განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002062360
საქმე №3ბ/2551-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
აპელანტი (მოპასუხე) - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ--------------ე
დავის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით თ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს დაეკისრა თ--------------ის სასარგებლოდ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 100 (ასი) ლარის ოდენობით;ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2016 წლის 22 მაისს ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა მოქალაქე თ--------------ე, რაზეც შედგენილ იქნა 2016 წლის 22 მაისის №------------- ადმინისტრაციული
დაკავების ოქმი. ოქმში დაკავების მოტივად მითითებულია, რომ 2016 წლის 22 მაისს 22:35 საათზე დაკავებულ იქნა მოქალაქე თ--------------ე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე გ-----------–------------ეს, ხოლო დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწია და ბოროტად არ ემორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება და ხელს უშლიდა მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.
ზემოაღნიშნულ ფაქტზე, 2016 წლის 22 მაისს თ--------------ის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №-------------, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.
2016 წლის 22 მაისს, ასევე, შედგენილია №------ დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ თ--------------ეს გარეგნული დათვალიერებით სხეულზე დაზიანება არ აღენიშნება. ამავე ოქმში დაკავებულის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსების დროდ მითითებულია 22.05.2016წ. 05:40 საათი, ხოლო დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაყვანის დროდ - 22.05.2016წ. 09:25 საათი. (ს.ფ 12-13)
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2016 წლის 22 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ განსახილველად შეტანილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები თ--------------ის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22
მაისის დადგენილებით, (საქმე №---------) თ--------------ის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №------------ ოქმის საფუძველზე დაწყებული №--------- საქმის წარმოება შეწყდა სამართალდარღვევის არარსებობის გამო. (ს.ფ 15-18)
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3 პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. სასამართლომ განმარტა, რომ ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე საქმეზე №23/630, სადაც აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.
სასამართლომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით განმარტა, რომ არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას. კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ვინც არის დაკავების ამ დაპატიმრების მსხვერპლი ან მუხლის დებულებათა დარღვევის გამო აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტებაზე საქმეში №3გ-ად-329-კ-02 (24.03.2003 წ), რომლის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციით გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა. ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. ევროპის კონვენციის მე-5 მუხლის მე-2-5 პუნქტები ადგენენ უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლების გარანტიებს. პიროვნების ფიზიკური თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჭეშმარიტად დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს აღიარებს, იგი, როგორც წესი, ყოველმხრივ დაცულია. ეს უფლება ყველა იმ სახელმწიფოებრივი სისტემის ქვაკუთხედია, რომელიც კანონიერების პატივისცემისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრიორიტეტულ მნიშვნელობას აღიარებს. კონვენცია ადგენს კომპენსაციის შესაძლებლობას მასში გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფისათვის. კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის უფლება, ამ მუხლის დებულებათა დარღვევით განხორციელებული თავისუფლების აღკვეთისათვის, ავსებს 50-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებას “სამართლიან ანაზღაურებაზე". “სამართლიანი ანაზღაურების" მინიჭება ევროპული სასამართლოს კომპეტენციაა, მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია, უფლების დარღვევის დადგენის შემთხვევაში, ეროვნული სასამართლოების მიერაც უნდა განხორციელდეს. მე-5 პუნქტის გამოყენების წინაპირობას მე- 5 მუხლით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე უფლების ხელყოფა წარმოადგენს. კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული დაამტკიცებს მისთვის ფიზიკური, მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს, ვინაიდან კომპენსაციის შესახებ საკითხი არ დგება ასეთი ზიანის გარეშე. კომპენსაცია მოიცავს როგორც მატერიალურ, ისე მორალურ ზიანს.“
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლომ განმარტა, რომ ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.
მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. ამავე ნორმის 2017 წლის პირველი სექტემბრიდან მოქმედი რედაქციის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.
მითითებული მუხლების თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება და მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ იგი უკანონოდ იქნა ადმინისტრაციული წესით დაკავებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა დადგენილი ფაქტბრივ გარემოებაზე, რომ 2016 წლის 22 მაისს ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა მოქალაქე თ--------------ე, რაზეც შედგენილ იქნა 2016 წლის 22 მაისის №------------- ადმინისტრაციული დაკავების ოქმი. ოქმში დაკავების მოტივად მითითებული იყო, რომ 2016 წლის 22 მაისს 22:35 საათზე დაკავებულ იქნა მოქალაქე თ--------------ე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-173-ე მუხლებით, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე გ-----------–------------ეს, ხოლო დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწია და ბოროტად არ ემორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება და ხელს უშლიდა მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.
ასევე, მითითებილი იქნა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 მაისის დადგენილებით (საქმე №---------) თ--------------ის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №------------ ოქმის საფუძველზე დაწყებული №--------- საქმის წარმოება შეწყდა სამართალდარღვევის არარსებობის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველი დავის ფარგლებში უნდა განიმარტოს, რამდენად ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირზე და ადმინისტრაციული დაკავების უკანონობა გულისხმობს თუ არა მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საქართველოს პროკურატურაში დაკავების გასაჩივრების შედეგად დაკავების უკანონოდ ცნობას, რადგან, მართალია, მოსარჩელის მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება, მაგრამ ადმინისტრაციული დაკავება უკანონოდ არ არის ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია. საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მიხედვით, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. ამასთან, მოცემული უფლება არ არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი ძირითადი უფლება, თუმცაღა მისი შეზღუდვა და დაცულ სფეროში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე და კანონით განსაზღვრული წესით. სწორედ ამ შემთხვევას ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დროულად და სწორად განხილვისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების აღსრულების უზრუნველსაყოფად დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, მისი ნივთების გასინჯვა და მისთვის ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა. ხოლო, ამავე კოდექსის 251-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება გაასაჩივრონ ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან პროკურორთან.
სასამართლომ მიუთითა, რომ 244-ე მუხლით გათვალისწინებული ჩარევა თავისუფლების ძირითად უფლებაში ემსახურება ისეთი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, როგორიცაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღკვეთა, საქმის დროული და სწორი განხილვა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მიღებული დადგენილების აღსრულება. აღსანიშნავია ისიც, რომ პირის ადმინისტრაციულ დაკავებას კანონი მხოლოდ მას შემდეგ ითვალისწინებს, როცა ამოიწურება ზემოქმედების სხვა ზომები. ამდენად, პირის ადმინისტრაციული დაკავება არის ოქმის შემდგენისთვის მინიჭებული შესაძლებლობა, კანონით დადგენილ შემთხვევაში და წესით მოახდინოს პირის დაკავება სამართალდარღვევის აღსაკვეთად, სამართალდარღვევაზე რეაგირების მოსახდენად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ზემოქმედების სხვა ზომები ამოწურულია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებლობით, გათვალისწინებულია დაკავების გასაჩივრების წესი. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ადმინისტრაციული დაკავების გასაჩივრების მიზნით არ მიუმართავს.
სასამართლომ განმარტა, რომ, მართალია, მოსარჩელის ადმინისტრაციული დაკავების კანონიერება არ იყო შემოწმებული, თუმცაღა დაკავების გასაჩივრებასა და დაკავების უკანონოდ აღიარებას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მიზნებისათვის მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როდესაც პირი ცნობილი იქნება ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, რაც იმთავითვე არ გამორიცხავდა ადმინისტრაციული დაკავების უკანონობას, თუმცაღა, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ წარმოებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყდა, სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის გამო. სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული გარემოება ავტომატურად განაპირობებდა ადმინისტრაციული დაკავების უკანონოდ მიჩნევას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მიზნებისათვის.
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ადმინისტრაციული დაკავება ემსახურება კონკრეტულ მიზნებს - მართლწესრიგის დაცვას, სამართალდარღვევის აღკვეთას, სამართალდამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი სანქციის შეფარდების შესაძლებლობის განხორციელებას.
სასამართლომ განმარტა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც აღჭურვილნი არიან სამართალდარღვევის აღკვეთისთვის საჭირო ფართო უფლებამოსილებებით, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგნენ პირის მიმართ ზემოქმედების ისეთი ზომების გამოყენებას, რომლებიც იწვევს პირისთვის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეზღუდვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯარო წესრიგის დაცვა შეუძლებელი იქნება და მოხდება პირთა კანონით დაცული ინტერესების შელახვა. ამასთან, ადმინისტრაციული დაკავებისას არსებული ფაქტობრივი გარემოებები შესაძლებელია, რომ პოლიციის თანამშრომლებს უქმნიდეს დასაბუთებულ ეჭვს, რომ პირმა ჩაიდინა სამართალდარღვევა და აუცილებელია მისი დაკავება, მაგრამ საქმის განხილვისას და სასამართლო დადგენილებით დადგინდეს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისთვის, პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნას მიჩნეული მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილების მიღება, ვინაიდან ამგვარი აქტი ადასტურებს, რომ გამართლებულ პირს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება აღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, სასამართლომ განმარტა, რომ ქმედების უკანონობა არ უნდა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევის დადგენით, გამართლებულ პირს უნდა მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. მართალია, პირის ადმინისტრაციული დაკავება ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, უფლებამოსილი ორგანო წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, პირს, რომლის ქმედებაშიც სამართალდარღვევის ნიშნების არსებობა არ დადასტურდა, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მარეაბილიტირებელი გარემოება და აქედან გამომდინარე, ქმედების უკანონობაც, რაც მოცემული მუხლის მიზნებისთვის არ უნდა იქნას გაიგივებული მხარის მიერ დაკავების გასაჩივრების აუცილებლობასთან. პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შეწყვეტით დასტურდება, რომ პირს არ ჩაუდენია სამართალდარღვევა, რომლის აღკვეთის ან რომელზეც სათანადო რეაგირების მოხდენის მიზანსაც ემსახურება ადმინისტრაციული დაკავება. სწორედ ამიტომ, აღნიშნული გარემოებების არსებობა საკმარისია პირისთვის ზიანის ანაზღაურებისთვის და აუცილებელი არ არის, პირს გასაჩივრებული ჰქონდეს ადმინისტრაციული დაკავება ან დაკავება უკანონოდ იქნას აღიარებული შესაბამისი ორგანოს მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს არ ექნებოდა ზიანის ანაზღაურების რეალური შესაძლებლობა.
სასამართლომ, მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, რომელმაც დაადგინა ფუნდამენტური განსხვავება კონვენციის მე-5 მუხლიდან გამომდინარე თავისუფლების აღკვეთასა და გადაადგილების თავისუფლებას შორის. თავისუფლების აღკვეთასა და პირის გადაადგილების თავისუფლების აღკვეთას შორის განსხვავება ინტენსიურობისა და ხარისხის საკითხი უფროა, ვიდრე მისი ბუნების, ან არსის (იხ. ,,გუზარდი იტალიის წინააღმდეგ“ (1980). შეიძლება გაკეთდეს მცირე განზოგადება და ყოველი საქმისათვის დამახასიათებელი გარემოებები გამოკვლეულ იქნას დეტალურად.
სასამართლომ განმარტა, რომ ყველა კრიტერიუმი, როგორიცაა ტიპი, ხანგრძლივობა, სადავო ღონისძიების განხორციელების ფორმა და მისი შედეგები, მთლიანობაში უნდა იქნას განხილული. ამდენად, ადმინისტრაციულ დაკავებასა და ადმინისტრაციულ პატიმრობას შორის განსხვავება არის მის ინტენსივობასა და ხარისხში, ამასთან, ადმინისტრაციული დაკავება არის უზრუნველყოფის ღონისძიება, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა წარმოადგენს ადმინისტრაციული სახდელის სახეს, თუმცაღა თავისი არსით, პირისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების - თავისუფალი მიმოსვლის უფლების შეზღუდვა და დამდგარი ნეგატიური შედეგებით, რაც გამოიხატება კონკრეტულ დაწესებულებაში გარკვეული დროით მოთავსებაში, პირის რეპუტაციაზე გავლენის მოხდენაში, უარყოფითი განცდების წარმოქმნაში, ისინი ერთმანეთს ჰგვანან. სწორედ ამიტომ, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული დაკავება არ ექცევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემადგენლობაში.
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლომ განმარტა, რომ პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
სასამართლომ განმარტა, რომ კანონით ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურება პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისას, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისას. ამდენად, პირის კანონით დაცული სხვა უფლებების შეზღუდვა არ წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც გამოწვეულია მორალური ზიანის სპეციფიკით, რამეთუ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრული სიკეთის ხელყოფისას პირი განსაკუთრებულად განიცდის სულიერ თუ ფიზიკურ ტანჯვას. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.
სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნორმის შესაბამისად, მთავარი ღირებულება არის ადამიანი, როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი. ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან. ღირსებაში იგულისხმება სოციალური მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის რესპექტირებაზე. ღირსება ადამიანს აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ის ადამიანია და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ გააჩნია საზოგადოების შეხედულებას მასზე, ან მის სუბიექტურ თვითშეფასებას. ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია. სახელმწიფოსათვის ადამიანი არის უმთავრესი მიზანი, პატივისცემის ობიექტი, მთავარი ფასეულობა და არა მიზნის მიღწევის საშუალება და ექსპლუატაციის ობიექტი. ღირსება, ასევე, არ შეიძლება იქნას განხილული, როგორც მხოლოდ ერთ-ერთი სუბიექტური კონსტიტუციური უფლების ობიექტი. ღირსება არის ის უფლება და ამავე დროს, ის ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი უფლებები. პირის სამართლებრივი სტატუსის საფუძველში დევს ღირსების იდეა, ხოლო სამართლებრივი დაცვის პრინციპის, როგორც პიროვნების სოციალურ-სამართლებრივი დაცვის საშუალების, საფუძველი არის პიროვნების ღირსების უზრუნველყოფის პრინციპი. ღირსების ხელყოფა, ფაქტიურად, ყოველთვის უკავშირდება სხვა ძირითადი უფლების ან უფლებების დარღვევას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება).
