განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.09.2018
საქმის ნომერი
080210118002247100
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
12.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210118002247100

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე№2/ბ-729-18 12 აგვისტო 2018 წელი

ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი(მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - შპს ,,დ---- ბ--–----- კ------ი“ გ------- თ--------ე მ-------ი გ-------ე დ----- ქ----–--ე

დავის საგანი - შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: შპს „დ---- ბ--–----- კ------ი“-სთვის, მ-------ი გ-------ის სასარგებლოდ, 2016 წლის 24 სექტემბრიდან -სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ დაყოვნებულ დღეზე, შრომის ანაზღაურების დავალიანების - დაყოვნებული თანხის 10040 ლარის 0.07%-ის კერძოდ, 07 ლარის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის 20 ივლისს, მოპასუხესთან დაიდო შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული სამუშაოს შესრულების ვადით, რომლის თანახმადაც, მ-------ი გ-------ე, ქ.ქუთაისის დ. ა----–-----–--------–--------------–----------------------ში, კოშკურა ამწით მოემსახურებოდა დამსაქმებელს 2016 წლის 30 აგვისტომდე. ერთი სამუშაო დღის ღირებულება განისაზღვრა 170 ლარი.

მ.გ-------ემ სამუშაო შეასრულა კეთილსინდისიერად და დაასრულა 2016 წლის 24 სექტემბერს, რომლის მიხედვითაც, სამუშაო დღეთა რაოდენობამ შეადგინა სულ 64 დღე, თუმცა მოპასუხეს სამუშაოს ღირებულება არ გადაუხდია, რაც 10040 ლარს შეადგენს და რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს შპს ,,დ---- ბ--–----- კ------ის.

2017 წლის 17 მარტს, მხარეთა შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მოპასუხეს, 2017 წლის 20 აპრილიდან- 2017 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით, გრაფიკით უნდა დაეფარა დავალიანება, თუმცა მოპასუხემ შეთანხმება არ შეასრულა.

შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 10040 ლარის 0.07%.

 

მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე, შპს ,,დ---- ბ--–----- კ------ი’’-ს წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, 10040 ლარის დაკისრების ნაწილში და განმარტა, რომ მხარეებს შორის დადებული, 2016 წლის 20 ივლისის ხელშეკრულება იყო არა შრომითი, არამედ ნარდობის ხელშეკრულება. ამდენად, არ არსებობდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, როგორც ხელფასის დაყოვნებისათვის, შრომის კოდექსით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს სახით 0.07%-ის დაკისრების საფუძველი.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. მ-------ი გ-------ის (პ/ნ 6----------) სარჩელი, შპს ,,დ---- ბ--–----- კ------ი’’-ს (ს/ნ 4--------) მიმართ დაკმაყოფილდეს; 2. მოპასუხე შპს ,,დ---- ბ--–----- კ------ი’’-ს მ-------ი გ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს 10040 (ათიათასორმოცი) ლარის გადახდა; 3. მოპასუხე შპს „დ---- ბ--–----- კ------ი“-ს მ-------ი გ-------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს შრომის ანაზღაურების დავალიანების - დაყოვნებული თანხის 10040 ლარის 0.07%, კერძოდ, 07 ლარი ყოველ დაყოვნებულ დღეზე, 2016 წლის 24 სექტემბრიდან, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 4. შპს ,,დ---- ბ--–----- კ------ის'', მოსარჩელე მ-------ი გ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს, მის მიერ, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, 50 ლარის ანაზღაურება; 5. შპს ,,დ---- ბ--–----- კ------ის'', სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის 229,95 ლარის გადახდა; 6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 იანვრის განჩინების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე შპს ,,დ---- ბ--–----- კ------ის’’ (ს/ნ 4--------) შემდეგ საბანკო ანგარიშებს: 1) სს ,,თიბისი ბანკი’’, TBCBGE22, G--------------------- და 2) სს ,,პროგრეს ბანკი’’, PRSGGE22, G--------------------- სასარჩელო მოთხოვნის 10 040 ლარის ფარგლებში, - დარჩეს უცვლელად. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2016 წლის 20 ივლისს, მ-------ი გ-------ეს და შპს ,,დ---- ბ--–----- კ------ის'' შორის, დაიდო შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით, რომლის საფუძველზეც მ-------ი გ-------ე, შპს ,,დ---- ბ--–----- კ------ი’’ -ში დასაქმდა და მისი ყოველდღიური ანაზღაურება განისაზღვრა 170 ლარით. 2.2. შრომითი ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, ხელფასი შეიცავდა ყველა სახის სახელფასო გადასახადებსა და ანარიცხებს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. აღნიშნულ გადასახადებს და ანარიცხებს დაქირავებული სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხდის დარიცხული ხელფასიდან. 2.3. შპს ,,დ---- ბ--–----- კ------ის’’ დირექტორის მიერ, 2017 წლის 03 მარტს გაცემული ცნობის თანახმად, მ-------ი გ-------ის ერთი სამუშაო დღის ღირებულებაა 170 ლარი საშემოსავლოს და საწვავის ჩათვლით; სამუშაო დღეების რაოდენობა-64 დღე; გადასახდელი თანხის ოდენობა -10040 ლარი. 2.4. 2017 წლის 03 მარტს, მხარეებს შორის შედგენილი შეთანხმების აქტის მიხედვით, მოსარჩელე და მოპასუხე შეთანხმდნენ, რომ არსებულ დავალიანებას 10040 ლარს მოპასუხე დაფარავდა 6 თვეში გრაფიკის შესაბამისად, კერძოდ, 2017 წლის აპრილ-მაისში 1680 ლარის, ხოლო მომდევნო თვეებში 1700 ლარის ოდენობით. 2.5. მოპასუხეს თანხა მოსარჩელისთვის დღემდე არ გადაუხდია. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.6. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 115-ე მუხლებზე, საქართველოს შრომის კოდექსის 1-ლი მე-2, მე-6, 21-ე, 31-ე, 53-ე მუხლებზე და განმარტა: მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის 20 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------ი გ-------ეს და შპს ,,დ---- ბ--–----- კ------ის’’ შორის წარმოიშვა შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის თანახმადაც, მ-------ი გ-------ე გარკვეული სამუშაოს შესრულების პირობით დასაქმდა შპს ,,შპს დ---- ბ--–----- კ------ი’’-ში კოშკურა ამწის მემანქანედ, მისი ყოველდღიური ხელფასი განისაზღვრა 170 ლარით, ხოლო სამუშაოს შესრულების ვადა -64 დღე. 2.7. გაზიარებული არ იქნა მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ 2016 წლის 20 ივლისის ხელშეკრულება იყო ნარდობის ხელშეკრულება. სასამართლომ მიუთითა, რომ დადგენილი გარემოებების თანახმად, ხელშეკრულება იყო ვადიანი და მოპასუხეს უნდა გადაეხადა მოსარჩელისთვის ხელფასი, რაც დათქმულ ვადაში არ გადაუხდია. შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია გადაუხადოს დასაქმებულს, როგორც ძირითადი დავალიანება-10040 ლარი, ისე, შრომის კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, დაყოვნების ყოველი დღისათვის, დაყოვნებული თანხის 0.07%, 2016 წლის 24 სექტემბრიდან, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 7 