განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210016001362925
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-633-18 26 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ლაურა მიქავა
მოსამართლეები: თამარ სვანიძე
ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენლები მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - შპს „--- G--” ნ----- მ----–--ე შპს ,,E------'' შ------- ბ-----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
- შპს „--- G--”-ს სარჩელი შპს ,,E------''-ის წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. შპს „--- G--” სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2012 წლის 12 იანვრიდან;
2.2. შპს „E------” სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2013 წლის 13 მარტიდან;
2.3. 2013 წლის 27 ივნისამდე, უძრავი ქონება მდებარე ქ. ბ------- ნ----–---–-- ქ. №---ში (ს/კ
0-.2-.0-.0--) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო შპს „--- G--”-ს საკუთრებად. დასახელებული ქონება შპს „--- G--”-მ 2012 წლის 03 თებერვალს შეიძინა ა------ ა/რ ფ-------- და ეკონომისიკის ს--------------გან;
2.4. 2013 წლის 27 ივნისს, შპს „--- G--” -ს და შპს „E------” -ს შორის გაფორმდა უძრავი
ქონების ნასყიდობისა და უფლებამოვალეობათა გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება მდებარე ქ. ბ------- ნ----–---–-- ქ. №---ში (ს/კ 0-.2-.0-.0--). მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველი უძრავი ქონების გადაცემისა და მისი განვითარების უფლების დათმობის სანაცვლოდ, გამყიდველს გადაუხდის 525 000 აშშ დოლარს;
2.5. მოსარჩელემ მიწის ნაკვეთის გასხვისების გამო დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით გადაიხადა 94 500 აშშ დოლარი;
2.6. სასამართლომ განმარტა, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა შემოწმდეს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული;
2.7. სასამართლოს მითითებით: წინამდებარე დავაში შესაძლებელია ზემოთ დასახელებული გარემობების გარდა, სხვა გარემოებასაც აქვს ადგილი, მაგრამ სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას დავის გადაწყვეტისათვის ნიშვნელობა არ აქვს. კერძოდ იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა, მყიდველს ნასყიდობის საგნის ღირებულება გადახდილი აქვს თუ არა, მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ ნასყიდობის საფასურის გადახდა ან გადაუხდელობა გადაწყვეტილების სამომავლო შედეგზე იქონიებს ზეგავლენას. თუ ფასის გადახდა არ წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების საფუძველს, მაშინ ამ დავაში ნასყიდობის საფასურის გადახდის დადგენას პრინციპული მნიშვნელობა არ ექნება. დავა ნასყიდობის საფასურის გადახდას, რომ ეხებოდეს, მაშინ ბუნებრივია ფასის გადახდის საკითხი დავის გადაწყვეტის ქვაკუთხედი იქნებოდა, მაგრამ ფასის გადაუხდელობა არ წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებისა და ქონების გამყიდველის საკუთრებაში დაბრუნების საფუძველს. ამიტომაც ფასის გადახდის საკითხი ან სხვა გარემოებების დადგენა კარგავს აზრს. თუ რატომ არ წარმოადგენს ფასის გადაუხდელობა უძრავ ქონებაზე დადებული გარიგების გაუქმებისა და ქონების გამყიდველის საკუთრებად აღრიცხვის საფუძველს, სასამართლოს მითითებით არ არის ფაქტობრივი გარემოება, იგი სამართლებრივი შეფასების საგანია;
2.8. სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს შპს „E------” და შპს „--- G--” შორის 2013 წლის 27 ივნისს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობისა და უფლებამოვალეობათა გადაცემის შესახებ ხელშეკრულების გაუქმებისა და ნასყიდობის საგნის შპს „--- G--”-ს საკუთრებად აღრიცხვის საფუძველი. ასევე დღგ-ს გადასახადის სახით გადახდილი 94 500 აშშ დოლარის დაკისრების საფუძველი. შესაბამისად სარჩელი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.9. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციაზე, სამოქალაქო კოდექსსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსზე და განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს;
2.10. სასამართლომ განმარტა, რომ მხარეებს უფლება აქვთ დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვონ სასარჩელო წესით. ანუ სარჩელით ითხოვონ ხელშეკრულების მოშლილად აღიარება და მის საფუძველზე ხელშეკრულებიდან გასვლა. კანონის ადგენს, როგორც ხელშეკრულების დადების და შესრულების, ასევე ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივ წინაპირობებს. შესაბამისად შეფასებული უნდა იქნას არსებობს თუ არა ხელშეკრულებიდან გასვლის და ამ გზით ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენის სამართლებრივი წინაპირობები. ამისათვის აუცილებელია შეფასებული იქნას გარიგების დადებისა და გარიგებიდან გასვლის წინაპირობათა იურიდიული ხასიათი და ამ კონკრეტულ შემთხვევასთან შედარება;
2.11. სასამართლომ განმარტა, რომ გარიგებათა დადების წესს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით;
2.12. წინამდებარე შემთხვევაში მხარეებს შორის ვალდებულება წარმოიშვა 2013 წლის 27 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობისა და უფლებამოვალეობათა გადაცემის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. ამ ტიპის შეთანხმება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით გათვალისწინებული შეთანხმებაა. დასახელებული ნორმით გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნასყიდობის საგანი, ხოლო მყიდველმა უნდა გადაიხადოს ნასყიდობის საფასური;
2.13. სასამართლომ განმარტა, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა.
სასამართლოს მითითებით, ამ პრინციპის შესაბამისია მხარეთა შორის დადებული გარიგება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება მდებარე ქ. ბ------- ნ----–---–-- ქ. №---ში (ს/კ 0-.2-.0-.0--). მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველი უძრავი ქონების გადაცემისა და მისი განვითარების უფლების დათმობის სანაცვლოდ, გამყიდველს გადაუხდის 525 000 აშშ დოლარს;
2.14. სასამართლოს მითითებით, გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია მხარეთა უფლებათა და ვალდებულებათა ჯეროვანი შესრულების საკითხის გარკვევა. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მოითხოვოს ნაკსრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად;
2.15. სასამართლომ განმარტა, რომ მხარეები თავიანთ უფლება-მოვალეობის მოცულობას განსაზღვრავენ ხელშეკრულებით. ხელშეკრულება არის ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველი და იგი მიმართულია სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეწყვეტის ან შეცვლისაკენ. წინამდებარე შემთხვევაშიც მოსარჩელემ და მოპასუხემ ხელშეკრულების დადებისას განსაზღვრეს ურთიერთ ვალდებულებათა წრე. შეთანხმების შემდეგ მხარეებს უნდა განეხორციელებინათ გარკვეული ქმედებები. ამათგან ერთერთი იყო გამყიდველის მიერ მოპასუხისათვის ქონების საკუთრებაში გადაცემა და მყიდველის მიერ ნასყიდობის საფასურის გადახდა. სწორედ ამ მოქმედებათა სათანადო განხორციელებაა ვალდებულების ჯეროვანი შესრულება;
2.16. ხელშეკრულების დადების შემდეგ შპს „--- G--”-მ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ მოპასუხისაგან ეთხოვა ნასყიდობის საფასურის გადახდა. ნასყიდობის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც გამყიდველს აქვს ფასის მოთხოვნის უფლება. თავის მხრივ მყიდველი ვალდებული იყო ნაკისრი მოვალეობა შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ გადაეხადა ფასი ისე, როგორც ეს ხელშეკრულებაში იყო შეთანხმებული;
2.17. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობა წარმოადგენს ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობას და ფასის გადაუხდელობის მოტივით ხელშეკრულებიდან გასვლის ნება გამოხატა, მან ითხოვა გაყიდული ქონების უკან დაბრუნება. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ,,თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 40--ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება);
2.18. სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების შესრულების მიზნით გადაცემული ქონების უკან დაბრუნებას სამოქალაქო კოდექსის 398-399-ე მუხლი აკავშირებს ამავე კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებულ პირობებთან. კერძოდ: კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი”;
2.19. სასამართლოს მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს: - ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს;
2.20. სასამართლოს მითითებით: ხელშეკრულებიდან გასვლის, ხელშეკრულებაზე უარის თქმისა და ხელშეკრულების საფუძველზე მეორე მხარისათვის გადაცემულის უკან მოთხოვნისთვის, აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს რამოდენიმე პირობა. კერძოდ:
- ხელშეკრულების შესრულების მიზნით ერთმა მხარემ მეორე მხარეს გადასცა შესრულება;
- ხელშეკრულების ერთერთი მხარე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას;
- მას ვალდებულების შესრულებისათვის მეორე მხარის მიერ დაენიშნა დამატებითი ვადა;
- დანიშნული დამატებითი ვადა გავიდა უშედეგოდ.
ჩამოთვლილი ყველა პირობა ერთად ქმნის საქ. სკ-ის 398-399-ე მუხლებით გათვალისწინებულ შედეგს, რომლის მიხედვითაც ვალდებულების შემსრულებელ მხარეს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს ის, რაც მეორე მხარეს გადასცა ხელშეკრულების შესასრულებლად;
2.21. სასამართლომ განმარტა, რომ არის შემთხვევები, როდესაც დამატებითი ვადის დანიშნვა ან გაფრთხილების გამოყენება არ არის აუცილებელი. ასეთ წესს შეიცავს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება. საერთო ჯამში ორივე შემთხვევა მიმართულია იქეთკენ, რომ ხელშეკრულება ცალმხრივად მოიშალოს და მხარეებმა ერთმანეთს დაუბრუნონ მიღებული სიკეთე. ამდენად ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული და მის მართლზომიერებას კანონი არეგულირებს;
2.22. სასამართლომ მიიჩნია, რომ წინამდებარე სადაო ურთიერთობაზე, საქართველოს სკ-ის 405-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებიდან გასვლის პრინციპი არ მოქმედებს;
2.23. სასამართლოს მითითებით, ნასყიდობის ხელშეკრულების ცნება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლში. დასახელებული ნორმის მიზანია ნივთის საკუთრების უფლება ერთი მესაკუთრიდან მეორეზე გადავიდეს მართლზომიერად. ანუ გარიგების მიზანია ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვება. უმრავლეს შემთხვევაში გარიგებების დადება დაკავშირებულია გარკვეული საზღაურის გადახდასთან, მაგრამ გარიგების შინაარსში მოიაზრება არა თანხის გადახდა, არამედ სხვა ქმედება. ასეთი გარიგებებაა მაგალითად ქირავნობა. ქირავნობის ხელშეკრულება მოიცავს ქირის გადახდას, მაგრამ გარიგება დაიდება არა ქირის გადახდაზე, არამედ ქონების სარგებლობაში გადაცემაზე. ასეთივე ხელშეკრულებაა ლიზინგი, იჯარა, დავალება და სხვა. ამ გარიგებათა გაიგივება თანხასთან და სახელად თანხის გადაცემის დარქმევა, არ წარმოადგენს სწორ განმარტებას. მსგავსი ხელშეკრულებების საგანი, თანხის გადაცემა არაა. მათი საგანია ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემა, ქონების სარგებლობაში გადაცემა, დავალების შესრულება და ა.შ. ამ ტიპის ხელშეკრულებებიდან გასვლა დამოკიდებულია ხელშეკრულების შესრულებაზე, ანუ იმაზე შესრულებულია თუ არა ის პირობა რაზეც გარიგება დაიდო. თუ ხელშეკრულება შესრულებულია, მისგან ცალმხრივად გასვლა შეუძლებელია. ხელშეკრულების შესრულება და ვალდებულების შესრულება სხვადასხვაა. ამიტომ მათი გაიგივება გამოიწვევს ხელშეკრულებიდან გასვლის ინსტიტუტის გაგების არევას. წინამდებარე შემთხვევაში ხელშეკრულება დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობაზე. ანუ მისი მიზანი იყო უძრავი ქონების მყიდველის სახელზე აღრიცხვა. ხელშეკრულება შესრულდა, გარიგებას მოჰყვა შედეგი და მოპასუხე აღირიცხა ნასყიდობის საგნის მესაკუთრედ. შესაძლებელია მოპასუხეს ვალდებულება დარჩა შესასრულებელი. შეიძლება მან არ გადაიხადა ნასყიდობის ფასი, მაგრამ ეს არ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების დამაბრკოლებელ გარემოებას. ორივე მხარემ გარიგების დადების შემდეგ იზრუნვეს ნასყიდობის შედეგის დადგომაზე, ანუ ქონების მოპასუხის საკუთრებად რეგისტრაიცაზე. მას მოჰყვა შედეგი, რაც ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების აღრიცხვაში გამოიხატა;
2.24. სასამართლოს მითითებით, თუ მოსარჩელეს ნასყიდობის საფასური არ აქვს მიღებული, მან უნდა იდავოს ფასის გადახდაზე. ისეთ სიტუაციაში, როცა ქონების მესაკუთრე მოპასუხეა, ხელშეკრულებიდან გასვლა მოსარჩელეზე აღარაა დამოკიდებული. გარიგებამ თავის მიზანს მიაღწია, ამიტომ ქონების მოსარჩელის საკუთრებაში დაბრუნებისათვის ხელშეკრულებიდან გასვლის გაცხადება აღარ არის საკმარისი. ამისათვის აუცილებელია მესაკუთრის ნება. ქონების მესაკუთრე მოპასუხეა და მხოლოდ მას აქვს ამ ქონების მოსარჩელისათვის გადაცემის უფლება. საგამონაკლისო შემთხვევას წრმოადგენს გარიგების ბათილობა. თუ გარიგება ბათილი იქნება, მაშინ მას შედეგად შესაძლებელია მოჰყვეს გასხვისებულ უძრავ ქონებაზე გამყიდველის საკუთრების უფლების აღდგენა. სხვა შემთხვევაში არ დაიშვება შესრულებული ხელშეკრულების პირობებში, გასხვისებული ქონება, ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლით გამყიდველს დაუბრუნდეს. გამსხვისებელს შეუძლია იდავოს ნასყიდობის ფასზე და ფასის გადაუხდელობით დამდგარ ზიანზე. აღნიშნულიდან გამომდინარე ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და არ დაკმაყოფილდა;
2.25. მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლითაც მან ითხოვა მოპასუხისაგან დღგ-ს სახით გადახდილი თანხის ანაზრაურება, სასამართლომ განმარტა შემდეგი: დღგ-ს სახით გადახდილი თანხის მოპასუხისაგან გამოთხოვა გამომდინარეობს ზიანის ანაზღაურების პრინციპიდან. მოსარჩელემ გაყიდული ქონების ფასიდან გადაიხადა დღგ-ს გადასახადი, მაგრამ მან ვერ მიიღო ნასყიდობის საფასური და დამატებით დაზარალდა გადახდილი დღგ-ს თანხით. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც ,,იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება”;
2.26. ამავე კოდექსის 409-ე მუხლით ,,თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის
აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება”. ხოლო 411-ე მუხლით ,,ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო”;
2.27. სასამართლომ განმარტა, რომ დღგ-ს გადასახადი კანონით განსაზღვრული გადასახადია და იგი გათვალისწინებულია შესაბამისი დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს. თუ ასეთი დასაბეგრი ოპერაცია განხორციელდა, მაშინ მისი გადახდა გადამხდელის კანონისმიერი მოვალეობაა. თუ მოსარჩელე დაიბრუნებდა ქონებას და მას აღარ ექნებოდა ნასყიდობის ფასის მოთხოვნის უფლება, ასეთ შემთხვევაში მის მიერ დღგ-ს გადახდა უპირობოდ ზარალი იქნებოდა;
2.28. სასამართლოს მითითებით: მოსარჩელის მოთხოვნა პირდაპირ კავშირშია პირველი მოთხოვნის საფუძვლიანობასთან. ქონების დაბრუნებაზე სარჩელის უარყოფამ განაპირობა ამ ნაწილში სარჩელის უარყოფაც. თუ მოსარჩელეს ნასყიდობის საფასური მიღებული არ აქვს, მაშინ მან უნდა იდავოს ნასყიდობის საფასურის გადახდაზე. ნასყიდობის საფასურის მიღება დააბალანსებს დღგ-ს სახით გადახდილ თანხასაც და შესაბამისად იგი აღარ იქნება ზარალი. თუ მას ნასყიდობის საფასური მიღებული აქვს, მაშინ მას უკვე შესრულებული აქვს დასაბეგრი ოპერაცია და დღგ-ს გადასახადიც გადახდილი აქვს საფუძვლიანად. აღნიშნული დასაბუთებით, სასამართლომ სარჩელი ამ ნაწილში დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა;
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „--- G--”-მ და ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება;
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში დავის საგანთან მიმართებაში, გარდა იმისა, რომ სასამართლომ არსებულ ფაქტებსაც არასწორი შეფასება მისცა, მან ასევე შეამცირა დავის საგანთან მიმართებაში მნიშვენლოვან ფაქტებზე მსჯელობის არეალი, აპელანტის მითითებით, კონკრეტული დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა მყიდველს ნასყიდობის საგნის ღირებულება გადახდილი აქვს თუ არა. სასამართლო სხოდმებზე მოწმეთა ჩვენებით და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით ცალსახად და ნათლად დადასტურდა ის ფაქტი, რომ გამყიდველს მყიდველისგან არანაირი თანხა არ მიუღია ნასყიდობის ხელშეკრულების საფასურის სახით. ამასთან სასამართლომ საერთოდ არ გაამხავილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ნასყიდობის სამართლებრივ მიზანთან ერთად მოიაზრებდა მთელი რიგი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებასაც, რომლებიც ხელშეკრულების საინვესტიციო მიზნიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სიაში განიხილებოდა, როგორც არსებითი და რელევანტური პირობა ვალდებულების ჯეროვანი და კეთილსინდისერი შესრულების მიზნისთვის. რატომღაც, სასამართლოს მიერ აღნიშნული ფაქტების კვლევა და სამართლებრივი ანალიზი ირელევანტური აღმოჩნდა მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებაში მაშინ, როდესაც მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულბების შეუსრულებლობა პირდაპირ წარმოშობდა რესტიტუციის უფლებას;
3.2. არასწორია სასამართლოს შეფასება ხელშეკრულების არსებით პირობებთან დაკავშირებით, მხარეებს ხელშეკრულებით ნაკისრი ქონდათ გარკვეული ვალდებულებები, სწორედ აღნიშნული ვალდებულების შეფასება, რომელთაგანაც არცერთი პირობა არ შეუსრულებია მოწინააღმდეგე მხარეს, ქმნიდა მნიშვნელოვან საფუძვლებს ხელშეკრულებიდან გასვლისა და გადაცემული ქონების ნატურით დაბრუნებასთან დაკავშირებით;
3.3. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ხელშეკრულების ტიპს. აღნიშნული ხელშეკრულებით, გარდა იმისა, რომ სასამართლო სხოდმაზეც ნათლად დადასტურდა ხელშეკრულების საფასურის გადაუხდელობის ფაქტი, ასევე გამოიკვეთა სხვა ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტიც. შესაბამისად, სასამართლოს საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით უნდა დაედგინა მოწინააღმდეგე მხარის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებათა საკითხი და ამის შემდგომ იქნებოდა მსჯელობა საფუძვლიანი, მოცემულ შემთხვევაში კი ნათლად იკვეთება საქმეზე არსებული მნიშვნელვანი ფაქტების არასრული და არასწორი შეფასება;
3.4. სასამართლო განიხილავს ხელშეკრულებას, როგორც ვალდებულების წარმოშობის საფუძველს და საქმის გამოკვლევისას საერთოდ არ აძლევს შეფასებას მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების არსებით პირობებს, კერძოდ სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ის მუხლები, სადაც განსაზღვრულია, რომ 2013 წლის 27 ივნისის ხელშეკრულება, რომელიც ნაკისრ ვალდებულებებთან მიმართებაში ასახავს ფ-------- და ე----------- სამინისტროსთან, 2012 წლის 03 თებერვალს დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების მავალდებულებელ პირობებს, კერძოდ, 2013 წლის 27 ივნისის ხელშეკრულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია, რომ "საჯარო რეესტრში ხელშეკრულების რეგისტრაციის შემდგომ მყიდველზე გადადის ყველა ის უფლება და მოვალეობა, რაც განსაზღვრულია ძირითადი ხელშეკრულებით. მყიდველმა ასევე განაცხადა, რომ ის იცნობს ძირითად ხელშეკრულებას (2012 წლის 03 თებერვლის) ეთანხმება მის პირობებს და იძლევა გარანტიას, რომ შეასრულებს ნებისმიერ ვალდებულებას, რომელიც გამომდინარეობს აღნიშნული ხელშეკრულებიდან. შესაბამისად მოწინააღმდეგე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები აისახა საჯარო რეესტრის ამონაწერის ვალდებულების გრაფაში და შპს "ე---------" სწორედ აღნიშნული ნასყიდობის საფუძველზე დაეკისრა ვალდებულება: 1) ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდისა; 2) 2013 წლის 20 აპრილამდე უზრუნველყოს ხელშეკრულების შესაბამისად 33 სართულიანი, 141 სიმაღლის, 120 ნორმის მქონე შენობის დაწყება და 2015 წლის 31 დეკემბარმდე მოახდინოს შენობის ექსპლოატციაში შეყვანა. სასამართლომ აუარა გვერდი და შეფასება არ მისცა მსჯელობას ხელშეკრულებით ნაკისრის სხვა ვალდებულების შეუსრულებლობასთან მიმართებაში, ფაქტია რომ მოცემულ შემთხვევში მხარეს არათუ დასრულებული შენობა არ აქვს სახეზე, უფრო მეტიც, მშენებლობის ნებართვაც კი არ აქვს მოპოვებული, შესაბამისად ცხადია რომ მოცემულ შემთხევაში შპს "ე----------" მიერ სრულად იქნა უგულებელყოფილი ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, სახეზეა სასამართლოს მიერ არასრულად და არასწორად გამოკვლეულ ფაქტობრივი გარემოებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და შესაბამისად ის უნდა გაუქმდეს;
3.5. სასამართლო ფაქტებისა და საკანონმდებლო რეგულაციის არასწორი ანალიზით განამარტავს, რომ ხელშეკრულების დადების შემდეგ, შპს "თ--------მ" შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ, მოპასუხისაგან მოეთხოვა ნასყიდობის საფასურის გადახდა. აპელანტი კი მიიჩნევს, რომ ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობა წარმოადგენს ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობას. ფასის გადაუხდელობის მოტივით მოსარჩელემ გამოხატა ხელშეკრულებიდან გასვლის ნება და მის საფუძველზე მოითხოვა გაყიდული ქონების უკან დაბრუნება. ბუნებრივია სარჩელი დაფუძნებული იყო თანხის გადახდის მტკიცებაზეც, თუმცა ეს არ იყო ერთადერთი საგანი, გამყიდველი თავის მოთხოვნაზე აპელირებდა სხვა ვალედებულებების შეუსრულებლობის მოტივიდან გამომდინარე. შესაბამისად აღნიშნული ფაქტების ამგავრი შეფასება და მათი არასათანადო გამოკვლევა იძლევა გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ საფუძველს;
3.6. მოცემულ შემთხევაში ცალსახად სახეზეა ხელშეკრულებიდან გასვლის ფაქტობრივი წინაპირობები, მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი არცერთი ვალდებულება, სასამართლომ აღნიშნული ფაქტები მიღებულ გადაწყვეტილებაში არ გამოიკვლია და არსებულ ფაქტებსაც არასწორი ინტერპრეტაცია მისცა, რის გამოც მიიღო კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილება. ხელშეკრულების ძალით მხარეები კისრულობენ გარკვეულ ვალდებულებებს, რომელთა კეთილსინდისიერ და ჯეროვან შესრულებაზე ისინი პასუხისმგებელნი არიან კანონის და კონტრაგენტის წინაშე, მოცემულ შემთხვევაში კი მოწინააღმდეგე მხარის ვალდებულება ნაკისრი იყო სახელმწიფოს წინაშეც. შპს „ე--------ი“ აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულბის დადებით გახდა არა მხოლოდ ნივთის მესაკუთრე, არამედ მან შეიძინა მთელი რიგი საინვესტიციო ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე, რომელთაგან არც ერთი არ შესრულებულა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია არსებული სადაო ფაქტები. მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ თანხის გადაუხდელობის ფაქტს დააფუძნა, რაც არ იყო მტკიცების ერთადერთი საგანი;
3.7. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა;
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუქნტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;
პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ამ გადაწყვეტილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მის სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა მითითებული სამართლის ნორმები;
ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1. დადგენილია, რომ შპს „--- G--”-მ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე მხარედ შპს „E------” მიუთითა და ითხოვა: შპს „E------” და შპს „--- G--” შორის, 2013 წლის 27 ივნისს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობისა და უფლებამოვალეობათა გადაცემის შესახებ ხელშეკრულების გაუქმება; ნასყიდობის საგნის - უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბ-------, ნ----–---–-- ქ. №---ში (ს/კ 0-.2-.0-.0--) შპს „--- G--”-ს საკუთრებად აღრიცხვა; ასევე ითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დღგ-ს თანხის 94 500 აშშ დოლარის დაკისრება;
4.2. სარჩელში მოსარჩელე მხარემ ოთხ ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითა:
1) აღნიშნა, რომ 2012 წლის 03 თებერვალს ა------ ა--------------- რ-------–---- ფ-------- და ე----------- ს-------------- და შპს „--- G--”-ს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც „მყიდველ“ მხარეს გადაეცა სადავო უძრავი ქონება მდებარე ქ. ბ-------, ნ----–---–-- ქ. №---ში 982 კვ.მ., ფართის მქონე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 0-.2-.0-.0--) და მასზე განთავსებული 513.00 კვ.მ ფართის მქონე შენობა ნაგებობა;
2) მეორე ფაქტობრივი გარემოება რაზეც მოსარჩელემ მიუთითა არის შემდეგი: 2013 წლის 27 ივნისს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც, სადავო ქონება გადაეცა საკუთრებაში შპს „E------“-ს. ხელშეკრულების 3.4. მუხლის თანახმად, ნასყიდობის საგნის ღირებულება 525.000 აშშ დოლარი დღგ-ს გარეშე მხარეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 თვის ვადაში უნაღდო ანგარიშსწორების წესით, საბანკო გადარცხვის გზით;
3) უძრავი ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით დღდ-ს გადასახადი 94 500 აშშ დოლარი მოსარჩელემ გადაიხადა სრულად 2014 წლის 08 აგვისტოს;
4) მოსარჩელე მხარემ 2015 წლის 10 თებერვალს საბოლოო შეტყობინებით მიმართა მყიდველს/მოპასუხეს და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, გაწეული ხარჯებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება (იხ. ტ. I, ს.ფ .4, სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები);
4.3. დადგენილია, რომ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით მოპასუხე მხარემ, მოსარჩელის მიერ მითითებულ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით განახორციელა შედავება და განმარტა, რომ 2013 წლის 27 ივნისს, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად შპს „E------“-ს საკუთრებაში გადაეცა სადავო ქონება, რომლის ღირებულება შეადგენდა 525.000 აშშ დოლარს; რაც შეეხება 2013 წლის 29 ივნისის დამატებით შეთანხმებას, მოპასუხემ განმარტა, რომ ვინაიდან ძირითადი ხელშეკრულების ნამდვილობისათვის კანონით დადგენილია წერილობითი ფორმით გარიგების დადება და მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, რაც არ იქნა დაცული ცვლილებების შემტან შეთანხმებასთან მიმართებით - ბათილია, როგორც ფორმადაუცველი შეთანხმება. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საფასურთან დაკავშირებით მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ ის გადახდილია სრულად;
4.4. სარჩელსა და შესაგებელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებეთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
4.5 მოდავე მხარეები არიან მეწარმე სუბიექტები. შპს „--- G--” სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2012 წლის 12 იანვრიდან. შპს „E------” სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2013 წლის 13 მარტიდან (ტ.I, ს.ფ. 14-17);
4.6. სარჩელზე თანდართული ხელშეკრულებისა და საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2012 წლის 03 თებერვალს, ა------ ა--------------- რ-------–---- ფ-------- და ე----------- ს-------------- და შპს „--- G--”-ს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმდაც მყიდველს შპს „--- G--”-ს გადაეცა უძრავი ქონება მდებარე ქ. ბ------- ნ----–---–-- ქ. №---ში (ს/კ 0-.2-.0-.0--) 982კვ.მ. ფართის მქონე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 513.00 კვ.მ. შენობა - ნაგებობა (იხ. ხელშეკრულება, რეესტრის ამონაწერი, ტ. I, ს.ფ.24-55; 20-21);
4.7. უძრავი ქონების გადაცემა განხორციელდა ნასყიდობის ხელშეკრულებაში განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების პირობით (იხ. ხელშეკრულების 1.1. პუნქტი, ტ. I, ს.ფ.25);
4.8. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად დადგენილია, რომ 2013 წლის 27 ივნისს შპს „--- G--” და შპს „E------”-ი შეთანხმდნენ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა და უფლებამოვალეობათა გადაცემის თაობაზე; ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება მდებარე ქ. ბ------- ნ----–---–-- ქ. №---ში (ს/კ.: 0-.2-.0-.0--). მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ მყიდველი უძრავი ქონების გადაცემისა და მისი განვითარების უფლების დათმობის სანაცვლოდ, გამყიდველს გადაუხდიდა 525 000 აშშ დოლარს (ტ.I, ს.ფ.56-61; 2--23);
4.9. მოსარჩელემ მიწის ნაკვეთის გასხვისების გამო, დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით გადაიხადა 94 500 აშშ დოლარი (ტ.I, ს.ფ. 65-69);
4.10. ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენს ვალდებულების შესრულება და გადაუხდელი ნასყიდობის საფასურის მოპასუხისათვის დაკისრება, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას იმის შესახებ, რომ ნასყიდობის საფასურის გადახდა/გადაუხდელობის კვლევა არ წარმოადგენს განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის არსებით ფაქტობრივ გარემოებას;
4.11. რაც შეეხება აპელანტის პოზიციას იმის შესახებ, რომ საინვესტიციო ვალდებულების დარღვევის გამო უნდა გაუქმდეს შპს „--- G--”-სა და შპს „E------”-ს შორის გაფორმებული უძრავი ქონებისა და უფლება-მოვალეობათა გადაცემის შესახებ გარიგება - პალატა აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე ამ პროცესუალურ ეტაპზე მითითებას დაუშვებლად მიიჩნევს და განმარტავს შემდეგს:
4.12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა;
4.13. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს აპელანტს არ მიუთითებია იმის თაობაზე, რომ სადავო გარიგების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა ა------ ა/რ ფ-------- და ე----------- სამინისტროს წინაშე ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულების დარღვევა და არც ამ მიუთითებლობის საპატიო მიზეზი აღუნიშნავს;
4.14. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი წარმოადგენს ე.წ „შეზღუდული აპელაციის“ პრინციპის განმსაზღვრელ ნორმას და მხოლოდ საგამონაკლისო წესით მიიჩნევს დასაშვებად ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებას, თავის მხრივ, ახალ ფაქტზე მითითების და მტკიცებულების წარდგენის საპატიოობაც სრულად უნდა შეესაბამებოდეს ამავე კოდექსით დადგენილ სტანდარტს (სსსკ-ის 215.3 მუხლი), რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს პროცესის ფუნდამენტური პრინციპები. კერძოდ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე (სსსკ-ის მე-4 მუხლი), კანონის იმპერატიული ნება სწორედ ამ პრინციპის დაცვით მართლმსაჯულების განხორციელებისკენაა მიმართული. საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ სასამართლოს მთავარი სხდომისათვის საქმის განსახილველად მომზადება მხარეთა წერილობითი პოზიციების სრულყოფასა და დავის ძირითადი სურათის განსაზღვრას ემსახურება, სწორედ ამითაა გამართლებული ამავე კოდექსის 201-ე მუხლის მე-5 ნაწილის (მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა) და 219-ემუხლის პირველი ნაწილის (მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული) დებულებების არსებობა პროცესში, რომელთა განუხრელი დაცვა პროცესის სწორად წარმართვაზე მიუთითებს. მიუხედავად ამისა, ახალ ფაქტებზე მითითება და მტკიცებულებათა მოგვიანებით წარდგენა მაინც დასაშვებია, რათა არ დაზარალდეს ერთ-ერთი მხარის ინტერესი, ამასთანავე, უნდა დადგინდეს, რომ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება, მხარისაგან დამოუკიდებელი, საპატიო მიზეზითაა განპირობებული. ამის ნათელი მაგალითია ზემოხსენებული 380-ე მუხლი, რომლის მოქმედებაც მხოლოდ სააპელაციო სამართალწარმოებაზე ვრცელდება, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით), სააპელაციო სასამართლო წარმოდგენს რა ფაქტების დამდგენ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, მას სრული საპროცესო შესაძლებლობა გააჩნია, შედავების ფარგლებში გამოიკვლიოს მტკიცებულებები, მათ შორის კანონის მოთხოვნათა დაცვით მიღებული და დასაშვებად ცნობილი ახალი მტკიცებულებები. პალატის ამგვარი შეფასება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (საქმეებზე: Nას-1141-2018წ; Nას-123-123-2018წ; Nას-345-323-2017 და სხვა);
4.15. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი ეს ფაქტები მიიღოს. ამიტომ, აპელანტის მითითება საინვესტიციო ვალდებულების დარღვევის გამო გარიგების გაუქმების თაობაზე დაუშვებელია. თუმცა ამ ფაქტების დასაშვებად ცნობაც აპელანტისთვის საშეღავათო გარემოებას არ ქმნის, რადგან მხარეთა შორის გაფორმებული სადავო ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად ნებისმიერი მხარის მხრიდან (გამყიდველი შპს „--- G--” იქნება ეს თუ მყიდველი შპს „E------”) - სამინისტროს წინაშე ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, სანქციები ეკისრება ორივე მხარეს და სამინისტროს წინაშე ორივე მხარე აგებს პასუხს სოლიდარულად; ხელშეკრულების 4.1. პუნქტი შემდეგი შინაარსისაა: „გამომდინარე იქედან, რომ ქონების გადაცემა გამყიდველზე მოხდა გარკვეული ვალდებულებების შესრულების პირობით და ამ ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში გამყიდველს ძირითადი ხელშეკრულების თანახმად ეკისრება გარკვეული სანქციები, წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად მხარეები თანხმდებიან და აცნობიერებენ, რომ ქონების გამყიდველიდან მყიდველზე გადაცემის შემდეგ, რომელიმე მხარის მხრიდან სამინისტროს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, სანქციები დაეკისრება ორივე მხარეს და ორივე მხარე სამინისტროს წინაშე პასუხს აგებენ სოლიდარულად“ (ხელშეკრულების 4.1. პუნქტი, ს.ფ.60). შესაბამისად ხელშეკრულებით ვლინდება შპს „--- G--”-ს შესაძლო ვალდებულების არსებობა სამინისტროს წინაშე (რაც კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანი არ არის); საპირისპირო ვალდებულების არსებობა კი სრულიად გამორიცხავს მხარის შესაძლებლობას გავიდეს ხელშეკრულებიდან;
4.16. რაც შეეხება მხარის არგუმენტს, ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობის გამო ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე, პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ ამ კუთხით გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია;
4.17. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ გარიგების გაუქმების შესახებ წარდგენილი სარჩელის უსაფუძვლობა, ასევე უცლის საფუძველს მოსარჩელის მოთხოვნას, დაიბრუნოს თავის მიერ დღგ-ს სახით გადახდილი თანხა. რადგან იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელეს ნასყიდობის საფასური მიღებული არ აქვს მან უნდა იდავოს ნასყიდობის საფასურის გადახდაზე, რა დროსაც გადაწყდება ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დღგ-ს გადახდის საკითხიც.
სამართლებრივი დასამუთება:
4.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
4.19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი;
4.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა.
4.21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად: გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნასყიდობის საგანი, ხოლო მყიდველმა უნდა გადაიხადოს ნასყიდობის საფასური;
4.22. კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას;
4.23. სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი”;
4.24. პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას სსკ-ის 405 მუხლის სამართლებრივი საფუძვლით სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლის არსებობის თაობაზე და ყურადღებას გაამახვილებს სსკ-ის 405-ე მუხლის განმაპირობებელ სამართლებრივ საკითხებზე. პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების დადების მომენტიდან მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, მაგრამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან და უარი თქვას ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილის შესაძლებლობას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უარი თქვას ხელშეკრულების გაგრძელებაზე, ხელშეკრულებიდან გასვლა ეწოდება. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება აღმჭურველი უფლებაა და განსხვავებით მოთხოვნის უფლებისაგან, მასზე არ ვრცელდება ხანდაზმულობა. სამოქალაქო კოდექსი და სხვა კერძო სამართლებრივი კანონმდებლობა შეიცავს აგრეთვე ისეთ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება მოთხოვნის საფუძვლით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებისას და ამდენად, ასრულებს დამხმარე ფუნქციას. დამხმარე ხასიათის ნორმებს განეკუთვნება ასევე უშუალოდ სამართლებრივი შედეგის დამფუძნებელი უფლების მომწესრიგებელი ნორმები, ისინი პირს სამართლებრივი შედეგის მოდიფიცირების უფლებას ანიჭებს ხელშეკრულების მეორე მხარის თანხმობის არსებობის მიუხედავად. დამფუძნებელია უშუალო სამართლებრივი შედეგის წარმომშობი უფლება, რომელიც პირს ანიჭებს უფლებამოსილებას, ცალმხრივი ნების გამოვლენით წარმოშვას, შეცვალოს ან გააუქმოს სამართლებრივი შედეგი. დამფუძნებელი უფლების მარეგულირებელი ნორმების ძირითადი თავისებურება ისაა, რომ უფლებამოსილი პირის მიერ უფლება ხორციელდება ნამდვილი, მიღებასავალდებულო ნების გამოვლენით. ასეთ დამფუძნებელ უფლებათა რიცხვს მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლა, რომელიც სკ-ის 355-ე მუხლის თანახმად, ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით. დამფუძნებელი უფლება განხორციელებულია ანუ შესაბამისი ნების გამოვლენა ნამდვი - იმ მომენტიდან, როდესაც იგი ხელშეკრულების მეორე მხარეს მიუვა, კერძოდ,მოხვდება მიმღების ძალაუფლების სფეროში და ამ უკანასკნელს ექნება მისი შინაარსის რეალურად განხორციელების შესაძლებლობა. ამ უფლებათა განსხვავებული სტატუსი, ცხადია, არ გამორიცხავს მათ განხორციელებას სასამართლოსათვის მიმართვის გზით;
4.25. პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მხარეების მხრიდან პირველადი მოთხოვნის ხასიათს ატარებს, რომლის შეუსრულებლობაც იწვევს მეორადი მოთხოვნის უფლების წარმოშობას. ამ უკანასკნელს კი მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნა. ხელშეკრულებიდან გასვლა გამოიყენება მხოლოდ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-359 მუხლები). თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გასვლის დამატებით პირობებზე. თუ მხარეები ამ უფლებით არ ისარგებლებენ, გამოიყენება კანონის დისპოზიციური ნორმები. ხელშეკრულებიდან გასვლის, როგორც მეორადი მოთხოვნის უფლების საფუძვლები შეიძლება დაიყოს მატერიალურ და ფორმალურ ნაწილებად. მატერიალურში შეიძლება ვიგულისხმოთ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა, ხოლო ფორმალურში – დამატებითი ვადის დაწესება დახელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინება;
4.26. პალატა მიუთითებს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად არ აფუძნებს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას;
4.28. ამდენად, რომც ჩათვლილყო რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფულადი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებას, მოსარჩელეს მაინც არ ჰქონდა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება. პალატა მიიჩნევს, რომ გამსხვისებელს ასეთ დროს შეუძლია იდავოს ნასყიდობის ფასის გადაუხდელობით დამდგარ ზიანზე. პალატის ამგვარი შეფასება გამომდინარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკიდან (იხ. სუსგ №ას-1439-1357-2012, 01.07.2013წ.; Nას-1206- 1226-2011წელი);
4.27. სააპელაციო პალატა იზიარებს დღგ-ს სახით გადახდილი თანხის დაბრუნების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ შეფასებას;
4.28. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება”. ამავე კოდექსის 409-ე მუხლით ,,თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება”;
4.29. პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ გარიგების გაუქმების შესახებ წარდგენილი სარჩელის უსაფუძვლობა, გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას - დაიბრუნოს თავის მიერ დღგ-ს სახით გადახდილი თანხა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ შპს „--- G--”-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება;
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა;
6.2. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით შპს „--- G--”-ს წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ დაკმაყოფილდა და შპს „--- G--”-ს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის 7000 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;
6.3. დადგენილია, რომ შპს „--- G--”-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 7000 ლარის გადახდა; აღნიშნული თანხის გადახდა უნდა მოხდეს სახელმწიფო ხაზინაში, სახაზინო კოდი: 300 183 150.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „--- G--”-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება;
3. შპს „--- G--”-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 7000 ლარის გადახდა;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
თავმჯდომარე ლაურა მიქავა
მოსამართლეები: ირმა პერანიძე
თამარ სვანიძე