განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002327534
საქმე №2ბ/4078-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ირაკლი ბონდარენკო
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტები - სს ,,ს--–-----ი“
წარმომადგენელი - ნ---------- გ------------–ი
მოწინააღმდეგე მხარე - თ-----ი ჩ-------ე
დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის განჩინება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების და გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ----- ჩ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. თ----- ჩ-------ისათვის საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მიზნით დაევალა სს „ს--–-----ს" თ-----ის ჩ-------ის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, მ--------ს გამზ. №--ში მდებარე სხვენიდან (ს/კ 0----------------------), კუთვნილი სადენების გატანა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის განჩინებით სს ,,ს--–-----ის” წარმომადგენლის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 28 თებერვალს სარჩელით მომართა თ-----ი ჩ-------ის წარმომადგენელმა ზ---- ქ-------ემ, მოპასუხე სს ,,ს--–-----ის” მიმართ, ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2014 წელს თ-----ი ჩ-------ეს, ამხანაგობა ,,ს---------–--ს” კრების გადაწყვეტილებით, ყოველგვარი პირობის გარეშე (უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო), საკუთრებაში გადაეცა უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, მ--------ს ქ. №--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სხვენი ფართით 77,03 კვ.მ, რაც კანონის მოთხოვნათა შესაბამისად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (ს/კ 0----------------------). მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ აღნიშნულ ფართში მოთავსებულია სს ,,ს--–-----ის” მფლობელობაში არსებული სატელეფონო სადენები და მათი გამანაწილებელი ფარი. სს ,,ს--–-----ის” აღნიშნული მეურნეობა არის მოუწესრიგებელ მდგომარეობაში, უქმნის მესაკუთრეს დამატებით პრობლემებს და ლახავს მის უფლებებს, სრულფასოვნად ისარგებლოს თავისი საკუთრებით.
შესაბამისად მოსარჩელე ითხოვს, რომ ქ. თბილისი, მ--------ს გამზ. №--ში მდებარე სხვენის (ს/კ 0----------------------), მესაკუთრესთვის ხელის შეშლის აღკვეთას სს „ს--–-----ის” მიმართ, რაც გამოიხატება სს „ს--–-----ის" მხრიდან სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან მისი კუთვნილი სადენების გადატანაში, რათა უძრავი ქონების მესაკუთრეს მიეცეს საშუალება სრულფასოვნად ისარგებლოს მისი კუთვნილი ნივთით.
2018 წლის 16 მარტს მოპასუხე სს ,,ს--–-----ის” წარმომადგენელმა ნ---------- გ------------–მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო სარჩელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 აპრილის განჩინებით დაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა. 2018 წლის 17 აპრილს 13:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე სს ,,ს--–-----ის” წარმომადგენელი, რომელსაც სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ სატელეფონო აქტით (ს.ფ 59) და არც გამოუცხადებლობის მიზეზები უცნობებია სასამართლოსთვის.
სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელის წარმომადგენელმა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სარჩელის დაკმაყოფილება.
სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში არსებული სატელეფონო აქტით დასტურდება, რომ მოპასუხე სს ,,ს--–-----ის" წარმომადგენელს ნ---------- გ------------–ს სასამართლო სხდომის დღის შესახებ ეცნობა 2018 წლის 10 აპრილს სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით (ს.ფ. 59). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2014 წელს თ----- ჩ-------ეს, ამხანაგობა ,,ს---------–--ს” კრების გადაწყვეტილებით, ყოველგვარი პირობის გარეშე (უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო), საკუთრებაში გადაეცა უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, მ--------ს ქ. №--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სხვენი ფართით 77,03 კვ.მ, რაც კანონის მოთხოვნათა შესაბამისად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (ს/კ 0----------------------).
მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ აღნიშნულ ფართში მოთავსებულია სს ,,ს--–-----ის” მფლობელობაში არსებული სატელეფონო სადენები და მათი გამანაწილებელი ფარი. სს ,,ს--–-----ის” აღნიშნული მეურნეობა არის მოუწესრიგებელ მდგომარეობაში, უქმნის მესაკუთრეს დამატებით პრობლემებს და ლახავს მის უფლებებს, სრულფასოვნად ისარგებლოს თავისი საკუთრებით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 0----------------------, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, მ--------ს ქ. №--ში საცხოვრებელი სახლის სხვენი ფართით 77,03 კვ.მ საკუთრების უფლებით აღრიცხულია თ----- ჩ-------ის სახელზე.
მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ზემოაღნიშნულ უძრავი ქონების ფართში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოთავსებულია სს ,,ს--–-----ის” სატელეფონო სადენები და მათი გამანაწილებელი ფარი.
სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა სარჩელში მითითებული და დადასტურებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ ისინი იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას და გამომდინარეობენ ზემოთ მითითებული ნორმების მოთხოვნებიდან.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით 2018 წლის 2 მაისს სასამართლოს საჩივრით მომართა მოპასუხის სს ,,ს--–-----ის“ წარმომადგენელმა ნ---------- გ------------–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საჩივრის ავტორის განმარტებით, ქალაქ მ–-----ს მუნიციპალიტეტის შესაბამის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩაინიშნა 2018 წლის 17 აპრილს დილის 11:00 საათზე, რის თაობაზეც სს ,,ს--–-----ისთვის” ცნობილი გახდა ამავე წლის 17 აპრილს დილის 10:00 საათზე. საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ის წარმოადგენს ზემოაღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებულ პროექტზე პასუხისმგებელ პირს, შესაბამისად მას მოუწია სასწრაფო წესით მცხეთაში გამგზავრება, თუმცა შეხვედრა გაგრძელდა 1,5 საათით მეტხანს. მოპასუხე მხარის განმარტებით, საჩივრის წარმოდგენა ცხადყოფს, რომ სს ,,ს--–-----ს” არ დაუკარგავს იურიდიული ინტერესი სასამართლოში მიმდინარე საქმის მიმართ, ვინაიდან მოპასუხე მხარის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზით და ფაქტობრივად ფორს-მაჟორული მდგომარეობით, რამდენადაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაგრძელდა დაგეგმილზე მეტ ხანს და მოპასუხე მხარეს არ ჰქონდა შესაძლებლობა ოფიციალურად ეცნობებინა სასამართლოსთვის, რომ ადგილი ჰქონდა სხდომაზე გამოუცხადებლობის დამაბრკოლებელ გარემოებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორი ითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინებით საჩივრის ავტორის სს ,,ს--–-----ის“ წარმომადგენლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული განჩინების მიხედვით, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივარი განიხილება სასამართლო სხდომაზე. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც იწყება სარჩელის განხილვა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს იმაზე მითითებით, რომ მოუწია გადაუდებელ შეხვედრაზე დასწრება. ეს უკანასკნელი გარემოება კი მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის განმარტება სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამომწვევი საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ და განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 აპრილის განჩინებით დაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა. 2018 წლის 17 აპრილს 13:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე სს ,,ს--–-----ის” წარმომადგენელი, რომელსაც სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ სატელეფონო აქტით (ს.ფ 59) და არც გამოუცხადებლობის მიზეზები უცნობებია სასამართლოსთვის.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლზე, რომლის თანახმად საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის წარმომადგენელს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ არც სხდომამდე და არც სხდომის ჩატარების შემდეგ არ უცნობებია სასამართლოსთვის. სასამართლო არ მიიჩნევს სამსახურებრივ შეხვედრაზე ყოფნას სასამართლოში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კანონით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც მოპასუხე სს ,,ს--–-----ის” საჩივარი არ
უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ საპატიო მიზეზია განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მხარისგან დამოუკიდებლად შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას, რისი არსებობაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია სსკ-ის 241-ე მუხლის შესაბამისად. საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მისი სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ქ. მ–-----ს მუნიციპალიტეტში გამართული შეხვედრის დაგეგმილზე მეტი დროით გაგრძელება. აღნიშნული გარემოება ობიექტურად შეუძლებელს ხდიდა სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ასევე ამ გარემოების თაობაზე ოფიციალური შეტყობინების გაკეთება შეუძლებელი იყო ვინაიდან საჩივრის ავტორს არ ჰქონდა წვდომა სასამართლოს კანცელარიასთან, რათა ეცნობებინა სასამართლოსთვის სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად გამოიყენა კანონი, თუმცა არასწორად განმარტა მისი ნორმატიული შინაარსი, ვინაიდან მოპასუხის წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.
საჩივრის ავტორი მოპასუხე სს ,,ს--–-----ის“ პოზიციას სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში უცვლელად ტოვებს და განმარტავს, რომ იგი იდენტურია შესაგებელში წარმოთქმულ შეხედულებებთან და იმთავითვე წარმოადგენდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
სააპელაციო პალატა აქვე ყურადღებას მიაქცევს იმ პროცესუალურ საფუძვლებზე, რომელთა გათვალისწინებითაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი განხილული იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის და ამავე კოდექსის 3761-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში თ----- ჩ-------ის სარჩელთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომა დანიშნული იყო 2018 წლის 17 აპრილს 13:00 საათზე.
ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, თ----- ჩ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. თ----- ჩ-------ისათვის საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მიზნით დაევალა სს „ს--–-----ს" თ-----ი ჩ-------ის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, მ--------ს გამზ. №--ში მდებარე სხვენიდან (ს/კ 0----------------------), კუთვნილი სადენების გატანა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის განჩინებით, სს ,,ს--–-----ის” წარმომადგენლის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასაბუთება დააფუძნა იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, ასევე, ის ფაქტი, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით.
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის მიხედვით, ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა განმარტავს, რომ გამოუცხადებელ მხარეს შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს.
პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას 2018 წლის 17 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ სს ,,ს--–-----ის“ საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობების არარსებობის შესახებ, რაც აისახა სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის განჩინებაში.
პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მსჯელობას, რომ მოპასუხე სს ,,ს--–-----ის“ წარმომადგენელს 2018 წლის 17 აპრილს 13:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ არც სხდომამდე და არც სხდომის ჩატარების შემდეგ არ უცნობებია სასამართლოსთვის, ხოლო სამსახურებრივ შეხვედრაზე ყოფნა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ მიიჩნევა. ამავდროულად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სხდომის დღეს სასამართლოსთვის შეტყობინების განხორციელების შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება საჩივრის ავტორს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ დასაბუთებულად არ გაიზიარა საჩივარში საპატიო მიზეზად მითითებული გარემოებები, რომლებიც ეხებოდა მოპასუხის წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობას.
როგორც აღინიშნა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის კიდევ ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სავსებით კანონიერად მიიჩნია დადგენილად სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.2. 2014 წელს თ----- ჩ-------ეს, ამხანაგობა ,,ს---------–--ს“ კრების გადაწყვეტილებით, ყოველგვარი პირობის გარეშე (უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო) საკუთრებაში გადაეცა უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, მ--------ს ქ. N--ში საცხოვრებელი სახლის სხვენი ფართით 77,03 კვ.მ., რაც კანონის მოთხოვნათა შესაბამისად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (ს/კ 0----------------------).
4.3. დადგენილია, რომ თ----- ჩ-------ის საკუთრებაში არსებულ ფართში მოთავსებულია სს ,,ს--–-----ის“ მფლობელობაში არსებული სატელეფონო სადენები და მათი გამანაწილებელი ფარი. სს ,,ს--–-----ის“ აღნიშნული მეურნეობა არის მოუწესრიგებელ მდგომარეობაში და უქმნის მესაკუთრეს დამატებით პრობლემებს და ლახავს მის უფლებებს, სრულფასოვნად ისარგებლოს თავისი საკუთრებით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების დანაწესზე და განმარტავს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
4.5. განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისი, მ--------ს გამზირი N--ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი №0----------------------) მესაკუთრეა თ-----ი ჩ-------ე (პირადი ნომერი 0----------); უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ს---------–--ს“ კრების ოქმი N-----------, დამოწმებული 22.07.2014 წელს. (ტ.1.ს.ფ. 13-16).
პალატა არ იზიარებს აპელანტის მტკიცებას მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფლობის მართლზომიერებასთან დაკავშირებით და მიუთითებს იმ ნორმატიულ აქტზე, რომელზეც სს ,,ს--–-----ის“ წარმომადგენელი აკეთებს აპელირებას, კერძოდ „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 04 ივლისის №134 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ პუნქტზე (აკრძალულია ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც შეუძლია დაარღვიოს ხაზების ნორმალური ფუნქციონირება, კერძოდ: ა) ხაზების დაცვის ზონაში შენობების, ხიდების, კოლექტორების, გვირაბების, საავტომობილო გზებისა და რკინიგზების რეკონსტრუქცია ან/და მშენებლობა ხაზების მფლობელი ორგანიზაციის მიერ გაცემული ტექნიკური პირობების დაცვით მშენებლობის დამკვეთის ხარჯზე ხაზების გადატანის გარეშე).
პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული დადგენილება არ არეგულირებს მიწის ნაკვეთის მესაკუთრესა და ქსელის მფლობელ პირს შორის მესაკუთრის ნაკვეთზე ქსელის განთავსების საკითხთან დაკავშირებულ ურთიერთობას. მფლობელის მიერ სხვისი ნაკვეთის გამოყენება რეგულირდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საერთო წესით, მფლობელსა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში საკაბელო ხაზები განთავსებულია მესაკუთრის თანხმობის გარეშე. ასეთი თანხმობა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ გაუცია. ამასთან, მხარეებს, მათ შორის, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების დადების ამსახველი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.
აქვე პალატა განმარტავს, რომ აპელანტის მითითება მასზედ, რომ ვინაიდან წარმოადგენს საკომუნიკაციო ნაგებობის მესაკუთრეს, რაც გარანტირებულად ანიჭებს უფლებას ფლობდეს ამ ნივთს მესამე პირების თანხმობის გარეშე და სარგებლობდეს მისით შესაბამისი დანიშნულებისამებრ, ვერ ჩაითვლება უძრავი ნივთის ფლობის მართლზომიერების დამადასტურებელ გარემოებად, აგრეთვე მესაკუთრის მხრიდან მისი კუთვნილი უძრავი ნივთის არამართლზომიერი მფლობელისაგან გამოთხოვის დამაბრკოლებელ წინაპირობას არ წარმოადგენს.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობაზე და ხელშეშლაზე, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს. საჯარო რეესტრის ჩანაწერის საფუძველზე დადგენილია, რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო უძრავ ნივთს ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი უფლებრივი შებოჭვისთვის. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. აღნიშნული გარემოებები კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ამდენად, აპელანტმა ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე შემთხვევას, ისევე, როგორც ვერ დაადასტურა სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საპატიო მიზეზი, რისი მტკიცების ტვირთიც, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრებოდა თავად საჩივრის ავტორს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 160 (ას სამოცი) ლარი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,ს--–-----ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება; და ამავე საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
3. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 32) მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა აუდრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი ბონდარენკო