ლარს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მხარეთ შორის დადებული, 2016 წლის 20 ივლისის ხელშეკრულება წარმოადგენდა შრომით ხელშეკრულებას. ხელშეკრულებით განისაზღვრა, მხოლოდ სამუშაოს ანაზღაურების ოდენობა და განსაზღვრული არ ყოფილა მისი გადახდის წესი. ნარდობასა და შრომით ურთიერთობას, სწორედ შრომის კოდექსის მე-6.9 მუხლში ჩამოთვლილი პირობები განასხვავებს, ამასთან, ამავე კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, დასაქმებულის მიერ, დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ვინაიდან, მხარეთა შორის შრომის არსებით პირობებზე შეთანხმება არ მომხდარა, განისაზღვრა, მხოლოდ სამუშაოს ანაზღაურების ოდენობა, ადასტურებს, რომ ეს ურთიერთობა იყო ნარდობა. შესაბამისად, შრომის კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე, დაყოვნებული თანხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება სამართლებრივად არასწორია და ამ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2016 წლის 20 ივლისს, მ-------ი გ-------ეს და შპს ,,დ---- ბ--–----- კ------ის'' შორის, დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ-------ი გ-------ეს, 2016 წლის 30 აგვისტომდე, საკუთარი კოშკურა ამწით, საკუთარი პასუხისმგებლობითა და რისკით, შპს ,,დ---- ბ--–----- კ------ი’’ -სთვის უნდა შეესრულებია მისთვის დავალებული სამუშაო. 4.2. ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღრა ანაზღაურების ოდენობა და მისი გადახდის წესი, კერძოდ: 1 სამუშაო დღე-170 ლარი; გადასახდელი თანხა მოიცავდა ყველა სახის გადასახადებსა და ანარიცხებს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. აღნიშნულ გადასახადებს და ანარიცხებს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხდიდა თავად დაქირავებული დარიცხული ხელფასიდან. ხელფასის გადახდა მოხდებოდა, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, სადაც დაზუსტდებოდა შესრულებული სამუშაოს რაოდენობა. 4.3. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მ------- გ-------ემ განმარტა, რომ სამუშოს შესრულებისათვის გადახდილი თანხიდან, ბიუჯეტის საასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის ვალდებულება მას, როგორც ინდ. მეწარმეს ეკისრებოდა. 4.4. სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მ-------ი გ-------ის ნამუშევარი დღეების რაოდენობაა-64 დღე, ხოლო ამ დღებისათვის გადასახდელი თანხა- 10040 ლარი, რომლის დაკისრების ნაწილში სარჩელი ცნო მოპასუხემ. 4.5. განსახილველ შემთხვევაში სადავოა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა მხარეთა შორის. სადავო საკითხების გარკვევის მიზნით, პალატა უპირველესად მიზანშეწონილად მიიჩნევს, მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. 4.6. სამოქალაქო კოდექსი, სახელშეკრულებო ურთიერთობის თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, საკანონმდებლო რეგულირების ფარგლებში, საკუთარი შეხედულებით მოაწესრიგონ მათ შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები. ამგვარი ხელშეკრულებები შესაძლოა, ზოგჯერ არ თავსდებოდეს სამოქალაქო კოდექსში მზა სახით მოცემული სახელშეკრულებო მოდელის ჩარჩოებში. შესაბამისად, სადავოობისას სამართლებრივი შედეგების მოწესრიგება საჭიროებს სასამართლოს მიერ ხელშეკრულების შინაარსის განმარტებას. თითოეული ხელშეკრულების შინაარსი უნდა განიმარტოს, არა მისი სახელწოდებიდან გამომდინარე, არამედ იმ უფლება-მოვალეობათა სისტემის გათვალისწინებით, რომელსაც შეიცავს კონკრეტული გარიგების შინაარსი; 4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას, ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. განსახილველ საქმეში, სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში (ე.წ. „შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული სამუშაოს შესრულების ვადით“) დაფიქსირებული შეთანხმების შინაარსზე, ამ ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, რათა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიენიჭოს მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას. 4.8. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629.1, 630.2 და 648-ე მუხლების თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით, მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას, შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო, თუ ტარიფები არ არსებობს,მაშინ - ჩვეულებრივი ანაზღაურება. შემკვეთი მოვალეა, მენარდეს გადაუხადოს საზღაური, სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას. 4.9. შრომის კოდექსის მე-6.9 მუხლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია: ა) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა; ბ) სამუშაო დრო და დასვენების დრო; გ) სამუშაო ადგილი; დ) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე; ე) შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი; ვ) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი; ზ) ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და შვებულების მიცემის წესი. 4.10. ამავე კოდექსის 31.2 და 33.1 მუხლების თანახმად, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან დაქვითოს ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მისთვის დასაქმებულს აქვს გადასახდელი. 