განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210118001761330
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ-1295-2018
18 აპრილი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ სვანიძე
სხდომის მდივანი _ ბექა გიორგაძე
აპელანტი: ზ-----------–-----–-
წარმომადგენელი: მ--–-------------------
მოწინააღმდეგე მხარე: სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G----------’
წარმომადგენელი: დ---------------
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა: - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
სააპელაციო პალატამ გამოარკვია:
სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G----------’-ის წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ქ-------ის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე ზ-----------–-----–-ს მიმართ და მოითხოვა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 4810. 44 აშშ დოლარის (13182.04 ლარის, თანახმად სარჩელის შედგენის დღისათვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის 1 აშშ დოლარი=2.7403 ლარი) გადახდა, ასევე მიუღებელი შემოსავლის 600.20 აშშ დოლარის (1644.72 ლარის, თანახმად სარჩელის შედგენის დღისათვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის 1 აშშ დოლარი=2.7403ლარი) გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მხარეთა შორის 2----–-–------------–- გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, საკრედიტო ხელშეკრულება და გირავნობის ხელშეკრულება, რომელთა საფუძველზე გაიცა სასყიდლიანი სესხი - 5927 აშშ დოლარი, წლიური 60%-ის ოდენობით, ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო, დარჩენილი შესასრულებელი ვალდებულების 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული იქნა მოპასუხის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება ,,--------------–-------------------------------------–--------–------------.
მოპასუხემ სახელშეკრულებო ვალდებულებები დაარღვია 2016 წლის 28 ივნისიდან, მას გაეგზავნა შეტყობინებები. 2016 წლის 30 ივლისს მოვალემ შეასრულა მოთხოვნა და უზრუნველყოფის საგანი გადასცა კრედიტორს, რის შემდეგაც შეწყდა პირგასამტეხლოს დარიცხვა.
2016 წლის 27 ოქტომბერს მოხდა ა/მანქანის რეალიზაცია 9600 ლარად. ავტომობილის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის გამოკლებით, მოპასუხის დავალიანება საფინანსო ორგანიზაციის მიმართ შეადგენს 4810.44 აშშ დოლარს, რომელიც წარმოადგენს ძირითად თანხას.
ვინაიდან ორგანიზაციის საქმიანობაა სესხების გაცემა. მოპასუხის მიერ სესხის დროულად დაფარვის შემთხვევაში კომპანია ამ სახსრებს მიმართავდა ახალი სესხის გასაცემად და მიიღებდა მოგებას, რის გამოც მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს დავალიანების ცნობის გაცემიდან, სარჩელის აღძვრის დროისათვის მოსარჩელის მიუღებელი შემოსავლის თანხა, დავალიანების სესხის ძირ თანხაზე წლიური 60%-ის გათვალისწინებით რაც შეადგენს 600.20 აშშ დოლარს.
მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოთხოვნა დაუსაბუთებელი და არაადეკვატურია. არ მომხდარა ავტომობილის საბაზრო ფასის განსაზღვრა,მისი რეალიზაცია კანონდარღვევით მოხდა, ხოლო მიღებული თანხა არასწორად ჩაითვალა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოში.
შესაბამისად, მოითხოვა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოსა და პროცენტის თანხის შემცირება.
სასამართლო სხდომაზე კი, მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ა/მანქანა უნდა გასხვისებულიყო აუქციონზე, რადგან გირავნობის თანხა განსაზღვრული იყო 6000 აშშ დოლარით, რომელიც მთლიანად უზრუნველყოფდა მოპასუხის დავალიანების დაფარვას, ხოლო მას მხოლოდ 560 აშშ დოლარი დარჩებოდა გადასახდელი პროცენტის სახით. ამასთან აშკარად კანონშეუსაბამოა როგორც პროცენტის, ისე პირგასამტეხლოს ოდენობაც, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი.
ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
_ სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G----------ის“ (ს/კ 4--------) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
_ მოპასუხე ზ-----------–-----–ს (პ/ნ 6----------) სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G----------ის“ (ს/კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირი თანხის 4810.44 (ოთხიათას რვაასათი აშშ დოლარის და 44 ცენტი) აშშ დოლარის გადახდა;
_ მოპასუხე ზ-----------–-----–ს (პ/ნ 6----------) სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G----------ის“ (ს/კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის თანხის - 100.03 აშშ დოლარის გადახდა;
_ მოპასუხე ზ-----------–-----–ს (პ/ნ 6----------) სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G----------’-ის (ს/კ 4--------) სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაეკისრა 403.69 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენი ნაწილი - 41,11 ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში;
_ მოპასუხე ზ-----------–-----–ს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G----------’-ის (ს/კ 4--------) სასარგებლოდ ასევე დაეკისრა სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარის და ა/მანქანის დათვალიერება/შემოწმებაზე გადახდილი 20 ლარის ანაზღაურება;
_ მოსარჩელე სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------“-ს დაუბრუნდა სარჩელის უზრუნველყოფისათვის ზედმეტად გადახდილი 100 ლარი, რომელიც ამოირიცხა შემდეგი ანგარიშიდან: საგადახდო დავალება N 1484647017, გადახდის თარიღი - 17/01/2017 წ. გადამხდელის ბანკი: სს „თიბისი ბანკი“ TBCBGE22, მიმღები: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის ანგარიში/სახაზინო კოდი 300183150;
_ ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განჩინების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო მოპასუხე ზ-------------–-----–-ს კუთვნილ წილს უძრავ ქონებაზე, რომლის მახასიათებლებია: რაიონი ს--------------------–----------, ს/კ 3----------- - დარჩა უცვლელად.
სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელესა და ზ-----------–-----–ს შორის 2----–-–------------–- გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება #-----, ასევე №----- საკრედიტო ხელშეკრულება და №----- გირავნობის ხელშეკრულება, რომელთა საფუძველზე გაიცა სასყიდლიანი სესხი - 5927 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 60%-ის დარიცხვით, ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო, დარჩენილი შესასრულებელი ვალდებულების 1%-ის ოდენობით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.
უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული იქნა მოპასუხის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება ,,მ-------------–------------------------------------–--------–-----------
მოპასუხემ სახელშეკრულებო ვალდებულებები დაარღვია 2016 წლის 28 ივნისიდან.
2016 წლის 30 ივლისს მოვალემ უზრუნველყოფის საგანი გადასცა კრედიტორს, რის შემდეგაც შეწყდა პირგასამტეხლოს დარიცხვა. ხოლო 2016 წლის 27 ოქტომბერს ავტომანქანა გაიყიდა 9600 ლარად, რაც გააკლდა არსებული დავალიანების თანხას.
მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ. 2017 წლის 18 იანვრისათვის (სასესხო დავალიანება სარჩელის აღძვრის თარიღამდე) მოპასუხის დავალიანება შეადგენს ძირითადი თანხის სახით 4810.44 აშშ დოლარს.
საქმეში არსებული დაანგარიშების მიხედვით, სარჩელის სასამართლოში წარდგენის დროისათვის მოსარჩელის მიუღებელი შემოსავალია 600 აშშ დოლარი.
წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, ზ-----------–-----–მა, როგორც ავტომანქანის მფლობელმა სრული უფლება მიანიჭა სს ,,მისო ჯ-----------–ს’’, რათა მას მოეხდინა ავტომანქანის (გირავნობის საგნის) რეალიზაცია და მოეხდინა კრედიტორის უფლებების სრული დაკმაყოფილება, ან ავტომანქანა გადაეფორმებინა თავის სახელზე. მანვე დაადასტურა, რომ ა/მანქანის დაზიანების შემთხვევაში პასუხისმგებლობას იღებდა საკუთარ თავზე და მოსარჩელის მიმართ არანაირი პრეტენზია არ ექნებოდა.