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ადმინისტრაციული დაკავებით მოხდა მისი ღირსებისა და თავისუფალი მიმოსვლის უფლებების შელახვა, რაც წარმოადგენს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველს პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის პირობებში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე. რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას, მას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს.
სასამართლომ განმარტა, რომ მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხის მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება მორალური და ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტი, ვერ დგინდება რა მორალური ტანჯვა განიცადა თ--------------ემ, რომელიც სულ რამდენიმე საათით იყო დაკავებული კანონიერად და იმყოფებოდა საპატრულო ავტომანქანაში, ხოლო შემდგომ, ხელწერილის საფუძველზე მოხდა მისი გაშვება. ამრიგად, სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს მიღებული გადაწყვეტილება და თ--------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5. ფაქტობრივი დასაბუთება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეთანხმება და სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
სამართლებრივი დასაბუთება
6.1. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
6.2. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. პალატა მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს: პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ამასთან, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ამასთან, ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე №23/630, სადაც აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის. ამასთან სწორად იქნა გამახილებული ყუირადღება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას. კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ვინც არის დაკავების ამ დაპატიმრების მსხვერპლი ან მუხლის დებულებათა დარღვევის გამო აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.
პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებაზე საქმეში №3გ-ად-329-კ-02 (24.03.2003 წ), რომლის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციით გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა. ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. ევროპის კონვენციის მე-5 მუხლის მე-2-5 პუნქტები ადგენენ უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლების გარანტიებს. პიროვნების ფიზიკური თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჭეშმარიტად დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს აღიარებს, იგი, როგორც წესი, ყოველმხრივ დაცულია. ეს უფლება ყველა იმ სახელმწიფოებრივი სისტემის ქვაკუთხედია, რომელიც კანონიერების პატივისცემისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრიორიტეტულ მნიშვნელობას აღიარებს. კონვენცია ადგენს კომპენსაციის შესაძლებლობას მასში გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფისათვის. კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის უფლება, ამ მუხლის დებულებათა დარღვევით განხორციელებული თავისუფლების აღკვეთისათვის, ავსებს 50-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებას “სამართლიან ანაზღაურებაზე". “სამართლიანი ანაზღაურების" მინიჭება ევროპული სასამართლოს კომპეტენციაა, მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია, უფლების დარღვევის დადგენის შემთხვევაში, ეროვნული სასამართლოების მიერაც უნდა განხორციელდეს. მე-5 პუნქტის გამოყენების წინაპირობას მე- 5 მუხლით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე უფლების ხელყოფა წარმოადგენს. კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული დაამტკიცებს მისთვის ფიზიკური, მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს, ვინაიდან კომპენსაციის შესახებ საკითხი არ დგება ასეთი ზიანის გარეშე. კომპენსაცია მოიცავს როგორც მატერიალურ, ისე მორალურ ზიანს.“
პალატა მიუთითითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი."
პალატა მოიხმობს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილს, რომლის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმა კი რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. ამავე ნორმის 2017 წლის პირველი სექტემბრიდან მოქმედი რედაქციის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.
დადგენილია, რომ 2016 წლის 22 მაისს ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა მოქალაქე თ--------------ე, რაზეც შედგენილ იქნა 2016 წლის 22 მაისის №------------- ადმინისტრაციული დაკავების ოქმი. ოქმში დაკავების მოტივად მითითებული იყო, რომ 2016 წლის 22 მაისს 22:35 საათზე დაკავებულ იქნა მოქალაქე თ--------------ე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-173-ე მუხლებით, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე გ-----------–------------ეს, ხოლო დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწია და ბოროტად არ ემორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება და ხელს უშლიდა მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.
ასევე, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 მაისის დადგენილებით (საქმე №---------) თ--------------ის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №------------ ოქმის საფუძველზე დაწყებული №--------- საქმის წარმოება შეწყდა სამართალდარღვევის არარსებობის გამო.
პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დროულად და სწორად განხილვისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების აღსრულების უზრუნველსაყოფად დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, მისი ნივთების გასინჯვა და მისთვის ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა. ხოლო, ამავე კოდექსის 251-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება გაასაჩივრონ ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან პროკურორთან.
ამდენად, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლით გათვალისწინებული ჩარევა თავისუფლების ძირითად უფლებაში ემსახურება ისეთი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, როგორიცაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღკვეთა, საქმის დროული და სწორი განხილვა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მიღებული დადგენილების აღსრულება. აღსანიშნავია ისიც, რომ პირის ადმინისტრაციულ დაკავებას კანონი მხოლოდ მას შემდეგ ითვალისწინებს, როცა ამოიწურება ზემოქმედების სხვა ზომები. ამდენად, პირის ადმინისტრაციული დაკავება არის ოქმის შემდგენისთვის მინიჭებული შესაძლებლობა, კანონით დადგენილ შემთხვევაში და წესით მოახდინოს პირის დაკავება სამართალდარღვევის აღსაკვეთად, სამართალდარღვევაზე რეაგირების მოსახდენად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ზემოქმედების სხვა ზომები ამოწურულია.
პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობით, გათვალისწინებულია დაკავების გასაჩივრების წესი. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ადმინისტრაციული დაკავების გასაჩივრების მიზნით არ მიუმართავს.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ, მართალია, მოსარჩელის ადმინისტრაციული დაკავების კანონიერება არ იყო შემოწმებული, თუმცაღა დაკავების გასაჩივრებასა და დაკავების უკანონოდ აღიარებას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მიზნებისათვის მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როდესაც პირი ცნობილი იქნება ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, რაც იმთავითვე არ გამორიცხავდა ადმინისტრაციული დაკავების უკანონობას, თუმცაღა, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ წარმოებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყდა, სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის გამო. სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული გარემოება ავტომატურად განაპირობებდა ადმინისტრაციული დაკავების უკანონოდ მიჩნევას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მიზნებისათვის. ადმინისტრაციული დაკავება ემსახურება კონკრეტულ მიზნებს - მართლწესრიგის დაცვას, სამართალდარღვევის აღკვეთას, სამართალდამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი სანქციის შეფარდების შესაძლებლობის განხორციელებას.
პალატა იზიარებს მსჯელობას, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც აღჭურვილნი არიან სამართალდარღვევის აღკვეთისთვის საჭირო ფართო უფლებამოსილებებით, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგნენ პირის მიმართ ზემოქმედების ისეთი ზომების გამოყენებას, რომლებიც იწვევს პირისთვის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეზღუდვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯარო წესრიგის დაცვა შეუძლებელი იქნება და მოხდება პირთა კანონით დაცული ინტერესების შელახვა. ამასთან, ადმინისტრაციული დაკავებისას არსებული ფაქტობრივი გარემოებები შესაძლებელია, რომ პოლიციის თანამშრომლებს უქმნიდეს დასაბუთებულ ეჭვს, რომ პირმა ჩაიდინა სამართალდარღვევა და აუცილებელია მისი დაკავება, მაგრამ საქმის განხილვისას და სასამართლო დადგენილებით დადგინდეს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისთვის, პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნას მიჩნეული მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილების მიღება, ვინაიდან ამგვარი აქტი ადასტურებს, რომ გამართლებულ პირს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება აღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, პალატა განმარტავს, რომ ქმედების უკანონობა არ უნდა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევის დადგენით, გამართლებულ პირს უნდა მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. მართალია, პირის ადმინისტრაციული დაკავება ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, უფლებამოსილი ორგანო წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, პირს, რომლის ქმედებაშიც სამართალდარღვევის ნიშნების არსებობა არ დადასტურდა, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
დადგენილია, რომ სახეზეა 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მარეაბილიტირებელი გარემოება და აქედან გამომდინარე, ქმედების უკანონობაც, რაც მოცემული მუხლის მიზნებისთვის არ უნდა იქნას გაიგივებული მხარის მიერ დაკავების გასაჩივრების აუცილებლობასთან. პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შეწყვეტით დასტურდება, რომ პირს არ ჩაუდენია სამართალდარღვევა, რომლის აღკვეთის ან რომელზეც სათანადო რეაგირების მოხდენის მიზანსაც ემსახურება ადმინისტრაციული დაკავება. სწორედ ამიტომ, აღნიშნული გარემოებების არსებობა საკმარისია პირისთვის ზიანის ანაზღაურებისთვის და აუცილებელი არ არის, პირს გასაჩივრებული ჰქონდეს ადმინისტრაციული დაკავება ან დაკავება უკანონოდ იქნას აღიარებული შესაბამისი ორგანოს მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს არ ექნებოდა ზიანის ანაზღაურების რეალური შესაძლებლობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, დაადგენილია ფუნდამენტური განსხვავება კონვენციის მე-5 მუხლიდან გამომდინარე თავისუფლების აღკვეთასა და გადაადგილების თავისუფლებას შორის. თავისუფლების აღკვეთასა და პირის გადაადგილების თავისუფლების აღკვეთას შორის განსხვავება ინტენსიურობისა და ხარისხის საკითხი უფროა, ვიდრე მისი ბუნების, ან არსის (იხ. ,,გუზარდი იტალიის წინააღმდეგ“ (1980). შეიძლება გაკეთდეს მცირე განზოგადება და ყოველი საქმისათვის დამახასიათებელი გარემოებები გამოკვლეულ იქნას დეტალურად.
პალატა განმარტავს, რომ ყველა კრიტერიუმი, როგორიცაა ტიპი, ხანგრძლივობა, სადავო ღონისძიების განხორციელების ფორმა და მისი შედეგები, მთლიანობაში უნდა იქნას განხილული. ამდენად, ადმინისტრაციულ დაკავებასა და ადმინისტრაციულ პატიმრობას შორის განსხვავება არის მის ინტენსივობასა და ხარისხში, ამასთან, ადმინისტრაციული დაკავება არის უზრუნველყოფის ღონისძიება, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა წარმოადგენს ადმინისტრაციული სახდელის სახეს, თუმცაღა თავისი არსით, პირისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების - თავისუფალი მიმოსვლის უფლების შეზღუდვა და დამდგარი ნეგატიური შედეგებით, რაც გამოიხატება კონკრეტულ დაწესებულებაში გარკვეული დროით მოთავსებაში, პირის რეპუტაციაზე გავლენის მოხდენაში, უარყოფითი განცდების წარმოქმნაში, ისინი ერთმანეთს ჰგვანან. სწორედ ამიტომ, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული დაკავება არ ექცევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემადგენლობაში. ხოლო, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
პალატა განმარტავს, რომ კანონით ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურება პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისას, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისას. ამდენად, პირის კანონით დაცული სხვა უფლებების შეზღუდვა არ წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც გამოწვეულია მორალური ზიანის სპეციფიკით, რამეთუ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრული სიკეთის ხელყოფისას პირი განსაკუთრებულად განიცდის სულიერ თუ ფიზიკურ ტანჯვას. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.
პალატა მიუთითებს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნორმის შესაბამისად, მთავარი ღირებულება არის ადამიანი, როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი. ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან. ღირსებაში იგულისხმება სოციალური მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის რესპექტირებაზე. ღირსება ადამიანს აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ის ადამიანია და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ გააჩნია საზოგადოების შეხედულებას მასზე, ან მის სუბიექტურ თვითშეფასებას. ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია. სახელმწიფოსათვის ადამიანი არის უმთავრესი მიზანი, პატივისცემის ობიექტი, მთავარი ფასეულობა და არა მიზნის მიღწევის საშუალება და ექსპლუატაციის ობიექტი. ღირსება, ასევე, არ შეიძლება იქნას განხილული, როგორც მხოლოდ ერთ-ერთი სუბიექტური კონსტიტუციური უფლების ობიექტი. ღირსება არის ის უფლება და ამავე დროს, ის ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი უფლებები. პირის სამართლებრივი სტატუსის საფუძველში დევს ღირსების იდეა, ხოლო სამართლებრივი დაცვის პრინციპის, როგორც პიროვნების სოციალურ-სამართლებრივი დაცვის საშუალების, საფუძველი არის პიროვნების ღირსების უზრუნველყოფის პრინციპი. ღირსების ხელყოფა, ფაქტიურად, ყოველთვის უკავშირდება სხვა ძირითადი უფლების ან უფლებების დარღვევას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება).
დადგენილია, რომ თ--------------ის ადმინისტრაციული დაკავებით მოხდა მისი ღირსებისა და თავისუფალი მიმოსვლის უფლებების შელახვა, რაც წარმოადგენს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველს პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის პირობებში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე. რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას, მას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს.
პალატა მიიჩნევს, რომ მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხის მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტები განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-34 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ილონა თოდუა