4.11. ამრიგად, შრომის ხელშეკრულების საფუძველზე, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, საიდანაც დამსაქმებელი ახდენს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების (საშემოსავლო) დაქვითვას, ხოლო ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სამუშაოს შემსრულებელს (მენარდე) ეძლევა ანზღაურება კონკრეტულად განსაზღვრული ტარიფით და მისი გადახდა ხდება სამუშაოს შესრულების შემდეგ. 4.12. ვინაიდან, მხარეთა შორის დადებული, 2016 წლის 20 ივლისის ხელშეკრულების შინაარსის მიხედვით, მ------- გ-------ეს სამუშაო უნდა შეესრულებია საკუთარი ამწის გამოყენებით, რისთვისაც ანაზღაურება განისაზღვრა არა საათობრივად, არამედ დღიურად, კონკრეტულად განსაზღვრული ტარიფით, დღეში 170 ლარი, ასევე ამ თანხიდან გადასახადები და ანარიცხები თავად მ. გ-------ეს უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბიუჯეტში, როგორც ინდ მეწარმეს, ხოლო სამუშაოს შესრულებისთვის თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო სამუშაოს დასრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, პალატა მიიჩნევს, რომ ამ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მხარეთა შორის ურთიერთობა რეალურად წარმოადგენს ნარდობას. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ დავა გამომდინარეობდა შრომის სამართლებივი ურთიერთობიდან არასწორია. 4.13. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან, ამ ურთიერთობის ფარგლებში შრომის კოდექსის 31.3 მუხლის გამოყენება და მის საფუძველზე ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის, დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა უსაფუძვლოა. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ამ ნაწილში მ. გო------ის მოთხოვნა დაუსაბუთებელია რაც მისი გაუქმების საფუძველია. 4.14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მ------- გ-------ის იმ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით, რომლითაც ნარდობის საზღაურის დაყოვნებისათვის, მოპასუხეს არასწორად დააკისრა შრომითი ურთიერთობისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია და ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება მითითებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ შპს „დ---- ბ--–----- კ------ის“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს „დ---- ბ--–----- კ------ის“, მ-------ი გ-------ის სასარგებლოდ დაეკისრა, 2016 წლის 24 სექტემბრიდან -სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ დაყოვნებულ დღეზე, 10040 ლარის 0.07%, კერძოდ, 07 ლარის გადახდა, ასევე შპს „დ---- ბ--–----- კ------ის“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა, სახელმწიფო ბაჟის-229,95 ლარის გადახდა. მ------- გ-------ის აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა მ. გ-------ის სასარჩელო მოთხოვნა შპს „დ---- ბ--–----- კ------ი“-სთვის, მ-------ი გ-------ის სასარგებლოდ, 2016 წლის 24 სექტემბრიდან -სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ დაყოვნებულ დღეზე, შრომის ანაზღაურების დავალიანების - დაყოვნებული თანხის 10040 ლარის 0.07%-ის კერძოდ, 07 ლარის დაკისრების თაობაზე, სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, არ არსებობს ამ მოთხოვნის ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შპს „დ---- ბ--–----- კ------ის“ -თვის სახელმწიფო ბაჟის-229,95 ლარის დაკისრების ნაწილში. იმის გათვალისწინებით, რომ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, მ------- გ-------ეს, შპს „დ---- ბ--–----- კ------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, სააპელაციო წარმოებისათვის, აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-303 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „დ---- ბ--–----- კ------ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს „დ---- ბ--–----- კ------ის“, მ-------ი გ-------ის სასარგებლოდ დაეკისრა, 2016 წლის 24 სექტემბრიდან -სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ დაყოვნებულ დღეზე, 10040 ლარის 0.07%-ის, კერძოდ, 07 ლარის გადახდა; ასევე, შპს „დ---- ბ--–----- კ------ის“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა, სახელმწიფო ბაჟის-229,95 ლარის გადახდა;

3. მ------- გ-------ის აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

4. მ------- გ-------ეს, შპს „დ---- ბ--–----- კ------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს, სააპელაციო წარმოებისათვის, აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-303 ლარის ანაზღაურება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე