განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2018
საქმის ნომერი
190100117002084282
ინსტანცია
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 190100117002084282

საქმე № 1ბ/556-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

ვეფხია ლომიძე

 

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - ხ-----------ე, ქ--------------ე.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: გ----------–---ი, დაბადების თარიღი: 1------------ წელი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 1----------, ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: გ----------------------------–------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---------------------------–------–--------------------.

 

მსჯავრდებული: ე-–------–----, დაბადების თარიღი: 1------------------–--–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 1----------, ნასამართლობის არ მქონე, არასრული საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.------------------–-------------.

 

ადვოკატები - ლ--------------------ე, მ-----–-----------.

 

თარჯიმნები - ა---------–--------ი, ზ----------------.

 

კვალიფიკაცია:

 

გ----------–---ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.

 

ე-–------–---- - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.

 

სასჯელი:

გ----------–---ი - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

ე-–------–---- - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ----------–---მა, ასევე მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ--------------------ემ. აპელანტებმა სააპელაციო საჩივრებით მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. გ----------–---ი შემთხვევის დღეს ნ-----------–--ის ტაქსით წავიდა, რათა დახვედროდა თურქეთიდან ჩამოსულ ე-–------–---ს. სადგურზე მისვლისას მან დაინახა, რომ ე-–------–---- ჩამოვიდა მიკროავტობუსიდან, რომელიც მასთან მისვლამდე დააკავეს პოლიციელებმა. მან დაახლოებით 2-3 მეტრის მანძილიდან დაინახა, რომ ე-–------–---ს პოლიციის თანამშრომლებმა რაღაც ამოუღეს ჩანთიდან. მას არ სურდა შარში გახვეულიყო, ამიტომ გაიქცა, თუმცა დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. მისთვის პოლიციის თანაშრომლებს ნარკოტიკული საშუალება არ ჩაუდიათ, უბრალოდ გააფორმეს თითქოსდა მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები. აპელანტთა განმარტებით, გ----------–---ის ჩვენება თანხვედრაშია ნ-----------–--ის ჩვენებასთან. ამასთან, სიმართლეს არ შეესაბამება ე-–------–----ს ჩვენება, რომ თითქოსდა მან ნარკოტიკული საშუალების ნაწილი გადასცა გ----------–---ს. ე-–------–----ს მხრიდან ამ შინაარსის ჩვენების მიცემა გამოწვეულია საპროცესო შეთანხმების დაპირებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტებმა მოითხოვეს გ----------–---ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

ზემოხსენებული განაჩენი სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ე-–------–---მა. აპელანტმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და საქართველოს სხვა კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით. განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამასთან, განაჩენში არასწორად არის მითითებული თითქოსდა მან აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედება, რადგან ასეთს ადგილი არ ჰქონია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა გ----------–---მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ--------------------ემ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა ე-–------–---მა და მისი ინტერესების დამცველმა მ-----–-----------მ მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

გ----------–---მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევმა გ----------–---მა, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და თავისი შარვლის ჯიბეში შეინახა 1,6119 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ,,ჰეროინი“, რასაც თან ატარებდა 2017 წლის 01 აგვისტოს, 19:00 საათზე, როდესაც ფეხით გადაადგილდებოდა თბილისში, გ---–--ს ქუჩა N1-ში მდებარე ო--------–ის ა--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა მითითებული ნარკოტიკული ნივთიერება.

 

ე-–------–---მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ე-–------–---მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და თავისი შარვლის ჯიბეში შეინახა 9,2407 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ,,ჰეროინი“, რასაც თან ატარებდა 2017 წლის 01 აგვისტოს, 19:00 საათზე, როდესაც ფეხით გადაადგილდებოდა თბილისში, გ---–--ს ქუჩა N1-ში მდებარე ო--------–ის ა--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა მითითებული ნარკოტიკული ნივთიერება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ე-–------–---მა პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ იგი 2017 წლის 01 აგვისტოს თურქეთიდან ბრუნდებოდა საქართველოში, რა დროსაც დაურეკა გ----------–---მა და თხოვა ბათუმიდან წამოეღო პაკეტი, რომელსაც გამოატანდნენ მასთან. იგი დათანხმდა და ბათუმში შეხვდა ახალგაზრდა ბიჭს, რომელმაც გადასცა პაკეტი, მასში მოთავსებული სპორტული ტანსაცმლით. პაკეტში ასევე მოთავსებული იყო თეთრი ფერის დაფასოებული პატარა პაკეტები. იგი მიხვდა, რომ ეს უკანასკნელი იყო ნარკოტიკული საშუალება, თუმცა კონკრეტულად რომელი ნარკოტიკული საშუალება იყო არ იცოდა. იმავე დღეს, დაახლოებით 19:00 საათზე, ო--------–ის ა--------------ზე შეთანხმებისამებრ დახვდა გ----------–---ი, რომელსაც გადასცა გზავნილი და უსაყვედურა, რატომ გარია ამ საქმეში. იგი დაამშვიდა გ----------–---მა და ნარკოტიკული საშუალების ნაწილი დაუტოვა მას, ხოლო ნაწილი წაიღო. ამის შემდეგ ისინი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, რა დროსაც გ----------–---ი შეეცადა გაქცევას.

 

გ----------–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 01 აგვისტოს, დილის 08:00 საათზე იმყოფებოდა ქ.გარდაბანში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც დაურეკა ე-–------–---მა, რომელიც თურქეთიდან ბრუნდებოდა საქართველოში და თხოვა დაახლოებით 15:00 სთ-ზე დახვედროდა ო--------–აში. მითითებულ ადგილზე ე-–------–----ს დასახვედრად წავიდა ნ-----------–--ის ტაქსით. ე-–------–---- მიკროავტობუსიდან ჩამოსვლიდან მასთან მისვლამდე დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. მან დაახლოებით ორ-სამ მეტრში დაინახა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ე-–------–----ს ჩანთიდან ამოიღეს რაღაც, თუმცა რა ამოიღეს არ იცის, რადგან მისთვის ცნობილი არ იყო, რა ჩამოჰქონდა ე-–------–---ს. მას შეეშინდა, რომ არ გადაყროდა შარს, ამიტომ ე-–------–----ს დაკავების შემდეგ გაიქცა, თუმცა იგი დააკავეს პოლიციელებმა. მისივე განმარტებით, პოლიციის თანამშრომლებს მისთვის ნარკოტიკის ჩადება არც კი უცდიათ, ისე გააფორმეს, თითქოსდა მას ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

მოწმე ბ-–-----------ს ჩვენებით ირკვევა, რომ იგი დეტექტივ-გამომძიებლად მუშაობს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში. 2017 წლის 01 აგვისტოს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, გ----------–---ი და ე-–------–---- ქვეითად გადაადგილდებოდნენ თბილისში, გ---–--ს ქუჩაზე მდებარე ა--------------ის ტერიტორიაზე და მათ თან უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რის შესახებაც მოახსენა ხელმძვღანელობას. ამის შემდეგ შეიქმნა ოპერატიული ჯგუფები, რომლებიც გავიდნენ შემთხვევის ადგილზე და დააკავეს მითითებული პირები.

 

