განაჩენი

სისხლის სამართლის 17.06.2019
საქმის ნომერი
330100114441676
ინსტანცია
თარიღი
17.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100114441676

საქმე №1ბ/348-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

03 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ლევან თევზაძე

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ვ-------–-----–---–ის,ადვოკატ - ც------------–---–ის,მსჯავრდებულ - უ------------ას მონაწილეობით,საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ვ-------–-----–---–ის და მსჯავრდებულ უ------------ას ადვოკატ ც------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

უ------------ას მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ------–---------------–-------------------------–----------------------, ბინა N--; დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბარლდების მიხედვით:

 

უ------------ა ბრალდებულად იქნა ცნობილი მასზედ, რომ ჩაიდინა სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

მანვე, ჩაიდინა სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ოფიციალურ დოკუმენტში ან დავთარში ყალბი ჩანაწერის შეტანა, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შერეულ საავიაციო ბაზის ს----------------------- უფროსს უ------------ას, 2011 წლის იანვრიდან, 2013 წლის იანვრამდე პერიოდში ოფიციალურ დოკუმენტში, სახელფასო უწყისში და რეესტრში, შეჰქონდა ყალბი ჩანაწერი, რის შედეგად სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა 78 000 ლარის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 დეკემბრის განაჩენით:

 

უ------------ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე; უ------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 15 000 (თხუთმეტიათასი) ლარის ოდენობით.

 

უ------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ უ------------ას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 15 000 (თხუთმეტიათასი) ლარის ოდენობით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენით დაადგინა, რომ:

 

უ------------ამ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დიდი ოდენობით დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

 

მანვე ჩაიდინა სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ოფიციალურ დოკუმენტში ან დავთარში ყალბი ჩანაწერის შეტანა, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით,მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შერეულ საავიაციო ბაზის ს----------------------- უფროსს უ------------ას 2011 წლის იანვრიდან 2013 წლის იანვრამდე პერიოდში ოფიციალურ დოკუმენტში, სახელფასო უწყისში და რეესტრში, შეჰქონდა ყალბი ჩანაწერი, რის შედეგად მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას 78 000 ლარს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა ვ-------–-----–---–მა და მსჯავრდებულ უ------------ას ადვოკატმა ც------------–---–მა.

 

ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და უ------------ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში; ასევე, მისთვის უფრო მკაცრი სახის სასჯელის განსაზღვრა.

 

აპელანტის მტკიცებით, განაჩენი მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას და არ გამომდინარეობს მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფატობრივი გარემოებებიდან, ვინაიდან სახეზე გვაქვს სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ყველა აუცილებელი ელემენტი: როდესაც თანამდებობის პირი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იწყებს აქტიურ მოქმედებას და იმ მიზნით, რომ სხვისი თანხა მიუერთოს თავისას, ამისთვის წინასწარ მესაკუთრის ქონებრივი ფონდიდან ამ ქონებას აცალკევებს. პროკურორი განმარტავს, რომ აღსანიშნავია დამნაშავის განზრახვაც, როდესაც იგი ხელმძღვანელობს ანგარების მოტივით და მიზნად აქვს დასახული უკანონო შემოსავლის მიღება სხვის ხარჯზე. უ------------ას მიმართ დადგენილი განაჩენი შეიცავს მსჯელობას და ყურადღებაა გამახვილებული მხოლოდ მართლზომიერ მფლობელობის ცნებასთან დაკავშირებით და მასში არ ვხვდებით მსჯელობას მართლზომიერ გამგებლობის ცნებაზე, რასთანაც სწორად მოცემულ შემთხვევაში გვაქვს საქმე. ამ დროს სწორად გასაანალიზებელი და შესაფასებელია ის ფაქტი, რომ ცენტრალური ხაზინა ასრულებდა მხოლოდ ფორმალურ, მექანიკურ მოქმედებას, როდესაც უ------------ას მიერ შედგენილი ყალბი უწყისების საფუძველზე თანხას ანაწილებდა თანამშრომლების სახელფასო ანგარიშებზე და ხაზინის ფუნქცია-მოვალეობებიდან გამომდინარე, მის ვალდებულებას არ წარმოადგენდა მისთვის გადაგზავნილი სახელფასო უწყისების სისწორის შემოწმება, სწორედ ამაში მდგომარეობს სახელმწიფო მოხელის (ამ შემთხვევაში უ------------ას) მოვალეობა და ვალდებულება, კეთილსინდისიერად განკარგოს, ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს ის თანხები, რომლებიც მის მიერ შედგენილი დოკუმენტის საფუძველზე გადამოწმების გარეშე უნდა გამოყოს სახელმწიფო ხაზინამ. პროკურორი ასკვნის, რომ რეალობის გათვალისწინებით და სწორად შეფასებით ცხადია - სწორედ უ------------ა განკარგავდა, პირადი შეხედულებით ანაწილებდა და ითვისებდა თანხებს. ასევე, უსამართლო და დაუსაბუთებელია განაჩენი სასჯელის განსაზღვრის ნაწილში, კერძოდ უ------------ას ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა მხოლოდ ჯარიმა 15000 ლარის ოდენობით, მაშინ როცა საქმე გვაქვს ეკონომიკურ დანაშაულის ჩადენასთან, რის შედეგადაც სახელმწიფოს მიადგა 78 000 ლარის ზიანი.

 

დაცვის მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და უ------------ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. ასევე ადვოკატი უთითებს, რომ უ------------ას მიერ თანხების დაუფლება გამოწვეული იყო უკიდურესი აუცილებლობით, რის გამოც მისი ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო.

 

აპელანტების მტკიცებით, საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადატურებდა, რომ უ------------ა თავდაცვის სამინისტროში იკავებდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების შერეული საავიაციო ბაზის ს----------------------- უფროსი-ფინანსისტის თანამდებობას. შრომითი ხელშეკრულება უ------------ასთან არ არსებობდა, არსებობდა მხოლოდ მინისტრის ბრძანება, მაგრამ მინისტრების ასეთი ბრძენებების მიღების სამართლებრივი საფუძველი სწორედაც რომ შრომითი ხელშეკრულებებია, რაც ამ შემთხვევაში არ არსებობს. ამასთან, დაცვის მხარის მტკიცებით, უ------------ას არანაირი შემხებლობა არ ქონდა სახელფასო თანხების თანამშრომლობაზე განაწილებასთან, მათ შორის არ ქონდა შემხებლობა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ თანხებთან, რომლის მითვისებასაც ბრალდება ედავება. წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს არც მოტყუების ფაქტები, იმიტომ, რომ თვითოეულ უწყისზე თვითოეული ის მაღალი თანამდებობის პირები აწერდნენ ხელს, ურომლისოდაც ხელფასებს ვერავინ ვერ მიიღებდა. თითოეული ეს მაღალი თანამდებობის პირი ხედავდა უწყისებში ხელფასების გასაცემი თანხების ოდენობებს. ყოველივე აღნიშნულთან ერთად, დაცვის მხარე უთითებს, რომ უ------------ა იღებდა იმ თანხებს, რაც მას ესაჭიროებოდა მკურნალობისათვის - საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად და ამიტომ საქმე გვაქვს უკიდურეს აუცილებლობასთან. საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად ყველა ქმედება უნდა იქნეს მიჩნეული მართლზომიერად, თუკი სხვისი სიცოცხლე და ჯანმთელობა არ არის ხელყოფილი, ვინაიდან ზოგადად სიცოცხლეა ყველაზე დიდი სიკეთე, მითუმეტესს ამ შემთხვევაში როცა უარესი შედეგი ნამდვილად არ არსებობს.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ვ-------–-----–---–მა მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

მსჯავრდებულმა უ------------ამ და მისმა ადვოკატმა მოითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას - უ------------ას მიერ ჩადენილი ქმედებების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 341-ე მუხლით დაკვალიფიცირების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულის წარმომადგენელმა ს--------–-------–---–მა განაცხადა, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. მისი განმარტებით, უ------------ას მიყენებული ზიანი 25000 ლარის ფარგლებში აქვს ანაზღაურებული, ხოლო დანარჩენ ნაწილზე დაზარალებულის მხრიდან არსებობს პრეტენზია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე გ---------------–---–მა განაცხადა, რომ 2013 წლის იანვრის თვეში დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შერეულ საავიაციო ბაზის ს----------------------- უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, სადაც მან შეცვალა უ------------ა. მეთაურის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა გადაბარების კომისია, იგი აღრიცხავდა ბაზის საფინანსო დოკუმენტაციას, რის გამოც კონსულტაციის გავლის მიზნით შეხვდა ზემდგომ საფინანსო ორგანოს ფინანსისტს ი------------------–-–---–ს. ი------------------–-–---–თან მისი საუბარი შეეხებოდა მის თანამდებობრივ სარგოს, რა დროსაც ი------------------–-–---–ის მიერ წარდგენილი იქნა უ------------ას მიერ შედგენილი სექტემბრის თვის სახელფასო რეესტრი. მასში უ------------ას ხელფასის სახით დაფიქსირებული იყო თანხა - 8812 ლარი, ხოლო ქვედანაყოფის სახელფასო რეესტრში უ------------ას ხელფასად დაფიქსირებული იყო 812 ლარი. მსგავსი გარემოებები იკვეთებოდა სხვა თვეების სახელფასო რეესტრებშიც, სადაც ცდომილება იყო ქვედანაყოფის რეესტრებსა და თავდაცვის სამინისტროში გაგზავნილ რეესტრებს შორის. მან გამოვლენილი უზუსტობა აცნობა მეთაურ ს-------------ს, შემდეგ კი - სამხედრო პოლიციას და საფინანსო სამსახურს. მოწმის განმარტებით, ქვედანაყოფში ხელფასის ოდენობა რეგულირდება თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, თავდაპირველად დგება უწყისი, შემდეგ კი სახელფასო რეესტრი, რომლის ერთი პირი რჩება ქვედანაყოფში, ხოლო მეორე პირი იგზავნება ზემდგომ საფინანსო ორგანოში. სახელფასო რეესტრებს ადგენდა უ------------ა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ი------------------–-–---–მა, განაცხადა, რომ არის სახმელეთო ჯარების სარდლობის საფინანსო განყოფილების უფროსი. მის სამსახურში საავიაციო ბაზის საფინანსო სამსახურიდან მიდის წერილობით მოთხოვნა ხელფასების თაობაზე, რომელსაც ერთვის სახელფასო რეესტრი და დანართი, მათთან ხდებოდა შეჯამება და შემდეგ იგზავნებოდა თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში. განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, მისთვის ცნობილია, რომ 2013 წლის დასაწყისში თანამდებობრივად უ------------ას შემცვლელ გ---------------–---–თან ერთად შეამოწმა სახელფასო რეესტრი, სადაც მითითებული იყო, რომ ფინანსისტის შრომის ანაზღაურება იყო 8812 ლარი. ამ თანხის სისწორე ქვედანაყოფში გადაამოწმა გ---------------–---–მა და აღმოჩნდა, რომ რეესტრში მითითებული იყო არასწორი თანხა. კერძოდ, მოწმის სამსახურში მისულ რეესტრში იყო 8000 ლარით მეტი თანხა მითითებული, ვიდრე ქვედანაყოფში არსებულ დოკუმენტებში. რეესტრში მითითებული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლები არიან თვითონ ქვედანაყოფის საფინანსო სამსახურები. ხელფასების ოდენობა თავდაცვის სამინისტროში რეგულირდება მინისტრის ბრძანებებით, სადაც თანხები მითითებულია საშტატო კატეგორიების მიხედვით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე გ---------------–---–მა განაცხადა, რომ 2011 წლის მდგომარეობით მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების შერეული საავიაციო ბაზის სერჟანტად. ხსენებული წლის აპრილის თვეში სახელფასო ანგარიშზე დაერიცხა 2000 ლარით მეტი ხელფასი. ზედმეტად დარიცხული თანხა მან საფინანსო სამსახურში დააბრუნა, კერძოდ გადასცა უ------------ას. ამ უკანასკნელმა განუცხადა, რომ ტექნიკური შეცდომის გამო დაერიცხა 2000 ლარით მეტი, რომელიც ბიუჯეტში უნდა დაბრუნებულიყო. რაიმე სახის დოკუმენტი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით არ შემდგარა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ს-------------მ განაცხადა, რომ 2012 წლიდან დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შერეულ საავიაციო ბაზის მეთაურად, ხოლო ამავე ქვედანაყოფის ს----------------------- უფროსად დაინიშნა უ------------ა. ეს უკანასკნელი ამზადებდა ყველა დოკუმენტაციას თანამშრომლების ხელფასებთან და მატერიალურ-ტექნიკური ქონების შეძენასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ხელმოსაწერად შექონდა მასთან. მოწმის მიერ ხელმოწერის შემდეგ ეს დეკუმენტები მიდიოდა შტაბის უფროსთან და შემდეგ - ზემდგომ საფინანსო სამსახურებში. ხსენებულ დოკუმენტებში ასახული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელი იყო უ------------ა. უ------------ას ხელფასი შეადგენდა დაახლოებით 800-900 ლარს, რაც განისაზღვრება მინისტრის ბრძანების საფუძველზე. ბრალდებულის სამსახურიდან წასვლის შემდეგ ახალმა ფინანსისტმა გ---------------–---–მა აღმოაჩინა უ------------ას დარღვევები. კერძოდ, მას ყოველთვიური ანაზღაურების სახით რა თანხაც ერიცხებოდა, არ იყო რეალური ხელფასი. მის ქვედანაყოფში არსებულ დოკუმენტებსა და ზემდგომ საფინანსო სამსახურში არსებულ დოკუმენტებში უ------------ას ხელფასის სხვაობა იყო დაახლოებით 8000 ლარი. მოგვიანებით საუბარში უ------------ამ აღნიშნა, რომ ქვედანაყოფის სახელფასო დოკუმენტაციაში უთითებდა თავის რეალურ ხელფასს, ხოლო ზემდგომ საფინანსო ორგანოში გასაგზავნ სახელფასო დოკუმენტაციაში ზრდიდა ხელფასის ოდენობას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე თ----------–---მ განაცხადა, რომ მუშაობს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში. ხელფასის თაობაზე პირველადი დოკუმენტაცია მუშავდება ქვედანაყოფის საფინანსო სამსახურში, შემდეგ ქვედანაყოფის მეთაური ამოწმებს მას და აწერს ხელს, რაც ტარდება კანცელარიაში, ენიჭება ნომერი და ბოლოს, სახელფასო დოკუმენტაცია ეგზავნება ზემდგომ საფინანსო სამსახურს. კონკრეტულ შემთხვევაში, შერეული საავიაციო ბაზიდან სახმელეთო ჯარების სარდლობაში იგზავნება სახელფასო დოკუმენტაცია, რაც თავის მხრივ ეგზავნება თავდაცვის სამინისტროს ფინანასების მართვის დეპარტამენტს. ფინანსების მართვის დეპარტამენტში უ------------ას ხელმოწერით ხელფასების თაობაზე მომართვა არ შესულა. მას სახმელეთო ჯარების სარდლობაში უნდა შეეტანა მომართვა ხელმოსაწერად. მოწმემ განმარტა, რომ თანხის ოდენობის განსაზღვრა ხდება პირველადი დოკუმენტებით, ფინანსების მართვის დეპარტამენტში არ მოწმდება, თუ რამდენად სწორია მოთხოვნა თანხებთან დაკავშირებით, დეპარტამენტიდან ხორციელდება მხოლოდ გადახდა. გადარიცხვა ხდება ცენტრალური ხაზინიდან, ფინანსების მართვის დეპარტამენტიდან მიწოდებული რეკვიზიტების მიხედვით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ა-–--------------------–---–მა აღნიშნა, რომ მუშაობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპატრამენტის საფინანსო სამმართველოს უფროსის პოზიციაზე. სამხედრო მოსამსახურის ხელფასის დაანგარიშება ხდება იმ ქვედანაყოფის საფინანსო სამსახურში, სადაც სამხედრო მოსამსახურე მსახურობს. პირველადი დოკუმენტაცია ქვედანაყოფში ინახება, შემდეგ დგება სახელფასო რეესტრი, რომელსაც ხელს აწერს ფინანსისტი და ქვედანაყოფის ხელმძღვანელი. სახელფასო რეესტრი იგზავნება სახმელეთო ჯარების სარდლობის საფინანსო სამსახურში, სადაც დგება ნაერთი და იგზავნება თავდაცვის სამინისტროს საფინანსო განყოფილებაში, რის შემდეგაც ხდება თანხის აღრიცხვა ანგარიშზე. ქვედანაყოფის მეთაურს არ გააჩნია კონტროლი ხელფასის თაობაზე, იგი ენდობა ფინანსისტს. ასევე კონტროლის მექანიზმი არ გააჩნია სახმელეთო ჯარების სარდლობას, სადაც ერთიანდება ყველა წარდგენილი ინფორმაცია ხელფასების თაობაზე და არც თავდაცვის სამინისტროს საფინანსო სამსახურს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე რ------------მ განაცხადა, რომ 2012 წლის მდგომარეობით მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების შერეულ საავიაციო ბაზაზე შტაბის უფროსის თანამდებობაზე. შერეული საავიაციო ბაზის ს----------------------- უფროსად მუშაობდა უ------------ა, რომელსაც ევალებოდა დროულად მოემზადებინა სახელფასო უწყისები და სახელფასო რეესტრი, დროულად გაეგზავნა ზემდგომ საფინანსო სამსახურში, რათა მომხდარიყო სამხედრო მოსამსახურეებზე ხელფასების დარიცხვა. მას, როგორც შტაბის უფროსს, ევალებოდა მხოლოდ ბეჭდის დასმა უ------------ას მიერ მომზადებულ უწყისებზე, სხვა მხრივ მათ არ ამოწმებდა.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე რ------------------მ, რომელიც 2008 წლიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საავიაციო ბაზის კადრების უფროსის თანამდებობაზე. იგი უ------------ას მიერ უწყისების წარდგენის დროს ამოწმებდა მასში მითითებული თანამშრომლების რაოდენობას, სახელებს და გვარებს.

 

რევიზიის აქტის თანახმად, 2011 წლის პირველი იანვრიდან, 2013 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში, შერეული სატრანსპორტო საავიაციო ბაზის საფინანასო სამსახურის უფროსის უ------------ას მიერ ზედმეტად ხელზე მიღებულმა თანხამ ხელფასის სახით სულ შეადგინა 76 000 ლარი, მათ შორის: 2011 წელს შეადგინა 20 000 ლარი, ხოლო 2012 წელს კი 56 000 ლარი. 2011 წელს შერეული სატრანსპორტო საავიაციო ბაზის უმცროსი სერჟანტის გ---------------–---–ის ზედმეტად ხელზე მიღებულმა თანხამ ხელფასისა და პრემიის სახით შეადგინა 2 720 ლარი, მათ შორის: ხელფასის სახით 2000 ლარი, პრემიის სახით 720 ლარი. 2011 წლის ივლისის თვეში შერეული სატრანსპორტო საავიაციო ბაზის ყოფილი უფროსის მ--–---------------ს ზედმეტად ხელზე მიღებულმა თანხამ ხელფასის სახით შეადგინა 3000 ლარი. ჯამში მთლიანად შერეული სატრანსპორტო საავიაციო ბაზაზე ზედმეტად გაცემულმა თანხამ ხელფასის და პრემიის სახით შეადგინა 81 720 ლარი. ზედმეტად გაცემული თანხის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს საქართველოს ბანკის მიერ გაცემული ნაერთი ამონაწერი უ------------ას, მ--–---------------ს და გ---------------–---–ის პირადი ანგარიშიდან. აღნიშნული აქტის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ნ------------–---------------------–---–მა.

 

ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 2011 წლის იანვრიდან, 2013 წლის იანვრამდე პერიოდში, შერეული სატრანსპორტო საავიაციო ბაზის თანამშრომლებზე: უ------------ა, მ--–--------------- და გ---------------–---–ი, სულ არასწორად გაცემული ხელფასი ხელზე შეადგენს 81 000 ლარს, საიდანაც 2011 წელს არასწორადაა გაცემული - 25 000 ლარი, 2012 წელს - 56 000 ლარი. მათ შორის: 2011 წელს უ------------აზე არასწორადაა გაცემული 20 000 ლარი, მალხაზ ხომერიკზე - 3 000 ლარი და გ---------------–---–ზე - 2 000 ლარი, ხოლო 2012 წელს უ------------აზე არასწორად გაცემული ხელფასი შეადგენს 56 000 ლარს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა-----–----–---–-ა.

 

ხელწერილის ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ხელმოწერები, უ------------ას სახელით (ტექსტის სახით), განლაგებული: შერეული საავიაციო ბაზა 2012 წლის ხელფასის რეესტრში, სადაც უ------------ას სახელის და გვარის გასწვრივ მითითებულია თანხა: 4------, მაისის თვის პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე გვერდებზე მარჯვენა ქვედა მხარეს, შესრულებულია უ------------ას მიერ. ხელმოწერები, უ------------ას სახელით (შტრიხული ხელმოწერები) განლაგებულია: შერეული საავიაციო ბაზა 2012 წლის ხელფასის რეესტრში, სადაც უ------------ას სახელის და გვარის გასწვრივ მითითებულია თანხები: 4------, მაისის თვის ყველა გვერდზე, მარჯვენა ქვედა მხარეს და ბოლო გვერდზე, გრაფაში: „ს----------------------- უფროსი ს/პ“; 4------ ივნისის თვის ყველა გვერდზე, მარჯვენა ქვედა მხარეს და ბოლო გვერდზე, გრაფაში: „ს----------------------- უფროსი ს/პ“; 4------, ივლისის თვის ყველა გვერდზე, მარჯვენა ქვედა მხარეს და ბოლო გვერდზე, გრაფაში: „ს----------------------- უფროსი ს/პ“; 4------, აგვისტოს თვის ყველა გვერდზე, მარჯვენა ქვედა მხარეს და ბოლო გვერდზე, გრაფაში: „ს----------------------- უფროსი ს/პ“; 8------ სექტემბრის თვის ყველა გვერდზე, მარჯვენა ქვედა მხარეს და ბოლო გვერდზე, გრაფაში: „ს----------------------- უფროსი ს/პ“, 9136.80 ოქტომბრის თვის ყველა გვერდზე, მარჯვენა ქვედა მხარეს და ბოლო გვერდზე, გრაფაში: „ს----------------------- უფროსი ს/პ“; 8------ ნოემბრის თვის ყველა გვერდზე, მარჯვენა ქვედა მხარეს და ბოლო გვერდზე, გრაფაში: „ს----------------------- უფროსი ს/პ“, შესრულებულია უ------------ას მიერ. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ----------მ.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის N3--- ბრძანების თანახმად, უჩა გიორგის ძე ბოკუჩავა დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების შერეული საავიაციო ბაზის ს----------------------- უფროსად-ფინანსისტად 2011 წლის 1 ნოემბრიდან (საშტატო კატეგორია „მაიორი“; შტატი N8--------), გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების შერეული სატრანსპორტო საავიაციო ბაზის ს----------------------- ბუღალტერ-ხაზინადარის თანამდებობიდან (საშტატო კატეგორია „კაპრალი (სპეც)“; შტატი N8-------).

 

ბრალდებულმა უ------------ამ განაცხადა, რომ 2005 წლიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2010 წლიდან კი თავდაცვის მინისტრის ბრძანებით საავიაციო ბაზის ფინანასურ სამსახურში დაიწყო მუშაობა. მასთან შრომითი ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს არ გაუფორმებია, არ იცოდა რეალურად რამდენი იყო მისი ყოველთვიური ხელფასი; მიუხედავად ამისა, იცოდა მისი უფლება-მოვალეობები ფინანსურ სამსახურში. აღმოაჩნდა მძიმე დაავადება, თუმცა დამალა სამსახურის დაკარგვის შიშით. ვინაიდან მკურნალობა სოლიდურ ხარჯებს მოითხოვდა, იძულებული გახდა გაეზარდა სახელფასო თანხები. მანვე განმარტა, რომ არ უარყოფს სახელმწიფო ხაზინისათვის ზიანის მიყენებას, მის მიერ ანაზღაურებული იქნა მიყენებული ზიანის მესამედი და გამოთქვამს მზადყოფნას, აანაზღაუროს თანხის დარჩენილი ნაწილი, თუ რათქმაუნდა, თავდაცვის სამინისტრო შეუწყობს ხელს და მოხდება თანხის განწილვადება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გულისხმობს მაღალი დამაჯერებლობის ხარისხის მქონე მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

რაც შეეხება ქმედების გადაკვალიფიცირების საკითხს, პალატა განმარტავს, რომ აღნიშნულს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთის მხრივ იმიტომ, რომ პირს იმაზე მეტ დანაშაულში არ დაედოს მსჯავრი, რაც არ ჩაუდენია და, მეორე მხრივ, საერთოდ არ გამოირიცხოს პირს ბრალეულობა დანაშაულში. გადაკვალიფიცირება დასაშვებია მხოლოდ იმავე ხარისხის, ან მსუბუქ ბრალდებაზე.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზეც, რომელიც, გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში, განაჩენში ცვლილების შეტანას არ მიიჩნევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი განხილვის უფლება) საწინააღმდეგოდ. კერძოდ, ევროპული სასამართლოს აზრით, იმის შეფასებისას სამართალწარმოება მთლიანობაში იყო თუ არა სამართლიანი, დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლა არ არღვევს დაცვის მხარის უფლებებს, თუკი საქმის ზემდგომი ინსტანციაში განხილვისას მას მიეცემა თავის დაცვის საკმარისი საშუალებები. პირველ რიგში, ამისათვის მას უნდა მიეცეს საქმის გასაჩივრების უფლება და ახალი კვალიფიკაციის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების საშუალება. გარდა ამისა, ევროპული სასამართლო დიდ ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, თუ რამდენად შეიცვალა დანაშაულის მაფუძნებელი ნიშნები.

 

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთანალიზიდან გამომდინარე, პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას უ------------ას უდანაშაულობასთან დაკავშირებით. პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ უ------------ას მიერ იმ ქმედების ჩადენა, რისთვისაც იგი დამნაშავედ ცნო პირველი ინსტანციის სასამართლომ; სახეზეა ყველა ის ნიშანი, რაც ახასიათებს აღნიშნულ დანაშაულს და რაც აუცილებელია მითითებული ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის.

 

პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, განზრახ დანაშაულს წარმოადგენს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. აღნიშნული ინკრიმინირებული ქმედების სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს შეგნებული აქვს, რომ იგი მოტუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა. ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა - მოტყუებით და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლოს სხვის ნივთს, ან მიიღოს ქონებრივი უფლება. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებიდან თაღლითობა გამოირჩევა მისი ჩადენის ხერხით, რადგან ამ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ქონების დაუფლება ხდება არა ფარულად ან ძალადობის გამოყენებით, არამედ დაზარალებულის მოტყუებით, ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის გზით, რის შედეგადაც ქონების გადაცემა დაზარალებულის მხრიდან ხდება ნებაყოფლობით. მოტყუების მიზნით ხშირია ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტებიც. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვის ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში. შესაბამისად, თაღლითობა მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, სსკ-ის 177-ე-1891-ე მუხლები), დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარის ზევით.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლის დისპოზიციაზეც, რომლის თანახმადაც დასჯად ქმედებას წარმოადგენს სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ოფიციალურ დოკუმენტში ან დავთარში ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანა, ანდა ყალბი დოკუმენტის შედგენა ან გაცემა, აგრეთვე საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის საქმეში არსებული ოფიციალური ან კერძო დოკუმენტის გაყალბება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით. ოფიციალური დოკუმენტი ის აქტია, რომელიც გამომდინარეობს შესაბამისი ორგანიზაციიდან, ხელმოწერილია ოფიციალური პირის მიერ და ადასტურებს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე გარკვეულ ფაქტს ან გარემოებას. ყველა შემთხვევაში ოფიციალური დოკუმენტი გარკვეულ იურიდიულ შედეგს უნდა წარმოშობდეს.

 

დაცვის მხარის პოზიცია უ------------ას სრულ უდანაშაულობასთან დაკავშირებით იმთავითვე ბათილდება საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების საერთო ანალიზის საფუძველზე. კერძოდ:

 

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური იყოფა: სავალდებულო, საკონტრაქტო, კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტია, რომ უ------------ა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების შერეული საავიაციო ბაზის ს----------------------- უფროსად - ფინანსისტად დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად და შესაბამისად, იყო კადრის სამხედრო მოსამსახურე. ამასთან, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, „სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა, სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა და საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ოდენობები და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.“ გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმეებმა გ---------------–---–მა, ი------------------–-–---–მა და ს-------------მ დაადასტურეს, რომ თავდაცვის სამინისტროში ხელფასების ოდენობა და მათ შორის ერთ-ერთ ქვედანაყოფში მომუშავე უ------------ას, როგორც ქვედანაყოფის ფინანსისტის ხელფასის ოდენობაც, დარეგულირებულია თავდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით. ამდენად, ყოველგვარ საფუძველს და სამართლდებრივ დასაბუთებას მოკლებულია დაცვის მხარის ვერსია, რომ თითქოს თავდაცვის სამინისტროს მიერ უ------------ასთან უნდა გაფორმებულიყო შრომითი ხელშეკრულება, სადაც განისაზღვრებოდა ამ უკანასკნელის თანამდებობა, შრომითი ანაზღაურება და სწორედ ამის შემდეგ იქნებოდა დადასტურებულად მიჩნეული, რომ უ------------ა იყო სახმელეთო ჯარების შერეული საავიაციო ბაზის ს----------------------- უფროსი.

 

პალატა ასევე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ უ------------ას არანაირი შემხებლობა არ ქონია მის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითეთებულ თანხებთან. საქმის არსებითი განხილვისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებმა: გ---------------–---–მა, ი------------------–-–---–მა, ს-------------მ, თ----------–---მ, ა-–--------------------–---–მა, რ------------მ და რ------------------მ იდენტურად მოახსენეს სასამართლოს, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ხელფასის თაობაზე პირველადი დოკუმენტაცია მუშავდება შესაბამისი ქვედანაყოფის საფინანსო სამსახურში. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების შერეულ საავიაციო ბაზაში, როგორც ერთ-ერთ ქვედანაყოფში, ს----------------------- უფროსი იყო უ------------ა და მოწმეთა განმარტებით, სწორედ ეს უკანასკნელი ამზადებდა ყველა სახის დოკუმენტაციას თანამშრომლებზე ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით. კერძოდ, იგი იყო ვალდებული, მოემზადებინა სახელფასო უწყისები და რეესტრები და გადაეგზავნა ზემდგომ საფინანსო სამსახურში, რათა მომხდარიყო სამხედრო მოსამსახურეებზე ხელფასების დარიცხვა. მოწმეთა განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ უ------------ას მიერ მომზადებული დოკუმენტები შედიოდა კადრების უფროსთან, ბაზის მეთაურთან, შტაბის უფროსთან და შესაბამისი თანამდებობის პირების მიერ ხელმოწერისა და ბეჭდის დასმის შემდეგ, იგზავნებოდა ზემდგომ საფინანსო ორგანოებაში, საბოლოოდ ხაზინის მიერ თანხების გამოყოფა ხორციელდებოდა პირველად შედგენილ ფინანსურ დოკუმენტაციაში ასახული ინფორმაციის საფუძველზე. ასევე, ხელწერილის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადასტურდა, რომ შერეული საავიაციო ბაზის 2012 წლის სხვადასხვა თვეებში შედგენილ რეესტრებში ს----------------------- უფროსის - უ------------ას სახელის და გვარის გასწვრივ არსებული ხელმოწერები ეკუთვნის უ------------ას. ამდენად, უდავოა, რომ სწორედ უ------------ა ადგენდა სახელფასო უწყისებსა და რეესტრებს და ის იყო პასუხისმგებელი მის მიერ შედგენილი დოკუმენტების სისწორეზე.

 

მოწმეებმა გ---------------–---–მა, ი------------------–-–---–მა და ს-------------მ ასევე დაადასტურეს, რომ როგორც შესაბამისი დოკუმენტების შემოწმების შემდეგ აღმოაჩინეს, უ------------ას, განსხვავებით ქვედანაყოფში არსებული დოკუმენტებისა, ზემდგომ ფინანსურ ორგანოში გაგზავნილ სახელფასო რეესტრებში საკუთარი ხელფასის ოდენობა დაფიქსირებული ჰქონდა იმაზე 8000 ლარით მეტი, ვიდრე რეალურად მინისტრის ბრძანების საფუძველზე ეკუთვნოდა. მოწმეთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია გამყარებულია საქმეზე წარმოდგენილი რევიზიის აქტითა და ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზის დაკვნით, რომელთა თანახმადაც, 2011-2012 წლებში უ------------აზე ზედმეტად გაცემულმა თანხამ შეადგინა 76000 ლარი, ხოლო გ---------------–---–ზე ზედმეტად გაცმეულმა თანხამ - 2000 ლარი. ამ უკანასკნელმა თავის მხრივ სასამართლოს მოახსენა, რომ მან ზედმეტად მიღებული თანხა, იმავე თვეში სრულად გადასცა ქვედანაყოფის ს----------------------- უფროსს - უ------------ას. გარდა ზემოაღნიშნულისა, თავად ბრალდებულმა დაადასტურა, რომ ვინაიდან აღმოაჩნდა მძიმე დაავადება და მკურნალობისათვის ესაჭიროებოდა სოლიდური თანხები, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იძულებული გახდა დოკუმენტებში გაეზარდა მისი ხელფასის ოდენობა.

 

ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი არაერთი უტყუარი მტკიცებულების საფუძველზე პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების შერეულ საავიაციო ბაზაზე, სახელფასო რეესტრებისა და უწყისების შედგენას ახორციელბდა ბრალდებული უ------------ა, რომლის ვალდებულებასაც წარმოადგენდა ზემოხსენებულ დოკუმენტებში დაეფიქსირებინა სწორი ინფორმაცია. აღნიშნულის საპიროსპიროდ, მან 2011 წლის იანვრიდან, 2013 წლის იანვრამდე პერიოდში ოფიციალურ დოკუმენტში, სახელფასო უწყისში და რეესტრში შეიტანა ყალბი მონაცემები საკუთარ სახელფასო განაკვეთთან დაკავშირებით და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას 78 000 ლარს. ხოლო ის გარემოება, რომ უ------------ას მიერ მომზადებული დოკუმენტები მიდიოდა ჯერ ქვედანაყოფის ხელმძღვანელობასთან, ხოლო მისი ხელმოწერის შემდეგ - სახმელეთო ჯარების სარდლობის საფინანსო სამსახურში და ბოლოს, თავდაცვის სამინისტროს საფინანსო განყოფილებაში, რის შემდეგაც ხდებოდა თანხის აღრიცხვა ანგარიშზე, არ ათავისფულებდა უ------------ას ვალდებულებისგან, რომ მის მიერ შედგენილ უწყისებსა და რეესტრებში დაეფიქსირებინა საკუთარი ყოველთვიური ანაზღაურების რეალური ოდენობა.

 

ასევე ყოველგვარ დასაბუთებას მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის ვერსია, რომ უ------------ა იღებდა იმ თანხებს, რაც მას ესაჭიროებოდა მკურნალობისათვის - საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად და ამიტომ საქმე გვაქვს უკიდურეს აუცილებლობასთან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლი იძლევა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების - უკიდურესი აუცილებლობის დეფინიციას, რომლის თანახმადაც, „მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, ესე იგი ვინც სხვას დააზიანებს იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ემუქრებოდა თვით დამზიანებლის ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს, თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა სხვა საშუალებით და თუ დაზიანებული სიკეთე ნაკლებმნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე.“ უკიდურესი აუცილებლობისას მართლზომიერებისათვის მნიშვნელოვანი პირობაა, რომ საფრთხე იყო ამწუთიერი და რეალური, რასაც ადგილი აქვს მაშინ, როდესაც საფრთხეს უახლოეს მომავალში შეუძლია ზიანის გამოწვევა. ამასთან, უკიდურესი აუცილებლობისას წარმოქმნილი საფრთხის თავიდან აცილება შეუძლებელი უნდა იყოს სხვა საშუალებით. განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს უკიდურესი აუცილებლობის დადასტურებულად მიჩნევისათვის სავალდებულო არცერთ ელემენტს. უ------------ა დანაშალებრივ ქმედებას ახორციელებდა დაახლოებით ორი წლის განმავლობაში და პალატის წინაშე სათანადოდ ვერ იქნა დადასტურებული, თუ რაში მდგომარეობდა მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობისათვის შექმნილი იმწუთიერი და რეალური საფრთხის არსებობა, რომლის თავიდან აცილებაც შეუძლებელი იყო დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების გარეშე.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ბრალდებულმა უ------------ამ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დიდი ოდენობით დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და სამსახურებრივი სიყალბე, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით.

 

რაც შეეხება უ------------ას მიმართ წარდგენილ ბრალდებას - სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, ამ ნაწილში პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტაციას და სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის დასაბუთებულ მსჯელობას.

 

პროკურორი სააპელაციო საჩივარში განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ცენტრალური ხაზინა ასრულებდა მხოლოდ ფორმალურ, მექანიკურ მოქმედებას, როდესაც უ------------ას მიერ შედგენილი ყალბი უწყისების საფუძველზე თანხას ანაწილებდა თანამშრომლების სახელფასო ანგარიშებზე. უ------------ას ვალდებულება კი იყო ის, რომ კეთილსინდისიერად განეკარგა მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული ის თანხები, რომლებიც მის მიერ შედგენილი დოკუმენტის საფუძველზე გადამოწმების გარეშე უნდა გამოეყო სახელმწიფო ხაზინას. აპელანტი პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთების საპირისპიროდ ავითარებს ვერსიას, რომ უ------------ს მიერ დაუფლებული თანხები იმყოფებოდა არა მის მართლზომიერ მფლობელობაში, არამედ მის გამგებლობაში, რასაც სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს. ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და საქმის არსებითი განხილვისას წარმოდეგნილი მტკიცებულებებით ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნა დადგენილი, რომ უ------------ას სახელმწიფოს ხაზინიდან გამოყოფილი, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხების განკარგვასთან დაკავშირებით გააჩნდა რაიმე სახის უფლებამოსილება. ქონება მართლზომიერი მფლობელობაში ან განმგებლობაში ხვდება სამსახურებრივი მოვალეობის, სახელშეკრულებო ურთიერთობების ან სპეციალური დავალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებებით და წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ უ------------ა იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების შერეული საავიაციო ბაზის ს----------------------- უფროსი - ფინანსისტი, რომლის მოვალეობებში შედიოდა სახელფასო უწყისებისა და სახელფასო რეესტრების მომზადება და ზემდგომ საფინანსო სამსახურში გადაგზავნა. ამდენად, იგი ვალდებული იყო მხოლოდ სათანადო დოკუმენტები მოემზადებინა იმ ორგანოსათვის, რომელიც საბოლოდ ახორციელებდა საქართევლოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხების განკარგვას და მის სისტემაში მომუშავე თანამშრომლებზე ხელფასების დარიცხვას. მოცემულ შემთხვევაში სახელფასო თანხას ცენტრალური ხაზინა ანაწილებდა თანამშრომლების ანგარიშებზე და ამ პროცესთან უ------------ას ხელი არ მიუწვდებოდა. მის მიერ შედეგნილი სახელფასო დოკუმენტები გადიოდა არაერთ საფეხურს სანამ საბოლოოდ მოხდებოდა თანამშრომლებისათვის კუთვნილი ყოველთვიური ანაზღაურების დარცხვა და ის გარემოება, რომ თითოეული ზემდგომი ორგანო ეყრდნობოდა ფინანსისტის - უ------------ს მიერ შედეგნილ რეესტებში დაფიქსირებულ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს, რომ უ------------ას მართლზომიერ გამგებლობაში იმყოფებოდა დაზარალებული ორგანიზაციის კუთვნილი თანხები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება უ------------ას ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და იგი მსჯავრდებული უნდა იქნეს აღნიშნული კვალიფიკაციით; მხარეთა მიერ სააპელაციო საჩივრებში მოყვანილი არგუმენტაცია კი ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი სხვაგვარი დასკვების გამოტანის შესაძლებლობას არ იძლევა.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში არც ამ ნაწილში არსებობს ცვლილების შეტანის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და უ------------ას მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი (არ გააჩნია) გარემოებების, მისი წარსული ცხოვრების, პირადი და ეკონომიკური პიროებების, ასევე ზიანის ანაზღაურებისადმი მისი დამოკიდებულების მხედველობაში მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დანიშნა სამართლიანი, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და დამნაშავის პიროვნების შესაბამისი სასჯელი. რაც შეეხება ბრალდების მხარის აპელირებას უ------------ას მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად მიყენებულ ზიანზე, პალატა მიუთითებს, რომ დაუშვებელია ზიანის ოდენობამ პირდაპირპროპორციულად ჰპოვოს ასახვა დამნაშავისათვის სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის ოდენობაზე. სასამართლო მიყენებული ზიანის სიმძიმეს კონკრეტული სასჯელის სახისა და ზომის შერჩევისას ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიმართ არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებთან ერთობლიობაში, იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნების მიღწევა.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ უ------------ას მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 15000 (თხუთმეტიათასი) ლარის ოდენობით, არის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

 

ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 დეკემბრის განაჩენი უ------------ას მიმართ არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ უ------------ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 დეკემბრის განაჩენი;

 

უ------------ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე.

 

უ------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 15 000 (თხუთმეტიათასი) ლარის ოდენობით.

 

უ------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ უ------------ას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 15 000 (თხუთმეტიათასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ უ------------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და ასევე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 თებერვლის განჩინებით - ბრალდებულ უ------------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაოს სახით განსაზღვრული თანხის 8 000 ლარის ნაცვლად შესატან უ------------ას (პირადი N0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (მდებარე ზონა აბაშა 40, სექტორი ნორიო 07, კვარტალი 01, ნაკვეთი 136, საკადასტრო კოდი 4-----------).

 

უ------------ას მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები: დისკები - დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

 

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

 

ლევან თევზაძე