განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330310118002468006 (3ბ/2813-18)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მერაბ ლომიძე
სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ვ------------–---–-
წარმომადგენელი - თ------–-------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - მ--–-----–---–----
მესამე პირი - შპს ,,მ----–----“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 სექტემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ------------–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 24 ნოემბერს შპს ,,მ----–---მა“ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა №----------------- განცხადებით და მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების დაწყება. განცხადების შეტანის დღისათვის აპლიკანტის შპს ,,მ----–----ს“ მოთხოვნა რესპონდენტის ვ------------–---–-ს მიმართ შეადგენდა 2444,64 ლარს. შპს ,,მ----–---მა“ განცხადებას დაურთო განაცხადი ონლაინ სესხზე, საგადახდო დავალება, სესხის ხელშეკრულება, ცნობა დავალიანების შესახებ, სესხის ამონაწერი, მოთხოვნის უფლების დათმობის (გასხვისების) შესახებ შეთანხმება.
2.2. 2018 წლის 12 იანვარს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა გამოსცა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №------------------ შეტყობინება, რომლითაც რესპონდენტ ვ------------–---–ს ეცნობა, რომ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეეძლო განეხორციელებინა შეტყობინებაში მითითებული მოქმედებები, მათ შორის, განეცხადებინა წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდა მოთხოვნას. რესპონდენტს ასევე განემარტა, რომ შეტყობინებაში მითითებული მოქმედებების განუხორციელებლობის შემთხვევაში გამოიცემოდა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ. მითითებული დოკუმენტი ვ------------–---–ს გაეგზავნა მისამართზე - თ--–--------------------------------------, სადაც 2018 წლის 18 იანვარს ჩაიბარა ოჯახის წევრმა - მამა გ-----------–---–მა (2----------).
2.3. რესპონდენტს შეტყობინების ჩაბარებიდან კანონით დადგენილ ათდღიან ვადაში აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის არ მიუმართავს. შესაბამისად, 2018 წლის 20 თებერვალს მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა №------------------ ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის თანახმადაც, გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა: სესხის ელექტრონული ხელშეკრულება, საგადახდო დავალება 2--------- წ, მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმება 2--------- წ. შესაბამისად, რესპონდენტს ვ------------–---–ს დაეკისრა დავალიანების გადახდა 2444.64 ლარის ოდენობით, აპლიკანტის შპს ,,მ----–----ს“ მიმართ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.4. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ - სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ - ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 თებერვლის №------------------ ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
2.5. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოების წესსა და პირობებს განსაზღვრავს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის 912 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო XVI1 თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით. იმავე საკანონმდებლო აქტის 913 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეები გამარტივებულ წარმოებაში არიან აპლიკანტი და რესპონდენტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა. იმავე კანონის 914 მუხლის შესაბამისად, გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების სავალდებულო რეკვიზიტებს. კანონის 917 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს: ა) გამარტივებული წარმოების ნომერს; ბ) აპლიკანტის დასახელებას, დაყენებულ მოთხოვნას და მოთხოვნის საფუძველს; გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს. კანონის 917 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას - დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; ბ) თუ რესპონდენტი სრულად აღიარებს მოთხოვნას - დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; გ) თუ რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს - დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის აღიარებულ ნაწილზე; დ) მხარეთა მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში - მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობაზე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებით აპლიკანტის ძირითად მოთხოვნასთან ერთად რესპონდენტს დაეკისრება ასევე გამარტივებული წარმოებისას აპლიკანტის მიერ გაწეული დამატებითი ხარჯის გადახდა, რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასურებისაგან. რესპონდენტს დამატებითი ხარჯის გადახდა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს მოთხოვნილი ჰქონდა ასეთი ხარჯის ანაზღაურება. განსახილველ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 24 ნოემბერს შპს ,,მ----–---მა“ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა №----------------- განცხადებით და სესხის ელექტრონული ხელშეკრულების, 2--------- წ-ის საგადახდო დავალების და 2--------- წ-ის მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების დაწყება. განცხადების შეტანის დღისათვის აპლიკანტის შპს ,,მ----–----ს“ მოთხოვნა რესპონდენტის ვ------------–---–-ს მიმართ შეადგენდა 2444,64 ლარს. ხსენებული განცხადების საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა 2018 წლის 12 იანვარს გამოსცა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება, რომლითაც რესპონდენტ ვ------------–---–ს განესაზღვრა 10 კალენდარული დღე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გასატარებელი მოქმედებებისათვის. მითითებული დოკუმენტი ვ------------–---–ს გაეგზავნა მისამართზე: თ--–--------------------------------------, სადაც 2018 წლის 18 იანვარს ჩაბარდა ოჯახის წევრს - მამა გ-----------–---–ს (2----------). „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების განუხროციელებლობიდან გამომდინარე, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის 20 თებერვალს გამოსცა №------------------ ბრძანება, რომლითაც რესპონდენტ ვ------------–---–ს დაეკისრა დავალიანების გადახდა 2444,64 ლარის ოდენობით აპლიკანტის შპს ,,მ----–----ს“ მიმართ. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ბრძანება არის უკანონო და ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნა მოტივირებულია იმ გარემოებით, რომ მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება. შეტყობინება ჩაიბარა მამამ გ-----------–---–მა, საფოსტო გზავნილის გადაცემა ვერ მოხდა ადრესატზე და იგი აღნიშნული შეტყობინების თაობაზე არ იყო ინფორმირებული.
2.6. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. განსახილველ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება გაეგზავნა ვ------------–---–ს, მისამართზე: თ--–---------------------------------------, სადაც 2018 წლის 18 იანვარს ჩაიბარა ოჯახის წევრმა - მამა გ-----------–---–მა (2----------). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამასთან, აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს უწყების მიმღები პირის ვალდებულებას დაუყოვნებლივ გადასცეს ადრესატს უწყება. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება, კერძოდ, საფოსტო გზავნილი, საიდანაც დგინდება, რომ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება ჩაიბარა ვ------------–---–-ს მამამ გ-----------–---–მა. აღნიშნული ჩაბარება დადასტურებულია გ-----------–---–ის ხელმოწერით და ასევე შეიცავს ადრესატის მაიდენტიფიცირებელ მონაცემს - მის პირად ნომერს. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მოქმედებით სააღსრულებო ბიუროს მიერ დაცული იქნა კანონის 917-ე მუხლის მე-10 პუნქტის დანაწესი. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მითითებას იმის შესახებ, რომ მას მამისგან არ ეცნობა შეტყობინების შესახებ, აღნიშნული საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან მოსარჩელე მხარის არგუმენტები სადავო აქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ არის დასაბუთებული და გასაზიარებელი. ცნობილია, რომ ვ------------–---–- და გ-----------–---–ი არიან მამ-შვილი. ხოლო ის გარემოება, რომ ადრესატს მისმა ოჯახის წევრმა არ გადასცა ინფორმაცია ან დოკუმენტი, ვერ გახდება გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობს საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს გზავნილის ოჯახის წევრისათვის ჩაბარების შესაძლებლობას, ოჯახის წევრის მიერ ადრესატისათვის გზავნილის გადაუცემლობის რისკის მატარებელი კი თავად ადრესატია. რაც შეეხება მოსარჩელის წარმომადგენლის აპელირებას მოსარჩელის პაპაზე - ი------------–---–ზე, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ეს გარემოება არის საფუძველს მოკლებული, ვინაიდან მოსარჩელის პაპას - ი------------–---–ს მოცემულ დავასთან შემხებლობა არ აქვს, განსახილველ შემთხვევაში სადავო არის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 იანვრის N------------------ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების ჩაბარების საკითხი. აღნიშნული შეტყობინება კი დადგენილია, რომ ჩაიბარა ვ------------–---–-ს მამამ გ-----------–---–მა. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ დაუშვებელია აღმასრულებელს დაეკისროს ისეთი მოქმედების შესრულების ვალდებულება, რაც აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ მის მოვალეობებს. იმ პირობებში, როდესაც გ-----------–---–ი იბარებს მოსარჩელისათვის გაგზავნილ კორესპონდენციას, როგორც ოჯახის წევრი, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების ჩაბარება კანონიერად იქნა მიჩნეული აღმასრულებლის მიერ მოსარჩელისათვის ჩაბარებად. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ-----------–---–ი უნდა ჩაითვალოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ ოჯახის წევრად და მისთვის შეტყობინებების ჩაბარება ვ------------–---–-სთვის ჩაბარებად. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მას არ ჩაბარებია გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება, ამ კუთხით არ დასტურდება. ამასთან, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში რეგლამენტირებულია მტკიცების ტვირთი და იგი დაკავშირებულია მხარის მიერ იმ გარემოებებზე მითითებასთან, რომელსაც ეფუძნება სასარჩელო მოთხოვნა. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერ შეძლო დაედასტურებინათ ის გარემოება, რომ მას არ ჩაბარებია გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №------------------ შეტყობინება. შესაბამისად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ რესპონდენტ ვ------------–---–ს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინების შემცველი გზავნილი ჩაჰბარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. აღნიშნული გზავნილის ჩაბარებით, ცნობილი გახდა, რომ დავალიანების არაღიარების (პროტესტის) შემთხვევაში რესპონდენტს შეეძლო მოთხოვნის სრული უარყოფა, მოთხოვნის სრულად აღიარების შემთხვევაში მითითება მოთხოვნის სრულად ცნობის შესახებ, მოთხოვნის ნაწილის აღიარების შემთხვევაში მითითება იმის შესახებ, თუ მოთხოვნის რომელ ნაწილს ცნობდა რესპონდენტი. ასევე ეცნობა სამართლებრივი შედეგები, - აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემდა ბრძანებას მოთხოვნის სრულ ოდენობაზე, თუ რესპონდენტი არ განახორციელებდა შეტყობინებაში მითითებულ არცერთ მოქმედებას. საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ რესპონდენტს შეტყობინების ჩაბარებიდან შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში სააღსრულებო ბიუროსათვის არ წარუდგენია რაიმე მოსაზრება დავალიანების თაობაზე. ამდენად, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გამოსცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.
2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ზემოხსენებული სამართლის ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანების გამოცემისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, მოპასუხის მიერ ასევე დაცულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დებულებანი, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 თებერვლის №------------------ ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება გადაწყვეტილების 3.1.2. პუნქტით, რომ თითქოს 2018 წლის 12 იანვრის აღსრულების ეროვნული ბიუროს Nს----------------- შეტყობინება გამარტივებული საქმის წარმოების დაწყებისა და შეპასუხების წარდგენისათვის ვადის განსაზღვრის შესახებ ჩაჰბარდა მამას მასზე გადასაცემად. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესზე აღინიშნა, რომ დედ-მამა ცხოვრობს ცალ-ცალკე და იგი ბავშვობიდან აღსაზრდელად დედასთან იმყოფება ქ------–--–-------------–----–---–------------ში, თუმცა მამას კომლში, სოფელ რ--------ში ჰყავდა ჩაწერილი. სოფელთან ყოველგვარი კავშირი შეწყვეტილი აქვს და არც გ-----------–---–ის მიერ არ არის აღებული ვალდებულება გზავნილის მასზე გადასაცემად. გ-----------–---–ს მითითებული აქვს, რომ ვ------------–--–- არის მამა, მაგრამ ეს მოპასუხემ გამოიყენა შებრუნებით. სარჩელზე წარმოდგენილია საქართველოს ფოსტის 2018 წლის 18 იანვრის უკუგზავნილის დეტალები, სადაც გ-----------–---–ის ხელმოწერაა დაფიქსირებული, თუმცა მას წერილი არ ჩაჰბარებია, ხოლო შესაგებელზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ იმავე თარიღის და დროის მითითებით წარადგინა აღსრულების ეროვნული ბიუროს ბაზიდან ამობეჭდილი საფოსტო გზავნილის განსხვავებული ინფორმაციის შემცველი გზავნილის ჩაბარების დეტალები, რასაც არ დაეთანხმა.
3.2. აპელანტის განმარტებით, 3.1.3. ფაქტობრივ გარემოებაში სასამართლო მსჯელობს, რომ რესპოდენტმა შეტყობინების ჩაბარებიდან დადგენილ ვადაში არ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს პრეტენზიით და ამის საფუძველზე 2018 წლის 20 თებერვალს გამოიცა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება, რომლითაც შპს „მ----–----ს“ მიმართ დაეკისრა სრული მოთხოვნილი თანხის 2444,64 ლარის გადახდა, მის მიერ აღებული 500 ლარიანი ელექტრონული სესხის დავალიანების დასაფარად. 500 ლარის ძირ თანხაზე დაეკისრა ხუთჯერ მეტი ოდენობს თანხა და მიღებული ბრძანების შესახებ შეიტყო უკვე 12.05.2018 წლის აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილით. საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ ი------------–---–ი, რომელიც იყო მისი პაპა, არ იყო გამარტივებულ წარმოებაში ჩართული და მას არ ჩაბარებია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო სხდომაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა მიუთითა ი------------–---–ის ხელმოწერით საქმეში არსებულ საფოსტო გზავნილზე, კერძოდ, აღნიშნა, რომ გადახდის ბრძანება ჩაბარებული იყო 2018 წლის 02 მარტს, რასაც სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა და დაადგინა, რომ ი------------–---–ს მოცემულ წარმოებასთან შეხება არ ჰქონია. ამასთანავე, გასაჩივრებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 თებერვლის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ძალაში შედის ხელმოწერისთანავე, ასევე ბოლო, მესამე პუნქტით ადგენს მისი გასაჩივრების ვადას და ადგილს, რომლის უფლების გამოყენება მისი კონსტიტუციური გარანტია. შესაბამისად, აპელანტის განმარტებით, ერთადერთი გზა, რომ თავი დაიცვას შპს „მ----–----ს“ მიერ უკანონოდ დარიცხული თანხის გადახდევინებისაგან და შეუმცირდეს შეუსაბამოდ მაღალი ხუთმაგი ჯარიმა, უსამართლოა.
3.3. აპელანტი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ვ------------–---–ს არ მიუღია გაფრთხილება ან შეტყობინება ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყების, იძულებითი აღსრულების და გასაჩივრებული გადახდის ბრძანების მიღების შესახებ, მასში კანონის ნორმები კი სამართლებრივად არ ასაბუთებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის კანონიერებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. უპირველესად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე მიწვეული იყო საქმის განხილვაში და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის შესახებ. მოწვეულად მიიჩნევა მხარე, რომელსაც სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაბარდა სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასამართლომ გამოცხადებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოიტანოს, თუ დაადგენს, რომ მხარე სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა. სსკ-ის 74-ე მუხლით კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო, თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები.
3.4. აპელანტის განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილი უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისათვის გაცნობის ზოგად წესს განსაზღვრავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 55-ე–58-ე მუხლები. კერძოდ, მითითებული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. კონკრეტულ შემთხვევაში, არ არსებობდა სადავო აქტის ოფიციალური გამოქვეყნების კანონისმიერი საფუძვლები, შესაბამისად, უნდა განისაზღვროს, გაეცნო თუ არა მოსარჩელე შესაბამის აქტს ოფიციალურად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, რაც შემდგომ წარმოშობს გასაჩივრების ვადის ათვლის დაწყების პერიოდის განსაზღვრის საფუძველს. საქმეში არ არის წარმოდგენილი ვ------------–---–-სთვის სადაო აქტის გადაცემის ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნის და ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადის ათვლის დასაწყისს კანონმდებლობა უსაფუძვლოდ არ უკავშირებს დაინტერესებული მხარის მიერ აქტის გაცნობის ფაქტს. ბუნებრივია, შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი შინაარსის აქტის გასაჩივრება. აქტის ან მისი შინაარსის არცოდნა მისი გასაჩივრების შესაძლებლობას გამორიცხავს. აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას, თუნდაც მოსარჩელეს პაპისთვის საფოსტო გზავნილის ჩაბარება გადასაცემად, ვერანაირად ვერ შეცვლის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის იმპერატიულ მოთხოვნას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის დაინტერესებული მხარისათვის გადაცემის ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნის, ოფიციალური გაცნობის და გასაჩივრების ვადის ათვლის შეფასების პროცედურებს. აქტის იმ პირისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა, ვის მიმართაც არის იგი გამოცემული, კანონმდებლობის კატეგორიული იმპერატივია. გასაჩივრების ვადის ათვლა არ ხდება ოფიციალურ გაცნობამდე, სზაკ-ის 94.2 მუხლის თანახმად, დაინტერესებული მხარე ვალდებულია დაიცვას გასაჩივრების ვადა, რომლის დინება იწყება დაინტერესებული მხარისათვის შესაბამისი დოკუმენტის გადაცემის, ოფიციალური გაცნობის ან გამოქვეყნების დღიდან. სზაკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, დასაბუთება წინ უძღვის აქტის სარეზოლუციო ნაწილს, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სზაკ-ის 54.4 მუხლის შესაბამისად აქტის ჩაბარებასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში პირისათვის აქტის ჩაბარების მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება. აღნიშნული ხარვეზები ადმინისტრაციულ წარმოებაში ზრდის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადას, თუმცა არა უსასრულოდ, დაინტერესებული პირისთვის მდგომარეობის საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობის გამო. სასკ-ის მე-12 მუხლის ანალოგიით, გასაჩივრების ერთთვიანი ვადა არ ცდება აქტის გაცნობიდან ერთ წელს, ამ ვადის შემცირება შესაძლებელია აქტში შესწორების შეტანის შემთხვევაში, რასაც ადგილი არ ჰქონია.
3.5. აპელანტის განმარტებით, სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. ადმინისტრაციული აქტი, როგორც სამართლის ნორმის ანუ გენერალური მოწესრიგების კონკრეტიზაციის და ინდივიდუალიზაციის აქტი, უნდა ემყარებოდეს სამართლებრივ საფუძველს. სზაკ-ის მე-601.4 მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიერ კანონიერი უფლებებისა და ინტერსების დარღვევა არის აღნიშნული აღმჭურველი აქტების ბათილად გამოცხადების წინაპირობა, რაზეც ვრცელი განმარტებაა მოცემული სუს 26.11.08წ. Nბს-966-927 განჩინებაში. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, დაინტერესებულ მხარეს შესაძლოა გააჩნდეს გარკვეული სამართლებრივი ინტერესები, რის გამოც, სზაკ-ის მე-13 და 95-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელე არ იქნა ჩართული ადმინისტრაციულ წარმოებაში და მას არ მიეცა საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა. სზაკ-ის 95-ე მუხლი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ხსენებული წესი მიზნად ისახავს იმ პირების დაცვას, რომლის უფლებებსაც შესაძლოა შეეხოს გამოსაცემი ინდივიდუალური აქტი. სზაკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციული აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. ხსენებულ მუხლში დეკლარირებული წესი ადმინისტრაციული წარმოების უმნიშვნელოვანესი პრინციპთაგანია, რომელიც მიზნად ისახავს იმ პირების მაქსიმალურ დაცვას, რომლის უფლებებსაც შესაძლოა შეეხოს გამოსაცემი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული პირები უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ ამ აქტის გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, რაც ხელს უწყობს არამხოლოდ დაინტერესებული მხარის უფლებების დაცვას, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითად სწორი, ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო უზრუნველეყო ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის - მოსარჩელის ჩართვა, ადმინისტრაციული წარმოების აღნიშნული წესის მოთხოვნის შეუსრულებლობამ გამოიწვია სზაკ-ის მე-13, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლებით რეგლამენტირებული მოთხოვნების დარღვევა. სადავო აქტი მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით და სახეზეა სზაკ-ის მე-601 მუხლით განსაზღვრული ბათილობის საფუძვლები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და ასევე არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რის შედეგადაც მიღებულ იქნა სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 24 ნოემბერს შპს ,,მ----–---მა“ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა №----------------- განცხადებით და მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების დაწყება. განცხადების შეტანის დღისათვის აპლიკანტის შპს ,,მ----–----ს“ მოთხოვნა რესპონდენტის ვ------------–---–-ს მიმართ შეადგენდა 2444,64 ლარს. შპს ,,მ----–---მა“ განცხადებას დაურთო განაცხადი ონლაინ სესხზე, საგადახდო დავალება, სესხის ხელშეკრულება, ცნობა დავალიანების შესახებ, სესხის ამონაწერი, მოთხოვნის უფლების დათმობის (გასხვისების) შესახებ შეთანხმება.
4.2. 2018 წლის 12 იანვარს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა გამოსცა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №------------------ შეტყობინება, რომლითაც რესპონდენტ ვ------------–---–ს ეცნობა, რომ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეეძლო განეხორციელებინა შეტყობინებაში მითითებული მოქმედებები, მათ შორის, განეცხადებინა წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდა მოთხოვნას. რესპონდენტს ასევე განემარტა, რომ შეტყობინებაში მითითებული მოქმედებების განუხორციელებლობის შემთხვევაში გამოიცემოდა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ. მითითებული დოკუმენტი ვ------------–---–ს გაეგზავნა მისამართზე - თ--–--------------------------------------, სადაც 2018 წლის 18 იანვარს ჩაიბარა ოჯახის წევრმა - მამა გ-----------–---–მა (2----------).
4.3. რესპონდენტს შეტყობინების ჩაბარებიდან კანონით დადგენილ ათდღიან ვადაში აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის არ მიუმართავს. შესაბამისად, 2018 წლის 20 თებერვალს მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა №------------------ ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის თანახმადაც, გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა: სესხის ელექტრონული ხელშეკრულება, საგადახდო დავალება 2--------- წ, მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმება 2--------- წ. შესაბამისად, რესპონდენტს ვ------------–---–ს დაეკისრა დავალიანების გადახდა 2444.64 ლარის ოდენობით, აპლიკანტის შპს ,,მ----–----ს“ მიმართ.
სამართლებრივი დასაბუთება
4.4. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებით, რის გამოც არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს ეწინააღმდეგება, ასევე, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.6. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოების წესსა და პირობებს განსაზღვრავს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის 912 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო XVI1 თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით. იმავე საკანონმდებლო აქტის 913 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეები გამარტივებულ წარმოებაში არიან აპლიკანტი და რესპონდენტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა. იმავე კანონის 914 მუხლის შესაბამისად, გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების სავალდებულო რეკვიზიტებს. კანონის 917 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს: ა) გამარტივებული წარმოების ნომერს; ბ) აპლიკანტის დასახელებას, დაყენებულ მოთხოვნას და მოთხოვნის საფუძველს; გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს. კანონის 917 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას - დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; ბ) თუ რესპონდენტი სრულად აღიარებს მოთხოვნას - დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; გ) თუ რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს - დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის აღიარებულ ნაწილზე; დ) მხარეთა მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში - მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობაზე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებით აპლიკანტის ძირითად მოთხოვნასთან ერთად რესპონდენტს დაეკისრება ასევე გამარტივებული წარმოებისას აპლიკანტის მიერ გაწეული დამატებითი ხარჯის გადახდა, რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასურებისაგან. რესპონდენტს დამატებითი ხარჯის გადახდა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს მოთხოვნილი ჰქონდა ასეთი ხარჯის ანაზღაურება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 24 ნოემბერს შპს ,,მ----–---მა“ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა №----------------- განცხადებით და სესხის ელექტრონული ხელშეკრულების, 2--------- წ-ის საგადახდო დავალების და 2--------- წ-ის მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების დაწყება. განცხადების შეტანის დღისათვის აპლიკანტის შპს ,,მ----–----ს“ მოთხოვნა რესპონდენტის ვ------------–---–-ს მიმართ შეადგენდა 2444,64 ლარს. ხსენებული განცხადების საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმის წარმოების სამსახურმა 2018 წლის 12 იანვარს გამოსცა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება, რომლითაც რესპონდენტ ვ------------–---–ს განესაზღვრა 10 კალენდარული დღე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გასატარებელი მოქმედებებისათვის. მითითებული დოკუმენტი ვ------------–---–ს გაეგზავნა მისამართზე: თ--–--------------------------------------, სადაც 2018 წლის 18 იანვარს ჩაბარდა ოჯახის წევრს - მამა გ-----------–---–ს (2----------). „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების განუხროციელებლობიდან გამომდინარე, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის 20 თებერვალს გამოსცა №------------------ ბრძანება, რომლითაც რესპონდენტ ვ------------–---–ს დაეკისრა დავალიანების გადახდა 2444,64 ლარის ოდენობით აპლიკანტის შპს ,,მ----–----ს“ მიმართ. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ბრძანება არის უკანონო და ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნა მოტივირებულია იმ გარემოებით, რომ მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება. შეტყობინება ჩაიბარა მამამ გ-----------–---–მა, საფოსტო გზავნილის გადაცემა ვერ მოხდა ადრესატზე და იგი აღნიშნული შეტყობინების თაობაზე არ იყო ინფორმირებული.
4.7. სააპელაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ უწყება ადრესატს უნდა გაეგზავნოს პირველ რიგში მის მიერ მითითებულ მისამართზე, ხოლო თუ ამ მისამართზე მას ვერ ჩაჰბარდება უწყება, მაშინ იგი უნდა გაეგზავნოს სასამართლოსათვის ცნობილ სხვა ალტერნატიულ მისამართზე. ადრესატს შესაძლოა ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ან ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, მაგრამ იგი თვითონ განსაზღვრავს და უთითებს, თუ რომელ მისამართზე უნდა გაეგზავნოს მას უწყება. ამ ნორმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადრესატი შეიძლება ცხოვრობდეს ან ჩაწერილი იყოს სხვაგან, მაგრამ რეალურად, ფაქტობრივად ცხოვრობდეს სულ სხვაგან. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში უწყება უნდა გაეგზავნოს იმ მისამართზე, სადაც იგი ფაქტობრივად ცხოვრობს და რომელ მისამართსაც უთითებს. ამასთან, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თუ ადრესატს უწყება ვერ ბარდება მის მიერ მითითებულ ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა ალტერნატიულ მისამართზე, მაგრამ მას გააჩნია და მითითებული აქვს ტელეფონის ნომერი, მაშინ აუცილებელია მასთან მოხდეს ტელეფონით დაკავშირება, თუ სატელეფონო საუბარი მასთან ტექნიკურად შესაძლებელია. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ ვ------------–---–ს მითითებული ჰქონდა ორი სხვადასხვა მისამართი და ასევე ტელეფონის ნომერიც, საიდანაც არცერთზე უწყება არ გაგზავნია და არც ტელეფონით მომხდარა მასთან დაკავშირება. მას უწყება გაეგზავნა მხოლოდ მისი რეგისტრაციის მისამართის მიხედვით და ჩაიბარა მისმა მამამ. თუმცა, მოსარჩელის განმარტებით, მისი დედ-მამა ცხოვრობს ცალ-ცალკე და იგი ბავშვობიდან აღსაზრდელად დედასთან იმყოფება ქ------–--–-------------–----–---–------------ში, თუმცა მამას კომლში, სოფელ რ--------ში ჰყავდა ჩაწერილი. სოფელთან ყოველგვარი კავშირი შეწყვეტილი აქვს და არც გ-----------–---–ის მიერ არ არის აღებული ვალდებულება გზავნილის მასზე გადასაცემად. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო მოსარჩელისათვის შეტყობინება გაეგზავნა და ჩაებარებინა მხოლოდ მისი მიერ მითითებული მისამართების მიხედვით ან დაერეკათ ტელეფონზე და თუ შეტყობინება ვერ ჩაბარდებოდა, მხოლოდ ამის შემდეგ გაეგზავნათ შეტყობინება მათთვის ცნობილი სხვა ალტერნატიული მისამართის მიხედვით. აღნიშნული წესის დარღვევის გამო, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია შეტყობინება დავალიანების ნებაყოფლობით გადახდის თაობაზე, რის გამოც არ არსებობდა დავალიანების გადახდევინების შესახებ სადავო აქტის გამოცემის საფუძველი და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ვ------------–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს; ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 თებერვლის №------------------ ბრძანება ,,დავალიანების გადახდევინების შესახებ“.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ვ------------–---–-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარისა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურების ვალდებულება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვ------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ვ------------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 თებერვლის №------------------ ბრძანება ,,დავალიანების გადახდევინების შესახებ“;
4. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ვ------------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს ვ------------–---–-ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარისა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურების ვალდებულება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
მოსამართლე მერაბ ლომიძე