მოწმე ბ----------–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 01 აგვისტოს განყოფილებაში მიღებულ იქნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში, გ---–--ს ქუჩაზე მდებარე ა--------------ის ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილდებოდნენ ე-–------–---- და გ----------–---ი. ინფომრაციის თანახმად, ხსენებულ პირებს თან უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის საფუძველზე შეიქმნა ორი ოპერატიული ჯგუფი. მისი ჯგუფის წევრები იყვნენ თ----------------ი და ხ-----------–-–---–ი. მათ ასევე თან ახლდათ თარჯიმანი. მითითებულ ადგილზე მისვლისას, დაინახეს გ----------–---ი და ე-–------–----, რომლებიც იდგნენ გზაზე და აპირებდნენ სავარაუდოდ ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში ჩასხდომას. მათ შეაჩერეს ე-–------–---- და გაიყვანეს უსაფრთხო ადგილზე, გ--ს ი-----–---ი კი, შეაჩერა მეორე ჯგუფის წევრებმა. აღნიშნულის შემდეგ ე-–------–---ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ცელოფნის პოლიეთილენის პარკში გახვეული, 104 ცალი ე.წ. ,,ბაში“, რაც ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ იყო ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“. მოწმის განამრტებით, პირადი ჩხრეკის ოქმი შედგა ადგილზე, თუმცა ე-–------–---მა გაურკვეველი მიზეზის გამო ოქმზე ხელის მოწერაზე განაცხადა უარი. ამის შემდეგ დაკავებული გადაიყვანეს განყოფილებაში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ იცნობს ნ-----------–--ეს, რომელიც შენიშნა იმავე ტერიტორიაზე, სადაც შეაჩერეს ე-–------–----, თუმცა ხსენებულ პირს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. მათ ნ-----------–--ის ავტომქანაში ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ, ვინაიდან ჩხრეკის ჩატარების საფუძველი არ არსებობდა. დაკავებისას ე-–------–---ს თარჯიმნის მეშვეობით განემარტა უფლებები. ამასთან, პოლიციის თანამშრომლების დანახვაზე გ----------–---ი შეეცადა მიმალვას, თუმცა დაკავებული იქნა.

 

ანალოგიური ჩვენება მისცეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ----------------მა და ხ-----------–-–---–მა.

 

მოწმე მ--–------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს გარდაბნის რაიონის შს სამმართველოში. 2017 წლის 01 აგვისტოს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც განყოფილებაში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში, ა--------------ის ტერიტორიაზე, გადაადგილდებოდნენ ე-–------–---- და გ----------–---ი, რომლებსაც თან უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალება. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა ორი ოპერატიული ჯგუფი. ჯგუფებს ხელმძღვანელობდა დ-----------------–---–ი. მისი ჯგუფის წევრები იყვნენ ტ----------–---ი და ნ-----------–---ე თარჯიმანთან ერთად. მათ შეაჩერეს გ----------–---ი, რომელმაც მათი დანახვისას სცადა მიმალვა. გ----------–---ს ნ-----------–---ემ წარუდგინა დადგენილება ჩხრეკის წარმოების შესახებ, რის შემდეგაც გ----------–---ის პირადი ჩხრეკა ჩაატარეს ა--------------თან მდებარე ავტოსამრეცხაოებთან. პირადი ჩხრეკისას, გ----------–---ის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა გამჭვირვალე, ღია ფერის პოლეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო 19 ცალი დაფასოებული, თეთრ ქაღალდში გახვეული ე.წ. ,,ჩეკი“, რომელიც როგორც ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა იყო ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“. აღნიშნულის შემდეგ მათ მიერ დაკავებული იქნა გ----------–---ი. ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა თარჯიმნის მონაწილეობით. ჩხრეკისას გ----------–---სა და ე-–------–---ს შორის მანძილი იყო დაახლოებით 15-20 მეტრი.

 

ანალოგიური ჩვენება მისცეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ტ----------–---მა და ნ-----------–---ემ.

 

მოწმე ნ-----------–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი 20 წელია მუშაობს ტაქსის მძღოლად და ჰყავს ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანა. გ----------–---ი არის მისი კლიენტი. 2017 წლის 01 აგვისტოს, დაურეკა გ----------–---მა და თხოვა წაეყვანა თბილისში, ო--------–ის ა--------------ში. მითითებულ ადგილზე მისვლისას, გ----------–---მა უთხრა დალოდებოდა. დაახლოებით 10-15 წუთში გ----------–---ი გამოვიდა მეორე მამაკაცთან ერთად და მივიდნენ მის მანქანასთან. მას გ----------–---ის ხსენებულ პირთან შეხვედრა არ დაუნახავს, რადგან იმ დროს მისი თვალთახედვის არეში არ იყვნენ. გ----------–---თან ერთად მყოფმა მეორე მამაკაცმა მოიხსნა ჩანთა და ჩადო საბარგულში. ამ დროს გამოჩნდა ორი მამაკაცი, რომელთა დანახვაზე გ----------–---ი გაიქცა, თუმცა პოლიციელებმა შეძლეს მისი დაკავება. პოლიციის თანამშრომლებმა ასევე დააკავეს გ----------–---თან ერთად მყოფი პირი.

 

პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 01 აგვისტოს, 19:00-19:25 საათზე, ჩატარდა ე-–------–----ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა მწვანე გამჭვირვალე პოლიეთილენის თავმოკრული ე.წ. ,,პარკი“, რომელშიც მოთავსებული იყო თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკებში დაფასოებული პატარა ზომის პაკეტები ე.წ. ,,ჩეკები“.

 

პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 01 აგვისტოს, 19:00-19:20 საათზე ჩატარდა გ----------–---ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა თეთრი ფერის გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკი, მასში მოთავსებული 19 ცალი ცელოფნის პატარა პაკეტი, ე.წ. ,,ჩეკები“.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 02 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის N1---------------- დასკვნით დასტურდება, რომ გ----------–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 19 (ცხრამეტ) ცალად დაფასოებული: თერმულად დამუშავებული მოთეთრო ფერის პოლიეთილენის 19 ცალ ნაჭერში შეფუთული, თეთრ ქაღალდის ნაჭრებში გადახვეული, კუსტარული წესით მიღებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერებები, საერთო წონით - 5,6959 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ჰეროინს 1,6119 გრამის ოდენობით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ს--------–--------მ და ნ-----–------ემ დაადასტურეს ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 02 აგვისტოს ექსპერტის N----------------- დასკვნით ირკვევა, რომ ე-–------–----ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული 104 (ას ოთხ) ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით 33,24 გრამი წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინის შემცვლ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონა შეადგენს 9,2407 გრამს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ს--------–--------მ და თ-----------–---მ დაადასტურეს ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თარჯიმნებმა მ-------–-----მ და ა---------–------------მა დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებებში მათი მონაწილეობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებები.

 

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 იანვრის N---- განაჩენით, გ----------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 აპრილის N--------- განაჩენით, ცვლილება შევიდა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 იანვრის განაჩენში. გ----------–---ს მოეხსნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება. გ----------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 05 თებერვლის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, გ----------–---ს, ¼-ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა. გ----------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 23 ივნისიდან.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს მსჯავრდებულების გ----------–---ის და ე-–------–----ს გამართლების თაობაზე, რომ თითქოსდა მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ. პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით და ემსახურება გ----------–---ის და ე-–------–----ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.

 

პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა. ამ დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში.

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ და შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, კერძოდ, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და ა.შ. უკანონო შენახვაში კი, იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

 

გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ გ----------–---ს და ე-–------–---ს, არ გააჩნდათ ნარკოტიკული საშუალების შეძენის ნებართვა. მათ უკანონოდ შეიძინეს და ასევე, უკანონოდ ინახავდნენ ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნების თანახმად ე-–------–----ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს 9,2407 გრამის ოდენობით, ხოლო გ----------–---ისგან ამოღებული ნივთიერებები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს 1,6119 გრამის ოდენობით. ამდენად, სახეზეა დანაშაულის - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის თანახმად, რომლითაც განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპულ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, ამავე დანართის (ნუსხის) 189-ე გრაფაში მითითებული ნარკოტიკული საშუალება - ,,ჰეროინი“ 1 გრამზე მეტი ოდენობით ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ----------–---მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა 1,6119 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, ხოლო ე-–------–---მა - 9,2407 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რაც აღემატება ზემოახსენებული ნუსხით განსაზღვრულ 1 გრამს. შესაბამისად, წარმოადგენს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას. ამდენად, სახეზეა დანაშაულის - ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და შენახვის მაკვალიფიცრებელი გარემოება განსაკუთრებით დიდი ოდენობა. გამოკვლეული მტკიცებულებებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას“.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს - 2017 წლის 01 აგვისტოს, გ----------–---ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 აპრილის N--------- განაჩენით ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა. შესაბამისად, სახეზე გვაქვს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა პირმა კვლავ ჩაიდინა ანალოგიური ქმედება.

 

მსჯავრდებულ ე-–------–----ს განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მას აღიარებითი ჩვენება არ მიუცია და განაჩენში არასწორად არის მითითებული, რომ თითქოსდა მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, მოკლებულია საფუძველს, ვინაიდან განაჩენჩში მითითებული გარემოებები სრულ თანხვედრაშია პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ე-–------–----ს მიერ მიცემულ ჩვენებასთან.

 

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტების განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ პირადი ჩხრეკისას გ----------–---ს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონდა და მისგან პოლიციის თანამშრომლებს რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ, თუმცა პირადი ჩხრეკის ოქმში ჩაწერეს, რომ თითქოსდა მისგან ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ გ----------–---ის განმარტება, იმის შესახებ, რომ თითქოსდა პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებული ინფორმაცია, მისგან ნარკოტიკული საშუალებების ამოღების შესახებ არის სიცრუე, ვერ იქნება უტყუარ მტკიცებულებად მიჩნეული. პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს მოწმე პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებში და პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორეში, იმ პირობებში, როცა მათ შინაარსს ასევე ადასტურებს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე თარჯიმანი, რადგან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით მსჯავრდებულის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან რაიმე ინტერესი არ გამოვლენილა. ამასთან, გამოკვლეული ექსპერტიზის დასკვნებით, გამოსაკვლევად გადაგზავნილი ნივთიერებები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. დაცვის მხარეს კი, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები, რაც პოლიციის თანამშრომელთა და თარჯიმნის ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი მათი ჩვენებების სანდოობაში არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია გ. ვ-ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა გ. ვ-ს პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11)

 

პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტების მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ----------–---ის და ე-–------–----ს დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ე-–------–---მა ჩაიდინა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ხოლო გ----------–---მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

გ----------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

ე-–------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მათი ასაკი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მათი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულებს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელები - თავისუფლების აღკვეთის სახით. პალატა თვლის, რომ გ----------–---ს და ე-–------–---ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელები, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი შეცვლა პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ----------–---ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ--------------------ის, ასევე მსჯავრდებულ ე-–------–----ს სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ე-–------–----სგან ამოღებული მობილური ტელეფონი დამტენით, პასპორტი და ტყავის საფულე დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს (გარდა პასპორტისა).

 

გ----------–---ისგან ამოღებული მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

გ----------–---ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, წონით 1,6119 გრამი და ელხან ალიევისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ წონით 9,2407 - განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ გ----------–---ის, მსჯავრდებულ გ----------–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ--------------------ის, ასევე მსჯავრდებულ ე-–------–----ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ----------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ გ----------–---ს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთავს საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

გ----------–---ს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

მსჯავრდებულ გ----------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 01 აგვისტოდან.

 

გ----------–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

 

ე-–------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ე-–------–---ს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთავს საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

ე-–------–---ს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

მსჯავრდებულ ე-–------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 01 აგვისტოდან.

 

ე-–------–----ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ე-–------–----სგან ამოღებული მობილური ტელეფონი დამტენით, პასპორტი და ტყავის საფულე დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს (გარდა პასპორტისა).

 

გ----------–---ისგან ამოღებული მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

გ----------–---ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, წონით 1,6119 გრამი და ე-–------–----სგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ წონით 9,2407 - განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნ.სანდოძე

 

მოსამართლეები: ნ.ბარბაქაძე

 

ვ.ლომიძე