განაჩენი

სისხლის სამართლის 24.07.2019
საქმის ნომერი
160100119002900158
ინსტანცია
თარიღი
24.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100119002900158

საქმე №1/ბ-1084-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 ივლისი, 2019 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს---------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის (---------------------), საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, განქორწინებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: მა-------–-----------–----------–-----------------3; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (2019 წლის 17 თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის მარტის ეპიზოდი); (2019 წლის მარტის თვის ეპიზოდი)

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს---------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი);

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 17 თებერვალს, ღამის დროს, მ--------–--------------------–--------–--–---------------ს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ს---------------მა, საერთო საკუთრებაში არსებული სახლის განაწილების გამო, წარმოშობილი კონფლიქტისას, მუშტის თავის არეში ერთჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი ძმის ს---------------ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის მარტის დასაწყისში, ღამის დროს, მ--------–--------------------–--------–--–---------------ს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ს---------------მა, საერთო საკუთრებაში არსებული სახლის განაწილების გამო, წარმოშობილი კონფლიქტისას, მუშტის თავის არეში რამდენმეჯერს დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი ძმის ს---------------ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის განაჩენით:

 

ს---------------ი საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 17 თებერვლის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ს---------------ი საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის მარტის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ს----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, - გირაო გაუქმდა.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------------–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ზემოაღნიშნული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და ს---------------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის განაჩენი გამართლებულ ს---------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აღნიშნული განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ს---------------ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.

 

სასამართლო პალატა, აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას, დაზარალებულმა ს--------------მა და მოწმე ნ----------------მა ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმის სახით დაკითხულმა მარნეულის შს რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა დ--------------ემ განმარტა, რომ 2019 წლის 17 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში რა დროსაც შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად, - ს---------------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ძმას, - ს--------------ს. იმავე დღეს, სადახლოს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით მისულმა ს--------------მა უარი განაცხადა გამოკითხვაზე და დატოვა პოლიციის შენობა, ხოლო ს---------------ი იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, რომელიც შემოწმდა სიმთვრალე სიფხიზლეზე და ამასთან დაკავშირებით შედგა სათანადო ოქმი. იმავე წლის მარტის თვის დასაწყისში კვლავ შევიდა პოლიციაში შეტყობინება ს---------------ის მხრიდან ს--------------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. გამოკითხვაზე მისული ს--------------ი იყო აღელვებული და განიცდიდა ძმებს შორის მომხდარ ფაქტს, მანვე გამოკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 17 თებერვალს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენება იმის გამო არ მისცა, რომ ს---------------ი არის მისი ძმა და არ უნდოდა მისი დაკავება მომხდარიყო. მის მიერვე მოხდა ს--------------ის ვიზუალური დათვალიერება. მანვე დაკითხა მოწმე ნ---------------ი, რომელმაც დაადასტურა მომხდარი ფაქტი და განმარტა, რომ მისი შვილი ს---------------ი ხშირად მიდის სახლში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი და არღვევს მათ ოჯახში სიმშვიდეს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა მარნეულის რაიონული სამმართველოს სადახლოს განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ლ------–-------მ განმარტა, რომ 2019 წლის 11 მარტს, მონაწილეობას იღებდა მ--------–--------------------–--------–--–- ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც ს--------------მა განაცხადა, რომ 2019 წლის 17 თებერვალს სახლის ეზოში ს---------------მა ხელი დაარტყა სახეში, ასევე მარტის თვის დასაწყისში, სახლის ეზოში ს---------------მა მუშტი რამდენჯერმე დაარტყა მას, რა დროსაც ორივე შემთხვევაში მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მოწმის სახით დაკითხულმა მარნეულის შს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ხ---------------მა განმარტა, რომ 2019 წლის 11 მარტს მონაწილეობას იღებდა მ--------–--------------------–--------–--–- ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც ს--------------მა განაცხადა, რომ 2019 წლის 17 თებერვალს და 3 მარტს, სახლის ეზოში ს---------------მა მუშტი რამდენჯერმე ჩაარტყა მას.

 

2019 წლის 10 მარტის ვიზუალური დათვალიერების ოქმის თანახმად, ს--------------ს სხეულზე დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება.

 

2019 წლის 11 მარტს შედგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, დადგენილია, რომ მ--------–--------------------–--------–--–- მარნეულის რაიონული სამმართველოს სადახლოს განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ლ------–------ის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ხ---------------ის, მოწმე ს--------------ის, თარჯიმან გ---------------ის მონაწილეობით, დღისით, ბუნებრივი განათების პირობებში, მშრალ ამინდში, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ს--------------ს გაეცნო მისი უფლება - მოვალეობები, წაეკითხა მის მიერ მიცემული ჩვენება და მიეცა წინადადება მიეღო მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში. სახლის ეზოში ს--------------მა მიუთითა ადგილი, სადაც 2019 წლის 17 თებერვალს ს---------------მა განახორციელა ძალადობრივი ქმედება, კერძოდ სახის არეში ჩაარტყა მუშტი. ასევე მიუთითა ის ადგილი, სადაც დაახლოებით შვიდი დღის წინ კვლავ მიაყენა მას ძმამ ს---------------მა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ სახეში რამდენჯერმე დაარტყა, რა დროსაც მან ორივე შემთხვევაში განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ს--------------მა (ს---------------ის ძმა) და გამართლებულ ს---------------ის მამამ - ნ----------------მა, რომლებიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მათი ჩვენებები სადავოდ იყო გამხდარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავი“-ს დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად მითითებულია ძმა და მამა. ს--------------ი და ნ----------------ი არიან ის პირები (გამართლებულის ოჯახის წევრები), რომლებსაც შესაძლოა სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია ს---------------ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ.

 

რაც შეეხება მოწმე, - ლ------–------ის, ხ---------------ის და დ--------------ეს ირიბ ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, მითითებულ პირთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

 

რაც შეეხება პროკურორის აპელირებას საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ფაქტის დადგენის თვალსაზრისით სასამართლო ასევე ვერ დაეყრდნობა ს--------------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ვინაიდან მისი შინაარსი სრულად ეფუძნება მოწმის (ს--------------ის) ინფორმაციას და იმ ვითარებაში, როდესაც ს--------------მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, დაუშვებელია, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი განვიხილოთ სათანადო მტკიცებულებად. მაშინ, როდესაც დაზარალებულის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციის (გამოკითხვის ოქმი) გამოქვეყნებაც კი არ ხდება მსგავს ვითარებაში. (სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება), რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ ჩვენებას არ იძლევა, ეს წესი არ მოქმედებს), წარმოუდგენელია სხვა მსგავსი შინაარსის მტკიცებულებები აღნიშნულის საწინააღმდეგოდ განიმარტოს და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ასეთ მტკიცებულებას გამოკითხვის ოქმი ერქმევა, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის. სასამართლო მოცემული განმარტების ფარგლებში მოიაზრებს საგამოძიებო მოქმედების ოქმს იმ ნაწილში, რაც ეხება მოწმის ინფორმაციას, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს ჩვენებას, რომლის მიცემაზეც მოწმე უარს ამბობს მისი უფლებიდან გამომდინარე, - არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. სასამართლოს შეფასებით, ასეთ ვითარებაში, თუ მოხდება საგამოძიებო ექსპერიმენტის (მოცემულ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა ბრალდების მხარე მას ჩვენების ადგილზე შემოწმებას უწოდებს, თუ ვითარების აღდგენას, რაც იმ მნიშვნელობით, რასაც სასამართლო ეხება, იდენტურ მონაცემებს შეიცავს და ისედაც, სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-3 ნაწილიც ანალოგიურად არის ფორმულირებული) ოქმის ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება, როგორც გადამწყვეტი მტკიცებულება, დაირღვეოდა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ვინაიდან დაცვის მხარეს არ მიეცემოდა საშუალება შეკითხვები დაესვა იმ პირისთვის, ვის ინფორმაციასაც ეფუძნება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რითაც უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების ეჭვქვეშ დაყენების რეალური შესაძლებლობა მოესპობოდა, რითაც ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდებოდა დაცვის მხარე. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, გამომძიებელი არარელევანტური პირია და ვერ შეცვლის ინფორმაციის წყაროს. და ბოლოს, სასამართლო განმარტავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზანი არ არის გამოკითხვის ოქმის ჩანაცვლება და ამით პარალელური რეალობის შექმნა, რომლითაც, დაცვის მხარისათვის სათანადო გარანტიების გარეშე (აქ უპირველესად იგულისხმება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება მასში მონაწილე პირის გაფრთხილების გარეშე არ მისცეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, თუნდაც საგამოძიებო ექსპერიმენტი გამოკითხვის შემდეგ განხორციელდეს, რა დროსაც ასეთი განმარტება უკვე გაკეთებულია, ვინაიდან ყოველი ახალი კომუნიკაცია საჭიროებს მსგავსი გაფრთხილების აუცილებლობას, როგორც ეს ხდება ყოველი ახალი გამოკითხვისას/დაკითხვისას), ბრალდების მხარე მიიღებს იდენტურ შედეგს, როგორც ეს გამოკითხვის ოქმის არსებობის შემთხვევაში იქნებოდა, რაც სსსკ-ის 129-ე მუხლის მიღმაა.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული, - კონკრეტული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგში, - ფიზიკური ტკივილი (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ამდენად, დაზარალებული (ოჯახური ძალადობის მსხვერპლი) წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია დაადასტუროს მის მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს დაზარალებულის სასამართლოში გაცხადებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ს---------------მა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიიღო დაზიანება და მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ს---------------მა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ქმედება ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ს---------------მა სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის განაჩენი ს---------------ის მიმართ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის განაჩენი ს---------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ს---------------ი საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 17 თებერვლის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ს---------------ი საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის მარტის თვის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ს---------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება, - გირაო, გაუქმებულია; გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

ს---------------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი