ეს და ზ------ მ--------ს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე ს.ს. ,,ბანკი რესპუბლიკას სასარგებლოდ საკრედიტო დავალიანების 2846,59 აშშ დოლარისა და 1568 ლარის ანაზღაურება, რომელიც სრულად იქნა დაფარული მ------- ნ--------ის მიერ. 2.11. მოპასუხის პოზიცია, რომ მხარეებს შორის 2009 წლის 04 მარტს დადებული ხელშეკრულება ერთობლივი სახსრებით აეშენებინათ მ------- ნ--------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შენობა ნაგებობები მინი მარკეტისა და ავტომომსახურების ბოქსებისათვის, რომლებიც იქნებოდა მშენებლობის დამთავრების შემდეგ საერთო საკუთრება, არის არა ერთობლივი საქმიანობის დამადასტურებელი, არამედ წარმოადგენს პირობა დადებულ ხელშეკრულებას. დ----- ა-–----ს და გ--–- გ-–--ეს მშენებლობაში მონაწილეობა არ მიუღიათ სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მხარეებს შორის 2009 წლის 04 მარტს დადებული ხელშეკრულება ერთობლივი სახსრებით აეშენებინათ მ------- ნ--------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შენობა ნაგებობები მინი მარკეტისა და ავტომომსახურების ბოქსებისათვის წარმოადგენს ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებას. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადგენილი იქნა, რომ დ----- ა-–---- და გ--–- გ-–--ე მონაწილეობდნენ სადავო შენობა -ნაგებობების მშენებლობაში, როგორც ფიზიკურად, ისე ფულადი სახსრებით. 2.12. საქართველოს შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზესტაფონის რაიონული სამმართველოში მოკვლეული მასალების შესაბამისად 2012 წლის 06 ნოემბერს მ------- ნ--------ემ განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უფროსს, მასზედ, რომ ქ. ზესტაფონში დ-------ს ქ. #---ში მდებარე კომერციული ფართი დ----- ა-–----მ და გ--–- გ-–--ემ მასთან შეუთანხმებლად მიაქირავეს კ------- და თინათინ მ----–--ეებს. აღნიშნულ პირებს ყოველთვიურად უნდა ეხადათ ქირა 1300 ლარი, ასევე, თინათინ და კ------- მ----–--ეს გადასახდელი ჰქონდათ პროდუქტის თანხა 8500 ლარი. კ------- და თინათინ მ----–--ეების განმარტებით, მათ გადასახდელი ჰქონდათ აგვისტოს თვის საიჯარო თანხა - 500 ლარი და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური - 315 ლარი, დანარჩენი თანხა - 9000 ლარი, მათ გადაუხადეს დ----- ა-–----სა და გ--–- გ-–--ეს. რაც შეეხება აღნიშნულ პიროვნებებს, მათთან გასაუბრება ვერ მოხდა, რადგან ისინი საქართველოში არ იმყოფებოდნენ. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის მიერ დადასტურებული ვერ იქნა უტყუარი მტკიცებულებებით, რომ მოსარჩელეები მოგებას და რაიმე შემოსავალს იღებდნენ მის საკუთრებაში არსებული მინი მარკეტიდან და მას არ მიუღია შემოსავალი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის შესაბამისად ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეებს შორის 2009 წლის 04 მარტს დადებული ხელშეკრულება წარმოადგენდა ერთობლივი საქმიანობის დამადასტურებელ ხელშეკრულებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი სახსრებით ააშენებდნენ მ------- ნ--------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობას მინი მარკეტისა და ავტომომსახურების ბოქსებისათვის. მშენებლობის დამთავრების შემდეგ აღნიშნული შენობა-ნაგებობა იქნებოდა მათი საერთო თანასაკუთრება, რომლის მართვას, სარგებლობას და განკარგვას განახორციელებდნენ ერთობლივად, სამივეს თანხმობით. საერთო საკუთრებაში არსებული ნივთის მოვლისა და შენახვის ხარჯებს თანამესაკუთრეები გაიღებენ თანაბრად და ყოველ თანამესაკუთრეს განესაზღვრა საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება. მხარეთა მიერ 2009 წლის 04 მარტს დადებული ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით დადგენილი არაა ერთობლივ საქმიანობაში შესატანის ოდენობა, ასეთ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 932-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეული მონაწილე მოვალეა შეიტანოს იგი თანაბრად. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ეს შესატანი შეიძლება შეტანილი იქნეს, როგორც ქონებით, ასევე მომსახურების გაწევით. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დგინდება, რომ მოსარჩელეები და მათ მიერ მიყვანილი მუშები მონაწილეობდნენ სადავო შენობა-ნაგებობების მშენებლობაში, რომ მოსარჩელეების მიერ ხდებოდა შესაბამისი საამშენებლო მასალების მიტანა მშენებლობისათვის. ს.ს. ,,ბანკ რესპუბლიკასა“ და მოპასუხე მ------- ნ--------ეს შორის 2009 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველთვიურად სესხის დაფარვა ხდებოდა დ----- ა-–----ს, გ--–- გ-–--ის, მ------- ნ--------ის და ვინმე კ------- მ----–--ის მიერ. საიდანაც დ----- ა-–----სა და გ--–- გ-–--ის მიერ სესხის დაფარვის მიზნით გადახდილია 17133 აშშ დოლარი და 3980 ლარი. ამდენად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- ა-–---- და გ--–- გ-–--ე მონაწილეობდნენ სადავო შენობა-ნაგებობების მშენებლობაში, როგორც ფიზიკურად, ისე ფულადი სახსრებით და მათ მიერ შესრულებული იყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 2.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 935-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თითოეულ მონაწილეს უფლება აქვს მოსთხოვოს ყოველ მონაწილეს ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე მოვალეობათა კეთილსინდისიერი შესრულება. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მონაწილე პირთა ერთობლივი საქმიანობით. ამავდროულად მხარეებს უფლება აქვთ ერთმანეთის მიმართ გამოდიოდნენ როგორც კრედიტორი და მოვალე საერთო საქმიანობის მიზნის მისაღწევად ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შეუსრულებლობის შემთხვევაში. საერთო საქმიანობასთან დაკავშირებით, კეთილსინდისიერად შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს თითოეულ მონაწილეს ერთობლივი საქმიანობის ყოველი მონაწილისაგან. ამავე კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად ერთობლივი საქმიანობის მონაწილეთა ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საერთო საქმიანობის შედეგად მიღებული ქონების, მხარეთა ერთობლივი საქმიანობით აშენებული შენობა-ნაგებობების თანამესაკუთრეებად უნდა აღრიცხულიყვნენ მოსარჩელეები ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს მხარეთა უფლებების დაკმაყოფილების საშუალებას. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად კი დასტურდება, რომ სადავო შენობის პირველი ნაწილი ექსპლუატაციაში შევიდა და დარეგისტრირდა მოპასუხე მ------- ნ--------ის საკუთრებაში 2009 წლის 31 აგვისტოს, ხოლო შენობის მეორე ნაწილი შევიდა ექსპლუატაციაში და დარეგისტრირდა მოპასუხე მ------- ნ--------ის საკუთრებაში 2009 წლის 27 ოქტომბერს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შენობა ნაგებობები რეგისტრირებულია მხოლოდ მ------- ნ--------ის საკუთრებაში და არა მხარეთა საერთო თანასაკუთრებაში, როგორც ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. 2.15. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ კრედიტის აღების ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეები იყვნენ სოლიდარული თავდებები, რომ ეს კრედიტი არ იყო აღებული საერთო საქმიანობის მიზნით შენობა-ნაგებობების გასარემონტებლად, არამედ აღებული კრედიტიდან მან პირადად მიიღო მხოლოდ 6000 აშშ დოლარი, დანარჩენი თანხა კი წაიღეს მოსარჩელეებმა პირადი მოხმარების მიზნით და ისინი ვალდებული იყვნენ გადაეხადათ აღნიშნული სესხი. სესხის ხელშეკრულება ს.ს. ,,ბანკ რესპუბლიკასა“ და მოპასუხე მ------- ნ--------ეს შორის დაიდო 2009 წლის 12 ოქტომბერს, როდესაც მხარეთა შორის არსებობდა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად თავდების სოლიდარული პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, როდესაც ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. არცერთი აღნიშნული პირობა მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის, რაც აიძულებდა მოსარჩელეებს შეესრულებინათ მოპასუხე მ------- ნ--------ის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ამასთან თუკი მოსარჩელეებმა მიიღეს და პირადად მოიხმარეს აღებული სესხიდან 14000 აშშ დოლარი და სესხი აღებული არ იყო ერთობლივი საქმიანობის მიზნებისათვის, მით უმეტეს არ არსებობდა მათი ვალდებულება გადაეხადათ 20000 აშშ დოლარი, აღებულზე მეტი. საქმის მასალებისა და სასამართლო სხდომაზე მხარეთა განმარტებების, მოწმეების ჩვენებების ანალიზის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ------- ნ--------ის სახელზე კრედიტი აღებული იქნა ერთობლივი საქმიანობის მიზნებისათვის. 2013 წელში დაიფარა ს.ს. ,,ბანკ რესპუბლიკასა“ და მოპასუხე მ------- ნ--------ეს შორის 2009 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით აღებული კრედიტი. კრედიტის დაფარვა ხორციელდებოდა მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც სესხის მთლიანად დაფარვის შემდეგ, მოპასუხესთან ერთად, მოსარჩელეები გახდებოდნენ ზესტაფონში, დ-------ს ქ. #---ში მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრეები, რაც დარეგისტრირდებოდა საჯარო რეესტრში. დ----- ა-–----სა და გ--–- გ-–--ის მიერ სესხის დაფარვის მიზნით გადახდილია 17133 აშშ დოლარი და 3980 ლარი. 2.16. საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ მოპასუხე მ------- ნ--------ის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაში მინი მარკეტი ფუნქციონირებდა 2009 წლის 17 ივნისიდან 2012 წლის 20 ნოემბრამდე, მოპასუხის როგორც ინდ.მეწარმე ,,მ------- ნ--------ის“ მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე მოსარჩელე გ--–- გ-–--ე ანხორციელებდა მოპასუხის წარმომადგენლობას შემოსავლების სამსახურში და მხოლოდ ს.ს. ,,პროკრედიტ ბანკის“ ზესტაფონის ფილიალში მოპასუხის სახელზე არსებული საბანკო ანგარიშების განკარგვასთან დაკავშირებით. მოპასუხე უთითებს, რომ კ------- და თინათინ მ----–--ეების მიერ მოსარჩელეებისათვის გადახდილია მაღაზიის საიჯარო ქირა და პროდუქციის ღირებულების შესაბამისი ოდენობის თანხა 9000 ლარი, რომ მოსარჩელეები ამუშავებდნენ მაღაზიას, იღებდნენ შემოსავალს და პირიქით მას არ მიუღია რაიმე შემოსავალი. თანხის გადახდა, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, უნდა დადგინდეს თანხის მიღებისა და გაცემის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტით ან უნაღდო ანგარიშსწორების დამადასტურებელი საბანკო ქვითრით, ან სხვა რაიმე წერილობითი მტკიცებულებით. შესაბამისად, ასეთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელეთა მიერ მაღაზიის საიჯარო ქირის, პროდუქციის ღირებულების თანხის ან მაღაზიის შემოსავლის შესაბამისად მოგების მიღებას წარმოდგენილი ვერ იქნა. რაც გამორიცხავს გ--–- გ-–--ისა და დ----- ა-–----ს მიერ რაიმე სარგებლის, მოგების მიღებას ერთობლივი საქმიანობიდან. 2.17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 939-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად მხარეთა შორის ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება მოიშალა. ვინაიდან მოპასუხის მიერ არ მოხდა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების შესაბამისად მოსარჩელეთა თანამესაკუთრედ დარეგისტრირება, მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა შეუძლებელი გახდა ერთობლივი საქმიანობის გაგრძელება და შეწყდა ერთობლივი საქმიანობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 940-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტისას უნდა დამთავრდეს ჯერ კიდევ შეუსრულებელი გარიგებები, შედგეს საინვენტარიზციო ნუსხა, ხოლო დარჩენილი ქონება განაწილდეს მონაწილეებს შორის მათი წილის შესაბამისად. მოსარჩელეთა მხრიდან შესრულებულია ნაკისრი ვალდებულებები, მოპასუხე მხარის მიერ კი არ იქნა შესრულებული ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების პირობები. სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა, რომ მოსარჩელეებმა ერთობლივი საქმიანობის დროს მიიღეს მოგება ან ერთობლივი საქმიანობის დაშლის შემდეგ მათ შორის განაწილდა ქონება თითოეულის წილის შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 935-ე მუხლის პირველი ნაწილის და 940-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ერთობლივი საქმიანობით აშენებული შენობა ნაგებობების ღირებულება აუდიტის დასკვნის თანახმად შეადგენს 70000 ლარს, სადაც ფუნქციონირებს მინი მარკეტი. შენობა-ნაგებობები, რომელთა მშენებლობაზეც ხარჯი გასწიეს მოსარჩელეებმა აღრიცხულია არა მხარეთა თანასაკუთრებაში, როგორც ეს ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, არამედ მხოლოდ მოპასუხის საკუთრებაში. 2.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. პირის ქონების გაზრდა, ან დაზოგვა - სხვა პირის ხარჯზე, კანონით, ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებას და წარმოშობს უსაფუძვლოდ შეძენილი, ან დაზოგილი ქონების უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის ვალდებულებას. სხვა პირის ხარჯზე მიღებული სარგებლის (რაც შეიძლება გამოიხატოს ქონების დაზოგვაშიც) უკან დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი ამით გამდიდრდა. ამასთან, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. კონდიქციური ვალდებულების არსებობისათვის, სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს, ან შემდგომში იშლება. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის, გამდიდრებულის, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად, ან განხორციელდა თუ არა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია ობიექტური შედეგი – ერთი პირის მიერ, მეორე პირის ხარჯზე, რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა), შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ მ------- ნ--------ე უსაფუძვლოდ გამდიდრდა ერთობლივი საქმიანობის პერიოდში მოსარჩელეთა მიერ შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე გაწეული ხარჯით, კერძოდ დადგენილია, რომ სადავო შენობა-ნაგებობა, რომლის საბაზრო ღირებულება აუდიტის დასკვნით შეადგენს 70 000 ლარს, მთლიანად აღრიცხულია მოპასუხე მ------- ნ--------ის საკუთრებაში, მოსარჩელეების მიერ გაწეულია ხარჯი აღნიშნული შენობა-ნეგებობების მშენებლობასა და რემონტზე. მოხდა მოპასუხის ქონების გაზრდა - მოსარჩელე დ----- ა-–----სა და გ--–- გ-–--ის ხარჯზე, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რის გამოც, აღნიშნული შენაძენი ექვემდებარებოდა უფლებამოსილი პირებისათვის დაბრუნებას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მ------- ნ--------ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, რომ დ----- ა-–---- და გ--–- გ-–--ე მონაწილობას იღებდნენ სადავო შენობა-ნაგებობის მშენებლობაში, როგორც ფიზიკურად, ისე ფულადი სახსრებით. სამართლებრივი საფუძვლები 3.2. საქმეში არსებული ხელშეკრულება არ შეიცავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 931-ე მუხლით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს. 3.3. სასამართლომ არასწორად მიიჩნია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მოტივად, რომ ა-–----სა და გ-–--ის მიერ ფიქსირდებოდა შენატანი პროცენტის სახით. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ჩვენებაში მიუთითა, რომ 20000 დოლარიდან 6000 დოლარი იყო მ------- ნ--------ის, ხოლო დანარჩენი თანხა იყო ა-–----, გ-–--ე, მაღრაძის კუთვნილი, რაც მ------- გ-–--ემ პირადად გადასცა ბანკიდან გამოსვლის დროს გ-–--ეს და ა-–----ს. 3.4. 2009 წლის მარტის თვეში გაფორმებული ხელშეკრულება იმთავითვე ბათილი იყო, ვინაიდან პირობა, რომელიც მოცემული იქნა აღნიშნულ ხელშეკრულებაში, არ იქნა შესრულებული მოსარჩელე მხარის მიერ. 3.5. 2009 წლის მარტის თვეში გაფორმებული ხელშეკრულება ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მინი მარკეტის მშენებულობაში მხარეებს არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულების პირობა იქნებოდა სხვაგვარი. 3.6. სარჩელში მითითებული ფაქტები არ გამომდინარეობს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. 2009 წლის 4 მარტს მ------- ნ--------ეს, დ----- ა-–----სა და გ--–- გ-–--ეს შორის დაიდო ხელშეკრულება. 4.2. ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებს მ------- ნ--------ის კუთვნილ ნაკვეთზე უნდა აეშენებინათ შენობა, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ იგი უნდა გადასცემოდათ თანასაკუთრებაში. 4.3. 2009 წლის 4 მარტიდან 2009 წლის ოქტომბრამდე მხარეებმა ზემოხსენებული შენობა ააგეს და 2009 წლის 12 ოქტომბრისათვის ნაკვეთის განაშენიანების ფართი შეადგენდა უკვე 94,5 კვ.მ-ს (ს.ფ. 18; 25). მოგვიანებით, ნაკვეთზე დამატებით ააგეს 48 კვ.მ. ფართის ნაგებობა და, ამჯერად, შენობათა საერთო ფართი 142,5 კვ.მ-ია. 4.4. 2009 წლის 9 ოქტომბერს მ------- ნ--------ემ სს ბანკ რესპუბლიკასათან დადო ხელშეკრულება კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ. 4.5. ამ ხელშეკრულებით მ------- ნ--------ემ სს ბანკი რესპუბლიკისაგან წლიური 24% სარგებლით ისესხა 20 000 აშშ დოლარი. 4.6. ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად 2009 წლის 12 ოქტომბერს მ------- ნ--------ემ იპოთეკით დატვირთა ზემოხსენებული უძრავი ქონება. 4.7. ვალდებულების შესრულებაზე სოლიდარული თავდებობა იკისრეს დ----- ა-–----მ გ--–- გ-–--ემ და ზ------ მ--------მ. 4.8. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ძირითადად, ასრულებდნენ დ----- ა-–---- და გ--–- გ-–--ე და ვალდებულების შესასრულებლად მათ გადაიხადეს 20 000 აშშ დოლარი. 4.8.1. 2012 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით ხელშეკრულებიდან დარჩენილი დავალიანება შეადგენდა 3397,07 აშშ დოლარს. აქედან, ძირითადი თანხა იყო, მხოლოდ, 1904,49 აშშ დოლარი. ამის შესაბამისად, ვალდებულების შესასრულებლად, მხოლოდ ძირითადი თანხის სახით გადახდილი იყო 20000-1904,49=18095,51 აშშ დოლარი. სამართლებრივი დასაბუთება 4.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.9.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ, არსებითად, სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად გადაწყვიტა, რომ აპელანტი ვალდებული იყო მოწინააღმდეგე მხარისათვის თანხა გადაეხადა. 4.10. პალატა, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, აპელანტის კუთვნილ ნაკვეთზე ნაგებობა მოსარჩელეთა ხარჯით აშენდა. 4.10.1. ეს მტკიცდება როგორც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებითა და საქმეზე დაკითხული ყველა მოწმის ჩვენებებით, ასევე თავად აპელანტის პოზიციით. 4.10.1.1. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით, საინტერესოა აპელანტის არარეგისტრირებული მეუღლის, თ------------ის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ 2009 წლის 4 მარტიდან აპელანტი ზესტაფონში, პრაქტიკულად, აღარ ჩადიოდა და საქმის წარმოება, მთლიანად, გ--–- გ-–--ისათვის ჰქონდა მინდობილი. მოწმეს არ უთქვამს, რომ ამის შემდეგ, აპელანტმა მშენებლობისათვის რაიმე გადაიხადა და, არადამაჯერებლად, გაიხსენა მხოლოდ ერთი შემთხვევა, როცა მოსარჩელეებს ამ პერიოდის განმავლობაში თანხა გადაუგზავნა, თუმცა მხოლოდ - სურსათის შესაძენად. 4.10.1.2. საქმეში არსებული მტკიცებულებებით კი ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ 142,5 კვ.მ. ფართის მქონე ნაგებობა აპელანტის კუთვნილ ნაკვეთზე, სწორედ, 2009 წლის 4 მარტის შემდეგ აშენდა. 4.10.1.3. ამ ვითარებაში, სავსებით ბუნებრივია, რომ ნაგებობის აშენების ხარჯი, სწორედ, მოსარჩელეებმა გაიღეს. 4.10.2. თუმცა, მოწმეთა ჩვენებაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ დ----- ა-–----სა და გ--–- გ-–--ის სარჩელზე აპელანტმა შესაგებელი წარადგინა ორჯერ. 4.10.2.1. ამასთან, თავდაპირველად წარდგენილ შესაგებელში მას არ მიუთითებია არც-ერთი ფაქტობრივი გარემოება, რომელთა გამოც იგი სასარჩელო მოთხოვნას არ ეთანხმებოდა. 4.10.2.2. მოსარჩელეთა მიერ მითითებულ გარემოებებს იგი, არსებითად, არ შედავებია არც მეორედ, ე.წ. დაზუსტებულ სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში. 4.10.2.3. ეს შესაგებელი შეიცავდა მითითებას, ძირითადად, იმ ფაქტებზე, რომლებიც დავის საგანთან პირდაპირ და უშუალო შემხებლობაში არ იყო. 4.10.2.4. მეტიც, დაზუსტებულ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლის შინაარსის მიხედვით, აპელანტი მოსარჩელეთა მხრიდან მის სასარგებლოდ ხარჯის გაწევას სადავოდ არც ხდიდა, თუმცა აცხადებდა, რომ მათ მიმართ თავადაც გააჩნდა ფინანსური პრეტენზიები. 4.10.2.5. საყურადღებოა, რომ ამ საქმეზე საქალაქო სასამართლომ ჩაატარა მოსამზადებელი სხდომა, თუმცა სარჩელის საფუძვლის გამომრიცხავი ან შემაფერხებელი გარემოებები აპელანტს არც აქ მიუთითებია. 4.10.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებაში, საქმეზე №ას-664-635-2016 განმარტა, რომ: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“. 4.10.3.1. აქვე, დიდმა პალატამ განმარტა, რომ „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, 162 შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები“). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“. 4.10.4. საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება (ნორმის განმარტება) სავალდებულოა ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის. 4.10.4.1. ამ ნორმის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოსათვის დიდი პალატის ზემოხსენებული სამართლებრივი შეფასება სავალდებულოა. 4.10.4.2. როგორც აღინიშნა, აპელანტი სარჩელზე წარდგენილ არც-ერთ შესაგებელსა და არც მოსამზადებელ სხდომაზე შედავებია იმ ფაქტს, რომ აპელანტის კუთვნილ ნაკვეთზე „ძირითად სამუშაოებს, როგორც ფიზიკურად, ასევე ეკონომიკურადაც წევდა დ----- ა-–----“ და მ------- ნ--------ის მიერ აღებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შენატანებს 2009 წლიდან 2013 წლამდე, სწორედ, მოსარჩელეები იხდიდნენ. 4.10.4.3. ამის გამო, მოსარჩელეთა მიერ მითითებული ეს გარემოებები დამტკიცებულია. 4.11. პალატას მიაჩნია, რომ 2009 წლის 4 მარტს მხარეებმა იკისრეს ვალდებულება ემოქმედათ ერთობლივად, საერთო მიზნის მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, ოღონდ იურიდიული პირის შექმნის გარეშე. 4.11.1. ამის შესაბამისად, ნათელია, რომ 2009 წლის 4 მარტს მხარეები ერთობლივ საქმიანობაზე შეთანხმდნენ და მათ ეს შეთანხმება დადეს წერილობით. 4.11.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 931-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამახნაგობის ხელშეკრულება დადებულია წერილობით, მაშინ იგი უნდა შეიცავდეს: ა. მონაწილეთა დასახელებასა და მისამართს; ბ. მონაცემებს ერთობლივი საქმიანობის სახეობისა და მიზნის შესახებ; გ. მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს; დ. მართვის ორგანოთა სტრუქტურასა და ფუნქციებს; ე. მონაწილეთა შორის შემოსავლებისა და ზიანის განაწილების წესსა და პირობებს; ვ. ხელშეკრულებიდან გასვლის წესს; ზ. საქმიანობის ხანგრძლივობას; თ. ხელშეკრულების მოშლისა და დარჩენილი ქონების განაწილების წესს. 4.11.3. მართალია, 2009 წლის 4 მარტს მხარეები ერთობლივ საქმიანობაზე შეთანხმდნენ, თუმცა მათ არ შეუთანხმებიათ ამხანაგობის მონაწილეთა უფლებები და მოვალეობები; მართვის ორგანოთა სტრუქტურა და ფუნქციები; მონაწილეთა შორის შემოსავლებისა და ზიანის განაწილების წესი და პირობები; ხელშეკრულებიდან გასვლის წესი; საქმიანობის ხანგრძლივობა და ხელშეკრულების მოშლისა და დარჩენილი ქონების განაწილების წესი. 4.11.4. ეს ნიშნავს, რომ ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე მხარეები არ შეთანხმებულან. 4.11.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. 4.11.6. რადგან მხარეებს ამხანაგობის ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა არ შეუთანხმებიათ, ეს ხელშეკრულება დადებულად არ ითვლება. 4.11.7. ეს კი ნიშნავს, რომ მოსარჩელეებმა აპელანტის კუთვნილ ქონებაზე ხარჯი გასწიეს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და ამის შედეგად ეს ქონება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ე.ი. აპელანტი უსაფუძვლოდ გამდიდრდა მოსარჩელეთა ხარჯზე. 4.12. შპს ლუსა-აუდიტის 2015 წლის 23 ივლისის აუდიტორული დასკვნის თანახმად, მოსარჩელეთა დანახარჯებით აგებული მოპასუხის კუთვნილი ქონების ღირებულება 70 000 ლარია. მხარეები ამ დასკვნას სადავოდ არ ხდიან. 4.12.1. შპს ზესტაფონპროექტის დირექტორის სახელზე აპელანტის განცხადებით, 2008 წლის 28 იანვრის მდგომარეობით საჯარო რეესტრიდან ამონაწერით, გენ-გეგმითა და მხარეთა შორის 2009 წლის 4 მარტს დადებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის აპელანტის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ნაგებობა არ იდგა. ამჟამად, კი ნაკვეთზე აშენებულია 142,5 კვ.მ. ფართის ნაგებობა. 4.12.2. ამრიგად, აპელანტის კუთვნილი ნაგებობა აშენებულია ხელშეკრულების დადების შემდეგ. ეს კი ნიშნავს, რომ აპელანტი მოსარჩელეთა ხარჯზე გამდიდრდა 70 000 ლარით. ეს თანხა მოსარჩელეთა მოთხოვნას აღემატება. 4.12.3. ამის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, აპელანტმა მოსარჩელეებს დანახარჯი უნდა აუნაზღაუროს. 4.13. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, მოსარჩელეები ითხოვენ, არა მხოლოდ, აპელანტის ქონებაზე გაწეული ხარჯის, არამედ აპელანტის ვალის გასასტუმრებლად გადახდილი თანხის ანაზღაურებასაც, თუმცა ეს მოთხოვნები ჩამოყალიბებული აქვთ ერთობლივად. 4.13.1. ფ/პ დ-------- ლ------ის ცნობის თანახმად, მოსარჩელეებმა აპელანტის ვალდებულების შესასრულებლად გადაიხადეს 17133 აშშ დოლარი და 3980 ლარი. თავად მოსარჩელეთა თქმით, კი ეს თანხა 20 000 აშშ დოლარს შეადგენდა. 4.13.2. აღნიშნული ფაქტი, კერძოდ ის, რომ მოსარჩელეებმა მისი ვალის გასასტუმრებლად სს ბანკ რესპუბლიკას 20 000 აშშ დოლარი გადაუხადეს, აპელანტს არც-ერთი ინსტანციის სასამართლოში სადავოდ არ გაუხდია. 4.13.3. პირიქით, მან ეს გარემოება დაადასტურა კიდეც, ოღონდ განმარტა, რომ სესხად აღებული 20 000 აშშ დოლარიდან 14 000 აშშ დოლარი მათვე ეკუთვნოდათ. 4.13.4. პალატის აზრით, თავისი შესაგებელი აპელანტმა ვერ დაამტკიცა. 4.13.5. ამ პოზიციის დასადასტურებლად აპელანტმა სასამართლოს წარუდგინა მხოლოდ ერთი მოწმე, არარეგისტრირებული მეუღლე, თ------------ე. 4.13.5.1. პალატა, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ აპელანტის განმარტებით, სესხად აღებული 20 000 აშშ დოლარიდან მან მოსარჩელეებს 14 000 აშშ დოლარი გადასცა და ამ თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის გასტუმრების ვალდებულება, სწორედ, მოსარჩელეებმა იკისრეს. 4.13.5.2. ეს ნიშნავს, რომ, არსებითად, აპელანტის თქმით მხარეთა შორის ერთგვარი სესხის ხელშეკრულება დაიდო. 4.13.5.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, მართალია, სესხის ხელშეკრულება შეიძლება ზეპირადაც დაიდოს, თუმცა ამ შემთხვევაში მისი ნამდვილობა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით არ შეიძლება დადგინდეს. 4.13.5.4. ამის შესაბამისად, მხოლოდ თ------------ის ჩვენებით აპელანტის პოზიციის დამტკიცება შეუძლებელია. 4.13.5.5. ამის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ აპელანტის პოზიციას არც ამ მოწმის ჩვენება ამტკიცებს. მოწმის თქმით, უშუალოდ თანხის გადაცემას იგი არ დასწრებია, თანხა არ დაუთვლია და ზუსტად ისიც კი არ იცოდა, აპელანტმა 20 000 აშშ დოლარიდან 5000 თუ 6000 აშშ დოლარი დაიტოვა. საინტერესოა, რომ მოწმეს მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდა და მიაჩნდა, რომ ერთობლივი საქმიანობიდან მხარეებს არათანაბარი წილი ეკუთვნოდათ. ეს კი ნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება, ამ ნაწილში, ბუნდოვანი და არადამაჯერებელია. 4.13.5.6. თუმცა, ყურადსაღებია მისი განმარტება იმის თაობაზე, რომ ბანკში თანხას „გ--–- გ-–--ე იხდიდა..., შეჰქონდა და თუ არ წაუღია რატომ შეჰქონდა“ (2016 წლის 11 მაისის სხდომის ოქმი - 14:55:59-14:56:19), ხოლო საქმიანობის დასრულების შემდეგ, მოსარჩელეები წავიდნენ და ბანკის წინაშე გადაუხდელი ვალი დატოვეს, რომლის გადახდაც აპელანტს მოუწიაო. 4.13.5.7. აქედან კი დამატებით ჩანს, რომ სს ბანკი რესპუბლიკის მიმართ აპელანტის ვალის ძირითადი ნაწილი, სწორედ, მოსარჩელეებმა გადაიხადეს. 4.14. ამის შესაბამისად, დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა, ე.ი. თავდებებმა კრედიტორის, სს ბანკი რესპუბლიკის მიმართ შეასრულეს მოვალის, აპელანტის ვალდებულება. 4.14.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 905-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ. 4.14.2. ამ ნორმის შესაბამისად, დაკმაყოფილებული მოთხოვნის, ე.ი. გადახდილი ვალის ნაწილში, მოსარჩელეებზე გადავიდა სს ბანკი რესპუბლიკას მოთხოვნა აპელანტის მიმართ. 4.14.3. ამრიგად, მათი სარჩელი თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანი იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმადაც. 4.15. აპელანტის მოთხოვნის არსებობა მოსარჩელეთა მიმართ საქმეში არსებული არც-ერთი მტკიცებულებით დასტურდება. ამის გამო, ამ მოთხოვნათა გაქვითვა აპელანტის მიერ შესასრულებელ ვალდებულებაში შეუძლებელია. 4.16. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მ------- ნ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები თამარ სვანიძე

ნანა კალანდაძე