ა/მანქანის გადაცემის და ვიზუალური დათვალიერების აქტის თანახმად, 2016 წლის 30 ივლისს ზ-----------–-----–-ს საკუთრებაში არსებული ა/მანქანის ,,მ-------------–-----------------------------------–--------–------------ სს,,მისო ჯ-----------–ისათვის’’ გადაცემის მომენტში მანქანა იყო ცარიელი, იმყოფებოდა სრულ კომპლექტაციაში, თუმცა გაფუჭებული იყო ძრავი და მანქანა არ იქოქებოდა. აქტს ხელს აწერენ ზ-----------–-----–- და კრედიტორის წარმომადგენლები დ-------------- და დ---------–-----–---–-.
სესხის ამონაწერის თანახმად, ზ-----------–-----–-საგან ზ/აღნიშნულ სესხზე მოსარჩელის მიერ მიღებული მატერიალური სიკეთე შეადგენდა 3986.71 აშშ დოლარს.
მოსარჩელესა და ფ/პ გ---------–----–---ს შორის 2----–-–------------------ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ა/მანქანის - ,,მ-------------–------------------------------------ გადმოყვანა სამტრედიიდან ქ-------ში განხორციელდა ევაკუატორით.
სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეებს შორის დადებულ იქნა საკრედიტო ხელშეკრულებები. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციას და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება, რის გამოც სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის პოზიცია ვალდებულების შესრულების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ა/მანქანა (გირავნობის საგანი) შეფასებული იყო 6000 აშშ დოლარად და ვინაიდან მისი გასხვისება არ მომხდარა აუქციონზე, გაიყიდა არარეალურ ფასად. ეს მოსაზრება მოკლებულია როგორც ფაქტობრივ, ასევე სამართლებრივ საფუძველს, ამიტომ სასამართლომ ჩათვალა, რომ სარჩელი - სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანი იყო.
სასამართლომ განმარტა, რომ ეროვნული ბანკის მიერ 2016 წლის აპრილისთვის სესხზე წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი უცხოურ ვალუტაზე ფიზიკური პირისათვის განსაზღვრული იყო 9,8 %-ით, რაც ყოველთვიურად შეადგენს 0.82%. მოსარჩელემ სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი (წლიური 60%) განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, რაც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ყოველთვიური პროცენტი არამართლზომიერია. მიუხედავად იმისა, რომ მითითებული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი მის მიერ მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულების მოცულობა, ისევე, როგორც ამ ვალდებულების დარღვევის შედეგად მისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა. მოვალის მიერ მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად, მან დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული სარგებლის სახით.
შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელემ მის მიერ მოთხოვნილი სარგებლის პროცენტის მართლზომიერება სსკ-ის 325-ე და 102-ე მუხლების შესაბამისად ვერ დაამტკიცა. ამიტომ მისი მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ იმ საპროცენტო სარგებლის ფარგლებში, რაც ეროვნული ბანკის საბაზრო განაკვეთების მიხედვით უცხოურ ვალუტაში 2016 წლის მდგომარეობით, კერძოდ, აპრილისათვის, საშუალოდ არ აღემატებოდა 10%-ს.
შესაბამისად, მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 100.03 აშშ დოლარის გადახდა (7 თვის წლიური 10%).
სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფლების საფუძვლად სასამართლომ მიუთითა: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 361-ე, 394-ე, 403-ე, 408-ე, 411-ე, 416-ე, 417-ე მუხლებზე;
სააპელაციო საჩივრების საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხე ზ-----------–-----–-ს მიერ გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით.
აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. აგრეთვე, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, კერძოდ, გადაწყვეტილება აბსოლუტურად დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სესხის უზრუნველყოფით დაგირავებული ავტომანქანა, რომელიც მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა 2016 წლის 30 ივლისს შეფასებული იყო 6000 აშშ დოლარად. სწორედ აღნიშნული თანხის საფასურად გადაეცა აღნიშნული ავტომანქანა საკუთრებაში მოსარჩელეს. მან კი ეს ავტომანქანა სამი თვის შემდეგ გაასხვისა 9 600 ლარად, რაც მოსარჩელის გამოანგარიშებით ამერიკულ დოლარში შეადგენდა 3 986 დოლარს.
მისი განცხადებიდანაც ნათლად ჩანს, რომ აღნიშნული ავტომანქანის გადაცემის საფუძველი იყო სესხის სრული დაფარვა, მოსარჩელემ კი მის საწინააღმდეგოდ აშკარა კაბალური მოქმედება შეასრულა. ასევე აშკარაა კაბალური ჯარიმა და პროცენტი.
ზემოთ მითითებული ავტომანქანის, რომლის საბაზრო ღირებულება მოსარჩელის შეფასებით შეადგენდა 6 000 აშშ დოლარს (თუმცა სინამდვილეში მისი საბაზრო ღირებულება გაცილებით მეტი იყო, რადგან ხსენებული ავტომანქანა წარმოადგენდა სამგზავრო მიკროავტობუსს), რეალიზაციას თვითონ მოახდენდა და გაცილებით მეტ თანხას მიიღებდა. აღნიშნული მოსაზრება კი სამწუხაროდ სასამართლოს მიერ სრულიად უსაფუძვლოდ არ იქნა გაზიარებული.
ყოველივე აღნიშნული სასამართლომ მოსარჩელეს სასარგებლოდ სრულიად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად გაიზიარა, რასაც მოყვა უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება.
სასამართლომ სრულიად უგულებელყო სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 115-ე მუხლები.
სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს, შეამოწმა და მისცა შეფასება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ ზ-----------–-----–-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; კერძოდ, ზ-----------–-----–ს მოსარჩელის სასარგებლოდ ნაცვლად 4810.44 აშშ დოლარისა უნდა დაეკისროს 3121.27 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
ამგვარ გადაწყვეტილებამდე პალატა შემდეგ გარემოებათა გამო მივიდა
პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ მოსარჩელესა და ზ-----------–-----–ს შორის 2----–-–------------–- გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება #-----, ასევე №----- საკრედიტო ხელშეკრულება და №----- გირავნობის ხელშეკრულება, რომელთა საფუძველზე გაიცა სასყიდლიანი სესხი - 5927 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 60%-ის დარიცხვით, ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო, დარჩენილი შესასრულებელი ვალდებულების 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული იქნა მოპასუხის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება ,,მ-------------–------------------------------------–--------–-----------
ამავე ხელშეკრულების თანახმად:
მსესხებლის მიერ ყოველი საკრედიტო ხელშეკრულებით (კრედიტის დაფარვის გრაფიკით) გათვალისწინებული კრედიტის ძირითადი თანხისა თუ საპროცენტო სარგებლის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში, კრედიტორი უფლებამოსილია დაარიცხოს, ხოლო ასეთ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის შესაბამისი საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით (3.1 პუნქტი);
თუ კრედიტორი სხვაგვარად არ გადაწყვეტს, პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება, მიუხედავად კრედიტორსა და მსესხებელს შორის დადებული ნებისმიერი ხელშეკრულების მოქმედებისა ან შეწყვეტისა, საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საერთო დავალიანების იძულებითი ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე (3.2 პუნქტი);
მსესხებელი ცალსახად აცხადებს თანხმობას წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში დადებული შესაბამისი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტის თანხის, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს, პირგასამტეხლოსა და სხვა გადასახდელების გადახდის შემდეგ თანმიმდევრობაზე: პირველ რიგში იფარება პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ დარიცხული საპროცენტო სარგებელი, შემდეგ საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ კრედიტის ძირითადი თანხა და ბოლოს სხვა გადასახდელები. აღნიშნული რიგითობა შესაძლებელია შეიცვალოს კრედიტორის ინდივიდუალური გადაწყვეტილებით (4.1 პუნქტი);
წინამდებარე ხელშეკრულებითა და მის ფარგლებში დადებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის ვალდებულებები და კრედიტორის მოთხოვნები უზრუნველყოფილია კრედიტორსა და მსესხებელს (მესაკუთრეს) შორის დადებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის ხელშეკრულებით (შემდეგში უზრუნველყოფის ხელშეკრულება) (6.1 პუნქტი);
იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გირავნობის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული თანხა ან გირავნობის საგნის ღირებულება სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით, მსესხებელი კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით (მათ შორის იმ ქონებით, რაც არ წარმოადგენს უზრუნველყოფის საგანს) (6.4 პუნქტი);
ხელშეკრულების პირობები დარღვეულად ჩაითვლება თუ მსესხებელი ვერ შეასრულებს ან ვერ დაიცავს კრედიტორსა და მსესხებელს შორის დადებული ნებისმიერი ხელშეკრულებით (წინამდებარე, საკრედიტო უზრუნველყოფის თუ სხვა ხელშეკრულებით) განსაზღვრულ ნებისმიერ ვალდებულებას/პირობას და ასეთი შეუსრულებლობა (დარღვევა) გაგრძელდება 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში (8.1.2 პუნქტი);
ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია კრედიტორის მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად შეასრულოს კრედიტორის მიმართ არსებული ყველა ვალდებულება (მათ შორის კრედიტის ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის, საკომისიოსა და პირგასამტეხლოს, ასევე ყველა სხვა არსებული დავალიანების ჩათვლით) (9.3 პუნქტი);
საქმეში წარმოდგენილი გადახდის გრაფიკის (ს/ფ 25) თანახმად, სესხზე გადასახდელი ძირი თანხა იყო 5,927.00 აშშ დოლარი, პროცენტი 6,967.74 აშშ დოლარი, რაც ჯამში წარმოადგენდა 12,894.74 აშშ დოლარს.
დადგენილია, რომ მოპასუხემ სახელშეკრულებო ვალდებულებები დაარღვია 2016 წლის 28 ივნისიდან.
2016 წლის 30 ივლისს მოვალემ უზრუნველყოფის საგანი გადასცა კრედიტორს, რის შემდეგაც შეწყდა პირგასამტეხლოს დარიცხვა, ანუ მოვალეს სესხზე დაერიცხა 32 დღის პირგასამტეხლო.
წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, ზ-----------–-----–მა, როგორც ავტომანქანის მფლობელმა სრული უფლება მიანიჭა სს ,,მისო ჯ-----------–ს’’, რათა მას მოეხდინა ავტომანქანის (გირავნობის საგნის) რეალიზაცია და მოეხდინა კრედიტორის უფლებების სრული დაკმაყოფილება, ან ავტომანქანა გადაეფორმებინა თავის სახელზე. მანვე დაადასტურა, რომ ა/მანქანის დაზიანების შემთხვევაში პასუხისმგებლობას იღებდა საკუთარ თავზე და მოსარჩელის მიმართ არანაირი პრეტენზია არ ექნებოდა.
ა/მანქანის გადაცემის და ვიზუალური დათვალიერების აქტის თანახმად, 2016 წლის 30 ივლისს ზ-----------–-----–-ს საკუთრებაში არსებული ა/მანქანის ,,მ-------------–-----------------------------------–--------–------------ სს,,მისო ჯ-----------–ისათვის’’ გადაცემის მომენტში მანქანა იყო ცარიელი, იმყოფებოდა სრულ კომპლექტაციაში, თუმცა გაფუჭებული იყო ძრავი და მანქანა არ იქოქებოდა. აქტს ხელს აწერენ ზ-----------–-----–- და კრედიტორის წარმომადგენლები დ-------------- და დ---------–-----–---–-.
მოსარჩელესა და ფ/პ გ---------–----–---ს შორის 2----–-–------------------ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ა/მანქანის - ,,მ-------------–------------------------------------ გადმოყვანა ს---------იიდან ქ-------ში განხორციელდა ევაკუატორით.
2016 წლის 27 ოქტომბერს ავტომანქანა გაიყიდა 9600 ლარად ანუ 3986 აშშ დოლარად.
საქმეში წარმოდგენილი ზ-----------–-----–-ს სესხის დავალიანების გაანგარიშებიდან (ს/ფ 42) ირკვევა, რომ ზ-----------–-----–-ს დავალიანება მოსარჩელის წინაშე წარმოადგენდა 8,797.15 აშშ დოლარს, საიდანაც: ჯარიმა (პირგასამტეხლო) იყო 1,876.85 აშშ დოლარი; პროცენტი - 998,57 აშშ დოლარი; ძირი - 5,865.15 აშშ დოლარი; ავტოტექმომსახურება - 8,31 აშშ დოლარი; ევაკუატორის ღირებულება - 23,36 აშშ დოლარი; ექსპერტის მომსახურების თანხა - 24,92 აშშ დოლარი.
ამავე ცნობიდან ირკვევა, რომ ავტომობილის გასხვისებიდან მიღებული თანხა 9600 ლარი ანუ 3986 აშშ დოლარი გააკლდა აღნიშნული დავალიანებას და დარჩა 4,810.44 აშშ დოლარი.
საქმეში არსებული დაანგარიშების მიხედვით, სარჩელის სასამართლოში წარდგენის დროისათვის მოსარჩელის მიუღებელი შემოსავალია 600 აშშ დოლარი.
დადგენილია, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის ყოველდღიური 1%. უდავოა და მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს, რომ ვადაგადაცილების პერიოდი ნამდვილად 32 დღეა.
სამართლებრივი დასაბუთება:
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს გირავნობით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებიდან, რომლის ფარგლებშიც სადავოა დაკისრებული პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობა.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
ამავე კოდექსის 403 მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
დადგენილია, რომ სესხი გაიცა პროცენტით. მხარეები შეთანხმდნენ მყარ საპროცენტო განაკვეთზე. ამდენად, პროცენტის განსაზღვრის ნაწილში მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმების საფუძვლები.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება მოპასუხის მიერ არ შესრულდა. მან დაარღვია სესხის ხელშეკრულებით დადგენილი თანხის გადახდის პირობები და დავალიანება არ გადაიხადა. შესაბამისად, მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულება და მოსარჩელე მხარემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების ფარგლებში მოითხოვა სესხის დაფარვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო მოსარჩელეს წარმოეშობა გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება.
სამოქალაქო კოდექსისი 256-ე და 276-ე მუხლები დისპოზიციური შინაარსის ნორმებია. ამ ნორმამ მხარეებს მიანიჭა უფლება თავად განსაზღვრონ გირავნობის საგნის რეალიზაციისას ამონაგები თანხის არასაკმარისად მიჩნევის შემთხვევაში, ჩაითვალოს თუ არა მოთხოვნა დაკმაყოფილებულად. თუ მხარეები ხელშეკრულებით ამ საკითხზე არ შეთანხმდებიან, მაშინ ამოქმედდება ზემოაღნიშნული მუხლები (ს.კ.-ის 256 მ. და 276 მ.) და გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა მიიჩნევა გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, თუნდაც თანხა საკმარისი არ იყოს უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად.
თუმცა, მოცემულ შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გირავნობის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული თანხა ან გირავნობის საგნის ღირებულება სრულად არ დაფარავდა უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით, მსესხებელი კრედიტორის წინაშე პასუხს აგებდა მთელი თავისი ქონებით (მათ შორის იმ ქონებით, რაც არ წარმოადგენს უზრუნველყოფის საგანს).
ამდენად, კრედიტორმა ისარგებლა სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მინიჭებული უფლებით და შეუთანხმდა მოვალეს, რომ თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნებოდა გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად ან/და გირავნობის საგნის პირდაპირ საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ დაფარავდა საკრედიტო მოთხოვნის ოდენობას, ვალდებულება შესრულებულად არ ჩაითვლებოდა და კრედიტორს რჩებოდა უფლება დარჩენილი ვალი ამოეღო მოვალის სხვა ქონებიდან. ასეთ შემთხვევაში, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლებოდა სრულად დაკმაყოფილებულად, მოთხოვნა ჩაითვლებოდა მხოლოდ იმ ნაწილში დაკმაყოფილებულად, რასაც გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა ან მისი ღირებულება დაფარავდა.
დადგენილია, რომ გირავნობის საგანი, ავტომანქანა 2016 წლის 27 ოქტომბერს, იმ დროისათვის არსებული საბაზრო ფასების და ავტომანქანის ტექნიკური მდგომარეობის (იგი იყო დაზიანებული) შესაბამისად გაიყიდა 9600 ლარად, რაც შეადგენდა 3,986.71 აშშ დოლარს. შედეგად მოპასუხე მხარის მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულება შემცირდა 3,986.71 აშშ დოლარით. გადასახდელი დავალიანება კი დარჩა 4,810.44 აშშ დოლარი.
საქმეში წარმოდგენილია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია კრედიტორის მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად შეასრულოს კრედიტორის მიმართ არსებული ყველა ვალდებულება, მათ შორის კრედიტის ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის, საკომისიოსა და პირგასამტეხლოს, ასევე ყველა სხვა არსებული დავალიანების ჩათვლით.
მსესხებლის მიერ ყოველი საკრედიტო ხელშეკრულებით (კრედიტის დაფარვის გრაფიკით) გათვალისწინებული კრედიტის ძირითადი თანხისა თუ საპროცენტო სარგებლის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში, კრედიტორი უფლებამოსილია დაარიცხოს, ხოლო ასეთ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის შესაბამისი საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით. თუ კრედიტორი სხვაგვარად არ გადაწყვეტს, პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება, მიუხედავად კრედიტორსა და მსესხებელს შორის დადებული ნებისმიერი ხელშეკრულების მოქმედებისა ან შეწყვეტისა, საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საერთო დავალიანების იძულებითი ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე.
გამომდინარე აღნიშნულიდან, იმისდა მიუხედავად რომ ხელშეკრულება შეწყდა მხარეთა შორის, ამავე ხელშეკრულებით მსესხებელს, ზ-----------–-----–ს ჰქონდა ნაკისრი ვალდებულება, სესხის თითოეული დარჩენილი ნაწილის ვადაგადაცილების პერიოდში რიცხული სარგებლის გადახდისა. მხარეთა ზემოთ აღნიშნულ შეთანხმებას კანონიერი საფუძველიც გააჩნია. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლი.
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე მუხლებზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც მთავარია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; სუსგ №ას-222-209-2015, 6 მაისი, 2015 წელი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს საქმის კონკრეტულ გარემოებებს, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან და აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიური 1% შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს 10-ჯერ და გამოაკლდეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ დავალიანებას.
ამდენად, პირგასამტეხლო 1876,85 აშშ დოლარი უნდა შემცირდეს 187,68 აშშ დოლარამდე, ხოლო მათ შორის სხვაობა - 1689,17 აშშ დოლარი უნდა გამოაკლდეს მოპასუხის დავალიანებას (1876,85-187,68=1689,17).
შესაბამისად, საბოლოო ჯამში ზ-----------–-----–-ს დავალიანება მოსარჩელის წინაშე ნაცვლად 4810,44 აშშ დოლარისა წარმოადგენს 3121,27 აშშ დოლარს (4810,44-1689,17=3121,27), რაც უნდა დაეკისროს გადასახდელად.
საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, ზ-----------–-----–ს სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G----------’-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 93,6 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის (256,54 ლარი) ანაზღაურება, ხოლო სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G----------’-ს ზ-----------–-----–-ს სასარგებლოდ - 67,56 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის (182,4 ლარი) ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1. ზ-----------–-----–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების 1.1 და 2 პუნქტები, რომლითაც ზ-----------–-----–ს სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G----------’-ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირი თანხა 4810,44 აშშ დოლარი; ასევე მოსარჩელის სასარგებლოდ 403,69 ლარი და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G----------’-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. დაეკისროს ზ-----------–-----–ს სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G----------’-ის სასარგებლოდ ნაცვლად 4810,44 აშშ დოლარისა 3121,27 აშშ დოლარი;
5. დაეკისროს ზ-----------–-----–ს სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G----------’-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი - 93,6 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (256,54 ლარი);
6. დაეკისროს სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G----------’-ს ზ-----------–-----–-ს სასარგებლოდ - 67,56 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (182,4 ლარი);
7. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
10. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-8-11 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: თამარ სვანიძე