განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002736489
საქმე №1ბ/970-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ივლისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე ქ.თბილსის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----ა ქ--------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №0----------- გამართლებულ მ-----ა ტ--–----ის მიმართ. მ-----ა ტ--–----ი დაბადებულია 1--- წლის 1---------ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი №0----------), მცხოვრები: ქ.-----–------------------------------ში.
ქმედების კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მ-----ა ტ--–----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (დედის კ--ა დ------ას მიმართ).
მ-----ა ტ--–----ის აღნიშნული ქმედება პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 05 ნოემბერს, დაახლოებით 17:50 საათზე ქ. თ---–--–--------------------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მ-----ა ტ--–----ი დედას - კ--ა დ------ას დანის დემონსტრირებით დაემუქრა, რომ მოკლავდა. კ--ა დ------ას გაუჩნდა მუქარის გახორციელების საფუძვლიანი შიში, რითიც განიცადა მორალური სახის ზიანი.
თბილსის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 08 აპრილის განაჩენით:
მ-----ა ტ--–----ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
თბილსის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 08 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ----ა ქ--------–-–---–მა
სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა მ-----ა ტ--–----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 08 აპრილის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა. ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ-----ა ტ--–----მა დედის - კ--ა დ------ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----ა ქ--------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 08 აპრილის გამამართლებელი განაჩენი მ-----ა ტ--–----ის მიმართ უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის მე–31 მუხლის მე–7 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობაზე მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტებისა თუ გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ფორმულირებული ბრალდების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა აანალიზებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მტკიცებულებებს. გამართლებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურების კუთხით პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა არაერთი პირი, რომლებიც ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლოს აწვდიან გარკვეულ ინფორმაციას. გარდა ამისა, საქმეზე მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებები, რომელთა საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებთან ურთიერთშეჯერებით უტყუარად ვერ დადასტურდა ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით მ-----ა ტ--–----ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი. აღნიშნული დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას პალატას აძლევს შემდეგი მტკიცებულებები:
მ-----ა ტ--–----ის მიერ დედის - კ--ა დ------ას მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა დაზარალებულ კ--ა დ------ას, მოწმეების შ--–-ა ტ--–----ის, ბ--- ტ--–-----ის და უ–---ი კ--------ის გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ამოღების ოქმი, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომელთაგანაც უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა კ--ა დ------ამ და მოწმე შ--–-ა ტ--–----მა ისარგებლეს კანონით მათთვის მინიჭებული უფლებით და საქმის განხილვისას არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - შვილის მ-----ა ტ--–----ის წინააღმდეგ.
პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენში ჩამოყალიბებულ მსჯელობას დაზარალებულის კ--ა დ------ას და მოწმე შ--–-ა ტ--–----ის გამოკითხვის ოქმებთან დაკავშირებით. ბრალდებამ ბრალდების დასადსტურებლად პირდაპირი მტკიცებულებების სახით სწორედ აღნიშნულ პირთა ჩვენებები წარმოადგინა, თუმცა კ--ა დ------ამ და შ--–-ა ტ--–----მა ისარგებლეს მათთვის საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და საქმის არსებითი განხილვისას ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში მ-----ა ტ--–----ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი (გარდა კ--ა დ------ას, შ--–-ა ტ--–----ის გამოკითხვის ოქმებისა და დანისა) მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე. მხარეთა მიერ წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ გახდა მხოლოდ კ--ა დ------ასა და შ--–-ა ტ--–----ის გამოკითხვის ოქმები და ნივთიერი მტკიცებულება - დანა. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დაშვებულ იქნა, როგორც სადავო მტკიცებულებები.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება.
ზემოაღნიშნული წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით, რომლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). სასამართლო ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.
ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიების ეტაპზე მოწმის მიერ მიცემული ჩვენებისა და მის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის საჯაროდ წაკითხვა და შემდგომ მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ორ შემთხვევაში: 1. სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მკაცრად გათვალისწინებულ შემთხვევაში, მაგ.: თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა; 2.სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში ჩვენების მისაცემად ანუ სასამართლოს აძლევს ჩვენებას (არ სარგებლობს მისთვის სსსკ-ის 50-ე მუხლით მინიჭებული პრივილეგიით - არ მისცეს ჩვენება) და მხარე მოითხოვოს გამოკითხვის ოქმის ან მოწმის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვას, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენას (დემონსტრირებას).
ამდენად, ვინაიდან დაზარალებულმა - კ--ა დ------ამ და მოწმე - შ--–-ა ტ--–----მა სასამართლოს არ მისცეს ჩვენება და სახეზე არ არის სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გამოიყენოს დაზარალებულ - კ--ა დ------ასა და მოწმე - შ--–-ა ტ--–----ის მიერ გამოძიების დროს გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, თუმცა, მ-----ა ტ--–----ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებების ერთობლიობითაც. სადავოა და საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით ვერ დასტურდება, ჰქონდა თუ არა ადგილი მ-----ა ტ--–----ის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენას, მით უმეტეს, რომ დაზარალებულმა - კ--ა დ------ამ ჩვენების მიცემაზე უარის თქმით ფაქტობრივად უარყო მუქარის და მისი განხორციელების რეალური საშიშროების აღქმის ფაქტი. ჩვენების მიცემაზე უარის თქმით მოწმე შ--–-ა ტ--–----მა ასევე გამორიცხა საქმეზე პირდაპირი მტკიცებულების არსებობა.
პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. მოცემულ შემთხვევაში საგულისხმოა, აღინიშნოს ის გარემოება, რომ გამართლებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება (ოჯახში ძალადობის საქმეები) გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, ხოლო თავისებურებები დაკავშირებულია იმასთან, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტს ხშირ შემთხვევაში არ ჰყავს შემსწრე პირი დაზარალებულის გარდა, ან ფაქტის თვითმხილველი პირები არიან ბრალდებულის ოჯახის წევრები/ახლო ნათესავები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით კანონმდებლის მიერ მათვის მინიჭებული უფლების შესაბამისად სარგებლობენ უფლებით, არ მისცენ ჩვენება თავიანთი ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ საქმის არსებით განხილვაზე დაზარალებულმა გამოიყენა მისთვის მინიჭებული აღნიშნული უფლება, არ მიეცა ჩვენება თავისი შვილის საწინააღმდეგოდ, ხოლო სხვა პირი, რომელიც უშუალოდ შემსწრე იყო გამართლებულის მხრიდან პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილი ქმედებების შესაძლო ჩადენისა, აღმოჩნდა მამა - შ--–-ა ტ--–----ი, რომელმაც ასევე არ მისცა შვილის წინააღმდეგ ჩვენება. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, ექსპერიმენტი საქართველოს სსსკ-ის 129-ე მუხლის საფუძველზე დაზარალებულ კ--ა დ------ას მიერ მიცემული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. აღნიშნული ოქმი დაზარალებულის გამოკითხვის ოქმთან ერთად რაოდენობრივად წარმოადგენს ორ სხვადასხვა მტკიცებულებას, თუმცა ინფორმაციის მომწოდებელი ორივე შემთხვევაში არის ერთი პირი - დაზარალებული კ--ა დ------ა. როგორც აღინიშნა, დაზარალებულმა ისარგებლა მისთვის მინიჭებული უფლებით და საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლოში არ მისცა ჩვენება შვილის - მ-----ა ტ--–----ის წინააღმდეგ. ბრალდების მხარის მიერ კი არ ყოფილა წარმოდგენილი სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის კუთხით ობიექტურ პირს უტყუარად დაარწმუნებდა იმაში, რომ მ-----ა ტ--–----მა ჩაიდინა მუქარა.
რაც შეეხება მოწმე ბ--- ტ--–-----ის გამოკითხვის ოქმს, პალატა განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოწმე ადასტურებს ტ--–-----ების ოჯახში კონფლიქტის და ხმაურის არსებობას, ვერ ადასტურებს მ-----ა ტ--–----ის მიერ კ--ა დ------ას მიმართ განხორციელებული მუქარის არსებობას. მოწმის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, გაიგონა თუ არა ტ--–----ების ოჯახიდან ხმაური, მაშინვე შევიდა მათთან სახლში, მისი შესვლისთანავე კი მ-----ა ტ--–----მა დატოვა სახლი. მოწმე არ ადასტურებს მ-----ა ტ--–----ის ხელში დანის არსებობას. არ ადასტურებს, რომ მ-----ა ტ--–----ი ემუქრებოდა დედას, მხოლოდ მიუთითებს ყვირილზე და კამათზე. მოწმემ დაადასტურა, რომ კ--ა დ------ასგან გაიგო ამ უკანასკნელის მიერ პოლიციის გამოძახების შესახებ. რაც შეეხება მოწმე უ–---ი კ--------ის გამოკითხვის ოქმს, მოწმე ადასტურებს, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, სად იმყოფებოდა მ-----ა ტ--–----ი. შესაბამისად, მათი ჩვენებები საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს. ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით კი პალატა უთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას (იხ. უზენაესი სასამართლოს N561აპ-15 გადაწყვეტილება).
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
მტკიცებულებათა შეფასება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს:
„ა) გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნას დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მსგავს დანაშაულებში მინიმუმ ერთი პირდაპირი მტკიცებულების (ცალკეული კატეგორიების დანაშაულებში კი აღნიშნული სტანდარტი გაცილებით მაღალია და საჭიროა მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება) არსებობას უნდა გულისხმობდეს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე, რაც დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით), რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, როგორც უკვე აღინიშნა, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სამართლებრივ სტანდარტს, ვინაიდან, სასამართლოზე არ ყოფილა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს მ-----ა ტ--–----ის ბრალეულობაში, რის გამოც იგი უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
პალატამ შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გააანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ მ-----ა ტ--–----ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის, რომ მან ჩაიდინა საქართველოს 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა გამართლებულის წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის საფუძველს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და, შესაბამისად, სწორედ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.
სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ საქმის განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ მ-----ა ტ--–----მა ბრალად წარდგენილი დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად, პროკურორის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რადგან იგი დაფუძნებულია მხოლოდ ირიბ ჩვენებებზე, რაც არ შეიძლება, საფუძვალდ დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიიღო კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის განაჩენი გამართლებულ მ-----ა ტ--–----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20 უხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----ა ქ--------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 აპრილის განაჩენი მ-----ა ტ--–----ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
მ-----ა ტ--–----ი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ მ-----ა ტ--–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, მ-----ა ტ--–----ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ნივთიერი მტკიცებულება:
დისკი შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით;
დანა საქმეზე საბოლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე