განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002441268
N2ბ/5537-2018
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქ თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - გელა ქირია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ა----- გ------------ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ---- გ---------–---–---------ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება
2. გასაჩივრებული სასამართლო აქტების დასკვნებზე მითითება
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ---- გ---------–---–---------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ა----- გ------------ის უკანონო მფლებელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქ თბილისში, ვ-–----–----–-----------ზე, V-----------–ში, მე-4----------ში, ბი----- (ს/კ N0----------------------) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს - ნ---- გ---------–---–---------ეს. ნ---- გ---------–---–---------ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიხედვით, 2018 წლის 11 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ნ---- გ---------–---–---------ის წარმომადგენელმა, მოპასუხე ა----- გ------------ის მიმართ და მიუთითა, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, ვ-–----–----–-----------ზე, V-----------–ში, მე-4----------ში, ბი----- (ს/კ N0----------------------), რომელიც უკანონოდ და ყოველგვარი ნებართვის გარეშე დაკავებული ჰქონდა მოპასუხეს. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ა----- გ------------ი არ ათავისუფლებდა უძრავ ქონებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ნ---- გ---------–---–---------ემ ასევე მოითხოვა, მოპასუხეს დაკისრებოდა მის მიერ გადახდილი იურიდიული მომსახურების ხარჯი 600 ლარის ოდენობით და იშუამდგომლა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის განჩინებით, სარჩელი მიღებული იქნა განსახილველად. 2018 წლის 19 ივნისს, სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და სასამართლოს წარუდგინა მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება. საფოსტო შეტყობინებით დგინდებოდა, რომ გზავნილი, მოპასუხისათვის გადასაცემად, ჩაბარდა ა----- გ------------ის დედას, მ----- ლ--------ს 2018 წლის 15 ივნისს (ს/ფ 34-35).
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიიჩნია, რომ სარჩელი თანდართული დოკუმენტებით მოპასუხე ა----- გ------------ს ჩაბარდა დადგენილი წესის შესაბამისად.
სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, მოპასუხემ შესაგებელი არ წარადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მიღებული უნდა ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ა----- გ------------ს სარჩელი თანდართული მასალებით ჩაბარდა 2018 წლის 15 ივნისს. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს განსაზღვრული ჰქონდა 10 დღის ვადა, მაგრამ ზემოაღნიშნულ ვადაში შესაგებელი არ ჰქონდა წარდგენილი და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. ამასთან, არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულად იქნა მიჩნეული და რომლებიც იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას.
გადაწყვატილების სამართლებრივ საფუძლად სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებზე.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დადასტურებულად მიჩნეული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც სარჩელი დაკმაყოფილდა.
2.2. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეს შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებდა გადაცემის შესახებ, იმ საფუძლით, რომ მოსარჩელე მხოლოდ მიუთითებდა საპროცესო ნორმაზე, რომლებიც სასამართლოს ანიჭებდა უფლებამოსილებას დაუყოვნებლივ აღასრულებლად გადაეცა გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელე არ ასაბუთებდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას, რის გამოც შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
2.3. 2018 წლის 10 ივლისს, მოპასუხე ა----- გ------------მა სასამართლოში წარადგინა საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე. საჩივრის ავტორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, იმ საფუძვლით, რომ სარჩელი პირადად მას არ ჩაბარებია, გზავნილი ჩაიბარა დედამისმა, რომელსაც აქვს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც სარჩელი დაგვიანებით იქნა მიწოდებული და მოპასუხემ ვერ შეძლო კანონით დადგენილ ვადაში შესაგებლის შეტანა.
2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით, ა----- გ------------ის საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 აგვისტოს განჩინებით, ა----- გ------------ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით აღიარებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანათი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითითებული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული პრინციპით უდავოდ აღიარებულია მხარის უფლება თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება თავისი უფლებების დაცვის თაობაზე და აირჩიოს ამ უფლებათა დაცვის კანონით გათვალისწინებული ფორმა, რაც გულისხმობს, რომ თავად მხარეზეა დამოკიდებული თავისი უფლებების განხორციელება. კონკრეტულ შემთხვევაში შესაგებლის წარმოდგენაც მოპასუხე მხარის უფლებების დაცვის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაგებელი, რაც წარმოადგენდა მის ვალდებულებას.
სასამართლომ მიუთითა, რომ მის ერთადერთ მოვალეობას წარმოადგენდა მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვა, კერძოდ, მხარეებისათვის საქმის მასალების გადაცემა, მხარეების სასამართლო სხდომაზე მოწვევა, რაც აღნიშნული იყო კიდეც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით. თავის მხრივ, ისარგებლებდა, თუ, არა მხარე კანონმდებლობით აღიარებული უფლებებზე, დამოკიდებული იყო მხოლოდ მის ნებაზე, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი იძულების წესით მონაწილეობა მიეღებინებინა მხარისათვის საქმის განხილვაში ან აეძულებინა კონკრეტული საპროცესო მოქმედების განხორციელება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული 2018 წლის 16 ივნისის საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურით დგინდებოდა, რომ მოპასუხე ა----- გ------------ისთვის გადასაცემი გზავნილი კერძოდ, სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაბარდა ადრესატის დედას (ოჯახის წევრს) მ----- ლ--------ს, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილისა, ვინაიდან უწყების ჩამბარებელმა ადრესატი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე. შესაბამისად, მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარებული ჰქონდა კანონით დადგენილი წესით.
სასამართლომ არ გაითვალისწინა საჩივრის ავტორის პოზიცია დედის მეხსიერების პრობლემასთან დაკავშირებით, იმ საფუძლით, რომ წარმოდგენილი არ იყო აღნიშნულის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია საჩივრის ავტორის მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების თაობაზე.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითა საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისიწნებულ საპატიო მიზეზზე, კერძოდ, კი იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო გზავნილი ჩაბარდა აპელანტის (მოპასუხე მხარის) დედას - მ----- ლ--------ს, რომელსაც აქვს მეხსიერების მწვავე პრობლემები და იმის გამო, რომ მან ვერ გაარკვია, თუ რა გზავნილი ჩაიბარა, და ამასთან, ვერ დაიმახსოვრა ადრესატისათვის გზავნილის გადაცემის შესახებ მისი ვალდებულების თაობაზე, მოპასუხე მხარემ გაუშვა შესაგებლის წარდგენის ვადა.
4. გასაჩივრებული სასამართლო აქტების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.1 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობება მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის, ანუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხის მიერ სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით თავისი პოზიციის გამოხატვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებელი აწესებს ზეპირი მოსმენის გარეშე მის წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. ამდენად, სასამართლო ვალდებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას შეამოწმოს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. კერძოდ, 1. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ სასამართლო გზავნილი (სარჩელი და თანდართული საბუთების ასლები) კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოპასუხეს და შესაბამისად, განემარტა შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ; ამასთან, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ მის მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხე არასაპატიო მიზეზით არ წარმოადგენს პასუხს (შესაგებლს). 2. სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად რამდენად ამართლებს (ასაბუთებს) სასარჩელო მოთხოვნას.
4.2. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხე მხარის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ---- გ---------–---–---------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ა----- გ------------ის უკანონო მფლებელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქ თბილისში, ვ-–----–----–-----------ზე, V-----------–ში, მე-4----------ში, ბი----- (ს/კ N0----------------------) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს - ნ---- გ---------–---–---------ეს. დადგენილია ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 აგვისტოს განჩინებით, ა----- გ------------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, სარჩელის (განცხადების) სასამართლოში შეტანისას სასამართლოს კანცელარია ახდენს სარჩელის (განცხადების) რეგისტრაციას და, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ადვოკატს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), ან თუ სარჩელი (განცხადება) შეიტანება იურიდიული პირის წინააღმდეგ, მოსარჩელეს (წარმომადგენელს) გადასცემს გზავნილს (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლებს) მოპასუხისათვის ჩასაბარებლად.
2018 წლის 11 მაისის აქტის თანახმად დადგენილია, რომ სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ, მოსარჩელის წარმომადგენელს გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების გზავნილი სარჩელში მითითებული მოპასუხისათვის ჩასაბარებლად (ტომი 1; ს/ფ 25). საქმეში წარმოდგენილი მიმართვით - გზავნილით, ასევე დასტუდება ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ მოპასუხეს განესაზღვრა 10 დღის ვადა სარჩელზე შესაგებლის წარსადგენად (ტომი 1; ს/ფ 26).
პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ უზრუნველეყო საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, კერძოდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ სასამართლო გზავნილი მოპასუხეს ჩააბარა 2018 წლის 15 ივნისს, საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად (ტომი 1; ს/ფ 35).
საქართველოს სსკ-ის 74.1. მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს....
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამართლო გზავნილი ჩაბარდა ოჯახის წევრს, მ----- ლ--------ს 2018 წლის 15 ივნისს, რომელიც წარმოადგენს ა----- გ------------ის დედას (იხ. უკუგზავნილი; ს/ფ 35); შესაბამისად, სასამართლო გზავნილი საქართველოს სსკ-ის 74-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეებისათვის ჩაბარებულად ითვლება.
4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად ,,საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში’’. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი’’. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება’’.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს ჩაბარდა 2018 წლის 15 ივნისს, მისთვის შესაგებლის შეტანის 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო გზავნილის გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2018 წლის 16 ივნისიდან და ამოიწურა 2018 წლის 25 ივნისს. ამდენად, მოპასუხეს შესაგებელი სასამართლოში უნდა წარედგინა 2018 წლის 25 ივნისის ჩათვლით. დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა 2018 წლის 29 ივნისს მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო.
4.5. საქართველოს სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია თუ: ა) თუ მხარე არ იყო მოწვეული ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;
პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ არსებობდა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი.
იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარეს შუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102–ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო გზავნილი ჩაბარდა აპელანტის (მოპასუხე მხარის) დედას - მ----- ლ--------ს, რომელსაც აქვს მეხსიერების მწვავე პრობლემები და იმის გამო, რომ მან ვერ გაარკვია, თუ რა გზავნილი ჩაიბარა, და ვერ დაიმახსოვრა მისი ვალდებულების თაობაზე, ადრესატისათვის გადაეცა გზავნილი. აღნიშნულის გამო კი, მოპასუხე მხარემ გაუშვა შესაგებლის წარდგენის ვადა.
აპელანტის ამ პოზიციას პალატა ვერ მიიჩნევს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატო მიზეზად, გამომდინარე იქიდან, რომ საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მითითებული დიაგნოზით (მეხსიერების პრობლება) სასამართლო გზავნილის ჩამბარებელი პირის, ჯანმრთელობის მდგომარეობას. ავადმყოფობა, უნდა დადასტურდეს სათანადო დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიეთითება პირის კონკრეტულ ავადმყოფობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, მხარემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, ისევე, როგორც ვერ დაადასტურა საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შესაგებლოს წარუდგენლობის საპატიო მიზეზი, რისი მტკიცების ტვირთიც, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრებოდა თავად საჩივრის ავტორს.
4.6. როგორც აღინიშნა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის კიდევ ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად მიიჩნია დადგენილად სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (1. უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქალაქ თბილისში, ვ-–----–----–-----------ი, V-----------–ი, მე-4----------ი, ბი----- (ს/კ N0----------------------) რეგისტრირებულია ნ---- გ---------–---–---------ის საკუთრების უფლება. მითითებულ უძრავ ქონებას ფლობს ა----- გ------------ი. ნ---- გ---------–---–---------ე ვერ სარგებლობს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, ვინაიდან, მოპასუხე მიუხედავად მისი თხოვნისა, არ ათავისუფლებს სადავო ქონებას), რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე, 170.1. და 172-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.
4.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან სახეზე არ არის გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი 160.00 ლარის ოდენობით, წინასწარ იქნა გადახდილი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა----- გ------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გელა ქირია