განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.02.2019
საქმის ნომერი
080210018002325675
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
12.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210018002325675

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-898-2018 25 დეკემბერი, 2018 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

აპელანტი - ნ--- ხ-------ე, პ------ ჯ---ე

წარმომადგენელი - ს--–------------ე

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ე--------------- +

წარმომადგენელი - თ------------ე

დავის საგანი - სესხი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს ,, ე---------------+’’-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ--- ხ-------ეს და პ------ ჯ---ეს- შპს ,,ე---------------+’’-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირი თანხის 4090 ლარის და 26 თეთრის გადახდა. ნ--- ხ-------ეს და პ------ ჯ---ეს- შპს ,,ე---------------+’’-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სარგებელის 2126 ლარის და 93 თეთრის გადახდა. ნ--- ხ-------ეს და პ------ ჯ---ეს- შპს ,,ე---------------+’’-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანსაცვლოდ გადახდილი თანხის 100 ლარის გადახდა. ნ--- ხ-------ეს და პ------ ჯ---ეს- შპს ,,ე---------------+’’-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის თანხა 186,51 ლარის ოდენობით. ნ--- ხ-------ის და პ------ ჯ---ის მიმართ დაკისრებული თანხის გადახდევინება განხორციელდა მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით. შპს ,,ე---------------+’’-ის (ს/კ 4--------) დაუბრუნდა 2018 წლის 27 თებერვალს სს 'თიბისი ბანკში' სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 3,49 ლარი (საგადასახადო დავალება №1---------), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300183150. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2016 წლის 27 სექტემბრს ნ--- ხ-------ეს და შპს ,, ე---------------+’’-ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება. საკრედიტო ხაზის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა 9200 ლარით. ხელშეკრულებით განისაზღვრა რომ სესხი იყო სარგებლიანი და სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრებოდა სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა სატრანსპორტო საშუალება JEEP CHERROKEE. 2.2. 2016 წლის 27 სექტემბერს ნ--- ხ-------ეს და შპს ,,ე---------------+’’-ს შორის გაფორმდა შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ. აღნიშნული შეთანხმებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს „ე---------------+„-მა„ ნ--- ხ-------ეს გადასცა სესხი 5750 ლარის ოდენობთ, სესხის სარგებელი განისაზღვრა 6%-ის ოდენობით, სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 18 თვე. მსესხებელს ყოველთვიურად ნაწილ-ნაწილ უნდა დაეფარა სესხი და სარგებელი გადახდის გრაფიკის შესაბამისად. 2.3 . 2016 წლის 27 სექტებერს შპს ,,ე---------------+’’-ს და პ------ ჯ---ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. თავდებობის ხელშეკრულებით პ------ ჯ---ემ იკისრა ვალდებულება ნ--- ხ-------ის მიერ ძირითადი ვალის გადახდის უზრუნველსაყოფად, იმგვარად რომ მესამე პირის მიერ კრედიტორისათვის ძირითადი ვალის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თავდებს უნდა უზრუნველეყო კრედიტორის მიმართ ძირითადი ვალის გადახდის ვალდებულების შესრულება. თავდებობის ხელშეკრულებით განმარტებული იქნა, რომ „ძირითადი ვალი„ შეადგენს მესამე პირის მიერ კრედიტორისათვის დასაბრუნებელი სესხის ან/და გადასახდელი სესხის სარგებელს, ან/და სესხისა და საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა/პირგასამტეხლოს. მხარეთა შეთანხმებით თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლა ზღვრული თანხით 27600 ლარის ოდენობით. 2.4. მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კომპანიას გადაეცა გირავნობის საგანი. 2016 წლის ოქტომბერში შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იქნა გირავნობის მოწმობა №0-----, რის საფუძველზეც შპს „ე---------------+„მა მიმართა კერძო აღმასრულებელს და მოითხოვა გირავნობის მოწმობის აღსრულებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა. 2.5. ნ--- ხ-------ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უზრუნველეყო კრედიტის დაფარვა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო წარმოიშვა დავალიანება, მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილი, რომლითაც განემარტათ, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კომპანიის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულებების დაფარვის მიზნით ავტომობილი სარეალიზაციოდ გადაეცა გაყიდვების დეპარტამენტს. ავტომობილის მდგომარეობის გათვალისწინებით ეცნობათ, რომ შესაძლოა მისი რეალიზაციის გზით მიღებულ თანხას ვერ ეზრუნველყო დარიცხული დავალიანების დაფარვა და ასეთ შემთხვევაში დავალიანების დაფარვის მიზნით მისი პასუხისმგებლობა მოხდებოდა ნებისმიერი ქონებით. გაფრთხილების წერილი ჩაბარდა ნ--- ხ-------ის მეუღლეს. 2.6. გირავნობის საგნის - ავტომანქანა JEEP CHEROKEE-ს საბაზრო ღირებულება 23.03.2017 წლის მდგომარეობით განისაზღვრა 4800 ლარით, ხოლო ლიკვიდური ღირებულება - 4400 ლარით. გირავნობის საგნის შეფასების აქტის მომზადების ღირებულების სახით მოსარჩელემ გადაიხადა 100 ლარი. 2.7. ავტომანქანის რეალიზაციამდე მსესხებელს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი, რომლითაც ნ--- ხ-------ეს ეცნობა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ავტომანქანის მოსალოდნელი რეალიზაციის შესახებ. ნ--- ხ-------ის მხრიდან დავალიანების დაუფარავობის გამო 2017 წლის 07 ივნისს მოსარჩელემ უზრუნველყო მოპასუხის საკუთრებაში არსებული გირავნობის საგნის - ავტომანქანა JEEP CHEROKEE-ს -რეალიზაცია 4600 ლარად. 2017 წლის 07 ივნისს შპს „ე---------------+-ს და თ--------------–-–---–ს შორის გაფორმდა ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრულია 4600 ლარით. 2.8. ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხიდან დაიფარა სარგებელი - 2491,26 ლარის ოდენობით, სესხის ძირი თანხა შემცირდა 1659,74 ლარის ოდენობთ, დაიფარა ავტომობილის ძებნის, ევაკუატორის და დგომის საფასური 450 ლარის ოდენობით. მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილები ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის განაწილებისა და დარჩენილი ვალდებულების შესახებ დეტალური ინფორმაციით, წერილი პ------ ჯ---ეს ჩაბარდა, ხოლო ნ--- ხ-------ისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა და აღნიშნულის შესახებ მას ეცნობა საჯარო შეტყობინების გავრცელების გზით. 2.9. მსესხებელმა დაარღვია სესხით სარგებლობისათვის შეთანხმებული გრაფიკი და ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, რაც აძლევდა კრედიტორს სესხის ძირ თანხის და სარგებლის მოთხოვნის უფლებას. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სსკ 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. 2.11. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცული იყო. 2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276.1. მუხლის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მხარეები წერილობით შეთანხმდნენ ვალდებულების დასაფარავად გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, დარჩენილი ნაშთის დაფარვის წესზე. 2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელე იძულებული გახდა გაეღო დამატებითი ხარჯი, გირავნობის საგნის - ავტომანქანის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის სახით, რომლის გაღების საჭიროება არ დაუდგებოდა მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად და დათქმულ დროში შესრულების შემთხვევაში.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ნ--- ხ-------ემ და პ------ ჯ---ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ყველა ფაქტობრივი გარემოება, დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ე.წ მტკიცებულებებს, რომლებსაც მოპასუხეები არ სცნობდნენ და არც მათი გაბათილების სამართლებრივი ბერკეტები გააჩნდათ, რადგან მოპასუხე ნ--- ხ-------ეს არ ქონდა წარდგენილი შესაგებელი. მან არ იცოდა, რომ შესაგებელი უნდა შეეტანა, სარჩელი ჩაიბარა მისმა მეუღლემ მაშინ, როცა ნ--- ხ-------ე ავადმყოფ ბავშვთან ერთად იმყოფებოდა თბილისში ანალიზების ასაღებად და ანალიზების შემოწმების მიზნით გერმანიის სამკურნალო დაწესებულებებში გადაგზავნის მიზნით, პროცესზე გამოცხადებულმა კი გამოხატა რა საქმისადმი იურიდიული ინტერესი, არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად აღარ მიეცა შესაგებლის წარდგენის საშუალება. პროცესზე დარწმუნდა რა მოსამართლე ადვოკატის ყოლის საჭიროებაზე, ამ მიზნით მორიგების შესაძლებლობის განხილვასთან ერთად გადადო სხდომა და მოუწოდა სამართლებრივი დახმარებისაკენ, თუმცა ადვოკატის საქმეში ჩართვის შემდეგ არაერთი შუამდგომლობის (როგორც ზეპირი, როგორც იმ მომენტისათვის წარმოშვებული, რადგან ადგილზე გახდა ცნობილი შესაგებლის არარსებობის თაობაზე, ხოლო სასამართლომ შუამდგომლობის არ დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ შუამდგომლობა ზეპირი ფორმით იყო დაყენებული და არა წერილობით, არ გაითვალისწინა მოპასუხის მდგომარეობა, ამის შემდეგ პროცესი ისევ გადადო ხანგრძლივი ვადით მოსამზადებელ ეტაპზე, რა დროსაც აპელანტის მიერ ამჯერად წერილობით იქნა დაყენებული შუამდგომლობა შესაგებლის ვადის მიცემის თაობაზე და მიუხედავად იმისა, რომ წერილობით შუამდგომლობაში უთითებდა გონივრულ ვადას სასამართლო პროცესზე დაზუსტებულ იქნა, რომ ორი დღე სავსებით საკმარისი იქნებოდა შესაგებლის წარმოსადგენად), მიუხედავად ამისა არ მისცა შესაძლებლობა წარმოედგინა შესაგებელი, რაც საქმის გაჭიანურების თავიდან აცილების მოტივით არაერთხელ არ იქნა დაკმაყოფილებული, სასამართლო განხილვა კი მას შემდეგ მორიგების მიზნით კიდევ ერთხელ გადაიდო და, საბოლოო, გადაწყვეტილების ჩაბარებამდე ერთობლიობაში გავიდა რამდენიმე თვე, რაც თავის მხრივ არაწონადია შესაგებლის წარმოდგენისათვის მოთხოვნილ ორ დღესთან შედარებით, რომ არ დარღვეულიყო მხარეთა შეჯიბრებითობისა და სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლება). შესაბამისად, მტკიცებულებებისა და მოწმეების წარმოდგენის შესაძლებლობაც მოუსპო და შემოფარგლა მხოლოდ სამართლებრივი შეფასების შესაძლებლობით, ამ მდგომარეობიდან გამომდინარე ფაქტობრივი გარემოებები ჩაითვალა უდაოდ, ხოლო გადაწყვეტილებაში არასწორად მიუთითა, რომ მოპასუხეებს მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ და მხოლოდ მათი ახსნა განმარტებები ვერ იქნებოდა მიჩნეული წონად მტკიცებულებად. შესაბამისად, არასწორია გადაწყვეტილების 3.1 პუნქტი, სადაც მითითებულია, რომ უდაო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის და 3.2 პუნქტი თავისივე ქვეპუნქტებითურთ სრულად, სადაც მითითებულია, რომ დადგენილია სადაო ფაქტობრივი გარემოებები, ესეც რომ არა, სადაო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილადაა მიჩნეული მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რასაც მოპასუხეები არ ეთანხმებოდნენ. 3.2. სასამართლო არასწორად მიუთითებს ყველა ფაქტობრივ გარემოებას, რადგან მხარეთა მიერ სადაო გარემოებებს წარმოადგენდა ავტომანქანის რეალიზაციისა და მისგან ამონაგები თანხით ვალდებულების გადაფარვის გარემოებები, (შესაგებლის წარმოდგენის შესაძლებლობის მიცემის შემთხვევაში), გარდა ამისა, თავდებთან მიმართებაში თავდებობის წესების დარღვევის გარემოებები, რაც რომ არ ყოფილიყო არანაირი გაუსტუმრებელი ვალდებულებები მხარეთა შორის არ დარჩებოდა, რადგან ავტომანქანის შეფასების (დაგირავების) აქტში მითითებული თანხა (შეფასება ხდება რეალურად მესამედ ფასში) და რეალიზაციის თანხა აშკარად და თვალშისაცემად შეუსაბამოა, სახეზე რომც არ გვქონდეს მთელი რიგი დარღვევებისა, როგორიცაა, თუნდაც ის გარემოება რომ საკრედიტო დაწესებულების მიერ მალულად იქნა გასხვისებული უზრუნველყოფილი ნივთი და მხარეებს არ მიეცათ საშუალება უშუალოდ ჩართული ყოფილიყვნენ ნივთის რეალიზაციაში, რაც საკრედიტო დაწესებულების მხრიდან სპეციალურად იქნა გამოყენებული უსაფუძვლო გამდიდრების მიზნით, სასამრთლომ კი სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევით მიაკუთვნა იმაზე მეტი, რაც რეალურად ეკუთვნოდა, აღნიშნული გარემოებები კი დასტურდება მოსარჩელისავე წარდგენილი მტკიცებულებების, გირავნობის ხელშეკრულებისა და მოსარჩელის ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებით, რომლითაც ეწინააღმდეგებოდა, როგორც საკუთარ ზეპირ განმარტებებს, ისევე მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებს. 3.3. სასამართლომ არ განიხილა და/ან არასწორი შეფასება მისცა მოპასუხეთა მხარეს არსებულ ყველა გარემოებას, მათ შორის, არ შეაფასა გირავნობის ხელშეკრულების დათქმა სადაც გაწერილია რამოდენიმე დათქმა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, რომელთაგანაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით ბანკს უნდა გამოეყენებინა კლიენტისათვის ყველაზე ოპტიმალური, გამოეჩინა მომეტებული გულისხმიერება და მოთხოვნა დაეკმაყოფილებია მეორე მხარის ქონების განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენის საფუძველზე, მან კი გამოიყენა თავისთვის ყველაზე მისაღები ფორმა და თან ფარულად, რითაც გამოიყენა მისი დომინანტური მდგომარეობა, რათა მიეღო გადაჭარბებული სარგებელი. 3.4. სასამართლო არც კი დაინტერესდა, არათუ შეფასება მისცა, თუ როგორ მოხდა რომ ავტომობილი, რომლის სანაცვლოდაც გაიცა კრედიტი შეფასებულ იქნა (რისკების გათვალისწინებით) გაცილებით მაღალ თანხად, ხოლო გაიყიდა გაცემული თანხის თითქმის ნახევარ ფასში პირდაპირი მიყიდვის წესით, მაშინ, როცა ჯერ მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ აუქციონზე გაიყიდა, ხოლო პროცესის განმავლობაში მთავარ სხდომაზე აღიარა, რომ პირდაპირი მიყიდვის წესი იქნა გამოყენებული, მაშინ როცა საქმეში არ დევს ავტომობილის ამოღების დროისათვის შემდგარი ოქმი, სადაც აღწერილი უნდა იყოს ავტომობილის მდგომარეობა, რაც მიზანმიმართულად იქნა დამალული შემდგომი ავტომობილის გაუფასურების მიზნით, ნაწილები კი ავტომობილიდან განცალკავებით იქნა გაყიდული (სავარაუდოდ). 3.5. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა თავდებობის ხელშეკრულებას, არ გაითვალისწინა მოპასუხე მხარის მიერ დასმულ კითხვაზე გაცემული მოსარჩელის პასუხი, რაზეც მის მიერ გაცხადებულ იქნა, რომ თავდები ყველა ეტაპზე ინფორმირებული იყო ყველა მოქმედების შესახებ, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და არც საქმეში დევს საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო თავდების განმარტება საერთოდ არ გაითვალისწინა და გაუგებარია რომელ მტკიცებულებაზე დაყრდნობით ცნო კანონიერად თავდებთან მიმართებაში საკრედიტო დაწესებულების ქმედებები. საქმიდან უდაოდ მტკიცდება თავდებობის ხელშეკრულების მუხლი 1 და 2-ის დარღვევა, ასევე ამავე ხელშეკრულების მე-3-ე მუხლის პირველი და მესამე, პუნქტის დარღვევა, რაც თავდებს სრულიად ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან 3.6. სასამართლო არასწორად მიუთითებს გაფრთხილების წერილების მტკიცებულებებად ცნობის საკითხს, რადგან გაფრთხილების წერილების უმრავლესობა დაბრუნებულია ფოსტის მიერ წარწერით- ვერ ჩაბარდა. სასამართლომ არ გაითვალისწინა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-5-ე ფურცელის მე-7-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის უკანონო ჩანაწერი და ისიც, მიუხედავად უკანონობისა, განმარტა მოსარჩელის სასარგებლოდ, რაც მიუთითა გადაწყვეტილებაში, მიიღო როგორც მტკიცებულება და მათ შორის, მათი გამოყენებით მიიღო გადაწყვეტილება. გაუგებარია გაგზავნა როგორ და რა კანონზე დაყრდნობით ითვლება ჩაბარებად, მიუხედავად იმისა მიიღებს თუ არა ადრესატი. 3.7. აბსოლუტურად გაუგებარია, რომელ გირავნობის მოწმობას ეყრდნობა სასამართლო, როცა მოსარჩელეს არანაირი ასეთი დოკუმენტი არ წარმოუდგენია და მხოლოდ სიტყვიერი განმარტება გააკეთა ასეთის არსებობის თაობაზე, საქმეში არ დევს გირავნობის მოწმობა, სარჩელის დანართის ჩამონათვალშიც კი არაა მითითებული და არც სასამართლოს მიერ ყოფილა გამოთხოვილი. 3.8. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოპასუხეთა არცერთი შუამდგომლობა, რითაც წაართვა მათ თავის დაცვის ყველანაირი შესაძლებლობა, ნ--- ხ-------ეს არ მისცა შესაგებლისა და მტკიცებულებათა წარდგენის შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ აშკარა და თვალშისაცემი იყო მისი იურიდიული ინტერესი საქმესთან მიმართებაში, ხოლო თავდებ პ------ ჯ---ეს უარი უთხრა შუამდგომლობზე ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, რითაც უდაოდ დადგინდებოდა რეალიზაციის დროისათვის ავტომობილის რეალური საბაზრო ღირებულება, შესაბამისად იარსებებდა უდაო მტკიცებულება. სამართლებრივი საფუძვლები 3.9. სასამართლომ დაარღვია ევროკონვენციის მე-6-ე მუხლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4-ე მუხლი, სსკ-102, 103-ე მუხლები, რის საფუძველზეც მხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევით დაადგინა უსამართლო გადაწყვეტილება, ნ--- ხ-------ეს არ მიეცა საშუალება შეეტანა შესაგებელი, წარედგინა მოწმეები და მტკიცებულებები, ესეც რომ არა, სასამართლომ არასწორად მიუთითა გადაწყვეტილებაში მოპასუხეთა პოზიციები და ამასაც რომ თავი დავანებოთ, სარჩელი დააკმაყოფილა სრულად მიუხედავად იმისა, რომ დაკმაყოფილებისთვის ვარგისი არც მტკიცებულებები არსებობდა საქმეში და პროცესის განმავლობაში მოსარჩელის ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებითაც თვალნათელი იყო 105-ე მუხლის დარღვევის წინაპირობები. 3.10. კანონები რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა სამართლიანი სასამართლოს არსებობის შემთხვევაშიც კი არ ასაბუთებს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლიანობას, რადგან მოპასუხეები არ ეთანხმებოდნენ და საქმიდანაც ირკვევა (წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მოსარჩელის ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებით), რომ მათი მხრიდან მიზანმიმართულად იქნა დარღვეული 105-ე მუხლი. 3.11. სასამართლომ გადაწყვეტილების დასაბუთებისას გამოიყენა ისეთი მტკიცებულებები რომელიც საქმეში საერთოდ არ დევს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს შპს ე---------------სა (მოსარჩელე) და ნ--- ხ-------ეს (აპელანტი, მოვალე) შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება. 4.2. ამ ხელშეკრულებით მოსარჩელემ მოვალისათვის 9200 ლარის ფარგლებში სესხის გაცემის ვალდებულება იკისრა. 4.2.1. თავის მხრივ, მოვალემ მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთა 2004 წელს გამოშვებული „JEEP CHEROKEE“-ის მარკის ავტომობილი. 4.3. იმავე დღეს მხარეთა შორის 5570 ლარზე სესხის ხელშეკრულება დაიდო, თუმცა გასაცემი თანხა ე.წ. სესხის გაცემის საკომისიოს, 230 ლარს და ე.წ. სესხის პროცესინგის საკომისიოს, 200 ლარს მოიცავდა. ე.ი. რეალურად, მოსარჩელემ მოვალეს 5320 ლარი გადასცა. 4.3.1. სესხის ხელშეკრულება დაიდო 18 თვის ვადით. 4.3.2. სესხით სარგებლობისათვის მოვალეს ყოველთვიურად 6% სარგებელი უნდა გადაეხადა. 4.4. ვალდებულების უზრუნველსაყოფად 9200 ლარის ფარგლებში სოლიდარული თავდებობა იკისრა პ------ ჯ---ემ (აპელანტი, თავდები). 4.5. მოვალემ ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა და, ამიტომ, 2017 წლის 7 ივნისს მოსარჩელემ დაგირავებული ავტომობილი 4600 ლარად გაასხვისა. 4.5.1. მოვალის მიერ ვადის გადაცილების ფაქტი მოსარჩელეს თავდებისათვის არ უცნობებია. 4.6. ავტომობილის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან 2491,26 ლარი მოსარჩელემ ჩათვალა გადასახდელი სარგებლის ანგარიშში, 1659,74 ლარი - ძირითადი თანხის ანგარიშში, ხოლო 450 ლარი - ავტომობილი ძებნის, ევაკუატორისა და სადგომის ხარჯის ანგარიშში. 4.7. მოსარჩელემ აპელანტებისათვის სესხის ძირითადი თანხის - 4090,26 ლარის, სარგებლის - 2126,93 ლარისა და ავტომობილის შეფასებისათვის გაწეული ხარჯის - 100 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა. სამართლებრივი დასაბუთება 4.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 4.9. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. 4.10. დადგენილია, რომ მოვალემ მოსარჩელისაგან თანხა ისესხა და მხარეებმა სესხისათვის პროცენტი გაითვალისწინეს. 4.10.1. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მოსარჩელემ გირავნობის საგანი მის ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გაასხვისა; 4.10.2. თუმცა, ასეც რომ ყოფილიყო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 283-ე მუხლის 1 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გირავნობის საგნის არასამართლიან და არაგონივრულ ფასად რეალიზაციის შემთხვევაში, მოგირავნეს დამგირავებლის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება უნდა დაკისრებოდა. 4.10.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელით აღიძვრება, ამავე კოდექსის 248-ე მუხლის მიხედვით, კი სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. 4.10.4. აპელანტებს ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელი არ აღუძრავთ. 4.11. ამის შესაბამისად, პალატამ დააგინა, რომ მოვალეს მოსარჩელის მიმართ ვალდებულება შესრულებული არა აქვს. 4.11.1. ამიტომ, მან სესხის დარჩენილი თანხა და სარგებელი უნდა გადაიხადოს. 4.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. 4.12.1. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, კი თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. 4.12.2. უდავოა, რომ აპელანტი მოსარჩელის წინაშე მოვალეს, ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად, სოლიდარულ თავდებად დაუდგა. 4.12.3. ამის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე და 469-ე მუხლების საფუძველზე, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო ვალდებულების შესრულება როგორც მოვალის, ისე თავდებისგანაც მოეთხოვა. 4.13. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოვალის მიერ ვადის გადაცილება კრედიტორს თავდებისათვის უნდა ეცნობებინა, თუმცა, ამ პირობის დარღვევის გამო, მან თავდების მიმართ არა ვალდებულების შესრულების, არამედ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება დაკარგა. 4.13.1. მოსარჩელემ თავდებისაგან სესხის ხელშეკრულების ფარგლებში არსებული ვალდებულების შესრულება მოითხოვა. ამის შესაბამისად, 902-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული პირობის დარღვევა თავდებს მოსარჩელის მიმართ არსებული ამ ვალდებულებისაგან არ ათავისუფლებს. 4.13.2. თუმცა, რადგან მოვალის მიერ ვადის გადაცილების თაობაზე მოსარჩელემ თავდები არ გააფრთხილა, ზემოხსენებული მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თავდები ავტომობილის შეფასებისათვის საჭირო 100 ლარის გადახდის, ე.ი. ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან გათავისუფლდა. 4.14. ამავდროულად, პალატის აზრით, საქალაქო სასამართლომ აპელანტთა მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეცდომით განსაზღვრა. 4.15. დადგენილია, რომ გაცემული სესხის ყოველთვიური სარგებელი სესხის თანხის 6%-ს, ე.ი. წლიურ 72%-ს შეადგენდა. 4.15.1. როგორც მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კასატორი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 6%. მართალია, ამ შეთავაზებას გალინა სხილაძე დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც კასატორი მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“ ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და კასატორი [სარგებლის მიმღები] მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი კასატორს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული 2010 წლის 2 ნოემბრის ხელშეკრულების დებულება [1.3 პუნქტი], რომლითაც კასატორმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე. უცილოდ ბათილ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება. მის ასეთად აღიარებას არ სჭირდება არც მხარის შეცილება და არც მისი ბათილობის მოთხოვნა“ – (სუსგ:№ას-663-629-2015, 28 ივლისი, 2015 წელი, პ. 18.1-18.3). 4.15.2. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთო სასამართლოებში არსებული პრაქტიკა კანონმდებლობაშიც აისახა და სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 ნაწილით წლიური სარგებლის მაქსიმალური ოდენობაც დადგინდა. 4.16. ამის შესაბამისად, პალატის აზრით, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული სარგებელი საქართველოში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და, ნაწილობრივ, უცილოდ ბათილია. 4.17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც. 4.17.1. ამ ნორმის შესაბამისად, პალატის აზრით, ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს სესხის სარგებლის განსაზღვრა ყოველთვიური 3%-ის ოდენობით. 4.18. როგორც აღინიშნა, მოსარჩელემ ავტომობილის რეალიზაცია 2017 წლის 7 ივნისს მოახდინა და მიღებული თანხიდან 2491,26 ლარი საპროცენტო სარგებელში ჩათვალა. 4.18.1. რადგან სამართლიანი სარგებლის ოდენობა შეთანხმებული პროცენტის ნახევარით განისაზღვრა, ზედმეტად მიღებული თანხა ძირითად ვალს უნდა გამოაკლდეს. 4.18.2. ამის შესაბამისად, საბოლოოდ, აპელანტთა ძირითადი დავალიანება მოსარჩელის მიმართ 5750-2491,26/2-1659,74=2844,63 ლარს შეადგენს. 4.18.2. ავტომობილის რეალიზაციის დღიდან სარჩელის აღძვრამდე, ე.ი. 20118 წლის 27 თებერვლამდე გადასახდელი სარგებელი კი 2844,63X3%X8+2844,63X3%/30X20=739,6 ლარია. 4.19. პალატის აზრით, საქალაქო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის, რასაც შედეგად მცდარი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა. 4.19.1. ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აპელანტთათვის თანხის გადახდის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. 4.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4.20.1. „საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარად, მაშინ მსესხებელი პასუხს აგებდა მთელი თავისი ქონებით. 4.20.2. ამის შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად მიიღო გადაწყვეტილება აპელანტთა ქონებაზე აღსრულების მიქცევის შესახებ. 4.20.3. ამიტომ, ამ ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი. 4.21. ასევე უცვლელი უნდა დარჩეს გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების ნაწილში, რადგან ამ ნაწილში გადაწყვეტილება აპელანტების უფლებებს არ ეხება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1 ნაწილის თანახმად, კი მხარემ სასამართლოს თავისი და არა სხვისი დარღვეული უფლების დასაცავად შეიძლება მიმართოს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ნ--- ხ-------ისა და პ------ ჯ---ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება შპს ე--------------- +-ის სარჩელის დაკმაყოფილებისა და ნ--- ხ-------ისა და პ------ ჯ---ისათვის შპს ე--------------- +-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების ნაწილში და, ამ ნაწილში, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების აღსრულების წესის განსაზღვრისა და შპს ე--------------- +-სათვის სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი. შპს ე--------------- +-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ნ--- ხ-------ესა და პ------ ჯ---ეს შპს ე--------------- +-ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხის, 2844,63 ლარისა და სარგებლის, 739,6 ლარის ანაზღაურება.

 

6. საპროცესო ხარჯები 6.1. დადგენილია, რომ მოსარჩელემ აპელანტებისაგან 6317,19 ლარის ანაზღაურება მოითხოვა. ამ გადაწყვეტილებით აპელანტებს მოსარჩელის სასარგებლოდ 3584,23 ლარის გადახდა დაეკისრათ. ამის შესაბამისად, გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნის დაახ. 57% დაკმაყოფილდა. 6.2. ამის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ნ--- ხ-------ესა და პ------ ჯ---ეს შპს ე--------------- +-ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 190X57%=108,3 ლარის ანაზღაურება. 6.3. თავის მხრივ, შპს ე--------------- +-ს ნ--- ხ-------ისა და პ------ ჯ---ის სასარგებლოდ სულიდარულად უნდა დაეკისროს აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 253X43%=108,79 ლარის ანაზღაურება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გადაწყვიტა

 

1. ნ--- ხ-------ისა და პ------ ჯ---ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება შპს ე--------------- +-ის სარჩელის დაკმაყოფილებისა და ნ--- ხ-------ისა და პ------ ჯ---ისათვის შპს ე--------------- +-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების ნაწილში და, ამ ნაწილში, მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. გადაწყვეტილების აღსრულების წესის განსაზღვრისა და შპს ე--------------- +-სათვის სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

4. შპს ე--------------- +-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

5. ნ--- ხ-------ესა და პ------ ჯ---ეს შპს ე--------------- +-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხის, 2905 ლარისა და 37 თეთრის ანაზღაურება;

6. ნ--- ხ-------ესა და პ------ ჯ---ეს შპს ე--------------- +-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარგებლის, 1798 ლარისა და 63 თეთრის ანაზღაურება;

7. ნ--- ხ-------ესა და პ------ ჯ---ეს შპს ე--------------- +-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 141 ლარის გადახდა;

8. შპს ე--------------- +-ს ნ--- ხ-------ისა და პ------ ჯ---ის სასარგებლოდ სულიდარულად დაეკისროს 61 ლარისა და 73 თეთრის გადახდა;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე