განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210019002328939
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-351-2019 21 მაისი, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
აპელანტი - დ----- ჭ---------ე
წარმომადგენელი - თ---------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ნ---------–---–ი
წარმომადგენელი - ვ---------–------, თ-----------–--–--ე
დავის საგანი - სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დ----- ჭ---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. მოსარჩელის დეიდა ბ-----------–---–ი გარდაიცვალა 1996 წლის 18 აგვისტოს. დ----- ჭ---------ე ბ-----------–---–ის სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით არ დაუფლებია. ანდერძის გამოქვეყნების ოქმის თანახმად (გამოქვეყნების თარიღი: 2018 წლის 12 თებერვალი, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------), 1996 წლის 5 ივლისს შედგენილი ანდერძით, ბ-----------–---–მა დისშვილს, დ----- ჭ---------ეს, უანდერძა მთელი მისი ქონება, მათ შორის საცხოვრებელი სახლი მდებარე ქობულეთის რაიონი სოფელი გ-----. 2.2. 2018 წლის 12 თებერვალს, ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ დადგენილებით, დ----- ჭ---------ეს უარი ეთქვა 1996 წლის 18 აგვისტოს გარდაცვლილი ბ-----------–---–ის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, ნათესაური კავშირის დამდგენი საბუთის არქონის და სამკვიდრო მოწმობის მიღების 6 თვიანი ვადის გაშვების გამო. 2.3. 2011 წლის 21 იანვრის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქობულეთის რაიონის სოფელ გ-----ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი 2943 კვ.მ. და შენობა-ნაგებობა 232.96 კვ.მ. რეგისტრირებულია ს-----------–---–ის საკუთრებად (ს/კ 2-----------). საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტია საკუთრების უფლების მოწმობა N5---, დამოწმების თარიღი 16/01/2008წ. 2017 წლის 24 მაისიდან, მითითებული უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია ნ---------–---–ის საკუთრების უფლება. უფლების დამდგენი დოკუმენტია სამკვიდრო მოწმობა N1--------, დამოწმების თარიღი 16/05/2017წ. 2.4. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ბ-----------–---–ის სარჩელი მოპასუხე ს-----------–---–ის (ფ------) მიმართ. ბ-----------–---–ს საკუთრების უფლებით გამოეყო ქობულეთის რაიონის სოფელ გ-----ში მოპასუხე ს-----------–---–ის სახელზე არსებულ სახლში, სახლის მეორე სართულზე ოთახები N3 18 კვმ და N4 18 კვმ, ხოლო სახლის პირველ სართულზე, ამავე ოთახების ქვემოთ არსებული სარდაფის ტიპის ოთახები, დამხმარე სათავსოთი, დარჩა საერთო სარგებლობაში. 1996 წლის 5 მაისს, სოფელ გ-----ს აგროსამრეწველო კომბინატის აქტით, სულადობის გათვალისწინებით, ბ------ მ-------ის ასულ ი---–---–ს გამოეყო 1250კვმ მიწის ნაკვეთი. დავის საგანს წარმოადგენს აღნიშნულ უძრავ ქონებაზე სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მითითებული ანდერძის მიხედვით, მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებაში შედიოდა ის უძრავი ქონება, რომელიც გამოყოფილი იქნა ბ-----------–---–ისათვის ქობულეთი რაიონული სასამართლოს 1995 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით და სოფელ გ-----ს აგროსამრეწველო კომბინატის 1995 წლის 5 მაისის აქტით. მოპასუხე სადავოდ ხდის აღნიშნული ქონების ბ------ ი-------–-ს სამკვიდრო მასაში შესვლის ფაქტს და მიიჩნევს, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულებულა, ისევე როგორც, არ აღსრულებულა 1996 წლის 5 მაისს, სოფელ გ-----ს აგროსამრეწველო კომბინატის აქტით ბ-----------–---–ისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა. საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ქობულეთის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების და ბ-----------–---–ის სახელზე აღნიშნული უძრავი ქონების რეგისტრაციის ფაქტი. სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა უძრავ ქონებაზე, კერძოდ, სახლის ნაწილზე, ბ-----------–---–ის საკუთრების უფლება. აღნიშნული პერიოდისათვის ანუ 1997 წლის 25 ნოემბრამდე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე, უძრავი ქონების საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში რეგისტრაციის ფაქტი უნდა დადასტურებულიყო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს შესაბამისი ინვენტარიზაციის აქტით. იგივე რეჟიმით უნდა მომხდარიყო სასოფლო-სამეურნეო მიწის მართლზომიერ მფლობელად რეგისტრაციაც. მოცემულ შემთხვევაში, მართალია ქობულეთის რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებით ბ-----------–---–ი ცნობილია საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ, ხოლო 1996 წლის 5 მაისს სოფელ გ-----ს აგროსამრეწველო კომბინატის აქტით, მას გამოყოფილი აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, თუმცა, არცერთი ეს უფლებადამდგენი დოკუმენტი არ არის სათანადო წესით რეგისტრირებული და უძრავი ქონება ცალკე უფლების ობიექტი არ გამხდარა. საქმეში წარმოდგენილია 1986-1996 წ. სოფელ გ-----ს საკომლო წიგნი, რომლითაც დასტურდება, რომ ბ-----------–---–ი ირიცხება ს-----------–---–ის (ფ------) კომლში, ხოლო ამავე კომლში ირიცხებიან სხვა წევრებიც მათ შორის ნ---------–---–ი, ა---------– ი---–---–ი. აქტს ხელს არ აწერს კომლის უფროსი ს------ ფ------ (ი---–---–ი) და წევრი ა---------– ი---–---–ი. სასამართლო არ დაეთანხმა მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემული აქტით მოხდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. პირველ რიგში, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ეხებოდა მხოლოდ საცხოვრებელი სახლის ნაწილის გამოყოფას და ექვემდებარებოდა აღსრულებას რეგისტრაციის გზით იმ პერიოდში მოქმედი კანონის შესაბამისად, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. შესაბამისად, სასამართლომ არ მიიჩნია მოცემული გადაწყვეტილება აღსრულებულად. 1996 წლის 5 მაისის აქტი შეეხება მიწის ნაკვეთის გამოყოფას საკარმიდამო ნაკვეთიდან, რაც რეალურად არ განხორციელებულა. საქმეში წარმოდგენილი არ არის ბ-----------–---–ზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთის სააღრიცხვო ბარათი, რომლითაც დადასტურდებოდა მის სახელზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის ფაქტი. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ცალკე უფლების ობიექტად რეგისტრირებული არ არის. სასამართლომ მიუთითა ქობულეთის ადგილობრივი არქივის მიერ 2010 წლის 24 მაისს გაცემული N0-------3 ცნობაზე, რომლის თანახმად ბ-----------–---–ი გარდაცვალებამდე ირიცხებოდა ს-----------–---–ის (ფ------ს) ოჯახის წევრად. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მითითებული სასამართლო გადაწყვეტილება არ აღსრულებულა, ხოლო მიწის ნაკვეთის გამოყოფის აქტი კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული არ ყოფილა. ბ-----------–---–ის სამკვიდრო ქონებაში არ შესულა ქობულეთის რაიონის სოფელ გ-----ში ქობულეთის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 29 სექტემბრით გამოყოფილი სახლი ნაწილი და 1996 წლის 5 მაისის სოფელ გ-----ს აგროსამრეწველო კომბინატის აქტით გამოყოფილი 1250 კვმ მიწის ნაკვეთი (ამჟამინდელი საკადასტრო კოდის 2----------- ნაწილი). 2.5. სასამართლომ, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევისა და გაგრძელების შესახებ. სასამართლომ აღნიშნა თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებაში მითითებულ გარემოება, რომ ბ-----------–---–ი გარდაცვალებამდე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ავადმყოფობდა და დ----- ჭ---------ემ იგი მოსავლელად თავის სახლში გადაიყვანა, სადაც გარდაიცვალა კიდეც. იგივე დაადასტურა საქმეზე მოწმედ დაკითხულმა მოსარჩელის დამ, მ----- ჭ---------ემ. ამდენად, სასამართლომ სარწმუნოდ არ მიიჩნია მოსარჩელის მოსაზრებას, რომ მან არ იცოდა ანდერძის შესახებ, მით უფრო იმ პირობებში, როცა, მოსარჩელის აზრით, გაცემული ანდერძის შესახებ ინფორმაციას ფლობდა მეზობელი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.6. სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილით გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. ამავე კოდექსი 1307-ე მუხლის ბ. ქვეპუნქტით მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ ანდერძით მემკვიდრეობისას - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის. 1319-ე მუხლით სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად, ხოლო 1320-ე მუხლით თანახმად სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე. სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლით განსაზღვრულია ქონება, რომელიც შედის სამკვიდროში და მოიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ - ამ ქონების ღირებულება. 1344-ე მუხლით ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს,როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ბ-----------–---–ის სარჩელი. ბ-----------–---–ს საკუთრების უფლებით გამოეყო ქობულეთის რაიონის სოფელ გ-----ში მოპასუხე ს-----------–---–ის სახელზე არსებულ სახლში, სახლის მეორე სართულზე ოთახები N3 18 კვმ და N4 18 კვმ, ხოლო სახლის პირველ სართულზე ამავე ოთახების ქვემოთ არსებული სარდაფის ტიპის ოთახები დამხმარე სათავსოთი დარჩა საერთო სარგებლობაში. ბ-----------–---–ი გარდაიცვალა 1996 წლის 18 აგვისტოს. გარდაცვალებამდე ბ-----------–---–მა შეადგინა სანოტარო წესით გაფორმებული ანდერძი, რომლის თანახმად დისშვილს მოსარჩელე დ----- ჭ---------ეს უანდერძა მთელი მისი ქონება, მათ შორის საცხოვრებელი სახლი მდებარე ქობულეთის რაიონი სოფელი გ-----ში. სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არც ბ-----------–---–ის სიცოცხლეში არც მას შემდეგ არ მომხდარა. 2.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 435-ე მუხლით სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კანონებით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს. სამოქალაქო კოდექსის 1514-ე მუხლით საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთების გასხვისება ხდებოდა ტექნიკური ინვენტარიიზაციის ბიუროებში ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში არსებული მიწის ნაკვეთების მიმაგრების აქტების საფუძველზე, ხოლო 1996 წლის 14 ნოემბრიდან კი „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, 2006 წლის 6 მარტამდე, ანუ „უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ამდენად, მითითებული გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მომხდარიყო ზემოაღნიშნული ნიორმატიული აქტების საფუძველზე უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის დადგენილი წესის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, იცოდა თუ არა დ----- ჭ---------ემ ანდერძის არსებობის შესახებ, ეს არ შეცვლის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხანაზმულობის ვადის გასვლასთან დაკავშირებულ სამართლებრივ მოცემულობას. 1995 წლის 29 სექტემბრის სასამრთლო გადაწყვეტილებით მოპოვებული უფლება შესაძლებელია შევიდა ბ-----------–---–ის სამკვიდრო მასაში, მაგრამ ამ უფლების რეალიზაცია დაკავშირებული იყო, სწორედ, გადაწყვეტილების აღსრულებასთან, რაც, როგორც სასამართლომ დაადგინა, არ მომხდარა. შესაბამისად, ვერც სადავო ქონება შევიდოდა ბ-----------–---–ის სამკვიდრო ქონებაში და არც მის ანდერძისმიერ მემკვიდრეს შეიძლება გააჩნდეს მოთხოვნის უფლება ამ ქონების მიმართ. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლით ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ხოლო 142-ე მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადას, რომელიც შეადგენს ათ წელს, მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ არა მარტო ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ მითითებული გადაწყვეტილება აღსრულდა, არამედ ვერც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობის გამაბათილებელი გარემოება წარუდგინა სასამართლოს. 2.8. ასევე, არ გაიზიარა სასამართლომ მოსარჩელის არგუმენტს 1996 წლის 5 მაისს სოფელ გ-----ს აგროსამრეწველო კომბინატის აქტით ბ-----------–---–ისათვის გამოყოფილი 1250კვმ მიწის ნაკვეთის სამკვიდრო ქონებაში შესვლის შესახებ. მითითებული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა 1995 წლის 29 მაისის სასამართლო გადაწყვეტილების საგანს. აქტის შინაარსიდან ირკვევა, რომ ამ აქტით მოხდა ს-----------–---–ის საკარმიდამო ნაკვეთიდან ბ-----------–---–ისთვის 1250 კვმ მიწის ნაკვეთის გამოყოფა. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ აქტს ხელს არ აწერს ს-----------–---–ი - კომლის უფროსი და ასევე, კომლის წევრად რეგისტრირებული ა---------– ი---–---–ი, რაც ამ აქტის მართლზომიერებას ეჭვის ქვეშ აყენებს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინების გარეშეც, ისევე, როგორც სასამართლო გადაწყვეტილების შემთხვევაში, ბ-----------–---–ის საკუთრების უფლებას მითითებულ უძრავ ქონებაზე წარმოშობდა მხოლოდ უძრავი ქონების დადგენილი წესით რეგისტრაცია. მოსარჩელე მხარემ, ამ შემთხვევაშიც ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სადავო ქონება 2011 წლის 21 იანვრის საჯარო რეესტრის ამონაწერით რეგისტრირებულია ს-----------–---–ის საკუთრებად (ს/კ 2-----------). საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტია საკუთრების უფლების მოწმობა N5---, დამოწმების თარიღი 16/01/2008წ. ს-----------–---–ის გარდაცვალების შემდეგ, 2017 წლის 24 მაისიდან, მითითებული უძრავი ქონებაზე რეგისტრირებულია ნ---------–---–ის საკუთრების უფლება. უფლების დამდგენი დოკუმენტია სამკვიდრო მოწმობა N1--------, დამოწმების თარიღი 16/05/2017წ. მოსარჩელემ ვერ წარადგინა ვერც ფაქტობრივი და ვერც სამართლებრივი დასაბუთება, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის ცალკე უფლების ობიექტად რეგისტრაციის ფაქტს და გააბათილებდა მითითებულ უძრავ ქონებაზე ჯერ ს-----------–---–ის ხოლო შემდეგ ნ---------–---–ის საკუთრების უფლებას. 2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. აღნიშნული ნორმა ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. მხოლოდ საპატიო მიზეზების არსებობისას სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს სამკვიდროს მიღების ვადა. კერძოდ, სსკ-ის 1426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარად დადგინდება ვადის გაშვების საპატიოობა. გაშვებული ვადის საპატიოდ ან არასაპატიოდ მიჩნევა სასამართლოს შეხედულებით წყდება და იგი უნდა ემყარებოდეს საქმის იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც სარწმუნოს ხდიან, რომ მემკვიდრეს, ობიექტური მიზეზების გამო, არ შეეძლო ფაქტობრივად დაუფლებოდა სამკვიდრო ქონებას ან მიემართა სანოტარო ორგანოსთვის. ამ უკანასკნელის განსაზღვრის კრიტერიუმები ყოველი შემთხვევის თავისებურებითა და საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით უნდადა დგინდეს. „საპატიოობას ორი მნიშვნელოვანი საფუძველი შეიძლება გააჩნდეს: ა) თუ მემკვიდრემ არ იცოდა და არც შეიძლება ცოდნოდა სამკვიდროს გახსნის თაობაზე და ბ) თუ მემკვიდრემ ვადა გაუშვა ისეთი გარემოების გამო, რომელიც მას ობიექტურად არ აძლევდა საშუალებას, მიეღო სამკვიდრო დადგენილ ვადაში და მხოლოდ ამ დამაბრკოლებელი გარემოების აღმოფხვრის შემდეგ შეძლო მან სასამართლოსათვის მიმართვა (იხ. სუსგ №ას-655-621-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი). მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ----- ჭ---------ემ იცოდა სამკვიდროს გახსნის შესახებ. იგი სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით არ დაუფლებია. ამასთან, არ წარმოუდგენია რაიმე ობიექტური გარემოება, რომელიც არ აძლევდა მას საშუალებას მიეღო სამკვიდრო დადგენილ ვადაში.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა დ----- ჭ---------ემ,: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლო მიუთითებს და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნვეს, რომ ქობულეთის 1995 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება არ აღსრულებულა, რაც სინამდვილეს არ შეეფერება, რადგან ბ-----------–---–ს ქობულეთის რაიონი, სოფელ გ-----ში ქობულთის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 29 სექტემბრის № 2-129 გადაწყვეტილების საფუძველზე სოფელ გ-----ს აგროსამრეწველო კომბინატის 1996 წლის 5 მაისის აქტით და შესაბამისი ნახაზით რეალურად გამოეყო ს------ ფ------ს საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან და საცხოვრებელი სახლის და შესაბამისი მიწის ნაკვეთის წილი. აღნიშნული მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებენ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. მითითებულ დოკუმენტებში პირდაპირ არის დაფიქსირებული, რომ კომისიის წევრები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოქმედებენ, სასამართლოს გადაწყვეტილება რომ არ ყოფილიყო აღსასრულებელი კომისია არ გავიდოდა არც აქტი იქნებოდა შედგენილი და არც შესაბამისი ნახაზს შეადგენდნენ. უფრო მეტიც - არც სასამართლოს გადაწყვეტილებაში და არც კომისიის მიერ შედგენილ დოკუმენტებში არ მიუთითებიათ და ბ-----------–---–ისათვის სავალდებულოდ არ გაუხდიათ მისთვის გამოყოფილი უძრავი ქონების რეგისტრაცია. 3.2. 1995 წლის სასამართლო გადაწყვეტილებით ბ-----------–---–ი უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა, რომელიც მის მიერ არ განკარგულა, ან რომელიმე სამართლებრივი აქტით დაუკარგავს სადაო უძრავ ქონებაზე უფლება და არავის მისი ნების და განკარგვის გარეშე არ ჰქონდა უფლება იგი თავის საკუთრებაში მოექცია. /აღნიშნული საკითხი ადმინისტრაციული წესით დღესაც დავის საგანია/. 3.3. სასამართლო მიუთითებს, რომ 1997 წლის სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე ქონების საკუთრებაში არსებული ფაქტი უნდა დადასტურებულიყო ტექინვენტარიზაციის ბიუროს შესაბამისი აქტით, თუმცა ავიწყდება ის, რომ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება საკუთრების უფლების შესახებ და, უფრო მეტიც, საკუთრება რეალურად იქნა გამოყოფილი, რომელსაც დაეუფლა ბ-----------–---–ი და სიცოცხლის ბოლომდე ფლობდა და სარგებლობდა. უფრო მეტიც, მისი გარდაცვალების შემდეგ სახლის მისთვის გამოყოფილი ნაწილი დაკეტილი იყო და მასზე ს------ს და მისი ოჯახის წევრებს წვდომა არ ჰქონდათ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ცალსახად დასტურდება, სარჩელზე დართული ნ---------–---–ის წერილით, რომელსაც სასამართლომ საერთოდ გვერდი აურა, თითქოს საქმეში არ არსებობს არ შეაფასა და არ იმსჯელა მასზე, არადა მითითებული წერილით ცალსახად დასტურდება ბ-----------–---–ის ფაქტობრივი ფლობა მისთვის გამოყოფილ უძრავ ქონებაზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული იქნა. 3.4. საკვირველია სასამართლოს მითითება იმ ფაქტობრივი გარემოებაზე, რომ სოფელ გ-----ს აგროსამრეწველო კომბინატის 1996 წლის 5 მაისის აქტს და შესაბამის ნახაზს ს-----------–---–ის კომლის წევრები ხელს არ აწერენ, თუმცა არ მიუთითებს რატომ იყო მათი ხელმოწერა აუცილებელი, აქტი ხომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იქნა შედგენილი და არა მხარეთა ურთიერთ შეთანხმებით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულო იყო და არ საჭიროებდა იგი დამატებით ვინმეს ხელმოწერას. სასამართლოს აღნიშნული მსჯელობით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რეალურად ვერ შეაფასა მტკიცებულებები და ვერ ჩასწვდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება მოხდა სოფელ გ-----ს აგროსამრეწველო კომბინატის 1996 წლის 5 მაისის აქტით და შესაბამისი ნახაზით და ს-----------–---–ის მიერ უძრავი ქონების ფაქტობრივი დაუფლებით და მას ოჯახის წევრების ხელმოწერა არ სჭირდებოდა, უფრო მეტიც, ს------ს ოჯახის წევრებს აღნიშნული ქმედებისთვის ხელი არ შეუშლიათ და გამოყოფილ უძრავ ქონებას ბ------ გარდაცვალებამდე ფლობდა და სარგებლობდა, მისი გარდაცვალების შემდეგ წლების განმავლობაში იგი დაკეტილი იყო, ვიდრე ნ---------–---–ი თვითნებურად არ დაეუფლებოდა მას. 3.5. პასუხგაუცემელი რჩება ერთი კითხვა, რომელიც სასამართლოს სხდომაზეც იქნა გაჟღერებული. იმ შემთხვევაში, თუ დ-----ისთვის ანდერძის შესახებ ცნობილი იქნებოდა, რა შეუშლიდა ხელს სამკვიდროს მისაღებად სანოტარო ბიუროსათვის მიემართა. უფრო მეტიც, იგი შეეცადა კიდევაც დოკუმენტაციის მოძიებას, საამისოდ გამოითხოვა საარქივო ცნობაც, მაგრამ მისთვის სასარგებლო დოკუმენტი ვერ მოიძია. დ-----ი არის ინვალიდი, ის ცხოვრობს რუსეთის რესპუბლიკაში და მას ბ------ს მეზობლებთან ფაქტიურად ურთიერთობა არ ჰქონია, რომ მათგან ადრე გაეგო ანდერძის არსებობის შესახებ. ანდერძის სავარაუდოდ არსებობის შესახებ მისთვის ცნობილი მხოლოდ მაშინ გახდა, როცა სოფლიდან ხეების გადატანა დაიწყეს და ამ მიზნით მივიდნენ ნ---------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან. როგორც საერთოდ ყველგან ხდება ასეთ დროს შეიკრიბნენ სოფლის მაცხოვრებლები, სადაც ასევე იყო დ-----ის ძმა ბ------ც და იქ გაიგონა სოფლის უხუცესების საუბარი, რომ ეს კარმიდამო მათ ეკუთვნით, ასე ჰქონდათ ბ------სგან გაგონილი. ამის გამგონე ბ------მ გამოჰკითხა მათ საიდან იცოდნენ ამის შესახებ და ერთერთმა თქვა, რომ მომსწრეა იმის, რომ კომისიამ ბ------ს გამოუყო ქონება ცალკე და მერე ბ------ ამბობდა, რომ ქონებას უტოვებს დისშვილებს. ხის წასაღებად რომ არ შეკრებილიყვნენ სოფლის მაცხოვრებლები დ-----ს ანდერძის შესახებ დღესაც არ ეცოდინებოდა. ამ ფაქტის გადასამოწმებლად დ-----ის ძმა ბ------ მივდა ნოტარიუსში, სადაც აღმოჩნდა, რომ დ-----ზე არსებობდა ანდერძი, რომელიც ნოტარიუსის მიერ დადგენილი წესით იქნა გამოქვეყნებული. ანდერძის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო დ-----მა უძრავ ქონებაზე თავის უფლებების აღდგენისათვის ბრძოლა. აღნიშნული გარემოება სასამართლოს სხდომაზე დადასტურებული იქნა მოწმეების მიერ, რაზეც სასამართლო საერთოდ არ მსჯელობს. საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. 3.6. დ----- ჭ---------ის მიერ შეცდომით იქნა სახელმწიფო ბაჟი გადახდილი, რადგან იგი ბაჟის გადახდისგან განთავისუფლებულია. სამართლებრივი საფუძვლები 3.7. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს დაარღვია კონსტიტუციის მე-6-ე მუხლის მე-3-ე ნაწილის მოთხოვნა _ დაუშვებელია კერძო საკუთრების საყოველთაო უფლების გაუქმება. 3.8. საკონსტიტუციო სასამართლოს განამარტებით საკუთრების უფლების კანონიერებას საფუძველშივე განსაზღვრავს მისი კანონიერად შეძენის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა 1995 წლის 29 სექტემბრის № 2-129 გადაწყვეტილებით. 3.9. მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მისაღებად მიმართვის ვადის გაშვება მოხდა აუცდენელი, აუცილებელი, მემკვიდრისგან დამოუკიდებელი მიზეზით, რომლის თავიდან აცილება მემკვიდრეს არ შეეძლო - მოსარჩელე შეეცადა სამკვიდროს მისაღებად დოკუმენტაციის მოპოვებას, რისთვისაც საარქივო ცნობა გამოითხოვა და სხვას ვერაფერს მიაგნო. მოსარჩელისათვის ცნობილი არ იყო ანდერძის არსებობის შესახებ, როცა ასეთის შესაძლო არსებობის შესახებ გახდა მისთვის ცნობილი მაშინვე მიიღო ზომები უძრავ ქონებაზე თავის უფლების აღსადგენად. საკუთრება აღიარებული და დაცულია ევროკონვენციის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტით. 3.10. სასამართლომ არასწორად გამოიყენა მოქმედი ნორმები სკ 8, 115, 172, 1306, 1313, 1328, 1344, 1345, 1346, 1365, 1369, 1426, 1450 მუხლები. 3.11. სასამართლომ უხეშად დაარღვია სსკ 4, 102, 105, 249 მუხლები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ ქობულეთის რაიონის სოფ. გ-----ში მდებარე უძრავი ქონება 134,4 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი ეკუთვნოდა ს-----------–---–ს. 4.1.1. ამჟამად, ეს ქონება საჯარო რეესტრში 2----------- საკადასტრო კოდით არის რეგისტრირებული. 4.2. ქობულეთის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბ-----------–---–ის სარჩელი ს-----------–---–ისა და ნ---------–---–ის წინააღმდეგ და ზემოხსენებული სახლიდან ბ-----------–---–ს საკუთრების უფლებით გამოეყო სახლის მე-2 სართულზე არსებული 36 კვ.მ. ფართის N3 და 4 ოთახები. 4.3. ბ-----------–---–ი სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოყოფილი ქონების მესაკუთრედ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში არ დარეგისტრირებულა. 4.4. 1996 წლის 5 ივლისს ბ-----------–---–მა მთელი ქონება დ----- ჭ---------ეს (აპელანტი) უანდერძა. 4.5. 1996 წლის 18 აგვისტოს ბ-----------–---–ი გარდაიცვალა. 4.6. 2016 წლის 10 ნოემბერს გარდაიცვალა ს-----------–---–ი და მისი სამკვიდრო მიიღო შვილმა, ნ---------–---–მა (მოპასუხე). 4.7. აპელანტმა სარჩელი სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, ქონების მესაკუთრედ აღიარებისა და მოპასუხის მფლობელობიდან მისი გამოთხოვის მოთხოვნით 2018 წლის 28 თებერვალს აღძრა. სამართლებრივი დასაბუთება 4.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.8.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, მართებულად არ დააკმაყოფილა სარჩელი სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების თაობაზე, ასევე სწორად დაადგინა, რომ მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. 4.9. პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს, რომ სადავო ქონება ბ-----------–---–ის სამკვიდროში არ შედიოდა. 4.9.1. ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მასალებით დგინდება, რომ ზემოხსენებული ქონება ს-----------–---–ს ეკუთვნოდა. 4.9.2. მართალია, ქობულეთის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ამ ქონების ნაწილი საკუთრების უფლებით ბ-----------–---–ს გამოეყო, თუმცა, როგორც იმ დროს მოქმედი, 1964 წლის რედაქციით საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის, ისე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 183-ე მუხლისა და 1514-ე მუხლის თანახმად, ამ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში მისი რეგისტრაცია იყო აუცილებელი. 4.9.3. უდავოა, რომ ბ-----------–---–ი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში სადავო ქონების მესაკუთრედ არ დარეგისტრირებულა. 4.9.4. სოფელ გ-----ს აგროსამრეწველო კომბინატის სახელით 1995 წლის 29 სექტემბერს შედგენილი „აქტი“ და მასზე თანდართული ნაზახი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს სარეგისტრაციო მონაცემებს ვერ ჩაანაცვლებს. 4.9.5. აღსანიშნავია, რომ ეს „აქტი“ ქონების მესაკუთრის მიერაც კი არ არის ხელმოწერილი. 4.9.6. ამის შესაბამისად, იგი არაუფლებამოსილ პირთა მიერ გამოვლენილი ნებაა და ქონებაზე საკუთრების უფლებას ვერ წარმოშობს. 4.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. 4.10.1. დადგენილია, რომ გარდაცვალების მომენტისათვის სადავო ქონება ბ-----------–---–ის საკუთრებად რეგისტრირებული არ ყოფილა. 4.10.2. ამის შესაბამისად, იგი მას არ ეკუთვნოდა. 4.11. ამავდროულად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის თანახმად, ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. 4.11.1. ამ ნორმის შესაბამისად, ნივთზე საკუთრების მოთხოვნის უფლება ქონებაა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, იგი სამკვიდროში შედის. 4.11.2. ამრიგად, ბ-----------–---–ის სამკვიდროში შედიოდა ქობულეთის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოთხოვნის უფლება. 4.12. თუმცა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. 4.12.1. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, კი ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. 4.13. დადგენილია, რომ ქობულეთის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე აპელანტი ბ-----------–---–ის სიცოცხლეშივე იყო ინფორმირებული. 4.13.1. მეტიც, როგორც თავად აპელანტის, ისე საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მისივე ინიციატივით დაკითხული მოწმის ჩვენების თანახმად, მას შემდეგ, რაც მამკვიდრბელმა „სასამართლო გადაწყვეტილებით თავისთვის დაიმტკიცა მიწის ნაკვეთი და სახლის ნახევარი... (აპელანტი) იმ ქონებაში ცხოვრობდა და იმ მიწას ამუშავებდა“. 4.13.2. იმის მიუხედავად, იცოდა თუ არა აპელანტმა ანდერძის არსებობის თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, იგი ბ-----------–---–ის მემკვიდრე იყო და შეეძლო გადაწყვეტილების აღსრულება მოეთხოვა. 4.14. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების აღუსრულებლობით, უშუალოდ, აპელანტის უფლება ბ-----------–---–ის გარდაცვალების მომენტიდან დაირღვა. 4.14.1. ამ დროისათვის გადაწყვეტილებით დადასტურებლი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა უკვე დაწყებული იყო. 4.15. საბოლოოდ, ეს ვადა 2005 წლის 29 სექტემბერს ამოიწურა, აპელანტმა კი სარჩელი 2018 წლის 28 თებერვალს აღძრა. 4.15.1. ამის გამო, მისი მოთხოვნა ხანდაზმულია. 4.16. ასეც რომ არ იყოს, აპელნატმა ვერც სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაშვების საპატიო მიზეზის არსებობა დაამტკიცა. 4.16.1. პალატა სავსებით იზიარებს საქალაქო სასამართლოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ რადგან მამკვიდრებელი სიცოცხლის ბოლო წლებში აპელანტთან ცხოვრობდა, ივარაუდება, რომ ანდერძის არსებობის თაობაზე მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო. 4.17. ამ დაშვების საწინააღმდეგო მტკიცებულებები კი მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. 4.18. აპელანტის ინიციატივით დაკითხულმა ერთადერთმა მოწმემ, აპელანტის დამ, მხოლოდ, ზოგადად, განმარტა, რომ ანდერძის არსებობის თაობაზე აპელანტმა დაახლოებით ერთი წლის წინ შეიტყო. 4.18.1. მოწმემ ვერ დაასახელა ვერც ის პირი, ვინც აპელანტს ზემოხსენებული ინფორმაცია მიაწოდა, ვერც ინფორმაციის მიღების ზუსტი დრო, ადგილი და ვითარება. 4.18.2. მეტიც, მოწმემ განმარტა: „ეს მე როგორც ვიცი, ხეების გატანა რომ დაიწყო მაშინ შეიტყო“-ო. 4.18.3. ამის შესაბამისად, ნათელია, რომ მოწმე მის მიერ გაცხადებული ფაქტის თვითმხილველი არ ყოფილა და იგი გადმოცემით იცოდა. 4.19. გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, აპელანტი ბ-----------–---–ის კანონისმიერი მემკვიდრეც იყო. 4.19.1. ამის შესაბამისად, მას სამკვიდროს მიღების შესაძლებლობა ანდერძის მიუხედავადაც ჰქონდა. 4.19.2. აპელანტს არ მიუთითებია კანონისმიერი სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების არც-ერთი საპატიო მიზეზი. 4.20. პალატის აზრით, აპელანტის მიერ წარმოდგენილ პირადი სახის კორესპოდენციას საქმის გადაწყვეტასთან კავშირი არა აქვს და პალატა მას ვერ შეაფასებს. 4.21. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები 6.1. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. 6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 და 42-ე მუხლების, ასევე სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დ----- ჭ---------ეს უნდა დაუბრუნდეს მისი წარმომადგენლის, თ---------ის მიერ სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 519 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. დ----- ჭ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
4. დ----- ჭ---------ეს დაუბრუნდეს თ---------ის მიერ სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 519 ლარი;
5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, ასევე იმ პირებისათვის, ვინც არ ესწრება განჩინების გამოცხადებას ან განჩინების გამოცხადების თარიღი უცნობია, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
6. ამ პირებმა განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
7. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ განჩინების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
8. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე