განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1/ბ-1574-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე
მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი
ლევან თევზაძე
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - გ--------–--------ას,ადვოკატ - გ---------------ის,მსჯავრდებულების - კ------------–--ის, მ-----------–----ის მონაწილეობით,მსჯავრდებულების კ------------–--ის და მ-----------–----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ---------------ის, ასევე ქ.თბილისის პროკურატურის პროკურორის გ--------–--------ას სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
კ------------–--ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ს--------------------------–-----–-----------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
მ-----------–----ის მიმართ - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ს----------------------–---–------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით:
კ------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
კ------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 21 მარტიდან.
მ-----------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
მ-----------–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 21 მარტიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ
კ------------–--ემ ჩაიდინა: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად.
მ-----------–----ემ ჩაიდინა: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 13 იანვრის განაჩენით, მ-----------–----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის განაჩენით, მ-----------–----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა 4 წელი, 9 თვე და 27 დღე თავისუფლების აღკვეთა და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2012 წლის 20 თებერვალს.
2018 წლის 21 მარტს მ-----------–----ე და კ------------–--ე იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ბ--–--–---–-- ქუჩაზე მდებარე რესტორან „თ-–---ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააჩერეს რ--------------–---ს მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანა, სახ. ნომრით R--------, რომელსაც გარკვეული საფასურის გადახდის სანაცვლოდ მოსთხოვეს წაყვანა ნაძალადევის რაიონში. ქ. თბილისში, მ-----–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მ-----------–----ემ და კ------------–--ემ, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით მოქალაქე რ--------------–---ს, მის კუთვნილ ა/მანქანაში, სახ. ნომრით R--------, წაართვეს 64 ლარი, მობილური ტელეფონი, ა/მანქანის რადიოსიხშირის რეგულატორი მეხსიერების ბარათით და საფულე. კერძოდ, მ-----------–----ემ ა/მანქანის ღვედი რ--------------–---ს მოუჭირა ყელის არეში და სიცოცხლისათვის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ფული და პირადი ნივთები, ხოლო კ------------–--ემ რ--------------–---ს ტანსაცმლიდან ამოუღო ფული და პირადი ნივთები, რითაც დაზარალებულს რ--------------–---ს მიადგა 169 ლარის მატერიალური ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების კ------------–--ის და მ-----------–----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ---------------ემ და ქ.თბილისის პროკურატურის პროკურორმა გ--------–--------ამ.
დაცვის მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მ-----------–----ის უდანაშაულოდ ცნობა, ხოლო კ------------–--ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე. აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მიტკიცებულებები არ არის საკმარისი იმ ფაქტის უტყუარად მიჩნევისათვის, რომ კ------------–--ემ და მ-----------–----ემ ჩაიდინეს ყაჩაღობა. დაცვის მხარე განმარტავს, რომ აღნიშნულის დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ერთი მტკიცებულება - დაზარალებულის ჩვენება, რომელიც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუენებელ განაჩენს. გარდა ამისა, დაზარალებულისა და ბრალდებულების ჩვენებებს შორის იკვეთება წინააღმდეგობები. აშკარაა, რომ რ--------------–---ს ჰქონდა პირადი ინტერესი - ბრალდებულებისათვის დაებრალებინა დანაშაულებრივი ქმედება, ვინაიდან მოპარეს საფულე და ტელეფონი. ამის გამო მან შეთხზა სრულიად განსხვავებული ფაქტები მისი ნივთების დაკარგვასთან დაკავშირებით. საინეტრესოა, თუ ავტომობილში ადგილი ქონდა არა ქურდობას, არამედ ყაჩაღობას და დაზარალებულს აღენიშნებოდა დაზიანებები ყელის არეში, რატომ არ მოისურვა თავისი მონათხრობი გაემყარებინა ექსპერტიზის დასკვით, რომელიც დაადასტურებდა დაზიანების სახეს, წარმომავლობას და სიმძიმეს. რ--------------–---ს სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით არც პოლიციის თანამშრომლებს მიუთითებიათ ჩვენებებში. რაც შეეხება დაზარალებულის მიერ ნივთების დაკარგვის ფაქტს, კ------------–--ემ აღიარა, რომ ჩაიდინა ქურდობა და იგი გამოხატავს სინანულს აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით.
ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდბეულების მიმართ სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა თითოეულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის მაქსიმალურ ზღვართან მიახლოვებული ვადით. აპელანტს მიაჩნია, რომ კ------------–--ისა და მ-----------–----ის მიმართ გამოყენებულია მსუბუქი, ზედმეტად ლოიალური სასჯელი, რაც ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას. სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულების პიროვნებები და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ შესაძლოა მათ მომავალშიც გააგრძელონ დანაშაულებრივი საქმიანობა.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარემ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს და ითხოვეს მათი დაკმაყოფილება.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ რიგში პალატა წარმოაჩენს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც წარდგენილი და გამოკვლეული იქნა პირველი ინსტანციის სასართლო სხდომაზე, შემდეგ კი დეტალურად შეაფასებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებს, მიმოიხილავს თითოეულ მათგანს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და იმსჯელებს, თუ რატომ იზიარებს, ან არ იზიარებს მხარეთა არგუმენტებს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა რ--------------–---მ განაცხადა, რომ საკუთარი „მერსედეს ბენცის“ ფირმის ავტომანქანით, სახ. ნომრით R--------, მუშაობს ტაქსის მძღოლად. შემთხვევის დღეს გადაადგილდებოდა ბ--–--–---–-- ქუჩაზე, რა დროსაც შეაჩერა ორმა პიროვნებამ (მიუთითა სასამართლო სხდომაზე წარდგენილ კ------------–--ესა და მ-----------–----ეზე) და 8 ლარის სანაცვლოდ სთხოვეს ნაძალადევის რაიონში მიყვანა. იგი დათანხმდა აღნიშნულზე, რის შემდეგაც ერთი მგზავრი ავტომანქანაში ჩაჯდა მის გვერდით, ხოლო მეორე მგზავრი უკანა სალონში, მის მხარეს. მგზავრებმა გზაში უთხრეს, რომ შეეშალათ მისამართი და ლოტკინის მიმართულებით წაყვანა სთხოვეს. როდესაც მივიდა ხუდადოვის ქუჩაზე, ვინაიდან საავტომობილო გზა აღარ იყო, დააპირა ავტომანქანის მობრუნება, რა დროსაც უკან მჯდომმა მგზავრმა - მ-----------–----ემ, ყელზე მოუჭირა ავტომანქანის ღვედი, რომელიც თვითონ (რ--------------–---ს) ჰქონდა გაკეთებული და მოსთხოვა ფული. იგრძნო, რომ უკვე ვეღარ სუნთქავდა. თავდამსხმელი ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ეუბნებოდა - ფული მოგვეცი, თორემ მოგკლავთო. წინ მჯდომმა კ------------–--ემ ქურთუკის ჯიბეებში ჩაუყო ხელი და ერთი ჯიბიდან ამოუღო ფულადი თანხა - 64 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე ჯიბიდან - „ბ--–----ს“ მობილური ტელეფონი. ასევე აიღო სალონში შეერთებული მეხსიერების ბარათი და ტყავის საფულე, რის შემდეგაც ორივე მათგანი გადავიდა ავტომანქანიდან და გაიქცნენ. დახმარებისთვის მიმართა ქუჩაში მყოფ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს და პოლიციის თანამშრომლებმა მასთან ერთად დაიწყეს ქუჩაში თავდამსხმელების მოძიება. სამართალდამცავებს მიუთითა ხუდადოვის ქუჩიდან მომავალ ორ პიროვნებაზე და განაცხადა, რომ ისინი დაესხნენ თავს და გასტაცეს ნივთები. პატრულის თანამშრომლებმა დააკავეს კ------------–--ე და მ-----------–----ე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----–-------------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ ინსპექტორის თანამდებობაზე. 2018 წლის 21 მარტს მეწყვილესთან - დ------–-----------ან ერთად სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა ნაძალადევის რაიონში, ც---------------ის ქუჩაზე. ისინი შეაჩერა მოქალაქემ - რ-------------–---მ, რომელიც აცხადებდა, რომ მესხის ქუჩაზე დააყაჩაღეს. კერძოდ, დაზარალებულმა აუხსნა, რომ ორი ახალგაზრდა მამაკაცი ჩაუჯდა ტაქსში, ერთი წინ, მარჯევნა მხარეს, მეორე უკან - მის მხარეს. ლოტკინის დასახლებაში მისვლისას, როდესაც მესხის ქუჩაზე ავიდნენ, რ-------------–---ს უკან მჯდომმა მამაკაცმა უსაფრთხოების ღვედი მოუჭირა ყელზე და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ხოლო წინ მჯდომმა ჯიბეებიდან ამოაცალა საფულე და ნივთები. ნ-----–-------------–---–ის განმარტებით, მან და მისმა მეწყვილემ რ-------------–--- ჩაისვეს ავტომანქანაში და მიმდებარე ტერიტორიაზე გავიდნენ. ხუდადოვის ქუჩაზე შენიშნეს ორი მამაკაცი, რომლებმაც პატრულის ავტომანქანის დანახვაზე აუჩქარეს ნაბიჯებს და შეეცადნენ მიმალვას. რ-------------–---მ იცნო თავდამსხმელები და განაცხადა, რომ ამ პირებმა დააყაჩაღეს რამდენიმე წუთის წინ. მოწმე და მისი მეწყვილე გაეკიდნენ თავდამსხმელებს და ხ------------------------ კორპუსის სადარბაზოში დააკავეს. დაკავებულები აღმოჩნდნენ მ-----------–----ე და კ------------–--ე. ამის შემდეგ რ-------------–---მ კვლავ დაადასტურა, რომ თავს დაესხნენ სწორედ ეს პირები, დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით და დააყაჩაღეს. ნ-----–-------------–---–მა ასევე განაცხადა, რომ ჩატარდა კ------------–--ის პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც მისგან ამოღებული იქნა რ-------------–--ის მობილური ტელეფონი, თანხა 64 ლარის ოდენობით, ორი ცალი საფულე, პირადობის მოწმობა და სანთებელა.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ------–-------ამ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ვ-–--------------------------------–---–-----------------------–---------------–---------ამ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.
ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 21 მარტს, 04:05 საათზე, ქ-------–--–------------------------------------------ სადარბაზო, მე-3 სართულზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა კ------------–--ე, რომლის პირადი ჩხრეკის დროს ქურთუკის შიდა მარჯვენა ჯიბეში აღმოჩნდა ოქროსფერი „ბ--–----ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეიკოდით: 8--------------, შავი ფერის სანთებელა. ქურთუკის მარცხენა გარეთა ჯიბეში აღმოჩნდა ა/მანქანის რადიოსიხშირის რეგულატორი მეხსიერების ბარათით, შარვლის წინა მარცხენა ჯიბეში აღმოჩნდა ფულადი თანხა 64 (სამოცდაოთხი) ლარის ოდენობით, შარვლის უკანა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის საფულე, რომელშიც აღმოჩნდა კ------------–--ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, 11 (თერთმეტი) ცალი პლასტიკური ბარათი, 1 ცალი სავიზიტო ბარათი, ხატი. ყელზე ქონდა ხის ჯაჭვი ხის ჯვრით, უკანა მარჯვენა ჯიბეში აღმოჩნდა ყავისფერი ტყავის საფულე.
ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 21 მარტს, 04:05 საათზე, ქ-------–--–------------------------------------------ სადარბაზო, მე-3 სართულზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა მ-----------–----ე, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მისი პირადი ნივთები.
ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ.თბილისში, ც---------------ის ქუჩა N49-ის მიმდებარედ დათვალიერებული იქნა „მერსედეს ბენცის“ ფირმის ავტომანქანა, სახ. ნომრით R--------. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა სუნის ნიმუშები, ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, ხელის კვლები.
ამოღების ოქმების თანახმად, 2018 წლის 21 მარტს ამოღებულ იქნა კ------------–--ის ტანსაცმელი - ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და ქურთუკი წითელი ნაცრისფერში გაწყობილი. ასევე ამოღებული მ-----------–----ის კუთვნილი ტანსაცმელი - ჯინსის შარვალი, რომელსაც საქამრეზე აღენიშნება ქარხნული სამარკო ნიშანი წარწერით „N--------” და შავი ფერის ქურთუკი, რომელსაც საყელოს არეში აღენიშნება ქარხნული სამარკო ნიშანი წარწერით „T-------------“.
სუნის კვალის ნიმუშის აღების ოქმების თანახმად, 2018 წლის 21 მარტს მ-----------–----ისგან და კ------------–--ისგან აღებული იქნა სუნის კვალის ნიმუშები.
ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმების თანახმად, 2018 წლის 21 მარტს მ-----------–----ისგან და კ------------–--ისგან ნებაყოფლობით აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუშები.
ქიმიური ექსპერტიზის N1---ქმ დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე წარმოდგენილ: ა/მანქანა „M------------“ სახ. N R---------ის წინა მარჯვენა სავარძლის საზურგე ადგილიდან დაქტილოფირით ამოღებულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის აღმოჩენილ წითელის ფერის ბამბის ბოჭკოს მიკრონაწილაკებს და კ------------–--ის ჟაკეტის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალ წითელი ფერის ბამბის ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარეობითი კუთვნილება. ა/მანქანა „M------------“ სახ. N R---------ის წინა მარჯვენა და უკანა მარცხენა სავარძლიდან დაქტილოფირებით ამოღებულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის მ-----------–----ის ტანსაცმელი ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი ბოჭკოს მსგავსი მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ.
ოდოროლოგიური ექსპერტიზის N4-------- დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, ქ. თბილისში, მიხეილ მესხის ქუჩა N---ის მიმდებარედ რ------–-----------------–--ის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ავტომანქანა „მერსედეს ბენცის“, სახ. ნომრით R---------ის წინა მარჯვენა სავარძლის ზედაპირიდან და უკანა მარცხენა სავარძლის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და იდენტურია ბრალდებულებისაგან: კობა ბადრის ძე ორმოცაძისაგან (დაბადებული 1--------- წელს, მცხოვრები ქ. ს--------------------------–-----–------------------ში) და მ------------------------–--------ან (დაბადებული 2----------–--–----–---------------------------------–---–-------------ში) აღებული სუნის კვალის ნიმუშების. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ.
ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, მოყავისფრო ტყავისმაგვარი მასალის საფულეზე არსებული ბიომასალის (ობ. N9) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელშიც ვლინდება კ------------–--ის (ობ. N10) და ობ. N4 (უკანა მარცხენა კარის სახელურის), N7-ის (მობილური ტელეფონი „ბ--–----“) პროფილების მაჟორული წილის გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო მ-----------–----ის (ობ. N11), არ ვლინდება. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 13 იანვრის განაჩენით მ-----------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის განაჩენით მ-----------–----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 04 (ოთხი) წელი, 01 (ერთი) თვე და 27 (ოცდაშვიდი) დღე. მსჯავრდებულ მ-----------–----ეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 04 (ოთხი) წლით, 09 (ცხრა) თვითა და 27 (ოცდაშვიდი) დღით თავისუფლების აღკვეთა. მ-----------–----ე 2012 წლის 20 თებერვალს კალენდარულად გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. მ-----------–----ეს აღნიშნული ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი.
ბრალდებულმა კ------------–--ემ თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ რ-------------–--ის კუთვნილი ტაქსის მგზავრობისას, რა დროსაც იჯდა მძღოლის გვერდით, რ-------------–---ს ჯიბიდან ფარულად ამოაცალა საფულე და ტელეფონი, ხოლო მეხსიერების ბარათი გვერდით იდო და აიღო. შესაბამისად, ჩაიდინა ქურდობა, ხოლო მ-----------–----ესთან ერთად ყაჩაღობა არ ჩაუდენია. მისი მოსაზრებით, რ--------------–---მ მას შემდეგ მიმართა საპატრულო პოლიციას დახმარებისათვის, რაც გააცნობიერა, რომ მოპარეს ნივთები.
ბრალდებულმა მ-----------–----ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ რ--------------–---ს ტაქსით მგზავრობისას იჯდა უკან, ხოლო კ------------–--ე წინ - მძღოლის გვერდით. მას არ დაუნახავს, თუ როგორ ამოაცალა კ------------–--ემ რ-------------–---ს მისი კუთვნილი ნივთები. მხოლოდ ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ უთხრა კ------------–--ემ, რომ მძღოლს ფარულად მოპარა სხვადასხვა ნივთები.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულების აღნიშნულ განმარტებებს, ვინაიდან ისინი აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ კ------------–--ის და მ-----------–----ის მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული და მათ მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია.
პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილი დანაშაული მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის ჩვენებას, მის თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან. პალატა მიიჩნევს, რომ რ--------------–---ს გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მან სასამართლოს მისცა საკმაოდ დამაჯერებელი და სარწმუნო ჩვენება. დაზარალებულმა თანმიმდევრულად და ლოგიკურად გადმოსცა 2018 წლის 21 მარტს განვითარებული მოვლენები. უშუალოდ ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით დეტალურად მიუთითა, რომ ლოტკინის მიმართულებით წასვლის შემდგომ, როდესაც აპირებდა ავტომანქანის მობრუნებას, უკან მჯდომმა მგზავრმა - მ-----------–----ემ ყელზე მოუჭირა ავტომანქანის ღვედი, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და მოსთხოვა ფული. ამავე დროს წინ მჯდომმა კ------------–--ემ ქურთუკის ჯიბეებში ჩაუყო ხელი, საიდანაც ამოაცალა ფულადი თანხა და „ბ--–----ს“ მობილური ტელეფონი. ასევე დაეუფლა სალონში არსებულ მეხსიერების ბარათი და ტყავის საფულე. დაზარალებულმა ნათლად მოახსენა სასამართლოს, რომ მას თავდამსხმელის მიერ ღვედის მოჭერის შემდეგ სუნთქვა შეეკრა და გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის რეალური შიში.
არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც დაზარალებულის ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი; საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ დაზარალებული ცრუობს სასამართლოს წინაშე და მას მსჯავრდებულების მიმართ ამოძრავებს რაიმე პირადი ინტერესი. უსაფუძვლოა დაცვის მხარის აპელირება, რომ თითქოს რ--------------–---ს სურვილი ქონდა, შური ეძია კ------------–--ესა და მ-----------–----ეზე მათ მიერ ნივთების მოპარვის გამო და ამიტომ მოიფიქრა დააყაჩაღების ფაქტი. თუკი ადგილი ექნებოდა დაზარალებულის პირადი ნივთების ფარულად დაუფლებას მისი ავტომანქანიდან, აღნიშნულიც წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას, რომელსაც მოყვებოდა სათანადო რეაგირება და გაურკევევლია, რატომ უნდა ჰქონოდა რ--------------–---ს სურვილი, დამნაშავეები დასჯილიყვნენ კონკრეტულად ყაჩაღობისათვის და არ ქურდობისათვის. მხოლოდ ის გარემოება, რომ დაზარალებულის სხეულზე არ არის ჩატარებული ექსპერტიზა და ვერ დადგინდა, ყელის არეში ნამდვილად აღენიშნებოდა თუ არა ავტომანქანის ღვედით განხორციელებული მოჭერის კვალი, მისი ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველს ვერ შექმნის. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რ--------------–---ს ჩვენება სრულიად თანმიმდევრული, ლოგიკური და დამაჯერებელია, ასევე სხვადასხვა გარემოებებთან დაკავშირებით, გამყარებულია წერილობითი მტკიცებულებებით, პალატას არ გააჩნია საფუძველი, რომ ეჭვი შეიტანოს მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობაში.
დაზარალებულ რ--------------–---ს ჩვენება იმ ნაწილში, რომ მისი მართვის ქვეშ მყოფი ტაქსით იმგზავრეს კ------------–--ემ და მ-----------–----ემ, გამყარებულია საქმეზე წარმოდგენილი და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ქიმიური, ოდოროლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით. ხოლო თვადამსხმელთა მიერ რ--------------–---საგან დაუფლებული ნივთების ნაწილში ამ უკანასკნელის ჩვენება სრულ შესაბამისობაშია მსჯავრდებულ კ------------–--ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმთან, რომლის თანახმადაც მისგან ამოღებული იქნა დაზარალებულის პირადი ნივთები და ფულადი თანხა 64 ლარის ოდენობით.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოწმის სახით დაკითხული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ნ-----–-------------–---–ის და დ------–----------ს ჩვენებებზე, რომლებიც რ--------------–---ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის იდენტურად აღწერენ მისგან ცნობილ, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების დეტალებს. მართალია ნ-----–-------------–---–ი და დ------–---------- არ წარმოადგენენ ფაქტის თვითმხილველ მოწმეებს, თუმცა პალატა აფასებს რა მათ ჩვენებებს საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, განმარტავს, რომ ისინი კიდევ უფრო განამტკიცებენ და მეტ დამაჯერებლობას სძენენ რ--------------–---ს ჩვენებას.
პალატა სრულიად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულების კ------------–--ის და მ-----------–----ის ჩვენებების შეფასების ნაწილშიც და განმარტავს, რომ ავტომობილის მართვის პერიოდში მძღოლისათვის სხვადასხვა ჯიბეებიდან ფულადი თანხის და მობილური ტელეფონის მოპარვა, ასევე მის თვალწინ ავტომობილის წინა სალონში არსებული ნივთების დაუფლება ფარულად, სრულიად მოკლებულია დამაჯერებლობას. უსაფუძლოა დაცვის მხარის განამრტება იმ გარემოებასთან დაკავშირებითაც, თითქოს მ-----------–----ეს ამ დროს ეძინა და ვერაფერს ხედავდა. მსჯავრდბეულებისგან განსხვავებით, რ--------------–---ს მიერ გაჟღერებული ინფორმაცია საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არის დამაჯერებელი, იგი ურთიერთთავსებადია როგორც ერთმანეთთან, ასევე საქმეზე წარმოდგენილ წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებთან. ისინი ერთობლიობაში გამორიცხავენ დაზარალებულის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს და ადასტურებენ მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ნამდვილობას.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საფუძველი, რათა გაზიარებული იქნეს დაცვის მხარის მოსაზრება, თითქოს საქმეზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება კ------------–--ისა და მ-----------–----ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი; ასევე ის გარემოება, რომ კ------------–--ემ ჩაიდინა ქურდობა, რის შესახებაც მ-----------–----ეს არ ქონდა ინფორმაცია. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საკმაოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული მსჯელობა იქონია თითოეული მტკიცებულებით დადგენლი ფაქტობრივ გარემოებებზე და შეაფასა ისინი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, რის საფუძველზეც მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ და სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ კ------------–--ისა და მ-----------–----ის მონაწილეობას ბრალად წადგენილი ქმედების ჩადენაში.
რაც შეეხება მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ქმედების დამამძიმებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ რ--------------–---საგან თანხის, მობილური ტელეფონის, რადიოსიხშირის რეგულატორის, მეხსიერების ბარათის და საფულის დაუფლება, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, განხორციელდა ჯგუფურად, ვინაიდან კ------------–--ემ და მ-----------–----ემ ერთიანი მიზნით განახორციელეს ერთობლივი, აქტიური და შეთანხმებული მოქმედებები.
საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ მ-----------–----ის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში“.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 13 იანვრის განაჩენით მ-----------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. ხოლო მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის განაჩენით მ-----------–----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 04 (ოთხი) წლით, 09 (ცხრა) თვითა და 27 (ოცდაშვიდი) დღით თავისუფლების აღკვეთა. მ-----------–----ე 2012 წლის 20 თებერვალს კალენდარულად გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და ქმედების ჩადენის - 2018 წლის 21 მარტის მდგომარეობით ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (K---------------------------------------------------------------------------).
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ კ------------–--ის და მ-----------–----ის ბრალეულობასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული დასკვნები სრულ შესაბამისობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსია არასარწმუნოა და ემსახურება მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას. სახეზეა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ კ------------–--ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად. მ-----------–----ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის; შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას - მსჯავრდებულების მიმართ გამოყენებული სასჯელის დამძიემბის კუთხით, პალატა განმარტავს, რომ არც აღნიშნულ ნაწილში არსებობს ბრალდების მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენის შეცვლის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება აანაზრაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა კ------------–--ისა და მ-----------–----ის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი (არ გააჩნიათ) და დამამძიმებელი (კ------------–--ეს არ გააჩნია, მ-----------–----ის მიმართებაში კი ნასამართლობა სხვა კატეგორიის დანაშაულისათვის) გარემოებები, ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ჩადენილი დანაშაულის სოციალურად მომეტებული საფრთხის შემცველი ხასიათი, ასევე, თითოეული ბრალდებულის პიროვნება და ინდივიდუალური მახასიათებლები და ჩათვალა, რომ გამოყენებული სასჯელი თანაზომიერი და პროპორციულია მათი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას სასჯელთან მიმართებაში და აღნიშნავს, რომ კ------------–--ის მიმართ დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, ხოლო მ-----------–----ის მიმართ რეციდივის გათვალისწინებით დანიშნული დავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, არის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.
ამდენად, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი კ------------–--ის და მ-----------–----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორ გ--------–--------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულების კ------------–--ის და მ-----------–----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ---------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უვცლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი;
კ------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
კ------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
კ------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 21 მარტიდან.
მ-----------–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
მ-----------–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
მ-----------–----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 21 მარტიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- კ------------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, კერძოდ, რ-------------–--ის ,,ბ--–----ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, რადიოსიხშირის რეგულატორი მეხსიერების ბარათით, 64 ლარი და ტყავის საფულე, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტემენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
- ავტომანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის, ხელის კვლების და მიკრონაწილაკების ანაწმენდის ნიმუშები, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- ბრალდებულ კ------------–--ისაგან აღებული ნერწყვის, სუნის, ხელის კვლების ნიმუშები, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- ბრალდებულ კ------------–--ისაგან ამოღებული მისი ტანსაცმელი, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
- ბრალდებულ მ-----------–----ისაგან აღებული ნერწყვის, სუნის, ხელის კვლების ნიმუშები, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- ბრალდებულ მ-----------–----ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
- რ-------------–--ის ავტომანქანა, რომელიც ინახება დაზარალებულთან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. კაპანაძე
მოსამართლეები: კ.მაჭავარიანი
ლ.თევზაძე