განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №170100118002729791
საქმე №1ბ/188-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - ჩ---------------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–-----------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი №2----------, დაოჯახებული, არასრული საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ------–------ს რაიონი, სოფელი ქ-----–----.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1501 მუხლის მე-2 ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თეთრიწყრაოს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჩ---------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე-------------–---–მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა თ------–------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ აპელანტის განმარტებით ჩ---------------მა ბრალად შერაცხული დანაშაული ჩაიდინა სოფელში, მათ საზოგადოებაში დამკვიდრებული წეს-ჩვეულებიდან გამომდინარე. იგი მოქმედებდა მხოლოდ ერთი მიზნით - შვილი მოხვედრილიყო ნორმალურ ოჯახში და ყოლოდა პატიოსანი მეუღლე, ხოლო ჩ---------------ას მხრიდან წინააღმდეგობა ჩ---------------მა არ აღიქვა სერიოზულად, რადგან მიიჩნია ქალურ კეკლუცობად. იგი სიფრთხილით ეკიდებოდა ოჯახის და ქალიშვილის ავტორიტეტს და მიაჩნდა, რომ ნიშნობის შემდეგ ქორწილზე და გათხოვებაზე უარის თქმა სახელს შეუბღალავდა როგორც ქალიშვილს, ისე მის ოჯახს. ჩ---------------ის წარსული შებღალული არ არის, ხასიათდება დადებითად, ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი, რომელთაგან ორი არის არასრულწლოვანი, ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილიშვილი, იგი დაკავებამდე ეწეოდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების ყიდვა-გაყიდვას, რაც ოჯახის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენდა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დაზარალებული - ჩ---------------ა შეურიგდა მამას და სურს რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს მამა ოჯახში. ჩ---------------მა აღიარა და მოინანია ჩადენილი, თუმცა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მისთვის ცნობილი არ იყო, რომ ასეთი ქმედება წარმოადგენდა დანაშაულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე. ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, დამდგარი შედეგის, საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით კი, ჩ---------------ის მიერ ჩადენილი ქმედება არ წარმოადგენს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ დანაშაულს, შესაბამისად ჰუმანიზმის და სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს ჩ---------------ის მიმართ გამოტანილ იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------------–---–ის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა თ------–------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ მოტივით რომ თ------–------ს რაიონული სასამართლოს განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მოწმეთა ჩვენებები, ე.წ. ,,სქრინშოტები“ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ჩ---------------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. დაცვის მხარის მიერ მითითებული ტრადიციების და არასწორად გაგებული შვილის საუკეთესო ინტერესი გახდა საფუძველი, რომ არაერთი არასრულწლოვანი დაქორწინდა ნაადრევად, რის შედეგადაც ვერ მიიღო სათანადო განათლება და მოწყდა ყველა უფლების რეალიზების შესაძლებლობას. სახელმწიფომ სწორედ ამგვარი ცუდი ტრადიციების აღმოსაფხვრელად ჩადო სისხლის სამართლის კოდექსში მსგავსი რეგულაციები, რაც თანხვედრაშია სახელმწიფოს სისხლის სამართლის პოლიტიკასთან.
სასამართლომ დაადგინა:
ჩ---------------მა ჩაიდინა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
თ------–------ს რაიონის სოფელ ქ-----–---ში, კ----------- მფლობელობაში არსებულ სახლში, ჩ---------------ი 2018 წლის მარტსა და აგვისტოში სისტემატური ყვირილითა და დარწმუნებით, იცოდა რა მისი ასაკი, აიძულებდა თავის არასრულწლოვან შვილს ჩ---------------ას, რომ თავისი ნების საწინააღმდეგოდ ექორწინა ი----------ზე. 2018 წლის მარტში ჩ---------------ა დაინიშნა ი----------ზე, აგვისტოში ჩაინიშნა ქორწილის თარიღი, ხოლო 2018 წლის 08 სექტემბერს მათ უნდა ჰქონოდათ ქორწილი.
თ------–------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით, ჩ---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1501 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 (ერთი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ჩ---------------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ჩ---------------ას, მსჯავრდებულ ჩ---------------ის, მოწმეების: ნ--------------ის, გ-----------–---–ის, ბ--–---------ს, თ----–--–----–-ძის, რ----------------სა და ს-------------ას გამოკითხვის ოქმებით, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათებით, სახალხო დამცველის აპარატის 2018 წლის 31 აგვისტოს N1---------- და 2016 წლის 14 აპრილის N08------- წერილებით, 2018 წლის 26 ივნისის N0----------- მინდობილობით, ე.წ. „სქრინშოთებით“, ამოღების ოქმით და სხვა მათთან დაკავშირებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ჩ---------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1501 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:
დაზარალებულ ჩ---------------ას გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ 2015 წელს დაამთავრა 9 კლასი. მისი სოფლის სკოლაში კი არ არის საშუალება მიიღოს შემდგომი განათლება. მას სურდა სწავლის გაგრძელება, თუმცა მამას - ჩ---------------ს სწავლის გაგრძელების ნაცვლად სურდა მისი ნების საწინააღმდეგოდ გაეთხოვებინა იგი თანასოფლელ ი----------ზე. 2018 წლის მარტში, ნიშნობის აღსანიშნად, მათ ოჯახში გაიშალა სუფრა და ამის დასტურად მას მიართვეს ოქროს სამკაულები. იგი იცნობს ი----------ს, თუმცა არ უყვარს და მასზე დაქორწინება არ სურს. უნდა, რომ გააგრძელოს სწავლა, გათხოვების შემდეგ კი მეუღლე ამის უფლებას არ მისცემს. მისი ნების საწინააღმდეგოდ დანიშნეს ქორწილის თარიღი - 8 სექტემბერი. იგი კატეგორიული წინააღმდეგი იყო აღნიშნულის, თუმცა გათხოვებას აიძულებდნენ ოჯახის წევრები და ნათესავები, განსაკუთრებით კი მამა, რომელსაც ვერ უწევდა წინააღმდეგობას. მას მამის - ჩ---------------ის ეშინოდა იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი არის ნერვიული პიროვნება, უყვიროდა მას და სისტემატურად ახდენდა მასზე ფსიქოლოგიურ ზეგავლენას, ხშირად ეუბნებოდა თუ არ გათხოვდებოდა სოფელში იტყოდნენ, რომ ჩ------ და მამამისი იყვნენ ცუდი ადამიანები, თუმცა მამის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ჩ---------------მა ქორწილის გადასახდელად გამოიტანა კრედიტი. აგვისტოში ქორწილის თარიღის ჩანიშვნისას, ყვირილით და დარწმუნებით აიძულებდა მამა ცოლად გაჰყოლოდა მისთვის არასასურველ კაცს. დაზარალებულის ჩვენებით, მას ნიშნობის შემდეგ სურდა უკან დაებრუნებინა სამკაულები, თუმცა ვერ ბედავდა, რადგან აღნიშნულის შემდეგ ჩ---------------ს ყველა შეხედავდა ცუდი თვალით. ამასთან, 2016 წელს ჩ---------------ის მიერ შვილის იძულებით ქორწინების მცდელობასთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, თუმცა მშობლები შეპირდნენ, რომ მხოლოდ მისი სურვილით მოხდებოდა მისი გათხოვება, რის გამოც გამოკითხვისას გამომძიებელს უთხრა, რომ მას დაქორწინებას არავინ აიძულებდა, რის გამოც შეწყდა გამოძიება.
აღნიშნული თანხვედრაშია ჩ---------------ის გამოკითხვის ოქმის შინაარსთან, რომლის თანახმად იგი შვილს - ჩ---------------ას, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ ყვირილითა და დარწმუნებით აიძულებდა დაქორწინებულიყო ი----------ზე.
მოწმე ნ--------------ის გამოკთხვის ოქმით ირკვევა, რომ იგი იყო ჩ---------------ას პედაგოგი. განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მას დაუკავშირდა ჩ------ და თხოვა დახმარება. მან აღნიშნულზე მოახდინა სათანადო რეაგირება და გამოძებას წარუდგინა ე.წ. „სქრინშოთები“, სადაც ასახულია ჩ------სთან მიმოწერა, სადაც გოგონა აღწერს ნება-სურვილის გარეშე ქორწინების ფაქტთან დაკავშირებულ გარემოებებს. ამასთან, მას ჩ------მ 2016 წელსაც უამბო ქორწინების იძულებასთან დაკავშირებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების გ-----------–---–ის და ბ--–---------ს გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ არასასურველი, იძულებითი ქორწინების ფაქტის თავიდან ასარიდებლად მათ ჩ---------------ა დათანხმდა გადაეყვანათ იგი სპეციალურ თავშესაფარში.
მოწმე რ----------------ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ იგი არის თ------–------ს მუნიციპალიტეტის მერის წ--------------–------------–- სოფელ წ--–------ში. მისთვის ცნობილია, რომ ჩ---------------ა იყო დანიშნული და სექტემბერში უნდა გამართულიყო ქორწილი სოფლის საერთო მოხმარების დარბაზში. მისთვის ასევე ცნობილი იყო 2016 წლის ფაქტის შესახებ.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ ჩ---------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ე-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1501 მუხლით სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია პირისთვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ იქორწინოს, იმ პირზე, რომელზე ქორწინებაც სურს, რადგან ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობითობას. ობიექტური მხრივ ქორწინების იძულება შეიძლება განხორციელდეს პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, კერძოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ ქორწინებაში შევიდეს პირთან. დანაშაული დამთავრებულად ითვლება იძულების განხორციელების მომენტიდან, ანუ როდესაც პირს აიძულებენ დაქორწინდეს მისი ნების საწინააღმდეგოდ. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, მოახერხა თუ არა დამნაშავემ მიზნის მიღწევა, მოხდა თუ არა ქორწინება ფაქტობრივად, თუნდაც არარეგისტრირებული. სუბიექტური მხრივ დანაშაული მოითხოვს განზრახვის არსებობას. ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, დასჯადია იგივე ქმედების ჩადენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ჩ---------------მა სისტემატური ყვირილის, ასევე დარწმუნების გზით, რომ ქორწილის ჩაშლის შემთხვევაში მათზე ცუდად ილაპარაკებდნენ სოფელში, ფსიქიკური ზემოქმედებით ქორწინების იძულება განახორციელა მისი არასრულწლოვანი შვილის - ჩ---------------ას მიმართ. მოქმედებები, რომელიც ჩ---------------მა განახორციელა ჩ---------------ას მიმართ უნდა შეფასდეს, როგორც იძულება, რადგან მამა იძულებულს ხდიდა შვილს შეესრულებინა მისი ნების საწინააღმდეგო მოქმედება, კერძოდ დაქორწინებულიყო მისთვის არასასურველ პიროვნებაზე. აღნიშნულს კი ადასტურებს ნიშნობის და ქორწილის თარიღის დანიშვნის ფაქტი. პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ჩ---------------ა იყო არასრულწლოვანი, უმუშევარი, არ გააჩნდა დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო და სრულად იყო დამოკიდებული ოჯახის „მარჩენალზე“ - მამაზე, რაც აძლიერებდა დაზარალებულზე ზემოქმედების ხარისხს. გარდა ამისა, ჩ---------------ას არ ჰქონდა საშუალება დაეტოვებინა სახლი და სწავლა გაეგრძელებინა იმ ტერიტორიულ ერთეულში, სადაც ცხრა კლასის შემდგომი განათლების მიღებაა შესაძლებელი. ამიტომ ჩ---------------ა იძულებული იყო ცხოვრება განეგრძო იმ სივრცეში, სადაც მასზე ზემოქმედებისათვის საჭირო გარემო იყო შექმნილი. ქორწინების იძულების ასეთი გაგება შეესაბამება „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციას (ე.წ. სტამბოლის კონვენცია), რომელიც რატიფიცირებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 05 აპრილს და რომლის 37-ე მუხლის მიხედვით მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს წინასწარგანზრახული ქცევა, რომელიც ზრდასრულ ადამიანს ან ბავშვს აიძულებს ქორწინებაში შესვლას. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ჩ---------------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა მისი ყველა სავალდებულო ელემენტის ჩათვლით, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა მტკიცებითი სტანდარტის თვალსაზრისით.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) § 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) § 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) § 49).
პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი გარემოებები, ვინაიდან დაცვის მხარის მიერ გაჟღერებული ვერსია, თითქოსდა ჩ---------------მა არ იცოდა ამგვარი ქმედების დასჯადობის შესახებ წინააღმდეგობაშია გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, რომელთა თანახმად ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო გამოძიება ანალოგიურ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ჩ---------------ას მიერ იძულების ფაქტის უარყოფის გამო შეწყდა გამოძიება. ყოველივე აღნიშნული კი, ადასტურებს რომ ჩ---------------ისთვის ცნობილი იყო იძულებით ქორწინების დასჯადობის შესახებ და იგი აცნობიერებდა მოსალოდნელ პასუხისმგებლობას. მიუხედავად აღნიშნულისა კი, იგი მოქმედებდა განზრახ და არასრულწლოვან შვილს - ჩ---------------ას აიძულებდა იძულებით ქორწინებას.
პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ჩ---------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ჩ---------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1501 მუხლის მე-2 ნაწილით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ჩ---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხასიათდება დადებიათად.
ჩ---------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი, რა დროსაც გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1501 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც მსჯავრი უნდა დაედოს ჩ---------------ს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, შესაბამისად პალატა თვლის, რომ ჩ---------------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია ჩ---------------ისათვის იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, რადგან აღნიშნულის საჭიროება არ არსებობს. გარდა ამისა ჩ---------------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრისას პალატა ითვალისწინებს იმას, რომ ჩ---------------მა აღიარა და მოინანია ჩადენილი, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია, არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად და თვლის, რომ ჩ---------------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესცრულებას.
„სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე.
„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის პრეამბულაში მითითებულია მოცემული დანაშაულის მავნე შედეგებზე, კერძოდ, „ევროპის საბჭოს სახელმწიფოები დიდი გულისტკივილით აღიარებენ, რომ ქალები და გოგონები ხშირად განიცდიან ისეთი სერიოზული ფორმების ძალადობას, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, სექსუალური შევიწროება, გაუპატიურება, იძულებითი ქორწინება, ე.წ. „ღირსების“ სახელით ჩადენილი დანაშაული და სასქესო ორგანოების დასახიჩრება, რაც წარმოადგენს ქალებისა და გოგონების ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევას და ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებას ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორუფლებიანობის მიღწევის საქმეში“.
ქალთა წინააღმდეგ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (CEDAW) 21-ე საერთო რეკომენდაციაში (XIII სესია, 1994) აღნიშნულია, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოები იღებენ ყველა საჭირო ზომას ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის ყველა საკითხში, რომლებიც ეხება ქორწინებასა და ოჯახურ ურთიერთობას, და, კერძოდ კაცთა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყოფენ მეუღლის თავისუფალი არჩევისა და მხოლოდ თავისუფალი და სრული თანხმობით ქორწინების თანაბარ უფლებებს. ქალთა უფლება თავისუფლად აირჩიონ მეუღლე და იქორწინონ, მათი ცხოვრების, ისევე როგორც ადამიანის ღირსებისა და თანასწორობის, უმნიშვნელოვანესი ასპექტია.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ქორწინება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა ადამიანის ცხოვრებაში, რამაც შესაძლოა, ადამიანის მთელი მომავალი ცხოვრება განსაზღვროს, რაც პირადი და ოჯახური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ასპექტია. ამიტომ, ასეთ გადაწყვეტილებებში იმგვარი ჩარევა, რომელიც ადამიანის ნების იგნორირებას, მისი პოზიციის სრულ უგულებელყოფას გულისხმობს ადამიანს უუფლებოდ და უუნაროდ წარმოაჩენს, რაც წარმოუდგენელი და დაუშვებელია ისეთ საზოგადოებაში, რომელიც ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს და რომლის ურყევი ნებაა დაამკვიდროს დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება. ქორწინების იძულება პირს ამ პროცესის არა სუბიექტად, არამედ ობიექტად აქცევს და იგი განიხილება, როგორც „ნივთი“, რომლის „განკარგვა“ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშეა შესაძლებელი. ეს პრობლემა განსაკუთრებით წარმოჩინდება მშობლების მიერ შვილის იძულებაში დაქორწინდეს მათთვის და არა მისთვის სასურველ ადამიანზე და მიაჩნიათ, რომ შვილზე „ზრუნვა“ იმასაც გულისხმობს, რომ არა მარტო ჩაერიონ, არამედ მის გარეშეც კი მიიღონ გადაწყვეტილებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ადამიანის პირადი გადაწყვეტილების სფეროა და ლახავს მის უმნიშვნელოვანეს უფლებებს, რაც სასამართლოს მხრიდან სათანადო რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.
საქართველოს სისხლის სამათლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს სასჯელის ნახევარი. პალატა ითვალისწინებს ჩ---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, ქმედების მძიმე ხასიათს და საშიშროებას, ქმედება ჩადენილია არასრულწლოვანის მიმართ. ამასთან, იძულებით ქორწინებას ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრის მხრიდან, რა დროსაც ჩ---------------ამ ნაწილობრივ განიცადა იძულებითი ქორწინების გარკვეული შედეგიც - ნიშნობა. გარდა ამისა ჩ------ კ-------ისთვის ცნობილი იყო ამგვარი ქმედების დასჯადობის შესახებ, ვინაიდან ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო გამოძიება ანალოგიურ ფაქტზე, თუმცა ჩ------ კ-------ას მიერ იძულების ფაქტის უარყოფის გამო შეწყდა გამოძიება. ამასთან, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ჩ---------------ი არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად მისი ქმედება გამოიხატებოდა მხოლოდ სიტყვიერ იძულებაში და არ დამდგარა შედეგი - არ შედგა ქორწინება, ასევე დაზარალებულის პოზიციას, რომ სურს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს მამა ოჯახს და მიზანშეწონილად მიაჩნია ჩ---------------ისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ ჩ---------------ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
პალატას მიაჩნია, რომ ჩ---------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების და გასაკიცხაობის ხარისხი.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ჩ---------------ას.
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ჩ---------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, დანიშნული სასჯელი კი - სამართლიანი.
შესაბამისად, მსჯავრდებულ ჩ---------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ე-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ჩ---------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ე-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თ------–------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი ჩ---------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ჩ---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1501 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ჩ---------------ს, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს - 1 (ერთი) წელი.
ჩ---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვალა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 05 ოქტომბრიდან.
ჩ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმუბულია.
პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის მოხდის შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, ჩ------ კ-------ს დაეკისროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.
ნივთიერი მტკიცებულებების ბედი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ჩ---------------ას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო სანდოძე