განაჩენი

სისხლის სამართლის 21.02.2019
საქმის ნომერი
120100118002522251
ინსტანცია
თარიღი
21.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 120100118002522251

საქმე № 1ბ/167-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე ნინო სანდოძე

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

გამართლებული - ნ-----–--------------იძე, დაბადების თარიღი: 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი №0----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა------ის რაიონის სოფელი ვ------ი.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------------–---–---–მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და ნ-----–--------------იძის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობა. აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ნ-----–--------------იძის ბრალეულობა, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღი - თოხი, რომლითაც შესაძლებელია განხორციელებულიყო მკვლელობა და დადგენილ იქნა კონკრეტული ადგილი, სადაც ნ-----–--------------იძე დაემუქარა დედას ი-----------------ეს. მოწმეების გ-----------–----ის და გ--------–-------–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ მათ დაზარალებულმა უამბო, რომ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილი - ნ-----–--------------იძე. ამასთან, დაზარალებულმა გამოძიებაში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მას თოხის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ-----–--------------იძე და რომ არ გაქცეულიყო ალბათ მოკლავდა კიდეც. უთანხმოების გამო ნ-----–--------------იძის მიერ ი-----------------ისთვის თოხის მოქნევის და სიცოცხლის მოსპობით დამუქრების ფაქტი ასევე დაადასტურა ლ-------------ემ გამოძიებაში ჩვენების მიცემისას. საქართველოს უზენაესი სასმართლო 2018 წლის 20 თებერვლის Nო527აპ-17 გადაწყვეტილებაში განმარტავს: უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია, რომ საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი სახის მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდა ი. კ-ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. კასატორის მითითებით, დაზარალებულს არ განუცხადებია, რომ მას სხეულზე არსებული დაზიანებები შვილმა მიაყენა და არც ი. კ-ს განუმარტავს, რომ მამა მან დაჭრა. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს. აპელანტის განმარტებით, საქმეში მოიპოვება შეტყობინა რომელიც პირდაპირ მიუთითებს დანაშაულზე. ამასთან, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ სახლის ეზოში ი-----------------ეს შვილმა - ნ-----–--------------იძემ მოუქნია დასარტყმელად და ესროლა ხისტარიანი თოხი, რომელიც შემთხვევით აცდა მასაც და მისი ოჯახის სხვა წევრებსაც. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ვერ გაიზიარებს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ვინიდან სასამართლოში არ დაკითხულა პირი, ვისთანაც ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რაც ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, რომლის N561აპ-15 გადაწყვეტილების 45-ე პუნქტში მითითებულია „ამავე დროს, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებას: ზ. ტ-ისა და ვ. გ-ის საქმეში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის, როგორც პირდაპირი მტკიცებულების გარდა, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა სხვა მტკიცებულებებიც მოწმეთა ირიბი ჩვენებების სახით, მაგრამ მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობა, როდესაც მათგან მხოლოდ ერთი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობად, რომელიც საკმარისი იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც.“ საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი არის პირდაპირი მტკიცებულება. საქმეზე მოწმის სახით დაიკითხულმა გამომძიებელმა ს-----–-----------–---–მა განმარტა, რომ მის მიერ გამოკითხულ იქნა არასრულწლოვანი ლ-------------ე, რომელმაც დაუდასტურა, რომ შეესწრო ნ-----–--------------იძის მიერ დედის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტს. აპელანტის განმარტებით, ოჯახური ძალადობის საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია სწორედ მესამე პირების მიერ მიცემული ჩვენებები, რომლებიც ინფორმაციას მომხდარის შესახებ ფლობენ სწორედ მოქმედი პირებისგან. ამასთან, დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ დაცვის მხარე სრულად ეთანხმება ბრალდების ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა ნ-----–--------------იძის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობა.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე გამართლებული ნ-----–--------------იძის ადვოკატის ნ---------------–---–ის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ბრალდების არსი:

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ნ-----–--------------იძეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 19 მაისს, დაახლოებით 18:20 საათზე, ა------ის რაიონის სოფელ ვ------ში საცხოვრებელ სახლის ეზოში, საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე ნ-----–--------------იძე თოხის გამოყენებით დაემუქრა დედას ი-----------------ეს სიცოცხლის მოსპობით, რაც ი-----------------ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლომ დაადგინა:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ნ-----–--------------იძე წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ნ-----–--------------იძემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ისარგებლა დუმილის უფლებით.

 

დაზარალებულმა ი-----------------ემ, მოწმეებმა თ--------------–---–მა და არასრულწლოვანმა ლ-------------ემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ახლო ნათესავის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი.

 

ა------ის რაიონის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ს-----–-----------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ ა------ის რაიონის სამმართველოში დაიწყო გამოძიება ნ-----–--------------იძის მიერ დედის მიმართ მუქარის ფაქტთან დაკავშირებით. მის მიერ გამოკითხული იქნა არასრულწლოვანი მოწმე - ლ-------------ე, რომელსაც გამოკითხვამდე განუმარტა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება, თუმცა გოგონამ გამოთქვა სურვილი ნებაყოფლობით ეამბო მომხდარი. მანვე მოიწვია საპროცესო წარმომადგენელი - თ-------------------–---–ი, რომელიც ესწრებოდა ლ-------------ის გამოკითხვას. ჩვენების მიცემისას ლ-------------ემ უამბო, რომ ნ-----–--------------იძე თოხით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას, რასაც შეესწრო თავად. აღნიშნულის შემდეგ მოწმე გაეცნო გამოკითხვის ოქმის შინაარსს და საკუთარი ხელით გააკეთა მინაწერი ,,წავიკითხე, სწორია და ვაწერ ხელს“.

 

უდავო მტკიცებულებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 18 მაისს, 21:30-21:55 საათზე, ი-----------------ის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის თანახმად, ი-----------------ემ მიუთითა ადგილებზე, სადაც შვილთან - ნ-----–--------------იძესთან მოუვიდა შელაპარაკება, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მოუქნია ხის ტარიანი თოხი.

 

უდავო მტკიცებულებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 18 მაისს 21:00-21:20 საათზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ა------ის რაიონის სოფელ ვ------ში, რა დროსაც საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებული იქნა ხის ტარიანი თოხი.

 

მტკიცებულებების ნაწილი, კერძოდ მოწმეების: გ-----------–----ის, გ---------–-------–ის, ლ---------–--ის და ფ-----------------–---–ის გამოკითხვის ოქმები, დაცვის მხარის მიერ მიჩნეული იქნა უდავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ნ-----–--------------იძის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დასჯადია - სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება: სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. მუქარის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

პალატა არ იზიარებს პროკურორის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ნ-----–--------------იძის ბრალეულობას და ეთანხმება ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენის სამართლებრივ დასაბუთებას მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ნ-----–--------------იძის მიერ დაზარალებულის მიმართ მუქარის ჩადენის ფაქტი. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ არ მოპოვებულა სხვა ინფორმაცია ან პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ ნ-----–--------------იძემ განახორციელა მუქარა და მის მიერ განხორციელებული მუქარით, ნამდვილად განიცადა შიში დაზარალებულმა. პალატას მიაჩნია, რომ თუ დაზარალებულს სუბიექტურად არ გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, წარმოუდგენელია სხვა მტკიცებულებით იმის დადასტურება, თუ რა განიცადა დაზარალებულმა, რამდენად იყო მუქარის ფაქტი მისი აღქმით საფრთხის შემცველი, ხომ არ ჰქონდა ადგილი სიტყვების დაუფიქრებელ წამოცდენას, რასაც არაფერი აქვს საერთო დაზარალებულის დათრგუნვასთან და ზოგადად დანაშაულთან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ი-----------------ემ, ასევე თვითმხილველმა მოწმეებმა - ლ-------------ემ და თ--------------–---–მა ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ნ-----–--------------იძის მამხილებელი ჩვენება. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ნ-----–--------------იძის მიერ დედის - ი-----------------ის მიმართ მუქარის ფაქტი, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში. 2018 წლის 19 მაისს მომხდარ შესაძლო მუქარის ფაქტს სხვა პირდაპირი მოწმე არ ჰყავს. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ყველა სხვა მოწმე ირიბია, რომლებიც არ არიან უშუალოდ ფაქტის შემსწრენი. პალატა განმარტავს, რომ მოწმეები, რომლებსაც შეეძლოთ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სასამართლოსთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია, არიან ლ-------------ე და თ--------------–---–ი, ასევე თავად დაზარალებული, რომლებმაც როგორც აღინიშნა, სასამართლო სხდომაზე ნ-----–--------------იძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი. შესაბამისად, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, ნ-----–--------------იძის საწინააღმდეგოდ გამოიყენოს მათ მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05 , 45553/05 , 35680/05 , 36085/05 , 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10 , 31/03/2016, §58-IV).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე-პოლიციელები, არ არიან ი-----------------ის მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტის შემსწრენი (თვითმხილველები) და ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენის თვალსაზრისით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (22/01/2015; №1/1/548; §52) მითითებულია, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს. სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13, §4.1.2.).

 

შესაბამისად, ირიბი ჩვენებების სამართლებრივი ღირებულება, მაშინ, როდესაც მტკიცების ტვირთი სწორედ ბრალდების მხარეს აკისრია, არის ძალიან დაბალი და სასამართლო ვერ დაეყრდნობა მათ გადაწყვეტილების მიღებისას.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29 და 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2018 წლის 19 მაისს ნ-----–--------------იძის მიერ მისი დედის - ი-----------------ის მიმართ მუქარის ჩადენის ფაქტი. არ არსებობს იმის მტკიცებულება, აღიქვა თუ არა დაზარალებულმა მუქარა (თუ ასეთს ჰქონდა ადგილი) რეალურად. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არის ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დგინდება, რომ ი-----------------ემ მიუთითა ადგილებზე, სადაც შვილთან - ნ-----–--------------იძესთან მოუვიდა შელაპარაკება, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მოუქნია ხის ტარიანი თოხი. თუმცა აღნიშნულს პალატა ვერ მიიჩნევს ბრალდების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად, იმ ვითარებაში, როცა ხსენებული მტკიცებულება არ ადასტურებს იმას დაზარალებულმა ბრალდებულის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ქმედებ აღიქვა თუ არა რეალურად. აღნიშნულის დადასტურება შეეძლო მხოლოდ ი-----------------ეს, რომელმაც კანონის შესაბამისად უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ნ-----–--------------იძის ბრალეულობას ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით კი, არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს. საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად სწორედ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი კი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ-----–--------------იძე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ნამსჯელი არ იქნა ნივთიერი მტკიცებულების შესახებ, თუმცა საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოცემულ საქმეზე დართულია თოხი, ნ-----–--------------იძის პასპორტი და პირადობის მოწმობა. პალატას მიაჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენში ცვლილება უნდა შევიდეს ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტის ნაწილში.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

თოხი, ნ-----–--------------იძის პასპორტი და პირადობის მოწმობა - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

 

სხვა ნაწილში ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენი ნ-----–--------------იძის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

ნ-----–--------------იძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნ-----–--------------იძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

გირაოს თანხის - 6000 ლარის უზრუნველსაყოფად, ბ------------–--ის (პ/ნ 0----------), გ--------------–--ის (პ/ნ 0----------), ნ------------–--ის (პ/ნ 0----------) და შ--------------–--ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებული 7000 ლარის ღირებულების უძრავ ქონებაზე, კერძოდ, სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, მდებარე ა------ის რაიონი, სოფელი ვ------ი, სარეგისტრაციო ზონა - ა------ი, კ----------, სექტორი - ვ------ი - 12, კ--------–----, ნ-----------, დაზუსტებული ფართობი 2000.00 კვ.მ. - დადებული ყადაღა გაუქმდეს.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

თოხი, ნ-----–--------------იძის პასპორტი და პირადობის მოწმობა - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ნ-----–--------------იძეს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო სანდოძე