განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002032627
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3ბ/2691-18 13 მარტი 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე- ნინო ქადაგიძე
მოსამართლეები - გელა ბადრიაშვილი
მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტები:
1) კ----- ჰ---------ი;
წარმომადგენელი: ს----------------ი;
2) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
წარმომადგენელი: თ----------–----ე;
3) სსიპ შემოსავლების სამსახური;
წარმომადგენელი: ლ-–--------–---–ი;
თავდაპირველი მოპასუხე: სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;
მესამე პირი - ე------ ღ---------ი;
წარმომადგენელი: ს----------------ი;
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება;
პირველი აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
მეორე და მესამე აპელანტების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით კ----- ჰ---------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 8 თებერვლის N E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენების ნაწილში, შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის N8--- ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენების ნაწილში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება N1--------- საჩივარზე, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენების თაობაზე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის 2017 წლის 8 აგვისტოს N4--- ბრძანება ავტომანქანის (MERCEDES-BENZ SPRINTER საიდენტიფიკაციო კოდი:W----------------) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ; სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომელმა 2017 წლის 8 თებერვალს კ----- ჰ---------ის მიმართ შეადგინა N E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც მითითებულია, რომ 2017 წლის 8 თებერვალს, ს-------ის რესპუბლიკის მხრიდან ს.გ.პ. ს------–ოში შემოვიდა მიკროავტობუსი, სომხური სახელმწიფო ნომრით 3------, რომელსაც მართავდა ს-------ის მოქალაქე კ----- ჰ---------ი (K---- H-------- პასპ.ნომ A--------). ბარგისა და ავტომანქანის დეტალური დათვალიერებისას მის კუთვნილ ჩანთებში, ასევე ავტომანქანის სალონის სხვადასხვა ნაწილში აღამოჩნდა არადეკლარირებული სიგარეტი ARARAT - 50 კოლოფი, სიგარეტი AKHTAMAR - 40 კოლოფი, სიგარეტი BLACK TIP- 30 კოლოფი, სიგარეტი VIP-10 კოლოფი, სიგარეტი WINSTON-XS - 10 კოლოფი, სიგარეტი GT-10 კოლოფი, სულ 150კოლოფი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მას სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, საქონლის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.
კ----- ჰ---------ს ჩამოერთვა სიგარეტი 150 კოლოფი და მიკროავტობუსი (MERCEDES- BENZ SPRINTER საიდენტიფიკაციო კოდი:W----------------), რაზედაც 2017 წლის 8 თებერვალს შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი N6----------.
კ----- ჰ---------მა 2017 წლის 15 თებერვალს რუსულ ენაზე შედგენილი განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 8 თებერვლის NE------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით ჩამორთმეული ავტომანქანის დაბრუნება.
2017 წლის 23 თებერვალს მან საჩივარზე დამატებით წარადგინა განცხადება, რომელშიც განმარტა, რომ ყველაფერი გადაიხადა, ჯარიმის სახით რაც გამოუწერეს და ითხოვდა მისი მანქანის დაბრუნებას.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის N8--- ბრძანებით კ----- ჰ---------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
კ----- ჰ---------მა N1--------- საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 8 თებერვლის NE------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის N8--- ბრძანების ბათილად ცნობა. საჩივრით სადავო აქტები გასაჩივრდა სრულად. საჩივრის ავტორის განმარტებით, ადგილი არ ჰქონია საქონლის მალულად გადატანას, მას ავტომანქანა სამალავად არ ჰქონია გამოყენებული და არც ჰქონია მისი დამალვის განზრახვა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით კ----- ჰ---------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების მიხედვით, დავის საგანს წარმოადგენდა ჯარიმის შეფარდება, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.
გადაწყვეტილებაში ასახულია დავების განხილვის საბჭოს დასაბუთება, რომლის მიხედვითაც, არსებობს მნიშვნელოვანი ალბათობა იმისა, რომ ავტომობილი მომავალშიც იქნეს გამოყენებული არადეკლარირებული საქონლის მალულად გადასატანად. ამასთან, ჩადენილი სამართალდარღვევა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ, აღნიშნული სამართალდარღვევის მასშტაბმა მიაღწია არასასურველ ზღვარს, მიიღო საშიში ტენდენციის სახე და მისი აღკვეთის მიზნით კანონით დადგენილი უმკაცრესი ზომის გამოყენებაც საბჭომ მართლზომიერად მიიჩნია.
სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 8 აგვისტოს #4--- ბრძანებით სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ავტომანქანა MERCEDES-BENZ SPRINTER საიდენტიფიკაციო კოდი:W----------------, ღირებულებით 23 000 ლარი; ქონების მიღების, აღრიცხვისა და შენახვის სამსახურს დაევალა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამ ბრძანების საფუძველზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება. 2017 წლის 10 აგვისტოს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ საქმეში წარმოდგენილია ადმინისტრაციული წარმოების მასალა, სადაც სხვა დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილია სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე ჩამორთმეული ავტომანქანის ტექნიკური პასპორტის ასლი, სადაც მესაკუთრედ ფიქსირდება ე------ ღ---------ი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ავტომანქანის ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენების ნაწილში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ადგილზე განიხილავს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე უფარდებს საგადასახადო სანქციას. ამ შემთხვევაში პირს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საგადასახადო მოთხოვნად.
ამავე კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით. 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 08 თებერვლის NE------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის N8--- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი წარმოადგენს საგადასახადო მოთხოვნას და განიხილება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, თუმცა, იგი იმავდროულად საგადასახადო სამართალდარღვევის დადგენისა და დამრღვევისთვის სანქციის შეფარდების ახდენს, რის გამოც მისი კანონიერების შეფასების მიზნით უნდა შემოწმდეს ასევე სამართალდარღვევის დადგენისა და სახდელის დაკისრების ზოგად პრინციპებთან შესაბამისობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სახდელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება ის ზოგადი საწყისები, რომლებიც განაპირობებს სამართლიანი სახდელის დაკისრებას, პირის დასჯას მის მიერ ჩადენილი ქმედების თანაზომიერად. მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, რაც სანქციის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გატარების აუცილებელი პირობათაგანია (სუს 11/04/2012 Nბს-1655-1627(კ-11) გადაწყვეტილება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომელმა კ----- ჰ---------ის მიმართ შეადგინა N E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად შემოტანის გამო. მას საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის საფუძველზე შეეფარდა საგადასახადო სანქცია: ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, საქონლის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.
ამავე კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად (საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დროს მოქმედი რედაქცია), იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენა დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. მოსარჩელის მიერ იმპორტირებული საქონლის ოდენობა აჭარბებდა კანონით დადგენილ ფარგლებს. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ მას საქონლის დამალვის განზრახვა არ ამოძრავებდა და არც სპეციალურად სამალავი ჰქონდა მოწყობილი სატრანსპორტო საშუალებაში, რაც გამორიცხავს მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენას. სასამართლომ მიიჩნია, რომ დასახელებული მუხლით ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს კონტროლის გვერდის ავლით გადაადგილების განზრახვა. მოსარჩელემ უფლებამოსილ თანამშრომელს განუცხადა, რომ დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი არ გააჩნდა. რა საშუალებით გადაჰქონდა მას არადეკლარირებული საქონელი, ეს გარემოება ამ შემთხვევაში ვერ იქნება გადამწყვეტი.
მოსარჩელე დამატებით აღნიშნავს, რომ იგი ერთი და იმავე სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე დაჯარიმდა ორჯერ, რადგან მის მიმართ შედგენილი იქნა როგორც საგადასახადო, ისე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ერთი და იმავე საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს არ შეიძლება დაეკისროს სხვადასხვა პასუხისმგებლობა ან განმეორებით დაეკისროს პასუხისმგებლობა.
სასამართლომ განმარტა, რომ ერთი და იმავე სამართალდარღვევისათვის ჩადენის ფაქტზე პირისათვის პასუხისმგებლობის რამდენჯერმე დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს და არღვევს პირის კანონით გარანტირებულ უფლებებს. ამასთან, აღნიშნული პრინციპი ვლინდება მაშინ, როდესაც პირი ჩადის გადაცდომის ერთ ფაქტს, რაზეც ნაცვლად კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომის ერთხელ გამოყენებისა, ხდება სანქციის რამდენჯერმე დაკისრება ან სხვადასხვა პასუხისმგებლობის გამოყენება, რაც არ უნდა იქნას გაგებული როგორც ერთსა და იმავე დროს გამოვლენილი, მაგრამ სხვადასხვა შემადგენლობის მქონე სამართალდარღვევათა დამოუკიდებლად განხილვისა და შესაბამისი სანქციის გამოყენების ან კანონის შესაბამისად კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის რამდენიმე ზომის გამოყენების დაუშვებლობა. კონკრეტულ შემთხვევაში, მართალია, ერთი და იმავე ორგანოს მიერ ერთსა და იმავე დროს გამოვლენილ ფაქტებზე მოხდა ორი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, თუმცა, განსხვავებულია ქმედების ფაქტობრივი შემადგენლობა, ამიტომაც მათ განსხვავებული სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცა. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 2000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ამრიგად, აღნიშნული მუხლით პასუხისმგებლობის დაკისრება უკავშირდება აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებას, შენახვას, რეალიზაციასა ან გადაზიდვას, შესაბამისად, დაკონკრეტებულია სამართალდარღვევის ობიექტი და მიზანს წარმოადგენს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის კონტროლის შესაძლებლობა, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია გამოიყენება საქართველოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის გადატანასა ან გადმოტანისათვის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად. საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით კი პირს გააჩნია საქონლის დეკლარირების ვალდებულება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე და 218-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის #290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციით დადგენილი წესით. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის მოცემული ნორმის მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედების განხორციელება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად და ემსახურება საბაჟო ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ორჯერ დაჯარიმება ერთი და იმავე სამართალდარღვევისათვის არ მომხდარა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენების ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის გრამატიკული განმარტებიდან გამომდინარე, მისი შინაარსი გულისხმობს, რომ პირის მიერ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქონლის შემოტანის შემთხვევის გამოვლენისას სამართალდამრღვევს შეიძლება შეეფარდოს სამი სახის სანქციათაგან ერთ- ერთი, ორი ან - სამივე ერთდროულად. სასამართლომ განმარტა, რომ კანონით გათვალისწინებული სამივე სანქციის გამოყენება გულისხმობს გამოვლენილი სამართალდარღვევისათვის ყველაზე უფრო მკაცრი ზომის გამოყენებას. ,,ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, უკეთუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (სუს 11/04/2012 Nბს-1655-1627(კ-11) გადაწყვეტილება).
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა როგორც ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, ისე - სასამართლო განხილვის ფარგლებში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების დასაბუთების მიზნით მიუთითეს მათ მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაზე, რაც უფლებას ანიჭებდა მათ, თავისუფლად შეერჩიათ რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტილებიდან ერთ- ერთი.
სასამართლომ მიუთითა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ცნება, მისი გამოყენების ფარგლები და წესი მოწესრიგებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, რომლის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ხოლო ამავე კოდექსის მე-6-7 მუხლების თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებასთან გვაქვს საქმე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები, იმდენად, რამდენადაც ორ ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივ შედეგს ადგენს და აძლევს ორგანოს შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულმა უფლებამოსილებამ შეიძლება მოიცვას ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესაძლებლობა - კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს თუ არა რაიმე ღონისძიება ან მისაღები ღონისძიებებიდან რომელი გამოიყენოს. თუმცა, როდესაც საკითხი ეხება ადმინისტრაციული გადაცდომისთვის პასუხისმგებლობის დამდგენ სამართლებრივ ნორმებს, მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში დაწესებულია რამდენიმე ალტერნატიული სანქცია, მათ შორის - რამდენიმე სანქციის კუმულატიურად გამოყენების შესაძლებლობა, ამგვარი ალტერნატივის დაწესება გამოწვეულია ჩადენილი სამართალდარღვევის სიმძიმის, ასევე - კონკრეტული საქმის ობიექტური თუ სუბიექტური მახასიათებლების მრავალფეროვნებით. სახდელის სახეები ერთმანეთისგან განსხვავდება სიმძიმის მიხედვით და შეუძლებელია, კანონმდებელი აწესებდეს სხვადასხვა სიმძიმის სახდელთაგან ერთ-ერთის თვითნებურად შერჩევის შესაძლებლობას. ამდენად, რამდენიმე სახდელის ალტერნატივის დაწესებით კანონი მათი შერჩევის თავისუფლებას კი არ ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს, არამედ - სახდელის შერჩევა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ჩადენილი ქმედების სიმძიმის და სხვა ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების ადეკვატურად. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას, იგი უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ მინიმალურ სტანდარტს, ხოლო კანონით შეთავაზებული არჩევანის გამოყენების მიზანშეწონილობას სასამართლო ვერ შეაფასებს. სახდელის შეფარდებისას კი ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდულია სახდელის შეფარდებისათვის დადგენილი ზოგადი პრინციპებით. პასუხისმგებლობის ზომის შერჩევა სწორედ კანონიერების მკაცრი დაცვის ფარგლებში უნდა განხორციელდეს და საქმის გარემოებათა მიხედვით ყოველთვის არის შესაძლებელი შერჩეული სანქციის შესაბამისობის შემოწმება.
საგადასახადო სანქციის ცნებას განმარტავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლიც მიხედვითაც, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოთვლის საგადასახადო სანქციის სხვადასხვა სახეებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სიმძიმის მიხედვით. ეს მუხლი აწესებს ასევე საგადასახადო სანქციის დაკისრების ზოგად პრინციპებს, როგორიცაა ერთი და იმავე ქმედებისთვის ორჯერ დასჯის აკრძალვა, სახდელთა შეკრების პრინციპი, ასევე აწესრიგებს სხვა საკითხებს. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა არ შეიცავს პირდაპირ რეგულირებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მონაცემები უნდა მიიღოს მხედველობაში სახდელის შემფარდებელმა ორგანომ სახდელის შერჩევისას, თუმცა, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული საყოველთაო თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმები უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ სხვადასხვა სიმძიმის სახდელების დაწესება, სულ მცირე, არ უნდა იწვევდეს ერთსა და იმავე პირობებში უთანასწორო მოპყრობას. შესაბამისად, სახდელის შეფარდებისას, სამართალდარღვევის ბუნებიდან გამომდინარე, გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი მახასიათებლები, როგორიცაა: ჩადენილი ქმედების ხასიათი, სიმძიმე და ქმედების სხვა ობიექტური ფაქტორები, დამრღვევის პიროვნება, ბრალის ხარისხი და სხვა სუბიექტური მახასიათებლები. სწორედ ამ მონაცემების მიხედვით ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს სანქციის კონკრეტული სახე.
სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო სანქციის სახე დაკავშირებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, შესაბამისად, სანქციის ამ სახის გამოყენება სხვა სახის სახდელთან ერთად, რომელიც თავის მხრივ, ასევე საკუთრების უფლების ჩამორთმევას გულისხმობს, დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დარღვევების შემთხვევაში და მის გასამართლებლად არ არის საკმარისი მოპასუხეთა არგუმენტი მასშტაბურად გავრცელებული სამართალდარღვევის აღკვეთის მიზანთან დაკავშირებით. სამართალდარღვევის ჩადენის ინდივიდუალური თუ ზოგადი პრევენცია, თავისთავად, წარმოადგენს სანქციის ერთ-ერთ მიზანს, განსაკუთრებით კი - ისეთი სახის სამართალდარღვევის, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, თუმცა, ყოველი კონკრეტული შემთხვევა საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას და დაუშვებელია, ერთი სახის სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა მიმართ განურჩევლად ერთგვაროვანი მიდგომა. გასათვალისწინებელია საქონლის ოდენობა, მისი შემდგომი რეალიზაციით გამოწვეული სავარაუდო ზიანის მოცულობა, დამრღვევის პიროვნება, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის შესაძლო გავლენა მის ქონებრივ მდგომარეობაზე და სხვა ფაქტორები, მათ შორის - მესამე პირების, კერძოდ - მიკროავტობუსის მგზავრთა ინტერესი, რომელთაც წაერთვათ ტრანსპორტით შეუფერხებლად მგზავრობის შესაძლებლობა და დარჩნენ გადაადგილების საშუალების გარეშე (სარჩელში მითითებულ ამ გარემოებაზე მოპასუხეებს რაიმე საწინააღმდეგო არგუმენტი არ წარმოუდგენიათ). მოცემულ შემთხვევაში კი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ორგანოებმა არ მიიღეს მხედველობაში ამგვარი ინდივიდუალური გარემოებები.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ კ----- ჰ---------ის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 მუხლით გათვალისწინებული სანქციის სამივე სახის გამოყენება, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, წარმოადგენს ზედმეტად მკაცრ ღონისძიებას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი სანქციის - 1000 ლარის ოდენობით ჯარიმის და ქონების ჩამორთმევის გამოყენება სრულად უზრუნველჰყოფს სანქციის მიზნების მიღწევას და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა შეუსაბამოდ ამძიმებს სანქციას.
გარდა ზემოაღნიშნული მსჯელობისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ავტომანქანის ჩამორთმევის სახით სანქციის გამოყენება მოცემულ შემთხვევაში უპირობოდ უკანონოა იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალება იყო არა სამართალდამრღვევის, არამედ - მესამე პირის საკუთრება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილი სანქციის ერთ-ერთ სახედ ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმა არ აკონკრეტებს, მხოლოდ სამართალდამრღვევის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა იგულისხმება თუ მის კანონიერ მფლობელობაში არსებული სხვისი კუთვნილი ავტომანქანაც. ეს ნორმა არ აკონკრეტებს ასევე, რომ ავტომანქანა უნდა წარმოადგენდეს სამართალდარღვევის ჩადენის იარაღად გამოყენებულ ნივთს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნორმის შეფარდებისას აუცილებელია მისი შინაარსის განმარტება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
იმ შემთხვევაში, როდესაც საგადასახადო კოდექსის ნორმა გარკვეულ ბუნდოვანებას შეიცავს, როდესაც საკითხი სრულად და ამომწურავად არ არის მოწესრიგებული, ნორმის შეფარდებისათვის აუცილებელია მისი შინაარსის დადგენა - ნორმის განმარტება. ნორმის შინაარსის განმარტება კი უნდა განხორციელდეს კანონის ზოგადი პრინციპების საფუძველზე, უპირველეს ყოვლისა - საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სტანდარტების გათვალისწინებით. როდესაც ნორმის ფორმულირება იძლევა მისი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, მისი შინაარსის დადგენა და გამოყენება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ სრულ შესაბამისობაში იყოს საქართველოს კონსტიტუციის დანაწესებთან.
მოცემულ შემთხვევაში ნორმის შინაარსის განმარტების მიზნებისთვის, სასამართლომ უნდა შეაფასოს, მოიცავს თუ არა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შინაარსი სხვა პირის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევასაც. ვინაიდან სანქცია გულისხმობს საკუთრების უფლების ჩამორთმევას, საკანონმდებლო ნორმა უნდა განიმარტოს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შინაარსის ფარგლებში.
საკუთრების ჩამორთმევის, როგორც დარღვევისთვის სანქციის გამოყენების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2007 წლის 2 ივლისის #1/2/384 გადაწყვეტილებით (სარჩელზე - საქართველოს მოქალაქეები: დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). სასამართლომ შეაფასა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის (იმ დროისათვის მოქმედი რედაქცია) იმ დებულების კონსტიტუციურობა, რომლითაც დასაშვებია სასჯელის სახით მსჯავრდებულის კანონიერ მფლობელობაში (სხვის საკუთრებაში) არსებული ქონების ჩამორთმევის გამოყენება.
გადაწყვეტილებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ პასუხისმგებლობის ზომის სახით ქონების ჩამორთმევის დაწესება დემოკრატიული ქვეყნების კონსტიტუციებით დასაშვებ, დემოკრატიული პრინციპების შესაბამის შესაბამის ინსტიტუტად არის მიჩნეული. თუმცა, სასამართლომ კონსტიტუციასთან შესაბამისობის ჭრილში შეაფასა საკანონმდებლო ნორმის ფორმულირება, ნორმის შეფარდებისას გამოყენების ფარგლები და სხვა კრიტერიუმები. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „მართალია, პასუხისმგებლობის ზომის სახით ქონების ჩამორთმევა, თავისთავად, კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, მაგრამ ეს გარემოება არ ათავისუფლებს სახელმწიფოს ვალდებულებისგან, მისი კონკრეტული შინაარსი ასევე მკაცრად მოაქციოს კონსტიტუციის ფარგლებში. ამასთან, ასეთი ვალდებულება არ ამოიწურება ამ ინსტიტუტის მხოლოდ საკუთრების უფლების მარეგულირებელ კონსტიტუციურ ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფით. კანონმდებელმა ქონების ჩამორთმევის შესაძლებლობის დაკანონებისას უნდა გაითვალისწინოს და დაიცვას ყველა იმ კონსტიტუციური უფლების თუ ძირითადი კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნები, რომელთა რეგულირების სფეროშიც ეს ინსტიტუტი მოექცევა“.
გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვა საჯარო ინტერესის განხორციელების მიზნით დასაშვებია მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას: „საკუთრებითი წესრიგის სფეროში კერძო და საჯარო ინტერესები კონსტიტუციამ იმგვარად დააბალანსა, რომ ინტერესთა კონფლიქტის ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია საჯარო ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭება და, უკიდურეს შემთხვევაში, მესაკუთრემ საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა ითმინოს. თუმცა ხაზგასასმელია, რომ კონსტიტუციამ ამ კონფლიქტის გადაწყვეტა კანონმდებელს კი არ მიანდო, არამედ თავად გადაწყვიტა 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, რომელთა თანახმად, საკუთრებაში სახელმწიფოს ჩარევა შეზღუდვის ან ჩამორთმევის სახით შეიძლება მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას“.
საკონსტიტუციო სასამართლო ხაზს უსვამს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების განსაზღვრას კანონმდებლის მიერ, ამასთან, აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო განსაზღვრება უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული. „საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების კონკრეტული რეგლამენტაციის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ კანონმდებელს. სწორედ მისი გადასაწყვეტია, თუ რა ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ის შესაბამის დასკვნებს აკეთებს ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებებისა და მიზნების საფუძველზე.“ „...კანონდებლის ნება ამა თუ იმ გარემოების «აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად» მიჩნევის შესახებ, საკმარისად მკაფიო უნდა იყოს, რათა გამოირიცხოს სამართალშემფარდებლის მიერ მისი არასწორი ინტერპრეტაცია და თვითნებობის ალბათობა, რისი კანონზომიერი შედეგიც იქნება უფლების დარღვევა.“
საკონსტიტუციო სასამართლომ სხვა პირის საკუთრებაში არსებული ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით განმარტა, რომ „ეჭვმიტანილის ბრალდებულის, მსჯავრდებულის კანონიერ მფლობელობაში არსებული დანაშაულის საგანი, იარაღი და დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი წარმოადგენს იმ ქონებას, რომელზეც ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული სფერო. თუმცა ეს არ გამორიცხავს ასეთი საკუთრებით სარგებლობისთვის გარკვეული ფარგლების დადგენას, ანუ სახელმწიფოს მიერ შეზღუდვების დაწესებას, რაც ასევე კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით შეფასებას ექვემდებარება“. სადავო ნორმის კონსტიტუციურობა შეაფასა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, როგორც ფორმალურ-იურიდიული, ისე მატერიალური კრიტერიუმებით და ჩათვალა, რომ ფორმალური მოთხოვნები დაცული იყო. კერძოდ, ეჭვმიტანილის, ბრალდებულის და მსჯავრდებულის კანონიერ მფლობელობაში არსებული დანაშაულის საგნის, იარაღის და დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა, ასეთი ჩამორთმევის მიზანი, საჯარო ინტერესი და ჩამორთმევის წესი დადგენილია კანონით (სადავო ნორმით). შესაბამისად, ჩათვალა, რომ ფორმალური ნიშნებით სადავო ნორმა 21-ე მუხლის მე-2 პუნქტს შეესაბამება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილი არ შეიცავს რაიმე ფორმალურ დანაწესს კანონიერ მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევასთან დაკავშირებით. კანონი არ აკონკრეტებს, იგულისხმება თუ არა სხვა პირის კუთვნილი ქონება ნორმის შინაარსში. არ შეიცავს დანაწესს ჩამორთმევის შესაძლებლობაზე მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ნორმის ფართო შინაარსით ინტერპრეტაცია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსთან შესაბამისობაში ვერ განხორციელდება, რადგან სახეზე არ არის საკუთრების უფლების შეზღუდვის ფორმალური საფუძველი - მკაფიოდ განსაზღვრული საკანონმდებლო ნორმა, რომელიც ასეთი შეზღუდვის ჩამორთმევის შესაძლებლობას, მიზანს და ჩამორთმევის წესს დაადგენდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის ლოგიკური განმარტებით, დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, მისი შინაარსი უნდა გულისხმობდეს სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის შესაძლებლობას ისეთ შემთხვევაში, როდესაც იგი გამოიყენება საქონლის გადაადგილებისთვის, სამართალდარღვევის იარაღად. თუმცა, ვინაიდან მესამე პირის საკუთრების უფლების შეზღუდვის ფორმალურ საფუძველს კანონი არ აწესებს, ნორმის ამგვარი შინაარსით განმარტება და გამოყენება ცალსახად წინააღმდეგობაში მოვიდოდა საქართველოს კონსტიტუციასთან.
საყურადღებოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი და სადავო ნორმა კონსტიტუციურად იქნა მიჩნეული, საქართველოს პარლამენტს ეთხოვა, ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის სრულყოფა. სამოტივაციო ნაწილში სასამართლომ აღნიშნული დაასაბუთა შემდეგნაირად: „სადავო ნორმის მიხედვით, დამატებითი სასჯელის გამოყენებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა «სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობის» არსებობა. ეს ზოგადი, ფართო ცნებაა, არ არსებობს მისი დეფინიცია, თუნდაც სადავო ნორმის მიზნებისთვის. მართალია, ის ყოველთვის მოიცავს სხვათა უფლებების დაცვის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებს, მაგრამ ეს ორი გარემოება ვერ ამოწურავს მის არსს. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, სხვადასხვა დანაშაულთან მიმართებით მან განსხვავებული შინაარსი შეიძლება შეიძინოს. ბუნებრივია, შეუძლებელია ამ ტერმინის ზუსტი განმარტების საკანონმდებლო რეგლამენტაცია, ანდა, თუნდაც იმ შემთხვევების ამომწურავად ჩამოთვლა, რომლებიც ასეთ გარემოებებად უნდა იქნეს მიჩნეული. მაგრამ იმავდროულად, უნდა გამოირიცხოს მისი სურვილისამებრ ან სუბიექტურად განმარტების ალბათობა, მართალია, ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გარანტიაა, რომ გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხზე იღებს სასამართლო, მაგრამ სასამართლოს ფუნქცია შემოიფარგლება იმით, რომ მან კონკრეტულ შემთხვევაში სწორად განსაზღვროს, არსებობს თუ არა კანონმდებლის მიერ ასეთად მიჩნეული სახელმწიფო ან საზოგადოებრივი აუცილებლობა, მისთვის გადამწყვეტია კანონმდებლის ნება, მას არ შეუძლია თავის ნება-სურვილით ან შეხედულებისამებრ განსაზღვროს ამ ცნების კონკრეტული შინაარსი. ზოგადად, მოთხოვნები კანონმდებლის მიმართ მით უფრო მკაცრია, რაც უფრო ინტენსიურია ჩარევა ადამიანის უფლებებში. კანონმდებელს აკისრია ვალდებულება, მოსამართლე უზრუნველყოს სახელმძღვანელო მიმართულებებით, რომლებიც განჭვრეტადს ხდიან მის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას, გარდაუვალობას, იმავდროულად, მოქალაქეს უქმნიან წარმოდგენას, თუ რა ზომები იქნება მის მიმართ გატარებული. იმისათვის, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება განჭვრეტადი იყოს, კანონმდებელს ეკისრება ვალდებულება, მაქსიმალურად გასაგებად დაადგინოს შესაბამისი განსაზღვრებები კანონში. საკანონმდებლო პროცესში გამოთქმული მოსაზრებები ან კრიმინალურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ზოგადი მიზნები, რომელთაც ეფუძნება კანონპროექტები და რომელთა რეგლამენტაციაც კანონში არ მომხდარა, ვერ გამოდგება მოსამართლის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების გამართლებისთვის. კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნა წარმოადგენს სამოქმედო ინსტრუქციას კანონმდებლისათვის, რომელიც სისხლისსამართლებრივ ნორმებს იღებს და ამავე დროს ის წარმოადგენს შემზღუდავ გარემოებას მოსამართლისათვის, რომელიც სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავს. კანონმდებელი ვალდებულია, მოსამართლეს მაქსიმალურად ნათლად დაუდგინოს ფარგლები, რომლებშიც მან უნდა იმოქმედოს. ამ მხრივ, სადავო ნორმა სრულყოფას საჭიროებს“.
ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაინახა ნორმის სრულყოფის, შეზღუდვის ფარგლების ნათლად დადგენის საჭიროება ისეთ პირობებშიც კი, როდესაც კანონით პირდაპირ იყო, რომ დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი. ამასთან, დადგენილი იყო საკუთრების უფლების ამგვარი შეზღუდვის გამოყენება მხოლოდ სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.
საკონსტიტუციო სასამართლოს ჩათვალა, რომ: „...თავისთავად, ასეთი ქონების ჩამორთმევა, მესაკუთრის ბრალეულობის გაუთვალისწინებლად, დასაშვებია და აუცილებელიც დასახელებული მიზნების მისაღწევად. ის ხელს უწყობს პრობლემის დროულად, მყისიერად და ეფექტურად გადაწყვეტას, გამიზნულია კონკრეტული დანაშაულის შემდგომი გართულებების (ახალი დანაშაულის ჩადენის, ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობის, ნორმალური სამოქალაქო ბრუნვისთვის ხელის შეშლის და სხვა) თავიდან აცილებისკენ. მოცემულ შემთხვევაში საჯარო მიზნები ძალზე მნიშვნელოვანია, ამიტომ მათი მიღწევა ამართლებს საკუთრებაში ჩარევის აუცილებლობას. ბუნებრივია, საკუთრების უფლებაში ასეთი სახით ჩარევის დასაშვებობა და აუცილებლობა, თავისთავად, არ ნიშნავს ჩარევის პროპორციულობას. თანაზომიერების შეფასებისას გადამწყვეტია მიზანსა და საშუალებას შორის პროპორციულობის საკითხის გარკვევა. ზუსტად ეს უზრუნველყოფს გონივრულ ბალანსს კერძო და საჯარო ინტერესებს შორის, როდესაც არც ერთი მათგანის დაცვა არ ხდება მეორის არაპროპორციულად შეზღუდვის ხარჯზე.“ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმას, რომ ქონების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. ამასთან, დაადგინა მთელი რიგი ვალდებულებები სასამართლოს მიერ ამ ნორმის გამოყენებისას, კერძოდ: „სასამართლომ ზედმიწევნით უნდა გამოიკვლიოს, რეალურად არსებობს თუ არა ზემოაღნიშნული პირობები. კონკრეტული გარემოებების შესწავლის შედეგად, მან უნდა გაარკვიოს, არის თუ არა რეალური საფრთხე სხვათა უფლებების დარღვევისა, ასევე, რომ გარდაუვალია ამ ქონებით ახალი დანაშაულის ჩადენა და სხვა. ამ დროს სასამართლომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოება: ასეთი ქონების არჩამორთმევით, რეალურად მიადგება თუ არა სახელმწიფოს, საზოგადოებას ან კონკრეტულ ადამიანებს ის ზიანი, რომლის თავიდან ასაცილებლად შემოღებულია ნორმა; ასევე ძალზე ზუსტად უნდა განჭვრიტოს, ქონების ჩამორთმევით მართლაც მიიღწევა თუ არა დასახელებული მიზნები. სასამართლომ უნდა შეისწავლოს საქმის ფაქტობრივი საფუძვლები და დაასაბუთოს ქონების ჩამორთმევის აუცილებლობასთან დაკავშირებით მისი სამართლებრივი პოზიცია. ის არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ფორმალური შემოწმებით, რაც, საბოლოოდ, ღიად დატოვებს საკითხს, არსებობს თუ არა ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში კანონიერი ჩარევის უფლებამოსილებას“.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის შემთხვევაში კი ნორმის შეფარდებას ახდენს არა სასამართლო, არამედ - საგადასახადო ორგანო. შესაბამისად, შეუძლებელია საკუთრების უფლების შეზღუდვისას თანაზომიერების შეფასება შესაბამისი საკანონმდებლო ფარგლების დადგენის გარეშე.
ცალსახაა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის შემთხვევაში საზოგადოებრივი აუცილებლობა უფრო მწვავეა, ვიდრე საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის შემფარდებელი ორგანოა სასამართლო. შესაბამისად, უფლების იმავე ხარისხით შეზღუდვისთვის უფრო ნაკლები სტანდარტი, ცხადია, ვერ იქნება გამოყენებული საგადასახადო სამართალდარღვევის მიმართ. საგადასახადო კოდექსის ნორმა არ შეიცავს შეზღუდვის ფორმალურ საფუძველს, მასში არ არის გაწერილი შეზღუდვის კრიტერიუმები. შეუძლებელია, უფრო მწვავე საზოგადოებრივი აუცილებლობის არსებობისას კანონმდებელი უფრო მკაცრ რეგლამენტაციას ადგენდეს, ვიდრე - საგადასახადო სამართალდარღვევის მიმართ. უდავოა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა არ შეიცავს მსგავს მკაფიო საკანონმდებლო განსაზღვრებებს მესამე პირის საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. იგი შეიცავს მხოლოდ ზოგად ჩანაწერს და სანქციის სახედ აწესებს სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას. ამ ჩანაწერში ისეთი შინაარსის ამოკითხვა, რომ ეს სანქცია მოიცავს დამრღვევის საკუთრების გარდა სხვა პირის საკუთრებაში არსებულ ქონებასაც, ცალსახა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებებთან.
სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია იმის დადგენა, რომ კანონმდებლის ნება ამ ნორმის მიღებისას მოიცავდა სხვა პირის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას, ვინაიდან მსგავსი ურთიერთობების მიმართ კანონმდებელი ვრცელ და მკაფიო განსაზღვრებას აყალიბებს, სადაც ნათლად ჩანს საკუთრების უფლების შეზღუდვის ფორმალური საფუძველი და შეზღუდვის ფარგლები. გარდა ზემოთ აღნიშნული სისხლისსამართლებრივი სანქციისა, საქართველოს კანონმდებლობით ქონების ჩამორთმევა სახდელის სახედ დადგენილია ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სახდელის ერთ-ერთ სახედ აწესებს სამართალდარღვევის ჩადენის იარაღად გამოყენებული ნივთის უსასყიდლოდ ჩამორთმევას (კონფისკაციას). ამ კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო (გარდა ამ კოდექსის 1536 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საგნისა), მდგომარეობს მის სახელმწიფო საკუთრებაში იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემაში. კონფისკაციას ექვემდებარება მხოლოდ დამრღვევის პირად საკუთრებაში არსებული საგანი, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამგვარად, კანონის დანაწესი ცალსახად მიჯნავს დამრღვევის და სხვა პირის საკუთრებას და გამორიცხავს სხვა პირის საკუთრებაში (დამრღვევის მფლობელობაში) არსებული ნივთის ჩამორთმევას ადმინისტრაციული სანქციის სახით. ამგვარი მოწესრიგების პირობებში სასამართლომ მიიჩნია, რომ თუკი კანონმდებლის ნება იქნებოდა საგადასახადო სამართალდარღვევისთვის სხვა პირის საკუთრებაში არსებული ნივთის უსასყიდლოდ ჩამორთმევის სანქციის სახედ დადგენა, ეს საკანონმდებლო ნორმით პირდაპირ იქნებოდა განსაზღვრული, და არა - ისეთი ზოგადი ფორმულირებით, როგორიც არსებობს მოქმედ ნორმაში.
დასკვნის სახით, სასამართლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტებული სტანდარტის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის ნორმის ფართო განმარტება ვერ იქნება გამართლებული. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ დაუშვებელია საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის იმგვარი განმარტება, რომლითაც მასში მოიაზრება სხვისი საკუთრების ჩამორთმევის შესაძლებლობაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანო სახდელის შეფარდებისას ვალდებულია, პირველ რიგში, გამოიკვლიოს, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის მიხედვით, არის თუ არა სამართალდამრღვევი მისი მესაკუთრე და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა გამოიყენოს მხოლოდ მესაკუთრის მიმართ, შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში (მესაკუთრის სასარგებლოდ გადაწყდა მსგავსი დავა ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 თებერვლის #3/1225-14 გადაწყვეტილებით, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის #3ბ/936-15 განჩინებით დარჩა უცვლელად, აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის #ბს252-250 (2კ-16) განჩინებით).
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის ასევე ავტომანქანის (MERCEDES-BENZ SPRINTER საიდენტიფიკაციო კოდი: W----------------) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის 2017 წლის 8 აგვისტოს N4--- ბრძანების კანონიერებას იმ მოტივით, რომ რადგანაც სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრებული იყო, არ უნდა დაწყებულიყო მისი აღსრულების პროცედურა, კერძოდ - ჩამორთმეული ავტომანქანის სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ მიქცევა შემდგომი გასხვისების მიზნით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და მასთან დაკავშირებით გამოცემული აქტების გასაჩივრების გამო ჩამორთმეული ავტომანქანის სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ მიქცევა შემდგომი გასხვისების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოებს არ ეკრძალებოდათ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოქმედებდა სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის №125 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესით. 2017 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით სასამართლოს განჩინებაც არ იყო მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე. შესაბამისად, იმ დროისათვის არ იყო დადგენილი ავტომანქანის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის კანონიერებაში მომსახურების სააგენტო თავისი ინიციატივით ეჭვს ვერ შეიტანდა. თუმცა, სასამართლონ მიიჩნია, რომ ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგინდა კ----- ჰ---------ის მიმართ 2017 წლის 8 თებერვლის NE------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის უკანონობა სანქციის სახით სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში, შესაბამისად, არ არსებობს არც ჩამორთმეული ავტომანქანის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის კანონიერი საფუძველი, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ამ აქტის ბათილად ცნობის ნაწილშიც უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 8 თებერვლის NE------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სანქციის სახით სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის N8--- ბრძანება, სანქციის სახით სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება - სანქციის სახით სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 207-ე, 215-ე 218-ე, 269-ე, 289, 168-ე, 199-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-6, 53-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 3000 ლარამდე ღირებულების აქციზური საქონლის გადაადგილებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მისგან მალულად. აპელანტის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ, აღნიშნული სამართალდარღვევის მასშტაბმა მიაღწია არასასურველ ზღვარს, მიიღო საშიში ტენდენციის სახე და მისი აღკვეთის მიზნით კანონით დადგენილი უმკაცრესი ზომის გამოყენებაც საბჭომ მართლზომიერად მიიჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი თვლის, რომ მოსარჩელის მიმართ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სანქციების სრულად გამოყენება კანონშესაბამისია, რის საფუძველზეც ითხოვს გააუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის №3/5342-17 გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სსიპ შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს არა კონკრეტული ვალდებულების შესრულების მიზნით, არამედ კანონით მინიჭებული თავისუფლების ფარგლებში, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ნაკარნახევი კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად მიღებული საუკეთესო შედეგის მქონე გადაწყვეტილების მიღებით.
საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობისა და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოიყენება საგადასახადო პასუხისმგებლობა. ამასთან, საგადასახადო პასუხისმგებლობის მიზანია საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, გააჩნია როგორც „სადამსჯელო“, ისე „პრევენციული“ დანიშნულება და მისი გამოყენება უნდა მოხდეს ზემოაღნიშნული პრინციპების დაცვით.
აპელანტის მოსაზრებით, წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში სასამართლოს უნდა ემსჯელა მიიღწეოდა თუ არა გამოყენებული სანქციით საგადასახადო პასუხისმგებლობის მიზნები და იყო თუ არა ეს მიზნები თანაზომიერი.
სსიპ შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ უკანასკნელ პერიოდში საგრძნობლად იმატა ანალოგიურმა სამართალდარღვევებმა, განსაკუთრებით კი აქციზურ მარკას დაქვემდებარებულ საქონელთან დაკავშირებულმა სამართალდარღვევებმა. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, სსკ-ის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილთან დაკავშირებული სამართალდარღვევები (რომლებიც გასაჩივრებული არ არის) 2017 წელს 2016 წელთან შედარებით დაახლოებით ორჯერ არის გაზრდილი. ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 155(2) პრიმა მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები (აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შემოტანა) დაახლოებით 8-ჯერაა გაზრდილი.
გასათვალისწინებელია ასევე ისიც, რომ აქციზის გადასახადის გაზრდამდე საბაჟო დეპარტამენტი სანქციის სახით იყენებდა 1000 ლარიან ჯარიმას და საქონლის ჩამორთმევას. აღნიშნულმა პასუხისმგებლობის ზომამ ვერ უზრუნველყო პრევენციული ფუნქციის შესრულება. შესაბამისად, გაზრდილი სამართალდარღვების ფონზე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოახდინა უფრო მკაცრი სანქციის გამოყენება. დისკრეციული უფლებამოსილების არსიც განსახილველ შემთხვევაში სწორედ ის არის, რომ მოახდინოს სამართალდარღვევის პრევენცია და თუკი გამოყენებული სანქცია ვერ უზრუნველყოფს აღნიშნულს, მოხდეს მიღებული ზომების გამკაცრება.
შესაბამისად, აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის განმარტებას, რომ მოსარჩელის მიმართ სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშეც, სხვა სანქციის შეფარდებით, სამართალდარღვევის საქმეთა განხილვის მიზანი მიღწეული იქნებოდა.
აპელანტი აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე არ მიაქცია ყურადღება საქმეში არსებულ სხვასამართალდარღვევის დამამძიმებელ გარემოებებს. კერძოდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა სამართალდამრღვევის მიერ შემოტანილი სიგარეტების ოდენობა. კერძოდ, აღმოჩენილ იქნა 150 კოლოფი სიგარეტი, რაც აქციზის გადასახადისგან გათავისუფლებულ ოდენობაზე (10 კოლოფი) დაახლოებით 15-ჯერ მეტია.
აპელანტი ითხოვს გააუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის №3/5342-17 გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
კ----- ჰ---------ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მოსაზრებით, მოსამართლემ არასწორად ჩათვალა დადგენილად კ.ჰ---------ის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რადგან არასწორად განმარტა კანონი - ამ ნაწილის შინაარსი. კანონმდებელს შემოღებული აქვს საგადასახადო სანქცია მხოლოდ საქონლის გადატანა-გადმოტანისთვის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად. 289-ე მუხლის 14-ე ნაწილის დისპოზიცია არ ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საქონლის არადეკლარირების ან არასწორი დეკლარირებისათვის. მთავარია, რომ მგზავრი თავის ბარგიანად გამოცხადდეს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და არ გადამალოს დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი. კ.ჰ---------ი გამოცხადდა საბაჟოზე და საქონელი არ დაუმალავს.
აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს მოტივაციას ჩამორთმეული ავტომანქანის მომსახურების სააგენტოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახების ბათილად ცნობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ მომსახურების სააგენტოს გენ.დირექტორის ბრძანების გასაჩივრება არ აჩერებს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების მოქმედებას იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი შეტანილია ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო სასამართლოში სარჩელის შეტანისა და მისი წარმოებაში მიღების შემთხვევაში ავტომატურად ირთვება სასამართლო კონტროლის მექანიზმი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციული-საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ამიტომ, აპელანტი მიიჩნევს, რომ მოსამართლეს ბათილად უნდა ეცნო მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება კ.ჰ---------ისაგან ჩამორთმეული ავტომანქანის გასხვისების შესახებ იმ მოტივით, რომ აღნიშნული ბრძანება გამოცემული იყო სარჩელის სასამართლოში მიღების შემდეგ, ასევე იმიტომ, რომ ავტომანქანა ჩამორთმეული იყო უკანონოდ.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილი ადგენს: საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.
სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტ - ადმინისტრაციული ორგანოების განმარტებებს და მიიჩნევს, ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანო სანქციის დაკისრების პროცესში მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას სახდელის დადების პროცესში გაითვალისწინოს და მხედველობაში მიიღოს სანქციის პროპორციულობა და თანაზომიერება.
სააპელაციო სასამართლო კვლავაც ყურადღებას მიაქცევს საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსს და აღნიშნავს, ამ შემთხვევაშიც, როგორც პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმათა უმეტეს ნაწილში, დაწესებულია რამდენიმე ალტერნატიული სანქციის, მათ შორის რამოდენიმე სანქციის კუმულატიურად გამოყენების შესაძლებლობა, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ცალკეული გადაცდომა მათი ერთგვაროვანი შინაარსის მიუხედავად, ყოველთვის ხასიათდება კონკრეტული ობიექტური თუ სუბიექტური მახასიათებლებით, გადაცდომის სიმძიმით, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადექვატურობას.
ზაკ-ის მე-7 მუხლი ადგენს: 1. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; 2. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მითითებული ნორმის შინაარსს და თვლის, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერებისა და კანონიერების პრინციპის უგულვებელყოფას, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების პროცესში ყურადღების მიღმა ვერ დარჩება ცალკეული პირის სუბიექტური უფლებები, მათ შორის საკუთრების უფლება, რომლის შეზღუდვა საჭიროებს განსაკუთრებულ დასაბუთებას. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენების პროცესში პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც ის იქნა გატარებული.
სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტების მითითება იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და სანქცია დაკისრებულია კერძო და საჯარო ინტერესთა პროპორციულობის საფუძველზე. აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოები ვერ ასაბუთებენ, რითია განპირობებული გამოყენებული სანქციის, კონკრეტულად სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარდაუვალობა და რატომ ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზანს სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშე სანქციის შეფარდება.
პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოთვლის საგადასახადო სანქციის სხვადასხვა სახეებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სიმძიმის მიხედვით. ეს მუხლი აწესებს ასევე საგადასახადო სანქციის დაკისრების ზოგად პრინციპებს, როგორიცაა ერთი და იმავე ქმედებისთვის ორჯერ დასჯის აკრძალვა, სახდელთა შეკრების პრინციპი, ასევე აწესრიგებს სხვა საკითხებს. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა არ შეიცავს პირდაპირ რეგულირებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მონაცემები უნდა მიიღოს მხედველობაში სახდელის შემფარდებელმა ორგანომ სახდელის შერჩევისას, თუმცა, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული საყოველთაო თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმები უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ სხვადასხვა სიმძიმის სახდელების დაწესება, სულ მცირე, არ უნდა ატარებდეს რეპრესიულ ხასიათს და ეწინააღმდეგებოდეს სამართლიანობის პრინციპს.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ სადავო სანქციის სახე დაკავშირებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, შესაბამისად, სანქციის ამ სახის გამოყენება სხვა სახის სახდელთან ერთად, რომელიც თავის მხრივ, ასევე საკუთრების უფლების ჩამორთმევას გულისხმობს, დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დარღვევების შემთხვევაში და მის გასამართლებლად არ არის საკმარისი მოპასუხის არგუმენტი მასშტაბურად გავრცელებული სამართალდარღვევის აღკვეთის მიზანთან დაკავშირებით. სამართალდარღვევის ჩადენის ინდივიდუალური თუ ზოგადი პრევენცია, თავისთავად, წარმოადგენს სანქციის ერთ-ერთ მიზანს, განსაკუთრებით კი ისეთი სახის სამართალდარღვევის, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, თუმცა, ყოველი კონკრეტული შემთხვევა საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას და დაუშვებელია, ერთი სახის სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა მიმართ განურჩევლად ერთგვაროვანი მიდგომა. გასათვალისწინებელია საქონლის ოდენობა, მისი შემდგომი რეალიზაციით გამოწვეული სავარაუდო ზიანის მოცულობა, დამრღვევის პიროვნება, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის შესაძლო გავლენა მის ქონებრივ მდგომარეობაზე და სხვა ფაქტორები. მოცემულ შემთხვევაში კი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ მიიღეს მხედველობაში ამგვარი ინდივიდუალური გარემოებები.
საქმის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების აუცილებლობის თაობაზე მითითების პროცესში სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად არსებითად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სანქცია, განსახილველ შემთხვევაში, შეეხო იმ პირს, რომელიც არ წარმოადგენს სამართალდარღვევის სუბიექტს. კერძოდ, სადავო აქტის საფუძველზე მოხდა მესამე პირის საკუთრებაში რიცხული სატრანსპირტო საშუალების კონფისკაცია, იმ ვითარებაში, როდესაც მითითებული მესამე პირი არ წარმოადგენს წინამდებარე სამართალურთიერთობის სუბიექტს, მას საგადასახადო სამართალდარღვევა არ ჩაუდენია და არც მისი კავშირი არ იკვეთება გადაცდომის ფაქტთან. არსებულ პირობებში სააპელაციო სასამართლო ადასტურებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და თვლის, რამდენადაც საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 პუნქტი არ შეიცავს პირდაპირ მითითებას, ნორმაში გაკეთებულია ზოგადი შინაარსის ჩანაწერი - სანქციის სახით სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის თაობაზე, დაუშვებელია განიმარტოს იმგვარად, რომ ნორმა მოიაზრებს სხვა პირის საკუთრების ჩამორთმევის შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ ნორმის ასეთი ფართო განმარტება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და კონსტიტუციით განსაზღვრულ პრინციპებთან, რამდენადაც ერთი პირის მიერ ჩადენილი გადაცდომისთვის სამართლებრივი შედეგი - პასუხისმგებლობა- დგება იმ პირის მიმართ, რომელსაც სამართლებრივი და ფაქტობრივი კავშირი გადაცდომასთან არ გააჩნია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოები სააპელაციო საჩივრებში ვერ უთითებენ იმ გარემოებებზე, რომელიც გაამართლებდა შეფარდებული სანქციის ერთობლიობაში გამოყენების კანონიერებას.
რაც შეეხება კ----- ჰ---------ის სააპელაციო საჩივარს, თბილისის სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აპელანტის არგუმენტაცია ძირითადად აგებულია იმ მოსაზრებაზე, რომ ნორმის დისპოზიცია არ ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საქონლის არადეკლარირების ან არასწორი დეკლარირებისათვის. კანონმდებელს საგადასახადო სანქცია შემოღებული აქვს მხოლოდ საქონლის გადატანა-გადმოტანისთვის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად. აპელანტი ფიზიკური პირი თვლის, რომ ფაქტის შეფასებისთვის მთავარია, მგზავრი თავის ბარგიანად გამოცხადდეს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და არ გადამალოს დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი. კ.ჰ---------ი გამოცხადდა საბაჟოზე და საქონელი არ დაუმალავს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება მითითებული არგუმენტაცია, ვინაიდან აღნიშნული ეფუძნება როგორც კანონის არასწორ განმარტებას, ისე არასწორ ფაქტობრივ გარემოებებს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას. თბილისის სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ დასახელებული მუხლით ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს კონტროლის გვერდის ავლით გადაადგილების განზრახვა. საქმეში არსებული 2017 წლის 8 თებერვლის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით ირკვევა, რომ მებაჟე-ოფიცრის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებულო საქონელი, მათ შორის სიგარეტი, კ----- ჰ---------მა განაცხადა რომ არ ჰქონდა. აღნიშნული პიროვნების ბარგის და ავტომანქანის დათვალიერებისას, მის კუთვნილ ჩანთებში და ასევე ავტომობილის სალონის სხვადასხვა ნაწილში აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი – 200 ღერი სიგარეტი „WINSTON“, 1000 ღერი სიგარეტი „ARARAT“, 800 ღერი სიგარეტი „AKHTAMAR“, 600 ღერი სიგარეტი „BLACK TIP“, 200 ღერი სიგარეტი „VIP“ და 200 ღერი სიგარეტი „GT“.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება და არ იზიარებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, თავად უნდა განსაზღვროს და წარმოადგინოს ის მტკიცებულებები, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს ან გააბათილებს საქმეზე დადგენილ ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებებს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. რამდენადაც ფაქტების დადგენას აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა, ფაქტის დაუდასტურებლობით გამოწვეული უარყოფითი შედეგი ეკისრება იმ პირს, რომელმაც ვერ შეძლო იმ გარემოების დადასტურება, რაზეც ის თავის მოთხოვნას აფუძნებს.
ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორმა თავი ვერ გაართვა მტკიცების ტვირთს, ვერ უზრუნველყო სასამართლოს წინაშე იმ გარემოების დამტკიცება, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ მტკიცებულებებს, რომელზე დაყრდნობითაც დგინდება, რომ კ----- ჰ---------ის ბარგისა და ავტომანქანის დეტალური დათვალიერებისას მის კუთვნილ ჩანთებში, ასევე ავტომანქანის სალონის სხვადასხვა ნაწილში აღამოჩნდა არადეკლარირებული საქონელი და აღნიშნავს, რომ საჩივარში არ არის მითითებული ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელია საქმეზე უკვე დადგენილი ფაქტებისგან განსხვავებული, საპირისპირო შინაარსის ფაქტების დადგენა. რამდენადაც, სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ დაცული არ არის საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები და არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა სააპელაციო საჩივრის ავტორის მხრიდან მითითებული გარემოებების შეფასების შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
რაც შეეხება აპელანტი ფიზიკური პირის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ, ჩამორთმეული ავტომანქანის მომსახურების სააგენტოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის კანონშეუსაბამობა დაასაბუთა არასწორ სამართლებრივ საფუძველზე მითითებით, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, მოსარჩელის მოთხოვნა აქტის ბათილად ცნობის ნაწილში დაკმაყოფილებულია, სასამართლოს მიერ ბათილადაა ცნობილი სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის 2017 წლის 8 აგვისტოს N4--- ბრძანება ავტომანქანის (MERCEDES-BENZ SPRINTER საიდენტიფიკაციო კოდი:W----------------) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. არსებულ ვითარებაში სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ აქტის ბათილობის საფუძველს არ ენიჭება პრინციპული მნიშვნელობა და გავლენას არ ახდენს მოსარჩელის უფლებრივ საკითხზე, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს გადაწყვეტილების კანონიერების აღნიშნული საფუძვლით შემოწმების პროცესუალური აუცილებლობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული იმ გარემოებებზე, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
საპროცესო ხარჯები:
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ხოლო აპელანტ კ----- ჰ---------ის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ----- ჰ---------ის, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე
მოსამართლეები გელა ბადრიაშვილი
მარიამ ცისკაძე