განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №190210017001797904
საქმე №2ბ/6286-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ივნისი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოs
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ამირან ძაბუნიძე
განხილვის ფორმა- ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - სს ,,ს----------–--------ი“
წარმომადგენელი - ხ----- გ------ე
მოწინააღმდეგე მხარეები: შ--–-- ჩ----–---–ი
დავის საგანი - კრედიტის დაბრუნება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს ,,ს----------–--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები წარმოდგენილი არ ყოფილა.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. 2012 წლის 8 დეკემბერს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------სა” და მოპასუხე შ--–-- ჩ----–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მიიღო კრედიტი 10 000 ლარი 36 თვის ვადით. მოპასუხემ კრედიტის დაბრუნების ვალდებულება შეასრულა არაჯეროვნად, 2013 წლის ივლისის თვის შემდეგ კრედიტი ბანკისათვის არ დაუბრუნებია.
2012 წლის 8 აგვისტოს სს ,,ს----------–--------სა” და შ--–-- ჩ----–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: სესხის თანხა 10 000 ლარი, სესხის ვადა 2015 წლის 10 აგვისტომდე. სესხის სარგებელია წლიური 16%. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სესხის დაბრუნება ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის და დარიცხული სარგებლის თანხის, საერთო ჯამში 351.68 ლარის გადახდით. თანხის გადახდის ვადად განსაზღვრულია ყოველი თვის 10 რიცხვი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის და შეადგენს სესხის თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
შ--–-- ჩ----–---–მა დაარღვია კრედიტის დაბრუნების გრაფიკი. ბოლო შენატანი განახორციელა 2013 წლის 1 ივლისს, რის შემდეგ მას კრედიტის დასაბრუნებლად თანხა მოსარჩელისათვის არ გაუხდია. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ყოველთვიურად ყოველი თვის 10 რიცხვში თანხის გადახდით, შესაბამისად მომდევნო თვეში - 2013 წლის აგვისტოს თვეში მოსარჩელეს უნდა გადაეხადა კრედიტის დასაბრუნებელი თანხა. ეს ვალდებულება მას არ შეუსრულებია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას
- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 18- 33. ტომი 1)
- სასესხო ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 48-49. ტომი 1)
2.3. სს „ს----------–------------“ 2016 წლის 27 მაისს სარჩელის მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვს 2012 წლის 8 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების დაკისრება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის გამო. მოსარჩელემ განმეორებით სარჩელი აღძრა 2017 წლის 9 თებერვალს.
მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის განჩინება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ, რომლის თანახმად სს „ს----------–--------ს“ უარი ეთქვა შ--–-- ჩ----–---–ის მიმართ აღძრული სარჩელის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ სარჩელი არ იყო წარდგენილი განსჯად სასამართლოში. განჩინებაში მითითებულია, რომ სს „ს----------–--------ი“ მოითხოვდა შ--–-- ჩ----–---–ისათვის 2012 წლის 8 აგვისტოს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების დაკისრებას.
სს „ს----------–--------ის“ წარმომადგენლის განმარტებით, ეს განჩინება არ გაუსაჩივრებიათ და იგი შესულია კანონიერ ძალაში.
ამდენად, სს „ს----------–--------მა“ შ--–-- ჩ----–---–ისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით პირველი სარჩელი აღძრა 2016 წლის 27 მაისს, რომლის მიღებაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით უარი ეთქვა. აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაში შესულია 2016 წლის 27 ივნისიდან.
სარჩელის მიღებაზე უარის თქმის განჩინების გასაჩივრების წესი დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლით, რომლის თანახმად, 1. ამ კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს მოსამართლისათვის სარჩელის (განცხადების) გადაცემიდან არა უადრეს 5 და არა უგვიანეს 14 დღისა მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართებზე ეგზავნებათ შეტყობინება ან სასამართლოში გამოცხადების შედეგად ეცნობებათ სარჩელის (განცხადების) მიღებაზე უარის თქმის შესახებ ან სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) მათ მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე. 2. სარჩელის (განცხადების) მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება მოსარჩელის მიერ განჩინების ჩაბარებიდან, ხოლო ჩაუბარებლობის შემთხვევაში − ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან მეორე დღეს.
ამ ნორმის თანახმად, მოსარჩელემ განჩინება სარჩელის მიღების შესახებ უნდა ჩაიბაროს სარჩელის მოსამართლისათვის გადაცემიდან არა უადრეს 5 და არაუგვიანეს 14 დღის ვადაში, ხოლო განჩინების ჩაუბარებლობის შემთხვევაში განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება ამ ვადის გასვლიდან მეორე დღეს. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის განჩინება მიღებულია 2017 წლის 31 მაისს. მოსარჩელეს არ მიუთითებია, როდის ჩაიბარა განჩინების ასლი. მისი განმარტებით, მას განჩინება არ გაუსაჩივრებია. განჩინების ასლზე დასმულ შტამპზე მითითებულია, რომ განჩინება შესულია კანონიერ ძალაში, ხოლო შტამპზე მითითებულია თარიღი 2016 წლის 29 სექტემბერი. ეს თარიღი განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი არ არის, რადგან იურიდიული პირის მიერ წარდგენილი სარჩელის მიღებაზე უარის თქმის განჩინების გასაჩივრების ვადა იწყება სარჩელის ჩაბარებიდან მე-15 დღეს, ხოლო კერძო საჩივრის წარდგენის ვადა სსსკ-ის 414-ე მუხლის მიხედვით არის 12 დღე. ამდენად, განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 15 ივნისს. გასაჩივრების 12 დღიანი ვადის ბოლო დღეა 2016 წლის 26 ივნისი - დასვენების დღე კვირა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში საპროცესო ვადა სრულდება მომდევნო პირველ სამუშაო დღეს, ამდენად, განჩინების გასაჩივრების ვადა დასრულდა 2016 წლის 27 ივნისს.
ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის განჩინება კანონიერ ძალაში შესულია 2016 წლის 27 ივნისიდან.
მოპასუხე სარჩელის საწინააღმდეგოდ მიუთითებს სარჩელის ხანდაზმულობაზე და განმარტავს, რომ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის განჩინების მიღებიდან 6 თვის ვადაში არ არის აღძრულია სარჩელი რუსთავის საქალაქო სასამართლოში.
რუსთავის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრულია 2017 წლის 9 თებერვალს, 2016 წლის 31 მაისის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 123-ე მუხლის მიხედვით, ვადა, რომელიც განსაზღვრულია კვირების, თვეების ან რამდენიმე თვის შემცველი დროით – წლით, ნახევარი წლით, კვარტალით, – მთავრდება ბოლო კვირის ან ბოლო თვის იმ დღის დამთავრებისთანავე, რომელიც შეესაბამება მოვლენის დადგომის დღეს ან დღის ზემოაღნიშნულ დროს.
ამ ნორმის თანახმად, 6 თვიანი ვადა ამ შემთხვევაში იწყება 2016 წლის 28 ივნისს და ვადის დასრულების კალენდარული დღეა 2016 წლის 28 დეკემბერი. განსახილველი სარჩელი რუსთავის საქალაქო სასამართლოში აღძრულია 2017 წლის 9 თებერვალს. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი, რომლითაც დეკლარირებულია მხარის შესაძლებლობა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა, უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამასთან, შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მხარე თავად განსაზღვრას რა ფაქტებს მიუთითებს სასამართლოში მისი პოზიციის მართებულობის წარმოსაჩენად და რა მტკიცებულებებს წარმოადგენს ამ ფაქტების დასადასტურებლად.
შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეს არა მარტო უფლებას ანიჭებს, არამედ ავალდებულებს სასამართლოში დავის განხილვის დროს მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მიერ მითითებული ფაქტები. სასამართლო განმარტავს, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ეს ფაქტები მიუთითა. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ ნორმის თანახმად, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი თანაბრად ნაწილდება, მოსარჩელეს ევალება სარჩელში მითითებული გარემოებების დასაბუთება, მოთხოვნის არსებობის ფაქტის დადასტურება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია ამტკიცოს სარჩელის საწინააღმდეგო ფაქტები, ისეთი გარემოებების არსებობა, რაც გამორიცხავს მისთვის ვალდებულების დაკისრებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
ამ შემთხვევაში მოპასუხე სარჩელის გამომრიცხავ გარემოებად ასახელებს ხანდაზმულობის ვადის გასვლას. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე წინა სამი წლის დავალიანების დაკისრება, რადგან მისი განმარტებით, მანამდე პერიოდის დავალიანების მოთხოვნის უფლება ხანდაზმულია. ამდენად, მოსარჩელის ამ განმარტებიდან გამომდინარე თავად მოსარჩელე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სარჩელი განმეორებით არ არის წარმოდგენილი სარჩელის მიღებაზე უარის თქმიდან 6 თვის ვადის დაცვით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს
- სარჩელის მიღებაზე უარის თქმის განჩინების ასლი (ს.ფ. 51-53, ტომი 1)
- სარჩელი (ს.ფ. 2. ტომი 1)
- მოსარჩელის განმარტება (19.09.2017წ სხდომის ოქმი CD დისკი)
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადავო ურთიერთობა წარმოშობილია საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისად დავა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობს. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს მოთხოვნის წარმოშობა, ანუ სარჩელში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, ხელშეკრულების არებობის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია. ასევე სადაოვდ არ გაუხდია ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი და დაადასტურა, რომ 2013 წლის აგვისტოდან ბანკისათვის თანხა არ დაუბრუნებია. მან წარადგინა მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი შესაგებელი და განაცხადა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ, რის გამოც განხორციელებადი არ არის მოთხოვნა სახელშეკრულებო დავისათვის გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის გამო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
სასამართლომ განმარტა, რომ მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო 2012 წლის 8 აგვისტოს 36 თვის ვადით. მსესხებელს კრედიტი უნდა დაებრუნებინა ყოველთვიურად თანხის გადახდით. შესაბამისად, სახელშეკრულებო ვალდებულება პერიოდულად გადახდით უნდა შესრულებულიყო, ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან წარმოშობილი მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლის ვადა.
სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე რომლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირი უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.
სასამართლოს მითითებით, მსესხებელს კრედიტი უნდა დაებრუნებინა ყოველთვიურად თანხის გადახდით. შესაბამისად, სახელშეკრულებო ვალდებულება პერიოდულად გადახდით უნდა შესრულებულიყო. ბოლო გადახდა მოპასუხემ განახორციელა 2013 წლის 1 ივლისს, მომდევნო გადახდა უნდა განეხორციელებინა 2013 წლის აგვისტოში, ეს ვალდებულება კი მოპასუხემ აღარ შეასრულა. მან 2013 წლის აგვისტოდან კრედიტის დაბრუნება შეწყვიტა. ამდენად, სარჩელის აღძვრის გზით მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება წარმოიშვა 2013 წლის აგვისტოს თვიდან.
ვინაიდან საკრედიტო ხელშეკრულება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას გულისხმობს, კრედიტის ყოველთვიურად გადახდით სრულდება, მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება შესასრულებელი ვალდებულებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რომელიც იწყება იმ დროიდან, როცა მოვალე დაარღვევს გადახდის ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 123-ე მუხლის მიხედვით, ვადა, რომელიც განსაზღვრულია კვირების, თვეების ან რამდენიმე თვის შემცველი დროით – წლით, ნახევარი წლით, კვარტალით, – მთავრდება ბოლო კვირის ან ბოლო თვის იმ დღის დამთავრებისთანავე, რომელიც შეესაბამება მოვლენის დადგომის დღეს ან დღის ზემოაღნიშნულ დროს. შ--–-- ჩ----–---–მა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება დაარღვია 2013 წლის აგვისტოდან. ხელშეკრულებით შეთანხმებული სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით შ--–-- ჩ----–---–ს თანხა უნდა დაებრუნებინა 2013 წლის 12 აგვისტოს, რის გამოც ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 13 აგვისტოდან და დასრულდა 2016 წლის 13 აგვისტოს.
სს „ს----------–--------მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ამ ვადის გასვლამდე - 2016 წლის 27 მაისს, თუმცა ამ სარჩელის საფუძველზე სასამართლოში საქმის განხილვა არ დაწყებულა. მოსარჩელეს სარჩელის მიღებაზე უარი ეთქვა და განემარტა, რომ სარჩელი უნდა წარედგინა განსჯად – რუსთავის საქალაქო სასამართლოში. განმეორებით სარჩელი განსჯად სასამართლოში სს „ს----------–--------მა“ აღძრა 2017 წლის 9 თებერვალს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.
მითითებული მუხლი ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას კრედიტორის მოქმედებით, როდესაც კრედიტორი საკუთარი მოთხოვნის დაცვის ნებას ავლენს და მიმართავს გარკვეულ ღონისძიებებს დარღვეული უფლების აღსადგენად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. კერძოდ, ხანდაზმულობის ვადის დენას უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი სარჩელი (განცხადება) წყვეტს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს. სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვისას აუცილებელია, რომ აღნიშნული ორგანო კომპეტენტური იყოს, ანუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება ამ ორგანოსადმი მიმართვის გზით უნდა შეიძლებოდეს. თითოეულმა მხარემ თავად უნდა შეარჩიოს საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სწორი და ეფექტური საშუალება, ამ პირობის დარღვევით გამოწვეული შედეგები კი, თავად მხარის რისკია. (უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 22 აპრილის განჩინებას საქმეზე Nას-1586-1489-2012).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, 1. სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. 2. თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.
ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 138-ე და 140-ე მუხლები ითვალისწინებს ხანდაზმულობის შეწყვეტას კრედიტორის მიერ სარჩელის აღძვრით.
სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლში მითითებულია სარჩელის განუხილველად დატოვების და მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის შესახებ. თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს ნორმა განმარტებული უნდა იქნეს მისი დანიშნულების გათვალისწინებით და არა მასში მითითებული ტერმინების სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან გამომდინარე.
მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევას, რა დროსაც პირს შეუზღუდავად შეუძლია ახალი სარჩელის აღძვრა, თუ აღმოიფხვრება სარჩელის წარმოებაში მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები.
სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლში მითითებული ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძველი - მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, არ გულისხმობს მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმას, რისი საპროცესო-სამართლებრივი შედეგია საქმის წარმოების შეწყვეტა. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი განმეორებით აღძრას სარჩელი იმავე მოთხოვნით, იმავე საგანზე და იგივე მხარეების მიმართ. ასეთ შემთხვევაში სსსკ-ის 186-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო მიიღებს განჩინებას სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში მოსარჩელეს კანონი არ ანიჭებს განმეორებით ამავე სარჩელის აღძვრის უფლებამოსილებას, რის გამოც სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი ასეთ შემთხვევაში არ წარმოიშობა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლში იგულისხმება ისეთი შემთხვევა, როცა მხარეს სარჩელის მიღებაზე უარი ეთქვა ისეთი გარემოების გამო, რომლის აღმოფხვრის შემთხვევაში მოსარჩელე უფლებამოსილია განმეორებით მომართოს სასამართლოს საერთო საფუძველზე. ამ შემთხვევაში სს „ს----------–--------მა“ 2016 წლის მაისის თვეში სარჩელი აღძრა არაგანსჯად სასამართლოში - თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლის მიერ მიღებული განჩინებით სარჩელის მიღებაზე უარი ეთქვა და ამავდროულად განემარტა, რომ სარჩელით უნდა მიემართა რუსთავის საქალაქო სასამართლოსათვის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 6 თვის გამავლობაში სარჩელის განმეორებით აღძვრის შემთხვევაში სს „ს----------–--------ის“ მიმართ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყვეტილად ჩაითვლებოდა 2016 წლის 27 მაისს სარჩელის წარდგენის დღიდან, მოსარჩელეს კი, რუსთავის საქალაქო სასამართლოში სარჩელი ამ ვადის დაცვით არ აღუძრავს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის განმარტებისას სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 22 აპრილის განჩინებაში ( საქმე Nას-1586-1489-2012) გამოთქმულ მოსაზრებებს.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ სარჩელის აღძვრამდე წინა სამი წლის პერიოდის საკრედიტო დავალიანების მოთხოვნის უფლება ხანდაზმული არ არის.
სასამართლომ კვლავ განმარტა, რომ სადაო საკრედიტო ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა. სესხის ხელშეკრულება დაიდო 2012 წლის 8 აგვისტოს სამი წლის ვადით და ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2015 წლის 10 აგვისტოს. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება საკრედიტო ხელშეკრულებაში მხოლოდ მსესხებელს გააჩნია, ხოლო ბანკს ხელშეკრულების დადების და მსესხებლისათვის თანხის გადაცემის შემდეგ მოვალის მიმართ რაიმე ვალდებულება არ გააჩნია. საკრედიტო ხელშეკრულების დადების შემდეგ წარმოიშობა მოვალის ვალდებულება დააბრუნოს კრედიტი ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხის გადახდის გრაფიკით.
სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ მითითებული ხანდაზმულობის ვადის ათვლის წესი შეიძლება გამოყენებული იქნას ისეთი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების ურთიერთვალდებულებები. მაგალითად, ასეთად შეიძლება ჩაითვალოს ელექტროენერგიის მომხმარებლისა და ელექტროენერგიის მიმწოდებელს შორის ურთიერთობა, როცა აბონენტს ყოველთვიურად მიეწოდება ელექტროენერგია, ხოლო მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური აბონენტმა უნდა გადაიხადოს ყოველთვიურად.
საკრედიტო ხელშეკრულების შინაარსში ორმხრივად პერიოდულად შესასრულებელი ფულადი ვალდებულებები არ შედის, მსესხებელს ეკისრება ვალდებულება ყოველთვიურად თანხის გადახდით დააბრუნოს მიღებული კრედიტი, რომლის დარღვევის შემთხვევაში გადახდის პერიოდის პირველი დარღვევის მომენტიდანვე კრედიტორს წარმოეშობა მოთხოვნის უფლება მოვალეს მოსთხოვოს ვალდებულების იძულებით შესრულება.
სარჩელში მითითებულია, რომ პირგასამტეხლო და პროცენტი გამოანგარიშებულია 2016 წლის 3 აგვისტომდე ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით. შესაბამისად, სარჩელით მოთხოვნილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში დარიცხული სარგებელი და პირგასამტეხლო. მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა და მოითხოვს 2014 წლის 9 თებერვლიდან 2017 წლის 9 თებერვლამდე პერიოდის დავალიანების დაკისრებას, თუმცა 2014 წლის 9 თებერვლის მდგომარეობით კრედიტის დაბრუნების ვალდებულება მოპასუხეს უკვე დარღვეული ჰქონდა, 2013 წლის აგვისტოს თვიდან იგი თანხას აღარ იხდიდა, ამდენად, გადაუხდელი თანხის მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა არა 2014 წლის თებერვლიდან, არამედ მანამდე 2013 წლის აგვისტოდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
ამდენად, კრედიტორის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვება მოვალეს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას ანიჭებს, ხოლო კრედიტორის მოთხოვნა სამართლებრივად უვარგისი, განუხორციელებელი ხდება. ამ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელის საწინააღმდეგოდ განაცხადა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ, რაც ხანდაზმული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
მოსარჩელემ მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, რადგან სესხის ხელშეკრულების 5,2 პუნქტით მხარეებით შეთანხმდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671-ე მუხლის პირველის ნაწილზე რომლის შესაბამისად სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.
ამავე კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
სს „ს----------–--------ს“ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რის გამოც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საფუძველი არ არსებობდა.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, იურიდიულად დაუსაბუთებელია რუსთავის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ სესხი არის სრულად ხანდაზმული, რომ მოსარჩელემ 2016 წლის 27 მაისს მიმართა სარჩელით თბილისი საქალაქო სასამართლოს, რომლის მიერ მიღებული განჩინებით სარჩელის მიღებაზე უარი ეთქვა და განემარტა, რომ სარჩელი უნდა წარედგინათ განსჯად სასამართლოში - რუსთავის საქალაქო სასამართლოში. რუსთავის საქალაქო სასამართლოში სარჩელი წარდგენილია 2017 წლის 9 თებერვალს, სარჩელის მიღებაზე უარის თქმიდან 6 თვის ვადის დარღვევით. სსკ 140 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან და ამ ექვსთვიანი პერიოდის გაშვება არ გულისხმობს, რომ სესხი არის სრულად ხანდაზმული.
აპელანტმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილზე რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციპიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან, სამი წელია. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თითოეული პერიოდისათვის ცალ-ცალკე წარმოშობილი მოთხოვნის უფლება.
აპელანტის განმარტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის და 317-ე მუხლის მიხედვით, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მხარეებს შორის წარმოიშვა საბანკო კრედიტთან დაკავშირებული ურთიერთობა, კერძოდ სს ,, ს----------–--------სა" და შ--–-- ჩ----–---–ს შორის 2012 წლის 8 აგვისტოს დაიდო საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება 36 თვის ვადით წლიური 16%-ის ოდენობით. სესხის დაფარვა ხდებოდა ხელშეკრულებაში მითითებული გრაფიკის მიხედვით, თვეში ერთხელ, ყოველი თვის 10 რიცხვში, 36 თვის განმავლობაში. შესაბამისად, მითითებული გარიგება წარმოშობს სწორედ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს, რომელთაგანაც უკანასკნელი შესრულდა 2013 წლის 1 ივლისს.
აპელანტმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილიზე რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
აპელანტის განმარტებით დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერსების რეალიზება ან სასამართლოს წესით დაცვა შეზღუდულია სამოქალაქო კანომდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით. კანომდებელი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დრო, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.
სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან სამი წელია.
კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად. (იხ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება საქმე Nას-1432-1351-2012).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტს მიაჩნია, რომ სესხი არა სრულად, არამედ ნაწილობრივ ხანდაზმულია. 2014 წლის 9 თებერვლამდე, რადგანაც სს ,,ს----------–--------მა" სასამართლოს მიმართა 2017 წლის 9 თებერვალს.
შესაბამისად, როგორც უკვე აღვნიშნე, სარჩელი სს ,, ს----------–--------ის" მიერ შეტანილი იყო 2017 წლის 9 თებერვალს, სესხი ხანდაზმულია 2014 წლის 9 თებერვლამდე. აქედან გამომდინარე მოთხოვნის ოდენობა შეადგენს 10318.36 ლარს. ( საიდანაც ძირი თანხა არის 5879.56 ლარი, პროცენტი- 2827.68 ლარი, პირგასამტეხლო 32222.4 ლარის 5% არის 1611.12 ლარი).
ზემოაღნიშნულიდან, გამომდინარე, აპელანტი ითხოვს გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2017 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე 2-315-17, მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაეკისროს 10318.36 ლარი. (საიდანაც ძირი თანხა არის 5879.56 ლარი, პროცენტი- 2827.68 ლარი, პირგასამტეხლო 32222.4 ლარის 5% არის 1611.12 ლარი).
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. განჩინების 2.1. - 2.3. პუნქტები).
4.2. სს ,,ს----------–-----------“ და მოპასუხე შ--–-- ჩ----–---–ს შორის 2012 წლის 8 დეკემბერს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მიიღო კრედიტი 10 000 ლარი 36 თვის ვადით.
4.3. მოპასუხემ კრედიტის დაბრუნების ვალდებულება შეასრულა არაჯეროვნად, 2013 წლის ივლისის თვის შემდეგ კრედიტი ბანკისათვის არ დაუბრუნებია.
4.4. აპელანტ ,,სს ს----------–--------სა“ და შ--–-- ჩ----–---–ს შორის 2012 წლის 8 აგვისტოს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: სესხის თანხა 10 000 ლარი, სესხის ვადა 2015 წლის 10 აგვისტომდე. სესხის სარგებელია წლიური 16%. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სესხის დაბრუნება ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის და დარიცხული სარგებლის თანხის, საერთო ჯამში 351.68 ლარის გადახდით. თანხის გადახდის ვადად განისაზღვრა ყოველი თვის 10 რიცხვი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის და შეადგენდა სესხის თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4.5. შ--–-- ჩ----–---–მა დაარღვია კრედიტის დაბრუნების გრაფიკი. ბოლო შენატანი განახორციელა 2013 წლის 1 ივლისს, რის შემდეგ მას კრედიტის დასაბრუნებლად თანხა მოსარჩელისათვის არ გაუხდია. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ყოველთვიურად ყოველი თვის 10 რიცხვში თანხის გადახდით, შესაბამისად მომდევნო თვეში - 2013 წლის აგვისტოს თვეში მოსარჩელეს უნდა გადაეხადა კრედიტის დასაბრუნებელი თანხა. ეს ვალდებულება მას არ შეუსრულებია.
4.6. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს ,,ს----------–--------ის“ მოთხოვნა შ--–-- ჩ----–---–ის მიმართ ხანდაზმულია შემდეგ გარემოებათა გამო:
- სს „ს----------–--------მა“ შ--–-- ჩ----–---–ისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით პირველი სარჩელი აღძრა 2016 წლის 27 მაისს, რომლის მიღებაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით უარი ეთქვა. აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაში შესულია 2016 წლის 27 ივნისიდან.
- დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის განჩინება კანონიერ ძალაში შესულია 2016 წლის 27 ივნისიდან.
- უდავოა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრულია 2017 წლის 9 თებერვალს, 2016 წლის 31 მაისის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ.
- პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ სს ,,ს----------–--------ის“ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 13 აგვისტოდან და სს ,,ს----------–--------ის“ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 2016 წლის 13 აგვისტოს ამოიწურა.
ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.
განსახილველ შემთხვევაში სს ,,ს----------–--------ს“ მოთხოვნა შ--–-- ჩ----–---–ის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე 2013 წლის 13 აგვსიტოს წარმოეშვა. აღნიშნული ალდებულების შესრულების ხანდაზმულობის ვადა 3 წელია. ნანა სს ,,ს----------–--------მა“ პირველი სარჩელი შ--–-- ჩ----–---–ის მიმართ ვალდებულების შესრულების მოთხოვნით 2016 წლის 27 მაისს აღძრა, რომლის მიღებაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით უარი ეთქვა. აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაში შესულია 2016 წლის 27 ივნისიდან. ხოლო აღნიშნული სარჩელი აღძრულია 2017 წლის 9 თებერვალს, 2016 წლის 31 მაისის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ.
დადგენილია, რომ შ--–-- ჩ----–---–მა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება დაარღვია 2013 წლის აგვისტოდან. ხელშეკრულებით შეთანხმებული სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით შ--–-- ჩ----–---–ს თანხა უნდა დაებრუნებინა 2013 წლის 12 აგვისტოს, რის გამოც ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 13 აგვისტოდან და სს ,,ს----------–--------ის“ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 2016 წლის 13 აგვისტოს ამოიწურა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 138-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება, შესაბამისად, გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.
სასამართლო ვერ გაიზიარებს სს ,,ს----------–--------ის“ მტკიცებას მასზედ, რომ სესხი არა სრულად, არამედ ნაწილობრივ ხანდაზმულია. 2014 წლის 9 თებერვლამდე, რადგანაც სს ,,ს----------–--------მა" სასამართლოს მიმართა 2017 წლის 9 თებერვალს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სს ,,ს----------–--------ის“ სასარჩელო მოთხოვნა შ--–-- ჩ----–---–ის მიმართ ხანდაზმულია.
გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის კონტექსტში ხანდაზმულობის ვადა წყდება უფლებამოსილი ორგანოსათვის კანონით დადგენილი წესით მიმართვის გზით. რაც შეეხება მეორე მხრისათვის მოთხოვნის წარდგენით ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას, ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის მიზნებისათვის მოთხოვნის წარდგენად მოთხოვნის მეორე მხარემდე მისვლა მიიჩნევა, შესაბამისად, სს ,,ს----------–--------ის“ მიერ შ--–-- ჩ----–---–ისთვის წარდგენილი მოთხოვნა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას გამოიწვევდა იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოთხოვნა შ--–-- ჩ----–---–ამდე კანონით დადგენილი წესით მივიდოდა და აღნიშნული გარემოება სათანადო მტკიცებულებებით დადასტურდებოდა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,ს----------–--------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. სს ,,ს----------–--------ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც მის მიერ წინასწარ გადახდილია 412,73 ლარის ოდენობით.
3. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5. განჩინების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, რომელიც ესწრება სასამართლო განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე