განაჩენი

სისხლის სამართლის 21.03.2019
საქმის ნომერი
330100118002452189
ინსტანცია
თარიღი
21.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002452189

საქმე №1ბ/1629-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძემ

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძის

მაია თეთრაულის

 

ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ------------------ის

მსჯავრდებულ: გ----------–-–---–ის

ადვოკატის: ნ------------–---–ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ გ----------–-–---–ის, მისი ინტერსების დაცველი ადვოკატის ნ------------–---–ის და საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის გ------------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ----------–-–---–ის მიმართ. გ----------–----------------–-–---–ი დაბადებულია 19---–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, მცხოვრები: ქ.თბილისი, დ-----------------------–-----------------------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ----------–-–---–მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა.

 

გ----------–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

გ----------–-–---–მა ქ. თბილისში, აკ----–-------–------------------ში მდებარე გადამზიდი კომპანია ,,დ--------–-ს“ ( შპს ,,ჯო----------------ი“) ოფისში 2018 წლის 12 აპრილს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კონტროლირებადი მიწოდების ფარგლებში საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელ ა---------–-----------ასგან მიიღო ნეპალიდან მის სახელზე გამოგზავნილი ამანათი, რომელშიც მოთავსებული იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი ნივთიერება.

 

2018 წლის 12 აპრილს, 14:40 საათზე ქ. თბილისში, აკ----–-------–---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გ----------–-–---–ის პირადი ჩხეკის შედეგად ამოღებული იქნა ხსენებული ამანათი, რომელშიც მოთავსებული იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1523,8938 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი“.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენით:

 

გ----------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

 

გ----------–-–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

გ----------–-–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 აპრილიდან.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ----------–-–---–მა და მისი ინტერსების დაცველმა ადვოკატმა ნ------------–---–მა.

 

დაცის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა გ----------–-–---–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. აპელანტების განმარტებით განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ბრალდებულს წინასასამართლო სხდომაზე არ განემარტა მტკიცებულებების უდავოდ ცნობის სამართლებრივი შედეგები. საქმის არსებითი განხილვის დროს კი დაცვის მხარის მიერ უკვე სადავოდ გახდილი მტკიცებულებები პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიკვლია, რითიც დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 72-ე და 259-ე მუხლების და ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები. დაცვის მხარე ასევე აპელირებს ე.წ. ,,მოწამლული ხის“ დოქტრინაზე და მიუთითებს, რომ დეტექტივ-გამომძიებელ ა---------–-----------ას საგამოძიებო ღონისძიებაში ჩართვისთვის აუცილებელი იყო ხელმძღვანელის დადგენილება და არა თვით ა. ტყ--------ს პატაკი, რითიც დაირღვა ,,ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და, შესაბამისად, აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, ფოტომასალა და ამოღებული ნივთმტკიცება - ამანათი დაუშვებელი მტკიცებულებაა, ვინაიდან ისინი მოპოვებული იქნა ა---------–-----------ას მიერ განხორცილეებული საპროცესო მოქმედებების შედეგად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა გ------------------მა. ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ----------–-–---–ის მიმართ გამოტანილ განაჩენში დამძიმების კუთხით ცვლილების შეტანა, ვინაიდან გ----------–-–---–ისაგან ამოღებული ნივთიერება ქიმიური დასკვნებით არის 1523,8938 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბილი“. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დანაშაული არის სპეციფიკური - ნეპალიდან გამოგზავნილმა ამანათმა გამოაირა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და საქართველოში შემოვიდა ფარული ფორმით, კერძოდ - ქანდაკებებით. მიაჩნია, რომ ნარკოტიკული საშუალება მხოლოდ ერთი პირისთვის არ იყო განკუთვნილი. ბრალდების მხარე თვლის, რომ შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრულ მიზნებს - ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭიროა, გამოყენებული იქნას უფრო მკაცრი სახის სასჯელი.

 

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ დაცვის და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ----------–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

პალატა მხარეთა მიერ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის კუთხით წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/გაანალიზებამდე მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადასტურებულად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა კი სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით, რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზეც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

აღნიშნული პრინციპის/სტანდარტების გაანალიზებით და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შემდეგ დაცვის მხარის არგუმენტებს მსჯავრდებულის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულობის შესახებ ვერ გაზიარებს.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ წინასასამართლო სხდომის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვისას მსჯავრდებული გ----------–-–---–ი სარგებლობდა დაცვის უფლებით და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დაცვის მხარემ გახადა უდავოდ. საქმის არსებითი განხილვის დროს მსჯავრდებული სარგებლობდა ამჯერად სხვა ადვოკატის მომსახურებით და სადავოდ გახადა მტკიცებულებები, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ აღარ გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი შეფასების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება. როგორც ზემოთ აღინიშნა, დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივარში მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსსკ-ის 72-ე და 259-ე მუხლების, ასევე ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნათა დარღვევაზე და სააპელაციო სასამართლოში საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შუამდგომლობით მოითხოვა მტკიცებულებათა გამოკვლევა. პალატამ საქმის განხილვისას დაცვის მხარის შუამდგომლობა ადგილზე თათბირით მიღებული განჩინებით არ დააკმაყოფილა (იხ. ოქმი, 18.02.2019 წელი. 13:57:51სთ), ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მტკიცებულება გამოიკვლევა მაშინ, როცა პირველი ინსტანციის სასამართლოში იგი კანონის არსებითი მოთხოვნის დარღვევით იქნა გამოკვლეული. მოცემულ შემთხვევაში კი პირველი იმსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებები საერთოდ არ ყოფილა გამოკვლეული და შუამდგომლობის საფუძვლად მითითებული იქნა გ----------–-–---–ის წინა ადვოკატის მიერ თავისი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება.

 

დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში ასევე უთითებს, თითქოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა განმარტებული ბრალდებულისთვის მტკიცებულებათა უდავოდ ცნობის სამართლებრივი შედეგები. პალატა აღნიშნულს ვერ გაიზიარებს, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ წინასასამართლო სხდომის დროს მოსამართლემ საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად გამოარკვია, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში ბრალდებული ან რა მოცულობით ცნობს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად მოსამართლემ განიხილა მხარეთა შუამდგომლობები მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ. ამ დროს ბრალდებულს განემარტა მტკიცებულებათა უდავოდ ცნობის შედეგები, მათ შორის უდავოდ ცნობილი მტკიცებულებ(ებ)ის გამოკვლევის გარეშე საქმეზე მიღების და საქმის არსებითი განხილვის გარეშე გადაწყვეტილების მიღების შესახებ, რა დროსაც ბრალდებულს იცავდა ადვოკატი. საქართველოს სსსკ-ის 41-ე მუხლის თანახმად ბრალდებული და ადვოკატი თავიანთ ურთიერთობებს აწესრიგებენ შეთანხმების საფუძველზე. ეს ურთიერთობა საქართველოს სსსკ-ის 43-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კონფიდენციალური და თავისუფალია. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ სასამართლოში საქმის წარმოების დროს დაცვის ხაზი არის უწყვეტი. ბრალდებულმა შეიძლება, უარი თქვას დაცვაზე და თვითონ დაიცვას თავი (თუ სავალდებულო დაცვის შემთხვევა არ არის სახეზე), ან რამდენჯერმე შეცვალოს ადვოკატი პროცესის მიმდინარეობისას. ყოველი ახალი შეცვლილი ადვოკატის მიერ გაჟღერებული არგუმენტი, რომ უკვე შეცვლილმა ადვოკატმა ,,კარგად ვერ იმუშავა“ და მიიღო ბრალდებულისთვის საზიანო გადაწყვეტილება, რაც, დაცვის აზრით, ერთ-ერთი არგუმენტია განაჩენის გაუქმებისთვის, პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსსკ-ის 72-ე, 259-ე მუხლების და ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნის დარღვევას ადგილი არ დაუყენებია. საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლი ეხება დაუშვებელ მტკიცებულებებს. როგორც აღინიშნა, დაცვის მხარეს არ დაუყენებია შუამდგომლობა მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ. დაცვის მხარემ ისინი ცნო უდავოდ და სასამართლომ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა საფუძველზე მიიჩნია, რომ საქმეში იყო გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა შეფასების საფუძველზე დაადგინა, რომ გ----------–-–---–ის მიერ ჩადენილი იქნა ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებილი ქმედება, რაც ასევე გამორიცხავს მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევით განაჩენის გამოტანას.

 

პალატა აქვე განმარტავს, რომ ვინაიდან გ----------–-–---–ისთვის ბრალად შერაცხული ქმედებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას, სახეზე იყო სავალდებულო დაცვის შემთხვევა და გ----------–-–---–ი გამოძიების დაწყების ეტაპიდან სამართალწარმოების ყველა მომენტში უზრუნველყოფილი იყო ადვოკატით და იგი არ დარჩენილა რაელური დაცვის გარეშე. მტკიცებულებების უდავოდ ცნობასთან დაკავშირებით კი პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის ბარიერის გადალახვისა, საქმის არსებითი განხილვის დროს მათი შეფასება ხდება რელევანტურობის, საკმარისობის, უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, სასამართლო აფასებს, რამდენადაა დაცული საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის მოთხოვნა, მტკიცებულებების მოპოვებისას ხომ არ ჰქონდა ადგილი კანონმდებლობის არსებით დარღვევას.

 

როგორც აღინიშნა, დაცვის მხარე თვლის, რომ ადგილი ჰქონდა ,,ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის დარღვევას, რომლის თანახმადაც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების საფუძველია ,,პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის დავალება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ“, რაც სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება. ამასთან, უგულებელყოფილია ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ოპერატიული დანაყოფების მიერ კონტროლირებადი მიწოდების ჩატარების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 2-----–-------------------ის მე-9 მუხლიც, რომლის თანახმადაც აუცილებელი იყო ხელმძღვანელის მიერ შესაბამისი დადგენილების გამოტანა ღონისძიებაში დეტექტივ-გამომძიებელ ა---------–-----------ას ჩართვის შესახებ. ეს დადგენილება კი დამტკიცებული უნდა ყოფილიყო მინისტრის მოადგილის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ. საქმეში არც აღნიშნული დადგენილება მოიპოვება. საქმეში დევს მხოლოდ თვით ა---------–-----------ას პატაკი აღნიშნულ ღონსიძიებაში ჩართვასთან დაკავშირებით. დაცვის პოზიციით, აღნიშნული დარღვევის გამო ა---------–-----------ა წარმოადგენდა არაუფლებამოსილ პირს და არ გააჩნდა ოპერატიულ-სამძძებრო ღონისძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება. ამიტომ მის მიერ ჩატარებული ამ მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები - ფარული აუდი-ვიდეო ჩანაწერები, ფოტოსურათები და ამოღებული ნარკოტიკული საშუალება წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებებს, ,,მოწამლული ხის დოქტრინით“ კი ასევე დაუშვებელი მტკიცებულებაა დარღვევით მოპოვებულ ნარკოტიკულ საშუალებაზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა გადაუდებლად, არამედ საქმის მითითებული მასალები დაერთო შუამდგომლობას, რომლითაც მოთხოვილი იქნა ნებართვა ამ მოქმედებების ჩატარებაზე. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული იქნა შესაბამისი განჩინება. ამდენად, გამოძიების მიერ შეკრებილი მასალები დაექვემდებარა სასამართლოს კონტროლს და მათი შემოწმებით დადასტურდა, რომ სახეზე იყო ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საფუძველი. მტკიცებულებები ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერების, ფოტოსურათების და ამოღებული ნივთმტკიცების სახით მოპოვებული იქნა სწორედ სასამართლოს განჩინების საფუძველზე.

 

პალატა აქვე აფასებს, რამდენად კანონის შესაბამისი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მითითებული განჩინების გამოტანა და მიიჩნევს, რომ სახეზე იყო საკმარისი საფუძველი შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ოპერატიუილ-სამძებრო საქმიანობის შსახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის და შს მინისტრის 2011 წლის 2-----–--------------ს მე-9 მუხლის შინაარსი, რომელზედაც უთითებს ადვოკატი, ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს იმას, რომ დეტექტივ-გამომძიებელს დამოუკიდებლად - ხელმძღვანელი პირის ნებართვისა და პროკურორის დავალების გარეშე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ჩართვის, მასში მონაწილეობის უფლებამოსილება არ გააჩნია. დადგენილების გამოტანით და წერილობითი დავალებით სწორედ ამგვარი ნებართვის არსებობა დასტურდება და გამოირიცხება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში დეტექტივ-გამომძიებლის თვითნებურად მონაწილეობის შესაძლობლობა. კანონის მითითებული მუხლის შინაარსით დადგენილია როგორც გამომძიებლის საპროცესო ხელმძღვანელის, ისე უწყებრივი ხელმძღვანელის კონტროლი და ამით უზრუნველყოფილია მაღალი სტანდარტი, როდესაც საკითხი ეხება ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში კონტროლირებადი მოწოდების განხორციელებით პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შეზღუდვას - მოცემულ შემთხვევაში კომუნიკაციის დაცულ სფეროში ჩარევას (საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის კონტროლი, ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა და ფოტოგადაღება). სწორედ ამიტომ, კანონის მითითებული მოთხოვნის დარღვევის შეფასებისთვის - იმის გადაწყვეტისთვის, რამდენად არსებითი იყო ეს დარღვევა, შეფასება უნდა მიეცეს, რამდენად ლეგიტიმური იყო დეტექტივ-გამოძიებელი ოპერატიულ სამძებრო მოქმედებების ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას, იგი მოქმედებდა თვითნებურად თუ უწყებრივი და საპროცესო ხელმძღვანელის კონტროლის ქვეშ. აღნიშნულზე ცალსახად მიუთითებს დეტექტივ-გამომძიებლის მიმართვის წერილი საქართველოს მთავარი პროკურატურის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის სახელზე (ტომი 1.ს.ფ.89), რომლითაც ხდება პროკურორის დამატებითი ინფორმირება უკვე წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე კონტროლირებადი მიწოდების ღონისძიების დაგეგმვის შესახებ 2018 წლის 04 აპრილს; იგივე საკითს ეხება 2018 წლის 27 მარტის მიმართვის წერილიც (ტომი 1, ს.ფ.16), რომლითაც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარ სამმართველოს უფროსი თანხმობას აცხადებს კონტროლირებადი მიწოდების განხორციელებაზე; შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსი 2018 წლის 10 აპრილის პატაკით შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ეცნობა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელებული კონტროლირებად მიწოდებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს განყოფილების თანამშრომლების ჩართვის შესახებ; (ტომი 1. ს.ფ.148). დეტექტივ-გამომძიებელი თავისი პატაკით კი (ტომი 1. ს.ფ.149) თანხმობას აცხადებს აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობაზე. ამაზე მეტყველებს, ასევე, პროკურორის 2018 წლის 12 აპრილის დადგენილება დეტექტივ-გამომძიებლის ა---------–-----------ას მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ დავალების შეწყვეტის შესახებ. ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლში მითითებულია, რომ ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების განხორციელების ერთ-ერთი საფუძველია პროკურორის დავალება. ზემოთ მოყვანილი მიმართვის წერილით უტყუარად დასტურდება, რომ ღონისძიება სწორედ პროკურორთან შეთანხმებით და მისი მითითებების შესაბამისად ხორციელდებოდა. ამასვე ადასტურებს ის გარემოება, რომ სწორედ პროკურორმა მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის შესახებ. ის გარემოება, რომ საქმეში არ დევს პროკურორის წერილობითი დავალება ან გამომძიებლის უწყებრივი ხელმძღვანელის დადგენილება მისი ღონისძიებაში ჩართვის შესახებ, არ მიუთითებს იმაზე, რომ პროკურორს არ გაუცია კონტროლირებადი მიწოდების განხორციელების დავალება ან უწყებრივ ხელმძღვანელს არ მიუღია გადაწყვეტილება გამომძიებლის დაგეგმილ ღონისძიებაში ჩართვის შესახებ. ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე სასამართლოს კონტროლი ხორციელდება ამ კანონთა და საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესებით, რომელთა მოთხოვნები სრულყოფილად იქნა გათვალისწინებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პროკურორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების დროს. აღნიშნულის გათვალისწინებით დაცვის მხარის მიერ მითითებული დარღვევა - შს მინისტრის მოადგილის ან ხელმძღვანელი პირის დადგენილების და პროკურორის წერილობითი დავალების არარსებობა დეტექტივ-გამომძიებლის ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებაში ჩართვის შესახებ არ უნდა იქნას მიჩნეული არსებით დარღვევად, რომელიც გამოიწვევდა ამ მოქმედებების საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას და რომლებზედაც მითითებულია საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლში.

 

პალატა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების უერთიერთშეჯერების შედეგად ობიექტური პირისთვის დამაჯერებლობის თვალსაზრისით ადგენს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების არსებობა - არარსებობის საკითხს, რა დროსაც მტკიცებულებების გაანალიზებით ახდენს კონკრეტული გარემოების უტყუარად მიჩნევის საფუძვლებს, რის შემდეგაც ახორციელებს უტყუარ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივ შეფასებს.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით ირკვევა, რომ 2018 წლის 27 მარტს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვენლოვან საქმეთა სამმართველოს ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ბა------------------ს მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დაიწყო გამოძიება ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე. საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრიდან №7----- და №7------- მომართვის წერილებისა და თანდართული მასალების, სასამართლოს მიერ პროკურორის შუამდგომლობების საფუძველზე გაცემული სხვადასხვა ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ განჩინებების, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ამსახველი აუდიო-ვიდეო მასალის, ფოტოილუსტრაციის, ნივთმტკიცების ამოღების, დათვალიერების ოქმების, ქიმიური ექსპერტიზის №7----------------------------- დასკვნების, ნარკოლოგიური ექსპერტიზის №7----- დასკვნის, გ----------–-–---–ის პირადი და ბინის ჩხრეკის ოქმების, გ----------–-–---–ის დაკავების და ბრალდებულის სახით დაკითხვის ოქმების, მოწმის სახით შო-------------ის დაკითხვის ოქმის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ----------–-–---–მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა.

 

პალატა განმარტავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1.თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2.თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა. მისი ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების თანახმად საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლო არ შეიძლება დუმდეს, ხშირად დამოკიდებულია მხარეთა მოქმედებებზე. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეების მიერ წარდგენილ ყველა არგუმენტს შეეხოს (განსაკუთრებით, თუ საქმე ეხება მხარის მიერ წარდგენილ ვრცელ სამართლებრივ არგუმენტაციას), ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია, რომ სასამართლომ საქმის განხილვის პროცესში წარდგენილი ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო არგუმენტები მიმოიხილოს და გამოთქვას თავისი მოსაზრება.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატის მიერ დეტალურად მოხდა სააპელაციო საჩივარში გაცხადებული არგუმენტების შეფასება, განისაზღვრა ჩვენებებში გადმოცემული ინფორმაციის სანდოობა და დამაჯერებლობა წერილობით თუ ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. შეფასება ცხადყოფს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს აწვდიან კონკრეტული/კატეგორიული ხასიათის მქონე ინფორმაციას, რომლებიც ურთიერთშეთანხმებულობის და დამაჯერებლობის მაღალი ხარისხით ადასტურებენ მსჯავრდებულისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულისათვის დამახასიათებელი თითოეული ნიშნის არსებობას. შესაბამისად, ნათელია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

მითითებული გარემოებების შეფასების შემდეგ პალატა ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებზე, რა დროსაც სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). მიუთითებს რა ევროსასამართლოს მიერ დადგენილ ამგვარ სტანდარტზე, პალატა არ თვლის საჭიროდ, იმსჯელოს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ სხვა მრავალ არგუმენტთან დაკავშირებით (მითითებები ჩხრეკის ოქმის ხარვეზებით შევსებაზე, საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-10 ნაწილის მოთხოვნის დარღვევაზე, საგამოძიებო მოქმედების ღამით ჩატარებაზე, დაკავებულის იზოლატორში მიყვანის ზუსტი დროის გარკვევის შეუძლებლობაზე, საინფორმაციო- ტექნოლოგიური ექსპერტიზის ჩაუტარებლობაზე და ა.შ) ვინაიდან, როგორც აღინიშნა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად და დაცვის ზემოთ მოყვანილ არგუმენტებში მითითებული შესაძლო ხარვეზები მათი არაარსებითი ხასიათისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით ვერ გამორიცხავენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

 

პალატამ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და გ----------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ----------–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

პალატა განმარტავს, რომ გ----------–-–---–ის ქმედება შეიცავს მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის არგუმენტები მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ უტყუარ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც მათ პალატა ვერ გაიზიარებს.

 

რაც შეეხება ბრალდების მხარის - აპელანტის მითითებას იმასთან მიმართებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის დამამძიმებელი გარემოება - ამოღებული ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობა, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლში კანონმდებლის მიერ განსაზღვრულია სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, რომლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ უნდა იქნას მიღებული“.

 

განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან მსჯავრდებულ გ----------–-–---–ის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა- შენახვა წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშანს (დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას/ნიშანს), აღნიშნული გარემოება მსჯავრდებულ გ----------–-–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას როგორც პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება, მხედველობაში არ მიიღება, ხოლო სხვა გარემოებები - მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთშეჯერების ფორმით იქნა შეფასებული/გაანალიზებული, არ იძლევა მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის გაზრდის აუცილებლობის საფუძველს. კანონმდებელი უფრო მკაცრი სასჯელის სახის გამოყენების აუცილებლობას ხსნის მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მოთხოვნა მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმების შესახებ დაუსაბუთებელია, რის გამოც საპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტს პალატა ვერ გაიზიარებს.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულების მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება (არ არის ნასამართლევი) და განუსაზღვრა შესაბამისი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს. პალატა თვლის, რომ მოცემული სასჯელის სახე და ზომა ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია და წარმოადგენს ოპტიმალურ ღონისძიებას სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 ოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ----------–-–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რასაც პალატა ეთანხმება. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ----------–-–---–ის და მისი ინტერსების დაცველი ადვოკატის ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის გ------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ----------–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

გ----------–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტთ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ გ----------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

გ----------–-–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 აპრილიდან;

 

გ----------–-–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

 

ნივთმტკიცება:

 

- პასპორტი, პირადობის მოწმობა, პირადი ნივთები, მობილური ტელეფონი და მასში არსებული სიმბარათები, ქანდაკებები და ქანდაკებების ნაწილები, ერთი ცალი კომპიუტერი, ერთი ცალი ნოუთბუქი, ერთი ცალი მეხსიერების ბარათი და ერთი ცალი სიმბარათი, რომლებიც ინახება ქ. თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამემტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს

 

-ნარკოტიკული საშუალება და მისი ნიმუშები, მუყაოს ყუთი, ამანათის პაკეტი, ერთი ცალი ხის ჩიბუხი, მუყაოს ქაღალდში მოთავსებული მცენარის თესლები, რკინის ცილინდრის ფორმის ნივთი, დისკო, გამოსახულების ნიმუში, ხმის ნიმუში, ხელის ანაწმენდის ნიმუშები და ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

-სატელეფონო კომუნიკაციის - ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ამსახველი კომპიუტერული დისკი, ,,ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერის და ფოტოგადაღების“ ამსხველი კომპიუტერული დისკი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების ამსახველი ფოტოილუსტრაცია კომპიუტერულ დისკზე, ხელწერის და ხელნაწერის ნიმუშები, შპს ,,ჯო----------------ის“ სათაო ოფისიდან ამოღებული ხელმოწერილი გზავნილის მიღების ბარათი და მსჯავრდებულის მიერ თაბახის ფურცელზე ხელით დაწერილი გზავნილის კოდი დაერთოს საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის სამქის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ.ლომიძე

 

მოსამართლეები: ნ.ბარბაქაძე

 

მ.თეთრაული