განაჩენი

სისხლის სამართლის 11.02.2019
საქმის ნომერი
330100117001877661
ინსტანცია
თარიღი
11.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/1232-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორ - გ--------------ის,ადვოკატ - გ------------–---–ის,მსჯავრდებულ - თ---–--------------ას მონაწილეობით,მსჯავრდებულ თ---–--------------ას ადვოკატ გ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

თ---–---------------------–----------ას მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---------------------–-----------ი; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით;

 

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასმართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 აგვისტოს განაჩენით:

 

თ---–--------------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დადაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

თ---–--------------ას 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა იურიდიულ პირებში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 ივლისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 ივლისის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და საბოლოოდ თ---–--------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. მასვე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა იურიდიულ პირებში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

 

თ---–--------------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო მისი დაკავების დღიდან - 2018 წლის 22 აგვისტოდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 28 ივნისიდან, 2015 წლის 29 ივნისის ჩათვლით.

 

თ---–--------------ას მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 ივლისის განაჩენით, თ---–--------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც ჩაეთვალა პირობითად, ამავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 საათით.

 

მართლსაწინააღმგედო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისთვის ნასამართლევმა შპს „გ---------“-ის გამყიდველმა თ---–--------------ამ, მოქმედებდა რა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, 2016 წლის 29 მაისიდან, 25 ივნისამდე პერიოდში, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული შპს „გ---------“-ის კუთვნილი პროდუქცია და თანხა, რითაც დაზარალებულ კომპანიას მიაყენა ჯამში 6 587.56 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ---–--------------ას ადვოკატმა გ------------–---–მა, რომელმაც ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება.

 

აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, 2018 წლის 14 აგვისტოს ბრალდებულის მონაწილეობის გარეშე ჩაეტარებინა საქმის არსებითი განხილვის სხდომა და გამოეტანა გამამტყუნებელი განაჩენი. თ---–--------------ა საპატიო მიზეზით არ გამოცხადდა ზემოაღნიშნულ სასამართლო სხდომაზე, კერძოდ იგი გადიოდა მკურნალობას და სასამართლოსათვის თავის არიდების მიზანი მას არ ჰქონია. ამასთან, იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა 2018 წლის 7 აგვისტოს სასამართლო სხდომას და მას არ მოუსმენია, რომ საქმეზე შემდეგი სხდომა ჩატარდებოდა 2018 წლის 14 აგვიტოს. ამ პირობებში, სასამართლოს უნდა დაედგინა, თ---–--------------ას ჩაბარდა თუ არა უწყება, რომ 2018 წლის 14 აგვისტოს გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე.

 

სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა თ---–--------------ამ და მისმა ადვოკატმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

 

ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებები და კვალიფიკაცია არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. თ---–--------------ას მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: გ------------------–---–------–----------------–---------------------–---------–---–----------------------–-–---–-------------------------------------------–-–---–ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დათვალიერების ოქმით და წარმოდგენილი დოკუმენტებით; საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 ივლისის განაჩენით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს თ---–--------------ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენას - მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას მსაჯვრდებულ თ---–--------------ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით, იმ საფუძვლით, რომ მის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოში განაჩენი დადგენილი იქნა ბრალდებულის მონაწილეობის გარეშე, პალატა ვერ დაეთანხმება და განმარტავს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებულის უფლება - „უშუალოდ ან დისტანციურად, ტექნიკური საშულებების გამოყენებით, მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვაში, დააყენოს შუამდგომლობა და განაცხადოს აცილება, დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიოს იმავე პირობებში, როგორშიც ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა ხდება“, წარმოადგენს მის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას. აგრეთვე, ბრალდებულის მიერ სასამართლო სხდომებზე მონაწილეობის მიღება პირდაპირ კავშირშია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპთან (სსსკ-ის მე-9 მუხლი), რომელიც თანაბრად აძლევს მხარეებს შესაძლებლობას - კანონმდებლობით დადგენილი წესით დააყენონ შუამდგომლობა, მოიპოვონ, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვონ, წარადგინონ და გამოიკვლიონ შესაბამისი მტკიცებულებები. მოცემული პრინციპი გულისხმობს, რომ ყოველ მხარეს თავისი მოსაზრებების წარმოდგენის გონივრული შესაძლებლობა უნდა მიეცეს; ამასთან, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გაეცნოს საქმესთან დაკავშირებულ ყველა მტკიცებულებასა და მოსაზრებებს და კომენტარები გააკეთონ მასთან დაკავშირებით.

 

ბრალდებულის სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლებას განამტკიცებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლიც. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირის სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა ეროვნული სასამართლოებისათვის. თუმცა ადამიანის უფელბათა დაცვის ევროპული სასამართლო არ ადგენს, რომ იგი არის ბრალდებულის შეუზღურავი უფლება. ევროსასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო განხილვა ბრალდებულის დაუსწრებლად თავისთავად არ არის შეუთავსებადი კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნებთან და სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლების დარღვევად მიიჩნევს მხოლოდ ისეთ გარემოებებს, რომდესაც სასამართლოს მიერ არ იქნა სათანადოდ დადგენილი, ბრალდებული აპირებდა თუ არა მართლმსაჯულებისაგან მიმალვას ან რამდენად თქვა მან უარი თავის უფლებაზე - დასწრებოდა სასამართლოს და დაეცვა თავი (Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, § 58-59; Sejdovic v. Italy [GC], no. 56581/00 , §§ 81, 82, 84).

 

ამდენად, იმ საკითხის შეფასებისას დაირღვა თუ არა ბრალდებულის უფლება - დასწრებოდა სასამართლოს სხდომას, მნიშვნელოვანია დადგენილი იქნეს, პირი შეგნებულად თავს არიდებს გამოცხადებას, თუ ვერ ახერხებდა სხდომაზე მონაწილეობის მიღებას მისგან დამოუკიდებელი, საპატიო მიზეზების გამო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს შეუძლია არა მხოლოდ პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ განაცხადოს უარი სასამართლო სხდომებზე დასწრებაზე, რაც უბრალოდ მისი მხრიდან გამოცადებაზე თავის არიდებაში შეიძლება გამოიხატოს.

 

განსახილველ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა თ---–--------------ას მიმართ დაიწყო 2017 წლის 11 მაისს და საქმეზე განაჩენი გამოტანილი იქნა 2018 წლის 14 აგვისტოს. ამდენად, საქმის განხილვა მიმდინარეობდა ერთ წელზე მეტი ვადით და როგორც წარმოდგენლი საქმის მასალებიდან ირკვევა, სხდომები არაერთხელ გადაიდო სწორედ დაცვის მხარის შუამდგომლობით, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. თ---–--------------ას სასამართლო სხომაზე გამოცახება უზრუნველყოფილი იყო პირველივე სხდომაზე, რის შემდეგაც იგი 2018 წლის 11 მაისამდე გამართულ სხდომებში მუდმივად იღებდა მონაწილეობას. მას სასამართლოს მიერ პირადად განემარტა მისი, როგორც ბრალდებულის უფლება-მოვალეობები, ესწრებოდა აცილებისა და შეუმდგომლობების დაყენების და მხარეთა მიერ შესავალი სიტყვების წარმოთქმის ეტაპებს. ასევე, მისი თანდასწრებით გამართულ სასამართლო სხდომაზე დავის მხარემ უარი განაცხადა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევაზე და ისინი მიიჩნია უდავოდ, რის შემდეგაც საქმის განხილვა გადაიდო გონივრული ვადით - 2018 წლის 11 მაისს, მხარეთა მიერ დასკვნითი სიტყვების წარმოდეგნის ეტაპზე. ამდენად, აშკარაა, რომ დაცვის მხარის მიმართ ადგილი არ ჰქონია მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის, ასევე მისი სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის უფლების დარღვევას და თავლმაისა კვირკვიას ჰქონდა სათანადო დრო და საშუალება დაცვის განსახორციელებლად.

 

მსჯავრდებული თ---–-------------ია არ გამოცხადდა 2018 წლის 11 მაისის სასამართლო სხდომაზე, რის თაობაზეც მისი ინტერსების დამცველმა ადვოკატმა სასამართლოს მოახსენა, რომ თ---–--------------ას გამოუცხადებლობის მიზეზი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამასთან, ადვოკატმა განმარტა, რომ ჯანმრთელობის ცნობას აუცილებლად წარმოადგენდნენ მოგვიანებით. შემდგომი სასამართლოს სხდომის თარიღიად განისაზღვრა 2018 წლი 21 ივნისი, რა დროსაც სხოდმა არ გახსნილა მხარეთა გამოუცხადებლობის გამო და მსჯავრდებულ თ---–--------------ას საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესახებ ინფორმაცია არც ამ შემთხვევაში იქნა წარმოდგენილი სასამართლოს წინაშე. 2018 წლის 7 აგვისტოს სასამართლო სხდმაზე კვლავ ადვოკატმა მოახსენა სასამართლოს, რომ ბრალდებული არის ავად და შემდეგ სხდომაზე წარმოადგენდნენ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რის გამოც ითხოვა სხდომის გონივრული ვადით გადადება.

 

ამის შემდეგ საქმის განხილვა გაგრძლედა 2018 წლის 14 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე, სადაც თ---–--------------ა კვლავ არ გამოცხადდა, ხოლო ადვოკატმა განმარტა, რომ ბრალდებულთან დაკავშირება ვერ მოახერხა, მას ტელეფონი ჰქონდა გამორთული და მისი გამოუცხადებლობის მიზეზები ადვოკატისთვისაც უცნობი იყო.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-18 ნაწილის თანახმად საპატიო მიზეზს წარმოადგენს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის გამოუცხადებლობა, რაც გამოწვეულია მისი ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით, სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებებით, რომლებიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის პროცესზე გამოცხადებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გაცემული, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. წინასწარ ცნობილი საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე შეტყობინება უნდა წარედგინოს სასამართლოს პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ პროცესის დაწყებამდე არა უგვიანეს 48 საათისა. საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს გამოუცხადებლობიდან 5 დღეში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარე ვალდებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით, სასამართლო განხილვის დაწყებამდე შეატყობინოს სასამართლოს საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესახებ. ხოლო, საქართველოს სსსკ-ის 189-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის დაუსწრებლად საქმის განხილვა დასაშვებია, თუ იგი თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას. ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვაში ბრალდებულის ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულოა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც თ---–--------------ა არ იქნა გამოცხადებული სასამართლო სხდომაზე არაერთხელ, გამოუცხადებლობის მიზეზები არ აცნობა სასამართლოს და არც საპატიო მიზეზის დამადასტურებელი ინფორმაცია წარმოადგინა შესაბამის ვადებში, აშკარაა, რომ იგი ცდილობდა სასამართლოში გამოცხადებისათვის თავის არიდებას. რა შემთხვევაშიც პირველი ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილი იყო დაესრულებინა საქმის არსებითი განხილვა მისი მონაწილეობის გარეშე. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია ცნობა თ---–--------------ას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც გაცემულია 2018 წლის 10 მაისს, თუმცა აღნიშნულის შემდეგ თუ რატომ არ გამოცხადდა ბრალდებული თ---–--------------ა 2018 წლის 21 ივნისის, 7 აგვისტოს და 14 აგვისტოს სასამართლო სხდომებზე, საქმის განმხილველი მოსამართლისათვის იყო უცნობი.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა დადგენილი, ჩაბარდა თუ არა უწყება თ---–--------------ას 2018 წლის 14 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე გამოცხადებასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ ბრადებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი ესწრებოდა 2018 წლის 7 აგვისტოს სასამართლო სხდომას და შემდგომი სხდომის თარიღი - 14 აგვისტო დაინიშნა როგორც ბრალდების მხარესთან, ასევე მასთან შეთანხმებით. შესაბამისად, უწყება შემდგომი სასამართლო სხდომის გამართვის თარიღის შესახებ დაცვის მხარისათვის იყო ჩაბარებული.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სამართალწარმოების განხორციელებისას წარმოდგენილი მტკიცებულებები მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პირობებში; აღნიშნულ პროცესში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს ქონდათ სრული შესაძლებლობა, წარმოედგინათ თავიანთი მტკიცებულებები, მონაწილეობა მიეღოთ მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაში და ჯეროვნად დაეცვათ თავიანთი პოზიციები; შესაბამისად, დაცვის მხარისათვის სრულად იქნა უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული - საქმის სამართლიანი განხილვის უფლება. საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას დაასკვნას, რომ თ---–--------------ამ ჩაიდინა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება თ---–--------------ას მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სრულყოფილად გაითვალისწინა ბრალდებულის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, აგრეთვე თ---–--------------ას მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, მის მიერ ახალი დანაშაულის პირობით გამოსაცდელი ვადის პერიოდში ჩადენის და საქმის სასამართლო განხილვის ბოლო ეტაპზე სასამართლოში გამოცხადებისათვის თავის არიდების ფაქტები. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომა - 4 წლის ვადით, რასაც სააპელაციო პალატა ეთანხმება და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანშნულია ადეკვატური და სამართლიანი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 აგვსტოს განაჩენი თ---–--------------ას მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი, რის გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ თ---–--------------ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 აგვისტოს განაჩენი;

 

თ---–--------------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

თ---–--------------ას 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას იურიდიულ პირებში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 ივლისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსაჯვრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 ივლისის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და საბოლოოდ თ---–--------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

თ---–--------------ას 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას იურიდიულ პირებში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

 

თ---–--------------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 22 აგვისტოდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2015 წლის 28 ივნისიდან, 2015 წლის 29 ივნისის ჩათვლით.

 

ნივთიერი მტკიცებულებები: დისკი და 2 ცალი რვეული შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე